ისლამის დაბადება - ბადრის ბრძოლა (624 წ. 13 მარტი)


უდაბნოს დიუნებს პატარა ქარავანი მიიკვლევდა. მზე აცხუნებდა აქლემებზე ამხედრებულ არაბ ვაჭრებს და მოსვენებას უკარგავდა მათ შეიარაღებულ მონებს, რომელთაც მუზარადები მოეხსნათ და თეთრი ჩალმები მოეხვიათ. როგორც ჩანდა, ქარავანი მექისკენ მიიწევდა, იმ დროის არაბული სამყაროს ყველაზე დიდი და მდიდარი ქალაქისკენ. როგორც იქნა ქალაქის კედლები ამოიწვერა ჰორიზონტზე და ვაჭრებმა და მათმა მსახურებმა აქლემები გააჭენეს. მექის კარიბჭესთან უამრავი შეიარაღებული ადამიანი შეკრებილიყო, აქვე ჰყავდათ საომრად შეკაზმული ცხენები. ოთხი მხედარი წინ უძღოდა მექელთა ამ მასას. ისინი გამორჩეულად მდიდრულად იყვნენ ჩაცმულ-აღჭურვილნი. მათ შუბოსანი მსახურები მოჰყვებოდნენ. ერთიანად შეიარაღებულ მექელთა რიცხვი ალბათ ათასამდე აღწევდა. ვაჭრები კარიბჭესთან ჩამოდგნენ და დაიწყეს გარკვევა, თუ ვის წინააღმდეგ მიიწევდა ეს ლაშქარი. მეომართა საუბრიდან ნათელი გახდა, რომ მექელები ვინმე მუჰამედის მომხრეების გასანადგურებლად მიდიოდნენ. – ის თვითმარქვია წინასწარმეტყველია, საუბრობს ღმერთ ალაჰზე და მის თაყვანისცემას მოითხოვს – მოკლედ განუმარტა ქარავნის უფროსს დაბალმა, ჭაღარა მხედარმა - ჩვენ მას შევაჩერებთ. 

ბადრის ბრძოლა ისლამის პირველი დიდი წარმატება იყო. მიუხედავად მცირე მასშტაბებისა, ამ შეტაკების შედეგები ბევრად მნიშვნელოვანი გახლდათ, ვიდრე სხვა, უფრო დიდი ბრძოლებისა. ბადრის ბრძოლაში გადაწყდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიის მომავალი, რომელმაც შეცვალა აზიის, აფრიკისა და ევროპის ქვეყნების ისტორია. ისლამის პრინციპები მისაღები გახდა არაბებისთვის. ისინი გაერთიანდნენ და ერთ მუშტად შეიკვრნენ ამ რელიგიის გარშემო. შეიქმნა ისლამური კულტურა, ტრადიციები, ლიტერატურა. მუჰამედის მოძღვრებამ შეცვალა ხალხის ფსიქოლოგია, აზროვნების მიმართულება. "ისლამი გახდა არაბთა დაპყრობების მამოძრავებელი ძალა, ისლამის იდეამ და მისი დამაარსებლის, მუჰამედის პირადმა მაგალითმა აქცია არაბი ხალხი მეომარ ხალხად."(Keegan, John, A history of warfare. New York: Alfred A. Knopf: Distributed by Random House, Inc., 1993. 193)  არაბთა ექსპანსია, რაც ისლამის დანერგვას მოყვა, სწრაფი და გამანადგურებელი იყო. მათ უზარმაზარი იმპერია შექმნეს ერთი რელიგის გარშემო. ეს ყველაფერი ბადრის ბრძოლას მოყვა, სადაც ისლამი დაიბადა.

კურაიშელები - მექა

არაბები თავიანთ მიწას ჯაზირათ ალ-არაბს, "არაბთა კუნძულს" უწოდებდნენ და მართლაც კუნძულია, რომელსაც სამი მხრიდან წყალი არტყავს, ხოლო მეოთხე მხრიდან ქვიშის უდაბნოები. ეს მიწა სასტიკი და ულმობელია და სწორედ ახლა გაიგეს თანამედროვე მოტორიზებული ტრანსპორტით მოძრავმა არმიებმა, რომ აქამდე ისტორიას არ ახსოვს დამპყრობელი, ვინც წარმატებით გადალახა ქვიშის ბარიერები და მოიკიდა ფეხი ამ მიწაზე. (Gabriel, Richard A, Muhammad: Islam's first great general. Norman, Okla. : University of Oklahoma Press, 2007. 3)
მექა (مكة) ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არაბული ქალაქი იყო ალ ჰიჯაზის რეგიონში. მექას წინარეისლამურ პერიოდში მექას კურაიშის ტომი აკონტროლებდა. კურაიშის მოდგმის ლეგენდარული წინაპარი იყო კუსაე იბნ კილაბე (გარდ. 480 წ.). 440-550 წლებში ისინი დაეუფლნენ მექას და ქააბას ტაძარს, უმსხვილეს წარმართულ სალოცავს. ასევე კონტროლი დაამყარეს ალ ჰიჯაზის  რეგიონის დიდ ნაწილზე. ქუსაი იბნ კილაბეს "კურაიშელთა მთავარი" ეწოდებოდა. იგი შეიხი გახლდათ. იბნ კილაბის შთამომავლებს შორის ცნობილია შვილიშვილი ჰაშიმი, რომელიც მექას ქალაქისთავი იყო. მან სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა სხვა ხალხებთან და ქარავნები გაგზავნა იემენსა და სირიაში. ხაშიმის სიკვდილის შემდეგ კურაიშელებს სათავეში  მისი ვაჟი შეიბა, იგივე აბდ ალ-მუტალიბი ჩაუდგა. მის სახელს უკავშირდება ლეგენდა ზამზამის ჭის  აღდგენის შესახებ. მუჰამედის მოღვაწეობის პერიოდში მექის კურაიშელებს აბუ სუფიან იბნ ჰარბი, აბუ-ლახაბი, ამრ იბნ ჰიშამი (عمرو بن هشام, იგივე აბუ-ჯაჰლი. დაიღუპა ბადრის ბრძოლაში, 624 წ.), უტბა იბნ რაბი'ა, უმაია იბნ ხალაფი და ჰინდ ალ-ჰუნუდი განაგებდნენ. სწორედ ისინი გახდნენ ისლამის პირველი ძლიერი მოწინააღმდეგეები. 
მუჰამედის მუსლიმი მეომრები

აბუ სუფიან იბნ ჰარბი(დაახლ. 560-650, მედინა) ჰარბ იბნ ომაის ვაჟი, მექის კურაიშების ლიდერი. დაახლ. 614-630 წლებში მუჰამედის დაუძინებელი მტერი. ეშინოდა მუსლიმთა გავლენის გაძლიერებისა მუჰამედის მედინაში გაქცევის შემდეგ, ამიტომ ბრძანება გასცა თავდაცვისთვის მომზადებულიყვნენ მოსალოდნელი შეტევებისგან. (Mirza Bashir-ud Din Mahmud Ahmad, Life of Muhammad. Punjab, India: Islam International Publications, 2003. 46-47) იგი მიუძღვებოდა იმ ქარავანს, რომელზე თავდასხმაც მუჰამედმა გადაწყვიტა. სწორედ ეს გახდა ბრძოლის მიზეზი. სხვა მეთაურებიდან აღსანიშნავია ამრ იბნ ჰიშამი (624 წ. 17 მარტი) იგივე აბუ-ჯაჰლი (უარყოფის მამა) აბუ ალ-ჰაქიმად (სიბრძნის მამა) წოდებული. იგი ბანუ მახზუმის კურაიშული ტომის წარმომადგენელი იყო. უტბა იბნ რაბი'ა აბუ სუფიანს ენათესავებოდა, ამ უკანასკნელს მისი ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. უმაია იბნ ხალაფი ბანუ ჯუმაჰის კურაიშელთა ტომის ლიდერი იყო, ცნობილი მუსლიმი გმირის ბილალ იბნ რიბაჰის ყოფილი ბატონი. ჰინდ ალ-ჰუნუდი კინდას არაბული სამეფოს კურაიშული ტომის ერთ-ერთი მეთაური იყო. ბადრის ბრძოლის შემდეგ იგი პარტიზანულ ომს აგრძელებდა მუსლიმთა წინააღმდეგ. 
ბადრის ბრძოლაში მექელების მხარეს დაახლოებით 900 მეომარი იყო, რომელთაგან 100 ცხენოსანი იყო. ასევე ყავდათ 170 აქლემი.

მუსლიმები - მედინა

პრე-ისლამურ პერიოდში მედინას (المدينة المنورة, ქალაქი) იასრიბი ეწოდებოდა, შემდგომში კი, ისლამურ პერიოდში მადინათ ნაბი ალაჰ(წინასწარმეტყველის ქალაქი) და ალ-მადინა ალ მუნავარა(გაბრწყინებული ქალაქი) დაარქვეს. მექიდან განდევნილი(هِجْرَة, ჰიჯრა) მუჰამედისა და მისი მიმდევრებისთვის მედინა ნამდვილ თავშესაფრად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მან მოახერხა მექაში დაბრუნება, საბოლოოდ მედინაში გარდაიცვალა 632 წელს. ჰიჯრის პერიოდში ალაჰის წინასწარმეტყველმა ბევრი მომხრე შეიძინა მედინაში და თავისი მოძღვრების ფართოდ გავრცელებას შეუდგა. ამავდროულად აგრძელებდა კურაიშელებთან ბრძოლას. 
არაბი მეომრები (VII-VIII ს.)

მუჰამედი 570 წელს დაიბადა მექაში. მექის მოსახლეობა ჯერჰუმის ტომიდან იყო, რომელიც ლეგენდის მიხედვით ძველ აღთქმაში ებრაელების წინააღმდეგ მებრძოლი ამალეკების შთამომავალი იყო. (Gabriel, Richard A, Muhammad: Islam's first great general. 53) მამის სიკვდილის შემდეგ იგი 4 წელი ბანუ სადის მომთაბარე ტომში ცხოვრობდა. 583 წელს ბიძამის აბუ ტალიბთან  ერთად იმოგზაურა სირიაში. 587 წელს პირველი საბრძოლო ნათლობაც მიიღო კურაიშელებსა და ჰავაზინებს შორის ომში, სადაც ერთ-ერთ ბრძოლაში ფარით იცავდა თავის ბიძას მტრის ისრებისგან. (Gabriel, Richard A, Muhammad: Islam's first great general. 55)  "მუჰამედი ფიზიკურად ძლიერი და გამძლე ადამიანი უნდა ყოფილიყო. ეს კარგად ჩანს მისი ბრძოლებიდან, როცა ადვილად ჯაბნის მოწინააღმდეგეებს. იცოდა ცურვა და ბევრს დადიოდა ფეხით, მისი მეგობრები კი იღლებოდნენ და ძლივს მისდევდნენ." (Gabriel, Richard A, Muhammad: Islam's first great general. 62)  მუჰამედი არ იყო მხოლოდ მეომარი, რომელიც მედინასთვის ბრძოლაში დაიჭრა 625 წელს. ის ქადაგებდა და ის იბრძოდა. (Keegan, John, A history of warfare. New York: Alfred A. Knopf: Distributed by Random House, Inc., 1993. 193) 595 წელს მუჰამედი ქალაქ ბუსრუში ჩავიდა. აქ შეირთო პირველი ცოლი ხატიჯა. 610 წლიდან იწყება მისი ახალი ცხოვრება, როგორც წინასწარმეტყველისა. ყურანის მიხედვით მას მთავარანგელოზი გაბრიელი ეცხადებოდა. მიუხედავად ამისა, ყურანი არ გვაძლევს საკმარის ინფორმაციას, მუჰამედის ისტორიული პორტრეტის აღსადგენად. 
მთავარანგელოზი ჯიბრაილი და მუჰამედი (XIV ს. მანუსკრიპტი)

არსებობს მისი ბიოგრაფიები, რომელთაგან ყველაზე ძველი დაახლ. 767 წლით დათარიღებული იბნ ისჰაკის "ალაჰის მოციქულის ცხოვრებაა" (სირათ რასულ ალაჰ, سيرة رسول الله). ეს ნაშრომი დაიკარგა, თუმცა არის იბნ-ჰიშამისა  და ალ-ტაბარის  ნაწარმოებები, რომელშიც სირათ რასულ ალაჰია გამოყენებული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მუჰამედი ყურანში სულ 4-5-ჯერ იხსენიება(შედარებისთვის იესო ქრისტე ოცამდე ადგილას არის აღნიშნული). (Rippin, Andrew, Muslims: their religious beliefs and practices. London ; New York : Routledge, 1990-1993. 45) 615 წელს მუჰამედის მიმდევრების ნაწილი დევნას გაექცა და ეთიოპიაში წავიდა, თვითონ წინასწარმეტყველი კი ბიძამისის აბუ ტალიბის მფარველობის ქვეშ იყო, რომელიც 619 წელს გარდაიცვალა. მუჰამედი დროებით გაეცალა მექას და ქალაქ ატ-ტაიფში  სცადა ისლამის გავრცელება. 622 წელს წინასწარმეტყველი მედინაში გადასახლდა, რასაც ჰიჯრა ეწოდება და მომდევნო წლიდან აქტიურად დაიწყო მექის კურაიშელებთან ბრძოლა. 624 წელს კი მოხდა ადრეული ისლამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ბრძოლა ბადრთან. 
წინასწარმეტყველი მუჰამედი (XIV ს. ილხანთა პერიოდის მანუსკრიპტის XVII ს. ოსმალური ასლი)

ბადრთან იბრძოდნენ მუჰამედის ბიძა ჰამზა აბდ ალ-მუტალიბი (حمزة إبن عبد المطلب, ღმერთის ლომი - أسد الله, სამოთხის ლომი -  أسد الجنة, დაახლ. 568-625), ბიძაშვილი ალი იბნ აბუ-ტალიბი (علي بن أبي طالب, დაახლ. 601/607-661) და მეგობარი და მოკავშირე ომარ იბნ ალ-ხატაბი (عمر بن الخطاب, დაახლ. 579-664), შემდგომში ხალიფა ომარი, არაბთა ერთ-ერთი უდიდესი მმართველი. (Ahmed, Nazeer, Islam in global history : from the death of prophet Muhammed to the first World War. Concord, CA : American Institute of Islamic History and Culture : Distributed by Kazi Publications, 2000.  34)
ჰამზა მუჰამედზე ორი ან ოთხი წლით იყო უფროსი. იგი წინასწარმეტყველის ძუძუმტედ ითვლებოდა. ისლამი მუჰამედის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ მიიღო და მისი თანამებრძოლი გახდა. ჰამზა ცნობილი მეომარი  და კარგი მშვილდოსანი იყო, იცავდა სუსტებს და დაუცველებს. (Gabriel, Richard A, Muhammad: Islam's first great general. Norman, Okla. : University of Oklahoma Press, 2007. 55) ჰიჯრის შემდეგ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისლამის ისტორიაში.ერთი წლის შემდეგ ჰამზა უჰუდთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა, როდესაც მუჰამედის გვერდით იბრძოდა ორი მახვილით ხელში.
ალი იბნ აბუ-ტალიბი იყო პირველი ბავშვი ვინც ისლამი მიიღო. იგი აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლებში ისლამის აღორძინებისთვის. ბადრის ბრძოლაში ის მუჰამედის მედროშე და ორთაბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
სულ მუჰამედის ჯარი 314 მებრძოლისგან შედგებოდა (86 ემიგრანტი და 231 ანსარი), რომელთაც 2 ცხენი და 70 აქლემი ჰყავდათ. (ზოგიერთ აქლემზე ერთდროულად 3-4 მეომარი იყო ამხედრებული, Lings, Martin, Muhammad: His Life Based on the Earliest Sources. New York: Inner Traditions International,1983. 138-139)
სამხედრო საქმე არაბეთში, VI ს. 
VII საუკუნის პირველი ნახევრისთვის არაბებს ორგანიზებული სამხედრო სისტემა არ გააჩნდათ. ისინი ცალკეულ ტომებად იბრძოდნენ და ბრძოლაში კლანის მეთაურებს ემორჩილებოდნენ. არაბული კოალიციების ეფექტურობას ამცირებდა კლანთა მეთაურებს შორის მუდმივი ქიშპი. ყველა მათგანი თვლიდა, რომ პრეტენზია შეიძლებოდა ჰქონოდა მთავარსარდლობაზე. ერთიან სარდლობას მოკლებული ჯარი, სადაც ყველა მხოლოდ თავის თავისთვის იბრძოდა, რათქმაუნდა არ მოიტანდა კარგ შედეგებს.მუჰამედის არმიისგან განსხვავებით, კურაიშელების ჯარში ეს პრობლემა იჩენდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ არაბეთის ნახევარკუნძულის მოსახლეობა საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილს მეომრები შეადგენდნენ. ისინი არც იარაღის ნაკლებობას განიცდიდნენ. ყველა კლანს ჰქონდა თავისი სამხედრო არსენალი, რომელიც ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოქონდათ.  (Николле, Д. Армии мусульманского Востока. VII-XI века. Санкт-Петербург: Астрель, 2003. 12) ამას გარდა არსებობდა ადგილობრივი ნაწარმიც. მაგალითად მედინაში კარგ ისრებს ამზადებდნენ, აქვე ცხოვრობდა ებრაული ტომი, რომლის წარმომადგენლები შესანიშნავ მეტალის იარაღს აკეთებდნენ. (Gabriel, Richard A, Muhammad: Islam's first great general. Norman, Okla. : University of Oklahoma Press, 2007. 29) არაბთა ადრეული პოეტური ნაწარმოებებიდან ჩანს, რომ საკმაოდ გავრცელებული იყო აბჯრები და მუზარადებიც, ასევე ფარები. ბრძოლის ველზე კი ხმალი და შუბი დომინირებდა. (Николле, Д. Армии мусульманского Востока. VII-XI века. 12)  სამაგიეროდ არსებობდა ცხენების პრობლემა . საომარი ცხენი ისე ძვირად ფასობდა, რომ ბრძოლამდე მასზე არ ისხდნენ და მხოლოდ შეტაკების დაწყებისას ამხედრდებოდნენ ხოლმე. არაბები აქტიურად იყენებდნენ აქლემებსაც, რომელიც უდაბნოში გადაადგილების კარგი საშუალება იყო. ბრძოლა ხშირად ორივე მხრიდან დროტიკების ტყორცნით იწყებოდა, რასაც ხელჩართული ბრძოლა მოყვებოდა. მშვილდოსნები ქვეითების ფლანგებს იცავდნენ ცხენოსნებისგან და მოწინააღმდეგეს ისრებს ესროდნენ.

ბრძოლა

ბევრი ადრეული ისტორიული წყარო აღნიშნავს, რომ ეს არ იყო მასშტაბური ბრძოლა. მუჰამედის ყველა თანამებრძოლს არც მიუღია მონაწილეობა. (Sahih al-Bukhari: Volume 4, Book 53, Number 359) მაგრამ წინასწარმეტყველს თან აბუ ბაქრი (عبد الله بن أبي قحافة, დაახლ. 573-634), ომარი, ალი, ჰამზა, მუს'აბ იბნ უმაირი (مصعب بن عمير, დაიღუპა 625 წ. უჰუდის ბრძოლაში) აზ-ზუბაირ იბნ ალ-ავანი (الزبير بن العوام بن خويلد, 594-656), ამრ იბნ-იასირი (عمار بن یاسر, VI ს.) და აბუ დარ ალ-ღიფარი (أبو ذر الغفاري الكناني, გარდაიცვალა 652 წ.) ახლდნენ. ბევრი კურაიში დიდებული შეუერთდა მექის ჯარს - ამრ იბნ-ჰიშამი, ვალიდ იბ უტბა და უმაია იბნ ხალაფი. მათ სხვადასხვა ინტერესები გააჩნდათ. 
მუჰამედის მეომრები (შუა საუკუნეების მანუსკრიპტი)

სურდათ დაეცვათ ქარავანი, რათა მუსლიმთა ხელში არ ჩავარდნილიყო, რითაც ფინანსურ ზარალს მიიღებდნენ, დაემარცხებინათ მოწინააღმდეგე და შური ეძიათ. მუჰამედის მეომრებმა ქარავანს გადაუკეტეს გზა, ამავდროულად მზად იყვნენ ბადრთან ბრძოლის გასამართად. ქარავნის მცველებმა თვალი მოკრეს რამდენიმე მუსლიმ მზვერავს, ამიტომ აბუ სუფიანმა ბრძანა ქალაქ იანბუსკენ  გადაეხვიათ. (Lings, Martin, Muhammad: His Life Based on the Earliest Sources. New York: Inner Traditions International, 1983. 140)  მუჰამედმა შეიტყო მექიდან ქარავნის დასახმარებლად გამოსული ჯარის შესახებ და ბადრის დაბლობისკენ დაიძრა. აქ ის ერთ ბედუინს შეხვდა, რომელმაც არ იცოდა ვის ელაპარაკებოდა და მისგან შეიტყო მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობა. საღამოსთვის მუჰამედმა კურაიშელების დასაზვერად ალი გაგზავნა რამდენიმე მეომართან ერთად. მათ შეასრულეს დავალება და მძევლებიც კი წამოიყვანეს, რომელთა დაკითხვის შემდეგ შეიტყვეს, რომ კურაიშელთა თითქმის ყველა დიდებული მოწინააღმდეგის ბანაკში იმყოფებოდა. აბუ სუფიანმა მოახერხა ქარავნის უსაფრთხოდ გატარება და მუჰამედის წინააღმდეგ დაძრულ მოკავშირეებს წერილი გაუგზავნა, მაგრამ ამრ იბნ ჰიშამმა გადაწყვიტა აუცილებლად მიეღწია ბადრის ჭებამდე, სადაც არაბები ყოველწლიურ ბაზრობას აწყობდნენ ხოლმე, გაჩერებულიყო აქ სამი დღე, ენადიმა და ბედუინებისთვის ეამბა ლაშქრობის შესახებ, რათა შეეშინებინა ისინი კურაიშელების სიძლიერით. მიუხედავად მისი სურვილისა, კურაიშელთა ნაწილმა (დაახლ. 400 მეომარმა) დატოვა ბანაკი. (ბანუ ჰაშიმის ტომსაც სურდა წასვლა, მაგრამ იბნ ჰიშამმა დაიყოლია დარჩენაზე.
აბუ-ჯაჰლის სიკვდილი (XIV ს. მანუსკრიპტიდან)

 (Armstrong, Karen, Muhammad: a biography of the prophet. San Francisco, Calif. : HarperSanFrancisco, 1992. 174)  ამ პერიოდში კურაიშელებს აბუ სუფიანი და მისი რამდენიმე მეომარიც შეუერთდა. (Lings, Martin, Muhammad: His Life Based on the Earliest Sources. New York: Inner Traditions International,1983. 142-143)  იბნ ჰიშამის ჯარი ალ-აქანქალის მთასთან გაჩერდა ბადრის მახლობლად, რადგან ძლიერი წვიმა წამოვიდა და გზის გაგრძელება გაძნელდა. მუჰამედმა კი სრული სვლით განაგრძო მოძრაობა და ბადრის დაბლობზე ყველა ჭა დაიკავა. მხოლოდ ერთი დატოვა მოწინააღმდეგის მხარეს. მის მეომრებს ღამით მშვიდად ეძინათ. თვითონ წინასწარმეტყველმა კი ლოცვაში გაათენა. დილით კურაიშელებმა დაზვერეს მუსლიმთა პოზიციები და დარწმუნდნენ, რომ რაოდენობრივად თითქმის სამჯერ მცირე მოწინააღმდეგესთან ჰქონდათ საქმე და მედინელების დამატებითი დამხმარე რაზმებიც არ მოსულიყვნენ. (Lings, Martin, Muhammad: His Life Based on the Earliest Sources. 143-144) იბნ ჰიშამის ჯარი ნელ-ნელა მიუახლოვდა ბადრის ჭებს. ბრძოლა ფალავანთა ორთაბრძოლებით დაიწყო. თავდაპირველად გამოვიდა ალ-ასვად იბნ აბდ ალ-ასად ალ-ხაზუმი, რომელიც ჰამზამ მოკლა. შემდეგ უტბა იბნ რაბია, მისი ძმა შაიბა და ვაჟი ალ-ვალიდ იბნ უტბა გამოვიდნენ. მათ მოითხოვეს მუჰამედისგან, რომ მხოლოდ დიდებულებს შეებრძოლებოდნენ. წინასწარმეტყველმა უბაიდ იბნ ალ-ჰარისი, ჰამზა და ალი გაუშვა. მათ გაიმარჯვეს და სამივე მოწინააღმდეგე მოკლეს, თუმცა უბაიდი დაიჭრა. 
ანგელოზები ეხმარებიან მუჰამედს ბადრის ბრძოლაში (XIV ს. მანუსკრიპტიდან)

მუჰამედის ჯარი საბრძოლო მწკრივში ჩადგა და მტრის შეტევას დაელოდა. თავიდან ორივე მხარე ისრებს ესროდა ერთმანეთს, საბოლოოდ კურაიშელებმა შეუტიეს. ბრძოლა რამდენიმე საათი გაგრძელდა და შუადღეს დასრულდა. (Armstrong, Karen, Muhammad: a biography of the prophet. 176) მუჰამედი კარავში ლოცულობდა გამარჯვებისთვის. მასთან მხოლოდ აბუ-ბაქრი იყო. მუსლიმებმა გატეხეს მტრის წინააღმდეგობა და დაიწყეს მათი ხოცვა. ყურანის მიხედვით მათ ალაჰის ანგელოზებიც ეხმარებოდნენ, მათ შორის მთავარანგელოზი ჯიბრაილი. (Quran: Al-i-Imran 3:123–125) ბრძოლა მუსლიმთა სრული გამარჯვებით დასრულდა.

შედეგები

ბევრი კურაიშელი დაიღუპა, მათ შორის ამრ იბნ ჰიშამი რამდენჯერმე დაიჭრა და სულს ღაფავდა ბრძოლის ველზე. როდესაც მუჰამედმა აბდალა იბნ მასუდი გაგზავნა დახოცილებში მის საპოვნელად, ის უკვე სიკვდილის პირას იყო. ჰიშამმა არ სცნო დამარცხება და შეურაცყო აბდალა, ამიტომ მუჰამედის თანამებრძოლმა მას თავი მოჰკვეთა . დაიღუპა უმაია იბნ ხალაფიც და 70 სხვა კურაიშელი მეომარი, სამოცდაათიც ტყვედ ჩავარდა. დახოცილი მოწინააღმდეგეები მუჰამედის ბრძანებით ერთ-ერთ ჭაში ჩაყარეს. მუსლიმთაგან 14 მეომარი დაეცა - მათგან ექვსი ემიგრანტი(მუჰაჯირი) და რვა ანსარი(მედინელი).


მუჰამედის შესვლა მექაში და კერპების განადგურება (უცნობი ავტორი, XIX ს.)

ბრძოლა ორი ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა - მუჰამედისა და აბუ სუფიანისთვის. ბადრთან გამარჯვებით მუჰამედმა გაიმყარა ავტორიტეტი როგორც ისლამის ლიდერმა და ბევრი ადგილობრივი ტომი შეუერთდა მის მომხრეებს. აქედან დაიწყო ახალი რელიგიის სწრაფი გავრცელება, რასაც მუჰამედის შემდეგ დიდი არაბული ლაშქრობები მოყვა. აბუ სუფიანი კი ამრ იბ ჰიშამისა და სხვა კურაიშელი ლიდერების სიკვდილის შემდეგ კურაიშელთა ლიდერი გახდა. რამდენიმე წელიწადში მან დიდი წვლილი შეიტანა მუჰამედთან მშვიდობიან მოლაპარაკებაში და ქალაქი უბრძოლველად და სისხლის დაუღვრელად დათმო. აბუ სუფიანმა ისლამი მიიღო და თავის ვაჟთან ერთად ისლამური იმპერიის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა. 


                                                                     ბიბლიოგრაფია
  1. Encyclopedia of Islam. Leiden. E.J Brill, 1986
  2. Ahmed, Nazeer, Islam in global history : from the death of prophet Muhammed to the first World War. Concord, CA : American Institute of Islamic History and Culture : Distributed by Kazi Publications, 2000
  3. Armstrong, Karen, Muhammad: a biography of the prophet. San Francisco, Calif. : HarperSanFrancisco, 1992.
  4. Cook, M. AMuhammad. Oxford; New York: Oxford University Press, 1983.
  5. Esposito, John L, The Oxford history of Islam. New York, N.Y. : Oxford University Press, 1999.
  6. Gabriel, Richard A, Muhammad: Islam's first great general. Norman, Okla. : University of Oklahoma Press, 2007.
  7. Lings, Martin, Muhammad: His Life Based on the Earliest Sources. New York: Inner Traditions International, 1983.
  8. Mirza Bashir-ud Din Mahmud Ahmad, Life of Muhammad. Punjab, India: Islam International Publications, 2003.
  9. Nicolle, David, The armies of Islam, 7th-11th centuries. London: Osprey Pub., 1982.
  10. Keegan, John, A history of warfare. New York: Alfred A. Knopf: Distributed by Random House, Inc., 1993.
  11. Kennedy , Hugh, The great Arab conquests. Philadelphia, PA : Da Capo, 2007.
  12. Kennedy, Hugh, The armies of the caliphs: military and society in the early Islamic state. London ; New York : Routledge, 2001
  13. Kennedy, Hugh, The prophet and the age of the caliphates : the Islamic Near East from the sixth to the eleventh century. London ; New York : Longman, 1986.
  14. Rippin, Andrew, Muslims: their religious beliefs and practices. London ; New York : Routledge, 1990-1993.
  15. Николле, Д. Армии мусульманского Востока. VII-XI века. Санкт-Петербург: Астрель, 2003.

ნიკა ხოფერია