რომის სამოქალაქო ომი, ნაწილი II, ბრძოლა ფარსალოსთან, Victoria, non praeda(გამარჯვებას ვერ მოიპარავ)

                                                                        კეისარი              

ძვ.წ 48 წლის 9 აგვისტო იდგა. . .უძველესი საბერძნეთი გმინავდა რომაული არწივების კლანჭებში მოქცეული, კლანჭებში, რომელიც იმდროინდელ მსოფლიოს თითქმის 500 წლის განმავლობაში იჭერდა და თავისუფლებას არ აძლევდა. იდგა დრო, როდესაც მახვილი ფასობდა, ძალა ფასობდა და სახელმწიფოთა და ადამიანთა ბედი ბრძოლის ველზე წყდებოდა, იღუპებოდა მრავალი ერთეულთათვის, იღუპებოდნენ მამაცი მეომრები, მათ გვამებზე გადავლით კი დიდებას მთავარსარდლები, მეფეები და იმპერატორები იხვეჭდნენ.
ვიღას ახსოვს რომელიმე ასეთი მეომრის სახელი, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს დიდებას ან ახალი დიქტატორის თუ ტირანის ძალაუფლების დამყარებას. მიდიოდნენ გაიუს მარიუსი, ლუციუს კორნელიუს სულა, ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი, მარკუს ემილიუს ლეპიდუსი(უფროსი), კვინტუს სერტორიუსი, მარკუს ლიცინიუს კრასუსი. . . მოდიოდნენ გაიუს იულიუს კეისარი და გნეუს პომპეუს “მაგნუსი”(დიდი). . .48 წლის 9 აგვისტოს დღეს ძველ ბერძნულ ქალაქ ფარსალოსთან ორი დიდი მთავარსარდლის, ორი რომაელი პოლიტიკოსისა და ორი ძალაუფლებისმოყვარე ადამიანის სამხედრო ძალები იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. რომაელი – რომაელს ჩაჰყურებდა თვალებში, რომაული ფარი – რომაული ფარის წინააღმდეგ, გლადიუსი – გლადიუსის წინააღმდეგ, პილუმი – პილუმის წინააღმდეგ, ლეგიონი – ლეგიონის წინააღმდეგ, კეისარი – პომპეუსის წინააღმდეგ! ასეთი დაპირისპირება რომის სამოქალაქო ომის ისტორიას არ ახსოვდა, იყო მარიუსი და სულა მაგრამ ორი სარდლის ბრძოლის ველზე საკუთარი არმიებით დაპირისპირება არ მომხდარა ეს ახლა ხდებოდა, ფარსალოსთან. . .
კეისრის კარავში მარკუს ანტონიუსი შევიდა, მას რაღაცის თქმა ეწადა, მაგრამ წამიერად შეჩერდა, რადგან კეისარი ჩაფიქრებული იჯდა, აბჯარი ემოსა, მუზარადი მუხლებზე ედო, მახვილი მოეხსნა და მიწაზე მიეგდო. ანტონიუსი ნელა მიუახლოვდა მას, დაიხარა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და გაოცდა, როდესაც მის მთავარსარდალს გაეღიმა. კეისარი წამოდგა, კუპრივით შავი თვალების შორსმჭვრეტელი მზერა შეაგება ერთგულ თანამებრძოლს და მხარზე ხელი დაადო, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით ისე დატოვა კარავი, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ანტონიუსმა მის ღრმა,

                                                              მარკუს ანტონიუსი

სიბრძნით სავსე თვალებში რაღაც ამოუცნობი ამოიკითხა, ამიტომ მაშინვე უკან გაეკიდა და სცადა საუბარი წამოეწყო, თუმცა ამაოდ. კეისარი უხმოდ მივიდა მესაყვირესთან და ანიშნა სარდლებისთვის შეკრების სიგნალი მიეცა: მთავარსარდალი მათ სამხედრო კრებაზე იხმობდა. ბანაკის სხვადასხვა კუთხიდან გამოემართნენ თავიანთი მეთაურისკენ გნეუს დომიციუს კალვინუსი, პუბლიუს კორნელიუს სულა და უფრო დაბალი რანგის სხვა სარდლები. კეისრის ბანაკიდან გვიან ღამემდე ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა, რომელშიც გაარჩევდით კეისრის მშვიდ და გაწონასწორებულ საუბარს, თითოეულ სიტყვაში ანგარიში რომ ჩანდა, ანტონიუსის შეყვირებებს და კალვინუსის მეტად დინჯ და ჭკვიანურ ლაპარაკს. კეისარმა დაიწყო: მეგობრებო დადგა დღე, როდესაც საბოლოო გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, დადგა დრო, როდესაც პომპეუსს და ვაირესპუბლიკელებს უნდა დავანახოთ თუ ვინაა ღირსი რომის მსოფლიო იმპერიის მართვისა, ჩვენ რესპუბლიკას კი არ ვანგრევთ, არა, ჩვენ რომი უნდა გადავარჩინოთ,
რომი მსოფლიოს მმართველი ქვეყანა უნდა იყოს და იქნება კიდეც, ეს გამარჯვება ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ ის დავიმსახურეთ და მივაღწევთ კიდეც! ანტონიუსმა, რომელსაც მოუთმენლობა ეტყობოდა, მიუგო: კეისარო, მე მუდამ შენი თანამებრძოლი ვიყავი, მუდამ შენს გვერდით ვიქნევდი მახვილს, მაგრამ ახლა ვხედავ არა გალებს, გერმანელებს ან ბრიტანელებს, არამედ რომაელებს! ეს მთრგუნავს, მაგრამ გამარჯვებისა მწამს, დიახ მჯერა, რომ ხვალ პომპეუსიანელებს კუდით ქვას ვასროლინებთ. მაგრამ კეისარო გთხოვ დაინდო ყოველი გადარჩენილი მეომარი და სენატორი, ისინი უღირსნი არიან, მაგრამ ნათქვამია “ლომი ლეშს არ ჭამს...”
კალვინუსმა კი მხოლოდ დაამატა: ჩემი მეომრები მზად არიან და უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლებენ, ომი სწყურიათ, ბანაკიდან მტრისკენ იწევენ უკვე. . რას იტყვი კორნელიუს – მიმართა სულას – როგორი მდგომარეობაა შენს ნაწილში?
სულა აქამდე გულისყურით უსმენდა მათ საუბარს, კალვინუსს მიუბრუნდა და უთხრა: დომიციუს ჩემი მეომრები ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ კავალერია მცირე გვყავს ძალიან, ჩვენი კელტი მხედრები ვერ გაუძლებენ პომპეუსიანელთა მრავალრიცხოვანი ცხენოსნობის შემოტევას, სწორედ ეს მადარდებს. . .
კეისარო მარჯვენა ფლანგზე გაგვიჭირდება. . .რაიმე გეგმა გვჭირდება. . .კეისარო რას ფიქრობ ამის შესახებ? ნუ ღელავ კორნელიუს – ჩაიცინა კეისარმა – ვიცი როგორ უნდა დავამარცხოთ მათი ცხენოსანი ჯარი, კალვინუს! შენი ვეტერანი შუბოსნები გადაიყვანე სულას ფლანგზე, ცხენოსნებს ამოაფარე. . .ვნახოთ ჩვენს ძველ ლაბიენუსს როგორ მოეწონება ეს საჩუქარი, – კვლავ ჩაეღიმა კეისარს – ანტონიუს მარჯვენა ფლანგი შენია, მანდ სავარაუდოდ პომპეუსი იქნება. . .ცენტრში შენ იქნები კალვინუს,

ლეგიონთა დიდი ნაწილს მანდ მოვაქცევთ, ხოლო მარცხნივ სულა იმოქმედებს კელტი მხედრების დახმარებით, სწორედ მარცხენა ფლანგია ბრძოლის გასაღები, აქ კავალერიით შემოგვიტევენ, ხოლო თუ ცხენოსნებს დავამარცხებთ ბრძოლას მოვიგებთ, დაიმახსოვრეთ ეს, ანტონიუს, კალვინუს გაუძელით სანამ მე და სულა კავალერიას გავაქცევთ, შემდეგ შეტევაზე მასიურად გადადით, ჩვენ ფლანგს დავარტყავთ, დამიჯერეთ ვიცნობ პომპეუსს, ის ამ სვლას ვერ ამოიცნობს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი სარდალია, გამარჯვება ჩვენია ჩემო თანამებრძოლნო, ფარსალოსი ჩვენი დიდების დღედ შევა ისტორიაში! – ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ, დაისვენეთ და გამოიძინეთ, ხვალ რთული დღე გველის – შესძახა კეისარმა, ნამდვილად ეხერხებოდა თანამებრძოლებისთვის საბრძოლო სულის ამაღლება. 
                                                                          პომპეუსი

ღამის 2 საათზე მან კრება დაშალა და სარდლები დასასვენებლად გაისტუმრა. თვითონაც შეეცადა დაეძინა, მაგრამ ვერ ახერხებდა, თავში ისევ ის უტრიალებდა, რაც გამთენიისას უნდა მომხდარიყო, ისევ ომი, ხოცვა-ჟლეტა. . . ეს ძმათა ომი იყო! კეისარს კი რომაელზე მახვილის აღმართვა უჭირდა, ძმას – ძმა უნდა მოეკლა, თანატომელს – თანატომელი! მაგრამ ახლა უკან დახევის გზა აღარ არსებობდა, კეისარი ამას მაშინ მიხვდა, როდესაც ერთი წლის წინ მდინარე რუბიკონზე გადაიყვანა არმია და კაცობრიობას დაუტოვა სამარადჟამო აფორიზმი “წილი ნაყარია”. მაშ დილას ერთმანეთს ორი რომაელი სარდალი და ორი რომაული არმია დაუპირისპირდებოდა. . .
აი დილა გათენდა და პომპეუსმა სწრაფად მოიწვია თავისი მხედართმთავრები ლაბიენუსი, ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსი და მეტელუს სციპიონი. ეს გაამაყებული არისტოკრატები, განსაკუთრებით კი აჰენობარბუსი და სციპიონი გამარჯვებაში აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებულები, მაგრამ როდესაც პომპეუსს შეხედეს გაოცდნენ, მას სახეზე ნაღველი მოწოლოდა, თვალები ჩაშავებული და ამოსიებული
                                                             ტიტუს ლაბიენუსი

ჰქონდა, თითქოს გული უგრძნობდა რაღაცას, თითქოს ყოფილ თანატრიუმვირთან შებრძოლებას უიმედოდ უყურებდა, სახეზე ფერი არ ედო ახალგაზრდობაში სულასგან “მაგნუსად” – დიდად წოდებულს. . .სციპიონმა ლაბიენუსს შეხედა და მიხვდა, რომ მის გულშიც რაღაც ხდებოდა, სახეზე სისხლი მოწოლოდა, თვალებში დაბნეულობა უჩანდა, ხოლო მარჯვენა ხელი მაგრად მოეჭიდა მახვილის ტარისთვის. ლაბიენუსს კეისართან ერთად უამრავი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, მის გვერდით იდგა ბიბრაქტთან, ალეზიასთან თუ გერგოვიასთან, კეისარს კი ყოველთვის ყველაზე მეტად მისი იმედი ჰქონდა, რადგან ლაბიენუსი მეტად გამოცდილი, ნიჭიერი და მამაცი სარდალი იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც პომპეუსის მხარეს აღმოჩნდა.  

ლაბიენუსს არ მოსწონდა პომპეუსის გარემოცვა, ეს უნიჭო მაგრამ ამპარტავანი და დიდგულა არისტოკრატები, რომელთაც ომის არაფერი ესმოდათ. ის ერთადერთი იყო პომპეუსის არმიის მეთაურთა შორის, ვინც სამხედრო საქმე კარგად იცოდა, მაგრამ ისეთი გავლენით ვერ სარგებლობდა, როგორც სციპიონი და აჰენორბარბუსი. პომპეუსმა საუბარი წამოიწყო, მეტად მშვიდი, თუმცა აღელვებული ხმით ლაპარაკობდა, სარდლებს ადგილები გაუნაწილა, ლაბიენუსს კავალერია მიანდო და კეისრის მცირერიცხოვანი ცხენოსნების გაფანტვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ პომპეუსი თითქმის დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, ახლა მას სული მოქუფვროდა და მეტად ფრთხილ განკარგულებებს იძლეოდა. ამან გააცოფა მისი სიმამრი, მეტელუს სციპიონი, რომელმაც ყვირილით გამოთქვა თავისი მოსაზრება და მთავარსარდალს მოსთხოვა ერთიანად მთელ ფრონტზე სწრაფი და მასირებული შეტევა განეხორციელებინათ და კეისარი მოესრათ. პომპეუსი, ეს მამაცი და გამოცდილი მეომარი, ვიღაც მეტელუს სციპიონს, თუნდაც სიმამრი ყოფილიყო, დიახ, ვიღაც მეტელუს სციპიონს, რომელსაც სამხედრო საქმისა არაფერი ესმოდა რათქმაუნდა არასოდეს დაუჯერებდა, მაგრამ ახლა. . .ის თითქოს გამოიცვალა ამ დღეს, საშინელი ნერვიულობა ეტყობოდა, ტუჩებიც კი გათეთრებოდა, უაზროდ უქნევდა თავს მეტელუსს და ზოგიერთ

წინადადებაზე დასთანხმდა კიდეც. . .ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც კეისარმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა ბრძოლის გეგმა და თავის სარდლებს უბრალოდ მისი შესრულება უბრძანა. . .ხომ ნათლად ჩანს, როგორი მდგომარეობა სუფევდა მოწინააღმდეგეთა ბანაკში. . .შემდგომში კეისრის ეპიგონი და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მთავარსარდალი, ნაპოლეონი იტყვის: “ორ კარგ მთავარსარდალს ჯარში, ერთი ცუდი სჯობსო”! დიახ ეს მართალია და მრავალჯერ გამოჩნდება ამ ანდაზის მნიშვნელობა. . .ერთპიროვნულად მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება შეუზღუდავად და თავისუფლად ეს მხოლოდ კეისარს შეეძლო, პომპეუსს კი გარს გაფუფუნებული არისტოკრატები ეხვივნენ, რომელთაც მასზე ნაკლებ მეთაურებად არ მოჰქონდათ თავი. დიახ პომპეუსს მეტი და უკეთესი ჯარი ჰყავდა, მაგრამ ნაპოლეონის კიდევ ერთ ანდაზას მოვიშველიებ: “ცხვრების ფარა, რომელსაც ლომი მეთაურობს სჯობს ლომების ჯოგს, რომელთაც ცხვარი ხელმძღვანელობს”. დიახ ეს ანდაზაც რომ სიმართლეა ეს ფარსალოსთანაც გამოჩნდა. . .9 აგვისტო. . .საბერძნეთისთვის ჩვეული თბილი დღე იდგა, ცა მოწმენდილიყო, ორ არმიას არაფერი აღარ უშლიდა ხელს ერთმანეთს კვეთებოდა. ლეგიონერები ხელებს იფშვნეტდნენ და მახვილებს ამოწმებდნენ ქარქაშიდან რამდენად თავისუფლად ამოდიოდა. ზოგიერთი უფრო ახალბედა ჯარისკაცი დამფრთხალი ჩანდა და ვეტერანები მათ შეგულიანებას ცდილობდნენ. აკვილიფერები და სიგნიფერები ლეგიონის საამაყო სიმბოლოებს და ოქროს არწივს დაატარებდნენ, კორნიცენეები საყვირით ხელში მზად იყვნენ საბრძოლო სიგნალი მიეცათ. მარკუს ანტონიუსი ნერვიულად იწვალებდა სამკლავის თასმას და მტრის ურიცხვ რიგებს გაჰყურებდა, კეისარი გვერდზე ამოუდგა მას და პომპეუსის ჯარზე ანიშნა: “აი იქ გამარჯვებაა ანტონიუს! ის დღეს ჩვენ გვეკუთვნის, წინ ჩემო მეგობარო, ეს დღე ჩვენი დიდების დღედ უნდა იქცეს!”. ანტონიუსმა თვალებში ჩახედა კეისარს, აი ახლა სულ სხვა ადამიანი იყო, ცხენზე შეჯდა და მარცხენა ფლანგს მიაშურა. გნეუს დომიციუს კალვინუსი ცენტრში გამაგრდა, მარჯვენა ფლანგზე პუბლიუს კორნელიუს სულა იდგა. კეისარი მარჯვენა ფლანგსა და ცენტრში მოძრაობდა, განსაკუთრებულ დარტყმას ის სწორედ მარჯვნივ ელოდა, სადაც მტერს ლაბიენუსის მეთაურობით

მთელი კავალერია ჰყავდა თავმოყრილი. კეისარს მხოლოდ 1000 კელტი მხედარი შემორჩენოდა, ამიტომ რაღაც ჩაიფიქრა და სულას გაანდო, მან კი თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და სწრაფად გასწია ახალი ბრძანების შესასრულებლად. პომპეუსის სარდლები იმდენად ჯარის განლაგებით არ იყვნენ დაკავებულები, რამდენადაც ერთმანეთისთვის მომავალი გამარჯვების მილოცვით, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კეისრის ჯარს რამდენიმე საათში გაფანტავდნენ, მათ მოსაზრებას მხოლოდ პომპეუსი არ იზიარებდა, ის ჯერ კიდევ ჩაფიქრებული იჯდა კარავში, დიდი პასუხიმსგებლობა ეკისრებოდა, მაგრამ მან უკვე გააკეთა გადამწყვეტი სვლა და ომი არჩია, ამიტომ ახლა ბოლომდე უნდა ებრძოლა. ამ ფიქრმა ის გაამხნევა, წამოიწია, მახვილი შეიბა, მოსასხამი შეისწორა და კარვიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. ორივე მხარე უკვე მზად იყო ერთმანეთის სისხლი დაეღვარა. . .მეომრებს რომ ერთმანეთი გაერჩიათ, საიდუმლო პაროლები ჰქონდათ, კეისრის ჯარს “აფროდიტე ძლევამოსილი”, პომპეუსის მეომრებს “ჰერკულესი უძლეველი”. და აი გაისმა საბრძოლო სიგნალების ხმა. . .ცოტაც და ზეცას შესძრავდა საბრძოლო შეძახილები, დაჭრილთა ყვირილი, მომაკვდავთა კვნესა, გამძვინვარებულთა ღრიალი. . .სულ მალე მიწას რომაული სისხლი მორწყავდა, რომაული არწივები დაეცემოდა. . . გაიმარჯვებდა კეისარი ან პომპეუსი, პოპულარები ან ოპტიმატები, დემოკრატები ან არისტოკრატები, რომაელები ან . . . რომაელები!

ბრძოლა პომპეუსმა დაიწყო. . .ლაბიენუსის კავალერიამ სწრაფად შეუტია კეისრის მცირერიცხოვან კელტურ ცხენოსან ჯარს, პომპეუსიანელებმა სწრაფად გაფანტეს გალები, მაგრამ ამ დროს. . .წამოვიდა ხელშუბების სეტყვა და ლაბიენუსს თავს ვეტერანი შუბოსნები დაატყდნენ. ბრძოლის სხვა უბნებზე ჯერჯერობით თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. მარკუს ანტონიუსი მძვინვარედ იბრძოდა, მისი მახვილით მრავალი პომპეუსელი დაეცა ის კი ცხენზე ამხედრებული წინ მიიწევდა, თითქოს მტრის იარაღი ვერაფერს აკლებდა. სარდლის მაგალითით გამხნევებული ლეგიონერებიც მხარდამხარ მიყვებოდნენ მას და პომპეუსელებს დაუნდობლად ჩეხდნენ. ცენტრში მეტელუს სციპიონის უნიათო ხელმძღვანელობით რესპუბლიკელებმა უკანდახევა დაიწყეს. ლაბიენუსის მარცხის შემდეგ პომპეუსს მთელი მარცხენა ფლანგი მოეშალა, ძალების გადაჯგუფება ვეღარ მოახერხა და მიხვდა, რომ ამ დღეს ბრძოლის ბედი მას არ სწყალობდა. . .პომპეუსმა გადახედა თავის არმიას, ლეგიონერები ნელ-ნელა უკან იხევდნენ, დახოცილები ზვინებად ეყარა, მძორის და სისხლის სუნი ტრიალებდა, ირგვლივ ისრების, შუბების და მახვილების ნამუსრევი ეყარა. . .და როცა ჯარის ცენტრში პომპეუსიანელთა მთავარი შტანდარტი დაეცა, საერთო პანიკა დაიწყო. ყველა უკანმოუხედავად გარბოდა. . .შეძრწუნებულმა პომპეუსმა თავი დახარა, სახეზე მკვდრის ფერი ედო. . .ცხენი შეატრიალა და ბრძოლა დატოვა. . .მისი გონება ახლა წაგებულ ბრძოლას კი არა, არამედ თავის ოჯახს, საყვარელ ცოლს და შვილებს დასტრიალებდა. პომპეუსი გაიქცა, მასთან ერთად კი ყველა რესპუბლიკელი. . .
კეისარი, რომელმაც მთელი დღე ბრძოლის ველზე გაატარა ხედავდა როგორ გარბოდა პომპეუსიანელთა არმია უკანმოუხედავად. გამარჯვება სრული იყო. მარკუს ანტონიუსი, სულა და კალვინუსი მისკენ ცხენებს მოაჭენებდნენ, რათა დიდებული გამარჯვება მიელოცათ. . .

48 წლის 9 აგვისტოს დღე კეისრისთვის ნამდვილად იქცა ტრიუმფის დღედ, პომპეუსისთვის კი კატასტროფად. რომის ბედი გადაწყდა. . .საუკეთესომ გაიმარჯვა. . .კიდევ ერთი დიქტატორის აჩრდილი წამოიმართა რომზე. . .ფარსალოსთან 7000 რომაელი დაეცა, მათ სისხლსა და ძვლებზე შემდგარი კეისარი კი დიდებას, სახელოვნებას და მსოფლიო იმპერიის ძალაუფლებას შესწვდა. . .

                                                                                                              ნიკა ხოფერია