ინგლისის მეფე რიჩარდ პლანტაგენეტი, რომელსაც ჯერ კიდევ თავის დროშივე „ლომგული" უწოდეს, შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირი და ინგლისის ისტორიის გამორჩეული ფიგურაა, მაგრამ მას ქვეყნისათვის სიმდიდრე და კეთილდღეობა არ მოუტანია, არც დიდი მშენებლობები წამოუწყია და სიმართლე რომ ვთქვათ, არც მნიშვნელოვანი ტერიტორიული შენაძენი ჰქონია, ის კი არა, ინგლისურად არც კი საუბრობდა და თავისი მეფობის უმეტესი ნაწილი ინგლისს გარეთ ჰქონდა გატარებული. მაგრამ რიჩარდი იყო თავისი დროის ფეოდალური იდეოლოგიის ჭეშმარიტი წარმომადგენელი, რაინდი-ჯვაროსანი, ამაყი და პატივმოყვარე მეომარი, საკმაოდ გამჭრიახი მხედართმთავარიც, რომელსაც შუა საუკუნეების მრავალი ლეგენდა უკავშირდება. დამსახურებული იყო ის დიდება, რომელიც მის სახელს ახლავს თუ არა, დღეს ისტორიკოსთა მსჯელობის საგანია.
როგორც რობერტ ლასი აღნიშნავს: „ინგლისის მხოლოდ ერთ მეფეს ხვდა პატივი მისი ქანდაკება პარლამენტის სახლის გარეთ დაედგათ - რიჩარდ Coeur de Lion, ლომგულს, რომელიც მოხერხებულად მოკალათებულა დიდებული ცხენის ზურგზე, შემოსილა ჯაჭვის პერანგით და იმუქრება თავისი დიდი ხმლით მანქანების სადგომის თავზე, ლორდთა და თემთა პალატებს შორის. რიჩარდი ინგლისის კუნთმაგარი, გმირი მეფე - ინგლისის ერთადერთი მმართველი, რომელიც დატყვევებული იყო და უცხოური საპყრობილის კედლებს ხეხავდა. არაა გასაკვირი რომ ის გახდა წყარო მრავალი ზღაპრისა".(1)
რიჩარდ ლომგულის ძეგლი ინგლისის პარლამენტის სახლთან (კარლო მაროკეტის სკულპტურა, XIX ს.)
რიჩარდის დაპირისპირება ევროპის სხვა მონარქებთან და დიდებულებთან ჯერ კიდევ ჯვაროსნული ლაშქრობისას დაიწყო, რომელშიც რიჩარდის გარდა ევროპის ქვეყანათა სხვა ძლიერი მმართველებიც მონაწილეობდნენ. მისდა საუბედუროდ, რიჩარდს თავისმა გულახდილმა, პირდაპირმა ხასიათმა ბევრი ძლიერი მტერი გაუჩინა, მათ შორის თავისი ბავშვობის მეგობარი, საფრანგეთის მეფე ფილიპი და ჯვაროსნულ ომში გერმანული კონტინგენტის სარდალი ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდი. რიჩარდი დაპირისპირებული იყო საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VI-თანაც, რადგან ითვლებოდა მისი მოწინააღმდეგის, სიცილიის მეფე ტანკრედის მოკავშირედ. იმპერატორი აკონტროლებდა გერმანიისა და აპენინის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს, სამხრეთ ესპანეთი მუსლიმთა ხელში იყო, მეკობრეები ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროსთან მოძრაობდნენ, საფრანგეთში მეფე ფილიპი და მისი ვასალი ფეოდალები ბატონობდნენ. ასე რომ რიჩარდისათვის სამშობლოში დაბრუნება დიდ პრობლემად იქცა. თანადროული საზღვაო საქმის შესაძლებლობები არ იყო ისეთი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გიბრალტარისა და ატლანტიკის ოკეანის გავლით ინგლისამდე მიღწევა და შესაძლებლობის შემთხვევაშიც უზარმაზარ დროსაც მოითხოვდა.
რიჩარდ ლომგულის მეუღლის ბერენგარია ნავარელის გამოსახულება მის საფლავზე (ლ'ეპოს სააბატო, საფრანგეთი)
იმპერატორი ჰაინრიხ VI-ს გამოსახულება ე.წ. მანესის კოდექსში ( XIV ს.)
რიჩარდის დაბრუნების სრული ისტორია კარგად არაა ცნობილი, ფაქტები ფრაგმენტულია და ხშირად ეწიმააღმდეგება კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ბევრი მკვლევარი ეთანხმება იმ აზრს, რომ რიჩარდმა გადაწყვიტა ფარულად ეცადა აღმოსავლეთის მიწები გავლით ინგლისამდე ჩაეღწია. მას შემდეგ, რაც თავისი ცოლი ბერენგარია ნავარელი სწრაფმავალი ხომალდით რომში გაგზავნა, პაპის მფარველობის ქვეშ, მან მტრისათვის თვალის ასახვევად დასავლეთისაკენ სიცილიისკენ აიღო გეზი, შემდეგ უკან მობრუნდა, შევიდა ადრიატიკის ზღვაში და ჩრდილოეთისაკენ გაცურა. ეს იყო საზღვაო სეზონის დასასრული და შტორმი ძლიერდებოდა, რამაც რამდენჯერმე შეჩერების შემდეგ, რიჩარდი აიძულა აკვილეასთან გადმოსულიყო, ტრიესტის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს გადმოსვლა არ იყო დაგეგმილი და უბრალოდ ცუდ ამინდში ხომალდის დაზიანებამ გამოიწვია.
ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ადგილი, სადაც მეფე გადმოვიდა ნაპირზე 1192 წლის 10 დეკემბერს, რამდენიმე თანამგზავრის თანხლებით და მეგობრული მიწებიდან ასეულობით მილის დაშორებით.
ჰაინრიხ ლომისა და რიჩარდ ლომგულის დის მატილდა ინგლისელის ქორწინება (XII ს. მინიატურა)
ტამპლიერ რაინდად ან შესაძლოა ვაჭრად გადაცმულმა რიჩარდი ჩრდილოეთისაკენ დაიძრა ევროპის ცენტრისაკენ, საქსონიის ჰერცოგ ჰაინრიხ ლომის ტერიტორიისაკენ. ჰერცოგს ცოლად ჰყავდა რიჩარდის და მატილდა, რის გამოც ინგლისის მეფე ამჯობინებდა მის მიწებზე გაევლო. ცუდ გზებზე, საშინელ სიცივეში, სახიფათო მგზავრობის შემდეგ, მეფეს ჰერცოგ ლეოპოლდ ავსტრიელის ხალხმა შეაჩერა. შობამდე რამდენიმე დღით ადრე, ცუდ ამინდში, მეფემ თავი შეაფარა ერთ სახლს ვენის შემოგარენში. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, არისტოკრატულმა ჩვეულებამ, სადილად შემწვარი ქათმის და არა რაიმე მდაბიური საჭმლის მოთხოვნამ, გასცა რიჩარდი; სხვა ამბის მიხედვით, მეფე გასცა მისი თანამგზავრების მიერ მისდამი ისე მიმართვამ, როგორც ჩვეულებრივ მეფეს მიმართავდნენ (Sire).
პაპი ცელესტინ III (შუაში), გამოსახულება იორკის კათედრალში
XII საუკუნის ევროპის „ლომების"საბეჭდავები - ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგული (ზემოთ), ქვემოთ: მარცხნივ - შოტლანდიის მეფე უილიამ ლომი, მარჯვნივ - საქსონიის ჰერცოგი ჰენრი ლომი
როგორ გაუხარდებოდა ჰერცოგ ლეოპოლდს, როდესაც რიჩარდის, ინგლისის მეფისა და მისი დიდი მტერს შეიპყრობდა. მან მეფე დურნშტეინის ციხეში ჩააგდებინა, დუნაის სანაპიროზე, ვენიდან დასავლეთით, ორმოცდაათი მილის დაშორებით და შეატყობინა თავის სიუზერენს, საღვთო რომის იმპერატორს ჰაინრიხ IV-ს ამ მოულოდნელი წარმატების შესახებ. შემორჩენილია ჰაინრიხის წერილი, რომელშიც პალესტინიდან დაბრუნებული მეფის შეპყრობას ამცნობს საფრანგეთის მეფე ფილიპს. მეფე რიჩარდის შეპყრობა არაკანონიერ აქტად იქნა მიჩნეული, რადგან პაპმა ცელესტინ III-მ დეკრეტი გამოსცა, რომ რაინდებს, რომლებიც ჯვაროსნულ ომში მონაწილეობდნენ, უფლება არ ჰქონდათ ერთმანეთს წაკიდებოდნენ როდესაც ისინი მიემგზავრებოდნენ ან ბრუნდებოდნენ წმინდა მიწიდან. ორივე, იმპერატორი ჰაინრიხიცა და ჰერცოგი ლეოპოლდიც ამის გამო ეკლესიიდან განკვეთეს.
დურნშტეინის ციხე
რიჩარდ ლომგულისა და მენესტრელი ბლონდელის ძეგლი დურნშტეინის ციხესთან
ცნობილია რომ რიჩარდი მუსიკაზე იყო შეყვარებული, უყვარდა ქოროს გაძღოლა თავის კაპელაში და თხზავდა ბალადებს აქვიტანელი ტრუბადურების მსგავსად. ის აღიზარდა აქვიტანიაში და ყოველთვის თვლიდა თავის სახლად. ლეგენდის მიხედვით, მან სეფექალისათვის მიძღვნილი ერთი ბალადა მენესტრელ ბლონდელთან ერთად შეთხზა. როდესაც ბლონდელმა შეიტყო მისი დატყვევების შესახებ ავსტრიის ჰერცოგის მიერ, მოიარა მთელი გერმანია და მღეროდა ამ ბალადის პირველ სტრიქონებს ყველა ციხესიმაგრესთან რომელთანაც კი მოხვდა სანამ დურნშტეინის ციხეს არ მიაღწია. აქ მან გაიგონა საპყრობილიდან მომავალი მელოდიური ხმა, რითაც მიხვდა რომ რიჩარდი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო.(2) ბლონდელ ნესლელი ნამდვილად არსებობდა, რიჩარდის თანამედროვე იყო და ის ცნობილი ტრუბადური გახლდათ საფრანგეთში. შესაძლოა მან მართლა არ მიიპყრო ავსტრიაში, ციხესიმაგრეში გამოკეტილი რიჩარდის სმენა თავისი მუსიკით, მაგრამ სხვა გზით უკვდავყო თავი - საფრანგეთის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში შემორჩენილია მისი 25 სიმღერა, რომლებიც შუა საუკუნეების კულტურის ისტორიისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა.
ბლონდელი რიჩარდ ლომგულის საპყრობილესთან (იოსებ მარტინ კრონჰეიმის ნახატი, XIX ს.)
ლეგენდა „ლომგულზე" მისი ტყვეობისას დაიბადა. ალემანთა მეფე მოდრედის (რომელშიც საღვთო რომის იმპერატორი ჰაინრიხ VI იგულისხმებოდა) ტყვეობაში, რიჩარდს შეუყვარდა მისი ქალიშვილი, მარჯერი, მას კი მეფე. ციხეში ერთკვირიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, მათ ერთად ყოფნისას წაასწრეს. მოდრედს სურდა იქვე მოეკლა რიჩარდი, მაგრამ მრჩევლებმა ურჩიეს მორიდებოდა ასეთი ძლიერი მეფის მოკვლას და „უბედური შემთხვევა" მოეწყო მისთვის. მოდრედს ჰყავდა ლომი, რომელიც მან რამდენიმე დღე აშიმშილა და შემდეგ რიჩარდის საპყრობილეში შეუშვა. მარჯერიმ შეიტყო ამ გეგმის შესახებ და გააფრთხილა ინგლისის მეფე. რიჩარდმა უარი თქვა გაქცევაზე და მოითხოვა აბრეშუმის ორმოცი ცხვირსახოცი, რომლებიც მან თავის მარჯვენა ხელზე შემოიხვია. როდესაც ლომი მის საკანში შევარდა, რიჩარდმა მკერდში ჩასცხო მუშტი. ლომმა დაიღრიალა და ინგლისის მეფემ ჩათხარა ხელი ლომს ხახაში და გული ამოგლიჯა. რიჩარდი საპყრობილიდან გამოვიდა, ხელში ლომის გული ეჭირა, რომელიც ჯერ კიდევ ფეთქავდა და შეიჭრა დიდ დარბაზში სადაც მოდრედი და მისი მინისტრები ნადიმობდნენ. მან ხელით გამოწურა გული, დააგდო სანადიმო მაგიდაზე, მარილში ამოავლო და სიამოვნებით შეჭამა. ეს ამბავი გამოიგონეს იმისათვის, რომ აეხსნათ მისი „ლომგულობა" და რასაკვირველია სარწმუნო არაა. „ლომგულის" სახელი მან დაიმსახურა თავისი განსაკუთრებული სიმამაცისა და ფიზიკური ძალის გამო. `ლომგულის" სახელი რიჩარდს საუკუნეების განმავლობაში შემორჩა თავის გმირობებთან ერთად. მითი ნამდვილი ლომგულის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი და ძნელია ის ისტორიული ინფორმაციის ბაზისად მივიჩნიოთ. როგორც არ უნდა იყოს, ის გვიჩვენებს შუა საუკუნეების ხალხის სიყვარულს მისტიკის, რომანტიკისა და უკვდავ საქმეთა მიმართ.(3) საინტერესოა, რომ „ლომგული" არა, მაგრამ „ლომი" პოპულარულ შერქმეულ სახელად იქცა რიჩარდის თანამედროვე ევროპელ მმართველთა შორის: „ლომად" იწოდებოდნენ უილიამი, შოტლანდიის მეფე და ჰაინრიხი, საქსონიის ჰერცოგი.
ოქსენფურტი, ბავარია
როგორც შუა საუკუნეებში იყო წესად, დატყვევებული რიჩარდი ციხიდან-ციხეში გადაჰყავდათ გერმანულენოვან მხარეებში, რომლებსაც ჰაინრიხი და ლეოპოლდი აკონტროლებდნენ, სანამ 1193 წლის მარტის შუა რიცხვებში ბავარიაში, ოქსენფურტში არ შეჩერდნენ. აქ ჩამოვიდნენ ინგლისელი ელჩებიც, ბოქსლისა და რობერტსბრიჯის აბატები და დაიწყო გრძელი მოლაპარაკება მეფის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებები რიჩარდის გამოსყიდვასთან დაკავშირებით თითქმის მთელი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ რიჩარდის დედამ, დედოფალმა ელეონორა აქვიტანელმა მოახერხა გამოესყიდა მეფე მძევლებისა და 100 ათასი მარკის საფასურად, რაც ფაქტობრივად იმ დროის ინგლისის ორი წლის შემოსავალს აღემატებოდა (რობერტ ლასის მიხედვით ეს თანხა ექვივალენტი იყო 3 წლის განმავლობაში აკრეფილი გადასახადების). რიჩარდი 1194 წლის თებერვლის დასაწყისში გათავისუფლდა.
შატო გაიარი
„ყველა ეს ლეგენდა, ბლონდელზე თუ ლომსა და ბოროტ იმპერატორზე ფართოდ გავრცელდა რიჩარდის სიკვდილის შემდეგ. როდესაც ხალხი იხსენებდა ჯვაროსანი მეფის დაბრუნებას, ეს ყველაფერი ზღაპრულ ამბად მოჩანდა და ისინი ივიწყებდნენ რა მძიმე ბეგარა დააწვა ინგლისს მის გამოსასყიდად. ეს თანხა დაემატა იმას, რაც რიჩარდმა დახარჯა ჯვაროსნული ომისათვის, შემდეგ კი ისიც, რა ხარჯებიც აღმოჩნდა საჭირო მისი ომისათვის საფრანგეთის მეფის ფილიპის წინააღმდეგ."(4) მიუხედავად ამისა, რიჩარდი თავისი სიმამაცისა და მხედართმთავრული ნიჭის წყალობით ახერხებდა „ანჟუელთა იმპერიის" შენარჩუნებას, იმ მიწების კონტროლს, რომელიც საფრანგეთში ეკუთვნოდათ ინგლისის მეფეებს და საშუალებას არ აძლევდა საფრანგეთის მეფე ფილიპს, რომ დაუფლებოდა ამ ტერიტორიებს. რიჩარდმა აღმოსავლეთში ციხესიმაგრეების შენების ახალ მეთოდებსაც მიაქცია ყურადღება და გამოიყენა ნორმანდიაში თავისი ციხესიმაგრეების კონსტრუქციისათვის. მათ შორის ცნობილი სიმაგრის შატო გაიარის ასაშენებლად (5). მას შემდეგ, რაც 1199 წელს რიჩარდი შალუსის ციხის ალყისას დაიღუპა და ინგლისში დროებითი არეულობის შემდეგ მისი ძმა, ჯონი გამეფდა, ანჟუელთა იმპერიის ძლიერების პერიოდიც დასრულდა.
სქოლიოები
1. Robert
Lacey, Great tales from English history:
The truth about King Arthur, Lady Godiva, Richard the Lionheart, and more
(New York, 2004), 141-142.
2. Robert
Lacey, Great tales from English history , 146.
3. Luke
Williams, The Reputation of Richard I,
the Lionheart, Dickson College, 1996 [https://cliojournal.wikispaces.com]
4. Robert
Lacey, Great tales from English history, 146-147.
5. Charles
Oman, A History of the Art of War in the
Middle Ages: Volume Two: 1278-1485 AD (London, 1998),
33.
ბიბლიოგრაფია
- Charles Oman, A History of the Art of War in the Middle Ages: Volume Two: 1278-1485 AD (London, 1998).
- Robert Lacey, Great tales from English history: The truth about King Arthur, Lady Godiva, Richard the Lionheart, and more (New York, 2004).
- Luke Williams, The Reputation of Richard I, the Lionheart, Dickson College, 1996 [https://cliojournal.wikispaces.com].
- Angus Donald, King Richard’s Return, Imprisonment and Ransom, 2011 [http://www.angus-donald.com].
- David Boyle, Blondel's song: the capture, imprisonment and ransom of Richard the Lionheart (London, 2005).
- А. Грановский, История короля Ричарда I Львиное Сердце (Москва, 2007).
- Режин Перну, Ричард Львиное Сердце (Москва, 2009).
ნიკა ხოფერია