- როდრიგო ბორჯია, 14 ხმა! – გაისმა კონკლავში, როდრიგო ბორჯია მუხლებზე დაეცა და პირჯვარი გადაისახა – ამენ! – ამენ! უმანკო და სასოებით აღსავსე გამომეტყველება ჰქონდა, უფალს მადლობას უხდიდა... - მან მოგისყიდათ, ყველანი მოგისყიდათ! – გაისმა თითო-ოროლა მოწინააღმდეგე კანდიდატის ყვირილი, მაგრამ ისინი უკვე ვეღარაფერს შეცვლიდნენ, როდრიგო ბორჯია უკვე იყო “პონტიფექს მაქსიმუს”, კათოლიკური სამყაროს პაპი და მისი პირველი ბრძანება გახლდათ: გამოიკვლიეთ თუ იყო რაიმე მცდელობა არჩევნების გაყალბებისა – და ავბედითმა ღიმილმა დაფარა მისი ბაგენი...
ბორჯიას ტანთ გახადეს და პერანგისამარა ძირგავარდნილ სკამზე დასვეს, დიაკვანმა ხელები განიბანა, მარჯვენა მკლავი სკამის ქვეშ შეაცურა და მშვიდად დაიქნია თავი... ბუხრიდან თეთრი კვამლით ნიშანი მისცეს გარეთ შეკრებილ ხალხს, ბრბო აღტაცებით შეხვდა ახალი პაპის, ალექსანდრე VI-ს, როდრიგო ბორჯიას არჩევას და დაიწყო მისი 11 წლიანი მმართველობა. და დასრულდა იმით, რომ რომი იტალიის ერთ-ერთ უმძლავრეს სახელმწიფოდ იქცა, მაგრამ პაპთა მორალური ავტორიტეტი მთელს მსოფლიოში დაეცა, ამან კი დააჩქარა ევროპაში რეფორმაციის პერიოდის დაწყება...
ბორჯიას ტანთ გახადეს და პერანგისამარა ძირგავარდნილ სკამზე დასვეს, დიაკვანმა ხელები განიბანა, მარჯვენა მკლავი სკამის ქვეშ შეაცურა და მშვიდად დაიქნია თავი... ბუხრიდან თეთრი კვამლით ნიშანი მისცეს გარეთ შეკრებილ ხალხს, ბრბო აღტაცებით შეხვდა ახალი პაპის, ალექსანდრე VI-ს, როდრიგო ბორჯიას არჩევას და დაიწყო მისი 11 წლიანი მმართველობა. და დასრულდა იმით, რომ რომი იტალიის ერთ-ერთ უმძლავრეს სახელმწიფოდ იქცა, მაგრამ პაპთა მორალური ავტორიტეტი მთელს მსოფლიოში დაეცა, ამან კი დააჩქარა ევროპაში რეფორმაციის პერიოდის დაწყება...
პაპი ალექსანდრე VI, როდრიგო ბორჯია
როდრიგო ბორჯია (ესპანურად ბორხა) ვალენსიის მახლობლად დაიბადა 1431 წლის 1 იანვარს. მისი მშობლები იყვნენ ჟოფრე ლანზოლ დე ბორჯია (1390-1437) და იზაბელა დე ბორჯია (გარდ. 1468), კარდინალ ალფონსო ბორჯიას და. როდრიგოს მომავალი ზუსტად გაირკვა, როდესაც მისი ბიძა პაპი კალიკსტუს III გახდა, 1455 წელს. 1456 წელს როდრიგო კარდინალად აირჩიეს, ხოლო 1457 წელს რომის ეკლესიის ვიცე-კანცლერად. მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამდებობები ბიძის მაღალი მდგომარეობის შედეგი იყო, როდრიგო ბორჯიამ თავი გამოიჩინა, როგორც შესანიშნავმა ადმინისტრატორმა. პირადმა ასკეტიზმმა და გაფართოებულმა სამფლობელოებმა (ის იტალიისა და ესპანეთის რამდენიმე ოლქში იყო არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი და აბატი) საშუალება მისცა მას გამხდარიყო თავისი დროის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი.
ბორჯიების საგვარეულო გერბი
თავდაპირველად პაპის არჩევნებში 23 კარდინალიდან მხოლოდ 7 მიემხრო როდრიგოს, მაგრამ შემდეგ მან დაიწყო მოსყიდვები (სიმონია). ერთ-ერთი კანდიდატს, ასკანიო სფორცას აღუთქვეს ერლაუს ეპისკოპოსის წოდება და ქალაქი ნეპი. ამის შემდეგ სფორცამ მოხსნა კანდიდატურა და ბორჯიას დაუჭირა მხარი. ასევე მოისყიდეს კარდინალი ორსინი, შესთავაზეს რა კარტახენის ეპისკოპოსისა და იმპერატორის ლეგატის პოსტები. სააბატო სუბიაკო და მისი დიდი სამფლობელოებით კარდინალი კოლონა აცდუნეს. ასეთი გზით ბორჯიამ მოახერხა და 14 ხმა მიიღო, რამაც გადაწყვიტა კიდეც მისი არჩევა.
ახალი პონტიფექსის მოწინააღმდეგეებს პაპის კარზე კარდინალი დელა როვერე (მომავალი პაპი იულიუს II) მეთაურობდა, რომელიც შეშინდა, რომ მოკლავდნენ და გაიქცა საფრანგეთში, შარლ VIII-ს კარზე. შარლი ნეაპოლიტანიის სამეფოს დასაპყრობად არმიას ამზადებდა. დელა როვერეს გავლენით მეფემ ალექსანდრე VI-ს მუქარა შეუთვალა და ბრალი დასდო არასწორი რელიგიური რეფორმების გატარებაში.
ჩეზარე ბორჯია
როდესაც ფრანგული არმია იტალიის ჩრდილოეთით გამოჩნდა, პაპი ბორჯია თურქებთან საომრად ემზადებოდა, მაგრამ შარლის ჯარების შემოჭრა რომ გაიგო, შეცვალა თავისი გეგმები და სულთან ბაიაზიდ II-ს ფრანგთა წინააღმდეგ ალიანსიც კი შესთავაზა. პაპმა ზავი დადო ნეაპოლიტანიის დინასტია ტრასტამარასთან, რაც ორმხრივი ქორწინებით განმტკიცდა ორივე ოჯახიდან. საფრანგეთის წინააღმდეგ მოწყობილ “საღვთო ლიგაში” იმპერატორი მაქსიმილიანიც შევიდა. ბორჯიას დიპლომატიურმა აქტივობამ საფრანგეთს ხელი შეუშალა გამხდარიყო იტალიის ჰეგემონი. შარლ VIII იძულებული გახდა პაპთან ურთიერთობები გაეუმჯობესებინა. მისი მემკვიდრის, ლუდოვიკო XII-ს მეფობის დროს საფრანგეთსა და პაპს შორის კავშირი განმტკიცდა და ალექსანდრე VI-ს ძე, ჩეზარე ბორჯია ფრანგ პრინცესაზე დაქორწინდა.
შარლ VIII
დინასტიური ქორწინებებით შექმნილი სტაბილური და მდგრადი მდგომარეობა პაპმა ბორჯიამ კარდინალის თანამდებობების ჩამორიგებით კიდევ უფრო განამტკიცა. მისი მმართველობის პერიოდში 47 ახალი კარდინალი დაინიშნა და ყველა ასეთ დანიშვნას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. მისი ძე ჩეზარე და ალესანდრო ფარნეზე (პაპის საყვარლის ძმა), კარდინალები დანიშნულ ასაკზე ადრე გახდნენ. ევროპაში საშინელი ხმები დადიოდა ბორჯიების ოჯახის ინტრიგების შესახებ, თუ როგორ ჰქონდა პაპს ურთიერთობა საკუთარ ქალიშვილ ლუკრეციასთან და როგორ იცილებდა თავიდან მოწინააღმდეგეებს საწამლავის მეშვეობით.
ჯოვანი ბორჯია
1497 წლის 14 ივნისს მდინარე ტიბრიდან პაპის საყვარელი შვილის, ჯოვანის გვამი ამოიღეს, რომელსაც 9 ჭრილობა ჰქონდა. ამბობდნენ, რომ საკუთარი ძმა ჩეზარე ბორჯიამ მოაკვლევინა. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებდა, რომ ჩეზარეს ძმა არ უყვარდა. ოჯახურმა ტრაგედიამ გატეხა ალექსანდრე VI. ის გამოიკეტა წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრეში (სან-ანჯელო) და გადაწყვიტა მიეღო ზომები სიმონიის, პაპის კარზე დასადგურებული ფუფუნებისა და გარყვნილების წინააღმდეგ.
ლუკრეცია ბორჯია
საქვეყნოდ ცნობილი იყო პაპ ბორჯიასა და ჯიროლამო სავონაროლას შორის დაპირისპირება. ეს უკანასკნელი ამხილებდა პაპს ჩადენილ ბოროტებებში, წინასწარმეტყველებდა მომავალს და ხალხი მას ღვთიურ კაცად თვლიდა. პაპს სურდა ის თავის მხარეს გადმოებირებინა და ფლორენციის არქიეპისკოპოსობა, შემდეგ კი კარდინალობა შესთავაზა, მაგრამ სავონაროლა მოუსყიდავი კაცი აღმოჩნდა. 1497 წელს პაპმა ბორჯიამ სან მარკოს მონასტერი დომინიკანელთა ორდენის პროვინციიდან გამოყო და რომის ეკლესიას დაუქვემდებარა. დომინიკანელი სავონაროლა არ დაემორჩილა პაპს, რომელმაც ამის გამო ეკლესიიდან განკვეთა. 1498 წლის 23 მაისს ჯიროლამო სავონაროლა ჩამოახრჩვეს და მისი გვამი დაწვეს.
ჯიროლამო სავონაროლა
ალექსანდრე VI-ს სურდა დაეპყრო პაპის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქები, რომელთაც ადგილობრივი ფეოდალები და თავადები მართავდნენ, მათ შორის მონტეფელტროს, მალატესტას და ბენტივოლოს გვარებიდან. პაპმა გაგზავნა თავისი ძე ჩეზარე ამ ქალაქების დასაპყრობად. მანაც რამდენიმე წელიწადში უმბრია და ემილია-რომანია შეუერთა პაპის მიწებს. რომში პაპმა გაანადგურა კოლონასა და ორსინის ოლიგარქიული კლანები, რომლებიც დიდი გავლენით სარგებლობდნენ ხალხში დიდი სიმდიდრის წყალობით. მათი მიწების კონფისკაციის შემდეგ, პაპმა ეს სიმდიდრე თავის მომხრეებს გაუნაწილა. ბორჯიას ხელში ძალაუფლების ცენტრალიზაციამ იტალიაში უკმაყოფილება გამოიწვია და პაპმაც ესპანელ მონარქებზე დაყრდნობა გადაწყვიტა, უბოძა რა მათ „კათოლიკე მეფეების” ტიტული. 1493 წლის 4 მაისს ალექსანდრე VI-მ გამოსცა ბულა „Inter caetera” – რითაც სცნო პორტუგალიისა და ესპანეთის მეფეები იმ მიწების მმართველებად, რომლებსაც საზღვაო აღმოჩენების შედეგად მიაღწიეს, ასევე მოუწოდა მშვიდობიანი მეზობლობისკენ.
სან ანჯელო - წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრე
ალექსანდრე VI არჩევისთანავე შეუდგა რომში მშენებლობებს და აღადგინა წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრე, გაამაგრა ტორ-დი-ნონას კვარტალი, რითაც უზრუნველყო ამ ადგილის დაცვა ზღვიდან თავდასხმის შემთხვევაში. ალექსანდრე VI შეიძლება ჩავთვალოთ ლეოგრადას – ვატიკანის დასახლებული ნაწილის დამაარსებლად. 1500 წელს მან მოაწყო იესო ქრისტეს დაბადებიდან 1500 წლის იუბილე.
პაპი ბორჯია ცნობილი იყო როგორც მეცენატი და ხელოვნების მოყვარული. მისი ინიციატივით უამრავი არქიტექტურული სამუშაო შესრულდა. მასთან მუშაობდნენ პერუჯიო და დონატო ბრამანტე. პაპის ერთ-ერთი პროექტი იყო სანტა მარია მაჯორეს მონასტერიც. ალექსანდრე მე-6 რომის უნივერსიტეტსაც აფინანსებდა და ხელს უწყობდა მის განვითარებას.
რომი, 1493 წ.
სიკვდილამდე 12 დღით ადრე, პაპი თავის ძესთან, ჩეზარესთან ერთად სადილობდა კარდინალ ადრიანო და კორნეტოს ვილაში. სადილის შემდეგ იგი ცუდად შეიქნა და 1503 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. გვამის სწრაფი ხრწნა გახდა მიზეზი ხმების გავრცელებისა პაპის მოწამვლის შესახებ. გვიანდელი ლეგენდის მიხედვით პაპმა შეცდომით შეჭამა ის მოწამლული ვაშლი, რომელიც თავისი შვილისთვის, ჩეზარესთვის იყო განკუთვნილი.
ნიკა ხოფერია
ნიკა ხოფერია