პიროვნულ დონეზე ალექსანდრე დიდი წარმოგვიდგება, როგორც ყოველმხრივ სრულყოფილი ადამიანის სახე, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო, მაგრამ საკუთარი თავი დაკარგა.
ერნესტ ბადიანი
დარიოსს იმ არმიასთან მოუწევს ბრძოლა, რომელსაც ალექსანდრე მეთაურობს.
ალექსანდრე მაკედონელი ისოსის ბრძოლის წინ (ფლავიუს არიანეს მიხედვით)
ძვ.წ. 331 წელს გამართულმა ბრძოლამ გავგამელასთან, საბოლოოდ გადაწყვიტა სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის ბედი და მსოფლიოს მბრძანებლის კვერთხი ალექსანდრე მაკედონელს ჩაუგდო ხელში. აქემენიანთა ირანის დიდება ახალი, ელინისტური იმპერიის ტახტზე მჯდარი გენიალური მთავარსარდლის ჩრდილმა დაფარა. გავგამელასთან ალექსანდრემ გრანიკოსის, ისოსის, ღაზისა და ტიროსის შემდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მხედართმთავრული შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველი სპარსეთის მეფემ აირჩია და თავისი ჯარისთვის მომგებიანი პოზიცია დაიკავა, გაშლილი მინდორი, სადაც თავისუფლად იმოქმედებდა სპარსეთის მძლავრი კავალერია. სპილოები და საბრძოლო ეტლები და სადაც შეძლებდა, რომ მაკედონელთათვის ალყა შემოერტყა, ალექსანდრემ გაბედა მის წინააღმდეგ ბრძოლა, განახორციელა მეტად სარისკო, თავზეხელაღებული მანევრი თავისი ცხენოსნებით და გამარჯვება მოიპოვა ძველი მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლაში. გავგამელამ საბოლოოდ გაუხსნა მას გზა დაეკავებინა ბაბილონი და მთელი სპარსეთის იმპერია ხელში ჩაეგდო. ამ ბრძოლის შედეგმა ძველი მსოფლიოს ისტორია შეცვალა და მასში ახალ, ელინისტურ ხანას დაუდო საფუძველი, რომელიც სამ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა და ევროპისა და აზიის დიდი ნაწილი ბერძნულ კულტურას აზიარა.
მოწინააღმდეგე მხარეები
სპარსეთი
აქემენიანთა სპარსეთის იმპერია ძვ.წ. VI საუკუნეში კიროს II-მ (დაახლ. ძვ.წ 559-530) დაარსა. მან დაამარცხა მიდიელები, ლიდიელები და ბაბილონელები. ამის შემდეგ კიროსს ეწოდა `დიდი მეფე ბაბილონისა, შუმერისა, აქადისა და სამყაროს ოთხივე მხარისა”. კიროსის მასაგეტებთან ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ სპარსეთს მისი მემკვიდრეები მართავდნენ. კიროსის ვაჟმა კამბის II ეგვიპტე დაიპყრო და იმპერიას შეუერთა, ხოლო დარიოს I (დაახლ. ძვ.წ. 522-486) კიდევ უფრო გააფართოვა ქვეყნის საზღვრები დასავლეთით, რის შემდეგაც ომი დაიწყო ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან (ძვ.წ. 499-449), ეს ომი მისი ვაჟის, ქსერქსეს (დაახლ. ძვ.წ. 486-465) დროსაც გაგრძელდა და სპარსეთის მარცხით დასრულდა. აქამდე უძლეველი აქემენიანები ბერძნებმა შეაეჩერეს, თუმცა დარიოსმა და ქსერქსემ მოახერხეს იონიის, მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დამორჩილება და სპარსეთის საზღვრებში მოქცევა. ქსერქსეს მმართველობის შემდეგ სპარსეთი ნელ-ნელა დასუსტდა. ამას ხელს უწყობდნენ ახალი სუსტი მმართველები, ხშირი აჯანყებები, აქემენიან მმართველთა შორის დაპირისპირება. მიუხედავად ამისა სპარსეთი რჩებოდა მსოფლიოს უძლიერეს და უმდიდრეს სახელმწიფოდ, სანამ ალექსანდრე მაკედონელმა საბოლოოდ არ დაამხო აქემენიანთა მმართველობა და თავისი სახელმწიფო არ დაარსა.
დარიოს III (ფრაგმენტი ისოსის ბრძოლის მოზაიკიდან, პომპეი, დაახლ. ძვ.წ. 100 წ.)
მეფე დარიოს III, რომელსაც ალექსანდრეს წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა, აქემენიანთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი გახლდათ, კერძოდ კი მისი მამა არსამი, დარიოს II-ს ვაჟის, ოსტანის ძე იყო. გამეფებამდე დარიოსი დანიშნული იყო სომხეთის სატრაპად და ატარებდა კოდომანის სახელს, ხოლო როდესაც სპარსელმა დიდებულებმა არტაქსერქსე IV-ს სიკვდილის შემდეგ იგი 45 წლის ასაკში ტახტზე აიყვანეს, დარიოს III ეწოდა. მის მოწამვლას შეეცადა აქემენიანთა სასახლის კარის ვეზირი, ეგვიპტელი საჭურისი ბაგოასი, რომელსაც აქამდე მისი წინამორბედი მმართველები ჰყავდა ასეთივე გზით მოკლული, მაგრამ მეფემ ამოიცნო მისი მოქმედება და აიძულა მისთვის მიტანილი შხამიანი ფიალა დაელია.(1) დარიოსი საკმაოდ ენერგიული მმართველი გამოდგა. მან მოახერხა სიტუაციის მოწესრიგება ეგვიპტეში, სადაც არეულობა სუფევდა. ძვ.წ. 336 წელს სპარსეთთან ომი მაკედონიის მეფე ფილიპე II-მ დაიწყო, თუმცა იგი მალევე მოკლეს. მისმა ვაჟმა ალექსანდრე III-მ უფრო დიდი მასშტაბების ომი წამოიწყო, შეიჭრა მცირე აზიაში, გადალახა მდინარე გრანიკოსი, გაანადგურა სპარსელი სატრაპების ჯარი, დაამარცხა დარიოსი ისოსთან ბრძოლაში, დაიპყრო ტიროსი და ღაზა, შეიჭრა ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ ბაბილონისკენ დაიძრა და სპარსეთის მეფის არმიას გავგამელასთან(2), არბელას ველზე დაუპირისპირდა. გავგამელა სპარსეთის უკანასკნელი იმედი იყო, რომ შემოეტრიალებინა ომის ბედი და გამარჯვების სასწორი თავისკენ გადაეხარა.(3)
სპარსელი ქვეითები „უკვდავთა" რიგებიდან (ძვ.წ. IV ს.) , ს. ჩიუს ნახატი
სპარსეთში სამხედრო სამსახური სავალდებულო გახლდათ ყველასათვის, გლეხისათვისაც და დიდებულისთვისაც. ახალბედა ჯარისკაცები 50-კაციან რაზმებში ერთიანდებოდნენ. ყველა რაზმს დიდებულის ვაჟი მეთაურობდა. ქსენოფონტის მონაცემებით სპარსელები სამხედრო სამსახურში 17 წლის ასაკიდან მიდიოდნენ და 10 წელი მსახურობდნენ. ჩვეულებრივ ქვეით ჯარს „ტაკაბარას” უწოდებდნენ.(4) მათი იარაღი ფარი, შუბი და ხმალი იყო. როდესაც მეომარი სპარსეთის ცხენოსან ჯარში ირიცხებოდა, ის სახელმწიფოსაგან ღებულობდა ცხენს. აქემენიანთა კავალერია და ეტლოსნები უდიდეს ძალას წარმოადგენდნენ. მტრის მძიმე ქვეითების წინააღმდეგ სპარსელები მძიმე კავალერიას იყენებდნენ, რადგან მათ მსუბუქ ქვეით ჯარს უჭირდა მოწინააღმდეგის შეაბჯრულ და კარგად აღჭურვილ ქვეითებთან ბრძოლა. სპარსეთის არმიის ყველაზე სახელგანთქმული და მძლავრი შენაერთი უკვდავთა გვარდია იყო. გვარდიამ ეს სახელი იმის გამო მიიღეს, რომ მისი რაოდენობა მუდმივად 10000 გახლდათ.(5) უკვდავები მთელს სპარსეთში საუკეთესო მებრძოლები იყვნენ და კარგად ფლობდნენ ყველანაირ იარაღს. ისინი ყოველთვის თან ახლდნენ თავიანთ მეფეს და ბრძოლისას მტრისგან იცავდნენ. მეფის ეტლის მცველი „უკვდავების" შუბების მიწაზე დასაბჯენ ბოლოზე დამაგრებული იყო მოოქროვილი, ვაშლის ფორმის ბირთვი, რის გამოც ამ ჯარისკაცებს „ვაშლოსნებს" უწოდებდნენ. ეს სამხედრო შენაერთი მხოლოდ და მხოლოდ სპარსელი დიდებულების ვაჟებისაგან შედგებოდა. არსებობდა კიდევ ერთი, წარჩინებულთაგან შემდგარი 10 ათასიანი შენაერთი. აქემენიანთა არმიაში მშვილდოსნები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ. სპარსელი მშვილდოსნები წყვილებად მოქმედებდნენ. ერთს დიდი ფარი ეჭირა, მეორეს კი მშვილდ-ისარი. ფარიანი მეომარი მშვილდ-ისრიანს იცავდა მტრის ისრებისაგან; დაცული, მეწყვილის ფარს ამოფარებული მშვილდოსანი კი მტერს ისრებს უშენდა. ასეთი ტაქტიკით მოქმედ მშვილდოსნებს „სპარბარას" უწოდებდნენ.(6)
სკვითი მხედრები სპარსეთის სამხედრო სამსახურში (ძვ.წ. IV ს.), ა.მაკბრაიდის ნახატი
სპარსელთა ჯარის განუყრელი ნაწილი იყო ბერძენი მოქირავნეები, რომლებიც დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის როგორც შიდა, ასევე გარე საქმეებში და დიდი ძალა გაჩნდათ. ბერძენი მოქირავნეები სპარსელ ქვეითებზე ბევრად კარგად იყვნენ შეიარაღებულები და აღჭურვილი. ისინი ტრადიციული ბერძნული სტილით იბრძოდნენ ფალანგაში. პლატონი აღნიშნავდა, რომ სპარსელები მიუხედავად მრავალრიცხოვნობისა, ომისთვის უვარგისები იყვნენ და უცხოელ მოქირავნეებში ეძებდნენ იმ ძალას, რომელიც მტრისგან დაიცავდათ.(7) გავგამელას ბრძოლაში სპარსელთა არმიის ზუსტი რიცხოვნობა უცნობია, თუმცა თანამედროვე გამოთვლებით დარიოსის არმია დაახლოებით 34-დან (8) 50-60 ათასამდე მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.(9) დელბრიუკის მიხედვით, მათ შორის 12 ათასი მხედარი იყო.(10) სპარსეთის მეფე განსაკუთრებულ იმედს 10 000 უკვდავზე, 1000 ბაქტრიელზე, 8000 მოქირავნე ბერძენ მეომარსა და 200 ცელიან ეტლზე ამყარებდა. ეტლების საშუალებით სპარსელები იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ მაკედონური ფალანგის რიგების გარღვევას.(11) აქემენიანთა არმიაში 15 ინდური სპილოც იყო, მაგრამ მათ ფაქტობრივად ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მეფის ჯარის სარდლები მაზეუსი (კილიკიის სატრაპი), ორონტესი (სომხეთის სატრაპი) და ბესუსი (ბაქტრიის სატრაპი) იყვნენ. საინტერესოა, რომ ბესუსი, რომლის სატრაპია ბაქტრია დღევანდელი ავღანეთის ჩრდილო ნაწილს შეადგენდა, ბრძოლაში ინდოელთა რაზმებსაც მიუძღოდა.(12) ეს ნიშნავს, რომ ალექსანდრეს ინდოელებთან ბრძოლამ ინდოეთში ლაშქრობამდე მოუწია.
მაკედონია
ძვ.წ. 359 წელს მაკედონიაში გამეფდა ფილიპე II (ძვ.წ. 359-336. მან ააყვავა მაკედონიის სამეფო, შექმნა მძლავრი მაკედონური არმია და ნელ-ნელა დაიმორჩილა თითქმის მთელი საბერძნეთი, ილირია და თრაკია. მან და მისმა ვაჟმა ალექსანდრემ ძვ.წ. 338 წელს დაამარცხეს ბერძნული პოლისტების ათენისა და თებეს ალიანსი ქერონეასთან გადამწყვეტ ბრძოლაში. ამის შემდეგ მაკედონიას პრეტენზია გაუჩნდა მცირე აზიის ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებზეც. ძვ.წ. 336 წელს ფილიპემ ლაშქრობა წამოიწყო, მაგრამ იმავე წელს მოკლეს(13) და ტახტზე მისი ვაჟი, ალექსანდრე III ავიდა.
ფილიპე II-ს ვერცხლი ტეტრადრახმა
ალექსანდრე III (ძვ.წ. 336-323) ფილიპე II-სა და ოლიმპია ეპირელის ვაჟი იყო. იგი ძვ.წ. 356 წელს დაიბადა, იმ დღეს გადაწვა ჰეროსტრატემ არტემიდას ტაძარი, ფილიპე II-მ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა, მაკედონიის ჯარმა აიღო ქალაქი პოტიდეა და პარმენიონმა დაამარცხა ილირიელები. მისნებმა ამცნეს ფილიპეს: „სამი გამარჯვების დღეს შობილ შენს ძეს ქვეყნად ვერავინ დაამარცხებსო”.(14) იმისთვის, რომ პატივისცემა შეენარჩუნებინა, იგი ყველასგან გამორჩეული უნდა ყოფილიყო არა მარტო ბრძოლაში, არამედ ნადირობაში, ჯირითში, იარაღის გამოყენებაში, სიყვარულში, კამათში, თავდადებაში, პაექრობაში, მარათონებში, ნადიმობაში, სმაშიც კი, რითაც ომებს შორის შუალედში ირთობდნენ თავს მოლაშქრეები. ალექსანდრე ჭეშმარიტი ლიდერი იყო - ენერგიული, მებრძოლი, უშიშარი, შორსმჭვრეტელი; რომელიც თავის მდგომარეობას გამარჯვებებით ინარჩუნებდა ბრძოლის ველსა თუ ბანაკში.(15) მამის სიკვდილის შემდეგ, ახალგაზრდა მეფე ენერგიულად შეუდგა აჯანყებული ბერძნების დაშოშმინებას, თრაკიელების დამორჩილებას და მალე სპარსეთში გალაშქრების გეგმასაც დაუბრუნდა. ალექსანდრემ შესანიშნავად დაიწყო კამპანია. დაამარცხა სპარსელი სატრაპები გრანიკოსთან (ძვ.წ. 334), დაიპყრო ჰალიკარნასი და ისოსთან (ძვ.წ. 333) გაანადგურა დარიოსის ლაშქარი, აიღო ტიროსი (ძვ.წ 332), დაანგრია ღაზა, შემდეგ დაიკავა ეგვიპტე, სადაც ქურუმებმა ამონ-რას ძედ გამოაცხადეს. ამდენი წარმატების შემდეგ ალექსანდრემ გადაწყვიტა საბოლოოდ გაენადგურებინა სპარსეთის სამეფო, გადალახა ევფრატი, ტიგროსი და შეიჭრა მესოპოტამიაში. დარიოს III იგი გავგამელასთან შეხვდა, სექტემბრის ბოლო დღეს. ორივე არმია ერთმანეთის პირისპირ დაბანაკდა. გამთენიისას იმ დროის უდიდესი და მსოფლიოს მბრძანებლობის მოსაპოვებელი ბრძოლა უნდა მომხდარიყო.
ალექსანდრე მაკედონელი (ფრაგმენტი ისოსის ბრძოლის მოზაიკიდან, პომპეი, დაახლ. ძვ.წ. 100 წ.)
მაკედონიის არმიის უმნიშვნელოვანეს ნაწილი ქვეითი ფალანგისტებისგან შემდგარი შენაერთები წარმოადგენდნენ. ქვეითები მართკუთხედად ეწყობოდნენ, მჭიდრო რიგებად, მტერს შუბებს უღერებდნენ და თავს ფარებით იცავდნენ. მეორე რიგი წინა რიგის ჯარისკაცების მხარზე გასდებდნენ შუბის ტარს და წვერს მტერს აწვდენდნენ, შემდეგი რიგებს შუბები უფრო მაღლა ეჭირათ და წინა ხაზის შეთხელების შემთხვევაში დაღუპულთა ადგილს იკავებდნენ. მეომრებს მრგვალი ფარები ჰქონდათ, თავზე მუზარადები ეხურათ, ტანზე კი აბჯრები ემოსათ. ფალანგამ თავისი ძალა ევროპაში დაამტკიცა, ახლა იგივეს გაკეთებას აზიაში შეეცდებოდა.
ფალანგას ორი ძირითადი ნაკლი ჰქონდა - ეს იყო ზურგისა და ფლანგების დაუცველობა და მოუქნელობა. ფალანგა მწყობრად მიიწევდა და შუბებით მტერს ავიწროებდა. ამ დროს შეიძლებოდა მათ ზურგს ან ფლანგს მტრის ცხენოსანი ან ქვეითი ჯარი დასხმოდა თავს და მწყობრი გაერღვია. მეორე ნაკლი ფალანგის სიზანტე გახლდათ. ჯარისკაცებს მწყობრი რომ არ დაერღვიათ და არ დაფანტულიყვნენ მწყობრად მოძრაობდნენ - მათი ძალა ერთიან მოქმედებაში მდგომარეობდა. ფალანგის ძირითადი შენაერთები იყო „ლოხოსი” – ხუთასეული და „ჰილიარხია” – ათასეული. აღსანიშნავია ფალანგისტთა შუბი – „სარისა”, რომლის სიგრძე ზოგჯერ 5,5 მეტრს აღწევდა და მეომარი ადვილად წვდებოდა მტერს შორ დისტანციაზე. ელიტურ ფალანგისტთა რაზმის მეომრებს „ჰიპასპისტები” ეწოდებოდათ. მაკედონურ ჯარში არსებობდა მეფის ქვეითი გვარდია – „ჰიპასპისტების აგემა”, რომელიც კარგად აღჭურვილი, საუკეთესო ჯარისკაცებისგან შედგებოდა. ქვეით ჯარში შედიოდნენ მსუბუქად შეიარაღებული პელტასტებიც. ისინი მტერს ხელშუბებით („აკონკისტაი”), შურდულითა და მშვილდ-ისრით („ტოქსოტაი”) ებრძოდნენ.
მაკედონური მუზარადის, მახვილისა და აბჯრის ტიპები (ძვ.წ. IV ს.). ა.მაკბრაიდის ნახატი
მაკედონური კავალერია ძირითადად არისტოკრატიისგან შედგებოდა. ამას ემატებოდა ბერძენი, თესალიელი და თრაკიელი მხედრების რაზმი. ცხენოსანთა შენაერთს „ილა” ეწოდებოდა და ორას კავალერისტს აერთიანებდა. მხედრებს ბეოტიური ან ფრიგიული მუზარადები ეხურათ, ნაწილს ბრინჯაოს ბეგთარი და სამუხლეებიც ემოსა, ხოლო უმთავრესად სიმსუბუქისთვის მხოლოდ ტუნიკას და მოსასხამს ატარებდნენ. შეიარაღებულები იყვნენ გრძელი შუბით („კრისტონი”) და მახვილით („კოპისი”). კავალერიის საუკეთესო ნაწილს, რომელთაც პირადად ალექსანდრე მეთაურობდა `ჰეტაირები” ანუ მეგობრები, კომპანიონები ეწოდებოდა. აქემენიანთა წინააღმდეგ ალექსანდრემ მხოლოდ 1800 „ჰეტაირი” გამოიყვანა, დანარჩენები მაკედონიაში დატოვა. მეფეს თან ახლდნენ შესანიშნავი მხედართუფროსები, ისეთები, როგორებიც იყვნენ პარმენიონი, ანტიგონე „მონოფთალმოსი” (ცალთვალა), პტოლემაიოსი, ნეარქოსი, პერდიკა, კლიტოსი, კრატერუსი. ალექსანდრე მაკედონელის არმიაში დაახლოებით 30 000-მდე ქვეითი და 7000-მდე კავალერისტი უნდა ყოფილიყო.(16) თუ სპარსეთის არმიის რიცხოვნობას ანტიკური წყაროების მაჩვენებლებით განვიხილავთ(17), მათ ბრძოლა მოუწევდათ ბევრად უფრო მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან(18), თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ დისციპლინა, ტაქტიკა და აღჭურვილობა მაკედონელებისა უკეთესი იყო, გარდა ამისა მათ კიდევ ერთი დიდი უპირატესობა გააჩნდათ – მაკედონურ ჯარს სარდლობდა ალექსანდრე დიდი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და დამპყრობელი. „შეუდარებელი, რისკის მოყვარული, ხალასი და მგზნებარე. სწორედ ალექსანდრეს ხელმძღვანელობის უბადლო ნიჭს უნდა მივაწეროთ ის გარემოება, რომ მაკედონელები შეუდარებლები იყვნენ ბრძოლაში".(19)
ბრძოლა
გავგამელას ველს მიღწეულმა მხარეებმა იმავე დღეს ბრძოლა არ ისურვეს და დარიოსმა და ალექსანდრემ იმ ღამით ჯარს დასვენების საშუალება მისცეს. მაკედონურ და სპარსულ ბანაკს დაახლ. 10 კმ აშორებდა ერთმანეთისგან, მათ შორის კი მაღლობები იყო, ამიტომ ისინი ერთმანეთს კარგად ვერ ხედავდნენ. ალექსანდრემ გამართა სამხედრო კრება და მხედართმთავრებს თავისი ჩანაფიქრი გადასცა, შემდეგ კი შუაღამისას ბრძოლის ველი მხედრებთან ერთად დაზვერა. ქრონიკების მიხედვით, როდესაც მეთაური მაკედონურ პოზიციებს უბრუნდებოდა, პარმენიონმა ურჩია ღამით დაერტყათ მტრისთვის და გაენადგურებინათ, ალექსანდრემ კი უპასუხა, რომ იგი გამარჯვებას არ იპარავდა. საინტერესოა, რომ სპარსელები მართლაც ელოდნენ ღამეულ თავდასხმას, ამიტომ დარიოსმა სიფხიზლე და მოულოდნელი შეტევისთვის მზადყოფნა უბრძანა ჯარებს, ამან კი ის გამოიწვია, რომ მაკედონური არმია დილას უფრო დასვენებული აღმოჩნდა, ვიდრე სპარსული.
სპარსული მსუბუქი კავალერია (ძვ.წ. IV ს.). ჯ.შუმატეს ნახატი
ღამეული დაძაბულობის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეები ბრძოლის ველზე განლაგდნენ. დარიოსმა მარცხენა ფლანგზე ანუ ალექსანდრეს საპირისპიროდ ბაქტრიული და სკვითური კავალერია განალაგა ბესუსის მეთაურობით. სპარსელები ცენტრში დადგნენ დარიოსის მეთაურობით, ხოლო მარჯვენა ფლანგი მაეზიასმა დაიკავა. ბერძენი მოქირავნეები და საუკეთესო სპარსული რაზმები მეფის მახლობლად იდგნენ, სწორედ მათ შეეძლოთ მაკედონურ ფალანგასთან თითქმის თანასწორად ბრძოლა. სპილოები და 50 საბრძოლო ეტლი დარიოსის შენაერთების წინ იყვნენ განლაგებულები.
ალექსანდრემ იცოდა რომ მტერს ძლიერი და მრავალრიცხოვანი კავალერია ჰყავდა და ეშინოდა მისი ჯარი ალყაში არ მოქცეულიყო. ამის საწინააღმდეგოდ მან ორ მწკრივად განალაგა ლაშქარი. თუ მტერი ალყის შემორტყმას დაიწყებდა, მეორე რიგი შებრუნდებოდა, ფლანგებს შექმნიდა და ორ ფრონტზე შეძლებდა ბრძოლას. თვითონ ალექსანდრე მარჯვენა ფლანგზე განლაგებულ კავალერიას ჩაუდგა სათავეში. „მეფეს მოჰგვარეს ბუკეფალოსი (ბუცეფალი). ჩვეულებრივ, ალექსანდრე სხვა ცხენზე იჯდა, რადგანაც ბუკეფალოსი უკვე 25 წლისა იყო და მის ძალებს უფრთხილდებოდა. მაგრამ ამჟამად თავის საყვარელ ცხენზე ამხედრება ისურვა მეფემ"(20). ფართო ველი ხელს უწყობდა სპარსელთა ცხენოსანი ჯარისა და ეტლების მოქმედებას. დარიოსის საბრძოლო ხაზი მაკედონელებისაზე ფართო იყო. მიუხედავად ამისა, ალექსანდრემ არ შეცვალა გეგმა და მაინც განახორციელა მანევრი მარჯვენა ფრთიდან. სატრაპ ბესუსის კავალერიამ გაიმეორა მისი მოქმედება. ორივე შენაერთი ცენტრს დაშორდა. დარიოსმა სათანადოდ ვერ მოახერხა ეტლების გამოყენება. დიოდორე სიცილიელის მიხედვით, ალექსანდრემ უბრძანა მეომრებს ეტლებში შებმული ცხენების შესაშინებლად, შუბები ფარებზე შემოერტყათ და ხმაური აეტეხათ, ხოლო თუ ცელიანი ეტლი მოახლოვდებოდა, გაეყოთ რიგები და გაეტარებინათ ეტლი შენაერთებს შორის გაჩენილ თავისუფალ დერეფანში, შემდეგ მაკედონელებს შეეძლებოდათ კვლავ ჩაეკეტათ მწყობრი და ზურგში მოქცეული, გაჩერებული ეტლებისთვის უკან მდგარი მეომრების დახმარებით შეეტიათ. არიანეს მიხედვით მეეტლეები მსუბუქმა ქვეითებმა დახოცეს სატყორცნი შუბებით, შემდეგ კი ცხენებიც ამოწყვიტეს.(21)
ფალანგა ეტლების წინააღმდეგ გავგამელას ბრძოლაში. კ. ჰუკის ნახატი
თუმცა მრავალრიცხოვანი ცხენოსანი ჯარს უბრძანა ალექსანდრესთვის ალყა შემოერტყა და გაენადგურებინა. მაკედონელმა მეფემ უეცრად შეტევა დაიწყო მდევარი კავალერიის ცენტრზე დაქირავებული მხედრებით, რომელთაც მენიდასი მეთაურობდათ. სკვითებმა და ბაქტრიელებმა კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ ალექსანდრემ ახლა მსუბუქი მხედრები და მოქირავნეთა ახალი რაზმები გაგზავნა მათ წინააღმდეგ, რითაც დროებით ჩაშალა მტრის კონტრშეტევა. ამ დროს მოწინააღმდეგეს ბაქტრიული კავალერიის ახალი შენაერთები შეუერთდნენ, რის შემდეგაც ბესუსმა უკვე გაქცეული მეომრების მობრუნებაც მოახერხა. მაკედონელებს ძალიან გაუჭირდათ მძიმედ აღჭურვილ სკვითებთან და ბაქტრიელებთან ხელჩართული ბრძოლა და დიდი
დანაკარგები განიცადეს. ალექსანდრემ რამდენჯერმე შეუტია მოწინააღმდეგეს და როგორც იქნა გაარღვია მათი რიგები. არ არის გამორიცხული, რომ ალექსანდრე ამ მანევრით ცდილობდა მტრის რიგები აერია, გაეტყუებინა და გადაჯგუფებისას მიეტანა შეტევა, იმ დროს, როდესაც ბესუსისთვის რთული იქნებოდა ერთბაშად შეჩერება და საბრძოლო ხაზის მოწყობა.
დარიოსმა შეიტყო, რომ ალექსანდრემ ბესუსის ფლანგი გაარღვია და მარცხნისკენ დაიძრა, ამიტომ მის შესაჩერებლად სპარსული კავალერია მოხსნა ცენტრიდან და მაკედონელებს დაადევნა. ამ მოქმედებით ცენტრი დასუსტდა და მასში სუსტი ადგილი გაჩნდა. ამას ელოდა ალექსანდრეც. მან მარჯვენა ფლანგისა და ცენტრის ქვეითებთან ერთად იერიში მიიტანა სპარსელებზე, პირდაპირ იქ, სადაც დარიოსი იდგა. მალე აქამდე მაკედონელმა ფალანგისტებმაც მოაღწიეს. სპარსელი მეფე მოიქცა ისე, როგორც ისოსთან ბრძოლისას – იგი გაიქცა და მთელს არმიას მისცა მაგალითი.(22) მარჯვენა ფლანგზე მაკედონელებმა სრულ გამარჯვებას მიაღწიეს, თუმცა მარცხენა ფლანგსა და ცენტრში არცთუ კარგად იყო საქმე(23). დარიოსის კავალერიამ და ინდურმა კონტიგენტმა ისიც კი მოახერხა, რომ მიეღწია მაკედონელთა აღალამდე და გაენთავისუფლებინა იქ მყოფი სპარსელი ტყვეები. პარმენიონი საშინელი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან მტრის ცხენოსნებმა ფლანგზე და ზურგში მიიტანეს იერიში. მოხუცი სარდალი იძულებული გახდა ცხენოსნებით შეეკავებინა მტრის ახალი დაწოლა, ხოლო მისი ფალანგები უკვე ძლივს უძალიანდებოდნენ წინიდან მოწინააღმდეგის დაწოლას. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა პარმენიონმა შიკრიკი გაგზავნა ალექსანდრესთან თხოვნით - სწრაფად დახმარებოდა მარცხენა ფლანგს.
მაკედონური კავალერიის იერიში, ჯ.შუმატეს ნახატი
ამ დროს მაკედონელთა ფალანგის მეორე ხაზი, რომელიც ალექსანდრემ ალყის შემორტყმის საშიშროების ასაცილებლად განალაგა, ბანაკის გასანთავისუფლებლად დაიძრა, რითაც საფრთხე შეუქმნა პარმენიონთან მებრძოლ სპარსულ კავალერიასაც. მეფის ცხენოსნებიც კვლავ იერიშზე გადავიდნენ და დარიოსის მხედრების იმ მასას შეუტიეს, რომელიც უკან იხევდა და ხელს უშლიდა მაკედონელებს პარმენიონამდე მიეღწიათ. სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ ფრონტის ამ უბანზეც გაიმარჯვა. სპარსელთა მარჯვენა ფლანგი მაზეუსის მეთაურობით ისე ენერგიულად მოქმედებდა, რომ საერთოდ დასცილდა დარიოსის ცენტრს და ვერც იმის შესახებ შეიტყო, რომ მეფე გაქცეული იყო. პარმენიონის თესალიელი მხედრები, რომლებიც გმირულად უძალიანდებოდნენ მტერს, ალექსანდრეს მოსვლის შემდეგ კონტრიერიშზე გადავიდნენ. მაზეუსმა უკან დაიხია. მაკედონელებმა მტერს მისდიეს, ნაწილი დახოცეს, ნაწილი ტყვედ იგდეს,
ინდოელი მეომარი (ძვ.წ. IV ს.), ჯ.შუმატეს ნახატი
მხოლოდ მათმა ზოგიერთმა რაზმმა შეძლო გადარჩენა და წაგებული ბრძოლის ველიდან გაცლა. გავგამელას ბრძოლა დასრულდა, მაგრამ ალექსანდრე კვლავ მისდევდა დარიოსს, ეს უკანასკნელი კი შეუჩერებლივ გარბოდა. პარმენიონმა სპარსელთა ბანაკი დაიკავა (ხელში ჩაიგდო მთელი სიმდიდრე, აქლემები და სპილოებიც კი), ამას გარდა მაკედონელებმა გადაარჩინეს საკუთარი აღალიც. ალექსანდრე ფიქრობდა, რომ დარიოსს არბელაში შეიპყრობდა, ბრძოლის ველიდან 100-120 კმ აღმოსავლეთით, მაგრამ ვერ მოახერხა და მხოლოდ მეფის ეტლი, იარაღი და ხაზინა შერჩა ხელთ, როგორც ისოსთან ბრძოლის შემდეგ. ახლა ალექსანდრეს წინ ბაბილონი იყო, აღმოსავლეთის დიდებული ქალაქი, საჩუქარი გავგამელას ბრძოლაში გამარჯვებულისთვის.
შედეგები
გავგამელას ბრძოლაში სპარსელები სასტიკად დამარცხდნენ და დიდი დანაკარგები განიცადეს. დიოდორე სიცილიელი წერს (ძვ.წ. I ს), რომ დარიოსმა 90 000 მებრძოლი დაკარგა, რაც აშკარად გაზვიადებული რიცხვია, რადგან ამ რაოდენობის ჯარი ჰყავდა თუ არა დარიოსს მთლიანად, ესეც საეჭვო ფაქტია. უფრო სარწმუნო კურტიუს რუფუსის (ახ.წ. I ს) მონაცემებია – დაახლ. 40 000. არიანე (ახ.წ. 86-160) საერთოდ ზღაპრულ რიცხვს – 300 000-ს ასახელებს. სპარსელებს საშუალოდ 15-დან 25 ათასამდე ჯარისკაცი უნდა დაეკარგათ. ალექსანდრე მაკედონელის საბრძოლო დანაკარგები ისტორიული წყაროების მიხედვით მცირე იყო. იგივე არიანე მხოლოდ 100 ქვეითსა და 1000 მხედარს ასახელებს. დაღუპული კავალერიის ეს რიცხვი თითქმის ყველგან საერთოა, თუმცა ქვეითების რაოდენობა მერყეობს. კურტიუს რუფუსი მხოლოდ 300 ქვეითზე, ხოლო დიოდორე სიცილიელი 500 ფეხოსანზე საუბრობს. სავარაუდოდ ალექსანდრეს დანაკარგები ერთიორად დიდი იქნებოდა, რაზეც მარცხენა ფლანგის მძიმე მდგომარეობა და მარჯვენა ფლანგზე გამართული სისხლიმღვრელი ბრძოლები მეტყველებს.
გავგამელას ბრძოლამ მთელი კამპანიის ბედი გადაწყვიტა და მაკედონელთა მეფემ ბრწყინვალე გამარჯვებით ხელთ იგდო ბაბილონი და სპარსეთის იმპერიის ნახევარი, ხოლო შემდეგი ლაშქრობის შედეგად, უფრო ადვილად მოახერხა დარჩენილი მეორე ნახევრის დაპყრობაც. მაზეუსმა `გაზოფილაკსთან”(ხაზინდარი) ერთად ბაბილონი უბრძოლველად ჩააბარა ახალ მბრძანებელს და მის მხარეს გადავიდა. ალექსანდრე ტრიუმფით შევიდა ბაბილონში და აქემენიანთა სამეფო ტახტი დაიკავა. ახლა ის იყო აზიის მბრძანებელი. მაკედონელი მეფის სამხედრო-პოლიტიკურ მოღვაწეობაში გავგამელას ბრძოლა ყველაზე მნიშველოვანი მომენტი გახლდათ და მან დიდი, მაგრამ დროული რისკისა და კარგი ტაქტიკურ-სტრატეგიული გათვლის მეშვეობით მოახერხა გამარჯვება, გამარჯვება, რომელმაც იგი დიდების მწვერვალზე აიყვანა. ზოგიერთი ისტორიკოსი გავგამელას ანტიკურობის უდიდეს ბრძოლად თვლის. მან შეცვალა ისტორიის კურსი და აზიაში სპარსეთის ორსაუკუნოვანი ბატონობის დასასრულად იქცა.(24)
სქოლიოები
1. Waldemar Heckel, Who's who in the age of Alexander the Great (Oxford, 2008), 103.
2.დღევანდელი ჩრდილოეთ ერაყი, ქალაქ მოსულის მახლობლად.
3.Ruth Sheppard, Alexander the Great at war: his army, his battles, his enemies (Oxford, 2008), 47.
4. ძირითადად მოკლე შუბითა და ფარით აღჭურვილ, უაბჯრო ან მსუბუქი აბჯრით შემოსილ მეომრებს. Ruth Sheppard, Alexander the Great at war, 45.
5. როდესაც ბრძოლაში დანაკლისს განიცდიდნენ, შენაერთს მაშინვე ახალი რაზმებით ავსებდნენ, ამიტომ უკვდავების რიცხვი არ იცვლებოდა.
6. სპარა ამ მშვილდოსანთა წყვილის დიდ დამცავ ფარს ერქვა.
7. Герберт Уильям Парк, Греческие наемники. "Псы войны" древней Эллады (M, 2013), 104.
8. A. Sh. Shahbazi, Army: I. Pre-Islamic Iran, materials for a study of pre-Islamic Iranian military concerns, Encyclopædia Iranica, Vol. II, Fasc. 5, 489-499 [ელ-ვერსია].
9. ფლავიუს არიანეს მიხედვით დარიოსის არმიაში 1 მილიონი ქვეითი და 40 ათასი მხედარი იყო (Anabasis Alexandri, 3.8), დიოდორე სიცილიელი 800 ათას ქვეითსა და 200 ათას მხედარს ასახელებს(Bibliotheca historica, 17, 53), პლუტარქე 1 მილიონ სპარსელ ჯარისკაცზე საუბრობს (Vitae parallelae, Alexander, 12), კურტიუს რუფუსი 45 ათას მხედარზე და 200 ათას ქვეითზე (Historiae Alexandri Magni, 4.12.13).
10. Г. Дельбрюк, История военного искусства в рамках политической истории (Санкт-Петербург, 2001), 389 [ელ-ვერსია].
11. Ruth Sheppard, Alexander the Great at war, 174.
12. John Gibson Warry, Alexander, 334-323 BC (London, 1991), 53.
13. მისი მკვლელობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ალექსანდრემ კი მამის სიკვდილში სპარსელები დაადანაშაულა და ომის დასაწყებად დამატებითი მიზეზიც გააჩინა.
14. სტრატეგოსები და კეისრები, რედ. ნანა ტონია (თბილისი, 2005), 196.
15. ქრისტოფერ კოლენდა, მეთაურობა: საბრძოლო ხელოვნება (თბილისი, 2007), 137.
16. Г. Дельбрюк, История военного искусства в рамках политической истории, 389.
17. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დიოდორე სიცილიელი, პლუტარქე, კურტიუს რუფუსი, არიანე სპარსეთის ჯარში 200 ათასზე მეტ მეომარს ასახელებენ.
18. რეალური ციფრების შემთხვევაშიც, სპარსეთის ჯარს მცირე რიცხობრივი უპირატესობა მაინც ექნებოდა, განსაკუთრებით შესამჩნევი სხვაობა კავალერიის რიცხოვნობაში გამოჩნდებოდა.
19. ქრისტოფერ კოლენდა, მეთაურობა: საბრძოლო ხელოვნება,136-137.
20. სტრატეგოსები და კეისრები, 212.
21. Ruth Sheppard, Alexander the Great at war, 174.
22. დარიოსის ჯარის მასებში გაჭედილმა ეტლმა ვერ შეძლო მოტრიალება და მეფე ცხენზე შემჯდარი გაეცალა ველს.
23. ცენტრიდან მხოლოდ მარჯვენა ფალანგამ მოახერხა ალექსანდრესთან ერთად სპარსელებისთვის შეეტია, დანარჩენებს მოუწიათ მარცხენა ფლანგზე დახმარებოდნენ პარმენიონს. ბრძოლის ეს სტილი Gთითქოს შაბლონური იყო გრანიკოსის, ისოსისა და გავგამელას ბრძოლებში - ალექსანდრე ერთი მხრიდან უტევდა მტერს, მისი მარჯვენა ხელი - პარმენიონი კი მეორე ფლანგს ამაგრებდა, რათა მტერი არ შესულიყო მაკედონელთა რიგებში და ალყაში არ მოექცია. ქრისტოფერ კოლენდა, მეთაურობა: საბრძოლო ხელოვნება, 140.
24. Debra Skelton & Pamela Dell, Empire of Alexander the Great (New York, 2005), 23
ბიბლიოგრაფია
1. ტონია, ნანა. სტრატეგოსები და კეისრები. თბილისი, 2005.
2. კოლენდა, ქრისტოფერ. მეთაურობა: საბრძოლო ხელოვნება. თბილისი, 2007.
3. Heckel, Waldemar. Who's who in the age of Alexander the Great. Oxford, 2008.
4. Thomas, Carol. Alexander the Great in his world. Oxford, 2007.
5. Sheppard, Ruth. Alexander the Great at war: his army, his battles, his enemies. Oxford, 2008.
6. Nosov, K & Peter Dennis. War elephants. Oxford, 2008.
7. Freeman, Philip. Alexander the Great. New York, 2011.
8. Grainger, John. Alexander the great failure : the collapse of the Macedonian Empire. London, 2007.
9. Burgan, Michael. Alexander the Great: world conqueror. Minneapolis, 2007.
10. Heckel Waldemar & Lawrence A Tritle. Alexander the Great: a new history. Chichester, 2009.
11. Devries, Kelly. Battles of the ancient world 1285 BC - AD 451 : from Kadesh to Catalaunian Field. London, 2007.
12. Cantor, Norman & Dee Ranieri. Alexander the Great: journey to the end of the earth. New York, 2005.
13. Fildes, Alan & Joann Fletcher. Alexander the Great: son of the gods. Los Angeles, 2002.
14. Lindsay Adams, Winthrop. Alexander the Great: legacy of a conqueror. New York, 2005.
15. Ashley, James. The Macedonian Empire: the era of warfare under Philip II and Alexander the Great, 359-323 B.C. Jefferson, 1998.
16. Baynham, Elizabeth. Alexander the Great: the unique history of Quintus Curtius. Ann Arbor, 1998.
17. Sekunda, Nick & John Warry. Alexander the Great. Oxford, 2004.
18. A. Sh. Shahbazi, Army: I. Pre-Islamic Iran, materials for a study of pre-Islamic Iranian military concerns, Encyclopædia Iranica, Vol. II, Fasc. 5. [el-versia]
19. Skelton, Debra & Pamela Dell. Empire of Alexander the Great. New York, 2005.
20. Warry, John Gibson. Alexander, 334-323 BC. London, 1991.
21. Киселев, В.И. ред. Походы Александра Македонского, 334-323 гг. до н.э. Солдат Н-188. Артемовск, 2002.
22. Киселев, В.И. ред. Македонская фаланга. Солдат Н-132. Артемовск, 2002.
23. Фишер-Фабиан, С. Александр Великий. Смоленск, 1998.
24. Eнглим, Саимон и Дж. Джестис Филлис. Воины и сражения древнего мира, 3000 год до н.э. - 500 год н.э. Москва, 2003.
25. Дельбрюк, Г. История военного искусства в рамках политической истории. Санкт-Петербург, 2001, [el-versia].
26. Парк, Герберт Уильям. Греческие наемники. "Псы войны" древней Эллады. M, 2013.
ნიკა ხოფერია