ყველაზე „ბოროტი" მმართველები შუა საუკუნეების ევროპაში

შუა საუკუნეების პერიოდში მოღვაწე ამ მმართველებმა დაიმსახურეს მათთვის წოდებული სახელები „ცუდის", „ბოროტისა" და „წყეულისა". შუა საუკუნეების განმავლობაში ბევრი ასეთი მეფე თუ იმპერატორი იყო, ამ სიაში წარმოდგენილია ექვსი მათგანი, რომლებიც საკუთარ ოჯახის წევრებსაც კი დაუნდობლად უსწორდებოდნენ და რომელთა მიმართ შიში და სიძულვილი მათსავე თანამედროვე წყაროებში იკითხება. 

1. ანდრონიკოს კომნენოსი, ბიზანტიის იმპერატორი (1183-1185)

მისი ორწლიანი მმართველობა ხასიათდება იმპერატორის მრავალი სექსუალური კავშირებითა და ინცესტით, პარანოიკული ქცევითა და სახელმწიფოში ტერორის გამეფებით. საბოლოოდ ის კონსტანტინოპოლში ხალხმა შეიპყრო, სასტიკად აწამა და ნაკუწებად აქცია. 
2. პედრო „ბოროტი", კასტილიისა და ლეონის მეფე (1350-1369)

ეს მეტსახელი მან იმ მრავალრიცხოვანი მკვლელობების გამო მიიღო, რომლებზეც ბრძანება გასცა ან თავადვე შეასრულა. მის მსხვერპლთა შორის საკუთარივე ცოლი და ნახევარძმები მოხვდნენ. საბოლოოდ იგი დაიღუპა ნახევარძმასთან ენრიკესთან გამართულ დუელში.
3. ჯონი, ინგლისის მეფე (1199-1216)

სანამ მეფე გახდებოდა, ჯონმა უკვე „მოასწრო" ღალატი და აჯანყება ჯერ თავისი მამის ჰენრი II-ს, შემდეგ კი ძმის რიჩარდ I ლომგულის წინააღმდეგ. მისი მმართველობის პერიოდში მან დაატყვევა და მოაკვლევინა თავისი ძმისწული არტური, დაკარგა ნორმანდია და ხალხი აჯანყების ზღვარზე მიიყვანა. მათ კი აიძულეს ჯონი ხელი მოეწერა „მაგნა კარტაზე" (თავისუფლების დიდ ქარტიაზე). 
4. უილიამ „ცუდი", სიცილიის მეფე (1154-1166)

ერთ-ერთი ქრონიკის მიხედვით, როდესაც აჯანყებულებმა სცადეს მისი 9 წლის ვაჟი გაემეფებინათ, უილიამმა საკუთარი ვაჟი ცემით მოკლა. 
5. სვიატოპოლკ „წყეული", კიევის დიდი მთავარი (1015-1019)

მიუხედავად იმისა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ დიდი მთავარი ის გახდა, მაგრამ შიშობდა, რომ თავისი ძმები ბორისი და გლები ძალაუფლებაში შეეცილებოდნენ, ამიტომ ორივე დაახოცინა. ამ დროსვე დაიღუპა მისი მესამე ძმა სვიატოსლავი, რომელიც უნგრეთში გაქცევას ცდილობდა მკვლელებისგან თავის დასაღწევად.  
6. ქრისტიან „ტირანი", ნორვეგიისა და დანიის მეფე (1513-1523)

მისი მმართველობის ყველაზე ცნობილი მოვლენა იყო 1520 წლის სტოკჰოლმის ხოცვა-ჟლეტა, როდესაც შვედეთის დედაქალაქში 82 დიდებული ამოახოცინა, რომელთაც მანამდე ამნისტია აღუთქვა. 


ნიკა ხოფერია
Medievalists.Net-ს მიხედვით