რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი

იტალიის თავადი, საღვთო რომის იმპერიის და რიმნიკის გრაფი, რუსეთის არმიის გენერალსიმუსი და ავსტრიის არმიის გენერალ-ფელდმარშალი

(1730 - 1800)

(სუვოროვის მოღვაწეობა და მისი კამპანიები)

ალექსანდრე ვასილის-ძე სუვოროვი დაიბადა მოსკოველი დიდებულის ოჯახში. მამამისი ვასილი ივანეს ძე სუვოროვი გენერალ-ანშეფი გახლდათ. ალექსანდრე სუვოროვი იზრდებოდა ისე, როგორც იმ პერიოდის დიდებულის ვაჟი. ვასილი სუვოროვის სახლში მშვენიერი საოჯახო ბიბლიოთეკა იყო და მომავალი ფელდმარშალი იქ თავისთვის ბევრ საინტერესო წიგნს პოულობდა: პლუტარქეს, კორნელიუს ნეპოტს, ჰომეროსს, იულიუს კეისარს. მან შეისწავლა ეს შესანიშნავი წიგნები, რომლებიც მას მომავალში ძალიან გამოადგა. განსაკუთრებით ყმაწვილზე ჰანიბალმა იმოქმედა და სუვოროვს ძალიან მოეწონა სარდალი, რომელმაც ლამის მუხლებზე დასცა მთელი რომის იმპერია.

ალექსანდრე სუვოროვის ბაბუა ივანე სუვოროვი პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიაში მსახურობდა. სუვოროვის დედა, ევდოკია სუვოროვა (გათხოვებამდე მანუკოვა) გარუსებული სომხების ოჯახიდან იყო. მან მშვენივრად იცოდა სომხური და რუსული ეპოსი და ახალგაზრდა სუვოროვმა მისგან ბევრი რამ ისწავლა. მისი დამსახურები იყო ისიც, რომ სუვოროვმა ისწავლა კარგი ლაპარაკი, ჰქონდა იუმორის შესანიშნავი გრძნობა, კარგად იცნობდა ლეგენდებს და მითებს. ეს დაეხმარა სუვოროვს მაშინ, როდესაც წერდა: “გამარჯვების მეცნიერებას”, “სუზდალურ ჩანაწერებს”, ბევრ წერილებს და პატარა მოთხრობებს. ახალგაზრდა სუვოროვი გამხდარი და ავადმყოფური აღნაგობისა იყო, ამიტომ მამა მისთვის სამოქალაქო კარიერის მოწყობას აპირებდა, მაგრამ სუვოროვს სურდა სამხედრო გამოსულიყო.
                                                             ვასილი სუვოროვი

1742 წელს ის ჩაირიცხა სემიონოვსკის პოლკში რიგით ჯარისკაცად. სუვოროვმა მოახერხა, თავი ფორმაში მოიყვანა და მომაგრდა. ის კარგი ჯარისკაცი გამოვიდა. 1754 წელს ოფიცერი გახდა. საბრძოლო ნათლობა კი შვიდწლიანი ომის დროს მიიღო(1756-1763). რუსეთი იმ დროს პრუსიას ებრძოდა. რუსეთისა და პრუსიის ჯარები ფართო ფრონტად იყვნენ გაშლილი აღმოსავლეთ ევროპაში. არმიები სასტიკი ბრძოლებისათვის ემზადებოდნენ. მანამ კი წვრილ-წვრილ თავდასხმებს აწყობდნენ ერთმანეთზე. სუვოროვს კაზაკთა ასეული მისცეს და უბრძანეს პრუსიელებისთვის ეთვალთვალა. იმ კორპუსიდან სადაც სუვოროვი მსახურობდა ახლოს იყო პრუსული ქალაქი ლანდსბერგი. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ. სუვოროვმა ამ ქალაქის აღება სცადა. როდესაც ასეულის მეთაურმა სთხოვა, რომ ის მაინც გაეგოთ რამდენი პრუსიელი იცავდა ქალაქს, სუვოროვმა უპასუხა:”ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ კი არ ვითვალოთ, გავანადგუროთ”. მან მოახერხა ამ ქალაქის დაკავება.
                                                                 კაზაკები(XVIII ს.)

სუვოროვმა მონაწილეობა მიიღო კუნდენსდორფის ბრძოლაში და ბერლინის აღებაში 1759 წელს. 1761 წელს ის უფრო მოზრდილ დანაყოფს სარდლობდა, სადაც მამაც და ჭკვიან მხედრად ითვლებოდა. 1762 წელს სუვოროვი ასტრახანის ქვეითი პოლკის მეთაურად დანიშნეს, ხოლო 1763 წელს სუზდალის პოლკის. სუვოროვს პრუსიასთან ომმა ბევრი რამ ასწავლა. რუსეთი ხომ ფრიდრიხ II-ის, გამოჩენილი სარდლის წინააღმდეგ იბრძოდა. 1768 წელს სუვოროვი სუზდალის პოლკი პოლონელი კონფედერატების წინააღმდეგ გაიგზავნა. აქ მან გამარჯვებებს მიაღწია ლანდსკრონთან და სტოლოვიჩასთან, რუსეთის ჯარმა დაიკავა კრაკოვი (1772 წლის 15 აპრილი). პოლონეთის ომში ამან დიდი შედეგი მოიტანა. პეტერბურგში დაბრუნებისას უკვე გენერალ-მაიორის ჩინით, რუსეთ-შვედეთის საზღვარზე გაიგზავნა.
პეტრე რუმიანცევი

შემდეგ დუნაის არმიაში იმსახურა, რომელსაც გენერალი პეტრე ალექსანდრეს ძე რუმიანცევ-ზადუნაისკი სარდლობდა. 1773 წელს სუვოროვმა თურქების ციხე-სიმაგრე ტურტუკაი აიღო. რუმიანცევს არმია შეტევაზე არ გადაჰყავდა. მართალია რუსებმა ლარგას და კაგულის ბრძოლები მოიგეს, მაგრამ შემდეგ დროებით შეფერხდნენ. სუვოროვმა მთავარსარდლის ბრძანების გარეშე წამოიწყო მტერთან ბრძოლა. მან ძლიერი იერიშით აიღო ტურტუკაი. ბრძანების შეუსრულებლობისთვის გაგულისებულმა რუმინცევმა მისი სამსახურიდან განთავისუფლება მოინდომა, მაგრამ დედოფალმა ეკატერინე II-მ უარი უთხრა. რამდენიმე დღეში სუვოროვმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა: იმავე წლის სამ სექტემბერს მან თურქები გირსოვოსთან დაამარცხა. 1774 წლის 9 ივნისს კი გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა კოზლუჯესთან ბრძოლაში. სუვოროვის გამარჯვებებმა დიდი გავლენა მოახდინა ომის მსველობაზე და ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადებაზე.
            ტუტრაკანი - ქალაქი ბულგარეთში, ყოფილი ოსმალური ციხე ტურტუკაი

თურქეთთან ომის შემდეგ სუვოროვი მსახურობდა გენერალ პეტრე ივანეს ძე პანინთან, რომელიც აჯანყებულ კაზაკ ემილიანე პუგაჩოვთან ბრძოლით იყო დაკავებული(1773-1775). 1779 წელს ის ყუბანისა და ყირიმის ჯარებს სარდლობდა, იცავდა ტავრიდის ნახევარკუნძულს თურქეთის დესანტის შესაძლო თავდასხმისაგან. 1779 წელს სუვოროვმა მალოროსიის დივიზიის სარდლობა მიიღო ხოლო 1782 წელს ყუბანის კორპუსისა. რუსეთისა და ყირიმის გაერთიანების შემდეგ, სუვოროვს ნოგაის თათრები უნდა დაეპყრო, რაც მას არ გაძნელებია. 1786 წელს ის გენერალ-ანშეფი გახდა და კრემენჩუგის დივიზიას ჩაუდგა სათავეში. რუსეთ-თურქეთის ომის (1787-1791) დროს სუვოროვი კორპუსს სარდლობდა სარდლობდა. ერთხელ მას უნდა დაეცვა ციხესიმაგრე კინბურნი. ეს სიმაგრე მეტად მნიშვენელოვანი იყო. მარცნივ შავი ზღვა, წინ ვიწრო ქვიშიანი მეჩეჩი, მარჯვნივ დნეპროპეტროვსკი. სუვოროვს არ უნდა მიეცა თურქებისათვის საშულება დნეპროპეტროვსკის ლიმანში შესულიყვნენ.
                                 სუვოროვი განიხილავს ტურტუკაიზე იერიშის გეგმას

თურქებმა ორმოცდათექვსმეტი ხომალდი მიაყენეს კინბურნის ნახევარკუნძულს და ცეცხლი დაუშინეს რუსებს. შემდეგ ჯარი გადმოსხეს სანაპიროზე. ფრანგი ოფიცრებიც ეხმარებოდნენ თურქებს. როდესაც ეს ხდებოდა სუვოროვი ეკლესიაში იყო და ლოცულობდა. მას შეატყობინეს თურქების დესანტის შესახებ და გენერალმაც ჯარს სასწრაფოდ მომზადება უბრძანა. კაზაკები და ჯარისკაცები მედგრად იბრძოდნენ. თურქები სუვოროვს “თოფალ ფაშას” (კოჭლი ფაშა) უწოდებდნენ იმის გამო, რომ იმ დროს ფეხი სტკიოდა და კოჭლობდა. ბრძოლის დროს სუვოროვი დაიჭრა, მაგრამ მანამ მოახერხა ჭარბი მტრის შეკავება სანამ მაშველი რაზმები არ მოვიდნენ. რუსებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და თურქებს უკან დაახევინეს. სუვოროვმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. შემდეგ სუვოროვმა ოჩაკოვი აიღო (1788). ოჩაკოვის ბრძოლის დროს რუსთა არმიას პეტრე პოტიომკინი მეთაურობდა. როდესაც თურქები ციხიდან გამოუხტნენ რუსთა ერთ რაზმს და თითქმის მთლიანად მოსრეს, სუვოროვმა ჯარი შეტევაზე გადაიყვანა. თურქები გაიქცნენ. რუს სარდალს სურდა გაჰკიდებოდა და ოჩაკოვში შეჭრილიყო, მაგრამ პოტიომკინი არ დაეხმარა ერთი რაზმითაც კი და უკანდახევა უბრძანა.
 ოჩაკოვის იერიში

პოტიომკინი საოცრად გაუბედავად მოქმედებდა და რუსები შეტევაზე არ გადადიოდნენ. მალე მთავარსარდალი იძულებული გახდა ოჩაკოვის შტურმი დაეწყო. რუსებმა ციხე აიღეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. 1789 წელს რეპნინის არმიის დივიზიით შეებრძოლა თურქებს ფოქშანთან ბრძოლაში. მაშინ რუსების მხარეს ავსტრიელები იბრძოდნენ. ისინიც თურქეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათი მეთაური პრინცი ფრიდრიხ იოსია კობურგი იყო, რომელსაც 18000 მეომარი ჰყავდა. თურქებს ოსმან-ფაშა მეთაურობდა და მას 30000-იანი არმია ჰყავდა.
ფოქშანის ბრძოლა

რუსები და ავსტრიელები ერთობლივი ძალებით დაესხნენ თურქების ბანაკს თავს და გაანადგურეს. ბრძოლის დროს თურქებმა ისე განალაგეს არტილერია, რომ მათ უკან ჭაობი მოექცა რითაც მტერს ზურგიდან შემოტევის შესაძლებლობა მოუსპეს. წინიდან რუსები ვერ შეუტევდნენ, რადგან თურქთა არტილერია უზარმაზარ ზარალს აყენებდათ. მიუხედავად ამისა სუვოროვს ჭაობის არ შეშინებია და ჯარისკაცები მასზე მაინც გადაიყვანა. რუსებმა თურქების ზარბაზნები ხელთ იგდეს. ფოქშანის შემდეგ სუვოროვი ოსმალეთის იმპერიის ძალებს რიმნიკთან შეება( 1789 წლის 22 სექტემბერი).
რიმნიკის ბრძოლა

რუს სარდალს ჯარი ძალიან სწრაფად დაჰყავდა. უყვარდა მტერზე მოულოდნელად თავდასხმა. რიმნიკთანაც ასე მოხდა. რიმნიკი პატარა ქალაქი იყო. მის მახლობლად თურქეთის ასიათასიანი არმია განლაგდა, დიდი ვაზირის და სერასქერის იუსუფ-ფაშას მეთაურობით. სუვოროვი ოცდახუთ ათასიან რუსულ-ავსტრიულ ჯარს სარდლობდა. თურქები დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ გამარჯვებაში და დიდი სიფხიზლე არ გამოუჩენიათ, უდარდელად იყვნენ. რუსები და ავსტრიელები გამთენიისას მოულოდნელად დაესხნენ თავს, ხიშტებით წამოვიდნენ. თურქები სასტიკად დამარცხდნენ, თითქმის ოცი ათასი კაცი დაკარგეს, ამათგან დიდი ნაწილი მდინარეში დაიხრჩო. რუსებმა და ავსტრიელებმა სულ შვიდასი-რვაასი. სუვოროვმა ამ ბრძოლებში გამარჯვებისთვის წმ. გიორგის I ხარისხის ორდენი მიიღო, ავსტრიის იმპერატორისგან კი საღვთო რომის იმპერიის გრაფობა.
წმინდა გიორგის ორდენი(II ხარისხის) სუვოროვს ტურტუკაის აღებისთვის მიანიჭეს

1790 წლის დეკემბერში სუვოროვმა ალყა შემოარტყა თურქთა მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეს იზმაილს. სუვოროვის მოღვაწეობაში ეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა და უფრო დაწვრილებით აღწერას მოითხოვს.. ამ ციხეს ოცდათხუთმეტ ათასამდე ჯარისკაცი და ორასი ზარბაზანი იცავდა. ამას გარდა მის გარშემო ღრმა თხრილიც იყო გათხრილი და დიდი მიწაყრილი აზვინული. ციხის კედლების სიგრძე ექვსი ვერსის სიგრძეზე იყო გაჭიმული. ვერ აეღოთ რუს სარდლებს იზმაილი. აქ იყვნენ პოტიომკინი და კუტუზოვიც. სუვოროვმა მიწაყრილის გაკეთება ბრძანა და ჯარისკაცები მასზე ასვლაში ავარჯიშა. ასწავლიდა როგორ უნდა აცოცებულიყვნენ. თურქებს მძლავრი ციხე ჰქონდათ”ორდუკალესი”(სამხედრო ციხესიმაგრე”ასე ეძახდნენ თურქები იზმაილს). ის 1774 წელს გერმანელი და ფრანგი ინჟინერების მიერ იყო განახლებული. სიმაღლე 6-დან 8 მეტრამდე ჰქონდა. დასავლეთ მხარეს ძველ ციხეს ეძახდნენ, აღმოსავლეთ მხარეს_ახალს. სამხრეთიდან ციხეს მდინარე დუნაი იცავდა, რომელიც ამ მონაკვეთზე თითქმის ნახევარკილომეტრიანი სიგანისა იყო.
გრიგორი პოტიომკინი

რუსეთის არმია ოცდაერთ ათას ჯარისკაცს შეადგენდა. რუსებს ექვსასი ზარბაზანი ჰქონდათ, მაგრამ საალყო არტილერია არ გააჩნდათ. საველე არტილერიას კი საბრძოლო მასალები აკლდა, მიუხედავად ამისა სუვოროვმა ციხის შტურმი მოისურვა. სუვოროვის დისპოზიციას წარმოადგენდა ის, რომ რუსების სამ კოლონას სხვადასხვა მხრიდან უნდა შეეტია. თითოეულ ამ არმიაში სამი კოლონა იქნებოდა. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გენერალ-მაიორების: ლვოვის, ლასის და მეკნობის კოლონები იდგნენ გენერალ-პორუჩიკის საერთო ხელმძღვანელობით. აღმოსავლეთ მხრიდან გენერალ-მაიორ კუტუზოვის, ბრიგადირების პლატოვის და ორლოვის კოლონები იდგნენ გენერალ-პორუჩიკ სამოილოვის ხელმძღვანელობით. დუნაის მხრიდან სამ კოლონას დე რიბასი მეთაურობდა (ცხრა ათასი კაცი ფლოტილიის ნავებში და ხომალდებში. მთავარი დარტყმა უნდა განეხორციელებინათ დე რიბასის ფლოტილიას და სამოილოვის კოლონებს. ამ ჯარის ნაწილებში სუვოროვმა ყველაზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. 2500 კაციანი კავალერია ბრიგადირ ვესტფალენის ხელმძღვანელობით რეზერვს წარმოადგენდა.
                                                    იზმაილის შტურმი(გრავიურა)

10 დეკემბრიდან დაიწყო ციხის დაბომბვა ხმელეთიდან და მდინარიდან, მეორე დღის 5 საათსა და 30 წუთზე არმიამ შტურმის ბრძანება მიიღო, ბრძოლა ციხის ბასტიონების დასაკავებლად დილის რვა საათამდე გაგრძელდა. თურქთა გარნიზონმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია რუსებს, ყველაზე ძალიან მეოთხე და მეხუთე კორპუსი ზარალდებოდა. ეს ჯარის ნაწილები ცუდად შეიარაღებული კაზაკებისგან იყო შედგენილი, მეოთხე კორპუსის ავანგარდმა გეორგიევსკის კავალერის ვასილი ორლოვის მეთაურობით ერთი ბასტიონი დაიკავეს. თურქებმა მათ ფლანგიდან შეუტიეს და უნდოდათ კოლონიდან მოეწყვიტათ მათი ნაწილი. თურქი იანიჩარების წინააღმდეგ კაზაკთა შუბები ვერაფერს გახდა და მრავალი კაზაკი იანიჩარის ხმლით დაიღუპა, ბრძოლის სხვა სექტორებზეც რუსებს ძალიან უჭირდათ, რადგან რიცხვმრავალი მოწინააღმდეგე ძლიერ წინააღმდეგობას უწევდათ, დიდი ძალისხმევის და მთელი ძალების დაძაბვის შედეგად რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს და თურქები შეავიწროვეს. მალე რუსები ციხეში შეიჭრნენ. გამარჯვება სრული იყო. ციხესიმაგრიდან მხოლოდ ერთი თურქი წავიდა უვნებელი და სტამბულში დამარცხების ამბავი წაიღო.
იატაგანი - იანიჩართა იარაღი

1794 წლის მაისში სუვოროვი პოლონეთის აჯანყების ჩასახშობად გაგზავნეს, აგვისტოს პირველ ნახევრამდე გენერალ-ანშეფ რეპნინის არმია სულ ოთხნახევარ ათას ჯარისკაცს წარმოადგენდა, ეს ჯარის ნაწილი პოლონეთში გაიგზავნა, სუვოროვის ჯარის რაოდენობა თერთმეტი ათასამდე გაიზარდა, ექვს დღეში სუვოროვმა მტერზე ოთხი გამარჯვება მოიპოვა:დივინთან, კობრინთან, კრუპჩიცის მონასტერთან და ბრესტთან. გაუწვრთნელმა და ცუდად შეიარაღებულმა პოლონელებმა დიდი ზარალი ნახეს ამ ბრძოლებში. 10 ოქტომბერს აჯანყების მეთაური თადეუშ კოსტიუშკო ტყვედ ჩაიგდო ფერზენის რაზმმა, რომელიც სუვოროვს შეუერთდა. სუვოროვის ძალები 17000-მდე გაიზარდა და გენერალი ვარშავისკენ დაიძრა. მტრის შესახვედრად რუსმა მთავარსარდალმა გენერალ მაიენის რაზმი გაგზავნა, რომელიც 5560 ჯარისკაცისგან და 9 ზარბაზნისგან შედგებოდა, ამ რაზმმა კობილკესთან დაამარცხა პოლონელი აჯანყებულები. პოლონელთა ნაწილმა პრაღესკენ დაიხია, ვისლის მეორე სანაპიროზე.
                                                           თადეუშ კოსტიუშკო

სუვოროვი 25000 ჯარისკაცით და 86 ზარბაზნით მიადგა პრაღას და კედლების დაბომბვა დაიწყო. მალე რუსები შეტევაზე გადავიდნენ და პოლონელებს კაპიტულაციის გამოცხადება აიძულეს. . რუსები ქალაქში შეიჭრნენ, ისინი არავის ინდობდნენ და ყველას ხოცავდნენ. ამ ხოცვა-ჟლეტვის გამო სუვოროვმა სასტიკი მთავარსარდლის სახელი დაიმსახურა. ბრძოლის დასრულების შემდეგ ვარშავის მაგისტრატმა სუვოროვს პურ-მარილი და ქალაქის გასაღები მიართვა. სუვოროვმა დედოფალ ეკატერინე II-ს მხოლოდ სამი სიტყვისგან შედგენილი წერილი გაუგზავნა:”ვაშა, ვარშავა ჩვენია”(როგორც თავის დროზე კეისარმა გაგზავნა რომში სამ სიტყვიანი წერილი:”მივედი, ვნახე, გავიმარჯვე” ფარნაკე პონტოელზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ).
ეკატერინე II

დედოფლის პასუხიც სამსიტყვიანი გამოდგა:”ვაშა, ფელდმარშალ სუვოროვს”. ვარშავის აღებისათვის ეკატერინე II-მ სუვოროვს უმაღლესი სამხედრო წოდება, ფელდმარშალი მიანიჭა. ამას გარდა სუვოროვმა სხვა ბევრი ჯილდოც მიიღო. 1795 წელს სუვოროვი მთელი რუსეთის არმიის ხელმძღვანელი იყო პოლონეთში(80000 ჯარისკაცი). ამ პერიოდში დაწერა მან თავისი”გამარჯვების მეცნიერება”. ამ წიგნში კარგად ჩანს სუვოროვის დამოკიდებულება სამხედრო წესებისადმი, მან თვითონ ჩამოაყალიბა სუვოროვული აღზრდის წესები, რომლის მიხედვითაც ჯარისკაცები”გამარჯვების მეცნიერების” საშუალებით უნდა გაეწვრთნათ. მათთვის ეს წიგნი უნდა ესწავლებინათ.
სუვოროვის "გამარჯვების მეცნიერება"

1796 წელს გარდაიცვალა ეკატერინე II და ტახტზე მისი ვაჟი პავლე I ავიდა. პავლეს ყველაფერი გერმანული მოსწონდა და ამიტომ რუსეთის არმიის გარდაქმნა მოინდომა პრუსიულ ვარიანტზე. ჯარისკაცებს აიძულებდნენ გრძელი თმა ეტარებინათ, საფეთქლებთან ქეჩის კავები დაეწებებინათ, ფქვილით გაეპუდრათ თმები. მეომრებს თოფის მიზანში სროლას და ხიშტით ბრძოლას უფრო ნაკლებად ასწავლიდნენ ვიდრე მარშზე ზუსტი გამოზომილი ნაბიჯებით სიარულს და ზუსტ მანევრებს. სუვოროვის აზრით ასეთი არმია აღლუმისთვის უფრო იყო გამოსადექი ვიდრე ბრძოლისთვის, თვლიდა სუვოროვი. ალექსანდრე სუვოროვს არ მოსწონდა გერმანული წესები და რუსეთის არმიის გარდაქმნას ეწინააღმდეგებოდა. მოხუცმა ფელდმარშალმა მეფის გულისწყრომა დაიმსახურა და ამის გამო სოფელ კონჩასკოეში გადაასახლეს. გერმანული არმიის წესების შესახებ მან თქვა: "პუდრი თოფის წამალი არ არის, კავი-ზარბაზანი, დალალი-ხანჯალი."
პავლე I

რუსეთს და მთლიანად ევროპას მალე დასჭირდათ ჭირვეული მოხუცის დახმარება, რომელიც გადაყრუებულ სოფელ კონჩასკოეში ცხოვრობდა.
1798 წელს მეორე ანტიფრანგულმა კოალიციამ (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, თურქეთი, ნეაპოლის სამეფო)დაიყოლია რუსეთი შეერთებოდა მათ და ერთად ებრძოლათ საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. მოკავშირეთა გეგმის მიხედვით სახმელეთო ოპერაცია უნდა ეწარმოებინა რუსეთ-ავსტრიის გაერთიანებულ ჯარს, რომლის მთავარსარდალი სუვოროვი უნდა ყოფილიყო. პავლე I-მა სუვოროვს ფლიგელ-ადიუტანტი ტოლბუხინი გაუგზავნა და ჯარში მიიწვია. რუსეთში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ნაპოლეონის იტალიურმა ლაშქრობამ(1796-1797), რომლის დროსაც ფრანგებმა ავსტრიის იმპერია სასტიკად დაამარცხეს და იტალიის დიდი ნაწილი დაიკავეს. ნაპოლეონი ამ დროისათვის, როდესაც მოკავშირეები იტალიაში შეჭრას აპირებდნენ, ეგვიპტეში იბრძოდა მამლუქების, თურქების და ინგლისელების წინააღმდეგ. ამიტომ კოალიციამ კარგი დრო შეარჩია თავდასასხმელად. საფრანგეთის არმიის სათავეში კარგი გენერლები: ჟან ვიქტორ მორო, ბარტლომეო შერერი, ბატრელემი ჟუბერი, ეტიენ მაკდონალდი და ანდრე მასენა იდგნენ. სუვოროვი გეგმებს აწყობდა თუ როგორ ემოქმედა ახალი ნიმუშის რევოლუციური არმიის წინააღმდეგ. სუვოროვმა შეადგინა წესები რომლითაც მეთაურს შეტევა უნდა ეწარმოებინა.
ჟან ვიქტორ მორო

ფრანგების არმიის რიცხოვნობა ჩრდილოეთ იტალიაში 58000-ს აღწევდა და მას გენერალი შერერი ხელმძღვანელობდა. ნეაპოლში (ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში) 34000-იან არმიას გენერალი მაკდონალდი მეთაურობდა. შვეიცარიაში ჰელვეციის არმია იდგა (30000 ჯარისკაცი) გენერალ მასენას მეთაურობით. ანტიფრანგულ კოალიციას 86000-იანი არმია ჰყავდა ფელდმარშალ მელასის მეთაურობით და 22000-იანი რუსული კორპუსი გენერალ ანდრეი როზენბერგის მეთაურობით(ჩრდილოეთ იტალიაში). ამას გარდა ზღვაში რუსული ესკადრა იდგა ადმირალ თეოდორ უშაკოვის მეთაურობით. კიდევ ერთი რუსული თერთმეტ ათასიანი კორპუსი მაქსიმ ვლადიმირის ძე რეხბინდერის მეთაურობით მოგვიანებით მოვიდა.
სუვოროვი სოფელ კონჩასკოედან მიემგზავრება 1799 წლის ლაშქრობაში(ნ.ა. შაბუნინის ტილო)

სუვოროვი ვენაში მარტში ჩავიდა. 15 აპრილს ის ვერონაში იყო და არმიას ბრძოლებისათვის წვრთნიდა. მან გერმანულად ათარგმნინა თავისი წიგნი ”გამარჯვების მეცნიერება” და ავსტრიელებსაც შეასწავლა იგი. სუვოროვმა ლაშქრობა მაშინვე დაიწყო, როგორც კი მის არმიას იაკობ ივანეს ძე პოვალო-შეიკოვსკის დივიზია შეუერთდა. 22 აპრილს მან ბრეშიას ციხე აიღო. 26-27 აპრილს მდინარე ადასთან ფრანგები გენერალ მოროს ხელმძღვანელობით დამარცხდნენ და უკუიქცნენ(ფრანგებმა 2500-მდე ჯარისკაცი დაკარგეს მოკავშირეებმა კი 2000-მდე). ამას გარდა ფრანგებმა არტილერიის ნაწილიც დაკარგეს. გამარჯვების შემდეგ სუვოროვი მილანისკენ დაიძრა, რომელშიც ბრძოლის გარეშე შევიდა 18 აპრილს.
სუვოროვი შედის მილანში(ადოლფ შარლემანი)

20 აპრილს სუვოროვის ჯარი მდინარე პოსკენ დაიძრა, რათა არ დაეშვა მოროსა და მაკდონალდის არმიების გაერთიანება. მოკავშირეებმა მოახერხეს და ფრანგული არმიების გაერთიანება არ დაუშვეს. 15 მაისს სუვოროვმა ტურინი აიღო. ფრანგთა ჯარმა სამხრეთისკენ დაიხია. მათ მხოლოდ რამდენიმე გარნიზონით გამაგრებული ციხე დატოვეს მტრის შესაფერხებლად (მანტუა, კონი და ა. შ). ფრანგებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სუვოროვისთვის გენუის რეგიონიდან დაერტყათ მაკდონალდის არმიით(36000) ნეაპოლიდან და მოროს არმიით(14000) გენუიდან. სუვოროვმა მოროს წინააღმდეგ ჯარის ნაწილი დატოვა და თვითონ მაკდონალდის წინააღმდეგ დაიძრა. ორი არმია ერთმანეთს მდინარე ტრებიასთან შეხვდა 6 ივნისს. სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. ფელდმარშალი თვითონ ხელმძღვანელობდა ბრძოლას და თვალს ადევნებდა მის მსვლელობას. მცირერიცხოვანი ფრანგები მაინც მამაცურად იბრძოდნენ. რუსთა ზოგიერთმა პოლკმა მტერს ზურგი აქცია კიდეც. სუვოროვმა არმიის ბრძოლაში მიბრუნება მოახერხა.
ეტიენ მაკდონალდი 1809 წელს, ვაგრამის ბრძოლაში თავის გამოჩენის შემდეგ ნაპოლეონის მარშალი გახდა

სამი დღე გაგრძელდა ბრძოლა მდინარე ტრებიაზე და გამარჯვება მოკავშირეთა მრავალრიცხოვან ჯარს დარჩა. სუვოროვს ძალიან მოსწონდა ძველი კართაგენელი მთავარსარდალი ჰანიბალი, რომელმაც რომაელებზე გამარჯვება სწორედ ტრებიაზე მოიპოვა ძვ.წ 218 წელს. ახალგაზრდობაში სუვოროვი ოცნებობდა ჰანიბალივით დაემარცხებინა მტერი და ჯარი ალპებზე გადაეყვანა, მას ეს ოცნება აუხდა. საერთოდ სუვოროვის ლაშქრობა ალპებში გარკვეულწილად თითქოს ჰანიბალისას მოგვაგონებს. ტრებიას ბრძოლა ჰანიბალმაც და სუვოროვმაც წარმატებულად ჩაატარეს და გამარჯვებას მიაღწიეს. მაკდონალდმა გენუისკენ დაიხია. იქ ჩავიდა მოროს ჯარიც. ივლისის ბოლოსთვის გაერთიანებულმა ფრანგულმა ჯარმა, გენერალი ჟუბერის მეთაურობით გენუიდან შეტევითი ოპერაცია დაიწყო. მათი მიზანი იყო ალესანდრია, სადაც მოკავშირეთა არმიის მთავარ ძალებს მოეყარათ თავი. მოწინააღმდეგეთა არმიები ერთმანეთს ქალაქ ნოვისთან შეხვდნენ.
ბრძოლა ნოვისთან(ა. კოცებუ)

გენერალმა ჟუბერმა მორო არმიაში დატოვა და მის რჩევებსაც ყურადღებას აქცევდა. მოროც ახალგაზრდა გენერალს ყველანაირად ეხმარებოდა. საფრანგეთის არმია ორ დიდ მასად იყოფოდა: მარცხენა ფრთას პერინიონი სარდლობდა, ის შედგებოდა გრუშისა და ლემუანის დივიზიებისგან, პარტუნოს და კლოზელის ქვეითი ბრიგადისგან და რიშპანსას კავალერიული ბრიგადისგან. მარჯვენა ფლანგს გუვიონ სენ-სირი სარდლობდა, ის შედგებოდა ვეტრენის, ლაბუასესა და დომბროვსკის დივიზიებისგან და კოლის დივიზიისგან, ამას გარდა მარჯვენა ფლანგს ჰყავდა 2800-მდე ჯარისკაცი რეზერვში. საშუალოდ ფრანგული არმია 35000-ს არ აჭარბებდა. ჟუბერმა და მორომ არმია ქალაქ ნოვისთან განალაგეს, სუვოროვმა გადაწყვიტა მტერს გაშლილ ველზე დალოდებოდა, რადგან კარგად გამოეყენებინა თავისი მრავალრიცხოვანი კავალერია.
                                                              ბარტელემი ჟუბერი

სუვოროვმა ჯარისთვის პოზიციები შეარჩია. არმია ჩვეულებრივად განალაგა და მტერს პირველი ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცა. კრაის, ოტის, ბელგარდის, დერფელდენის, ფერსტერის, შვეიკოვსკის, მელასის, ლიხტენშტეინის და ფრელიხის მეთაურობით 45000-იანი კოალიციის არმია ფრანგებს ელოდა. ამას გარდა გენერალი როზენბერგის და კიდევ რამოდენიმე სხვა გენერლის ძალები ფრანგთა სიმაგრეების ასაღებად და ქალაქების დასაკავებლად იყო გაგზავნილი. მთლიანად ამ ნაწილებიანა მოკავშირეთა ჯარი 60000-ს აღწევდა. ბრძოლა დაიწყო, ჟუბერი მაშინვე ბრძოლის ადგილას აღმოჩნდა. მცირე ხანში ის სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო ”წინ, შეტევაზე”. სუვოროვს ჟუბერის სიკვდილი არ აწყობდა რადგან სურდა ფრანგები ველზე გამოეტყუებინა ავსტრიელთა საშუალებით. გენერალმა მორომ გაამაგრა თავისი ფლანგი და კატეგორიულად აღკვეთა შეტევაზე გადასვლის გეგმა.
პეტრე ბაგრატიონი

გენერალ კრაის გაუჭირდა, რადგან ფრანგებმა მის წინააღმდეგ მებრძოლ ფლანგს ჯარი მიაშველეს. კრაიმ ადიუტანტი გაგზავნა გენერალ ბაგრატიონთან, რათა მას თავისი ჯარი მის დასახმარებლად დაეძრა. ბაგრატიონმა უარი თქვა, მას სუვოროვისგან არ მიუღია ასეთი ბრძანება, მას სხვა დავალება ჰქონდა. სუვოროვს სურდა ფრანგებს ცენტრი დაესუსტებინათ და შემდეგ სწორედ ამ ადგილას დაარტყამდა ჯარის დიდი ნაწილით. დილის ცხრა საათისთვის კრაი უკვე მეორედ უკუაგდეს. როცა იგრძნო, რომ გადამწყვეტი წუთი მოვიდა, სუვოროვმა ბაგრატიონი და მილორადოვიჩი მტრის ცენტრისკენ, ქალაქ ნოვისკენ გაგზავნა. მოკავშირეებმა მტრის ტყვიების და ყუმბარების ცეცხლში გაიარეს, მაგრამ მათ წინ ქვის კედლები აღიმართა, რომელსაც რუსული მსუბუქი ზარბაზანი ვერაფერს აკლებდა. მაშინ ბაგრატიონმა ოთხი ბატალიონით დაიწყო ქალაქის აღმოსავლეთიდან შემოვლა.
გენერალი კრაი 

მაგრამ რუსებს აქ ვეტრენის ფრანგთა დივიზია დახვდათ, რომელმაც ისინი უკუაგდო. მილორადოვიჩის და ბაგრატიონის მეორე შეტევასაც არ ჰქონია წარმატება. სუვოროვი თვითონ ჩაუდგა სათავეში დერფელდენის დივიზიას და ფრანგთა ცენტრისკენ დაძრა. რუსთა მესამე შეტევაც კი უკუგდებული იქნა. ნოვის გარნიზონის მეთაურმა გენერალმა გარდანმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, ამ ბრძოლაში მან მთავარსარდლობის დიდი უნარი გამოავლინა. რუსების შეტევას ის ფინდიხით შეხვდა, შემდეგ კი მცირე შეტევებს აწყობდა ხიშტებით. რესპუბლიკის ჯარისკაცები გააფთრებით იბრძოდნენ. გენერალი მორო ყველაზე საშიშ ადგილებში ჩნდებოდა. მას მოუკლეს ცხენი, მუნდირი კი ტყვიებით ჰქონდა დაფლეთილი. ფრანგი მეთაურები ტოლს არ უდებდნენ თავის მთავარსარდალს და ჯარი პირადად გადაჰყავდათ ხიშტებით ან კავალერიულ შეტევაზე. ფელდმარშალი სუვოროვი მთელი დღე ბრძოლაში იყო. ის ამხნევებდა ჯარისკაცებს და შეტევაზე გადაჰყავდა მთელი პოლკები და დივიზიები. რუსები შეტევაზე კი გადადიოდნენ, მაგრამ ფრანგები უკან ახევინებდნენ. საშინელი სიცხე იყო.
რუსი ქვეითი ჯარისკაცი(XVIII ს. მეორე ნახევარი)

12 საათისათვის ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, ორივე მხარემ ამოწურა თავისი ძალები და ახლა მხოლოდ ახალ დამხმარე ჯარის ნაწილს შეეძლო ბრძოლის გადაწყვეტა, სუვოროვმა გენერალ მელასს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისი რეზერვის დახმარებას ელოდა. დღის სამი საათისათვის მელასის ჯარმა ფრანგთა მარჯვენა ფლანგს შეუტია. ამ დროს შედგა ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა. მელასის მოსვლის შემდეგ მოკავშირეთა მთელმა არმიამ შეტევები განაახლა. ფრანგებს რეზერვი არ ჰყავდათ და მალე იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. მელასმა კრაისთან ერთად ფრანგთა სუსტი მარცხენა ფლანგი უკუაგდო და ახლა ცენტრისკენ მოტრიალდა. სენ-სირმა უკან დაიხია. ბაგრატიონმა და დერფელდენმა ნოვის დაცვა გაარღვიეს და ქალაქი დაიკავეს. გენერალმა მორომ საღამოს ექვს საათზე საერთო უკანდახევა ბრძანა. გენერალი გრუში რამდენჯერმე დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.
მიხეილ მილორადოვიჩი

საღამოს რვა საათზე ბრძოლა დამთავრდა. ღამემ იხსნა ფრანგები სრული განადგურებისაგან. საფრანგეთის არმიამ შვიდი ათას კაცამდე დანაკარგი ნახა. სამი ათასი ტყვედ ჩავარდა. მოკავშირეებს არც ისე იაფი დაუჯდათ ეს გამარჯვება და შვიდი ათასამდე ჯარისკაცი დაეხოცათ ან მძიმედ დაეჭრათ. გახარებულმა იმპერატორმა პავლე I-მა ბრძოლის მონაწილეები უხვად დააჯილდოვა, დაღუპული გენერლების ოჯახებს პენსია დაუნიშნა, სუვოროვს კი მისწერა, რომ მან ყველაზე მაღალ სამხედრო წოდებაზე უფრო მაღალი დაიმსახურა.
იტალიაში გამარჯვებებისთვის სუვოროვმა” გენერალსიმუსობა” მიიღო, რაც ყველაზე მაღალი სამხედრო წოდება იყო. ავსტრიის იპერატორმა გენერალსიმუსს საღვთო რომის იმპერიის გრაფობა მისცა. სუვოროვმა შესძლო და იტალია ფრანგებისაგან მოკლე დროში გაწმინდა. გამარჯვებები რომელთაც მოკავშირეები აღწევდნენ არა მარტო მათი ჯარის სიძლიერით და რიცხოვნობით გამომდინარეობდა, არამედ მათი მთავარსარდლის ჭკვიანური სვლებით.
                                              ალექსანდრ რიმსკი კორსაკოვი

ჩრდილოეთ იტალიის განთავისუფლების შემდეგ სუვოროვი საფრანგეთში აპირებდა შეჭრას, მაგრამ ეს გეგმა მისმა მოკავშირეებმა ჩაშალეს, რომელბიც ფიქრობდნენ, რომ რუსები ამის შემდეგ ხმელთაშუა ზღვისპირეთს თავიანთ გავლენის სფეროდ აქცევდნენ.
ინგლისმა და ავსტრიამ მოინდომეს რუსეთის ჯარის ჩრდილოეთ იტალიიდან მოშორება. სუვოროვს ებრძანა, რომ ავსტრიის ჯარი იტალიაში დაეტოვებინა, თვითონ კი შვეიცარიაში გადასულიყო და იქ გენერალ რიმსკი-კორსაკოვის კორპუსს შეერთებოდა. ამის შემდეგ მას საფრანგეთში ლაშქრობა უნდა დაეწყო. თუმცა ევროპული ქვეყნების გეგმასთან ერთად, რუსებს ისედაც სჭირდებოდათ ძალების გაერთიანება და ზურგში ფრანგების ხელში დატოვებული შვეიცარიის გაუვნებელყოფა, რათა მასენასგან საფრთხე არ შექმნოდათ. რუსეთის ჯარმა ექვს დღე-ღამეში 150 კილომეტრი გაიარა და ალესანდრიიდან ტავერნომდე ჩავიდა. რუსთა და ავსტრიელთა არმია, რომელსაც სუვოროვი მეთაურობდა ავსტრიელებმა კარგად არ მოამაგარგეს სურასთ-სანოვაგით და ტყვია-წამლით. ლაშქრობა უფრო გართულდა. 31 აგვისტოს რუსთა ჯარმა შვეიცარიისკენ მოძრაობა დაიწყო, აი სუვოროვმაც დაიწყო თავისი საყვარელი სარდალივით, ჰანიბალივით ჯარის ალპებზე გადაყვანა, თუმცა ჰანიბალს იტალიისკენ გადაჰყავდა ჯარი სუვოროვს - შვეიცარიისკენ.
                                სუვოროვის არმია ალპებში(ვ. სურიკოვის ტილო)

ორივე ალპური ლაშქრობა ისტორიის ფურცლებს ამშვენებს და ერთიმეორეზე უფრო საინტერესოა. მართალია ჰანიბალის დროს ძვ. წთ III საუკუნე იყო, ხოლო სუვოროვის დროს XVIII, მაგრამ ლაშქრობა ალპებზე ისევ ისეთივე რთულად რჩებოდა, როგორც ჰანიბალის დროს. მართალი რომ ვთქვათ, სუვოროვსაც არანაკლები ზარალი უნახია ევროპის ამ მთაგრეხილის გადალახვისას. სუვოროვის შვეიცარიული ლაშქრობა გმირული და მამაცური შეტევა იყო ფრანგთა არმიაზე, მაგრამ მას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მითუმეტეს ფრანგებს ნიჭიერი, მამაცი და გამოცდილი გენერალი ანდრე მასენა სარდლობდათ. მასენა ერთნაირად კარგად იცავდა თავს და უტევდა მტერს. კარგად იცოდა თავდაცვითი ნაგებობების და ტერიტორიული ადგილმდებარეობის გამოყენება, კარგი ტაქტიკოსი და სტრატეგოსი იყო. ამიტომ სუვოროვისთვის ადვილი არ იყო ასეთ მთავარსარდალთან გამკლავება. მასენას ხელქვეით მთელი ფრანგული არმია გაერთიანდა და თითქმის 90000-ს მიაღწია.
ანდრე მასენა შემდეგში ნაპოლეონის ერთ-ერთი მარშალი გახდა

პირველი სერიოზული ბრძოლები სუვოროვს სენ-გოტარდის უღელტეხილთან მოუხდა. გარშემო მთები იყო, ციცაბოები და უფსკრულები. ფრანგები უღელტეხილზე გამაგრდნენ და რუსების ორივე შეტევა მოიგერიეს. სუვოროვმა შემოვლითი მანევრისათვის თავისი საყვარელი გენერალი პეტრე ბაგრატიონი გაგზავნა გრენადერებით. ჯარისკაცები ცოცვით აჰყვნენ ციცაბო კლდეს. სენ-გოტარდისთვის უნდა შემოევლოთ ისე, რომ მტრისთვის ზურგში დაერტყათ. ფრანგებმა მაინც შენიშნეს ისინი და სროლა დაუწყეს. რუსები უკუიქცნენ. პეტრე ბაგრატიონმა თავზეხელაღებული შეტევით მაინც აიყვანა ჯარი სენ-გოტარდზე, მას სუვოროვი მიეშველა ჯარის სხვა ნაწილებით. ფრანგებმა უკან დაიხიეს. ბაგრატიონმა ამ ბრძოლაში სუვოროვის ქება დაიმსახურა.
           სუვოროვი სენ-გოტარდის უღელტეხილზე(ა. შარლემანის ტილო)

სენ-გოტარდს რომ გასცდნენ, რუსები რეისას ხეობაში ჩავიდნენ. მდინარე რეისა სწრაფი მთის მდინარე იყო. ადრე მდინარეზე ვიწრო ხიდი(ეშმაკის ხიდი) აეშენებინათ. ფრანგებს მისი ცენტრალური ნაწილი აეფეთქებინათ და მოპირდაპირე მხარეს იყვნენ ჩასაფრებული. რუსებმა რამდენიმეჯერ სცადეს ხიდთან მისვლა, მაგრამ ჩასაფრებული ფრანგები ზუსტი სროლით მუსრს ავლებდნენ მათ. რუსებმა დიდი მსხვერპლის ფასად მაინც მოახერხეს ფიცრების მიტანა ხიდთან, გადეს ისინი აფეთქებულ ადგილას, გადავიდნენ მდინარეზე და მტერს უკან დაახევინეს. რუსები გზას აგრძელებდნენ. საშინლად უჭირდათ, მტერთან შეტაკებები მოსდიოდათ.
სუვოროვმა ვერ მიუსწრო რიმსკი-კორსაკოვის კორპუსს და მასენამ ეს ჯარის ნაწილი ციურიხის მახლობლად სასტიკად დაამარცხა 16-17 აგვისტოს. რუსებმა დიდი ზარალი ნახეს. ფრანგი გენერალი ლეკურბი სუვოროვს ხელს უშლიდა და წინააღმდეგობას უწევდა. ეს კიდევ უფრო ამძიმებდა რუსთა მდგომარეობას. ლეკურბმა მასენას, მორტიეს, მოლიტორს და ლუაზონს შეატყობინა სუვოროვის მარშრუტი და მისი ჯარის მდგომარეობა და რიცხოვნობა.
                        მასენა ციურიხის ბრძოლაში(ფრანსუა ბუშეს ტილო)
                                                                                                                                                    სუვოროვის ჯარის ბოლო ნაწილები თვრამეტ სექტემბერს მუტენის ველზა იყვნენ. აქ მიიღო სუვოროვმა ცნობები რიმსკი-კორსაკოვის სასტიკი დამარცხების შესახებ. რუსები ფრანგებზე უფრო ცუდად მომარაგებულები იყვნენ და რიცხოვნობითაც ჩამორჩებოდნენ. რუსეთის არმიამ უკანდახევა დაიწყო. მასენამ შეტევა წამოიწყო. ფრანგებმა რუსები უკუაგდეს და ზარალიც მიაყენეს. ბაგრატიონი, რომელიც არიეგარდს მეთაურობდა, დიდ წინააღმდეგობას უწევდა ფრანგებს და რამდენჯერმე უკან დაახევინა მათ.
დასახლება ნეფელსთან სასტიკი ბრძოლები გაიმართა და ეს ადგილი ხელიდან-ხელში გადადიოდა. ბაგრატიონი რუსეთის არმიას მედგრად იცავდა და ფრანგებს დრო და დრო თვითონაც უტევდა. ამავე ადგილებში მოხდა შვეიცარიის ლაშქრობის ყველაზე დიდი ბრძოლა. 10000-იანი ფრანგული ჯარი რუსთა 4000-იან არიეგარდს დაესხა თავს, ფრანგები შეაჩერეს და მილორადოვიჩის სამი პოლკის მოსვლის შემდეგ რუსები თვითონ გადავიდნენ შეტევაზე. ფრანგებმა უკან დაიხიეს. როზენბერგმა ძალები 7000 ჯარისკაცამდე გაზარდა და ბრძოლისთვის მოემზადა. მასენამ მოკრიბა თავისი ძალები, დაახლოებით 15000 ჯარისკაცი და ისევ შეტევაზე გადავიდა.
ბრძოლა ეშმაკის ხიდთან

ფრანგებმა რუსებს ძლიერი ცეცხლით აიძულეს უკან დახევა. მათ ფრანგთა ჯარის მთავარი ნაწილი დაედევნათ. რუსები სამ ხაზად მოეწყვნენ საბრძოლოდ. თითოეულ საბრძოლო ხაზს ერთმანეთს სამასი მეტრი აშორებდა, კავალერია ფლანგებზე იდგა, რეზერვში ველიცკის და ფერსტერის პოლკები იდგნენ, ფრანგებმა მტერი ახლოს მიუშვეს და გრიგალისებური ცეცხლი გაუხსნეს. რუსებმა მაონც მოახერხეს მიახლოება და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. რუსები გააფთრებით იბრძოდნენ და მტერს უკან დაახევინეს. ფრანგები დამარცხდნენ და ზარალი ნახეს 3000 კაცამდე დაჭრილებით და დახოცილებით. რუსებმა 700-მდე ჯარისკაცი დაკარგეს. როზენბერგის გამარჯვებამ ლაშქრობას წარმატებულის ელფერი მისცა. ავსტრიელებმა და რუსებმა ილანცესკენ დაიხიეს უკან და იქ სურსათ-სანოვაგის მარაგი მიიღეს. იქიდან რუსები სოფელ კურს მიადგნენ.
სუვოროვის ძეგლი სენ გოტარდის უღელტეხილზე

სუვოროვის შვეიცარიული ლაშქრობა უშედეგოდ დასრულდა. მალე სუვოროვს რიმსკი-კორსაკოვიც შეუერთდა თავისი ჯარის ნარჩენებით. სუვოროვმა ახალი ჯილდოები მიიღო, მაგალითად მარია ტერეზას პირველი ხარისხის ორდენი. რუსთა ჯარი ბავარიისა და ბოჰემიის გავლით მიდიოდა, ის ერთხანს ციხე-სიმაგრე შკვორეცში გაჩერდა და ელოდა ფრანგებთან ომის მოსალოდნელ წამოწყებას. ომი აღარ განახლებულა და რუსებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. კრაკოვში სუვოროვმა მთავარსარდლობა როზენბერგს გადააბარა. გზად მოხუცი რუსი ფელდმარშალი ავად გახდა და დაბა კობრინში გაჩერდა. მალე სუვოროვი მომჯობინდა და გზა გააგრძელა. პეტერბურგში ჩასვლამდე სუვოროვი დ. ხვოსტოვის სახლში გაჩერდა. პავლე I-მა უარი თქვა იტალიის კამპანიის გმირის მიღებაზე. მეფემ შერისხა მოხუცი ფელდმარშალი და თავიდან მოიშორა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ სუვოროვმა თქვა:”მე მზად ვარ უფალს ჩავაბარო ანგარიში, მაგრამ ხელმწიფეზე ახლა ფიქრიც კი არ მინდა”. 1800 წლის 18 მაისს სუვოროვი გარდაიცვალა და ის დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრაში. მის საფლავზე ერთი უბრალო, მაგრამ მრავალნიშნოვანი წარწერაა:”აქ განისვენებს სუვოროვი”.
 სუვოროვის საფლავი ალექსანდრე ნეველის ლავრაში

სუვოროვი როგორც რუსეთის, ასევე მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მხედარმთავარია. მან 35 დიდი ბრძოლა ჩაატარა და არ დამარცხებულა. ამ ადამიანმა მსოფლიოს თავისი სამხედრო ნიჭი და უნარი რამდენიმე ბრწყინვალე კამპანიით დაანახა და დაამტკიცა, რომ რუსეთის ჯარები და მისი მთავარსარდლები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ.


ნიკა ხოფერია