ალექსანდრე მაკედონელი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული ფიგურაა, რომელმაც შექმნა უზარმაზარი იმპერია და საფუძველი ჩაუყარა ელინისტურ სამყაროს. ბრწყინვალე სამხედრო ნიჭით გამორჩეულმა მაკედონელმა მეფემ, გაიმარჯვა გრანიკოსის, ისოსის, გავგამელას, ჰიდასპეს ბრძოლებში, ბრწყინვალედ ორგანიზებული ალყებით აიღო ტიროსი, ღაზა, სათავეში მოექცა ანტიკური სამყაროს უდიდესი ნაწილს ბალკანეთიდან ინდოეთამდე. აქემენიანთა იმპერია, ძველი აღმოსავლეთის უდიდესი სახელმწიფო, ძვ.წ. IV საუკუნისთვის, სამოქალაქო ომების, აჯანყებებისა და ბერძნებთან საგარეო მარცხის შემდეგ, შესუსტებული იყო, სატრაპიებს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა, თუმცა, ის კვლავინდებურად რჩებოდა დიდი სამხედრო შესაძლებლობების, უმდიდრეს ქვეყნად. მაგრამ მძლავრი და კარგად ორგანიზებული არმიის სათავეში მდგარი, ბალკანეთის ჰეგემონი მაკედონიის მეფესთან ბრძოლას შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა მასშტაბურ ომს და აირჩევდა სწორ სტრატეგიას. ვერც სპარსელმა სატრაპებმა და ვერც მეფე დარიოს III-მ ეს ვერ შეძლეს, მაგრამ, აქემენიანთა სამსახურში მყოფი გამოცდილი ბერძენი სარდალი, ალექსანდრესთვის ღირსეული და უაღრესად სახიფათო მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო მაკედონელი დამპყრობლის გეგმების ჩაშლასა და ომის ბედის შემოტრიალებასთან. ეს იყო მემნონი კუნულ როდოსიდან.