პოპულარული მითი ავსტრიის არმიის თვითგანადგურების შესახებ - უცნაური „ბრძოლა" კარანსებეშთან, 1788 წ.


1788 წლის, ავსტრო-ოსმალური ომის ერთ-ერთ ბრძოლაზე, კარანსებეშთან, მეტად უცნაური ისტორია არსებობს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ავსტრიის იმპერატორი იოსებ II ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში თავისი მოკავშირის, რუსეთის მხარეს და ჯარები ოსმალეთთან საომრად გადაისროლა რუმინეთში. რთულია ვიმსჯელოთ რამდენად რეალურია ეს ისტორია, შეიძლება დიდწილად გამოგონილია ან მცირე მასშტაბის მსგავსი ამბავია გაბუქებული, რადგან მისი თანამედროვე წყაროები ამის შესახებ არაფერს გვატყობინებენ და ამბავი ძირითადად XIX საუკუნის შუა პერიოდშია გავრცელებული. თუმცა, საინტერესო და სახალისო ამბავია, რომელიც ფართოდაა გავრცელებული.

მრავალრიცხოვან ავსტრიული არმიას, რომელშიც  არა მხოლოდ გერმანელები, არამედ სერბები, ხორვატები, უნგრელები, რუმინელები და იტალიელები (ლომბარდიიდან) მსახურობდნენ, წინ ავანგარდად ჰუსართა რაზმი მიუძღოდა. ჰუსარები მდინარე ტიმიშზე გადავიდნენ თურქები არ ჩანდნენ, სამაგიეროდ წააწყდნენ ბოშებს, რომელთაც ჯარისკაცებს შესთავაზეს მდინარის გადალახვით დაღლილები სასმლით შემაგრებულიყვნენ. ჰუსარებმა იაფად იყიდეს რამდენიმე კასრი სასმელი და დალევა დაიწყეს. ამ დროს მდინარეზე ქვეითთა ასეულიც გადმოვიდა, რომელთაც სთხოვეს თითოეული ჯარისკაცისათვის ერთი თასი სასმელი მაინც მიეცათ. ჰუსარებმა იუარეს სასმლის გაყოფა და დაიწყეს კასრებით ბარიკადების აგება. გაიმართა ჩხუბი, რომლის დროსაც, ერთ-ერთმა ჰუსარმა, განზრახ თუ შემთხვევით, ქვეითს ესროლა.  ჰუსარები და ქვეითები მაშინვე დაერივნენ ერთმანეთს და ბრძოლა გააჩაღეს. ბრძოლამ მრავალი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, ბევრიც დაიჭრა. არც ნასვამ ჰუსარებს და არც მოწყურებულ ქვეითებს არ სურდათ დათმობა. შედეგად, ქვეითთა და ჰუსართა ნაწილი მეორე ნაპირზე გადავიდა რათა მოეწოდებინათ თავისიანებისათვის დახმარებოდნენ ბრძოლაში. ნაპირთან მოახლოებულმა არმიამ დაინახა მათკენ მორბენალი ჯარისკაცები. ამ დროს ერთ-ერთმა ქვეითმა ყურადღების მისაპყრობად თუ გასახუმრებლად, ყვირილი დაიწყო: თურქები! თურქები! ამ ხუმრობამ საშინელი შედეგი მოიტანა. ჰუსარებმა სერიოზულად გადაწყვიტეს რომ თურქების არმია იყო მოახლოებული და უკან დახევა დაიწყეს ქვეითებთან ერთად. ერთი მხრივ, ვერ გაარკვიეს ვინ ყვიროდა მოახლოებული თურქების შესახებ, მეორე მხრივ ვერავინ წარმოიდგენდა რომ მათკენ მორბენალი ჯარისკაცები უბრალოდ ალკოჰოლურ სასმელს ვერ იყოფდნენ, დაიწყო პანიკა მრავალნაციონალურ ავსტრიულ არმიაში. 
ავსტრიელი ჰუსარები (XVIII ს.)

ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ოფიცრებმა გერმანულად დაიყვირეს: შეჩერდით! შეჩერდით! - „Halt! Halt!"  ჯარისკაცებმა, რომელთაც ცუდად იცოდნენ გერმანული, რატომღაც გადაწყვიტეს რომ ეს იყო თურქული შეძახილი „ალაჰ! ალაჰ!" რომელსაც ბრძოლის დროს ყვიროდნენ თურქები. პანიკამ წამებში მოიცვა მთელი არმია, რასაც ხელს უწყობდა ისიც, რომ ბნელი ღამე იყო. ყველამ გადაწყვიტა, რომ თურქული ლაშქარი მათ ბანაკში შეიჭრა. ერთ-ერთი კორპუსის მეთაურმა საჩქაროდ უბრძანა არტილერისტებს ცეცხლი გაეხსნათ. ყუმბარები პირდაპირ გაგიჟებული ჯარისკაცების მასაში ცვიოდა. მთელი ბანაკი ბრძოლაში ჩაერთო საკუთარივე ჯარისკაცებთან, თანაც ფიქრობდნენ ჩვენს პოზიციებზე შემოჭრილ თურქულ კავალერიას ვებრძვითო. პანიკური უკანდახევის დროს, ხიდი მდინარე ტიმიშზე ჩაინგრა და მრავალი ჯარისკაცი მდინარეში ჩაცვივდა. ნაწილი დაიხრჩო, ნაწილმა ნაპირს მიაღწია.
იოსებ II, ავსტრიის იმპერატორი

გამოღვიძებულმა იმპერატორმა იოსებ II-მაც გადაწყვიტა, რომ თურქების წინააღმდეგ იბრძოდნენ და ეცადა საქმეში ჩარეულიყო, მაგრამ პანიკაში ჩავარდნილი ჯარისკაცების ბრბომ ცხენიდან ჩამოაგდო. მისი ადიუტანტი ცხენებმა და ჯარისკაცებმა გათელეს, იმპერატორი კი ძლივს გადარჩა. დილით, ავსტრიული არმიის კვალიც კი აღარ ჩანდა: ჯარისკაცთა უდიდესი ნაწილი უბრალოდ შიშისაგან გაიქცა. 
ავსტრიელი ქვეითები (XVIII ს.)

ამ უცნაური ბრძოლი შედეგი ათი ათასამდე დაღუპული და დაჭრილი იყო. დანარჩენები სოფლებსა და ქალაქებში გაიქცნენ. თურქული არმია ვეზირ ქოჯა იუსუფ ფაშას სარდლობით (ქოჯა იუსუფ ფაშა წარმოშობით ქართველი იყო) ორი დღის შემდეგ გამოჩნდა ბრძოლის ველზე და აღმოაჩინა დიდძალი საბრძოლო რესურსები, რომელიც ავსტრიელებმა დატოვეს, ასევე ცოცხალ-მკვდარი ჯარისკაცებიც, რომელთაგან თურქებმა ვერ გაიგეს რა დაემართათ ავსტრიულ შენაერთებს. მას შემდეგ, რაც ავსტრიელთა პოზიციები აღმოაჩინეს, მათ სწრაფად მიაღწიეს კარანსებეშამდე და ადვილად დაიკავეს. ვეზირის ბრძანებით ყველა ტყვეს თავი მოკვეთეს, თანაც დაჰპირდა რომ თითოეული დასჯილის საფასურად 10 დუკატს გაიღებდა. სულთან აბდულ-ჰამიდ I-ს მმართველობისას ეს იყო ოსმალეთის იმპერიის არმიის ყველაზე მასშტაბური გამარჯვება. ავსტრიელთა გადარჩენილმა ნაწილებმა კი გრაფი კინსკის მეთაურობით ბრძოლა განაგრძეს. 


https://m.warhistoryonline.com/featured/karansebes-battle.html
http://www.gov.karelia.ru/Karelia/883/50.html
http://www.todayifoundout.com/index.php/2014/04/battle-karansebes/
http://www.strangehistory.net/2010/10/28/the-made-up-battle-of-karansebes/
https://ru.wikipedia.org/wiki/Битва_при_Карансебеше


ნიკა ხოფერია