Showing posts with label ზოგადი ისტორია. Show all posts
Showing posts with label ზოგადი ისტორია. Show all posts

ედჰემ ელდემი - აია სოფია: ეკლესია, მეჩეთი, კულტურის ძეგლი, მუზეუმი და სიმბოლო



    სტატია თურქულიდან თარგმნა სანდრო ბაკურაძემ 

ყველაზე სწორი იქნება თუკი აია სოფიასთან დაკავშირებულ დავას მისი საკრალიზაციის ბუნებრივი პროცესის ჩარჩოში განვიხილავთ. როგორც ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებული სხვა სტატიებიც მიგვითითებენ, აია სოფიას საკრალიზაცია და მის ისტორიულ სახსოვრად ქცევას დიდი ისტორია აქვს და ოსმალეთის ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთს მოიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ მე გადავწყვიტე დამეწერა იმ პროცესის შესახებ, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებას და უცხოელ მოგზაურებს შორის ვითარდებოდა და ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე ვესტერნიზაციის პროცესით საზრდოობდა, მივიღე გადაწყვეტილება პერიოდიზაცია 18-ე საუკუნიდან დამეწყო.

საიმპერიო შეჯიბრი" - Hnefatafl ყირიმის ომიდან (1853-56)


1855 წელს, ინგლისურმა კომპანიამ „Jacques"-მა, რომელიც უკვე 200 წელია ამზადებს სამაგიდო თამაშებს, გამოუშვა შუა საუკუნოვანი სკანდინავიური თამაშის, Hnefatafl-ს პირველი, კომერციული ვერსია (კლასიკური ვერსია იხილეთ ამ ლინკზე: ჰნეფატაფლი) „Imperial Contest"(საიმპერიო შეჯიბრი), რომელიც ამ პერიოდში მიმდინარე ყირიმის ომს ეხმიანება.

სამხრეთი ჩრდილოეთის წინააღმდეგ (რეცენზია მიხეილ ბარნოვის წიგნზე „რობერტ ედვარდ ლი: დამარცხებული არმიის გამარჯვებული გენერალი")


ამერიკის ისტორიისა და კულტურის შესწავლას საქართველოში არც ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში, დამოუკიდებელ საქართველოში, ამ მხრივ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოსვლის შემდეგ, ეს სფერო ყოველწლიურად კიდევ უფრო ვითარდება და მეტ ადამიანს იზიდავს, რასაც ხელს უწყობს ამერიკის კულტურის, მუსიკის, კინემატოგრაფიის პოპულარობა; პოლიტიკური კავშირები და ა.შ. ამ მხრივ, ყველაზე დიდი გავლენა, ბუნებრივია, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ს ისტორია, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამოქალაქო ომამდე, კონტინენტის დასავლეთის ათვისებიდან და დიდი დეპრესიის პერიოდამდე, I და II მსოფლიო ომებიდან ცივი ომის დასრულებამდე, ფართო ისტორიის საგნად ყალიბდება. ერთ-ერთი ბოლო, მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც უკანასკნელ წლებში გამოიცა, არის ქართველი ამერიკანისტის მიხეილ ბარნოვის „რობერტ ედვარდ ლი - დამარცხებული არმიის გამარჯვებული გენერალი"(თბილისი, 2016, 178 გვ.).

ლაზიკის ომი (541-562 წწ.): ფაქტების მიმოხილვა და ქრონოლოგია


VI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ორი უდიდესი იმპერია – ბიზანტია და სასანური ირანი ეცილებოდა. სამხედრო დაპირისპირების არეალი მოიცავდა კავკასიას და ადგილობრივ ქართულ სახელმწიფოებსაც. აქ არსებული სამეფოები ძირითადად ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ ან ერთ, ან მეორე იმპერიასთან, იმის მიხედვით, ვინ იყო უფრო ძლიერი მოცემულ პერიოდში. ეს სიტუაცია ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში შეიქმნა და ფაქტობრივად VII საუკუნის ისლამურ ექსპანსიამდე გასტანა. III საუკუნიდან, როდესაც ირანში სასანიანთა დინასტია გამეფდა, რომთან ბრძოლამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლა. ირანელები უკვე მეტ წარმატებას აღწევდნენ, რასაც ხელს უწყობდა რომის იმპერიის დასუსტება და ორად გაყოფა, ხალხთა მიგრაციები აზიის სტეპებიდან და ჩრდილოეთ ევროპიდან. V საუკუნეში ჰუნებისა და გოთებისგან შევიწროებული აღმოსავლეთ რომის იმპერია და ჰეფთალიტებთან მუდმივ ომებში ჩართული ირანი ერთმანეთთან ფართო დაპირისპირებას თავს არიდებდნენ, თუმცა VI საუკუნის პირველ ნახევარში მათი კონფლიქტის ნიშნები გამოიკვეთა და მალე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.

ჯონ ჰალდონი - „ხალხი და ტერიტორიები ბიზანტიის იმპერიაში"


ჯონ ჰალდონი ჩვენი დროის ერთ-ერთი წამყვანი ბიზანტისტია. ის პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ და ასწავლის ბერძნული და ბიზანტიური კვლევების მიმართულებაზე. ჰალდონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ-მატერიალურ ისტორიას, ისტორიული გარემოს შესწავლას. მუშაობს როგორც გვიანანტიკურ, ისე შუა საუკუნეების ბიზანტიის ისტორიაზე. ჰალდონი ავტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის, მათ შორის: Byzantine Wars (New York, 2013); Byzantium at war: AD 600-1453 (Oxford, 2014); General issues in the study of medieval logistics (Leiden, 2006); Byzantium: a History (New York, 2005). ამ პოსტში ბლოგის მკითხველებს ვთავაზობ ფრაგმენტს ჰალდონის წიგნიდან Byzantium: a History (რუს. გამოცემა: Джон Хэлдон. История византийских войн. Москва: Вече, 2007. გვ. 75-100).

ქართულენოვანი წიგნები სამხედრო ისტორიაზე (რჩევები)







































სხვადასხვა ეპოქის სამხედრო საქმე ერთ-ერთი პოპულარული საკვლევი თემაა ისტორიულ მეცნიერებაში. სამხედრო ისტორია კარგადაა შესწავლილი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. დიდი ყურადღება ექცევა რუსეთშიც, სადაც არსებობს უზარმაზარი რუსულენოვანი სამხედრო ლიტერატურა. ამ მხრივ, არც ისე კარგადაა საქმე საქართველოში, თუმცა, გამონაკლისებიც მოიძებნება. ამ პოსტში გირჩევთ ათ წიგნს, რომელიც, ჩემი აზრით, სამხედრო ისტორიის ქართველი მკვლევარის თუ მოყვარულის ბიბლიოთეკაში უნდა იყოს.

არმიათა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ



„სამხედრო ისტორიული კვლევა - იმ შემთხვევაში თუ წყაროები ამის საშუალებას იძლევა, აჯობებს ჯარების რიცხოვნობის კვლევით დავიწყოთ."
ჰანს დელბრუკი

„ისტორიკოსები დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდნენ მოწმის მიერ მოტანილი საარაკო მონაცემების შთაბეჭდილებების ქვეშ."
რაიმონ არონი

არმიების რიცხოვნობის დადგენა ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი პრობლემაა. არადა, რიცხვები გადამწყვეტ როლს ასრულებს ძალებს შორის ბალანსის განსაზღვრაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თითქმის ყოველთვის იმარჯვებს დიდი მასა, თუ რაოდენობრივ სხვაობას არ აბათილებს სიმამაცე და უკეთესი მეთაურობა უფრო სუსტი მებრძოლი მხარისა [Дельбрюк 1999, 36]. მიუხედავად თანამედროვეობაში არსებული უზარმაზარი ინფორმაციული სივრცისა, შედარებით დეტალური საბუთებისა და საარქივო მასალებისა, ახლაც კი ჭირს ზუსტი ცნობების მოპოვება რამდენიმე წლის წინ მომხდარ კონფლიქტებში მონაწილე სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ.

„საქმენი რომაელთა" - ამბები XIII საუკუნის ევროპიდან


Gesta Romanorum „საქმენი რომაელთა", XIII-XIV საუკუნეებში, ევროპული მონასტრების კედლებს მიღმა შექმნილი „საერო" საკითხავი ამბების კრებულია. ის შუა საუკუნეების ადამიანთა ცოდნას, მიდრეკილებებს, ინტერესებს, აზროვნებას, თვალსაწიერს კარგად ასახავს.

Ludus Latrunculorum - რომაული ტაქტიკური სამაგიდო თამაში

ბლოგის მკითხველებს ალბათ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ სკანდინავიური ტაქტიკურ-სტრატეგიული სამაგიდო თამაშის Hnefatafl-ს ანუ „მეფის მაგიდის" რეკონსტრუქცია გავაკეთე და მისი წესების შესახებ პოსტიც შემოგთავაზეთ. ამჯერად რომაულ თამაშ Ludus Latrunculorum-ს (შემოკლებით, Latrunculi ან Latrones) მოკლე ისტორიას, თამაშის ძირითად წესებს განვიხილავ და მის რეკონსტრუქციას გავაკეთებ. 

შუა საუკუნეების სიმბოლური ისტორიიდან: დათვის ჩამოგდება და ლომის გამეფება

დასავლეთ ევროპის მასშტაბებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გერმანულ-კელტური ევროპის განსხვავებას, სადაც ცხოველთა მეფე დათვია, ლათინურისაგან, სადაც ამ როლს ლომი ასრულებს. მხოლოდ 1000 წლის შემდეგ გახდა ლომი ყველგან უპირატესი დათვზე, გადამწყვეტ გამარჯვებას კი XII საუკუნეში მიაღწია, უმთავრესად ეკლესიის პოზიციის წყალობით.

პოპულარული მითი ავსტრიის არმიის თვითგანადგურების შესახებ - უცნაური „ბრძოლა" კარანსებეშთან, 1788 წ.


1788 წლის, ავსტრო-ოსმალური ომის ერთ-ერთ ბრძოლაზე, კარანსებეშთან, მეტად უცნაური ისტორია არსებობს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ავსტრიის იმპერატორი იოსებ II ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში თავისი მოკავშირის, რუსეთის მხარეს და ჯარები ოსმალეთთან საომრად გადაისროლა რუმინეთში. რთულია ვიმსჯელოთ რამდენად რეალურია ეს ისტორია, შეიძლება დიდწილად გამოგონილია ან მცირე მასშტაბის მსგავსი ამბავია გაბუქებული, რადგან მისი თანამედროვე წყაროები ამის შესახებ არაფერს გვატყობინებენ და ამბავი ძირითადად XIX საუკუნის შუა პერიოდშია გავრცელებული. თუმცა, საინტერესო და სახალისო ამბავია, რომელიც ფართოდაა გავრცელებული.

ეგვიპტის ათი სასჯელი

ძველ აღთქმა ებრაელი ხალხის ისტორიისთვის ფასდაუდებელ წიგნს წარმოადგენს და რელიგიური საკითხების გარდა, მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა ისტორიოგრაფიისთვის. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იმსახურებს მოსეს ხუთწიგნეულის მეორე წიგნი „გამოსვლა", რომელშიც მოთხრობილია ეგვიპტელთა ტყვეობიდან ებრაელი ხალხის გამოსვლა უფლისა და მოსეს დახმარებით. წინამდებარე ნაშრომში, ჩვენ არ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა გზა განვლო მოსემ და ებრაელმა ხალხმა აღთქმულ მიწამდე - ქანაანამდე. ჩვენ შევეხებით საკითხს, რომელმაც „გამოსვლის" მიხედვით ეგვიპტის ფარაონი აიძულა გაენთავისუფლებინა ებრაელები მძიმე მონობისგან და მოსესთვის მიენდო მათი ბედი.

ნერონი, ქრისტიანები და დიდი ხანძარი რომში


„რათა აღეკვეთა ჭორები [თითქოს რომი მას გადაეწვას], მან[იმპერატორმა ნერონმა] ტყუილუბრალოდ დასდო ბრალი და აწამა ყველაზე საშინელი მეთოდებით ადამიანები, რომელთაც ზოგადად ქრისტიანებს უწოდებდნენ და [უმთავრესად] სძულდათ თავიანთი სისაძაგლის გამო".
ტაციტუსი
„ნერონი ავიწროებდა დიდებულთ და არასდროს ჩაგრავდა ჩვეულებრივ ხალხს".
ნაპოლეონი

აპენინის ნახევარკუნულზე თითქმის ყოველთვის განსაკუთრებულად ცხელი ზაფხული იცის, მაგრამ 64 წლის ივლისი, რომისათვის მოსალოდნელზე უფრო „მხურვალე" გამოდგა. საქმე იმაშია, რომ იმპერიის დედაქალაქი ისეთ ძლიერ ხანძარში გაეხვა, როგორიც მისი დაარსების დღიდან არ მომხდარა. „მთელი ქალაქი მოიცვა არაჩვეულებრივმა ქაოსმა, ადამიანები გიჟებივით დარბოდნენ აქეთ-იქით. ზოგიერთი ცდილობდა მეგობარს დახმარებოდა, ამავე დროს კი ეშინოდათ რომ თავიანთი საკუთარი სახლი დაექცეოდათ. ზოგიერთი ჯერაც ვერ აცნობიერებდა ბოლომდე რა საფრთხეში იმყოფებოდნენ და რომ ყველანი დაიხოცებოდნენ. ისინი, ვინც სახლებში იყვნენ, ცდილობდნენ გაეღწიათ გარეთ თავისათვის საშველად, ზოგი კი პირიქით, შენობებში ეძიებდა ხსნას. ბავშვები, ქალები, კაცები, მოხუცები - ყველანი ყვიროდნენ და ტიროდნენ. ხმაურს და კვამლში არაფრის გაგონება და დანახვა არ შეიძლებოდა. ზოგიერთი სადაც იყო იმ ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა შიშისაგან გონდაკარგული" - დიონ კასიუსზე (1)  უკეთ ალბათ არც ერთ ანტიკურ ავტორს არ აღუწერია ის, რაც მაშინ ქალაქში ხდებოდა. „იმდენად მძიმე იყო ქალაქზე მიყენებული ზიანი, რომ ხალხი რამდენიმე საუკუნის წინ, გალების მიერ რომის გაძარცვას იხსენებდა"(2).

ადამიანის მსხვერპლად შეწირვის წესი ანტიკურ და შუა საუკუნეების ევროპულ წარმართულ კულტებში


უძველესი დროიდან მსხვერპლშეწირვის რიტუალი მიღებული იყო თითქმის ყველა წარმართულ კულტში როგორც ევროპის, ისე აზიის, ავსტრალიის, ამერიკისა თუ აფრიკის ხალხთა შორის. მსხვერპლშეწირვა გარკვეულწილად შემორჩენილია ისეთ მსოფლიო რელიგიებში, როგორიცაა იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, თუმცა ადამიანის მსხვერპლშეწირვა ეს თანამედროვეობისათვის უკვე მიუღებელი და დავიწყებული ტრადიციაა, სისხლის სამართლის დანაშაულია და მხოლოდ განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ და ცივილიზებული, კანონმოქმედი ტერიტორიის მიღმა მცხოვრებ ტომებს შორის გვხვდება, ისიც ცალკეულ შემთხვევებში, მაგრამ იმის თქმა მაინც შეიძლება რომ ეს ტრადიცია ბოლომდე გამქრალი ჯერაც არ არის. ადამიანის მსხვერპლშეწირვა რიტუალურად ხდებოდა, ისე რომ ღმერთებისათვის ეს მისაღები ყოფილიყო. ამ ტრადიციასთან ახლოს დგას გარდაცვლილ ბელადთან ან მეფესთან ერთად მისი მსახურების დახოცვა და ერთად დაკრძალვა, რათა საიქიო ცხოვრებაშიც მას მომსახურებოდნენ, ასევე კანიბალიზმი და ადამიანის თავებზე ნადირობა. 

535-536 წლების დიდი გამყინვარება და მისი ზემოქმედება ისტორიაზე


536 წელი, კონსტანტინოპოლი. იმპერატორ თეოდოსიუსის აგებულ მტკიცე კედლებამდე გადაჭიმული რომაული ქუჩები, სპათარიოსების ბანაკი, ქვის სახლები წითელი კრამიტის სახურავებით, მოკირწყლული გზები, სავაჭრო და სამხედრო ხომალდებით სავსე პორტი. ნახევრად აგებული დიდებული წმინდა სოფიას ტაძრის ეზოში მშენებლები შემოკრებილიყვნენ, ხმამაღლა ყაყანებდნენ და ცისკენ იშვერდნენ ხელს, ზოგიერთი პირჯვარსაც იწერდა. სასახლის მცველებიც ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. აფორიაქებული მღვდლები ტაძრებისაკენ გარბოდნენ. უჩვეულო ხმაურზე იმპერატრისა თეოდორა აივანზე გამოვიდა, გაზაფხულის კვალობაზე საოცარი სუსხი იყო, შიშველ მკლავებზე შესცივდა. სუნთქვა ჭირდა თითქოს, ჰაერი დამძიმებულიყო. ღრუბლებიც კი არ ჩანდა ისეთი რუხი ბურუსი გადაჰფენოდა ცას და მზეც ძლივს შესამჩნევადღა ანათებდა მთვარესავით. ამ დღიდან იწყებოდა უბედურებათა წელიწადი, რომელიც დიდ კვალს დაამჩნევდა როგორც ბიზანტიის იმპერიას, ისე მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს.

15 გავრცელებული მითი შუა საუკუნეების შესახებ


ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე გავრცელებული აზრი შუა საუკუნეების ევროპაზე (V - XV ს.), რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება ან მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს იმ პერიოდის რეალობას. 

ხაზარებს იუდაიზმი არ მიუღიათ: ისტორიული მიგნებები


ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე ხაზართა ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიასთან. VII-IX საუკუნეებში ხაზარები იყვნენ არაბი დამპყრობლების მთავარი მოწინააღმდეგეები კავკასიაში და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე, უფრო ადრე იბრძოდნენ სასანიანი ირანი მეფეების წინააღმდეგაც და იყვნენ ბიზანტიის იმპერიის მოკავშირეები, როდესაც იმპერატორი ჰერაკლე ქართლში შემოიჭრა და თბილისს ალყა შემოარტყა ხაზართა ხაკან ჯიბღუსთან ერთად, თუმცა ვერ აიღო და მეორე წელს ხაზარებმა შათის მეთაურობით დამოუკიდებლად გაართვეს თავი კავკასიის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავებას. ასევე ცნობილი ისტორიაა 764 წელს ხაზართა მიერ ქართლის კიდევ ერთი დალაშქვრა და ერისმთავარისა და მისი ასულის ტყვედ წაყვანა. დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ რომ ხაზარები იყვნენ იუდაიზმის მიმდევრები, თუმცა ბოლო დროინდელმა კვლევამ, რომელიც პროფესორმა შალომ სტამპფერმა ჩაატარა, ცხადყო რომ ხაზარების მიერ იუდაიზმის მიღება უბრალოდ მითია. ამის შესახებ მან გამოაქვეყნა თავისი ნარკვევი -  Shaul Stampfer; "Did the Khazars Convert to Judaism?", Jewish Social Studies, #3 (2013), 1-72. თემა ძალიან საინტერესოა, თუმცა ჯერჯერობით სრულ ტექსტზე წვდომა არ მაქვს, ამიტომ შემოგთავაზებთ სტატიის ზოგად ანალიზს, რომელიც მოცემულია Medievalist.Net-ზე. 

ნიკა ხოფერია - ვახტანგ გორგასლის ეპოქის სამხედრო ისტორიის საკითხები (ნაწილი IV)

ჯარების რიცხოვნობა და „სამხედრო ეკონომიკა". ჯუანშერი ასახელებს ვახტანგის არმიის რაოდენობას – "ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისადა; და შემოკრბეს ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა: და იყო ასი ათასი მხედარი(75) და სამოცი ათასი ქუეითი", რასაც ემატება ვარაზ ბაკურის თორმეტი ათასი და „კავკასიის მეფეთა" ორმოცდაათი ათასი მხედარი.(76) ეს რიცხვები არ შეესაბამება არც ანტიკურობის და არც შუა საუკუნეების არმიების საშუალო და თუნდაც მაქსიმალურ სტანდარტებს. როგორც მოსახლეობის, ისე იმდროინდელი არმიების რიცხოვნობის გამოანგარიშება რთული საქმეა. ამ მხრივ დიდად მნიშვნელოვანია დემოგრაფიული ფაქტორიც.

ნიკა ხოფერია - ვახტანგ გორგასლის ეპოქის სამხედრო ისტორიის საკითხები (ნაწილი III)


ქვეითები. ირანული სამხედრო სისტემის მსგავსად, როგორ ჩანს, V საუკუნიდან ფეხოსნები არც იბერიის ჯარში არ ასრულებდნენ წამყვან როლს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კავალერიის მიღწეული შედეგი მათ უნდა განემტკიცებინათ, დაეკავებინათ პოზიციები. ასევე, ფეხოსნები იღებდნენ მტრის ციხე-სიმაგრეებსაც. მათ შორის უმეტესობა მსუბუქად იყო შეიარაღებული, რადგან აბჯარ-საჭურველი ძვირი ჯდებოდა, ხოლო ღარიბებს არ შეეძლოთ დიდებულთა მსგავსად აღჭურვილიყვნენ. თუმცა, შედარებით მარტივი, მსუბუქი საჭურველი და მუზარადები ქვეით ჯარში გამორიცხული არ არის.(61) იქნებ, ამასთან დაკავშირებით უწოდა მათ ჯუანშერმა „მკვირცხლი ერისაი". მსუბუქი ქვეითი ჯარი ძირითადად შეიარაღებული იყო ხელშუბებით, მშვილდ-ისრებით, შურდულებით, შუბებითა და ფარებით.

ნიკა ხოფერია - ვახტანგ გორგასლის ეპოქის სამხედრო ისტორიის საკითხები (ნაწილი II)


კ. კაციტაძე აღნიშნავს, რომ კატაფრაქტები იბერიის სამეფოში ფარსმან I-სა და ამაზასპის დროსაც უნდა ყოფილიყვნენ და რომ, იბერიელები მათ I-VI საუკუნეებში იყენებდნენ. ასევე, სტრაბონის ცნობას ალბანელთა აღჭურვილობის შესახებ (რომელთა მსგავსი, ბერძენი ავტორის გადმოცემით, იბერიელებსაც ჰქონდათ) მიიჩნევს იმის დასტურად, რომ იბერიაში მძიმე კავალერია უნდა არსებულიყო. ამასთანავე, პლუტარქეს მიერ ლუკულუსისა და ტიგრან II-ს ბრძოლაში დასახელებულ იბერიელ შუბოსნებსაც თვლის მხედრებად და მიიჩნევს, რომ ისინიც კატაფრაქტები უნდა ყოფილიყვნენ. ამის მიზეზად მოჰყავს „მარდთა" მოისარი ცხენოსანი ჯარი, რომელთა გვერდით იდგნენ იბერები, ყველაზე „ბრძოლისჟინიანები" ტიგრანის არმიაში; რადგან მარდები მსუბუქი მხედრები იყვნენ და ეს დაზუსტებულია, იბერებს, რომლებიც შუბოსნებად არიან დასახელებულები, მძიმე კავალერიად მიიჩნევს.(37) სტრაბონის ზემოთ დასახელებული ცნობის მიხედვით არც გ. გამყრელიძე გამორიცხავს I-II საუკუნეებში ქართლსა და ალბანეთში კატაფრაქტების გამოყენებას.(38)