15 გავრცელებული მითი შუა საუკუნეების შესახებ


ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე გავრცელებული აზრი შუა საუკუნეების ევროპაზე (V - XV ს.), რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება ან მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს იმ პერიოდის რეალობას. 

1. შუა საუკუნეებში ხალხი ფიქრობდა რომ დედამიწა ბრტყელი იყო - ფაქტობრივად, შუა საუკუნეების ყველა მკვლევარს სჯეროდა, რომ დედამიწა მრგვალი იყო. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შუა საუკუნეებში ხალხს დედამიწა ბრტყელი ეგონა, XIX საუკუნეში გავრცელდა, რათა ეჩვენებინათ რამდენად ჩამორჩენილი იყო წარსული პერიოდი. 

2. პირველი ღამის უფლება - XIX საუკუნის საფრანგეთში პოპულარული იყო მოსაზრება, რომ შუა საუკუნეებში ლორდებს უფლება ჰქონდათ ახალდაქორწინებულ ყმის ცოლთან პირველი ღამე გაეტარებინათ (Primae Noctis). რეალურად კი ამის შესახებ არცერთ შუასაუკუნოვან დოკუმენტში არ წერია.  

3. რქებით შემკული მუზარადები - ვიკინგებსა და სხვა შუა საუკუნოვან მეომრებს შორის, ცალკეული გამონაკლისების გარდა, რასაც ვერ გამოვრიცხავთ, არ ყოფილა გავრცელებული რქებით შემკული მუზარადების ტარება. ისინი ნაკლებად მოსახერხებელი იქნებოდა ბრძოლაში. ვიკინგების გამოსახვა რქიანი მუზარადებით XIX საუკუნეში დაიწყეს სკანდინავიელმა მხატვრებმა. ეს მხოლოდ მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

4. მრავალფეროვანი საწამებელი იარაღები შუა საუკუნეებში - არსებობდა მრავალი საწამებელი იარაღი - მათ შორის ე.წ. `რკინის ქალიშვილი", „ტანჯვის ვაშლი", „მკერდის მსერავი". მათ შუა საუკუნეების საწამებელ იარაღებად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში კი ისინი შუა საუკუნეებში ჯერ კიდევ არ არსებობდა და რამდენიმე საუკუნის შემდეგ გამოიგონეს. 

5. შუა საუკუნეების მოაზროვნეები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენ ანგელოზს შეეძლო ეცეკვა კათხის პირზე - რეალობას არ შეესაბამება ის ფაქტი, თითქოს შუა საუკუნეების თეოლოგები დავობდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიც მაგალითად არის - `ერთდროულად რამდენ ანგელოზს შეუძლია კათხის პირზე ცეკვა?" შუა საუკუნეების ფილოსოფია და თეოლოგია ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული და მას სქოლასტიკას უწოდებენ, სქოლასტიკოსთა შორის კი ბევრი დიდი მოაზროვნე იყო და თავის დროისთვის პროგრესული იდეებიც გამოითქმეოდა.
6. უბიწოების ქამარი - ეს ისტორია უკავშირდება ჯვაროსნულ ომში წასულ ლორდებს, რომლებიც ცოლებს `უბიწოების ქამრებს" უკეთებდნენ, რათა სანამ დაბრუნდებოდნენ არ დაემყარებინათ სექსუალური კავშირი სხვა მამაკაცთან. სიმართლე ისაა, რომ ასეთი ქამრები შუა საუკუნეებში არასდროს გამოუყენებიათ და მათ შესახებ ეს ცნობა XIX საუკუნეში გაჩნდა, როდესაც შუა საუკუნეების პერიოდის შესახებ მრავალი ახალი მითი გაჩნდა. 

7. შუა საუკუნეების ხალხი სვამდა ლუდსა და ღვინოს, რადგან წყალი დაბინძურებული იყო - სიმართლეს არ შეესაბამება ის ცნობა, რომ შუა საუკუნეებში ხალხი ღვინოსა და ლუდს წყლის სიბინძურის გამო სვამდა. შუა საუკუნეებში, ისევე როგორც დღეს, სუფთა წყლის მრავალი წყარო არსებობდა და ხალხი უწყლობით არ იტანჯებოდა. ასევე პოპულარული იყო ღვინოში წყლის ჩამატება, რათა მისი ზემოქმედება გაენეიტრალებინა. 

8. ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების პერიოდს ეკუთვნის - ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე ბევრ ადამიანს შუა საუკუნეების ევროპის ერთ-ერთ უდიდეს და ულამაზეს ციხესიმაგრედ მიაჩნნია, მაგრამ სინამდვილეში ის XIX საუკუნეშია აშენებული ბავარიის ჰერცოგ ლუდვიგ II-ს მიერ. ის ეყრდნობა XIX საუკუენში გავრცელებულ რომანტიკულ იდეებს შუა საუკუნეების შესახებ და ძალიან ცოტა საერთო აქვს რეალურ შუასაუკუნოვან ციხესიმაგრეებთან.

9. ხალხი თვლიდა, რომ პომიდორი შხამიანი იყო - პომიდორი შუა საუკუნეების ევროპაში არ იყო, რადგან ის სამხრეთ ამერიკიდან შემოიტანეს XVI საუკუნეში და მალევე გახდა პოპულარული და ფართოდ გავრცელებული მთელს ევროპაში. ცნობა, რომ ის შხამიანი ეგონათ და დიდი ხნის განმავლობაში არ მიირთმევდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
10. შუა საუკუნეებში ხალხი არ ცოცხლობდა 30 წელზე მეტხანს - დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ, რომ შუა საუკუნეების პერიოდის ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელს არ აღემატებოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი 30 წლის ასაკში უკვე მოხუცი იყო ან აუცილებლად მოკვდებოდა. თUუ ის ახალგაზრდობის პერიოდში არ დაიღუპებოდა, 60-70 წლამდე იცოცხლებდა და მას არავინ ჩათვლიდა მოხუცად 50 წლის ასაკამდე. შუა საუკუნეებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი იმიტომ არის დაბალი, რომ დიდი შანსი იყო ბავშვობის ასაკში ან ყმაწვილობისას რომელიმე ავადმყოფობით დაღუპულიყო, რომლებიც მაშინ არ ინკურნებოდა.

11. შუა საუკუნეებში არ იყენებდნენ დანა-ჩანგალსა და კოვზს - შუა საუკუნეებში ხალხი სულაც არ ჭამდა ყველაფერს ხელით. კოვზები და დანები ხშირად გამოიყენებოდა, ჩანგალი ბიზანტიის იმპერიაში VI საუკუნიდან არსებობდა, იტალიაში კი XI საუკუნიდან.

12. შუა საუკუნეებში ხალხი არ მოგზაურობდა - რეალობას არ შეესაბამება ის აზრი, რომ შუა საუკუნეებში ხალხი თითქმის არ მოგზაურობდა და თავის დაბადებისა და აღზრდის ადგილს იშვიათად ცილდებოდა. შუა საუკუნეების მოგზაურების შესახებ ბევრი ცნობები არსებობს. მათ შორის არამარტო დიდებულები იყვნენ, არამედ გლეხებიც, რომლებიც ხშირად მიდიოდნენ პილიგრიმებად, წმინდა ადგილების მოსალოცად. 

13. შუა საუკუნეებში ადამიანები ბინძურები და დაუბანლები იყვნენ - შუა საუკუნეების ადამიანები სულაც არ იყვნენ ისეთი ბინძურები, როგორც ეს ახლა ჰგონიათ. ისინი ჩვეულებრივ ბანაობდნენ და ცდილობდნენ სუფთად ყოფილიყვნენ. ასევე იყენებდნენ სავარცხელს და ჰიგიენის სხვა საშუალებებს. 

14. შუა საუკუნეებში ქალები უუფლებონი იყვნენ - შუა საუკუნეებში ქალებს უფლება ჰქონდათ მიეღოთ მემკვიდრეობა, შეეძინათ და გაეყიდათ ქონება, წამოეწყოთ სავაჭრო საქმე და სხვა (ზოგიერთი ეს უფლება ადრეულ შუა საუკუნეებში არ არსებობდა). აზრი იმის შესახებ, რომ ქალები თავიანთი ქმრების მონები იყვნენ, ასევე სიცრუეა. 
15. შუა საუკუნეების ქრისტიანულ ევროპაში ყველა ღრმადმორწმუნე და ეკლესიის მორჩილი იყო -  მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებში ხალხის დიდი ნაწილი მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო, იმ დროის სასულიერო პირები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ბევრი ადამიანი გულგრილი გახლდათ რელიგიური წესების მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ თავად გლეხებსაც კი ჰქონდათ საკუთარი იდეები რელიგიის შესახებ, რომლებიც ხშირად ძალიან იყო დაშორებული ეკლესიის ოფიციალურ სწავლებებს და თავად თეოლოგებს შორისაც კი არსებობდა ბევრი სადავო საკითხი. 


ნიკა ხოფერია
Medievalists.Net-ს მიხედვით