დრაკულას საფლავის შესახებ

ვლადისლაუს III დრაგულია (Wladislaus Dragwlya) იყო ვალახიის მთავარი 1448-1476 წლებში. მას სისხლისმსმელი, სასტიკი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა. ვალახიის ეს დაუნდობელი მთავარი შემდეგში ცნობილი პერსონაჟის, დრაკულას პროტოტიპი გახდა.
რაც შეეხება მისთვის შერქმეულ - დრაკულას, მისი წარმოშობის ისტორია შემდეგნაირია - სახელი დრაკულა კონკრეტულად ვლად III-თვის არ შეურქმევიათ, ეს იყო დრაკულესტების საგვარეულოს (ვალახიის ვოევოდების) წევრების ერთ-ერთი მეტსახელი. დრაკული ანუ დრაკონი ერქვა ვლად III-ს მამას, ვლად II-ს (ის ასევე იყო Societas Draconistarum-ს ანუ `დრაკონის საზოგადოების", `დრაკონის ორდენის" წევრი, რომელიც უნგრეთის მეფე სიგიზმუნდმა დაარსა 1408 წელს), ვლად III-ს კი Dragwlya ანუ დრაკონის შვილი ეწოდა. რუმინულენოვანი მეტსახელი `ცეპეში" (ტეპესი, ტეპეში, Tepes) ანუ `სარზე გამსმელი" (სარზე გასმა სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ულმობელი წესი იყო) მან უფრო გვიან, თურქებთან ომში გამოჩენილი სისასტიკისთვის მიიღო.
ვლად II დრაკული

1476 წელს, ვლად III დამარცხდა ოსმალებთან ომში - ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, ის მოკლეს, მისი თავი კონსტანტინოპოლში წაიღეს, ტანი კი რუმინეთის ერთ-ერთ მონასტერში დამარხეს.
დრაკონის ორდენის სიმბოლო

ერთი ვერსიის მიხედვით, ვლად III ბუქარესტიდან 40 კმ-ში, სნაგოვის მონასტერშია დამარხული. ეს ვერსია ეყრდნობა ხალხურ გადმოცემას, რომლის დადასტურებას ცდილობდნენ რუმინელი არქეოლოგები გეორგე ფლორესკუ და დინუ როზეტი 1935 წელს გამოქვეყნებულ `სნეგოვის რაიონის გათხრების შედეგებში"(Florescu, Radu; McNally, Raymond T, In search of Dracula: the history of Dracula and vampires, Houghton Mifflin Co.,1994).
სნაგოვის მონასტრის ხარების ეკლესია 

მეორე ვერსიის მიხედვით, დრაკულა კომანას მონასტერშია დაკრძალული, ბუქარესტიდან სამხრეთით, 30 კმ-ს დაშორებით. ეს ვერსია წამოაყენა პროფესორმა კონსტანტინ რეზაჩევიჩმა 2002 წელს, თავის სტატიაში `ვლად ცეპეშის საფლავი: შედარებით დამაჯერებელი ჰიპოთეზები". გადმოცემის მიხედვით, ოსმალებმა დრაკულას თავი მოკვეთეს და კონსტანტინოპოლში გაგზავნეს. კომანას მონასტერში, უსახელო საფლავში დამარხულ გვამს კი თავი ჰქონდა. (Constantin Rezachevici, The Tomb of Vlad Tepes The most probable hypothesis, Number 4, 2002)
კომანას მონასტერი

ერიკა სტელამ, რომელიც ტალინის უნივერსიტეტში თავის სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს, წარმოადგინა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადი ტყვედ აიყვანეს და შემდეგ თავისმა ქალიშვილმა გამოისყიდა. ამის შემდეგ ვალახიის მთავარი თავის ქალიშვილთან ჩავიდა ნეაპოლში, სადაც გარდაიცვალა და დაკრძალეს სანტა მარია ლა ნოვას ტაძარში. 
მარია ლა ნოვას ეკლესია ნეაპოლში

მისი კოლეგა, რაფაელო გლინი, მიუთითებს კონკრეტულ აკლდამაზე ტაძარში. მასზე გამოსახულია ისეთი სიმბოლოები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს რუმინელ მთავართან. `როდესაც შეხედავთ ამ რელიეფურ გამოსახულებას, სიმბოლიზმი აშკარა გახდება. დრაკონი ნიშნავს დრაკულას, ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს გამოსახული სფინქსი კი ნიშნავს ქალაქ თებეს, რომელიც ცნობილი იყო ტეპესის სახელითაც. ამ სიმბოლოებით შეგვიძლია აღვადგინოთ გრაფ დრაკულა ტეპეშის სახელი".(Medievalists.Net)






აკლდამა, რომელსაც ერიკა სტელა და რაფაელო გლინი დრაკულას საფლავად მიიჩნევენ (რეალურად კი ის მუროს გრაფ მატეო ფერილოს ეკუთვნის)    

ერიკა სტელასა და რაფაელო გლინის ჰიპოთეზაში უამრავი უზუსტობაა და მცირე შანსი არსებობს იმისა, რომ დრაკულა ნეაპოლში იყოს დაკრძალული, მითუმეტეს იმ აკლდამაში, რომელზეც ისინი მიუთითებენ. აღნიშნული აკლდამა ეკუთვნის მატეო ფერილოს, მუროს გრაფს, რომელიც 1499 წელს გარდაიცვალა. აკლდამაზე აშკარად ჩანს მისი გერბი - ფარზე შემოხვეული დრაკონი, რომელიც 1499 წელს ამოკვეთეს. რაფაელო გლინი აღნიშნავს, რომ საფლავზე გაკეთებული სიმბოლოებით მიიღო - გრაფი დრაკულა ტეპეში. ამ მოსაზრებაში ბევრი უზუსტობაა - დრაკულა არ იყო გრაფი (Count), არამედ მისი წოდება იყო ვოევოდა - რაც ნიშნავდა სამხედრო მეთაურს, მმართველს სლავურ ქვეყნებსა და სამთავროებში. 


თურქი ელჩების აუდიენცია ვლად დრაკულასთან  (თეოდორ ამანი, XIX ს)

ტეპეში - ტეპესი კი თებესთან კავშირში ვერ იქნება. ეს არის თურქული სიტყვა და ითარგმნება, როგორც `სარზე გამსმელი". თებეს სახელწოდება კი რუმინულად არის Teba, უნგრულად Theba და ორივე ლათინური Tepes-დან მომდინარეობს. საერთოდ კი, მისი მეტსახელი თეპეს არ გამოიყენებოდა ვლადის სიცოცხლის პერიოდში და არც ის და არც თანადროული მემატიანეები არ უწოდებდნენ ვალახიის ვოევოდას დრაკულა ცეპეშს, ამიტომ მის საფლავზე ეს სახელწოდება ან სიმბოლიკურად მასზე მინიშნება ვერ იქნებოდა. (jasoncolavito.com)
რაც შეეხება ნეაპოლში დრაკულას ქალიშვილის ყოფნას და მის მიერ მამის გამოსყიდვას, ეს ცნობაც აბსურდულია, რადგან ვლად III-ს ქალიშვილი სახელად მარია არ ჰყოლია. საერთოდ კი მისი შვილების ისტორია არცთუ ნათელია და მათგან მხოლოდ ერთის, მირეა „ბოროტად"(Cel Rău) წოდებულის მოღვაწეობაა ცნობილი, რომელიც თავის შვილთან მირცეა III დრაკულთან ერთად მართავდა ვალახიას. 


ნიკა ხოფერია