ანტიოქიის აღება (21 ოქტომბერი 1097 წ. - 3 ივნისი 1098 წ.)


1097 წლის ოქტომბრიდან 1098 წლის ივნისამდე ჯვაროსნები ალყას აწარმოებდნენ, ხოლო საბოლოოდ შტურმით მოახერხეს მისი დაკავება, თუმცა მალე თვითონ აღმოჩნდნენ ალყაში ქალაქს მომდგარი მუსულმანური არმიისაგან.
როდესაც ჯვაროსნები 1097 წლის ოქტომბერში ანტიოქიისკენ მიიწევდნენ გოტფრუა დე ბუიონის (გოტფრიდ ბულონელი), ბოჰემუნდ ტარენტუმელი და გრაფ რაიმონდ ტულუზელის მეთაურობით, ისინი გზადაგზა მუსულმანურ დასახლებებს ძარცვავდნენ სურსათისა და წყლის მოსაპოვებლად.
ანტიოქიის მხარე ჩრდილოეთ სირიაში მდებარეობს. მაშინ ანტიოქია თურქსელჩუკების დიდი სასულთნოს და ემირების მმართველობის ქვეშ მყოფი რაიონების საზღვარზე მდებარეობდა, რომლებიც მუდამ ებრძოდნენ ერთმანეთს. ხშირად ამ მიწებზე ფატიმიდების სახალიფოს ჯარებიც ლაშქრობდნენ, რომლებიც ეგვიპტეს და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს აკონტროლებდნენ იაფამდე. ჯვაროსნები იმედოვნებდნენ, რომ ქალაქის ალყას მოკლე დროში დაასრულებდნენ, მაგრამ ანტიოქიის აღება ძალიან რთული გამოდგა. ქალაქის გამაგრებული ნაწილი იმდენად დიდი იყო, რომ ჯვაროსნებს არ შეეძლოთ მისი მთლიანი ბლოკადა განეხორციელებინათ.
ალაყაშემორტყმულებს შეეძლოთ მტერს ხშირად გამოხტომოდნენ გალავნიდან და ასევე თავისუფლად შეეტანათ სურსათ-სანოვაგე მოსახლეობისა და გარნიზონისთვის. ხშირად ისინი სამხედრო დახმარებასაც იღებდნენ და იერთებდნენ მუსულმან მეომართა რაზმებს. ჯვაროსნებს არასაკმარისი ფურაჟი ჰქონდათ ცხენებისთვის და სურსათის პრობლემაც აწუხებდათ. უამრავი ცხენი დაიხოცა, რამაც რაიმონდ ტულუზელი აიძულა 500 მარკა გადაეხადა და ახალი ცხენები ეყიდა. მიუხედავად ამ სიძნელეებისა, ჯვაროსნები აგრძელებდნენ ქალაქის ალყას იმის წყალობით, რომ შეეძლოთ საზღვაო კომუნიკაციები ეკონტროლებინათ. ევროპიდან ტარსუსში ნორმანელი ტანკრედი ჩამოვიდა თავისი საზღვაო ესკადრით ჯვაროსნების დასახმარებლად. ოქტომბერში პორტ სენ-სიმეონში გენუელებიც ჩავიდნენ თავიანთი ხომალდებით, რათა ჯვაროსნებს დახმარებოდნენ. ნორმანების და გენუელების დახმარება ანტიოქიის მეალყეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაიმონდ ტულუზელის, ბოჰემუნდ ტარენტუმელის და გოტფრუა დე ბუიონის მეომრებს უამრავი გასაჭირი ადგათ, მაინც ახერხებდნენ ანტიოქიელთა გარნიზონის ყველა დეცუსტომისედ მოგერიებას და არ აძლევდნენ მათ საშუალებას, რომ ალყა გაერღვიათ. 1097 წლის 31 დეკემბერს ჯვაროსნებმა ბოჰემუნდ ტარენტუმელის და რობერტ ფლანდრიელის მეთაურობით ძალიან ძლიერი შემოტევა მოიგერიეს ანტიოქიელებისგან, ხოლო შემდეგ ანტიოქიის ტბასთან დაამარცხეს სელჩუკი ემირების ლაშქარი.
რობერტ ნორმანი ანტიოქიასთან ბრძოლაში

 ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სელჩუკებმა დატოვეს ქარიმის ციხე-სიმაგრე, რომელიც მეტად ძლიერ პოზიციას იკავებდა და სელჩუკებს საშუალებას აძლევდა თავს დასხმოდნენ ჯვაროსანთა პოზიციებს. ჯვაროსნები ვერა და ვერ ახერხებდნენ ქალაქის სიმაგრეების გადალახვას, სანამ ბოჰემუნდ ტარენტუმელი საიდუმლოდ ანტიოქიის ერთ-ერთი კოშკის მცველთა მეთაურს არ გაესაუბრა, რომელსაც რაღაც აკავშირებდა ჯვაროსნებთან. მისი დახმარებით ღამით ბოჰემუნდი მთავარ კოშკზე ავიდა თავისი რაზმით, შემდეგ კი შიგნიდან გააღო კარიბჭე, რითაც ჯვაროსნებს საშუალება მიეცათ ქალაქში შეჭრილიყვნენ. დილით მათ უკვე მთელი ქალაქი დაიკავეს, თუმცა ციდატელში გამაგრებულ მტერს ვერაფერი მოუხერხეს. ამ დროს ჯვაროსნებს საშინელი განსაცდელი დაატყდათ თავს. ქერბოღამ, მოსულის მმართველმა ადგილობრივი ემირების ჯარები გააერთიანა და 1098 წლის 7 ივნისს ანტიოქიას მიადგა. მან აიძულა ჯვაროსნები ქალაქს შეფარებოდნენ, თუმცა თვითონ ვერ მოახერხა მათი გამოდევნება.
ბოჰემუნდმა, გოტფრუა დე ბუიონმა და სხვა მეთაურებმა გადაწყვიტეს რისკზე წასულიყვნენ და მოწინააღმდეგეს ქალაქგარეთ შებმოდნენ. 28 ივნისს,ანტიოქიაში მდგარი მთელი ქრისტიანული არმია ბოჰემუნდის მეთაურობით ქალაქიდან გამოვიდა და საბრძოლველად განლაგდა. ამ დროს მათზე სწრაფი შეტევა განახორციელა მუსულმანურმა კავალერიამ, თუმცა ჰუგო დე ვერმანდუამ მძიმე ცხენოსანი ჯარით შეუტია მათ და დაამარცხა კიდეც, შემდეგ ჯვაროსნები შეტევაზე გადავიდნენ. ქერბოღას ჯარები ბრძოლიდან გარბოდნენ. რაზმს, რომელსაც ქერბოღა მეთაურობდა, ეპისკოპოსი ადემარი მიუხტა თავისი ჯარით და გააქცია. როდესაც ანტიოქიელებმა დაინახეს თუ როგორ დაამარცხეს ჯვაროსნებმა მათ დასახმარებლად მოსული არმია, თვითონაც დანებდნენ და კაპიტულაცია გამოაცხადეს. ეს ქალაქიც უკვე ჯვაროსანთა ხელში იყო, ხოლო შემდეგი იერუსალიმი უნდა ყოფილიყო.


ნიკა ხოფერია