საფრანგეთის რევოლუციის და ნაპოლეონის ომებმა (1792-1815 წწ.) მხედარმთავართა მთელი პლეადა წარმოშვეს. მათ შორის იყო ემანუელ გრუშიც რომელმაც თავი გამოიჩინა უამრავ ბრძოლაში. იმპერატორის ერთგული მსახური, გრუში ნაპოლეონის მიერ შერჩეული უკანასკნელი მარშალი იყო. ეს კვერთხი მან 1815 წლის აგვისტოში მიიღო. მაგრამ ხალხის მეხსიერებაში მისი სახელი სამუდამოდ არის დაკავშირებული სწორედ ვატერლოსთან ნაპოლეონის დამარცხებასთან, რომელიც თითქმის სრულად დაბრალდა გრუშის და მისი ყოველი წარმატება თუ მიღწევა გადაფარა.
ემანუელ დე გრუში დაიბადა ქალაქ პარიზში 1766 წლის 23 ოქტომბერს ნორმანდიული წარჩინებული გვარის ოჯახში. მისმა გვარმა საუკუნეების მანძილზე სახელი გაითქვა საფრანგეთში, განსაკუთრებით სამხედრო ასპარეზზე. მარშალ გრუშის მამა ფრანსუა-ჟაკ დე გრუში მეფე ლუის XV-ის პირადი პაჟი იყო. ორი ქორწინებიდან ოთხი შვილი შეეძინა, რომელთა შორის უფროსი ვაჟი სწორედ მომავალი მარშალი ემანუელ გრუში იყო. მარშლის და სოფი დე გრუში იყო ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის მარკიზ დე კონდორსეს მეუღლე.
ასეთი წარმომავლობის ადამიანი, ბუნებრივია, სამხედრო კარიერას აირჩევდა. თოთხმეტი წლის ასაკიდან ის სხვადასხვა ელიტურ სამხედრო შენაერთებში მსახურობდა. სამხედრო განათლება მან სტრასბურგის ელიტურ საარტილერიო სკოლაში მიიღო. სამეფო კარზე მსახურების დროს იგი პირადად გაეცნო მეფე ლუი XVI-ს. გრუშის საოჯახო საარქივო მასალებს შორის 1785 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული ერთი საინტერესო, წერილიც გვხდება, რომლის მიხედვით, გრუშის მეფესთან ერთად ნადირობის პატივი რგებია. იმავე წელს გრუში დაქორწინდა სესილი ლე დულჩე დე პონტეკულანზე, რომელიც მის გვერდით იყო მომდევნო ორმოცდაორი წლის განმავლობაში.
ლუი XVIII (ანტუან-ფრანსუა კალეს ნახატი, 1779 წ.)
ამრიგად, 1789 წლისათვის, გრუშიმ საკმაოდ წარმატებული კარიერა შეიქმნა და მისი მომავალი მეტ-ნაკლებად განსაზღვრული იყო. რევოლუციის რომ არ მომხდარიყო, ის განაგრძობდა სამეფო კართან მსახურებას და უეჭველად, თავისი წინაპრების მსგავსად, წარჩინებასაც მიაღწევდა. 1789 წელს საფრანგეთში დაწყებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ყოველივე ეს შეცვალა. მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რევოლუციის დაწყებისთანავე გრუშიმ ზურგი შეაქცია ბურბონთა ხელისუფლებას და რევოლუციურ იდეალებს დაუჭირა მხარი. ბუნებრივია, ამის შემდეგ სამეფო კარზე მას არ დაედგომებოდა და 1791 წლის მიწურულს იგი გადავიდა ცხენოსან ეგერთა მე-12 პოლკში. გრუში ჭკვიანი და მონდომებული ოფიცერი იყო და მის გულმოდგინე საქმიანობას მალევე მიაქციეს ყურადღება. 1792 წელს იგი ჰუსართა მექვსე პოლკის პოლკოვნიკი და მეთაური გახდა. ამ დროისათვის საფრანგეთის უკვე ავსტრიის და პრუსიის წინააღმდეგ ომში იყო ჩაბმული და გრუში ავსტრიელთა და სარდინიელთა შემოტევებისგან იცავდა ალპებზე გამავალ აღმოსავლეთ საზღვრებს.
1793 წელს გრუში გადაიყვანეს ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში სადაც ამ დროს ვანდეის ამბოხება ბობოქრობდა. მან თითქმის ერთი წელი შეალია მეამბოხეებთან ბრძოლას მაგრამ თავდადებული სამსახურის და მამაცობის მიუხედავად, რევოლუციურ ხელისუფლებას გრუში მაინც საეჭვოდ მიაჩნდა მისი თავადური წარმოშობის გამო. ამის გამო 1793 წლის 30 სექტემბერს იგი დააპატიმრეს, როგორც საეჭვო პიროვნება.
ირლანდიური ექსპედიციის მარცხი, ფრანგული ესკადრის განადგურება (ინგლისური კარიკატურა, 1797 წ.)
1794 წლის ივლისში იაკობინელთა ხელისუფლება დაემხო და ტერორის ხანა დასრულდა. ახალმა ხელისუფლებამ პატიმართა დიდი ნაწილი გაათავისუფლა და ბევრი ყოფილი პატიმარი თანამდებობებზე აღადგინა, მათ შორის გრუშიც. გრუშიმ განაგრძო ვანდეელ ამბოხებულებთან ბრძოლა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, რისთვისაც 1795 წელს დივიზიის გენერლის წოდება დაიმსახურა. მომდევნო ორი წელი მან სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე გაატარა, მათ შორის ბრესტის სანაპიროს არმიის მხედართმთავრად და ბრესტის კომენდანტად.
1798 წელს გრუშიმ მონაწილეობა მიიღო გენერალ ლაზარ ჰოშის ექსპედიციაში, რომელიც წარუმატებლად ეცადა ირლანდიაში ბრიტანეთის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებას. ირლანდიაში ექსპედიცია ნიშანდობლივია იმით რომ გრუშიმ პირველად წარმოაჩინა თავისი გაუბედავი ხასიათი და ხელთ არსებული ვითარების შეფასების უუნარობა გამოავლინა. გრუშის ოცდათხუტმეტ გემიანი ექსპედიცია ირლანდიის ნაპირებთან 1796 წლის დეკემბრის ბოლოს მიადგა. ამბოხებულ ირლანდიელთა ბელადის თეობალდ ვოლ ტონის განუწყვეტელი თხოვნის მიუხედავად, გრუშიმ ვერ გაბედა ჯარების ნაპირზე გადასხმა და თავისი გადაწყვეტილება შესაბამისი ბრძანების არ ქონით დაასაბუთა. ფრანგული ესკადრა რამოდენიმე კვირა უსაქმოდ იდგა ირლანდიის ნაპირებთან სანამ ძლიერმა ქარიშხალმა არ ჩამოიარა და დიდი ზიანი არ მიაყენა მას. ამასობაში ბრიტანელებმა ისარგებლეს ვითარებით და ამბოხებულების წინააღმდეგ ძლიერი შეტევა წამოიწყეს, რითაც საგრძნობლად შეცვალეს სამხედრო ვითარება და ფრანგებს ირლანდიელებისათვის დახმარების საშუალებაც მოუსპეს. 1797 წლის იანვარში ფრანგები უკან დაბრუნდნენ ხოლო ირლანდიელთა ამბოხება ბრიტანელებმა სისხლში ჩაახშვეს. თავის “ავტობიოგრაფიაში” თეობალდ ტონი სიმწრით აღნიშნავდა რომ 1796 წელს “ისევე როგორც 20 წლის შემდეგ, გრუშიმ ბრიტანეთის იმპერიის მფარველი სულის როლი შეასრულა.” ისეთ ვითარებაში როდესაც გაბედულობა, იმპროვიზაცია და სხარტი გონება იყო საჭირო, გრუშიმ პედანტურობა და გაუბედაობა გამოაჟღავნა. ირლანდიელი მწერალი ბარი ობრაიენი აღნიშნავდა რომ “გრუშის უუნარობამ დაინახოს ხელთ არსებული დიდი შესაძლებლობა ირლანდიაც დაღუპა და ვატერლოოც.”
გენერალი ჟან-ვიქტორ მორო
საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, გრუში დროებით გერმანიის ფრონტზე, მაინცის არმიაში მსახურობდა, 1799 წელს გენერალ ჟან მოროს იტალიის არმიის შტაბის უფროსი გახდა და მონაწილეობა მიიღო მეორე კოალიციის ომში. ფრანგები დამარცხდნენ და ფაქტობრივად ბონაპარტის იტალიური კამპანიის (1796-1797) მთელი მონაპოვარი მტერს დაუთმეს. გრუში ერთ-ერთი ბრძოლისას რამდენჯერმე დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.
ავსტრიელებთან ტყვეობაში გრუშიმ ერთი წელი გაატარა. ამასობაში გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი დაბრუნდა ეგვიპტიდან და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად საფრანგეთის ხელისუფლება დაამხო. ამ ამბის გაგებისთანავე გრუშიმ ტყვეობიდან გამოაქვეყნა საპროტესტო წერილი, რომელშიც ბონაპარტის ქმედებები დაგმო. 1800 წლის ზაფხულში გრუში გაათავისუფლეს. იგი სამშობლოში დაბრუნდა. პირველმა კონსულმა ბონაპარტმა მისი სამხედრო ნიჭი სათანადოდ შეაფასა და ერთ-ერთი დივიზიის უფროსად დანიშნა. იმავე წლის შემოდგომაზე გრუშიმ მონაწილეობა მიიღო ავსტრიელთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. 2-3 დეკემბერს ქალაქ ჰოჰენლინდენთან გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში, გენერალმა მორომ სასტიკად დაამარცხა ავსტრიელები და აიძულა დაზავებოდნენ საფრანგეთს. გრუშის დივიზიამ დიდი როლი ითამაშა ამ ბრძოლაში და თავის მოხსენებაში მორომ ხაზი გაუსვა გრუშის წარმატებულ მოქმედებებს. მაგრამ ამ წარმატებას უარყოფითი შედეგიც მოყვა. მოროსა და ბონაპარტის შორის არსებული დაპირისპირება და შუღლი გაღრმავდა. ბონაპარტი, ბუნებრივია, ეჭვის თვალით უყურებდა თავისი პოტენციური მეტოქის ქვეშევრდომებს, მათ შორის გრუშისაც. ომის დასრულების შემდეგ, გრუში კავალერიის გენერალ ინსპექტორად დაინიშნა მაგრამ 1803 წელს იგი მოულოდნელად დიპლომატიური მისიით მიავლინეს იტალიაში. მისი არყოფნის დროს ნაპოლეონმა გენერალ მოროს მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა დასწამა და დააპატიმრა.
ჰოჰენლინდენის ბრძოლა, 3 დეკემბერი, 1800 წ. (ჰენრი ფრედერიკ შოპინის ნახატი, 1835 წ.)
სასამართლომ თავდაპირველად მორო უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ ნაპოლეონის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის შედეგად, სასამართლო განაჩენი გაბათილდა და მოროს პატიმრობა შეუფარდეს, რომელიც შემდგომში ქვეყნიდან გაძევებით შეუცვალეს. სასამართლოს მიმდინარეობისას გრუშიმ მორალური სიმამაცე გამოიჩინა, საჯაროდ დაუჭირა მხარი ბრალდებულს და ნაპოლეონის ქმედებები დაგმო, რის გამოც, ბუნებრივია, კონსულის წყრომა დაიმსახურა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში გრუში მეორე ხარისხოვან თანამდებობებზე მსახურობდა ჯერ ჰოლანდიაში, ხოლო შემდეგ საფრანგეთის დასავლეთ რეგიონებში. 1805 წლის აგვისტოში გრუში დაინიშნა მეორე კორპუსის მეორე დივიზიის უფროსად და მონაწილეობა მიიღო მესამე კოალიციის ომის ბრძოლებში, მათ შორის ულმის ოპერაციაში. ავადმყოფობის გამო, ის არ იყო არმიაში აუსტერლიცთან მომხდარი გადამწყვეტი ბრძოლისას. 1806 წელს გრუში პრუსიის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობდა. ამ დროს მან თავი გამოიჩინა როგორც კავალერიის კარგმა მეთაურმა და ამით ნაპოლეონის ყურადღება მიიპყრო.
გრუში მონაწილეობდა 1807 წლის კამპანიაშიც და იბრძოდა რუსების წინააღმდეგ ეილაუს, ჰეილსბერგისა და ფრიდლანდის ბრძოლებში. გრუშიმ ბრძოლაში თავის გამოჩენისათვის საპატიო ლეგიონის ორდენი და სხვა ჯილდოები მიიღო.
1808 წლის თებერვალში გრუში ესპანეთში იბრძოდა. ნაპოლეონმა მას მადრიდის გუბერნატორობაც კი უბოძა, რაც მისდამი გაზრდილ ნდობაზე მეტყველებს. 1809 წელს გრუშიმ იმპერიის თავადის წოდება მიიღო და იტალიის არმიის დრაგუნთა პირველი დივიზიის უფროსად დანიშნა. 1809 წლის გაზაფხულზე საფრანგეთსა და ავსტრიას შორის ახალი ომი დაიწყო, რომლის დროსაც გრუშიმ იტალიაში გამართულ ბრძოლებში გამოიჩინა თავი. იტალიიდან ავსტრიელთა განდევნის შემდეგ, გრუში იმპერატორს შეურთდა და ვაგრამთან მომხადრი გენერალური ბრძოლის დროს (5-6 ივლისი) ფრანგთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მართალია გრუშიმ იმ წელს ვერ მოიპოვა მარშლის კვერთხი, მაგრამ სამაგიეროდ ნაპოლეონმა მას რკინის გვირგვინის ორდენი უბოძა და იმპერატორის მცველ ეგერთა პოლკის გენერალ პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. მრავალწლიანმა დაუღალავმა შრომამ გამოფიტა და დაასუსტა გრუში, რის გამოც მან შვებულება ითხოვა და 1809 წლის ოქტომბერში სამშობლოში დაბრუნდა. ეს შვებულება მეტად იღბლიანი გამოდგა - რადგან გრუშიმ გაერიდა ესპანეთში დატრიალებულ მოვლენებს, რომლებმაც არაერთი ფრანგი გენერლის ცხოვრება იმსხვერპლა.
ნაპოლეონი შედის ბერლინში, 1806 წ. (შარლ მეინიეს ნახატი, 1810 წ.)
მოქმედ არმიაში დაბრუნება გრუშიმ მხოლოდ 1811 წელს მოახერხა 1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობის დროს, გრუში მესამე სარეზერვო კავალერიის კორპუს მეთაურობდა და თავი გამოიჩინა ბოროდინოს (7 სექტემბერი, მკერდში დაიჭრა), მალოიაროსლავეცის (24 ოქტომბერი) და კრასნის (15-17 ნოემბერი) ბრძოლებში. ნოემბერის მიწურულისთვის ნაპოლეონის დიდმა არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა, კავალერია თითქმის სრულად განადგურდა. გადარჩენილი მხედრებისგან გრუშიმ შექმნა ~საღმრთო ბატალიონი~, რომლის ძირითადი მიზანი ნაპოლეონის დაცვა იყო. ამ ქვედანაყოფით გრუშიმ გადალახა მდინარე ბერეზინა, სადაც რუსეთის კამპანიის უკანასკნელი გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა, და პოლონეთის საზღვრებისკენ მიმავალ ნაპოლეონს გზა გაუკაფა.
1813 წლის დასაწყისში გრუში მესამე საკავალერიო კორპუსის მეთაური გახდა მაგრამ რუსეთში ლაშქრობამ იმდენად შეარყია გენერალის ჯანმრთელობა, რომ მან შვებულება ითხოვა. როდესაც ნაპოლეონმა ამაზე უარი უთხრა, გრუშიმ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა მოითხოვა და 1 აპრილიდან საკუთარ მამულში დაბრუნდა. გერმანიაში განცდილი დამარცხებების შემდეგ ნაპოლეონმა გრუშის დაბრუნება მოსთხოვა და დიდი არმიის მთელი კავალერიის უფროსად დანიშნა. 1814 წლის კამპანიის დროს, როდესაც თითქმის მთელი ევროპის ჯარები საფრანგეთს უტევდნენ, გრუშიმ წარჩინებით იმსახურა ბრიენთან, ლა როტიერთან, ვოშამპთან, მონმირაითან, ტრუასა (დაიჭრა) და კრაონთან (მძიმედ დაიჭრა) ბრძოლებში. ნაპოლეონის გადადგომის შემდეგ, გრუში ბურბონების სამსახურში გადავიდა - მეფე ლუი XVIII-მ იგი მსუბუქი კავალერიის ინსპექტორად დანიშნა.
„ჩრდილოეთის არმიის" ფრანგი ქვეითები 1815 წ. (პიტერ დენისის ნახატი, 2007 წ.)
1815 წლის მარტის დასაწყისში ნაპოლეონი ელბიდან დაბრუნდა. გრუში დაუყოვნებლივ გადავიდა მის მხარეზე. იმპერატორმა მას ჯერ სამხრეთ საფრანგეთის არმიის მეთაურობა ანდო. აპრილის პირველ კვირაში გრუშიმ ძლიერი იერიშები მიიტანა სამხრეთ საფრანგეთში განლაგებულ ბურბონთა არმიაზე, რომელსაც ანგულემის ჰერცოგი მეთაურობდა და სასტიკად დაამარცხა იგი, რითაც სამხრეთ საფრანგეთში ამბოხების საშიშროება აღკვეთა. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების აღსანიშნავად ნაპოლეონმა გრუშის საფრანგეთის მარშლის წოდება უბოძა (15 აპრილი) და იტალიის სანაპიროს დაცვა დაავალა. აპრილის უკანასკნელი ორი კვირა გენერალმა ციხესიმაგრეების გაძლიერებასა და ჯარის წვრთნაში გაატარა. 8 მაისს მარშალი გრუში პარიზში გაიწვიეს ბელგიაში მომავალი კამპანიისთვის მოსამზადებლად.
ამ მომენტისათვის გრუშის კარიერა აღსავსე იყო დიდი გამარჯვებებით და გმირული ქმედებებით, მაგრამ ეს ყოველივე დავიწყებას მიეცა 1815 წლის 18 ივნისის შემდეგ. საზოგადოების თვალში იგი ამიერიდან ვატერლოსთან დამარცხების განტევების ვაცი გახდა.
ბელგიაში შეჭრისას გრუშიმ მონაწილეობა მიიღო ლინისთან პრუსიელების დამარცხებაში (16 ივნისი), რის შემდეგაც მან საბედისწერო დავალება მიიღო. ლინისთან ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონი ბრიტანელების წინააღმდეგ სალაშქროდ გაემზადა ხოლო გრუშის პრუსიელთა დადევნება დაავალა. თავდაპირველად ეს მეტად ზოგადი ზეპირი ბრძანება იყო რომელიც გრუშიმ 16 ივნისის საღამოს მიიღო. მან სცადა უფრო კონკრეტული წერილობითი ინსტრუქციების მოპოვება მაგრამ პასუხად აცნობეს რომ ნაპოლეონი შეუძლოდ იყო და ახალ დავალებას დილით გასცემდა როდესაც სამხედრო ვითარება გაირკვეოდა. 17 ივნისს, დილით, გრუშიმ ისევ სცადა ინსტრუქციების მოპოვება, მაგრამ ვერც ამჯერად შეძლო იმპერატორისგან რაიმე ახალის გაგება ვინაიდან ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო თუ სად იხევდნენ პრუსიელები. შუადღეს ნაპოლეონმა ბრძოლის ველის მონახულება გადაწყვიტა და გრუში თან გაიყოლა. მარშალმა ისევ მოიკითხა ინსტრუქციები, მაგრამ იმპერატორისგან მხოლოდ დაპირება მიიღო.
გენერალი ეტიენ-მორის ჟერარი (ჟაკ ლუი დავიდის ნახატი, 1816 წ.)
უკვე პირველი საათი ხდებოდა, როდესაც ნაპოლეონმა დაიბარა გრუში და მას 33,765-კაციანი კორპუსით პრუსიელების დევნა და მათი ინგლისელებთან შეერთების საშუალებების აღკვეთა დაავალა. ნაპოლეონის მიერ გრუშისათვის ასეთი საპასუხისგებლო დავალების მიცემა დღემდე დავის საგანია. მართალია გრუშიმ თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა კავალერისტმა, მაგრამ ვითარება მოითხოვდა დიდი სტრატეგიულ ხედვას, რაც მას არ გააჩნდა. ამავე დროს გამოჩნდა დაკარგული დროის მნიშვნელობაც. გრუშიმ თავისი კავალერია (გენერლები ექსელმანი და პაჟოლი) დაადევნა პრუსიელებს, მაგრამ მისმა ქვეითმა ჯარმა და არტილერიამ ლინიდან წასვლა მხოლოდ 17 ივნისის საღამოს შეძლო, რამაც პრუსიელებს თითქმის ერთდღიანი უპირატესობა მისცა. ღამით ამინდი შეიცვალა და ძლიერმა წვიმებმა გზები გაუვალ ტყლაპოებად აქცია. ამის გამო გრუში იძულებული გახდა, მთელი ღამით შეეჩერებინა თავისი კორპუსი. ამ დროისათვის მისმა კავალერიამ საბოლოოდ დაკარგა პრუსიელებთან კავშირი და ვერ გაარკვია რა მიმართულებით იხევდნენ ისინი უკან. უფრო მეტიც, გრუშის ქვეშევრდომებს – გენერლები ექსელმანი, ჟერარი, პაჟოლი და სხვები – დიდად არ ეხატებოდათ გულზე ახლად გამომცხვარი მარშლისგან ბრძანებების მიღება, მითუმეტეს რომ გრუშის არ გააჩნდა მარშალ ლუი-ნიკოლა დავუს ან მიშელ ნეის მსგავსი საბრძოლო რეპუტაცია.
პრუსიელთა მხედართმთავარი 1815 წლის კამპანიაში, ფელდმარშალი გებჰარდ ლიბერეხტ ფონ ბლიუხერი (უცნობი ავტორის შესრულებული პოლ ერნსტ გებაუერის ნახატის ასლი, დაახლ. 1815-1819 წწ.)
18 ივნისს გამთენიისას გრუშიმ მიიღო ცნობა, რომ პრუსიელები ქალაქ ვავრისკენ მიდიოდნენ. საუზმის შემდეგ (სწორედ აქ მიირთვა მან ის ავად სახსენებელი მარწყვი) გრუში თავის ქვეით ჯარს გაუძღვა ვავრისკენ. შუადღისას იგი უკვე სარტ-ა-ვალჰანთან იყო, როდესაც მას დასავლეთიდან ქვემეხების ხმა მოესმა. ეს სოფელ ვატერლოსთან მიმდინარე ბრძოლა იყო. გენერალმა ჟერარმა, რომელიც მე-4 კორპუსს მეთაურობდა, დაჟინებით მოითხოვა გრუშის მთელი კორპუსის ამ მიმართულებით დაუყოვნებლივ გალაშქრება. გენერლის ემოციურმა ტონმა და დაჟინებამ მარშლის გაღიზიანება გამოიწვია. გრუშიმ უარი განაცხადა რომელიმე ქვედანაყოფის გაგზავნაზე და თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად ნაპოლეონის ბრძანება დაიმოწმა, რომელიც გრუშის ქვეითი კორპუსების ერთმანეთის მახლობლად განლაგებას ეხებოდა. სწორედ ეს იყო გრუშის შეცდომა - ნაპოლეონის ბრძანების ზედმიწევნით შესრულება და სტრატეგიული ვითარების შეუფასებლობა. მის ადგილას რომ მარშალი ლანი, დავუ ან მასენა ყოფილიყო, ვატერლოსთან ბრძოლა (და ალბათ მთელი ეს კამპანია) სხვანაირად წარიმართებოდა. მაგრამ გრუშიმ საგანგებო, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებულ დამოუკიდებელ ინიციატივას ბრძანების ბრმად შესრულება არჩია.
ლინის ბრძოლა, 16 ივნისი, 1815 წ. (თეოდორ იუნგის ნახატი, 1850 წ.)
ამავე დროს, ოცამდე კილომეტრის მოშორებით, ნაპოლეონი ახალ ბრძანებას კარნახობდა, რომელშიც იგი თანმხდებოდა გრუშის მიერ ვავრისკენ გალაშქრებაზე, მაგრამ ასევე სთხოვდა ცალი ყურით „ჩვენი მიმართულებით" ყოფილიყო. ეს ბრძანება გრუშიმ მხოლოდ შუადღის 4 საათზე მიიღო. ამ წერილმა, ერთის შეხედვით, გაამართლა გრუშის მიერ შუა დღით მიღებული გადაწყვეტილება ვავრისკენ გზის გაგრძელების შესახებ. მაგრამ სამ საათში მან იმპერატორის ახალი ბრძანება მიიღო, რომელიც დაუყოვნებლივ ბრძოლის ველისკენ გალაშქრებას ითხოვდა. ამ დროისათვის ბრძოლის ველიდან თითქმის 25 კილომეტრის მოშორებით მყოფი გრუშისთვის ამ მანძილის დროულად დაფარვა შეუძლებელი იყო. ამრიგად მან ვერც ნაპოლეონისათვის დახმარება ვერ შეძლო და ვერც პრუსიელები შეაჩერა, რამაც ნაპოლეონისა და პირველი იმპერიის ბედი გადაწყვიტა.
ვატერლოს შემდეგ გრუშიმ ქალაქ ვავრთან მოიპოვა უმნიშვნელო გამარჯვება, დაამარცხა პრუსიელთა ავანგარდი ნამურთან (20 ივნისი) და ფრანგული არმიის გადარჩენილი ნაწილი (45,000-მდე ჯარისკაცი) მიიყვანა პარიზთან. 26 ივნისს იგი ჩრდილოეთის არმიის მხედართმთავარის მოვალეობებს ასრულებდა, მაგრამ ორ დღეში დროებითმა ხელისუფლებამ გადააყენა თანამდებობიდან. ბურბონთა მეორე რესტავრაციის შემდეგ გრუში იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და გადასულიყო საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მან ხუთი წელი დაჰყო. ემიგრაციაში წასვლამდე მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ფრანგი ბონაპარტისტების მიერ ნაპოლეონის წმ. ელენეს კუნძულიდან დახსნის რამდენიმე მცდელობაში.
ლუი XVIII (რობერტ ლეფევრის ნახატი, 1822 წ.)
1819 წელს მეფე ლუი XVIII-მ შეიწყალა გრუში და მას ლეიტენანტ-გენერლის წოდება უბოძა (24 ნოემბერი). 1820 წლის 20 ივნისს ყოფილი მარშალი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც მას რთული ცხოვრება ელოდა. როიალისტები მის დასჯას ითხოვდნენ, ხოლო ბონაპარტისტები ვატერლოს კამპანიის დროს დაშვებული შეცდომების გამო მოღალატედ მიიჩნევდნენ. 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთის ახალმა მეფემ ლუი ფილიპმა გრუშის მარშლის (1831 წლის 19 ნოემბერი) და პერის (1832 წლის 11 ოქტომბერი) წოდებები დაუბრუნა. მარშალმა კიდევ თექვსმეტი წელი იცოცხლა. იტალიაში მოგზაურობისას დაავადებული გრუში 1847 წლის 29 მაისს გარდაიცვალა დაბა სენ-ეტიენში.
ალექსანდრე მიქაბერიძე
ლუიზიანას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი
„ისტორიანი", N6 (2015)