ეგვიპტის ათი სასჯელი

ძველ აღთქმა ებრაელი ხალხის ისტორიისთვის ფასდაუდებელ წიგნს წარმოადგენს და რელიგიური საკითხების გარდა, მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა ისტორიოგრაფიისთვის. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იმსახურებს მოსეს ხუთწიგნეულის მეორე წიგნი „გამოსვლა", რომელშიც მოთხრობილია ეგვიპტელთა ტყვეობიდან ებრაელი ხალხის გამოსვლა უფლისა და მოსეს დახმარებით. წინამდებარე ნაშრომში, ჩვენ არ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა გზა განვლო მოსემ და ებრაელმა ხალხმა აღთქმულ მიწამდე - ქანაანამდე. ჩვენ შევეხებით საკითხს, რომელმაც „გამოსვლის" მიხედვით ეგვიპტის ფარაონი აიძულა გაენთავისუფლებინა ებრაელები მძიმე მონობისგან და მოსესთვის მიენდო მათი ბედი.
ამის მიზეზი გახლავთ ის ათი სასჯელი, რომელიც მოსემ ეგვიპტელებს მოუვლინა უფლის დახმარებით. თუმცა, სანამ უშუალოდ ეგვიპტელთა დასჯაზე ვისაუბრებთ, წინამდებარე მოვლენებს შევეხოთ. მოსე ებრაელი წინასწარმეტყველი და კანონმდებელი იყო, რომლის შესახებ ცნობებს, მხოლოდ ბიბლია გვაწვდის. „გამოსვლის" მიხედვით მოსეს მშობლები ლევის ტომიდან იყვნენ. მისი დაბადების პერიოდში ეგვიპტის ფარაონის ზუსტი ვინაობა არ არის დაზუსტებული და სავარაუდოდ რამზეს II (ძვ.წ. 1300-1234), ამენჰოტეპ IV (ძვ.წ. 1383-1365) და თუტმოს III (ძვ.წ. 1503-1449) ივარაუდება.(1) გამოსვლაში ვკითხულობთ: „და გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი"(2) და მოსეს უფალმა აუხსნა თუ რაოდენ რთულად ცხოვრობენ ებრაელები ეგვიპტელთა უღელქვეშ და მათი დახსნა დაავალა: „ახლა გგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ჩემი ერი, ისრაელიანები."(3) ღმერთთან გასაუბრების შემდეგ, მოსე ეგვიპტეში გაემართება ფარაონთან და თავისი ძმის, აარონის დახმარებით ცდილობს ფარაონი დაარწმუნოს ებრაელი ხალხის გათავისუფლებაში, თუმცა ეგვიპტის მეფემ უარი განუცხადა. უარის შემდეგ უფალი ეუბნება მოსეს: „ახლა დაინახავ, რას დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გაყაროს მისი ქვეყნიდან."(4)  
მოსე ფარაონის წინაშე (VI ს. სირიული ხელნაწერი)

ამის შემდეგ, ეგვიპტეს თავს ატყდება ღვთის რისხვა ათი სასჯელის სახით: ნილოსის სისხლად ქცევა და თევზის ამოწყვეტა, გომბეშოების, მუმლისა და ბუზანკალის შემოსევა, საქონლის გაწყვეტა, ყვავილის ჭირი, სეტყვა, კალიების შემოსევა, სამ დღიანი უკუნი სიბნელე და ყოველი ეგვიპტელი პირმშოს დაღუპვა. ჩვენ არ შევეხებით ამ მოვლენათა განხილვას რელიგიური თვალსაზრისით. მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ თუ კი ბიბლიაში აღწერილი მოვლენები მართლაც გადახდა ეგვიპტეს, მას შეიძლება ჰქონდეს მეცნიერული ახსნა. ხოლო „გამოსვლის" ავტორმა ისინი უფლის ძალას დაუკავშირა, რადგან „გამოსვლის" წიგნი სწორედ იუდაიზმის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს.

ნილოსის სისხლად ქცევა და თევზის გაწყვეტა
„ასე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფლისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონისა და მისი მსხურების თვალწინ, და იქცა სისხლად ნილოსის წყალი.
„ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში." (5)  
ასე გვიხატავს პირველ სასჯელს „გამოსვლა", თუმცა მეცნიერები სხვაგვარად ფიქრობენ, მათი აზრით, ნილოსის გაწითლება, რასაც შემდგომ თევზის გაწყვეტა მოჰყვა, იმ ეკოლოგიური კატასტროფის ჯაჭვის პირველი რგოლია, რომელსაც ადგილი რამზეს II-ის მმართველობის შემდგომ პერიოდში ჰქონდა. 
რამზეს II-ს ძეგლი ლუქსორში 

„რამზესი საკმაოდ ხელსაყრელი კლიმატური პერიოდის დროს მართავდა ქვეყანას, იყო ბევრი წვიმა და ქვეყანა ყვაოდა. თუმცა ეს პერიოდი, მხოლოდ რამდენიმე ათწლეული გაგრძელდა. მისი მმართველობის შემდეგ კი კლიმატი მკვეთრად იცვლება, იწყება მშრალი პერიოდი, რომელიც უეჭველად გამოიწვევდა სერიოზულ მოვლენებს."(6) ამბობს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პალეოკლიმატოლოგი  ავგუსტო მანჯინი.(7)  მანჯინის ვერსიით რამზეს II-ის შემდგომ პერიოდში ხდება ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან. ბიოლოგ სტეფან ფლუგმახერის განცხადებით, მშრალი კლიმატი გამოიწვევდა ტემპერატურის მატებას და ნილოსის ნაწილობრივ დაშრობას. თავთხელ და მდორე წყალში კი მატულობს ტოქსიკური წყალმცენარეები და ბაქტერიები. ნილოსის გაწითლება, შესაძლებელია გამოეწვია ბაქტერიას სახელწოდებით - Oscillatoria rubescens, რომელსაც სხვაგვარად „ბურგუნდიულ სისხლსაც" უწოდებენ. Oscillatoria rubescens ადვილად ვრცელდება თბილ წყალში, ხოლო როდესაც ბაქტერია იღუპება წყალს წითელ ფერს აძლევს. დაღუპული ბაქტერია კი შხამებს გამოჰყოფს, რომელმაც გამოიწვია თევზის გაწყვეტა.(8)   

 Oscillatoria-ს ეფექტი

კლიმატური ცვლილების გარდა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ეგეოსის ზღვაში არსებულ კუნძულ სანტორინის ვულკანის ამოფრქვევას უკავშირდება და თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. 1628-1500 წლების პერიოდით (9). ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი კვალი აღმოჩენილია კუნძულ კრეტაზე, მცირე აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში (ნილოსის დელტასთან). სანტორინის ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვევდა წყალდიდობას, რომელსაც მოყვებოდა ხმელთაშუა ზღვის (მარილიანი წყლის) ნილოსში (მტკნარ წყალში) აღრევა, რაც მტკნარი წყლის თევზების უეჭველ სიკვდილს გამოიწვევდა. ასევე ნილოსში დიდი რაოდენობით შეაღწევდა წყალმცენარე Thricodesmium, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ზედაპირზე მრავლად არის. Thricodesmium შეიცავს მჟანგავ მტვერს, წყალში წყალმცენარის დიდი რაოდენობით მოხვედრისას, კი იგი გამოყოფს ხსნად ორგანულ აზოტს, რომელსაც შეუძლია ნილოსს წითელი ფერი მისცეს (10).  
სანტორინი

როგორც ორივე ვერსიით ჩანს, ეკოლოგიურ ცვლილებას შეეძლო გამოეწვია მოვლენა, რომელიც ბიბლიაში „ღვთის რისხვადაა" აღწერილი. ორივე ვერსიას შეეძლო გამოეწვია ის ჯაჭვური რეაქცია, რასაც ბიბლია „ეგვიპტის 10 სასჯელს" უწოდებს. თუმცა უფრო დამაჯერებლად ვულკანის თეორია შეიძლება მივიჩნიოთ და მომდევნო სასჯელებზე მისით ვიხელმძღვანელებთ.

გომბეშოების, მუმლისა და ბუზანკალის შემოსევა
 „მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა"(11) 
 ასეთია შემდეგი სასჯელი „გამოსვლის" მიხედვით, თუმცა თუ გავითვალისწინებთ სანტორინის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ნილოსის გაწითლებისა და თევზის გაწყვეტის შესახებ, ყველაფერი ნათელი გახდება. თავკომბალისგან გომბეშოდ გადაქცევის პროცესს ჰორმონები უწყობს ხელს, რასაც სტრესული სიტუაცია იწვევს. წყლის ტოქსიკური ნივთიერებით დაბინძურება, ძლიერი სტრესული მომენტი იქნებოდა თავკომბალათათვის, რაც დააჩქარებდა მათ გადაქცევას გომბეშოებად. ასევე აღარ არსებობს თევზი, რომელიც იკვებება თავკომბალებითაც, ამიტომ გომბეშოები, მარტივად მრავლდებოდნენ (12).  დროთა განმავლობაში, გომბეშოებს აღარ შეეძლოთ თევზის ლეშთან ერთად არსებობა, რამაც გამოიწვია  მათი ნაპირს ჩამოშორება და დასახლებული ზონებისკენ მიგრაცია. 


ეგვიპტის სასჯელი: ბაყაყები (ჯერარდ ჯოლაინის გრავიურა, 1670 წ.) 

„მოიღერა აარონმა კვერთხიანი ხელი და დაჰკრა მიწას, და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყვს, მთელი მიწა მუმლად იქცა ეგვიპტის ქვეყანაში."(13) 
„ასეც გააკეთა უფალმა. შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს, მის მორჩილთ სახლებს, მთელ ეგვიპტის ქვეყანას. იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალისგან." (14)

„გამოსვლა" ასე აღწერს შემდეგ ორ სასჯელს, რომელთაც მარტივად შეიძლება აიხსნას. მუმლისა და ბუზანკალის გამოჩენა „სასჯელთა" ჯაჭვის შემდეგი რგოლია, რომელიც გომბეშოთა მიერ, ნილოსის ნაპირების დატოვებამ გამოიწვია. მწერების საცხოვრებელი არეალი გაიწმინდა მტაცებლისგან, რამაც მათი გამრავლება გამოიწვია. კოღოები, ქინქლები და ბუზანკალები დღისით თევზის ლეშს შეექცეოდნენ, ღამით კი პირუტყვსა და ადამიანებს კბენდნენ.(15) 

პირუტყვის გაწყვეტა და ყვავილის ჭირი

„აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და გაწყდა ეგვიპტის საქონელი"(16) 
„აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები." (17)


მუმლისა და ბუზანკალის შემოსევა (კადრი ფილმიდან Exodus: Gods and Kings, 2014) 

ასეთია მეოთხე და მეხუთე სასჯელი ბიბლიის მიხედვით, რომელიც მუმლისა და ბუზანკალის შემოსევის გარდაუვალ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თევზის ლეშით გამძღარ მუმლს, ანუ კოღოებს, ქინქლებსა და სხვა მკბენარებს, თავისუფლად შეიძლებოდა მალარია ან მსგავსი დაავადება გაევრცელებინა, როგორც მოსახლეობაში. სწორედ დახოცილ ცხოველს ესეოდა ბუზანკალი, რომელსაც ასევე შეეძლო სერიოზული დაავადება ჯილეხი, ანუ ციმბირული წყლული გამოეწვია.(18)   


სეტყვა, კალიების შემოსევა, 3 დღიანი უკუნი, პირველშობილთა დაღუპვა

 „ცისკენ მოიღერა მოსემ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლმა დაუარა დედამიწას და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა."(19)

„სეტყვა და შემდეგი ორი სასჯელი ვულკანის ამოფრქვევის პირდაპირი შედეგი შეიძლება იყოს. გერმანელი მეცნიერი ატმოსფერული ფიზიკის ინსტიტუტიდან ნედინ ფონ ბლომი, რომელიც სეტყვის წარმომქმნელ ღრუბლებს იკვლევს, თვლის, რომ ძლიერი სეტყვა ეგვიპტის თავზე, წვიმის ღრუბლებისა და ვულკანის ფერფლის ღრუბლების შეჯახებას უნდა წარმოეშვა.(20) 

ეგვიპტის სასჯელები: კალიები (1890 წ. ჰოლმანის ბიბლია)

„მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და მოდენა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად. ქროდა ქარი მთელს დღესა და მთელს ღამეს. დადგა დილა და მოასია აღმოსავლეთის ქარმა კალია.
შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის ყოველ კუთხეს." (21)

კანადელი მიკრობიოლოგი სირო ტრევისანტო, თვლის, რომ კალიების შემოსევა ამოფრქვევის შედეგი შეიძლება ყოფილიყო. ფერფლის ჩამოცვენა გამოიწვევდა მრავალ კლიმატურ ანომალიას, მათ შორიე ტენიანობის მატებასაც, რაც ხელს უწყობს კალიის გამრავლებას.(22) მრავალი მეცნიერის აზრით, სწორედ ვულკანური ფერფლის ღრუბლების მიერ მზის დაჩრდილვამ გამოიწვია სამ დღიანი უკუნიც, რაც ვულკანის ამოფრქვევას ხშირად ახლავს თან, ხოლო ბიბლიაში მეცხე სასჯელი შემდეგნაირად არის ახსნილი: "ცისკენ შემართა ხელი მოსემ და ჩამოწვა უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, და იდგა სამ დღეს."(23) 
  „შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული."(24) 

გარდაცვლილ პირველშობილთა გლოვა (ჩარლზ პირსის ნახატი, 1877 წ.) 

მეათე სასჯელი, რომლის შემდეგაც ფარაონმა ებრაელ ხალხს მისცა უფლება წასულიყვნენ ეგვიპტიდან. მეცნიერები ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ. ერთნი თვლიან, რომ ყოველი პირველშობილის სიკვდილი მხოლოდ იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს და რეალურად არ მომხდარა, თუმცა ამ მიდგომით ყველა სხვა სასჯელიც შეგვიძლია განვიხილოთ, ამიტომაც  არგუმენტად არ გამოგვადგება. ინგლისელი ეგვიპტოლოგი დევიდ როლი თვლის, რომ მრავალ აზიურ თემში, რომელთაც ებრაელებიც განეკუთვნებიან, არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სტიქიური უბედურებების შემდეგ, განრისხებულ ღმერთებს პირველშობილს სწირავდნენ მსხვერპლად. ეგვიპტეში ებრაელების მსგავსად, სხვა მრავალი აზიური თემი იქნებოდა ჩასახლებული, წლების მანძილზე კი მათი ტრადიციები ეგვიპტელ ხალხშიც შეიძლება გავრცელებულიყო, თვით ფარაონის სამეფო კარზეც კი. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული სტიქიური უბედურებების ფონზე, სავსებით შესაძლებელია მსგავსი მსხვერპლშეწირვა ჩაეტარებინა ეგვიპტელ ხალხს (25).  

ბოლოთქმა 
როგორც გამოჩნდა სავსებით შესაძლებელია „ეგვიპტური ათი სასჯელი" რეალურად მომხდარიყო და  მხოლოდ „გამოსვლის" ავტორის ფანტაზიას არ წარმოადგენდეს. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ როდის იწერებოდა ეს თხზულებები და განვიხილოთ ის არა დღევანდელი გადმოსახედიდან, არამედ იმ პერიოდის შესაბამისად, როდესაც დაიწერა. „გამოსვლის" წიგნი ასახავს იუდაიზმის იდეოლოგიის ადრეულ ეტაპს და მის საფუძველს წარმოადგენს. ებრაული ლიტერატურული ტრადიცია იმგვარად ასახავს მოვლენებს, როგორც შეიძლებოდა ის იმ დროინდელ ადამიანს წარმოედგინა. 

ისრაელიანები ტოვებენ ეგვიპტეს (დევიდ რობერტსის ნახატი, 1829 წ.) 

ეგვიპტე რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, აღარ იყო საკმარისი საკვები, მრავალი ეგვიპტელი შეეწირა ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებს. სავარაუდოა, რომ სწორედ ურთულესმა სიტუაციამ აიძულა ფარაონი, გაეშვა ებრაელები ქვეყნიდან. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ფარაონს ამ ნაბიჯის გადადგმა ღმერთების შიშმა აიძულა. ბიბლიაში კი შემდეგი სიტყვებით მიმართავს ფარაონი აარონსა და მოსეს: „ადექით და გაეცალეთ ჩემს ხალხს შენც და ისრაელიანებიც. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით."(26) 

სქოლიოები:
  1. ნიკა ხოფერია, ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია (თბილისი, 2011), 117.
  2. გამოსვლა 3:2.
  3. გამ. 3:10.
  4. გამ. 6:1.
  5. გამ. 7:20-21.
  6. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოლოგიური წარსულის ჰავასა და მის ცვალებადობას.
  7. „Казни Египетские" Учёные нашли научное объяснение библейской истории, www.ilterritory.com.
  8. Exodus: the evidence for the Bible story, www.Telegraph.co.uk. 
  9. Chronology of Theran eruption, www.web.archive.org.
  10. Наука против Библейских „Казней Египетских", www.a-theism.com.
  11. გამ 8:6.
  12. „Казни Египетские" Учёные нашли научное объяснение библейской истории, www.ilterritory.com.
  13. გამ. 8:17.
  14. გამ. 8:24.
  15. Дэвид Рол, Утраченный завет, (Москва, 2005) 227.
  16. გამ. 9:6.
  17. გამ. 9:10.
  18. Дэвид Рол, Утраченный завет, 227.
  19. გამ. 9:23.
  20. Biblical plagues really happened says sciencists, www.telegraph.co.uk.
  21. გამ. 10:13-14.
  22. „Казни Египетские" Учёные нашли научное объяснение библейской истории, www.ilterritory.com.
  23. გამ. 10:22.
  24. გამ. 12:29.
  25. Дэвид Рол, Утраченный завет, 231.
  26. გამ. 12:31.

ბიბლიოგრაფია

1. ბიბლია. თბილისი, 1989 .
2. ხოფერია, ნიკა. ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია. თბილისი, 2011. 
3. Рол, Дэвид. Утраченный завет. Москва, 2005.
ინტერნეტ-მასალები
www.telegraph.co.uk
www.orthodoxy.ge
www.a-theism.com
www.iliterritory.com
www.web.archive.org



 ლევან ტავლალაშვილი