Showing posts with label მეთაურები. Show all posts
Showing posts with label მეთაურები. Show all posts

მემნონ როდოსელი: ალექსანდრე მაკედონელის უდიდესი მოწინააღმდეგე

ალექსანდრე მაკედონელი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული ფიგურაა, რომელმაც შექმნა უზარმაზარი იმპერია და საფუძველი ჩაუყარა ელინისტურ სამყაროს. ბრწყინვალე სამხედრო ნიჭით გამორჩეულმა მაკედონელმა მეფემ, გაიმარჯვა გრანიკოსის, ისოსის, გავგამელას, ჰიდასპეს ბრძოლებში, ბრწყინვალედ ორგანიზებული ალყებით აიღო  ტიროსი, ღაზა, სათავეში მოექცა ანტიკური სამყაროს უდიდესი ნაწილს ბალკანეთიდან ინდოეთამდე. აქემენიანთა იმპერია, ძველი აღმოსავლეთის უდიდესი სახელმწიფო, ძვ.წ. IV საუკუნისთვის, სამოქალაქო ომების, აჯანყებებისა და ბერძნებთან საგარეო მარცხის შემდეგ, შესუსტებული იყო, სატრაპიებს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა, თუმცა, ის კვლავინდებურად რჩებოდა დიდი სამხედრო შესაძლებლობების, უმდიდრეს ქვეყნად. მაგრამ მძლავრი და კარგად ორგანიზებული არმიის სათავეში მდგარი, ბალკანეთის ჰეგემონი მაკედონიის მეფესთან ბრძოლას შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა მასშტაბურ ომს და აირჩევდა სწორ სტრატეგიას. ვერც სპარსელმა სატრაპებმა და ვერც მეფე დარიოს III-მ ეს ვერ შეძლეს, მაგრამ, აქემენიანთა სამსახურში მყოფი გამოცდილი ბერძენი სარდალი, ალექსანდრესთვის ღირსეული და უაღრესად სახიფათო მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო მაკედონელი დამპყრობლის გეგმების ჩაშლასა და ომის ბედის შემოტრიალებასთან. ეს იყო მემნონი კუნულ როდოსიდან.

უელინგტონის ჰერცოგი: ბრიტანეთის იმპერიის მახვილი (ნაწილი I)



სერ ართურ უელსლი, ჰერცოგი უელინგტონი – ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი, იმავე აღიარებით სარგებლობდა საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს. უმთავრესად კი ცნობილია 1815 წელს გამართულ ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის არმიაზე მოპოვებული დიდი გამარჯვებით, რომელმაც განაპირობა იმპერატორის გადადგომა და „ასი დღის" დასასრული. როგორც ბრიტანელი ისტორიკოსი, გრეგორი ფრემონტ-ბარნსი წერს: „სადავოა იყო თუ არა უელინგტონი ბრიტანეთის ყველა დროის უდიდესი ჯარისკაცი, თუმცა უდავოდ მთავარი მოქმედი პირი გახლდათ მოკავშირეთა გამარჯვებებში როგორც ნახევარკუნძულის ომში, ისე 1815 წლის ბელგიის კამპანიაში. საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს, არც ერთ სხვა მხედართმთავარს არ ჰქონია ამ მასშტაბის წარმატებები ფრანგების წინააღმდეგ, როგორიც უელინგტონს ჰქონდა, რომელმაც დაამარცხა ნაპოლეონის მთელი რიგი თანამებრძოლები პორტუგალიაში, ესპანეთსა და სამხრეთ საფრანგეთში 1808-1814 წლებში, სანამ საბოლოოდ წარმატებით დაუპირისპირდებოდა თვითონ იმპერატორს ვატერლოოსთან 1815 წელს".

Spolia Opima, ოქტავიუსი და მარკუს ლიცინიუს კრასუს დივესის დაუფასებელი სამხედრო დიდება


ძველ რომში, მხედართმთავრისთვის, უდიდეს პატივად ითვლებოდა, როდესაც ორთაბრძოლაში, მოწინააღმდეგის მეთაურს დაამარცხებდა და მის საჭურველს იუპიტერის ტაძარს შესწირავდა. ამ გამარჯვების ნიშანს, ანუ ტროფეის spolia opima ეწოდება.

სექსტუს იულიუს ფრონტინუსი „სტრატაგემები"

I საუკუნის რომაელი ავტორის, სექსტუს იულიუს ფრონტინუსის „სტრატაგემები", პროგრამა „ლოგოსის" ფარგლებში გამოქვეყნდა. ეს ამ თხზულების პირველი ქართულენოვანი თარგმანია და ასევე, ანტიკურ სამხედრო ტრაქტატთაგან პირველია, რომელიც ქართულად გამოიცემა. 
„სტრატაგემები" მნიშვნელოვანი წყაროა ანტიკური ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესასწავლად. მასში თავმოყრილია ცნობები ძველი მსოფლიოს გამოჩენილი სამხედრო მოღვაწეების, ალექსანდრე მაკედონელის, ჰანიბალის, სციპიონის, კეისრის, პომპეუსის და სხვა ცნობილი სარდლების მოღვაწეობაზე, მათ ლაშქრობებზე, ტაქტიკა-სტრატეგიაზე, საველე, საალყო, საზღვაო ბრძოლებზე და წარმოადგენს ერთგვარ ანტიკურ სამხედრო სახელმძღვანელოს, კრებულს, რომლის მიხედვითაც სარდალმა უნდა იხელმძღვანელოს. ქართულენოვან გამოცემას დართული აქვს ვრცელი სამეცნიერო შესავალი და კომენტარები. 
წიგნის გამოცემაში დახმარებისთვის, მადლობა პროფესორ რისმაგ გორდეზიანს, გიორგი უგულავას და გიორგი ხარშილაძეს. 
გამოცემა არაკომერციულია და ტირაჟი არ არის დიდი. დაინტერესებულ პირებს, შეძენა შეგეძლებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსის წიგნების მაღაზიაში. 

ჰანიბალის არმია


ნაშრომის ძირითადი თემაა მეორე პუნიკურ ომში (ძვ.წ. 218-201 წწ.) კართაგენის არმიის სამხედრო პოტენციალი, შეიარაღება და მეთაურობა. მოქირავნე ჯარი ანტიკური ხანის ხმელთაშუა ზღვისპირეთში; მოქირავნეები როგორც კართაგენის ლაშქრის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათი გამოყვანისა და სამსახურის თავისებურებები, სამხედრო შესაძლებლობები. განხილულია მეორე პუნიკური ომის საკვანძო მომენტები ომის ძირითად თეატრებზე - იტალიაში, ესპანეთსა და აფრიკაში; დაპირისპირებულ მხარეთა მიღწეული წარმატებებისა თუ განცდილი მარცხის მიზეზები სამხედრო თვალსაზრისით. შედარებულია კართაგენისა და მისი მთავარი მოწინააღმდეგე მხარის  - რომის რესპუბლიკის სამხედრო ხელოვნება და მეთაურობა. 

ნაპოლეონის მარშლები



დავუ, მასენა, ლანი, ბერტიე, ნეი... ეს სახელები ნაპოლეონის ეპოქის სიმბოლოებად იქცნენ. იმპერიის პერიოდში ნაპოლეონმა სულ 26 მარშალი დანიშნა. მათ ცხოვრება ქაოტურ, ომითა და სისხლისღვრით აღსავსე წლებში გაატარეს. ყველამ დიდების მწვერვალს მიაღწია. ზოგიერთ ადრევე დაიღუპა, ზოგმა კი დიდხანს იცოცხლა და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში შემდგომში მომხდარ მასშტაბურ მოვლენებში.
ამ გამოცემით, ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს მარშლების საინტერესო და დრამატული მომენტებით აღსავსე ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

-----
წიგნი აშშ-ში გამოიცა. წიგნის შეძენა (გამოწერა) შესაძლებელია შემდგომ მისამართებზე: 

ავგუსტუსი: იმპერატორთა ეპოქის დასაწყისი რომში


ავგუსტუსი იანუსს წარმოადგენს რომის რესპუბლიკასა და იმპერიას შორის. ის არის ორივე - კულიმნაცია ძველი წყობისა, უკანასკნელი ყოვლისშემძლე მხედართმთავრების რიგიდან და ამავე დროს, ახალი წყობის დამამკვიდრებელი. მან წარმატებით ჩამოაყალიბა მმართველობის ახალი ტიპი, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაც იყო, რომ ძალაუფლებას ნახევარი საუკუნე ინარჩუნებდა და სიცოცხლე საკუთარ საწოლში დაასრულა. ის ასევე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსიც იყო, რომელიც აცნობიერებდა საჭიროებას თავისი ძალის ტრადიციული, რესპუბლიკური წესწყობილების საფარველქვეშ დატოვებისა. ავგუსტუსს არ გადაურჩენია რომის რესპუბლიკური წყობილება და არც მის ერთპიროვნულ მმართველობას შეიძლებოდა მისალმებოდა სენატი, მაგრამ ავგუსტუსმა აღადგინა წესრიგი სამოქალაქო ომების მთელი კასკადის შემდეგ და ჩვეულებრივი რომაელებისათვის კეთილდღეობის მომტანად ითვლებოდა. გმირი იყო ის თუ ანტიგმირი, მეტად რთული შეკითხვაა საპასუხოდ. 

იესო ნავეს ძე: ბიბლიური ქანაანის დაპყრობა

იესო ნავეს ძე (იეხოშუა ბინ ნუნი) ებრაელთა ბიბლიურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო მეთაური იყო, რომელმაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ქანაანის დაპყრობაში. მისი მოღვაწეობა ძველი აღთქმის მეექვსე წიგნში „იესო ნავეს ძეშია" აღწერილი.

შეშონქი, ტაჰარქა და ნეხო: ეგვიპტის ბრძოლა უწინდელი ძლიერების აღსადგენად

XVIII-XIX დინასტიების მმართველობის (ძვ.წ. XVI-XII სს.) შემდეგ, მეორე ათასწლეულის დასასრულს, ეგვიპტის ძლიერი სამეფო დასუსტდა და შინაომებში გართული ქვეყანას ლიბიელები და ნუბიელები დაეუფლნენ და თავიანთი სამეფო დინასტიები შექმნეს, რომელთაგან ეგვიპტემ გათავისუფლება ასწლეულების შემდეგ შეძლო, მაგრამ ამის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ძლიერ იმპერიებთან - ასურეთთან და ბაბილონთან მოუხდა ბრძოლა. ამ პერიოდის - ძვ.წ. X-ძვ.წ. VII საუკუნეების - სამი ყველაზე გამორჩეული ფარაონი იყო შეშონქ I ლიბიური დინასტიიდან (XXII, იგივე ბუბასტისის დინასტია, ძვ.წ. X-VIII სს.), ტაჰარქა ნუბიური დინასტიიდან (XXV, იგივე ქუშის დინასტია, ძვ.წ. VIII-VII სს.) და ეგვიპტელი ნეხო II (XXVI დინასტია, ძვ.წ. VII-VI სს.).

კონდოტიერები: ომის მეთოდები რენესანსულ იტალიაში (XIV-XV სს.)

„იტალიის დამხობა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ამდენი წლის მანძილზე, მისი სამხედრო ძლიერება მარტოოდენ დაქირავებულთა რაზმებს ემყარებოდა."
ნიკოლო მაკიაველი (1) 

გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცებული ქვეყანა იყო, რომელშიც მრავალი ცალკეული ქალაქ-სახელმწიფო თუ სამეფო არსებობდა, თუმცა მათ მრავალი საერთო ნიშანი გააჩნდათ. „რეგიონს ერთგვაროვანი კულტურული სივრცე გააჩნდა რომის იმპერიის ნგრევის დასასრულიდან. რომაული კათოლიციზმი დომინანტი იყო. რელიგია და სამართალი რომაული სისტემიდან მიიღეს, საერთო ხელოვნება და კულტურა კი მთელ ნახევარკუნძულს აერთიანებდა. იტალიური ენა, რომელიც ლათინურიდან წარმოსდგებოდა, VII საუკუნიდან გამოიყენებოდა, XII საუკუნის სიცილიური სკოლის პოეტები კი უკვე ისეთი იტალიურით წერდნენ, რომლის გაგება დღეს თავისუფლადაა შესაძლებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ამ მსგავსებისდა მიუხედავად, იტალიას პოლიტიკური ერთიანობა არ ჰქონდა" (2).

„ცხრა ღირსეული" ანუ რაინდობის გმირები შუა საუკუნეების ევროპაში


„ცხრა ღირსეული" წარმოადგენს ცხრა ისტორიული, ბიბლიურ და ლეგენდარულ პერსონაჟს, რომელთაც რაინდობის იდეალურ მაგალითებად თვლიდნენ შუა საუკუნეებში. ყველა მათგანს ზოგადად მოიხსენიებდნენ როგორც პრინცებს, მთავრებს, იმის მიუხედავად, სინამდვილეში რა ტიტულებს ატარებდნენ. ფრანგები მათ მოიხსენიებდნენ როგორც „ცხრა ვაჟკაცს". ისინი იყვნენ სიმბოლოები არა მხოლოდ ჯარისკაცული სიმამაცისა და კარგი მხედართმთავრობისა, არამედ რაინდული მორალისაც. თითოეული მათგანის ცხოვრების შესწავლა ახალგაზრდა რაინდისათვის თუ რაინდობის მსურველისათვის კარგ განათლებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. უფრო გვიან გაჩნდა „ცხრა ღირსეულ ქალთა" რიგიც, თუმცა ის არც მსგავსი პოპულარობით სარგებლობდა და მის გარშემო არც ისეთი სიზუსტე და ერთიანობა არსებობდა, როგორიც „ცხრა ღირსეულ" რაინდთა რიგს ჰქონდა (ქალთა რიგში წმინდანი ქალები და ძველ ბერძნული მითოლოგიის ამორძალებიც შედიოდნენ).
ზემოთ ილუსტრაცია: „ცხრა ღირსეულის" გამოსახულება კიოლნის რატუშაზე (XIV ს.)

ნადირობა ლომზე: რიჩარდ ლომგულის ტყვეობა და გათავისუფლება


ინგლისის მეფე რიჩარდ პლანტაგენეტი, რომელსაც ჯერ კიდევ თავის დროშივე „ლომგული" უწოდეს, შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირი და ინგლისის ისტორიის გამორჩეული ფიგურაა, მაგრამ მას ქვეყნისათვის სიმდიდრე და კეთილდღეობა არ მოუტანია, არც დიდი მშენებლობები წამოუწყია და სიმართლე რომ ვთქვათ, არც მნიშვნელოვანი ტერიტორიული შენაძენი ჰქონია, ის კი არა, ინგლისურად არც კი საუბრობდა და თავისი მეფობის უმეტესი ნაწილი ინგლისს გარეთ ჰქონდა გატარებული. მაგრამ რიჩარდი იყო თავისი დროის ფეოდალური იდეოლოგიის ჭეშმარიტი წარმომადგენელი, რაინდი-ჯვაროსანი, ამაყი და პატივმოყვარე მეომარი, საკმაოდ გამჭრიახი მხედართმთავარიც, რომელსაც შუა საუკუნეების მრავალი ლეგენდა უკავშირდება. დამსახურებული იყო ის დიდება, რომელიც მის სახელს ახლავს თუ არა, დღეს ისტორიკოსთა მსჯელობის საგანია.

ქართველები ნაპოლეონის ომებში (1803-1815)


ომებში, რომელიც საფრანგეთ-ინგლისის დაპირისპირებით დაიწყო 1803 წელს და 1815 წლამდე, იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის საბოლოო გადადგომამდე გაგრძელდა, მრავალი ეროვნების ადამიანი მონაწილეობდა. ევროპის მასშტაბებში დაწყებული ეს სამხედრო დაპირისპირება გავრცელდა ამერიკასა და აზიაშიც, მოიცვა მთელი მსოფლიო. ჯონ ჰოლანდ როუზი აღნიშნავდა, რომ „ნაპოლეონის ისტორია თორმეტი მნიშვნელოვანი წლის განმავლობაში კაცობრიობის ისტორიად იქცა".(1) რაც არ უნდა იყოს ნაპოლეონის ომების მიზეზები, მისი ჩავლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ძალიან განსხვავებული ევროპა და ძალიან განსხვავებული მსოფლიო.(2) ნაპოლეონის მხარეს და მის წინააღმდეგ არა მხოლოდ ფრანგები, ინგლისელები, ავსტრიელები, გერმანელები, შვეიცარიელები, იტალიელები, პორტუგალიელები, ესპანელები, შვედები თუ პოლონელები იყვნენ, არამედ ცალკეულ შემთხვევებში შორეული ქვეყნების, ევროპულ იმპერიათაგან დაპყრობილი თუ თავისუფალი ხალხების წარმომადგენლები. მათ შორის კი - ქართველებიც. ნაპოლეონის ომებს ქართველი მონაწილეები ორივე მხარეს ჰყავს, როგორც ფრანგების, ისე მოწინააღმდეგეების, კერძოდ კი რუსეთის იმპერიის. ჩვენ სტატიაში ცალ-ცალკე მიმოვიხილავთ ორივე მხარეს.

ნაპოლეონი საფრანგეთში: რეფორმები კონსულატისა და იმპერიის ხანაში

         
                     დადგება დღე და ისტორია იტყვის, რა იყო საფრანგეთი, როცა მე ავედი ტახტზე და რად იქცა,როცა კანონები დავუწერე ევროპას.(1)  

ნაპოლეონ ბონაპარტი

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე საფრანგეთი, რომელმაც 1789-1799 წლებში რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალებების რთული და დაძაბული პერიოდი განვლო, 1799 წლის 18 ბრიუმერის (9 ნოემბრის) სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ნაპოლეონი იყო ნიჭიერი მხედართმთავარი, ადმინისტრატორი, პოლიტიკოსი და დიპლომატი, სახელგანთქმული თავისი კამპანიებით იტალიასა და ეგვიპტეში. მან კარგად გამოიყენა თავისი გავლენა სამხედრო წრეებზე და ჯერ საფრანგეთის პირველი კონსული გახდა, 1804 წლიდან კი კონსტიტუციის მიხედვით ფრანგთა იმპერატორად გამოცხადდა.

ვატერლოოს განტევების ვაცი: მარშალი ემანუელ გრუში (1766-1847 წწ.)

საფრანგეთის რევოლუციის და ნაპოლეონის ომებმა (1792-1815 წწ.) მხედარმთავართა მთელი პლეადა წარმოშვეს. მათ შორის იყო ემანუელ გრუშიც რომელმაც თავი  გამოიჩინა უამრავ ბრძოლაში. იმპერატორის ერთგული მსახური, გრუში ნაპოლეონის მიერ შერჩეული უკანასკნელი მარშალი იყო. ეს კვერთხი მან 1815 წლის აგვისტოში მიიღო. მაგრამ ხალხის მეხსიერებაში მისი სახელი სამუდამოდ არის დაკავშირებული სწორედ ვატერლოსთან ნაპოლეონის დამარცხებასთან, რომელიც თითქმის სრულად დაბრალდა გრუშის და მისი ყოველი წარმატება თუ მიღწევა გადაფარა.   

რაინდთა ტურნირები (X-XVI სს.)



 XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, ევროპაში, რაინთა ტურნირების ეპოქა დაიწყო, რომელმაც განვითარების მწვერვალს XV-XVI საუკუნეებში მიაღწია. საზეიმოდ აღჭურვილი ევროპელი რაინდები, ერთმანეთს სამხედრო ოსტატობაში ეჯიბრებოდნენ და საჯაროდ ახდენდნენ თავიანთი უნარების დემონსტრირებას საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას. ტურნირებს ძირითადად მეფეები და მსხვილი ფეოდალები აწყობდნენ განსაკუთრებული შემთხვევების აღსანიშნავად: სამეფო ქორწილებისას, მემკვიდრის დაბადებისას, სამშვიდობო ზავის დადებისას და ა.შ.       

   რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებას მრავალი დეტალი თუ წესი გააჩნდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა. იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა ტურნირები და თუ რამ გამოიწვია მათი დაცემა, ქვემოთ ვისაუბრებთ.    

ანტიკური წყაროები კეისრის ლეგიონერების შესახებ


























გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ. 100-44 წწ.) ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელმაც გააფართოვა რომის იმპერიის საზღვრები - დაიპყრო კელტებით დასახლებული დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი, მოიპოვა გამარჯვება სამოქალაქო ომში პომპეუსისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ, საფუძველი ჩაუყარა რომის სახელმწიფო წყობის რესპუბლიკიდან იმპერიად ქცევას. კეისარმა ყოველივე ამას არა მხოლოდ უდიდესი ნიჭიერებითა და ენერგიულობით, არამედ რომაული არმიის სიძლიერით, სიმამაცითა და სამხედრო საქმის შესანიშნავი ცოდნით მიაღწია. კეისარს ჰქონდა უნარი მოეპოვებინა ჯარისკაცთა ერთგულება როგორც თავისი ქცევითა და სიტყვით, ასევე ომში მიღებული ნადავლის სათანადოდ განაწილებითა და ჯარისკაცების მიმართ სამართლიანობით. კეისარი ლეგიონერებს დიდი გამარჯვებებისკენ გაუძღვა გალიაში, იქცა მათ ბელადად, მამად და ჯარისკაცებმაც იქამდე უერთგულეს, სანამ მათი მხედართმთავარი რომის ერთპიროვნული მმართველი არ გახდა. მისი მეომრების სიმამაცისა და თავდადების შესახებ ცნობები ანტიკურ წყაროებში გვხვდება - ამის შესახებ წერდა პლუტარქე, რომელმაც კეისრის შესანიშნავი ბიოგრაფია შეადგინა და თავად კეისარი საკუთარ ჩანაწერებში გალიის ომის შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენ ამოვარჩიეთ ცალკეული შემთხვევები, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა. მათ შორის არიან ბევრისთვის ცნობილი გმირები, ლუციუს ვორენუსი და ტიტუს პულო, რომელთა ისტორია ოსტატურად გამოიყენა ამერიკელმა სცენარისტმა ბრუნო ჰელერმა, რომელმაც დაწერა სცენარი HBO-ს გახმაურებული სერიალ „რომისათვის" (Rome). [სასათაურე სურათზე, ლუციუს ვორენუსი და ტიტუს პულო, სერიალი Rome).

ფეოდალური წოდებები შუა საუკუნეების ევროპაში და მათი მნიშვნელობა (ბოლო შევსებული ვერსია)


შუა საუკუნეები საზოგადოების ფეოდალური წყობის კლასიკური სახით ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდია, შესაბამისად, ამ ეპოქაში გაჩნდა მრავალი ახალი წოდება, რომელსაც ატარებდა საზოგადოების პრივილეგირებული ფენა. ზოგიერთ სახელმწიფოში ესა თუ ის ტიტული უფრო მაღალი და მეტი ძალაუფლების აღმნიშვნელი იყო, ზოგგან კი მას სხვა წოდება აღემატებოდა. მეფე და იმპერატორი, რომელიც ევროპაში უმაღლეს ტიტულატურად ითვლებოდა ქვეყნების უმრავლესობაში, არ იყო აღიარებული ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, სადაც მას მთავრის, ჰერცოგის ან რომელიმე სხვა ტიტულით ანაცვლებდნენ და სწორედ მონარქთა მსგავსად ფლობდნენ ფაქტობრივად აბსოლუტურ ძალაუფლებას. ეს წოდებები - გრაფი, ლანდგრაფი, ბარონი, მარკიზი, კომესი, ვოევოდა, ვიკონტი, ერლი და ა.შ. სხვადასხვა უფლებებით სარგებლობდნენ და ასევე გარკვეული ვალდებულებები აკავშირებდათ თავიანთ სენიორთან და თვითონაც იყვნენ უფრო დაბალი წოდების ადამიანთა სენიორები. 

სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის მეთაური დიდგორის ომში - ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი

 1121 წელს, დიდგორის ბრძოლაში საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი დაამარცხა, რომლის მთავარ ძალას და მეთაურს წარმოადგენდა სწორედ ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი, მარდინისა, ჰარანის, ნისიბინის, რა'ს ალ-'აიანისა და მაიაფარიკინის ამირა. ილ-ღაზი ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელია. იგი მონაწილეობდა როგორც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლებში, ასევე ლევანტში ჩამოყალიბებული ევროპულ-ქრისტიანული სამთავროების წინააღმდეგ ომებში.

მებრძოლი ქალები შუა საუკუნეების ისტორიაში

ჟანა დ'არკის გარდა, რომელიც  ყველაზე ცნობილი მეომარი ქალია ისტორიაში, შუა საუკუნეებში სხვა ბევრი მაგალითიც გვაქვს, როდესაც ქალები იარაღით ხელში იბრძოდნენ და მეთაურობდნენ არმიებს. აქ წარმოდგენილია რამდენიმე გამორჩეული მათგანი. (სურათზე - კატერინ ვინიკი მებრძოლი ქალის ლაგერტას როლში History Channel-ს სერიალიდან Vikings).