ბრძოლა ჰატინთან,3-4 ივლისი, 1187 წ.


ჰატინის ბრძოლა 1187 წელს, ტიბერიადის ტბის მახლობლად, გადამწყვეტი გამოდგა იერუსალიმის ჯვაროსნული სამეფოსათვის და აიუბიანების სასულთნოსათვის. ბრძოლის შედეგად ჯვაროსანთა დიდი ქრისტიანული მოძრაობა მეტად დასუსტდა, დაკარგა საუკეთესო პოზიციები პალესტინაში და წმინდა ქალაქის დაცემის შემდეგ ვეღარ გაიმართა წელში. აიუბიანებმა კი უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, შექმნეს უზარმაზარი ისლამური იმპერია, რომელიც ეგვიპტეს, ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილს, პალესტინას, სირიასა და არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს მოიცავდა. იერუსალიმის აღებით სულთანმა სალადინმა – მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთმა უდიდესმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ – დაასრულა ეგვიპტეში დაწყებული საქმე, რის შემდეგაც მოიგერია მესამე ჯვაროსნული ომიც და მემკვიდრეებს უდიდესი სასულთნო დაუტოვა. ევროპელი მეფეები - მაგალითად ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული, საღვთო რომის იმპერატორები ფრიდრიხ I ბარბაროსა და ფრიდრიხ II ჰოფენშტაუფენი, ფრანგი ხელმწიფე ფილიპე II ავგუსტუსი - კიდევ რამდენჯერმე ეცადნენ უწინდელი მდგომარეობის აღდგენას, მაგრამ ხანგრძლივი დროით ვერც იერუსალიმი დაიბრუნეს და წმინდა მიწასაც ნელ-ნელა დასცილდნენ. რომის პაპთა მოწოდებები უკვე უშედეგოდ გაისმოდა ევროპაში ან მხოლოდ მცირე გამოხმაურებას თუ ჰპოვებდა, ევროპაში გამართული სისხლისმღვრელი ომებიც გარკვეულწილად აფერხებდა ახალი, მძლავრი ჯვაროსნული მოძრაობის წამოწყებას, ამიტომ სალადინის წარმატება 1187 წელს ჰატინის ბრძოლაში საკვანძო მომენტი გამოდგა შუა საუკუნეების ისტორიისთვის -  დაუმკვიდრა რა მუსლიმებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროები. 


იერუსალიმის სამეფო
იერუსალიმის სამეფო მე-11 საუკუნის ბოლოს დაარსდა I ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად, მისი პირველი მმართველი კი ცნობილი ფრანგი, ბულონელი დიდებული და ჯვაროსანთა მეთაური – გოდფრუა დე ბუიონი (Godefroy de Bouillon, იერუსალიმის მმართველი - 1099-1100) გახდა. “მას მეფის ტიტული არ მიუღია, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ერთი ისტორიული წყარო - ბერი რობერტის ქრონიკა.”(1)  თითქმის მთელი მე-12 საუკუნის განმავლობაში იერუსალიმის მეფეები ცდილობდნენ დაეცვათ თავიანთი სამფლობელო მუსლიმთაგან და შეენარჩუნებინათ იერუსალიმი. ბალდუინ IV “კეთროვნის”(2) (Baudouin IV le Lépreux, იერუსალიმის მეფე – 1174-1185) “სიკვდილის შემდეგ მალევე გარდაიცვალა მისი დისშვილი და მემკვიდრე ბალდუინ V (Baudouin V de Jérusalem, იერუსალიმის მეფე, კორონაცია 1183-1185, ტრიპოლის გრაფ რაიმონდ III-ს რეგენტობით), რის შემდეგაც სამეფოში კრიზისი და არეულობა დაიწყო.”(3)  ტახტზე ავიდა ბალდუინ IV-ს და სიბილა იერუსალიმელის ქმარი გი დე ლუზინიონი (Guy de Lusignan, იერუსალიმის მეფე - 1186-1192, შემდგომში კვიპროსის მეფე – 1192-1194) მეფედ გამოცხადდა. იერუსალიმის მეფე გი დე ლუზინიონი და რაიმონდ III ტრიპოლელი ერთმანეთს წაეკიდნენ, საქმე თითქმის ბრძოლამდე მივიდა. “მათ შორის მედიატორის როლი იმ დროის ცნობილმა ფეოდალმა, ბალიან იბელინმა შეასრულა”.(4)  როდესაც გი დე ლუზინიონის ერთგულმა “რეინალდ(რენე) დე შატილიონმა მოაწყო თავდასხმა ეგვიპტესა და სირიას შორის მიმავალ ქარავანზე”(5), სალადინს ომის დაწყების კარგი შანსი მიეცა, სამხედრო მოქმედებები დაიწყო და ტრიპოლს შეუტია (რომლის მხოლოდ ციტადელმა შეძლო იერიშების მოგერიება და გადარჩენა(6)), ჟერარ დე რიდფორის (Gerard de Ridefort, ტამპლიერთა ორდენის მე-10 დიდი მაგისტრი – 1184-1189) დაჟინებული თხოვნით მეფემ არ დააყოვნა და ჯარები საომრად დაძრა. 
გი დე ლუზინიონი (ფრანსუა პიკოს ნახატი, XIX ს.)

“ორიგინალური ისტორიული წყაროების უმეტესობა უარყოფითად არის განწყობილი გის, იერუსალიმის მეფის მიმართ (1186-1192), როგორც მმართველისადმი, რომელმაც დაკარგა იერუსალიმი. გი და მისი ფრანგი რაინდები ვერ სარგებლობდნენ ადგილობრივი ლათინური არისტოკრატიის სიმპათიით. მომხიბლავმა ვაჟკაცმა გიმ მოახერხა დედოფალ სიბილა იერუსალიმელის გულის დაპყრობა, მაგრამ ხასიათით სუსტი, ფიცხი და დაუფიქრებელი იყო, როგორც  ქრონიკები ახასიათებენ.”(7) ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, როდესაც გის ძმამ ჟოფრიმ შეიტყო, რომ მისი ძმა შეიძლება გამეფებულიყო ხუმრობით შესძახა: “Si Guy devient roi, pourquoi ne deviendrais-je pas Dieu –გი თუ მეფე გახდება, რატომ არ უნდა გავხდე მე ღმერთი”.(8) ბალდუინ V-ს გარდაცვალების შემდეგ “მეფის არჩევისას ბარონთა საბჭოს ნაწილმა გის მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მაინც ბევრი და მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჰყავდა – კერაკისა და ტრანსიორდანიის მმართველი რენე დე შატილიონი, ტამპლიერთა დიდი მაგისტრი ჟერარ დე რიდფორი, იერუსალიმის პატრიარქი ჰერაკლეოსი, განსვენებული მეფის ბიძა ჟოსელინ III დე კურტენე”(9), ამიტომ სიბილას დახმარებით მოახერხა მეფის ტახტის დაკავება და 1187 წელს იერუსალიმის ჯარებს სათავეში ჩაუდგა სალადინთან ომში. 



კერაკის ციხესიმაგრე 

რეინალდ (რენო) დე შატილიონი (Renaud de Châtillon, დაახლ. 1125-1187) ერთ-ერთი ვერსიით “იგი  Châtillon-sur-Marne”(10) იყო, უფრო დამაჯერებელი კი მეორე ვერსიაა, რომლის მიხედვით “რენე  Châtillon-sur-Loing-დან იყო ჰერვე II დონზის ვაჟი გახლდათ”(11). 1147 წელს რეინალდი II ჯვაროსნულ ომს შეუერთდა. “1153 წელს იგი დაქორწინდა ანტიოქიის ახალგაზრდა პრინცესა კონსტანციაზე. რენოს ტრადიციულად ახასიათებენ როგორც მამაც, ვაჟკაცურ, თუმცა უდისციპლინო ავანტიურისტად, რომელსაც არც კეთილგონიერება გააჩნდა და სასტიკიც იყო. მიუხედავად ამისა რეინალდს კარგად ესმოდა გეოპოლიტიკური სტრატეგიები.”(12)  ალეპოში ტყვეობამ (1161-1175) ისლამის საშინელი სიძულვილი, მაგრამ ამავდროულად, გეოგრაფიის კარგი ცოდნა შესძინა. როდესაც მეუღლე გარდაეცვალა, რენომ ცოლად შეირთო კერაკის მემკვიდრე ქალბატონი და ტრანსიორდანიის მმართველი გახდა. აქ იგი “თავის სახელმწიფოს ქმნიდა სახელმწიფოში”(13) და ოცნებობდა მოეპოვებინა ისეთი დამოუკიდებლობა, როგორიც ტრიპოლს და ანტიოქიას ჰქონდათ. სწორედ მან გამოიწვია ომი, როდესაც “1186 წელს თავს დაესხა კაიროსა და დამასკოს გზაზე მოძრავ დიდ ქარავანს, დაატყვევა ვაჭრები და უარი თქვა მიეღო სალადინის დესპანები, ამან ბოლო მოუღო 4 წლიან მშვიდობას”(14).  

ჯერემი აირონსი ტრიპოლის გრაფის რაიმონდ III-ს როლში, კადრი ფილმიდან „ზეციური სამეფო"(Kingdom of Heaven, 2005)

ტრიპოლის გრაფი რაიმონდ III (Raymond III de Tripoli, ტრიპოლის გრაფი – 1152-1187, გალილეისა და ტიბერიის პრინცი 1174-1187)ჰატინის მთელი საგის ყველაზე ტრაგიკული ფიგურა იყო. იგი ქრისტიან ლიდერებს შორის ყველაზე ინტელიგენტი და გამოცდილ პიროვნება გახლდათ და ხშირად მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით ცდილობდა აერიდებინა თავიდან იერუსალიმისთვის დამღუპველი ომი მუსლიმ სულთნებსა და ამირებთან. რაიმონდი ასევე საუკეთესო ტაქტიკოსად ითვლებოდა იერუსალიმის სამეფოს სამხედრო მეთაურებში. მეფე გი დე ლუზინიონის ჰატინთან კატასტროფული მარცხის მთელი პასუხისმგებლობა “ტრიპოლის გრაფს დააკისრეს. მოხუცებულმა რაიმონდმა დატოვა სამსახური და თავის მამულში გარდაიცვალა ჰატინიდან რამდენიმე თვის შემდეგ.“(15) 


რამლა 
(Doppelseite, aus Conrad Grünenberg: Beschreibung der Reise von Konstanz nach Jerusalem. Bodenseegebiet, um 1487) 

ბალიან  დ’იბელინი რამლას ლორდი (Balian d'Ibelin,  ? -1193, რამლას ლორდი მე-12 ს. II ნახევარი). არაბული წყაროების მიხედვით ბალიან იბნ ბარზან ანუ ბალიანი ბარზანის/ბარისანის ძე. “დ’იბელინების ოჯახი “ახალი არისტოკრატიის” წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც ჯვაროსნულ სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა. 1180 წლისთვის ბალიანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბარონი გახდა და სამხრეთ პალესტინაში თითქმის დამოუკიდებლად მოქმედებდა.”(16)  დ’იბელინი ითვლებოდა სალადინის მეგობრად, რადგან მონაწილეობდა მშვიდობიან მოლაპარაკებებში, ასევე იგი იყო შუამავალი გი დე ლუზინიონსა და რაიმონდ ტრიპოლელს შორის დაპირისპირების დროს. “ჰატინის შემდეგ სალადინმა გაანთავისუფლა და მისცა უფლება წაეყვანა ცოლ-შვილი ტრიპოლში, მხოლოდ იმ პირობით რომ დაეყოვებინა ქალაქი და არასოდეს აეღო ხელში იარაღი სალადინის წინააღმდეგ”(17). მიუხედავად ამისა პატრიარქ ჰერაკლიოსთან ერთად ქალაქის დაცვის ორგანიზება მოახდინა და მედგრად დაუდგა მტრის შემოტევას, თუმცა მეტად გაუჭირდა ხანგრძლივი იერიშების გაძლება, რადგან ქალაქში ძალიან ცოტა მამაკაცი იყო დარჩენილი. სალადინი და დ’იბელინი ერთმანეთს მოსალაპარაკებლად შეხვდნენ და ბალიანმა უთხრა, რომ “მოქალაქეებს დანებებას და მტრის ხელით სიკვდილს და ძარცვას ურჩევნიათ თვითონვე გაანადგურონ ქალაქი და თავიანთი სიწმინდეები”(18). “მოლაპარაკების შედეგად სალადინმა ქალაქის მაცხოვრებლებს თავისუფლად წასვლის უფლება მისცა თუ თავიანთ თავს გამოისყიდიდნენ – კაცი 10 ოქრო, ქალი 5, ხოლო ბავშვი 2. დანარჩენები კი ქალაქში დარჩნენ და მუსლიმთა მონებად იქცნენ”(19).
ტამპლიერ რაინდთა გამოსახულება კრესაკის (ტამპლიერთა ერთ-ერთი ცენტრი) კედლებზე, საფრანგეთში

ჟერარ დე რიდფორი (Gérard de Ridefort, ტამპლიერთა დიდი მაგისტრი – 1184-1189) წარმოშობით ფლამანდიელი დიდებული, II ჯვაროსნულ ლაშქრობას 1146 წელს შეუერთდა. “იგი გი დე ლუზინიონის მეგობარი და მოკავშირე გახდა და ტამპლიერთა ორდენს მიაშურა, სადაც 1183 წელს სენეშალი, ხოლო 1185 წელს დიდი მაგისტრი გახდა”. (20) რიდფორი მხარს უჭერდა გის ლაშქრობას სალადინზე და მასთან ერთად განიცადა საშინელი მარცხი ჰატინთან, სადაც ტყვედ ჩავარდა, მაგრამ განთავისუფლდა და 1189 წელს აკრაში გარდაიცვალა. 
ლათინური არისტოკრატიის ის ნაწილი, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ დარჩა წმინდა მიწაზე ნელ-ნელა შეერია ადგილობრივ ქრისტიანებთან. მათმა ნაწილმა აღმოსავლურ-ისლამური გავლენა განიცადა და ნამდვილ პალესტინელად ჩამოყალიბდა, ხოლო მეორე ნაწილი, რომელსაც ევროპიდან, უმეტესად საფრანგეთიდან ჩამოსული რაინდები შეადგენდნენ ნელ-ნელა ეგუებოდნენ გარემო პირობებსა და კულტურას. გახშირდა რაინდობის მინიჭება ადგილობრივი ქრისტიანებისთვის, რათა ჯარის რაოდენობა გაეზარდათ. დიდებულთა ოჯახის წევრები 15 წლის ასაკიდან იწყებდნენ სამხედრო სამსახურს და მოხუცებულობამდე მონაწილეობდნენ ომებში, თუმცა ჰქონდათ უფლება დაეტოვებინათ სამსახური იმ შემთხვევაში, თუ მათ მამულს მტერი დაიკავებდა. ომის დროს მეომრები გამოყავდათ ეკლესიას, ქალაქებს, ადგილობრივ დასახლებებსა და სამხედრო-საეკლესიო ორდენებს. კარგად ეკიპირებულ რაინდებს და ცხენოსან სერჟანტებს მხარს უფრო მრავალრიცხოვანი ქვეითი ჯარი უბამდა. “საგანგებო მდგომარეობისას ცხადდებოდა ე.წ. არრიერე ბან – ანუ ყველა თავისუფალი და იარაღის ხმარების შემძლე კაცის საომრად გაწვევა.”(21) 
იერუსალიმის სამეფოს რაინდები, XII ს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

მიუხედავად ამისა ადამიანური რესურსი მაინც მცირე იყო და ჯვაროსანი ლიდერები დაქირავებულების გამოყენებასაც ხშირად მიმართავდნენ. დასავლეთში დაქირავებული მოქირავნეები ხშირად მუდმივად მსახურობდნენ წმინდა მიწაზე. “რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი ტამპლიერები და ჰოსპიტალერები უფრო აგრესიულ პოზიციას იკავებდნენ, ვიდრე უფრო ფრთხილი ლათინი მოსახლეები და ომის დროსაც უფრო სასტიკად მოქმედებდნენ.”(22) ადგილობრივი და ფეოდალური ჯარების გარდა საბრძოლო შესაძლებლობებით თურქოპოლები გამოირჩეოდნენ – მუსლიმებისგან ჩამოყალიბებული ცხენოსანი ნაწილები. კილიკიელი სომხები ჯვაროსნულ ჯარში ინჟინრებად მსახურობდნენ, ხოლო ლიბანელი მარონიტები – ქვეით მშვილდოსნებად. არმიას იერუსალიმის მეფე მეთაურობდა, რომლის ძალაუფლებას ის უქმნიდა პრობლემებს, რომ არ შეეძლო გაწეული სამსახურისთვის რაინდებისთვის მიწები გადაეცა, რადგან საკმარისი ტერიტორიები, სადაც ცხოვრება და მამულის გაშენება შეიძლებოდა, პალესტინაში არ იყო. სუსტი გახლდათ სამეფოს ფინანსური მდგომარეობაც, რაც ასევე მოქმედებდა ჯარზე, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს მოქირავნეები წარმოადგენდნენ. იერუსალიმის არმიის მეთაურობის სისტემა ჩვეულებრივ ევროპულ სისტემებს ეყრდნობოდა. არსებობდა სამი უმაღლესი პოსტი – სენეშალი, რომელიც ყველა ციხე-სიმაგრეზე (მეფის სასახლის გარდა), გარნიზონებსა და სურსათით მომარაგებაზე აგებდა პასუხს. კონეტაბლი – არმიას მეთაურობდა იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ჯარს თავად მეფე ხელმძღვანელობდა. ასევე ჯარის მზადყოფნასაც ამოწმებდა. მარშალი კი კონეტაბლის შემცვლელი და მოქირავნეთა თავმოყრაზე პასუხისმგებელი გახლდათ. ჯვაროსნები ერიდებოდნენ დიდ ბრძოლებს (გამონაკლისების გარდა) და წვრილი შეტაკებებითა და თავდასხმებით შემოიფარგლებოდნენ. 
XII ს. ნორმანი მხედარი სამხრეთ იტალიიდან (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

მსხვილმასშტაბიან ბრძოლებში მთავარ როლს რაინდთა კავალერია თამაშობდა, ხოლო მათ ქვეითები უმყარებდნენ ზურგს. ამას გარდა ერთ-ერთი მიზეზი დიდი ბრძოლებისთვის თავის არიდებისა გახლდათ ის, რომ დამარცხების შემთხვევაში იერუსალიმის სამეფოს ქალაქები და ციხე-სიმაგრეები დაუცველი დარჩებოდა. ქრისტიანთა ჯარი ცხენების ნაკლებობასაც განიცდიდა, რის შედეგადაც რაინდების ეფექტურობა იკარგებოდა. ეს იცოდნენ მუსლიმებმა და ყველანაირად ცდილობდნენ მათი ცხენებისთვის ზიანის მიყენებას. მარშის დროს ცხენოსან რაინდები ცენტრში დგებოდნენ, გარშემო და წინ კი ქვეითები მიდიოდნენ. დაბანაკებისას ჯარისკაცები კარვებს მეთაურის კარვის გარშემო შლიდნენ და ყოველთვის მზად იყვნენ საბრძოლველად. ჯვაროსნათა არმია უფრო ნელი და მოუქნელი იყო ვიდრე მუსლიმებისა, რომელთაც სწრაფი და მობილური ჯარები ჰყავდათ. იერუსალიმის სამეფოს მთავარ ძალას ცხენოსანი რაინდები შეადგენდნენ – მათი შეიარაღება უფრო ღარიბული იყო, ვიდრე ევროპელთა. ძირითადად ძველმოდურ, ცხვირისა და თავის დამცავ მუზარადებს იხურავდნენ. ქვეითად ბრძოლისთვის (მაგალითად ციხის იერიშისას) მასიური, ნორმანულის მსგავსი ფარები ჰქონდათ. 

ტამპლიერთა ბანაკი (ვეინ რეინოლდსის ნახატი) 

მეტესობას ჯაჭვის პერანგი ემოსა, რომლის შიგნითაც რამდენიმე ფენა ტყავისგან დამზადებულ სამოსს იცმევდნენ, რომელიც დამატებით დაცვით ფუნქციასაც ასრულებდა და ჯაჭვის ტარებასაც უფრო კომფორტულს ხდიდა. რაინდებს ჰქონდათ გრძელი, ევროპული, ორლესული მახვილები, რაინდული შუბები, ხოლო ზოგჯერ ცულებსა და ჩუგლუგებსაც იყენებდნენ. ქვეითი მეომრების უმეტესობა უფრო მსუბუქად იყო შეირაღებული, თუმცა მათი აღჭურვილობა საკმაოდ წააგავდა რაინდებისას. ქვეითებს ჰქონდათ დიდი ზომის ფარები, შუბები, ხანჯლები, მოკლე მახვილები, ცულები. ჯვაროსნები იყენებდნენ მშვილდოსნებსა და არბალეტის მსროლელებს, რომელთა დიდი ნაწილი ციხე-სიმაგრეებს იცავდა. ზოგადად არმია ევროპული მოდელების ანალოგი იყო. ჰატინთან ბრძოლაში იერუსალიმის მეფის განკარგულებაში 20 000-მდე ჯარისკაცი იყო – 14-15 ათასი ქვეითი, 1000-1200 რაინდი და 500 თურქოპოლი. 

აიუბიანების სასულთნო
XI საუკუნეში შუა აზიიდან მოსული თურქ-სელჯუკები ახლო აღმოსავლეთში გაბატონდნენ. სელჯუკები თურქული დინასტია (سلجوقيان) იყო, ისინი სუნიტურ ისლამს მისდევდნენ (23).  მათი ძლიერი იმპერია თოღრულ-ბეგის (طغرل, დაახლ. 990-1063) ალფ-არსლანისა (الب ارسلان, 1029-1072) და მალიქ-შაჰის (ملكشاه, სულთანი 1072-1092 წლებში) დროს ყვაოდა. 1092 წელს მალიქ-შაჰის სიკვდილთან ერთად დიდ სელჩუკთა სახელმწიფო ერთიანად დაიშალა. ერთდროულად გამოჩნდა სულტნის ტახტის სამი პრეტენდენტი, მალიქ-შაჰის ორი ვაჟი: მაჰმუდი და ბარქიარუკი და მისი ძმა – სირიის გამგებელი ტუტუში(24).  ჯვაროსნული ლაშქრობის წარმატება ერთგვარად სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული. იერუსალიმი კი, რომელიც ჯვაროსნებმა 1099 წელს აიღეს, იმ დროს ეგვიპტის ფატიმიდ არაბთა დინასტიას (الفاطميون) ეკუთვნოდა. 



სელჯუკთა იმპერია XI საუკუნის 70-იან წლებში 

იერუსალიმის სამეფოსა და მისი ვასალი ანტიოქიის, ტრიპოლისა და ედესის საგრაფოებს მუდმივად უწევდათ ძლიერი მუსლიმი ამირების მოგერიება. მიუხედავად ამისა ჯვაროსნებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ დაპყრობილი მიწები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ნიჭიერმა და მამაცმა მუსლიმმა ლიდერმა, სირიის მმართველმა ნურ ად-დინ ზენგიმ (نور الدين‎, 1146-1174)  საკმაოდ დიდი წარმატებების შემდეგ შეასუსტა ჯვაროსანთა ძლიერება. ეგვიპტეში არეულობის დროს ნურ ად-დინს დახმარება სთხოვა ვეზირობის მსურველმა შავერმა და მისი დახმარებით მიაღწია კიდეც მიზანს, შემდეგ კი იერუსალიმის მეფე ამალრიკ I-ს შეუკავშირდა და ეგვიპტეში მდგარი ყოფილი მოკავშირე გააძევა, თუმცა მალე ქვეყანა ნურ ად-დინმა დაიპყრო. მთავარი ვეზირი ასად ად-დინ შირკუჰ ბინ შადჰი (أسد الدين شيركوه بن شاذي, აიუბიანების დინასტიის დამფუძნებლის ძმა, სალადინის ბიძა, ჰომსის ამირა -1154-1169, ეგვიპტის დიდი ვეზირი - 1169)  ძმისშვილმა, ნურ ად-დინის მარჯვენა ხელმა – სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბმა (الدين يوسف ابن ايوب‎‎, ეგვიპტის დიდი ვეზირი - 1169-1174, ეგვიპტის სულთანი - 1174-1193) ჩაანაცვლა. მან დაამყარა თავისი ძალაუფლება და მალე ეგვიპტე დაეუფლა მთელ ტერიტორიას ჯვაროსანთა მიწების გარშემო. 
აიუბიანთა სასულთნო სალადინის მმართველობის ბოლო წლებში
  
კრიტიკული თვალსაზრისით სალადინი ამბიციური, მოხერხებული ადამიანი და კარგი პოლიტიკოსი იყო, თუმცა ნაკლებად ძლიერი სამხედრო მეთაური, როგორც ამას ბევრი ფიქრობს, მიუხედავად ამისა, უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ სალადინი XII საუკუნის ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ისტორიული ფიგურა გახლდათ.(25)  სალადინმა გამოაცოცხლა ეგვიპტის ეკონომიკა, გაატარა სამხედრო რეფორმები, მხარი დაუჭირა სუნიტურ ისლამს. 1174 წელს შემოიერთა ჰომსი და დამასკო, 1175 წელს ალეპო, დაეუფლა ერაყსა და სირიას. ჯარის ორგანიზების გარდა მოამზადა სამხედრო ფლოტიც. 1177 წელს იგი სასტიკად დამარცხდა ჯვაროსანთა მეფე ბალდუინ IV-ს წინააღმდეგ მონსიჟარის ბრძოლაში, სადაც მეფის გვერდით იბრძოდნენ რენე დე შატილიონი, ბალდუინ დ’იბელინი და მისი ძმა ბალიან დ’იბელინი,  რენე გრენიე. ჟოსელენ III დე კურტენე, მისი ბიძა (26)  და ოდონ დე სენტ ამანი, ტამპლიერთა მაგისტრი თავისი რაინდებით. 1187 წელს იერუსალიმის მეფე გი დე ლუზინიონმა და რენე დე შატილიონმა ომი წამოიწყეს. სალადინსაც ეს სჭირდებოდა და იგი სწრაფად ამოქმედდა, შეკრიბა 20-30 ათასი მეომარი და ტიბერიას შეუტია. სწორედ აქ, ტიბერიადის ტბის მახლობლად, ჰატინთან გაიმართა სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა ჯვაროსნული ომების ისტორიაში. 
სალადინი და მისი მეომრები (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

ალ მუზაფარ თაკი ად-დინ უმარი (المظفر تقي الدين عمر, ჰამას პრინცი 1179-1191) სალადინის ძმის, ალ-მალიქ ალ-ადილ საიფ ალ-დინ აბუ-ბექრ იბნ აიუბის (الملك العادل سيف الدين أبو بكر بن أيوب‎, 1145-1218) ვაჟი იყო. სალადინი ძალიან აფასებდა თაკი ალ-დინს, რომელიც იმ პერიოდის ბევრი მუსულმანი სარდლის მსგავსად, მუსლიმი მწერლების მიერ ღრმად მორწმუნე და კეთილშობილ ადამიანად არის გამოყვანილი.(27) იგი გამოირჩეოდა სიმამაცით, გამძლეობითა და ჯარების გაძღოლის უნარით. ჰატინამდე მან თავი გამოიჩინა ჰამასთან ბრძოლაში 1175 წელს. მას შემდეგ სალადინი ენდობოდა თაკი ალ-დინის ნიჭსა და მონდომებას და რთულ სამხედრო დავალებებს აკისრებდა. ბრძოლის დროს მას ყოველთვის მარჯვენა ფლანგი ეკავა, რომელიც მუსლიმთა ტაქტიკის მიხედვით შემტევი იყო, ხოლო მარცხენა ფლანგი დაცვით როლს ასრულებდა.(28)  თაკი ალ-დინს სურდა ჩრდილოეთ აფრიკაში ახალი მიწების შემოერთება, თუმცა სალადინმა ამის უფლება არ მისცა, რადგან შიშობდა, რომ ჯარის დიდი ნაწილი ამ კამპანიას დასჭირდებოდა. ამის სანაცვლოდ ომის მოყვარულ, პატივმოყვარე ძმისშვილს სირიისა და ანატოლიის ნაწილი გადაეცა სამმართველოდ. 
სალადინის სარდლებიდან გამორჩეული იყო მუზაფარ ალ-დინ “გოქბორი” (ლურჯი მგელი). იგი თავდაპირველად ზენგიდების მხარეს იყო, შემდეგ კი სალადინს მიემხრო და სამმართველოდ ედესა და სამსათი მიიღო. ასევე იგი დაქორწინდა სალადინის დაზე ალ სით რაბია ხათუნზე. სირიაში გოქბორი ითვლებოდა დიდ მეომრად და მთავარსარდლად,ა ამას გარდა ეწეოდა აღმშენებლობით მოღვაწეობასაც. იგი აგებდა კოლეჯებს, ჰოსპიტალებს, თავშესაფრებს, საცხოვრებლებს პილიგრიმთათვის და ვაჭართათვის, თუმცა ეს ყველაფერი წლების შემდეგ მონღოლთა შემოსევამ მოსპო. 
მუსლიმ მეთაურებს შორის იყო ჰუსამ ალ-დინ ლუ’ლუ (მარგალიტი), მან სახელი გაითქვა წითელ ზღვაში 1183 წელს რენე დე შატილიონის კამპანიის ჩაშლითა და გიბელეტის (ჯუბაილის) აღებისას მეზღვაურთა სათავეში მძლავრი იერიშის მიტანით. “1191 წელს აკრას გარნიზონის ამოხოცვის დროს დასჯილი მეთაურის სახელი ჰუსამ ალ-დინი იყო, თუმცა არ არის ცნობილი ეს იგივე ადამიანი იყო თუ სხვა.”(29)

სალადინის მძიმე ცხენოსან-მოისრები (ვეინ რეინოლდსის ნახატი)

შუა საუკუნეების ისლამური არმიები უკეთესად იყო ორგანიზებული ვიდრე ჯვაროსანთა ჯარები. სამხედრო მოქმედებებისას მთავარი როლი ენიჭებოდათ პროფესიონალებს, რომელთა შორის იყვნენ ან ელიტური მამლუქები ან თავისუფალი თურქები და ქურთები. სალადინი ასევე ავსებდა თავის არმიებს დამარცხებული მოწინააღმდეგე მუსულმანი ლიდერების ჯარისკაცებისგან. ჯარის დიდ ნაწილს ეთნიკური თურქები შეადგენდნენ, რომლებიც XII საუკუნის დასაწყისიდან ყველა სირიულ არმიაში დომინირებდნენ. შემდეგ მოდიოდნენ ქურთები – ძირითადად მსუბუქი ცხენოსნები და მშვილდოსნები. მესამე მსხვილ ჯგუფს არაბები შეადგენდნენ, მომთაბარე ბედუინები, რომლებიც დამხმარე კავალერიას წარმოადგენდნენ. ისინი შუბებითა და ხმლებით იყვნენ აღჭურვილები.  არმიაში ირიცხებოდნენ ადგილობრივი ჯარებიც – მუტტავიაჰ (ფანატიკოსი-მუსულმანები), აჰდატ (ქალაქის რაზმები) და რაჯალაჰ (პროფესიონალი ქვეითი ჯარი). მთელი ამ რაზმებიდან მთავარსარდლის ელიტურ შენაერთს – ასკარებს – მამლუქები შეადგენდნენ. ასკარები ასევე ფლობდნენ საალყო იარაღებს, არსენალს და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ასპექტებს. მათთან ერთად მოქმედებდა ხალკა – სულთნის ცხენოსანი გვარდია. ტავასჰია – ელიტური მძიმე კავალერია – შედგებოდა როგორც მამლუქების, ასევე თავისუფალი წარმოშობის მხედრებისგან. აჯნადს იგივე ადგილობრივ ცხენოსან ჯარებსა და ქვეითებს ყველაზე დაბალი სტატუსი ჰქონდათ. მეომართა უმრავლესობა მშვილდოსანი იყო, ასევე ჰქონდათ ფარები და შუბები. ყველაზე დიდი სხვაობა ჯვაროსნულ და ისლამურ არმიებს შორის მეთაურთა კორპუსის იერარქია და არმიის ზურგის უსაფრთხოებისა და მომარაგების უზრუნველყოფის სამსახურები იყო. მუსლიმები დიდ ყურადღებას აქცევდნენ საკომუნიკაციო სისტემას და სარგებლობდნენ საფოსტო მტრედებით. სალადინის ჯარი ძირითადად ომის წარმოების თურქულ ტაქტიკას იყენებდა, რაც სწრაფი მანევრებით მოქმედებას გულისხმობდა, რაშიც განსაკუთრებით კარგად იყენებდნენ ცხენოსან ჯარებს. არაბი ბედუინები დივერსიებსა და ორგანიზებულ ჩასაფრებებს აწყობდნენ მტრის ტერიტორიაზე და ქაოსსა და შიშს თესავდნენ მოწინააღმდეგის რიგებში. სალადინის ცხენოსან ჯარს მძიმე რაინდთა შეტევის გაძლება და მოგერიებაც შეეძლო. მხედართა ძირითადი იარაღი ხმალი და შუბი იყო, თუმცა თურქები უპირატესობას მშვილდ-ისარს ანიჭებდნენ. მშვილდოსანი-ცხენოსნების მოქმედებას მტრის რიგებში არეულობა შეჰქონდა და საკმაოდ დიდ ზიანს აყენებდა ქვეით ჯარსა და კავალერიას.
აიუბიანთა ქვეითი ჯარი (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

კომპოზიტური მშვილდით ახლო მანძილიდან გასროლილი ისარი XII საუკუნეში არსებული ჯავშნების უმეტესობას ხვრეტდა. ზოგჯერ ქვეითი ჯარი საერთოდ არ მონაწილეობდა ლაშქრობებში, ამიტომ სალადინი ხშირად უტევდა საკუთარი კავალერიით მოწინააღმდეგის ფეხოსნებს. მუსლიმებს ჰქონდათ საალყო ტექნოლოგიებიც და იცოდნენ ციხე-სიმაგრის აღების ბევრი ხერხი – საალყო კოშკები, ტარანები, კატაპულტები, ასევე იყენებდნენ მესანგრეებს, რომლებიც ძირს უთხრიდნენ მოწინააღმდეგის გალავანსა და კოშკებს. როდესაც კედლებს დაანგრევდნენ, სალადინი მტერს დანებებას მოსთხოვდა, უარის შემთხვევაში კი შტურმი იწყებოდა. სალადინის ფლოტის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა ჯარის ტრანსპორტირება ეგვიპტიდან სირიაში. მუსლიმური ფლოტის გემბანზე მეზღვაურებთან ერთად იყვნენ სხვადასხვა იარაღით აღჭურვილი მეომრებიც. სალადინის ხომალდები, ისევე როგორც მისი მოწინააღმდეგებისა საბრძოლო გალერებს წარმოადგენდნენ. ჰატინის ბრძოლაში ეგვიპტის სულთნის განკარგულებაში 30 000-მდე მეომარი იყო (30, 31), მათგან 10-12 ათასამდე კარგად აღჭურვილი ცხენოსანი ჯარი. იგი რიცხობრივადაც და ორგანიზებულობითაც აღემატებოდა ჯვაროსნულ არმიას. 
ბრძოლა
1187 წლის გაზაფხულზე  სალადინმა თავის ძმა ალ-ადილს უხმო, რათა კაიროდან სირიისკენ დაეძრა ჯარები. თაკი ად-დინის არმიები კი ალეპომდე ჩავიდნენ და შემდეგ ანტიოქიის საზღვრებისკენ დაიძრნენ. 26 აპრილს სალადინმა ალყა შემოარტყა კრაკ დე შევალიეს, რითაც საშუალება მისცა თავის ირეგულარულ ჯარებს დაუსჯელად ემოძრავათ სამხრეთისკენ და მოეოხრებინათ მთელი მხარე. ტრიპოლის გრაფის ნებართვით მუსლიმთა რაზმმა დაზვერა აკრის შემოგარენი, თუმცა კრესონთან შეტაკება მოუხდა ჯვაროსანთა რაზმთან, რომელსაც ჟერარ დე რიდფორი მეთაურობდა. ამან დააჩქარა გი დე ლუზინიონისა და რაიმონდ ტრიპოლელის შერიგება, თუმცა საკმაო ზარალი მიაყენა ჯვაროსნებს, რადგან მათ დაკარგეს ბევრი რაინდი და ჰოსპიტალერების მაგისტრი. ამას გარდა მუსლიმთა საბრძოლო განწყობა უფრო ამაღლდა. სამხრეთით ალ-ადილი შეუერთდა სალადინს და ტრანსიორდანიის დარბევას შეუდგა.
ბრენდან გლისონი რენო დე შატილიონის როლში, კადრი ფილმიდან „ზეციური სამეფო" (Kingdom of Heaven, 2005)

 ამ დროისთვის რენო დე შატილიონი მხოლოდ ციხე-სიმაგრე მონრეალსა და კერაკს აკონტროლებდა. შემდეგ სალადინი ჩრდილოეთში დაბრუნდა, ალ-ადილი კი კაიროში. სალადინის ვაჟმა ალ-აფდალ იბნ სალაჰ ად-დინმა (الأفضل, დაახლ. 1169-1225) ბრძანება მიიღო თავი მოეყარა მთელი არმიისთვის, რომელსაც 27 მაისს სალადინი შეუერთდა თელ-აშთარაში. აქ მოვიდა თაკი ად-დინიც და ყველა პროვინციის ჯარები. იერუსალიმის მეფე გი დე ლუზინიონმა კი არიერ-ბანი გამოაცხადა ანუ ყველა მამაკაცს მოუხმო, რომელსაც იარაღის ტარება შეეძლო, ამას გარდა “გამოიყენა მეფე ჰენრი II-ს გამოგზავნილი ფული”(32), რათა მოქირავნეები შეეკრიბა. 26 ივნისს სალადინის ჯარებმა ლაშქრობა დაიწყეს. თაკი ად-დინი მარჯვენა ფლანგს მეთაურობდა, გოქბორი – მარცხენას, სალადინი – ცენტრს. მეფე გი სეფორიას მახლობლად იდგა. მუსლიმები მას მიუახლოვდნენ, რათა პროვოცირება მოეხდინათ. მეორე დღეს სულთანმა არმიის ნაწილით ტიბერიას შეუტია. გარნიზონი მეტად მცირე იყო და ქალაქი საღამოსვე დაეცა, გადარჩენილი დამცველები ციტადელში გამაგრდნენ. მეფემ კრება მოიწვია, რომელზეც რაიმონდ ტრიპოლელმა მოითხოვა არ გასულიყვნენ ტიბერიას დასახმარებლად. ეს ჭკვიანური აზრი იყო, რადგან სალადინი იძულებული გახდებოდა ანუ უკან დაეხია, ან ძლიერ პოზიციაზე მდგარი ჯვაროსნული არმიისთვის შეეტია. მაგრამ ბარონთა ნაწილი არ ეთანხმებოდა, ზოგმა კი ისიც გაიხსენა, რომ რაიმონდს ომამდ სალადინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჟერარ დე რიდფორმა დაარწმუნა მეფე, რომ ტრიპოლის გრაფისთვის არ დაეჯერებინა. 3 ივლისს ქრისტიანული არმია ტიბერიადისკენ დაიძრა. ჯარი სამ ნაწილად იყოფოდა – ავანგარდს რაიმონდი მეთაურობდა, ცენტრს, სადაც იერუსალიმის სიწმინდე, ქრისტეს ჯვარი მოჰქონდათ – გი, არიეგარდს კი რომელშიც ტამპლიერებიც შედიოდნენ – ბალიან დ’იბელინი. სალადინმა ბრძანება გასცა მცირე თავდასმხებით შეეწუხებინათ ჯვაროსნათა ჯარები, ხოლო მთავარი ძალები ბრძოლაში მხოლოდ გის სოფელ თურანთან მიახლოებისას უნდა ჩართულიყვნენ. თავდასხმების მოგერიებაში გართული ქრისტიანული ჯარი, რომელსაც საშინელი წყურვილი და სიცხე ტანჯავდა ძალიან ნელა მოძრაობდა. ამჯერად გრაფმა რაიმონდმა დაარწმუნდა მეფე, რომ ჰატინის წყაროებს 6 კილომეტრით მიახლოვებოდა, საიდანაც მეორე დღეს ტიბერიადის ტბამდე მისვლას შეძლებდნენ. სალადინმა თაკი ად-დინს ჰატინისკენ გზის გადაჭრა უბრძანა, სადაც თვითონ უკვე მიეღწია. გიმ რაიმონდის რჩევით მანესკალკისთან ბანაკი დასცა. მეორე დღეს ქრისტიანების არმიას შეეძლო იერიში მიეტანა ჰატინზე.

4 ივლისს გამთენიისას ქრისტიანთა ჯარი სალაშქროდ მოემზადა. გრაფი რაიმონდი, რომელსაც რაიმონდ ანტიოქიელიც ახლდა, კვლავ ავანგარდს ჩაუდგა სათავეში. როცა ჯვაროსნები ჰატინს 5 კილომეტრზე მიუახლოვდნენ, სალადინმა ბრძანა დაეწვათ წინასწარ მომზადებული ფიჩხის გროვები, რათა გაუსაძლისი სიცხე კიდევ უფრო დაემძიმებინათ და სქელი კვამლით ხელი შეეშალათ მათი მოქმედებისთვის. “ამას გარდა მუსლიმები მწყურვალი ქრისტიანების თვალწინ მიწაზე ღვრიდნენ წყლით სავსე ტიკებს და აღიზიანებდნენ მათ”(33). მეფის ჯარებში ისეთი არეულობა დაიწყო, რომ “ექვსამდე რაინდი და სერჟანტი სალადინთანაც კი გაიქცა და სთხოვა მალე შეეტია და დაემარცხებინა მათი მეგობრები”.(34)  მუსლიმთა ცენტრა და სავარაუდოდ მარცხენა ფლანგმაც შეტევა წამოიწყეს. ტამპლიერებმა კონტრშეტევა განახორციელეს, გრაფ რაიმონდის ავანგარდმაც საპასუხო იერიში მიიტანა მტერზე როგორც ჩანს თაკი ად-დინის ჯარზე, რომელიც გზას უკეტავდა ქრისტიანებს. მუსლიმები დამარცხდნენ, უკუიქცნენ და განადგურება ემუქრებოდათ, რომ არა თაკი ად-დინისა და გოქბორის დროული მოქმედება, რომელთაც თავის გარშემო შემოიკრიბეს დემორალიზებული ნაწილები. მიუხედავად წარმატებული მოქმედებისა, ჯვაროსანთა კავალერიამ ბევრი ცხენი დაკარგა, ამავდროულად ქვეითების საბრძოლო სულისკვეთება წყურვილმა დააქვეითა და დაასუსტა. ნაწილი დაიფანტა და წყაროს დაუწყო ძებნა. ქრისტიანთა არმიას სალადინის ცენტრის გარღვევით უნდა გაევლო, ეგვიპტელმა სულთანმა კი ღამით ჯარის განლაგება შეცვალა, ამავდროულად შესუსტებული იყო კავშირი თაკი ად-დინისა და სალადინის არმიებს შორის, რაც რაიმონდ ტრიპოლელის წარმატებულ კონტშეტევას მოყვა. ჯვაროსანთა ქვეით ჯარს შეეძლო დაძრულიყო ტიბერიადის ტბისკენ, რომელიც უკვე მოჩანდა ჰორიზონტზე. ამავდროულად სალადინს რომ ჯარი მარჯვნივ მოებრუნებინა, მტრის ქვეითი ჯარის აღმოსავლეთისკენ, ჰატინისკენ მოძრაობის გაკონტროლებას მოახერხებდა. მეფე გიმ, მოწინააღმდეგის ცხენოსნების შეტევის მოსაგერიებლად ჯარი გადააწყო და ეცადა ბანაკი დაეცა, თუმცა დეორგანიზებულობის გამო ქრისტიანებმა 3 კარავზე მეტი ვერ გაშალეს.

ადრიანი დილა იყო, მუსლიმთა კოცონების კვამლი ჯვაროსან ჯარისკაცებს თვალებს უბრმავებდა და წყურვილს უძლიერებდა. ქარი დასავლეთიდან უბერავდა და სალადინისა და თაკი ად-დინის ჯარებიც დაიტანჯებოდნენ კვამლიდან, თუ ადგილს არ მოცილდებოდნენ და ქრისტიანებს გზას არ გაუნთავისუფლებდნენ. გრაფმა რამონდმა ძლიერი დარტყმით ჩრდილოეთით გაინთავისუფლა გზა და დამარცხებას გადაურჩა, მაგრამ ეს მანევრი არ იყო ღალატი, რადგან მეფე გიმ თვითონ მისცა ბრძანება მოემზადებინა შეტევა, რათა გაეღწია მუსულმანთა ალყისგან და ქრისტიანთა არმიისთვის მიეცა საშუალება სოფელ ჰატინამდე მიეღწია, სადაც წყლის რესურსებს შეივსებდნენ. თაკი ად-დინმა გზა გაუნთავისუფლა რაიმონდს ხევში შესასვლელად, შემდეგ კი ჯარი თავის პოზიციებზე დააბრუნა და მტერი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. ტრიპოლის გრაფი იძულებული გახდა მოძრაობა გაეგრძელებინა ტიბერიადის ტბისკენ. აქ მან გადაწყვიტა არ შეერთებოდა თავის მეუღლე ეშივას, რომელიც ტიბერიადას იცავდა და ჩრდილოეთით, ტიროსისკენ დაიძრა. პლატოზე დარჩენილ ქრისტიანთა ჯარში ქაოსი იყო. ქვეითთა ნაწილმა ჰატინის მაღლობის ჩრდილოეთ ნაწილში დაიკავა პოზიცია. ამას შეეძლო წარმატების მოტანა, თუ თაკი ად-დინი ნიმრინის მთამდე მიიყვანდა თავის ჯარებს, რითაც სალადინის ჯარებამდე გასასვლელს შექმნიდა. ზუსტად არ არის ცნობილი გაემართა ჯვაროსანთა ქვეითი ჯარი ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაიმონდის შეტევის მხარდასაჭერად თუ უბრალოდ მიჰყვებოდა მას იმ იმედით, რომ გადარჩებოდა. როცა გზა კვლავ გადაჭრილი აღმოჩნდა,

ჰატინის მაღლობები 

ქვეითთა საბრძოლო სულისკვეთება დაეცა და მეომრებმა უარი თქვეს მანევრის განხორციელებაზე, რათა შეერთებოდნენ კავალერიას, რომელიც კვლავ იმ ადგილას იდგა, სადაც სამი კარავი დასცეს. მეფემ უბრძანა მაღლობზე მდგარ ქვეითებს ჩამოსულიყვნენ და დაეცვათ ქრისტეს ჯვარი, მაგრამ პასუხად მიიღო: “ჩვენ არ ჩამოვალთ, რადგან ვიხოცებით წყურვილისგან, ჩვენ არ ვიბრძოლებთ!”(35). ქვეითებისგან დაუცველი ჯვაროსანი მხედრები მტრის ისრებისგან ძლიერ დაზარალდნენ და ცხენები დაკარგეს. გის მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ ჰატინის გორაკებისკენ მიებრუნებინა ჯარი, სადაც რაინდებმა სამხრეთ ნაწილში მოახერხეს პოზიციის დაკავება. რა დროს ჩაიგდეს ხელში მუსლიმებმა ქრისტეს ჯვარი, უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს ძვირფასი რელიკვია თაკი ად-დინის ნადავლად იქცა. მუსლიმები ყველა მხრიდან შეესივნენ ჰატინის სიმაღლეებზე დარჩენილ ჯვაროსნებს და ხანმოკლე და სასტიკი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ მათი დიდი ნაწილი ამოწყვიტეს, ნაწილი კლდიდან გადმოყარეს. მეფე გის კავალერიამ უკანასკნელად გაიბრძოლა და თავგანწირული შეტევის შედეგად თითქმის სულთანამდე მიაღწია. შესაძლოა ისინი ფიქრობდნენ სალადინის მოკვლას, რათა საშინელი მარცხი გამარჯვებად ექციათ. სულთანი სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა მხოლოდ დროებით. წარმატებული იერიშის შემდეგ მისმა ვაჟმა ალ-აფდალმა შესძახა: “ჩვენ დავამარცხეთ ისინი!” სალადინი კი მიუბრუნდა და უთხრა: “ჩუმად, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, როდესაც კარავი ჯერ კიდევ დგას”.(36) მალე კარავი მუსლიმმა ცხენოსნებმა დასცეს, როგორც სალადინი ამბობდა, ეს ბრძოლის დასასრული გამოდგა. დაღლილმა და მწყურვალმა ქრისტიანებმა იარაღი დაყარეს და დანებდნენ. 
შედეგები
საინტერესოა, რომ დახოცილებს შორის, ძალიან ცოტა აღმოჩნდა მძიმედ აღჭურვილი რაინდი. უმთავრესად ქვეითები და ცხენები დახოცილიყვნენ. ჯვაროსანთა არიეგარდში მყოფი მეომრების ნაწილმა თავს უშველა. ეს ნაწილობრივ მუსლიმთა მარცხენა ფრთის უმოქმედობის ბრალიც იყო. უკანდახეულ ქრისტიანებს ბალიან დ’იბელინი მეთაურობდა. გაიქცა რენე სიდონელიც. ფაქტიურად სალადინმა დაატყვევა ჯვაროსანთა მთელი სარდლობა – მეფე გი, რენო დე შატილიონი, ტამპლიერებისა და ჰოსპიტალერების მაგისტრები.

ტყვე ჯვაროსანი მეთაურები სალადინის წინაშე 

სულთნის ბრძანებით დასაჯეს რენო დე შატილიონი, დანარჩენი ტყვეები კი შეიწყალა. მეორე დღეს, 5 ივლისს, სალადინი ტიბერიისკენ გაემართა, სადაც გრაფინია ეშივის ჯარმა იარაღი დაყარა და ციტადელი მუსლიმებს ჩააბარა. დატყვევებული თურქოპოლები, როგორც ისლამური სარწმუნოების მოღალატეები, სავარაუდოდ სიკვდილით დასაჯეს, დანარჩენები დამასკოში გაგზავნეს. ტამპლიერებსა და ჰოსპიტალერებს შესთავაზეს ან ისლამი მიეღოთ, ან დახოცილიყვნენ. მათი დიდი ნაწილი დასაჯეს, მხოლოდ რამდენიმემ შეიცვალა რჯული. ქვეითთა ნაწილი მონებად აქციეს, რაინდები კი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს. დაახლოებით 3000 ჯვაროსანი გაიქცა ჰატინიდან და თავი შეაფარა ახლო-მახლო მდებარე ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებს. ამ სასტიკი დამარცხების შემდეგ იერუსალიმის სამეფო მეტად დასუსტდა და ვეღარ ახერხებდა თავის ხეირიანად დაცვას. მომდევნო თვეებში სალადინმა აიღო იერუსალიმი და ლათინები სანაპიროსკენ განდევნა, ტიროსი ერთადერთ ქრისტიანულ ქალაქად დარჩა პალესტინაში. ტრიპოლმა და ანტიოქიამ დაკარგეს ტერიტორიები. დასავლეთის პასუხი კი ამ მოვლენებზე – მესამე ჯვაროსნული ომი იყო.(37)  იერუსალიმის აღება საკმაოდ რთული გამოდგა სალადინისთვის, ამიტომ ქალაქის დამცველ დედოფალ სიბილასთან, პატრიარქ ჰერაკლიოსთან და ბალიან დ’იბელითან დათმობებზე წავიდა და ხალხს თავის გამოსყიდვის და თავისუფლად წასვლის საშუალება მისცა. ბრძოლაში ქრისტიანთა მარცხის სიმძიმე ჩანს იქიდანაც, რომ სალადინმა მას შემდეგ ადვილად აიღო ჯვაროსნული ციხე-სიმაგრეები.(38)

სალადინის ძეგლი დამასკოს ციტადელში 

ისლამური სამყაროსთვის ჰატინის ბრძოლა უდიდესი გამარჯვება და ჯვაროსნულ ომებში გარდამტეხი მოვლენა იყო. ამის შემდეგ ევროპელებმა ვეღარ შეძლეს წარმატებულად ეომათ და დაებრუნებინათ იერუსალიმი, დაკარგეს აკრა, ნაბლუსი, იაფა, ტორონი, სიდონი, ბეირუთი და ასკალონი. მათი ნაწილის დაბრუნება რიჩარდ I ლომგულმა, ინგლისის მეფემ შეძლო, მაგრამ იერუსალიმის დაპყრობა ვერ შეძლო. ჰატინის შემდეგ დასუსტდნენ ჰოსპიტალერთა და ტამპლიერთა რელიგიურ-სამხედრო ორდენები და პალესტინაში უწინდელი მდგომარეობა ვეღარ აღიდგინეს. სალადინი ისლამური სამყაროს გმირი გახდა, რომელსაც აფასებდნენ და პატივს სცემდნენ როგორც აღმოსავლეთში, ასევე ევროპაში. ეს იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება, რომელმაც თავისი ეპოქა შექმნა. 

სქოლიოები
1. Jonathan Riley-Smith, The Title of Godfrey of Bouillon, Historical Research, v52 n125 (197905): 83-86.
2. Ришар, Жан. Латино-Иерусалимское королевство (2002), 36-37(E-Book)
3. Nicholson, Helen J & David Nicolle, God's warriors : crusaders, Saracens and the battle for Jerusalem. Oxford ; New York : Osprey, 2005. 14
4. Nicholson, Helen J & David Nicolle, God's warriors: crusaders, Saracens and the battle for Jerusalem. 21.
5. Nicholson, Helen J & David Nicolle, God's warriors: crusaders, Saracens and the battle for Jerusalem, 53.
6. იქვე, 54.
7. იქვე, 19.
8. Aubé, Pierre, Baudouin IV de Jérusalem : le roi lépreux. Paris: Perrin, 2010.  251
9. René Grousset, Histoire des croisades et du royaume franc de Jérusalem. Paris, Perrin, 1936. 722
10. Du Cange, Les Familles d'Outremer, ed. E. G. Rey (1869). 191
11. Jean Richard, Aux origines d'un grand lignage. Des Palladii à Renaud de Châtillon , Media in Francia... Recueil de mélanges offerts à Karl Ferdinand Werner..., Institut historique allemand, Maulévrier, 1989. Jean Richard est suivi par Pierre Aubé, Un croisé contre Saladin. Renaud de Châtillon, Fayard, 2007, 17 -19.
12. Nicolle, David, Hattin 1187 : Saladin's greatest victory. London: Osprey, 1993. 19
13. Nicolle, David, Hattin 1187 : Saladin's greatest victory. 19
14. Runciman, Stephen, The History of the Crusades. Volume II. The Kingdom of Jerusalem and the Frankish East 1100 – 1187. Cambridge: the University press, 1952. 445-450
15. Nicolle, David, Hattin 1187 : Saladin's greatest victory. 19
16. იქვე, 20.
17. Grousset, René, Histoire des croisades et du royaume franc de Jérusalem. Paris: Plon, 1934-36. 951.
18. Société archéologique d'Eure-et-Loir, Mémoires de la Société archéologique d'Eure-et-Loir. vol. 4, La Société, 1867. 113
19. Leroy, Béatrice, Le monde méditerranéen du VIIe au XIIIe siècle. Paris ; Gap: Ophrys, 2000. 132
20. Alain Demurger, Les templiers : une chevalerie chrétienne au Moyen Age. Paris: Seuil, 2005. 611
21. Nicolle, David, Hattin 1187 : Saladin's greatest victory. 43
22. იქვე, 44
23. Jackson, P. Review: The History of the Seljuq Turks: The History of the Seljuq Turks.  Oxford Centre for Islamic Studies: Journal of Islamic Studies, 2002. 13(1):75–76
24. ჯაფარიძე, გოჩა, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, XII ს – XIII ს. თბილისი: მეცნიერება, 1995. 15
25. Nicolle, David, Hattin 1187 : Saladin's greatest victory.  14
26. Grousset, René, Histoire des croisades et du royaume franc de Jérusalem, II.1131-1187 L'équilibre. Paris: Perrin, 1935(réimpr. 2006). 621.
27. Nicolle, David, Hattin 1187 : Saladin's greatest victory. 16
27. იქვე.
28. იქვე. 
29. იქვე, 17. 
30. Konstam, Angus, Historical Atlas of the Crusades. London: Mercury Books, 2004. 119
31. Riley-Smith, Jonathan, The Crusades: A History. London; New York : Continuum, 2005. 110
32. O'Shea,  Stephen, Sea of faith: Islam and Christianity in the medieval Mediterranean world. London: Profile, 2006. 190
33. Nicolle, David, Hattin 1187 : Saladin's greatest victory. 65
34. იქვე, 68.
35. იქვე, 73.
36. იქვე, 77. იბნ ალ-ასირი აღნიშნავს, როდესაც სალადინის ვაჟმა ჰატინის ბრძოლაში ჯვაროსნების მიერ განხორციელებული რამდენიმე შეტევის წარმატებით მოგერიება ბრძოლის მოგებად ჩათვალა და ამის შესახებ სალადინს აცნობა, მან უპასუხა, რომ სანამ იერუსალიმს მეფის დროშა ზემოთ აწეული იფრიალებდა და ძირს არ დაიხრებოდა, მანამ ჯვაროსნები დამარცხებულად არ უნდა ჩაეთვალა და ბრძოლის გაგრძელებისთვის მზად უნდა ყოფილიყო. Verbruggen, J F, The art of warfare in Western Europe during the Middle Ages : from the eighth century to 1340. Woodbridge, Suffolk, UK : Boydell Press, 1997.85.
37. Riley-Smith J.S. Christopher, The Oxford history of the Crusades. Oxford ; New York: Oxford University Press, 1999. 125.
38. Gibb, Sir Hamilton A. R, The Rise of Saladin, 1169–1189, A History of the Crusades: The First Hundred Years. (2nd ed.), London: University of Wisconsin Press. 563–589


ბიბლიოგრაფია და რეკომენდირებული ლიტერატურა

1. ჯაფარიძე, გოჩა, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, XII ს – XIII ს. თბილისი: მეცნიერება, 1995
2. Gibb, Sir Hamilton A. R, The Rise of Saladin, 1169–1189, A History of the Crusades: The First Hundred Years. (2nd ed.), London: University of Wisconsin Press
3. Jonathan Riley-Smith, The Title of Godfrey of Bouillon, Historical Research, v52 n125 (197905): Ришар, Жан. Латино-Иерусалимское королевство.(E-Book).
4. Nicholson, Helen J & David Nicolle, God's warriors: crusaders, Saracens and the battle for Jerusalem. Oxford ; New York : Osprey, 2005. 
5. Aubé, Pierre, Baudouin IV de Jérusalem : le roi lépreux. Paris: Perrin, 2010.  
6. René Grousset, Histoire des croisades et du royaume franc de Jérusalem. Paris, Perrin, 1936
7. Jean Richard, “Aux origines d'un grand lignage. Des Palladii à Renaud de Châtillon “, Media in Francia... Recueil de mélanges offerts à Karl Ferdinand Werner..., Institut historique allemand, Maulévrier, 1989. Jean Richard est suivi par Pierre Aubé, Un croisé contre Saladin. Renaud de Châtillon, Fayard, 2007.
8. Nicolle, David, Hattin 1187 : Saladin's greatest victory. London: Osprey, 1993.
9. Riley-Smith J.S. Christopher, The Oxford history of the Crusades. Oxford; New York: Oxford University Press, 1999.
10. O'Shea,  Stephen, Sea of faith: Islam and Christianity in the medieval Mediterranean world. London: Profile, 2006.
11. Konstam, Angus, Historical Atlas of the Crusades. London: Mercury Books, 2004.
12. Riley-Smith, Jonathan, The Crusades: A History. London; New York : Continuum, 2005.
13. Grousset, René, Histoire des croisades et du royaume franc de Jérusalem, II.1131-1187 L'équilibre. Paris: Perrin, 1935(réimpr. 2006).
14. Runciman, Stephen, The History of the Crusades. Volume II. The Kingdom of Jerusalem and the Frankish East 1100 – 1187. Cambridge: the University press, 1952.
15. Jackson, P. Review: The History of the Seljuq Turks: The History of the Seljuq Turks.  Oxford Centre for Islamic Studies: Journal of Islamic Studies 2002.
16. Leroy, Béatrice, Le monde méditerranéen du VIIe au XIIIe siècle. Paris ; Gap: Ophrys, 2000.
17. Alain Demurger, Les templiers : une chevalerie chrétienne au Moyen Age. Paris: Seuil, 2005.
18. Société archéologique d'Eure-et-Loir, Mémoires de la Société archéologique d'Eure-et-Loir. vol. 4, La Société, 1867.
19. Richard, Jean, An account of the battle of Hattin referring to the Frankish mercenaries in oriental Moslem states. Cambridge (MA): The Medieval Academy of America, 1952.
20. France, John, Medieval warfare, 1000-1300. Aldershot, England; Burlington, VT: Ashgate, ©2006.
21. Regan, Geoffrey, Lionhearts: Saladin, Richard I, and the era of the Third Crusade. New York: Walker, 1999.
22. Reston, James, Warriors of God: Richard the Lionheart and Saladin in the Third Crusade. New York: Doubleday, 2001.
23. Abd al-Raḥmān ‘Azzām, Dr, Saladin. Harlow, England; New York : Pearson Longman, 2009.
24. Steele, Tara, Medieval warfare. New York: Crabtree Pub. Co., 2004.
25. Hugh Keen, Maurice, Medieval warfare: a history. Oxford ; New York: Oxford University Press, 1999.
26. Nicholson, Helen J, Medieval warfare: theory and practice of war in Europe, 300-1500. Houndmills, Basingstoke, Hampshire; New York: Palgrave Macmillan, 2004.
27. Hilliam, Paul, Islamic weapons, warfare, and armies : Muslim military operations against the Crusaders. New York: Rosen Pub. Group, 2004.
28. Lawrence, T E; Denys Pringle & A W Lawrence, Crusader castles. Oxford [England] : Clarendon Press ; New York: Oxford University Press, 1988.


ნიკა ხოფერია
2012