ჯონ ჰალდონი - „ხალხი და ტერიტორიები ბიზანტიის იმპერიაში"


ჯონ ჰალდონი ჩვენი დროის ერთ-ერთი წამყვანი ბიზანტისტია. ის პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ და ასწავლის ბერძნული და ბიზანტიური კვლევების მიმართულებაზე. ჰალდონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ-მატერიალურ ისტორიას, ისტორიული გარემოს შესწავლას. მუშაობს როგორც გვიანანტიკურ, ისე შუა საუკუნეების ბიზანტიის ისტორიაზე. ჰალდონი ავტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის, მათ შორის: Byzantine Wars (New York, 2013); Byzantium at war: AD 600-1453 (Oxford, 2014); General issues in the study of medieval logistics (Leiden, 2006); Byzantium: a History (New York, 2005). ამ პოსტში ბლოგის მკითხველებს ვთავაზობ ფრაგმენტს ჰალდონის წიგნიდან Byzantium: a History (რუს. გამოცემა: Джон Хэлдон. История византийских войн. Москва: Вече, 2007. გვ. 75-100).

ჯონ ჰალდონი 

ხალხი და ტერიტორიები ბიზანტიის იმპერიაში

 ნიკა ხოფერიას თარგმანი 

ხშირად ვერ ითვალისწინებენ, რომ საზოგადოებების ისტორია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფიზიკურ პარამეტრებზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, კლიმატზე, ბუნებრივ რესურსებზე (საკვები, მინერალები, ნედლეული). გვიანრომაულ სამყაროში სამი ძირითადი გეოგრაფიული რეგიონი გამოიყოფა: 1. მცირე აზია, ანატოლია, დაახლ. დღევანდელი თურქეთი; 2. ლევანტი ანუ ახლო აღმოსავლეთი, ეგვიპტის ჩათვლით და 3. ბალკანეთი. ხმელთაშუა და შავი ზღვები აერთიანებდნენ ამ არსებითად განსხვავებულ რეგიონებს და უზრუნველყოფდნენ მათ კავშირს აღნიშნული მხარეების გარეთ მდებარე იტალიასა და ჩრდილოეთ აფრიკასთან. ამ განსხვავებულ რეგიონთა კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები განსაზღვრავდა მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის ტიპს იმპერიის რეგიონებში და დიდწილად – სახელმწიფო შემოსავლების ხასიათს. მცირე აზიაში სამი რეგიონის გამოყოფა შეგვიძლია – ცენტრალური პლატო, სანაპირო დაბლობები და მათი გამყოფი ქედები. ცენტრალური პლატოს კლიმატი ხასიათდება ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურებს შორის დიდი ამპლიტუდით, განსხვავებით სანაპიროების უფრო რბილი, „საზღვაო” კლიმატისგან, რომელიც ამ მიზეზით, უფრო მჭიდროდ იყო დასახლებული და სოფლის მეურნეობაც უფრო აქტიურად ვითარდებოდა. პლატოს რაიონებში (თუ არ ჩავთვლით ნაყოფიერ, მდინარისპირა დაბლობებს) მესაქონლეობას მისდევდნენ (ცხვარი, ცხენი, მსხვილფეხა საქონელი). ბალკანეთის ნახევარკუნძულზე კლიმატური პირობები უფრო რთული და სხვადასხვაგვარია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ თრაკიისა და თესალიის ველებს და დუნაის ნაყოფიერ დაბლობს, აქაც შესაძლებელი ჩანს სოფლის მეურნეობის მაღალ დონეზე განვითარება. სოფლის მეურნეობისთვის განსაკუთრებით კარგი პირობები იყო ნილოსის დაბლობზე, პალესტინასა და დასავლეთ სირიაში. ტუნისში, ზღვის სანაპიროზე მოდიოდა მარცვლოვანი კულტურები და ზეთისხილი. მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის პურის დიდი ნაწილი რომს აფრიკიდან გაჰქონდა, კონსტანტინოპოლი ამ მხრივ, მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ეგვიპტეზე.  ამის გამო, სახელმწიფო მოლაპარაკებული იყო ვაჭრებთან, რომელთაც თავიანთი ხომალდებით ჩამოჰქონდათ პური განსაზღვრულ ფასში და ამისთვის განსაკუთრებულ საგადასახადო და იურიდიულ პრივილეგიებს იღებდნენ.
ბიზანტიის იმპერია იუსტინიანე I-ს დაპყრობითი ომების პერიოდში

ბიზანტიის იმპერია და მისი „თემები" XI ს. 20-იან წლებში, მაკედონელთა დინასტიის მმართველობის დასასრულს (გასადიდებლად დააწკაპუნეთ რუკაზე)
ყველა ეს მიწა თავდაპირველად რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და მიუხედავად იმისა რომ იუსტინიანე I-ს (527-565) მმართველობისას ბიზანტიამ დაიბრუნა იტალიისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიწების ნაწილი, მანამდე ოსტგოთების (იტალია), ვესტგოთებისა (ესპანეთი) და ვანდალებისგან (ჩრდილოეთ აფრიკა) დაპყრობილი, მაგრამ თავისი ისტორიის განმავლობაში, აღმოსავლეთ იმპერიაში ყველაზე ხშირად ბალკანეთი, მცირე აზია, ეგეოსის ზღვის კუნძულები, კვიპროსი და კრეტა შედიოდა. ისლამური ექსპანსიის შემდეგ სურათი დრამატულად შეიცვალა. ახ.წ. 700 წლიდან VIII ს. ბოლომდე და IX ს. დასაწყისამდე, იმპერიის ბევრი რეგიონი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი იყო – იტალიის ზოგიერთი მხარე, სარდინია, ბალეარის კუნძულები და სხვ. X-XI საუკუნეებში, ბიზანტიის შემადგენლობაში მოკლე დროით დაბრუნდა ჩრდილოეთ და დასავლეთ სირიის გარკვეული ნაწილები და დღევადელი ლიბანის ტერიტორია. 
ადამიანური და საგადასახადო რესურსების დანაკარგებმა VII საუკუნეში გამოიწვია იმპერიის საზოგადოებრივი ინსტიტუტების საფუძვლიანი ტრანსფორმაცია. იმ მიწათა ბუნება, რომლებიც იმპერიის განკარგულებაში დარჩა და საერთო რესურსების რაოდენობის შემცირება, პირველ რიგში განსაზღვრავდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სტრატეგიულ პერსპექტივას, რომელიც ბიზანტიის მმართველთა წინაშე იდგა.
ფერმერები. ბიზანტიური მოზაიკა

ამ დროისთვის იმპერიის საზღვრებში აღარ იყო დარჩენილი მისი ყველაზე მდიდარი პროვინციები. მაგალითად, ეგვიპტე კონსტანტინოპოლის ბეღელი იყო და იმპერიას გადასახადების აკრეფიდან ლომის წილს აძლევდა. გვიანრომაული ისტორიული წყაროების მიხედვით, იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილიდან (იტალიისა და აფრიკის გამოკლებით, რომლებზეც საერთო შემოსავლის დაახლოებით 1/8 ნაწილი მოდიოდა), მარტო ეგვიპტიდან მიღებული ხორბალი და ფული, მთელი ახლო აღმოსავლური და ბალკანური პროვინციებიდან (ილირიკისა და ორიენტის პრეფექტურები) მიღებული საერთო შემოსავლის 1/3 ნაწილს უტოლდებოდა. ასევე გამოთვლილი იყო, რომ იმპერიის შემოსავლები ბალკანეთზე, დუნაის სამხრეთით მდებარე რეგიონებიდან, დაახლოებით თანაბარი იყო. გვიანრომაულ პერიოდში ძირითადი შემოსავლები ეგვიპტის გარდა, მდიდარი რეგიონებიდან – სირიიდან, მესოპოტამიიდან (ჩრდილოეთ ერაყი), ევფრატენზიიდან, ოსროენადან (მხარეები ევფრატის ზემო დინების სამხრეთით და ჩრდილოეთით), ფინიკიიდან (ლიბანი და სირია), პალესტინიდან და კილიკიიდან (თანამედროვე თურქეთის პროვინცია ადანა). ყველა ეს მხარე 640-იან წლებში არაბებმა დაიპყრეს და მხოლოდ მათი ნაწილი დაუბრუნდა იმპერიას X საუკუნეში. ამიტომაც, ეგვიპტისა და აღნიშნული აღმოსავლეთ პროვინციების დაკარგვის შემდეგ, ბალკანეთის სანაპირო მხარეების ეფექტური კონტროლის პირობებშიც კი, იმპერიის მთლიანი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა იმასთან შედარებით, ვიდრე VI საუკუნეში ჰქონდა (სავსებით საფუძვლიანია ერთ-ერთი შეფასება, რომლის მიხედვითაც, იმპერიას უწინდელი დიდების 1/14 ნაწილიღა შერჩა).
არაბთა ბანაკი ედესასთან. იოანე სკილიცეს მადრიდული ხელნაწერი (ე.წ. „მადრიდის სკილიცე"), XII ს.

ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონები მცირე აზიაში იყო ვიწრო სანაპირო დაბლობები ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ასევე, ეგეოსის რეგიონის უფრო ფართო დაბლობები, რომელთაც აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გადაჭიმული ცენტრალური პლატოს დასავლეთ მთისწინეთი კვეთდა. ქალაქების დიდი ნაწილი ამ მხარეში მდებარეობდა, თუმცა ზოგიერთი მცირე აზიის სიღრმეშიც იყო, - იმ ადგილებში, სადაც შედარებით რბილი კლიმატი იცავდა მკაცრი ზამთრისა და ცხელი ზაფხულისაგან, რაც დამახასიათებელია შედარებით ღია ცენტრალურ პლატოზე და აღმოსავლეთ მთიანეთში. პლატოს შუა საუკუნეებშიც და დღესაც, დიდწილად, საქონლის საძოვრებად იყენებენ, ნაყოფიერ ველებს მარცვლეული კულტურებისთვის, ბოსტნეულისთვის, ყურძნისა და ზეთისხილისთვის. თითქმის ყველა ქალაქის ეკონომიკური განვითარება მის გარშემო მდებარე სოფლებზე იყო დამოკიდებული, ვინაიდან სახმელეთო გზებით პროდუქტის გადაზიდვა – განსაკუთრებით ხორბლის – ძალიან ხარჯიანი იყო, განსაკუთრებით, დიდ მანძილებზე. მხოლოდ ის ქალაქები, რომელთაც მოხერხებული პორტები ჰქონდათ ან სხვა მხრივ, მისასვლელი სანაპიროებთან, ვითარდებოდნენ როგორც შორი და ადგილობრივი ვაჭრობისა და პროდუქტების მიმოცვლის ცენტრები; და შეეძლოთ პროდუქტების გადაზიდვა სიძვირის მიუხედავად. პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, გვიანრომაულ ხანაში და VII ს.-მდე, ანატოლიაში ძირითადად სიმშვიდე სუფევდა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ არეულობებს ყრუ რაიონებში, მაგალითად, ისავრიაში და ხანმოკლე სამოქალაქო ომებს V საუკუნის ბოლოს, რომელიც შეეხო ამ რეგიონს და ზოგიერთ სხვა ადგილს დასავლეთ ანატოლიაში.
ბულგარელთა მეფე სიმეონ I ამარცხებს ბიზანტიელებს. იოანე სკილიცეს მადრიდული ხელნაწერი, XII ს.

რომის იმპერიში ხშირი იყო  რომელიმე პროვინციიდან სხვა პროვინციაში მოსახლეობის გადასახლება. ამით იმპერია დემოგრაფიულ ან ფისკალურ პრობლემებს აგვარებდა, იყენებდა სხვადასხვა ერესის გავრცელების წინააღმდეგაც; ასე იქცეოდნენ ბიზანტიის მმართველები VII საუკუნის დასასრულიდან IX საუკუნემდე. მათ ანატოლიაში გადაასახლეს სლავები და ბალკანეთის სხვა ხალხები, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კი მოხვდნენ დუალისტური იდეების მატარებელი ერეტიკოსები, რომელთაც, მაგალითად, საფუძველი ჩაუყარეს ბოგომილთა ერესს ბულგარეთში X-XI საუკუნეებში. XI საუკუნეში და უფრო გვიან, ყველაზე მასშტაბური იყო სომეხთა და სირიელთა მირაცია სამხრეთ-დასავლეთ მცირე აზიაში. ამის მიზეზად იქცა როგორც იმპერიის ექსპანსია აღმოსავლეთში, ისე XI საუკუნის შუა ხანებში გამოჩენილ სელჩუკთაგან მომდინარე საფრთხე. 
XI ს. 60-იან წლებში თურქ-სელჩუკების გამოჩენის, იმპერიის ჯარის მანციკერტის ბრძოლაში დამარცხებისა (1071 წ.) და ამის შემდეგ დაწყებული შიდა პოლიტიკური ბრძოლის შედეგად, აღმოსავლეთ და ცენტრალური მცირე აზია თურქების ხელში გადავიდა. ალექსი I-ს მმართველობისას (1081-1118), ევროპელ ჯვაროსანთა დახმარებით, ბიზანტიამ შეძლო დაკარგული მიწების ნაწილის დაბრუნება. მიღწეული შედეგები უფრო განმტკიცდა იოანე II-სა და მიხეილ I-ს მმართველობისას, 1180 წლამდე პერიოდში. თუმცა, იმპერიის რესურსების სიმწირემ და მზარდი თურქული სახელმწიფოს გაძლიერებამ, ბიზანტიის საზღვრები შეავიწროვა ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებამდე და დასავლეთ ზღვისპირა დაბლობებამდე. ლათინური იმპერიის პერიოდში (1204-1261), ბიზანტიის მემკვიდრემ, ნიკეის იმპერიამ, აღიდგინა კონტროლი დასავლეთ ანატოლიაზე. 1261 წლიდან, რესტავრირებული ბიზანტიის იმპერიის მმართველთა ინტერესში სხვა რეგიონები მოექცნენ, რითაც ისარგებლეს თურქებმა და მალე ანატოლიაში იმპერიას რამდენიმე მცირე ქალაქი და ციხესიმაგრეღა შერჩა.
როდოპის მთები თრაკიაში
ბალკანეთის მთები
ბალკანეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედი მეტ-ნაკლებად საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს.  პირველ რიგში, ესაა დინარის მთიანეთი, რომელიც გადაჭიმულია დასავლეთ ბალკანეთზე სამხრეთიდან აღმოსავლეთისკენ და მისი მომიჯნავე პინდოსის ქედი, დასავლეთ და შუა საბერძნეთში. ამ მთათა განტოტებები იზრდება სამხრეთ საბერძნეთამდე და პელოპონესამდე. თავად ბალკანეთის მთაგორიანი ჯაჭვი (თურქ. Balqan - „ტყიანი მთები”, ბერძნ. Haimos) მიიწევს საბერძნეთიდან ჩრდილოეთით და გადაჭიმულია 550 კმ-ზე მდინარე მორავადან შავი ზღვის სანაპიროებამდე, როდოპის მთები კი, რკალისებურად განიტოტება მისგან და მაკედონიიდან თრაკიის დაბლობებამდე აღწევს. ზღვისა და მდინარის მონაპირე დაბლობები ზომით მცირეა. რეგიონის სხვადახვა ნაწილებში სხვადასხვაგვარი კლიმატი გვხვდება – სანაპიროებზე ხმელთაშუა ზღვის კლიმატია, ნახევარკუნძულის სიღრმეში, მთიან მხარეებში – კონტინენტური. ასეთი კლიმატოგეოგრაფიული განსაკუთრებულობა ამ რეგიონის ისტორიას განსაზღვრავდა, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი გვაქვს კომუნიკაციებზე. ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს არ აქვს განსაზღვრული გეოგრაფიული ცენტრი. შუა საუკუნეებში მთავარი საქალაქო ცენტრები იყო კონსტანტინოპოლი და თესალონიკი, მაგრამ ეს ქალაქები ნახევარკუნძულის განაპირა მხარეებზე მდებარეობდა, შორს მისი განსხვავებული კლიმატოგეოგრაფიული და ეთნიკური მრავალფეროვნებისგან. ეს ფაქტორები განსაზღვრავდა კიდეც ბიზანტიის პოლიტიკურ კონტროლს ამ რეგიონზე შუა საუკუნეებში. როდოპის მთებში – შეიძლება, ამ რეგიონის მეტნაკლებად ძნელად მისაწვდომ ადგილებზე, ისევე როგორც პინდოსის მთებში, სახელმწიფო ძალაუფლება, როგორც რომის, ისე ბიზანტიის, ოსმალეთისა და უფრო გვიანდელ პერიოდებში, ფაქტობრივად არ ეხებოდა აქაური მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. ისევე, როგორც მცირე აზიის ძნელმისადგომ ადგილებზე, აქაც შესაძლებელი იყო წარმართობისა და ერესის შენარჩუნება, ვინაიდან სახელმწიფოსა და ეკლესიის მხრიდან კონტროლი სუსტი იყო.
ბერძნული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი პელოპონესიდან
ბერძნული ვენახი
ასეთი კლიმატოგეოგრაფიული ფაქტორები განსაზღვრავდა მიწათმოქმედების ხასიათს. მაღალმთიან მხარეებში ტყეები და ბუჩქნარია გავრცელებული; მთისწინეთიში ტყეები, ბუჩქნარები და მდელოებია, რომელთა გამოყენებაც საძოვრებად შეიძლება. ინტენსიური მიწათმოქმედება მხოლოდ თესალიისა და მაკედონიის დაბლობებზე შეიძლებოდა ყოფილიყო; სამდინარო და ზღვისპირა დაბლობებსაც (მაგალითად, არგოსისა და კორინთოს ყურეები) აქვს მსგავსი, თუმცა მაინც შეზღუდული პოტენციალი. ამ რეგიონებში მოყავდათ ხორბალი, ყურძენი, ზეთისხილი. ჰქონდათ ხილის ბაღები. ბუნებრივია, მსხვილი საქალაქო ცენტრებსა და სოფლებში მოსახლეობის განსახლება დიდწილად ამ მახასიათებლებით იყო განპირობებული. და ეს ჯაჭვი მთების, ველებისა და სანაპირო დაბლობებისა დიდწილად განსაზღვრავდა ბალკანეთის რეგიონის სამხედრო, პოლიტიკურ და კულტურულ ისტორიას, განსაკუთრებით, მისი სამხრეთ ნაწილისას. ასე მაგალითად, ზღვის მოსაზღვრე (ჩრდილოეთის მხარეების გამოკლებით), სანაპირო რაიონები, გრძელი სანაპირო ზოლებით, თავისი ღრმა ყურეებით, კულტურული ელემენტების ბალკანეთის არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა რეგიონებამდე მიღწევისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. მეორე მხრივ, ბალკანეთის სამხრეთ ნაწილი, საბერძნეთი, განსაკუთრებით პელოპონესი, ადვილად მისადგომია ზღვის მხრიდან როგორც სამხრეთიდან, ისე დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – შავი ზღვის მხრიდან, რაც ამ რეგიონს მოწყვლადს ხდიდა მტრისთვის. ბიზანტიის პოლიტიკურმა გეოგრაფიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ისტორიულ განვითარებაში.

კომუნიკაციები
რომის არმიის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ძირითადი დაპყრობების პერიოდში, რომელიც ძვ.წ. 100 წლიდან ახ.წ. 100 წლამდე გრძელდებოდა, იყო მაგისტრალური გზების შექმნა, რომელიც პროვინციებს ერთმანეთს უკავშირებდა და უზრუნველყოფდა ხალხის სწრაფ გადაადგილებასა და რესურსების მიმოცვლას. გზების სწორედ ეს სისტემა ხდიდა რომაულ ჯარს ასეთ ეფექტიანს გარე საფრთხის მოგერიებაში, რესურსების გამოყენებაში. გზებს წარმატებით იყენებდნენ არასამხედრო კომუნიკაციების, საქონლის გადაზიდვის, ხალხის, სიახლეებისა და იდეების მისვლა-მოსვლისთვისაც. თუმცა, გვიანი იმპერიის პერიოდისთვის, IV ს. ბოლოდან V საუკუნის ჩათვლით, გზების მომსახურება-მოვლას, რაც ადგილობრივ მმართველობებს ევალებოდათ, უკვე აღარ უთმობდნენ სათანადო ყურადღებას.  ნაწილობრივ, ეს შედეგი იყო საქალაქო მმართველობების განკარგული რესურსების ახალი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებისა. შესაძლოა, ეს მიგვითითებდეს იმპერიაში არსებული საინჟინრო ხელოვნების დაკნინებასა და მივიწყებაზეც არმიაში. ერთ-ერთი შედეგი ამისა, გახდა ბორბლებიანი ტრანსპორტის გამოყენების შეზღუდვა გვიანრომაულ ეპოქაში. ამ დროიდან იყო ერთმანეთისგან გამიჯნული „ნელი ფოსტა”(ხარებისა და მძიმე ურიკების გამოყენებით) და „სწრაფი ფოსტა”(ცხენებით, პონებით, მსუბუქი ურიკებით, სასალაპნე ცხოველებით). ბიზანტიის დროს მთლიანად შენარჩუნდა კურიერული კავშირის სისტემა, მაგრამ საზღვარი კავშირის ამ ორ სახეს შორის, გაქრა.
რომაული გზა. ლეპტის მაგნა, ლიბია

რომაული გზა. ტარსუსი, თურქეთი

ყველა გზა ერთნაირად და ერთი და იგივე მიზნებისთვის არ შენდებოდა. ისტორიულ წყაროებში იხსენიება ფართო გზები და ვიწრო ბილიკები, მოკირწყლული და მოუკირწყლავი, ბორბლიანი ტრანსპორტისთვის გამოსადეგი და გამოუსადეგარი. რა თქმა უნდა, სტრატეგიული მნიშვნელობის გზებზე უკეთ ზრუნავდნენ. მწირი ისტორიული წყაროები, ზოგჯერ ერთმანეთის საპირისპიროდაც კი, მიუთითებენ რომ VI სააუკუნის შემდეგ, მთელ რიგ მნიშვნელოვან გზებზე, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა და მეწარმე-ხელოსნები ზრუნავდნენ. ასე და ამგვარად, VII საუკუნის შუა ხანებიდან, მცირე აზიაში გაჩნდა მაგისტრალური გზების ქსელი, ძირითადად სამხედრო დანიშნულების, მსხვილი სამხედრო ბანაკებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტების გარნიზონების ერთმანეთთან დამაკავშირებელი. იგივე შეიძლება ითქვას ბალკანეთზეც. თუმცა აქ, ისეთი სამარშო ბანაკების შესახებ, როგორიც ანატოლიის რეგიონში იყო, აქ მხოლოდ გვიან პერიოდიდან (XII ს. და უფრო გვიან) ხდება ცნობილი. ამ გზებს ადგილობრივი ხელისუფლება უვლიდა, თუმცა, არც ისე რეგულარულად. ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გზების უმეტესობა ვიწრო იყო და სასაპალნე ცხოველებისთვის თუ გამოდგებოდა და მხოლოდ ქალაქების მისადგომებთან იყო მოკირწყლული. საზღვაო-სამდინარო ტრანსპორტი ბიზანტიაში, როგორც წესი, გაცილებით იაფი იყო სახმელეთოზე – უკიდურეს შემთხვევაში, საშუალო და შორეულ მანძილებზე გადაადგილებისთვის და გაცილებით სწრაფი. შორეული გადაზიდვები, ისეთი ზომა-წონის ტვირთისა, როგორიც იყო ხორბალი, ჩვეულებრივ, წამგებიანი იყო.
ბიზანტიური დრომონი რუსთა ხომალდების წინააღმდეგ, X ს. 

საჭირო იყო საკვები გამძღოლებისა და საპალნე ცხოველებისთვის, ურიკების შეკეთება, სხვადასხვა, ადგილობრივი გადასახადების გადახდა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ზრდიდა ტვირთის ღირებულებას, თანაც, გადაზიდვა ძალიან ნელი და ხანგრძლივი პროცესი იყო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი გადაზიდვები არ ხდებოდა. თუმცა, სახმელეთო გადაზიდვები, განსაკუთრებით არმიის მომარაგებისთვის, სახელმწიფოსგან იყო ორგანიზებული, რისთვისაც, ხშირად მდიდარ ვაჭრებს იზიდავდნენ. ვინაიდან, საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება, მცირე ეკიპაჟიანი ხომალდით დიდი ტვირთის გადაზიდვა უფრო ადვილი იყო, სანაპირო მოსახლეობას დიდი უპირატესობა ჰქონდა სხვა რაიონების მოსახლეობასთან შედარებით შიდა სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში.
გვიანრომაული სამყარო წარმოადგენდა ხალხების, კულტურებისა და ენების ფერად მოზაიკას, რომელთაც ერთმანეთთან იმპერიის ფისკალურ-ადმინისტრაციული აპარატი აკავშირებდა. რომაული კანონი და რომაული მმართველობა ყველაზე მცირე, პროვინციის დონეზე განაპირობებდა ქვეყნის ერთიანობას ერთი მმართველით – იმპერატორით – სათავეში. იმპერიის პოლიტიკურ ერთიანობას კიდევ უფრო ამყარებდა საიმპერიო მონეტა, რომელზეც იმპერატორის ბიუსტი იყო გამოსახული, მმართველობის უფლების დამადასტურებელი წარწერებით. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან და VI საუკუნის დასასრულიდან კი, ბერძნული ენა ხალხს უწინდელ რომს ახსენებდა. მიუთითებდა როგორც წარსულ დიდებაზე, ასევე იმაზე, თუ რას ნიშნავდა, მოიაზრებდა ეს.
ბიზანტიური ეკლესია. კუნძული პაროსი, საბერძნეთი

ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობების დროიდან, ძვ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევრამდე და მისი იმპერიის დაცემიდან, ბერძნული ენა, განსაკუთრებით ატიკური დიალექტი, იმ რეგიონების საქალაქო კულტურის საერთო ენად იქცა, რომლებიც შემდეგ ბიზანტიის იმპერიაში შევიდა. მის გავრცელებას პროვინციების რიგით მოქალაქეებს შორის, დიდწილად არმიების ამ მხარეებში ყოფნა, მის რიგებში მსახური და რეგიონული ვაჭრობა განაპირობებდა. ბერძნული ენის ადგილობრივ ენებთან ურთიერთობის შედეგად, ყალიბდებოდა ახალი დიალექტები. ისე რომ I საუკუნეშივე, რომის იმპერიის აღმოსავლეთ რეგიონებში გაჩნდა მოძრაობა კლასიკური ატიკური ბერძნული ენის დასაცავად მრავალრიცხოვანი ბარბაროსული განსაზღვრებებისგან. მცდელობა, რა თქმა უნდა, წარუმატებელი იყო. ცოცხალი ენები ვითარდებიან, არ არიან გაყინულები და შეუძლებელია მათი გაუმჯობესება პირდაპირი ზემოქმედებით. თუმცა, ამ კამპანიამ ის შედეგი მოიტანა რომ ბერძნული ენის, ლიტერატურის, პოლიტიკის, განსაკუთრებით, განათლების მომავალ განვითარებაზე მოახდინა ზეგავლენა ჩვენს დრომდე კი. გაჩნდა დიაგლოსია - „ორენოვნება” ანუ არსებობდა ბერძნული ენის ორი (ზოგჯერ მეტი) ვარიანტი. ინტელექტუალური და განათლებული ელიტის ენა იყო მეტნაკლებად თავისუფალი „ბარბარიზმებისგან” და შესაძლებლობის ფარგლებში, მიახლოებული ძვ.წ. V საუკუნის ათენურ ენასთან. ამან საზოგადოებაში ცნობილი კულტურულ-სოციალური დიფერენციაცია გამოიწვია. მწერლები და ორატორები, რომლებიც დიდი ხელოვნებით ცდილობდნენ „მკვდარი” ენის კულტივირებას და ჰქონდათ განათლების სხვადასხვა დონე, განეკუთვნებოდნენ სხვადასხვა სკოლებს, ქმნიდნენ „ატიკური” ბერძნული ენის განსხვავებულ ვარიანტებს, რითაც კიდევ უფრო ურევდნენ საკითხს. ღრმული განათლებულთა „ატიკიზებულ” ენასა და სალაპარაკო ბერძნულს შორის იმდენად დიდი იყო, რომ ზოგჯერ უხდებოდათ სამეცნიერო ენიდან სალაპარაკოზე თარგმნა იყო საჭირო.
ქალაქ მესინას ალყა არაბების მიერ. იოანე სკილიცეს მადრიდული ხელნაწერი, XII ს.

ანატოლია ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული მრავალფეროვნებით. უმეტესობა ადგილობრივი არაბერძნული ენებისა (მაგალითად: ისავრიული, გალატიური, კაპადოკიური, ლიკიური) V-VII საუკუნეში გაქრა, თუმცა ზოგიერთი შეიძლებოდა შემორჩენილიყო იზოლირებულ კუთხეებში უფრო გვიანდელ პერიოდამდეც. თუ არ ჩავთვლით სომხურ ენას და მის მონათესავე ჩრდილო-აღმოსავლეთის ქვეყნების ენებს, ამ რეგიონში მაინც ბერძნული იყო გაბატონებული, წარმოდგენილი მრავალ დიალექტად, რომელიც დღემდე შემორჩა, თუმცა არა თურქეთის ტერიტორიაზე (ასე, მაგალითად, ბერძნული ენის პონტოური დიალექტი დღეს შეგვიძლია მოვისმინოთ საბერძნეთის იმ რაიონებში, სადაც გადასახლდნენ თურქეთის ბერძნები, ქვეყნებს შორის ერთმანეთში მოსახლეობათა გაცვლის დროს 1923 წელს).
ბალკანეთზე, VI საუკუნის შემდეგ, კიდევ უფრო გართულდა ენობრივი მდგომარეობა. მანამდე აქ სამი ძირითადი ენობრივი ჯგუფი გამოიყოფოდა – ბერძნული და მისი დიალექტები სამხრეთში, ლათინური და მისი დიალექტები ცენტრსა და ჩრდილოეთში (დუნაის დაბლობების ჩათვლით, მდინარეს ორივე ნაპირზე, სადაც რომაული დაპყრობების შემდეგ, I-II საუკუნეში ადგილობრივი ენები, მათ შორის დაკიური განიდევნენ), ასევე რამდენიმე იზოლირებული ენა დასავლეთ სანაპირო რაიონებში (მაგალითად, ილირიული – შემდგომდროინდელი ალბანურის წინაპარი). ამ სამი სუბრეგიონის მოსახლეობა საუბრობდა რომაულ-მაკედონურ ან რომაულ-დაკიური ჯგუფის ენებზე, რომელთაგაც, XIII საუკუნისთვის, რუმინული ენა წარმოიშვა. ეს ენა შედგებოდა გვიანდელი ლათინურით და განიცდიდა ძლიერ ზეგავლენას სლავური ენებისგან, რომელთან შეხებაც დაკო-თრაკიულ მოსახლეობას მუდმივად უწევდა. აქ ენობრივ სიტუაციას ორი ფაქტორი განსაზღვრავდა – VI-VIII საუკუნეებში სლავების მრავალრიცხოვანი ჯგუფების გამოჩენა, ასევე მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ტომების (ვლახები, ალბანელები) მიგრაცია X საუკუნის დასაწყისიდან.
იმპერატორ იოანე I ციმისხიოსის შეხვედრა კიევის მთავარ სვიატოსლავ იგორევიჩთან. მ. გორელიკის ნახატი
ტოპონიმიკა მეტყველებს სლავთა ხანგრძლივ ყოფნაზე საბერძნეთის რიგ მხარეებში, თუმცა VIII-IX საუკუნეებში, ჩრდილოეთ ბალკანეთის განმეორებითმა ელინიზაციამ, სლავური ენობრივი ელემენტების დიდი ნაწილი გააქრო. პელოპონესსა და ჩრდილოეთ საბერძნეთში არსებული სლავური ტოპონიმიკა მეტყველებს აქ მრავალრიცხოვანი სლავური მოსახლეობის ცხოვრებაზე. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ X-XV საუკუნეებში სლავები, რომელთაც პელოპონესის ნაწილები დაიკავეს, ისტორიულ წყაროებში ჩანან როგორც ყაჩაღთა რაზმები და თავისუფალი საზოგადოებები, რომელთაც მძვინვარე და მეომრული ტრადიციები გააჩნდათ. მაკედონიისა და თესალიის სლავებმა შეინარჩუნეს თავიანთი ენა და შეითვისეს ცოტა ელინიზმისგან, ხოლო ისინი, რომლებიც უფრო სამხრეთ მხარეებში დასახლდნენ, თანდათანობით ბერძნულად ალაპარაკდნენ.
გვიანბიზანტიური არმიის მოქირავნეები: 1. ყივჩაღი 2. ალბანელი 3. იტალიელი

პირველად გვიანბიზანტიურ წყაროებში მოხსენიებულ ალბანელთა წარმოშობა, ბუნდოვანი საკითხია. ისინი არიან ილირიელთა შთამომავლები, ჯერ კიდევ რომაულ პერიოდამდე დასახლებულების ცენტრალური დინარის ქედის მთებთან. მათი ენა, ყველაზე სარწმუნოა რომ ძველი ილირიულიდან მოდის, რომელიც ახლა ინდოევროპული ენების ოჯახის ბერძნული ჯგუფის დამოუკიდებელ განტოტებად ითვლება. მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბერძნულმა, თურქულმა, სლავურმა და ნაწილობრივ იტალიურმა ენებმა. ზუსტად არ არის ცნობილი რა მიზეზებით დაიწყეს ალბანელებმა XIV საუკუნიდან ჩამოსახლება მთებიდან ზღვის სანაპირო მხარეებში, მსახური მოქირავნეებად ბიზანტიის სამსახურში, სერბთა ლაშქარში და ჩამოყალიბება დამოუკიდებელი სათავადოებისა, რომელთაც სათავეში სხვადასხვა სამხედრო ბელადები ედგათ. ალბანელთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფები გამოჩნდნენ თესალიაში, ბეოტიაში, ატიკაში, პელოპონესში, სადაც ისინი მსახურობდნენ ჯარისკაცებად, სახლდებოდნენ გლეხებად ან ითვისებდნენ მიტოვებულ მიწებს. მრავალი ალბანელი აქ ადგილობრივი დესპოტის (მმართველის) მანუელ კანთაკუზენის (1340-1380) დროს გამოჩნდა. ის ალბანელებს ჯარისკაცებად იყენებდა და ასახლებდა დაცარიელებულ რეგიონებში. 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეთნოსი იყო ცენტრალურ ბალკანეთსა და საბერძნეთის ჩრდილოეთით მოსახლე ვლახები. მათ, ჩვეულებრივ, სლავებამდელი მოსახლეობის, დაკებისა და თრაკიელების შთამომავლებად მიიჩნევენ, რომლებიც გადასახლდნენ რთულად მისადგომ მთიან მხარეებში ჩრდილოეთ ბალკანეთში გერმანელებისა და სლავების მიგრაციის დროს V-VII საუკუნეებში და შეინარჩუნეს საკუთარი ნახევრად მომთაბარე ტიპის სამწყემსო მეურნეობები. მათი ენა განეკუთვნებოდა უკვე ნახსენებ მაკედონურ-რომანულ ჯგუფს. დაწყებული XI საუკუნიდან, ეს ხალხი ფიგურირებს წყაროებში როგორც მომთაბარე მესაქონლეები, მწყემსები, რომლებიც მიგრირებდნენ თავიანთი საქონლის ჯოგებით თესალიის საზამთრო საძოვრებიდან პინდოსისა და გრამოსის ქედების საზაფხულო სადგომებამდე. მისი წარმომადგენლები მსახურობდნენ ბიზანტიურ ჯარში. თუმცა, ბიზანტიელი ავტორები, ხშირად უზუსტოები არიან როცა ტომებსა და ხალხებზე წერენ და ერთმანეთში ურევენ ვლახებსა და ბულგარელებს, რადგან ვლახები ბულგარელებით დასახლებულ მიწებზე მომთაბარეობდნენ.
ბიზანტიელთაგან თვალებდათხრილი ბულგარელები მეფე სამუელის წინაშე. ვასილი გორანოვის ნახატი

ბულგარელები თურქმანული წარმოშობის, თავდაპირველად მომთაბარე ხალხი იყო, რომელთა გამოჩენამ და დუნაის სამხრეთ დაბლობის აღმოსავლეთ კიდის ოკუპაციამ VII საუკუნის დასასრულს, რადიკალური ზეგავლენა მოახდინა მთელი ბალკანეთის რეგიონის შემდგომ ისტორიაზე. თვითონ თურქ-ბულგარელები რიცხობრივად გაცილებით ცოტანი იყვნენ, ვიდრე მათი მოხარკე სლავური და სხვა წარმომავლობის ხალხები. ამიტომ, IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის დასაწყისისთვის, ისინი პრაქტიკულად ასიმილირდნენ დამორჩილებულ სლავებთან ენობრივი და კულტურული თვალსაზრისით. ბულგარული ენა შუა საუკუნეებიდანვე მიიჩნევა სლავურ ენად. 
ეს რეგიონები წარმოადგენენ აღმოსავლეთ რომის იმპერიის გულს, დაწყებული VII საუკუნის შუა ხანებიდან. თუმცა, ამ დრომდე, უნდა გავითვალისწინოთ სემიტური ენების – ძირითადად სირიულის, თუმცა არაბულთან მნიშვნელოვანი ნაზავით ჯერ კიდევ არაბთა დაპყრობების ეპოქამდე დიდი ხნით ადრე, კოპტურის ეგვიპტეში და ჩრდილოეთ აფრიკაში სხვადასხვა ქამიტური დიალექტის არსებობა, თUუმცა სანაპირო რეგიონების ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა მთლიანად ლათინურად მეტყველებდა. სირიისა და ეგვიპტის ქალაქთა მოსახლეობა და სოფლის მოსახლეობის ნაწილი, ამ პერიოდში ბერძნულენოვანი იყო, რაც კიდევ უფრო ართულებს ენობრივ რუკას. იტალიაში ლათინური იყო გაბატონებული, თუმცა სიცილიასა და იტალიის სამხრეთ რაიონებში ბევრი საუბრობდა ბერძნულად, VII საუკუნიდან კი, როდესაც პელოპონესიდან და დასავლეთ საბერძნეთიდან ბევრი ბერძენი გაიქცა სლავების შემოსევის გამო, ბერძნული ენა იტალიის სამხრეთში კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდა, რამაც ზეგავლენა მოახდინა ამ რეგიონის შემდგომ ენობრივ განვითარებაზე.

სოფლის მეურნეობის და საწარმოო რესურსები
რომის იმპერიის ეკონომიკა ძირითადად აგრარული იყო. დაწყებული ცენტრალური ბალკანეთის მთიანი დაბლობებიდან ნაყოფიერ ნილოსამდე, ზღვის მონაპირე ველებიდან იტალიის მთიანეთამდე და ჩრდილოეთ სირიის ფართო მინდვრებამდე, სოფლის მეურნეობა მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა. საშუალებას ქალაქებისა და სოფლების არსებობისა, მთავარ წყაროს საგადასახადო სისტემაში ჩასართავად. წარმოება და ვაჭრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთელი რიგი რეგიონების მეურნეობაში, განსაკუთრებით ქალაქებში, მაგრამ იმპერიის ეკონომიკაში მაინც მეორეხარისხოვანი იყო. იმპერიის არსებობის ნებისმიერ პერიოდში, მკვლევართა შეფასებით, სულ მცირე 80% მოსახლეებისა მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით იყო დაკავებული და ეს პროპორცია შეიცვალა მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში და მხოლოდ კონსტანტინოპოლში და მის მიმდებარე თრაკიულ ოლქებში. 
პური ხმელთაშუა ზღვისპირეთის, ახლო და შუა აღმოსავლეთის მოსახლეობისთვის უმთავრესი სურსათი იყო, ამიტომ სასოფლო სამეურნეო მწარმოებლების დიდ ნაწილს მარცვლეული მოჰყავდა. ეგვიპტეში, ნილოსის ნაყოფიერი დაბლობის შემწეობით ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი მოდიოდა ერთ სულ მოსახლესთან შეფარდებით. დიდი რაოდენობით ხორბალი მოდიოდა ჩრდილოეთ სირიის დაბლობებზე, მცირე აზიის ზღვისპირა მხარეებში, თრაკიაში, თესალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, რომელიც რომს ხორბლითა და ზეთით ამარაგებდა. V-VII საუკუნეებში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორბლის კულტივირებაში: ადრე გამოყვანილი რბილი ჯიშის ხორბალი, ჩაანაცვლა უფრო მაგარმა, ცილის მეტი შემცველობის ხორბალმა.
ნილოსის ველი. ეგვიპტე

მისგან მიღებული ფქვილი პურის გამოსაცხობად უფრო გამოსადეგი იყო. ამან გამოიწვია ისლამურ და ბიზანტიურ სამყაროში პურის მოხმარების შემცირება, რადგან უფრო მცირე რაოდენობით მაგარი ხორბლისგან იგივე რაოდენობით ცილა მიიღებოდა, ვიდრე რბილი ხორბლისგან. ხორბლის გარდა, ბიზანტიურ მეურნეობაში დიდი ადგილი ეჭირა ქერსაც, უფრო მცირე კი – ფეტვს, რომელიც უმეტესად ადამიანის საკვებისთვის უვარგისად მიაჩნდათ. იქ, სადაც კლიმატი საშუალებას იძლეოდა – ძირითადად, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის სანაპირო დაბლობებზე და უამინდობისგან დაცულ რამდენიმე შიდა რეგიონში, - ჰქონდათ ხილი. ყურძენი და ზეთისხილი შესაბამისი ბუნებრივი პირობების მხარეებში მოდიოდა (ძირითადად, ზღვისპირეთის დაბლობებში) და ძირითადად, განკუთვნილი იყო უმთავრესად ადგილზე მოხმარებისთვის. თუმცა, ზოგჯერ საქალაქო ბაზრობებზეც იყიდებოდა. ბოსტნეული და პარკოსნები უმეტესად პირად ბოსტნებში მოჰყავდათ და არა სპეციალურ პლანტაციებში, ასე რომ ქალაქები ძირითად რესურსებს – საკვებს, სასმელს, სამოსს, სამშენებლო მასალებს და ა.შ. – მიმდებარე რაიონებიდან იღებდნენ. რეგიონების მეურნეობა, რასაკვირველია, არ იყო მხოლოდ ნატურალური. არსებობდა სავაჭრო გაცვლა გარკვეული რაიონების ზოგიერთ ადგილებში, რაც ამ ადგილების მოსახლეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ის პროდუქტი, რასაც თვითონ არ აწარმოებდნენ. ყოველწლიური ტრადიციული ბაზრებით ვითარდებოდა ვაჭრობა იმპერიის უფრო დაშორებულ რეგიონებს შორისაც. მაგრამ მხოლოდ მსხვილი ქალაქებს, ჩვეულებრივ, საზღვაო პორტებს, ჰქონდათ საშუალება შემოეტანათ პროდუქტები რეგულარულად. ძირითადად, ეს იყო ფუფუნების საგნები, განკუთვნილი მათთვის ვისაც შეძენა შეეძლო. რომს და კონსტანტინოპოლს დიდი რაოდენობით შეჰქონდათ ხორბალი და ზეთი, მაგრამ ეს ქალაქები წარმოადგენდნენ გამონაკლისებს, ჰყავდათ დიდი მოსახლეობა და სახელმწიფო და საეკლესიო ძალაუფლების მთავარი ორგანოებიც აქ იყო მოქცეული. მსგავსი დამოკიდებულება წარმოების მოშორებულ ცენტრებთან შესაძლებელი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ხარჯებს სახელმწიფო იხდიდა. შიდა ქალაქები, როგორც წესი, მთლიანად დამოკიდებულები იყვნენ ადგილობრივ წარმოებაზე და ხელი არ მიუწვდებოდათ მრავალფეროვან პროდუქციაზე და ეხებოდათ ყოველგვარი შეზღუდვა რასაც სეზონური და გეოგრაფიული ფაქტორები განაპირობებდა.
ოსმალური პერიოდის კონსტანტინოპოლი, XVI .

თესვისა და მოსავლის მოგროვების ხასიათი მოცემული რეგიონის პირობებით იყო განსაზღვრული. იქ, სადაც ხმელთაშუა ზღვის კლიმატი იყო გავრცელებული, ბოსტნეულს ძირითადად ივნისში იღებდნენ, პურს – ივლისში, რის შემდეგაც მიწის გამოყენება საძოვრებად შეიძლებოდა. ეს ხელს უწყობდა მის განაყოფიერებას. 
სათესი მიწის მოხვნა და დამუშავება,ჩვეულებრივ ოქტომბერ-ნოემბერში ხდებოდა, რის შემდეგაც თესავდნენ მარცვლეულს და რგავდნენ ბოსტნეულს, რათა გამოეყენებინათ ზამთრის წვიმები და მარცვლეულის სეზონური დატენიანება. უფრო მშრალ რეგიონებში ეს ციკლი ცოტა სხვაგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგალითად, სირიაში მოსავალს აგროვებდნენ ნოემბერში და თესავდნენ ივლის-აგვისტოში. რაიონებში, სადაც სოფლის მეურნეობას ირიგაციის სისტემა ხელს უწყობდა, მაგალითად, ნილოსის დაბლობზე და უფრო მშრალ, ნაკლებნალექიან რაიონებში, თესვისა და მოსავლის აღების განსხვავებული ციკლი გააჩნდა. ასევე განსხვავდებოდა მარცვლეულის მოსავლიანობა. შედარებით ნაყოფიერ რეგიონებში 7:1-დან 8:1 მდე იყო, ორივე მხარის მერყეობით. უფრო მშრალ რაიონებში მოსავლიანობის დონე 5:1-ზე იყო, მაგრამ ეს საშუალო ციფრები შეიძლებოდა მცირედით შეცვლილიყო, რაც დამოკიდებული გახლდათ კონკრეტული რეგიონის თავისებურებებზე, კულტურასა და კლიმატურ ცვლილებებზე.
ღვინის თასი. ბიზანტიური ან ავარული ნაკეთობა, VII ს. დასასრული

შორეული ვაჭრობის განვითარება VI საუკუნის ბოლოდან VII საუკუნის დასაწყისამდე კონკრეტული პროდუქტის მწარმოებელი რეგიონების აყვავების მთავარი მიზეზი იყო. მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვის ყველა მხარეში დიდი რაოდენობით ხორბალი და ზეთი გადიოდა (კერამიკულ ნაწარმთან ერთად, რომლითაც ისინი გადაჰქონდათ). ანალოგიურად, სირიის ნაპირებიდან ზეთი და ღვინო ეგეოსის ზღვის დასავლეთ სანაპიროებამდე და სამხრეთ ბალკანეთამდე მიჰქონდათ, საიდანაც ის ხვდებოდა ბალკანეთის უფრო შიდა რეგიონებში, ასევე იტალიასა და სამხრეთ გალიაში. 
ამ სავაჭრო გზების შესახებ ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ ბიზანტიური ეპოქის კერამიკის შესწავლით, ვინაიდან სავაჭრო საქონლის, როგორც მყარის (მაგ. ხორბლის), ისე თხევადის (ღვინო, ზეთი) გადაზიდვა-შენახვისთვის კერამიკული ჭურჭელი – ამფორები - გამოიყენებოდა. ამფორების ფორმა საჭიროების მიხედვით იცვლებოდა. საქონელი ამ ჭურჭლით, ძირითადად, საზღვაო გზებით გადაჰქონდათ. ხშირად, სხვა კერამიკულ ნაკეთობებთან – მაგალითად, მაღალი ხარისხის სამაგიდო ნაკეთობებთან ერთად, რომელიც სასურსათო საქონელთან ერთად გადაჰქონდათ. მსგავსი აღმოჩენები, წარმოების ცენტრების ცოდნასთან ერთად, საშუალებას გვაძლევს კარგი წარმოდგენა შევიქმნათ იმ დროის რეგიონებს შორის ვაჭრობაზე. VI ს. ბოლოს, სავაჭრო ხომალდები ეგვიპტიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ატლანტიკისკენ მიცურავდნენ, ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროებამდე და ცვლიდნენ ხორბალს იქ მოპოვებულ კალაში. ხმელთაშუა ზღვის ვაჭრობა არ იყო მხოლოდ დროებითი, იშვიათი მოვლენა, საჭიროების დროს გაჩენილი: როგორც ჩანს, ასეთი ვაჭრობა ხორციელდებოდა დიდი ხორბლის გადამზიდი ქარავნების ხომალდებით, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში და ეგვიპტიდან კონსტანტინოპოლისკენ მიეშურებოდნენ. კაპიტნებს უფლება ჰქონდათ გადაეტანათ ხშირი ვაჭრობის საქონელი გადაეზიდათ, გაყიდვიდან მოგების გარკვეული პროცენტის მიღების ხარჯზე (როგორც XVIII-XIX საუკუნეებში აკეთებდნენ ინდოეთიდან ინგლისისკენ მცურავი ხომალდების ოფიცრები და მეზღვაურები ან ვესტ-ინდოეთში მოგზაურები პაკეტბოტებით).
ტერაკოტისგან დამზადებული ბიზანტიური ამფორა
არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავება მსხვილ ზღვისპირა ცენტრებსა და პროვინციულ ქალაქებსა და სოფლებს შორის. გვიანანტიკური ეკონომიკა უმთავრესად რეგიონალიზებული იყო. და ამას აცნობიერებდნენ და ასახავდნენ თავიანთ შეხედულებაში იმ დროში მცხოვრები ადამიანები. ეს არ ნიშნავს იმას რომ აღმოსავლეთ რომის იმპერია ღარიბი იყო რესურსებით (თუმცა კი, ზოგიერთი რეგიონი შედარებით ღარიბი იყო), მაგრამ ტერიტორიის სიდიდისა და ლანდშაფტის სირთულის გამო, სატრანსპორტო გადაზიდვების ფასი, განსაკუთრებით, სახმელეთო, რესურსების მიმოქცევას მკვეთრად ზღუდავდა. საუბარი კვლავინდებურად არის მსხვილ საქალაქო ცენტრებზე.
მესაქონლეობა – ცხვრების, თხების, მსხვილფეხა პირუტყვის, ცხენებისა და ღორების კულტივირება – თითქმის ყველგან იყო გავრცელებული, თუმცა ზოგიერთი რეგიონი ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა. მეცხენეობა და სახედრების გამოყვანა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა სახელმწიფოსთვის, რადგან წარმოადგენდა გადამყვან-გადაზიდ საშუალებას საზოგადოებრივი ფოსტის, ტრანსპორტისა და არმიისთვისაც. მსხვილი საცხენოსნო ფერმები იყო მცირე აზიის სხვადასხვა ოლქში (ფრიგია, ლიდია, კაპადოკია), ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიასა და სირიაში. ანატოლიის პლატოზე მესაქონლეობა იყო გავრცელებული. აქ იყო დიდი სამფლობელოები, რომელიც ამ რეგიონის მსხვილ მიწათმფლობელებს ეკუთვნოდათ. მიწათმოქმედებას, ბუნებრივია, პატარა როლი არ ჰქონდა მოსახლეობის უზრუნველყოფისთვის, მაგრამ მსხვილი მიწათმფლობელების კეთილდღეობა ძირითადად, მესაქონლეობას ემყარებოდა. მესაქონლეობა დიდ როლს თამაშობდა მთელი აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე. ცხვრები, ღორები, თხები, მრავალი ადგილობრივი საზოგადოების პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა და ისეთივე ყურადღებას მოითხოვდა გლეხისგან, როგორც ხორბლის წარმოება. მესაქონლეობა იყო წყარო არა მხოლოდ ხორცის, რძის, მატყლის, არამედ ტყავის, წებოს დასამზადებელი მასალის, რქისა და ძვლის ნაკეთობების და ა.შ.