დრაკონის ორდენის ჩამოყალიბება, მიზნები და ცნობილი წევრები

XV საუკუნის დასაწყისში, როდესაც ჯვაროსნული ომების ეპოქიდან მხოლოდ ორი ძლიერი გაერთიანება - წმინდა იოანესა და ტევტონ რაინდთა ორდენები იყო შემორჩენილი, აღმოსავლეთ ევროპის მონარქებმა დაიწყეს ფიქრი როგორ შეეჩერებინათ მუსლიმ თურქთა ექსპანსია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მათი სწრაფვა ცენტრალური ევროპისაკენ. ოსმალები, რომლებიც თემურლენგთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, რამდენიმე წლით, იძულებულები გახდნენ შეეწყვიტათ შეტევა ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასაპყრობად, კვლავ ძალებს იკრებდნენ ბიზანტიისათვის საბოლოო დარტყმის მისაყენებლად. 

ორდენის დაარსება
1396 წელს, ნიკოპოლისთან მარცხის შემდეგ, უნგრეთის მეფეს, სიგიზმუნდს ბარონთა ოპოზიციასთან მოუწია დაპირისპირება, რომელთაც არ მოსწონდათ მეფის ერთპიროვნული მმართველობა. 1403 წელს, ოპოზიციის მეთაურებმა პალატინმა დეტრე ბებეკმა და კანცლერმა იანოშ კანიჟაიმ, მას შემდეგ რაც მიიღეს სიგიზმუნდის უარი უცხოელი მოკავშირეებისაგან ჩამოშორებაზე, უნგრეთის ტახტზე მოიწვიეს ნეაპოლის მეფე ვლადისლავი. ვლადისლავმა დაიკავა დალმაცია და ზადარში მეფედ ეკურთხა. მალე ის ნეაპოლში დაბრუნდა და დალმაციაში თავისი ბოსნიელი ვასალი ხრვოე ვუკჩიჩ ხრვატინიჩი დატოვა. სიგიზმუნდი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის დამორჩილებას და აჯანყებული ბარონები აიძულა დანებებულიყვნენ. 
სიგიზმუნდი, უნგრეთის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი (პიზანელოს ნახატი, 1433 წ.)

მეფის მომხრეებმა დაიკავეს უმაღლესი თანამდებობები ქვეყანაში. მისი მთავარი მოკავშირე მიკლოშ გარაი პალატინი გახდა. 1405 წელს, სიგიზმუნდი დაქორწინდა ბარბარაზე, ჰერმან ცილის ქალიშვილზე (ცილი მნიშვნელოვანი ფეოდალური გვარი იყო შუა საუკუნეების სლოვენიაში). ჰერმან ცილის მეორე ქალიშვილი ცოლად ჰყავდა მიკლოშ გარაის (ცილის გრაფის ძმისშვილი ვლადისლავ იაგელოს მეუღლე და პოლონეთის დედოფალი გახდა 1402 წელს). მეფეს უკვე შეეძლო თავისი ძალაუფლების დასაყრდენად გარაისა და ცილის საგვარეულოები გამოეყენებინა. 
1408 წელს, ბოსნიელებზე გამარჯვების აღსანიშნავად, სიგიზმუნდმა „დრაკონის ორდენი" შექმნა, რომელშიც შეიყვანდა თავის უახლოეს მოკავშირეებს და გააერთიანებდა მათ ძალებს. ორდენის სიმბოლო იყო დრაკონი, რომელსაც კუდი კისერზე ჰქონდა შემოხვეული და წრიულ ფორმას იღებდა. მის ზურგზე, კისრიდან კუდამდე, წმინდა გიორგის წითელი ჯვარი იყო გამოსახული ვერცხლისფერ ფონზე. შუა საუკუნეების პირველი ენციკლოპედისტის, ისიდორე სევილიელის (VI-VII სს.) მიხედვით, ასეთ დრაკონს, რომელიც ცხოვრობს მიწაზე და არ დაფრინავს, ეწოდება გველეშაპი (Serpens).

ჰერმან ცილიელმა იხსნა მეფე სიგიზმუნდი ოსმალთა ტყვეობისაგან ნიკოპოლისთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ (კნაკფუს ჰერმანის ნახატი, 1914 წ.)  

ორდენის ლათინური სტატუტის მიხედვით, დრაკონის ორდენს ეწოდება საზოგადოება, რომლის წევრები ატარებენ დრაკონის ნიშანს (Signum Draconis) და რომელსაც თავიანთ სახელს არ აწერენ. დრაკონის ორდენს საფუძვლად დაედო 1318 წელს, უნგრეთის მეფე კარლ (კაროლ) ანჟუელის დაარსებული „წმინდა გიორგის ორდენი"(Societas Militae Sancti Georgii). წმინდა გიორგი იყო დრაკონის ორდენის მფარველი წმინდანიც და მის მიერ დრაკონის დამარცხება ალეგორიულად გამოსახავდა ორდენის სამხედრო და რელიგიურ მსოფლმხედველობას და მიზნებს. 
სიგიზმუნდის კანცლერმა, ეპისკოპოსმა ებერჰარდმა განავრცო ორდენის სტატუტი და სხვადასხვა დეტალებიც შემოგვინახა. ებერჰარდის მიხედვით, მოწვეეული პრელატები, ბარონები და მსხვილი მემამულეები დადგნენ გამარჯვებული ქრისტეს დროშის ქვეშ ქრისტიანობის მტრების - „უძველესი დრაკონის მიმდევართა, წარმართ რაინდთა, სქიზმატიკოსთა და ორთოდოქსული რწმენის სხვა ხალხთა" წინააღმდეგ. ომები მიმდინარეობდა თურქი მუსლიმებისა და ჰუსიტების მოძრაობის წინააღმდეგ. ისინი შორს იყვნენ იმ ორთოდოქსი ხალხებისაგან, რომლებიც ერთგულნი იყვნენ ჯვრისა და მეფე სიგიზმუნდისა. 

დრაკონის ორდენის რიტუალური მახვილი (ავსტრია, დაახლ. 1433 წ.) 


დრაკონის ორდენის სიმბოლო XV ს. უნაგირზე 

პაპმა გრეგორი XII-მ მოიწონა ორდენის შექმნა. სიგიზმუნდის ინიციატივით კი შემუშავდა ორდენის რაინდად მიღებისა და სხდომების ჩატარების რიტუალები. 
სიგიზმუნდის მეფობის პერიოდში, 1408-დან 1437 წლამდე, დრაკონის ორდენი მეფის ერთგული ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა გახდა უნგრეთში. 
დრაკონის ორდენის პირველ წევრებს შორის იყვნენ თვითონ მეფე სიგიზმუნდი და დედოფალი ბარბარა, სერბეთის დესპოტი სტეფან ლაზარევიჩი, ჰერმან და ფრიდრიხ ცილები, მიკლოშ გარაი, ტრანსილვანიის ვოევოდები სციბორ სციბოჟიცელი და ლაცკფი იაკაბი, მაჩვნის ბანი (მმართველი) მაროტი იანოში, დალმაციის, ხორვატიისა და მთელი სლავონიის ბანი პეჩი პალი, ფლორენციელი კონდოტიერი პიპო სპანო (ფილიპო სკოლარი). 

სერბეთის დესპოტის სტეფან ლაზარევიჩის (1377-1427)  გერბი და დრაკონის ორდენის სიმბოლიკით 
დრაკონის ორდენის ჯვარი

სხვადასხვა დროს ორდენის წევრები გახდნენ პოლონეთის მეფე ვლადისლავ II იაგელო, ლიტვის დიდი მთავარი ვიტაუტას დიდი (ვიტოლდი), ინგლისის მეფე ჰენრი V, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I, არაგონის მეფე ალფონსო V, იტალიური ოჯახების კარარას, დელა სკალას წევრები, ვენეციის, პადუასა და ვერონას მთავრები. 

დრაკულა და დრაკონი
სახელ „დრაკულას" მეტად საინტერესო ისტორია აქვს. დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი თეორია არსებობდა მისი წარმოშობის შესახებ. დაწყებული გრიგორ ნანდრისით, რომელმაც „დრაკულა" განმარტა როგორც „დრაკულის შვილი"(ვლად დრაკული იყო ვალახიის მთავარი 1437-1443 და 1444-1447 წლებში), დამთავრებული რუმინული სიტყვა „დრაგულეასთან" არასწორი დაკავშირებით, რაც „საყვარელს", „ძვირფასს" ნიშნავს. პოპულარული ვერსია - „დრაკულის შვილი", ეჭვქვეშ დააყენა რუმინულმა სიტყვამ „დრაკულმა" ანუ „ეშმაკმა". სახელი „დრაკულა"(დრაკულეა) პირველად არა ვლად ცეპეშს, არამედ მის მამას, ვლად დრაკულს უკავშირდება. „დრაკულეად" მოიხსენიებდნენ მას ვენეციელი ბართოლომეო დე იანო, მისი თანამედროვე ბერძენი ქრონისტი ლეონიკოს ქალკოკონდილე და კრიტობულ იმბროსელი. თვით იანუშ ჰუნიადი, რომელმაც ის სიკვდილით დასაჯა, 1456 წლის დოკუმენტში „infidelem Drakwlam wayvodem" უწოდებს. თურქულ ქრონიკაში ის მოხსენებულია როგორც „დრაკულა" და არა „დრაკულეა". სერბი იანიჩარი, რომელიც წერდა 1496-1501 წლებს შორის პერიოდში, უწოდებდა მას voievodul valah Dracula, რაც ითარგმნება როგორც ვალახი მთავარი დრაკულა.

ტიგროვიშტე, ვალახიის დედაქალაქი ვლად ცეპეშის მმართველობისას 


სნაგოვის მონასტერი, საკურთხევლის წინ არის ვლად ცეპეშის, დრაკულას საფლავი 

ნათელია რომ დრაკულეა (დრაკულა) ვლად დრაკულის პოპულარული მეტსახელი, ნიშნავდა ადამიანს რომელიც იყო დრაკონის ორდენის წევრი. ვლად დრაკულის დროს „დრაკულა" ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რა მნიშვნელობაც მისი ვაჟის ვლად ცეპეშის მმართველობისას მიენიჭა. ვლად დრაკულმა ეს სახელი დრაკონის ორდენის წევრობით მიიღო 1431 წელს (ამისათვის ის ნიურნბერგში გაემგზავრა. ამავე წელს დაიბადა მისი ვაჟი, მომავალი ვლად ცეპეში).  ვლად ცეპესშსა და მის შთამომავლებს არასდროს გამოუყენებიათ დრაკონის ორდენის სიმბოლოები. ვლადმა უბრალოდ მამისაგან მიიღო სახელი „დრაკულა/დრაკულეა". მისი მემკვიდრეები ტრანსილვანიაში, დრაკულას სახელს XVII საუკუნემდე ატარებდნენ. 
ვლად ცეპეში (უცნობი ავტორის ნახატი, XVI ს.)

რომ არა დრაკონის ორდენი, სახელი დრაკულა დღეს ასეთი ცნობილი არ იქნებოდა. რაც შეეხება მის მეორე მეტსახელს, „ცეპეშს" ანუ „სარზე გამსმელს"(სარზე გასმის მეთოდს ყველაზე ხშირად მიმართავდა სიკვდილმისჯილთა წინააღმდეგ), ის დაახლოებით 1550 წლისთვის გაჩნდა და ვლადის სიცოცხლეში ამ ფორმით არ არსებობდა. ის იყო ცნობილი „კაზიკლუ ბეისა" და „კაზიკლი ვოევოდას" სახელით ოსმალებს შორის, რომელთა არმიები ვალახიაში ლაშქრობისას ხშირად აწყდებოდნენ სარზე გასმული ადამიანების „ტყეებს". როგორი უარყოფითი წარმოდგენაც არ უნდა არსებობდეს ვლად ცეპეშზე, ის ოსმალეთის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მოწინააღმდეგე იყო და მის სისასტიკეს გარკვეულწილად წარმატებაც მოჰქონდა მათთან ომში. 

დრაკონის ორდენის წარუმატებლობა
მიუხედავად ძალების კონსოლიდაციის გარკვეული მცდელობებისა, აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულმა მთავრებმა და მონარქებმა ვერ შეძლეს ოსმალთა იმპერიის ექსპანსიასთან გამკლავება. ოსმალები ნელ-ნელა მთელ ბალკანეთზე გაბატონდნენ და რაც მთავარია, 1453 წელს, აიღეს კონსტანტინოპოლი და აღმოსავლურ ქრისტიანობას ძლიერი დარტყმა მიაყენეს. დრაკონის ორდენი თანდათანობით კარგავდა თავის ძირითად მიზანს. შინაომები და ახლად წარმოშობილ რელიგიურ სექტებთან დაპირისპირება ძალას აცლიდა ქვეყნებს, რომელთაც დამცავი ბარიერი უნდა შეექმნათ მუსლიმთა შემოტევის საწინააღმდეგოდ. XVI საუკუნიდან დრაკონის ორდენი, ისევე როგორც სხვა რაინდული ორდენები, ნელ-ნელა ფორმალობად იქცა, თუცმა ამ სახით შემდგომ საუკუნეებშიც აგრძელებდა არსებობას და დღესაც არსებობს. 



ბიბლიოგრაფია
1. Fine, John V. A. The late medieval Balkans: a critical survey from the late twelfth century to the Ottoman Conquest. Ann Arbor, 1987.
2.  Rezachevici, Constantin. "From the Order of the Dragon to Dracula". Journal of Dracula Studies 1. 1999.
3.  Ред. Киселев В.И. Падение Восточной Европы, 1000-1568. Новый Солдат N93. Артемовск, 2002.
4. www.bibliotecapleyades.net



ნიკა ხოფერია