ბიბლიის მიხედვით, მას შემდეგ რაც იესო ქრისტე ამაღლდა, მისმა მოციქულებმა და მოწაფეებმა მთელს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში დაიწყეს მაცხოვრის მოძღვრების ქადაგება. თავდაპირველად ქრისტიანობას უამრავი მტერი გამოუჩნდა, მათგან ყველაზე ძლიერი წარმართული კულტების მიმდევარი რომის იმპერია იყო. რომი მსოფლიო ჰეგემონი გახლდათ და მისი ძალაუფლება თითქმის მთელს ევროპასა და დასავლეთ აზიაში ვრცელდებოდა. რომაელები იმპერიის ყველა პროვინციაში ცდილობდნენ განემტკიცებინათ იმპერიის ერთიანობა ხალხების რომაელებთან ასიმილირებითა და კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიის გაზიარებით.
ამან გაართულა ქრისტიანობის გავრცელება და მისი მსოფლიო რელიგიად ქცევა, თუმცა საბოლოოდ ეს მძიმე, მტკივნეული, სისხლისღვრით აღსავსე პერიოდი დასრულდა იმით, რომ სწორედ ქრისტიანობა იქცა რომის იმპერიის ერთიანობისთვის საჭირო რელიგიად. 313 წელს მილანის ედიქტით დაიწყო ქრისტიანთა აღზევების ხანა. 380 წელს იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა თეოდოსიუს I დიდის მიერ. ქრისტიანობის დევნა, მათი საიდუმლო კავშირები, შეკრებები და სიმბოლოები კარგად აქვს აღწერილი დიდ პოლონელ მწერალს, ჰენრიკ სენკევიჩს, ნობელის ლაურეატ რომანში “ვიდრე ჰხვალ?”, სადაც ის აცოცხლებს ახ.წ I საუკუნის რომს, იმპერატორ ნერონის მმართველობის პერიოდს.
ნერონი
ბევრმა არ იცის, რომ თევზი ანუ ძველ ბერძნულად Ίχθύς(იხტის) ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა. განსაკუთრებით მას ადრეული ქრისტიანები იყენებდნენ. Ἰησοὺς Χριστὸς Θεოὺ ῾Υιὸς Σωτήρ ბერძნულად ნიშნავს იესო ქრისტე ღვთაებრივი ძე მხსნელი. ამ სიტყვების აკრონიმია “თევზი”და ის ასე იშლება: Ἰησοὺς – იესო(საკუთარი სახელი), Χριστὸς(ქრისტე, მესია – ეს სიტყვა იესოს გასამართლებისას გამოიყენეს მის სამხილებლად: მათე 26:63-66), Θεოὺ(ღვთაებრივი, მიუთითებს ღვთაებრივ წარმოშობაზე), Υιὸς(ძე, ანუ იესოს წმინდა სამებაში მეორე სახედ, ძე ღმერთად გამოცხადება), Σωτήρ(მხსნელი, მიუთითებს იესო ქრისტეს მისიაზე ამ ქვეყნად). როგორც ჩანს სიტყვა-აკრონიმ “თევზში”ანუ “იხტის” მთელი ქრისტიანული იდეოლოგია იყო ჩასმული.
გალილეის ზღვა
ახალი აღთქმა თევზის სიმბოლიკას ქრიტეს იმ მოწაფეებს უკავშირებს, რომლებიც მეთევზეები იყვნენ. იესო ქრისტე თავის მოწაფეებს “ადამიანთა მებადურებს” უწოდებს(მათე, 4:19, მარკოზი 1:17).
“ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.”(მარკოზი 1:16)
“და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ”(მარკოზი 1:17)
თევზის გამოსახულებას ევხარისტული მნიშვნელობაც აქვს, რაც უკავშირდება სახარებაში აღწერილ ტრაპეზებს: ხალხის დაპურება უდაბნოში თევზითა და პურით(მარკოზი 6:34-44, მარკოზი 8:1-9), ქრისტეს ტრაპეზი მოციქულებთან ტიბერიადის ტბაზე მისი აღდგომის შემდეგ(იოანე 21:9-22), საიდუმლო სერობა(მათე 26:17-35). თევზის ნიშანს ასოცირებენ “ალფასთან”, ქრისტეს სიტყვებიდან: “მე ვარ ალფა და ომეგა(ანი და ჰოე ქართ.), დასაწყისი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი(გამოცხადება 22:13).
ხუთი ათასის დაპურება
“იესომ ბრძანა, დაესხათ ხალხი, ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო, და დასხდა რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი”(იოანე 6:10)
“აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა” (იოანე 6:11)
“მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა”(იოანე 6:13).
ადრეულქრისტიანულ ხელოვნებაში ქრისტეს გამოსახვა დაუშვებელი იყო დევნის გამო, ამიტომ გაჩნდა მრავალი სიმბოლიკური კოდი. თევზის(ΙΧΘΥΣ) გამოსახულება ხშირად გვხვდება II საუკუნის რომაულ კატაკომბებში. ამ სიმბოლოს ფართო გამოყენების შესახებ III საუკუნის დასაწყისში, ტერტულიანუსის( Septimius Florens Tertullianus, ახ.წ 155/156 – 220/240)ცნობები გვაძლევს ინფორმაციას. თავად ტერტულიანუსი ქრისტიანი იყო და გამოცდილი ჰქონდა ის გასაჭირი, რაც ამ რელიგიის მიმდევარ სხვა ადამიანებს. ის წერს, რომ თევზის სიმბოლოს დიდი მნიშვნელობა გააჩნდა და მისი დახმარებით ახლად გაქრისტიანებული ადამიანი ანიშნებდა ქრისტიანებს, რომ ისიც მათი რელიგიის მიმდევარი იყო.
კვინტუს სეპტიმიუს ფლორენს ტერტულიანუსი
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ თევზი, როგორც ქრისტიანული სიმბოლო საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება, თუმცა შედარებით ნაკლებად, რადგან უპირველესი ქრისტიანული სიმბოლო გახდა ჯვარი, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმას წარმოადგენს.
ნიკა ხოფერია
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ნათლიაში" (c)2011