სხვადასხვა ეპოქის სამხედრო საქმე ერთ-ერთი პოპულარული საკვლევი თემაა ისტორიულ მეცნიერებაში. სამხედრო ისტორია კარგადაა შესწავლილი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. დიდი ყურადღება ექცევა რუსეთშიც, სადაც არსებობს უზარმაზარი რუსულენოვანი სამხედრო ლიტერატურა. ამ მხრივ, არც ისე კარგადაა საქმე საქართველოში, თუმცა, გამონაკლისებიც მოიძებნება. ამ პოსტში გირჩევთ ათ წიგნს, რომელიც, ჩემი აზრით, სამხედრო ისტორიის ქართველი მკვლევარის თუ მოყვარულის ბიბლიოთეკაში უნდა იყოს.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, მამუკა წურწუმიას ფუნდამენტური ნაშრომი „შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი, 900-1700: ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება" ყველაზე სრულყოფილი კვლევაა შუა საუკუნეების საქართველოს სამხედრო ისტორიის შესახებ რაც კი აქამდე დაწერილა. წიგნში მიმოხილულია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თემა, რაც ამ ეპოქის ქართულ სამხედრო საქმეს ეხება. გაფორმებულია შესანიშნავი ილუსტრაციებით. იარაღის კვლევა არის მაქსიმალურად დეტალური. თითოეულ თავში კარგად ჩანს, რომ ავტორი დიდი პროფესიონალიზმით უდგება საკითხს, დაწვრილებით იკვლევს დიდძალ ლიტერატურას, რათა ყველა საკითხი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი. ამავე დროს, „შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი" ყველაზე მასშტაბური ნაშრომია ქართულ სამხედრო საქმეზე და ყველაზე დიდი ნაბიჯიც, საქართველოში სამხედრო ისტორიის კვლევის განვითარებაში. ეს წიგნი სამხედრო ისტორიის ნებისმიერი მოყვარულისთვის, უდიდესი საჩუქარია. წიგნში მოცემული სტატიების ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გამოცემაშიც: მამუკა წურწუმია, საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, ტომი I (თბილისი, 2013). მამუკა წურწუმიას გამომცემლობა „მხედარი" გამოსცემს ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალს „საისტორიო კრებულს", რომელშიც ასევე ხშირად ქვეყნდება სამხედრო თემატიკის მასალები.
2. სოსო მარგიშვილი. შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეები. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2012.
ქართველ ისტორიკოსთა შორის, სოსო მარგიშვილი პირველი იყო, ვინც ფუნდამენტური ნაშრომი გამოაქვეყნა საქართველოს შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიაზე („მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ"). მისი მეორე წიგნში - „შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში" შესანიშნავადაა მიმოხილული შუა საუკუნეების სამხედრო საქმე, მათ შორის ევროპული ფეოდალური არმიები, ბრძოლის მეთოდები, საალყო და საველე ტაქტიკა და სტრატეგია. ქართულ ენაზე შუა საუკუნეების სამხედრო საქმის შესასწავლად, ეს წიგნი საუკეთესო ქართულენოვანი მკითხველისათვის. წიგნი პირველად 2008 გამოიცა, შემდეგ კი 2012 წელს შევსებული გამოცემაც გამოვიდა.
3. სოსო მარგიშვილი. მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ: ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ. თბილისი: სიესტა, 2006.
თუ სამხედრო ისტორიის შესწავლა გინდათ დაიწყოთ, ან უკვე დაინტერესებულები ხართ მაგრამ ეს წიგნი არ წაგიკითხავთ, გირჩევთ რომ წაიკითხოთ. ის აუცილებლად მოახდენს გარკვეულ გავლენას თქვენს დამოკიდებულებაზე სამხედრო ისტორიის მიმართ.
4. გელა გამყრელიძე. ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010.
არქეოლოგ გელა გამყრელიძის ეს წიგნი ანტიკური ხანის საქართველოზეა. გელა გამყრელიძე კარგად იცნობს ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურას, აქვს უზარმაზარი გამოცდილება არქეოლოგიურ სამუშაოებსა და ისტორიული გეოგრაფიის კვლევაში. შესაბამისად, წიგნი მრავალმხრივ საინტერესოა. შესავალსა და საწყის თავებში ავტორი მიმოიხილავს არსებულ ისტორიოგრაფიას, საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიას, ბიო-გეო გარემოს. ვრცლადაა განხილული ქართველურ ტომთა შეიარაღება არქეოლოგიური მონაცემებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით. ავტორთა კოლექტივთან ერთად, გელა გამყრელიძეს გამოცემული აქვს „ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებიც" (თბილისი: არტანუჯი, 2005).
5. ჯაბა სამუშია. საქართველოს სამხედრო ისტორია. თბილისი: პალიტრა L, 2017.
პროფესორი ჯაბა სამუშია შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის სპეციალისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მისი წიგნი „საქართველოს სამხედრო ისტორია" მოიცავს წლების განმავლობაში, მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების კრებულს, რომელთა შორის რამდენიმე განსაკუთრებით აღსანიშნავია - ბუღა-თურქის თბილისზე ლაშქრობის ისტორიიდან, ციხესიმაგრეების აღების ხელოვნება XI-XII საუკუნეების საქართველოში, შამქორის ბრძოლა. ჯაბა სამუშია კარგად იცნობს საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიას, შეძლებისდაგვარად შესწავლილი აქვს ბრძოლის ადგილებიც და ამის ფონზე, ბევრ საინტერესო დასკვნას გვთავაზობს. ბუნებრივია, არის სადავო საკითხებიც. მე, როგორც ასევე სამხედრო ისტორიკოსსა და შუა საუკუნეების მკვლევარს, ზოგიერთ თემასთან დაკავშირებით, ავტორისგან განსხვავებული შეხედულებები მაქვს, მაგრამ ზოგადად, ქართული სამხედრო ისტორიის შესწავლაში, მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი და იმედია, კვლავ შემოგვთავაზებს ახალ ნაშრომებს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაზე.
6. ნიკა ხოფერია. გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია. წიგნი I, II. თბილისი: არტანუჯი, 2016, 2019.
არც ისე დიდი ფუფუნება გვაქვს სამხედრო ლიტერატურის მხრივ, რომ ჩემი საკუთარი ნაშრომები გამოვტოვო სამხედრო ისტორიაზე და სიას მაინც არაფერი დააკლდეს, ამიტომ, ვფიქრობ, „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია" აქ აუცილებლად უნდა იყოს.
I წიგნი. გვიანანტიკური ეპოქა (III-VI სს.), რომელსაც ეს წიგნი ეხება, ევროპის ფორმირების, ბნელი ხანის, ხალხთა დიდი გადასახლებისა და ბარბაროსთა შემოსევების სახელითაც არის ცნობილი. დასავლეთ რომის იმპერია დაეცა და მის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ სკანდინავიელი, ბალტიელი და შორეული აღმოსავლეთის სტეპების ხალხები. აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტია კვლავ პირველობდა ევროპულ სივრცეში, აღმოსავლეთში კი მას სასანური ირანი უწევდა მეტოქეობას. მათი დაპირისპირების ერთ-ერთი საკვანძო, გარდამტეხი წერტილი კავკასია იყო. ამ ორი მძლავრი იმპერიის ინტერესებში მოექცა იბერიისა და ლაზიკის სამეფოები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. ამ პერიოდის გამორჩეული მოღვაწე იყო იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალი, რომლის ხანგრძლივი მეფობის ხანა განსაკუთრებით საინტერესოა სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით. ნაშრომში ქართული და უცხოური ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ვრცლად არის მიმოხილული გვიანანტიკური სამხედრო საქმის თავისებურებები ქართულ სამეფოებსა და მათ მეზობელ ქვეყნებში, ასევე ანტიკური ხანის კავკასიის ისტორიის ზოგიერთი დეტალი.
II წიგნი. ლაზიკის ომი (541-562 წწ.) გვიანანტიკურ ხანაში ირან-ბიზანტიის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი იყო. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I და ირანის შაჰი ხოსრო I ანუშირვანი - VI საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი მმართველები, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში გაბატონებისთვის იბრძოდნენ. სამხედრო დაპირისპირების არეალი თანამედროვე დასავლეთ და ისტორიულ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა. ომში აქტიურად იყო ჩართული თვითონ ლაზიკის სამეფო, რომლის მეფე გუბაზ II სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იცვლიდა პოლიტიკურ ორიენტაციას და ხან ერთ, ხანაც მეორე მებრძოლ მხარეს ემხრობოდა. ლაზიკის ომის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები მდიდარ ინფორმაციას შეიცავს ეპოქის პოლიტიკური თუ სოციალური ისტორიის შესასწავლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სამხედრო ისტორიისთვისაა. წიგნში შესწავლილია ლაზიკის ომის ლანდშაფტი, სივრცე და რესურსები; ომის მონაწილე მხარეების არმიების ორგანიზება, აღჭურვილობა, მასშტაბები, სტრატეგია და ტაქტიკა, განსაკუთრებით კი - სამხედრო ლოჯისტიკა. ასევე წარმოდგენილია პროსოპოგრაფიული კვლევა ლაზიკის ომში მონაწილე ბიზანტიელი მხედართმთავრების შესახებ და ომის ორი საკვანძო ბრძოლის – პეტრას ალყისა და ცხენისწყალთან მომხდარი საველე ბრძოლის ვრცელი განხილვა.
7. დიმიტრი სილაქაძე. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება. თბილისი: სეზანი, 2017.
საქართველოს პირველი რესპუბლიკა, 1918-21 წლებში არსებული დამოუკიდებელი სახელმწიფო, დღეს მრავალი ისტორიკოსის კვლევის საგანია. განსაკუთრებული ინტერესი არსებობს 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმართ. დიმიტრი სილაქაძე 1918-21 წლების საქართველოს სამხედრო ისტორიის მკვლევარი და განსაკუთრებულად კარგი მცოდნეა. პოპულარულ ენაზე დაწერილი და შესანიშნავად გაფორმებული ეს პატარა წიგნი კი, XX საუკუნის საქართველოს სამხედრო ისტორიით დაინტერესებული ყველა პირისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენაძენია. პირველი რესპუბლიკის სამხედრო ისტორიის მკვლევარებმა სხვა ნაშრომებიც შემოგვთავაზეს. მათ შორის, აღსანიშნავია პროფესორ მიხეილ ბახტაძის „1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან" (თბილისი: არტანუჯი, 2013), მისივე, „გენერალი ილია ოდიშელიძე"(თბილისი: არტანუჯი, 2017) და სხვ. პირველი რესპუბლიკის სამხედრო ისტორიასთან დაკავშირებით, ასევე საინტერესოა გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა (გიორგი მაზნიაშვილი. მოგონებანი. თბილისი: ოჩოპინტრე, 2014; ზენიტი, 2007; სახელმწ. გამ-ბა, 1927; ბათუმი: საბჭ. აჭარა, 1990) და 1921 წლის ომის მონაწილე ჯარისკაცის, გივი ღამბაშიძის მოგონებანი (გივი ღამბაშიძე. ომის დღეები: გივი ღამბაშიძის მოგონებები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ. თბილისი: სეზანი, 2017).
8. ანდრო გოგოლაძე. შუა საუკუნეების ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიის საკითხები. თბილისი: მერიდიანი, 2015.
როგორც გიორგი ანჩაბაძის ნაშრომი, შუა საუკუნეების მკვლევარის, ანდრო გოგოლაძის შედგენილი ეს წიგნიც ერთგვარი შეჯამებაა საქართველოს სამხედრო ისტორიაზე ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევების. წიგნი პოპულარულ ენაზეა დაწერილი. არის ანჩაბაძის წიგნთან შედარებით უფრო მოცულობითი და ინფორმაციული. უმეტესად, ეყრდნობა სოსო მარგიშვილისა და მამუკა წურწუმიას შრომებს. თუ თქვენ ზოგადად გაინტერესებთ შუა საუკუნეების ქართული სამხედრო ხელოვნება, არ გამოგრჩეთ ეს წიგნიც.
9. გიორგი ანჩაბაძე. სამხედრო საქმე საქართველოში უძველესი ხანიდან XVIII საუკუნის ბოლომდე. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი ანჩაბაძის წიგნი წარმოადგენს საქართველოს სამხედრო ისტორიის ერთგვარ მოკლე შინაარსს. ის მთლიანად მოიცავს პერიოდს ანტიკურობიდან გვიანი შუა საუკუნეების ბოლომდე და მკითხველს წარმოდგენას უქმნის ქართულ სამხედრო საქმეზე - შეიარაღებზე, ტაქტიკა-სტრატეგიაზე, ციხესიმაგრეების აღებისა და დაცვის ხელოვნებაზე და ა.შ. გიორგი ანჩაბაძეს ასევე გამოცემული აქვს „საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (1921 წლამდე)", რომელიც ასევე ყურადსაღები ნაშრომია, თუმცა, ჩემი აზრით, „სამხედრო საქმე საქართველოში უძველესი ხანიდან XVIII საუკუნის ბოლომდე", უფრო კომპაქტური, უკეთ შედგენილი და მეტად კომპეტენტურია. ამიტომ ვთვლი, რომ გიორგი ანჩაბაძის შრომებიდან ჩვენს სიაში, სწორედ ის უნდა იყოს.
10. ალექსანდრე მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია, ლევან მიქაბერიძე. ნაპოლეონის მარშლები. წიგნი I. ნიუ იორკი, 2017.
საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომები სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. საქართველოში ნაპოლეონზე სულ რამდენიმე წიგნია გამოცემული, ძირითადად ბიოგრაფიული თხზულებები. ამიტომ, ასე თუ ისე, ზოგადი წარმოდგენა ნაპოლეონის პიროვნების და მისი ბიოგრაფიის შესახებ არსებობს, თუმცა არა მისი ეპოქის სხვა ფრანგი სარდლების შესახებ. ლუიზიანის უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძის თაოსნობით, მოხერხდა ორტომეულის მომზადება ნაპოლეონის 26 მარშალზე, რევოლუციური საფრანგეთისა და საფრანგეთის პირველი იმპერიის საუკეთესო მხედართმთავრებზე. პირველი ტომი გამოცემულია, თუმცა საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ელექტრონული ვერსიაა ხელმისაწვდომი: ნაპოლეონის მარშლები ელ-ვერსია. ნაბეჭდი ვერსიის გამოწერა შეგიძლიათ აქედან: ნაპოლეონის მარშლები amazon.com-ზე. ქართულ ენაზე უკვე არსებული, ნაპოლეონის მემუარების ნაწილი „ტულონის ალყა", ალექსანდრე მიქაბერიძემ ხელახლა თარგმნა უფრო ზუსტად და სამეცნიერო კომენტარებით და გამოსცა. ის შეგიძლიათ იხილოთ აქ: ტულონის ალყა.
11. სუნ ძი. ომის ხელოვნება. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007.
სუნ ძის „ომის ხელოვნება", ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ტრაქტატია. მისი ზუსტი ავტორი და დაწერის თარიღი უცნობია, თუმცა, ის ანტიკურ ჩინეთში ცხოვრობდა და დიდი გამოცდილების მქონე მხედართმთავარი უნდა ყოფილიყო. „ომის ხელოვნებაში" განსაზღვრულია ომის მთავარი მახასიათებლები და თუ როგორ უნდა მოიქცეს სარდალი სხვადასხვაგვარ ვითარებაში. სუნ ძის „ომის ხელოვნება" პირველად 2000 წელს გამოქვეყნდა ქართულად („სამხედრო ხელოვნების შესახებ". თბილისი, 2000). მეორედ კი, 2007 წელს, როგორც „სამხედრო ბიბლიოთეკის" სერიის ერთ-ერთი და ალბათ, საუკეთესო წიგნიც. სამწუხაროდ, სერიის დანარჩენი წიგნებიდან, უმეტესობა არაპროფესიონალურადაა ნათარგმნი და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს...
12. კარლ ფონ კლაუზევიცი. 1806 წელი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007.
კარლ ფონ კლაუზევიცი, სამხედრო თეორეტიკის „სუპერ-სტარია". ომის თუ პოლიტიკური თეორიების გაცნობისას, ფაქტობრივად გამორიცხულია მას გვერდი აუაროთ. ძალიან სამწუხაროა, რომ კლაუზევიცის სრული ნაშრომი - „ომის შესახებ" - ქართულ ენაზე არ არის ნათარგმნი, თუმცა, გვაქვს მისი ერთი ნაწილი „1806 წელი", რომელშიც მიმოხილულია ნაპოლეონის 1806 წლის სამხედრო კამპანია პრუსიის წინააღმდეგ. თარგმანში ხარვეზები გვხვდება, თუმცა, საერთო ჯამში, საკმაოდ ნორმალური თარგმანია და მისი წაკითხვა, ნამდვილად ღირს. ასევე, ბარემ, აქვე აღვნიშნოთ, სამხედრო ბიბლიოთეკის კიდევ ერთ წიგნი, ნიკოლო მაკიაველის „მთავარი", რომელიც გარკვეულწილად სამხედრო თვალსაზრისით მართლაც საინტერესოა (ნიკოლო მაკიაველი. მთავარი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010).
13. ნიკა ხოფერია. ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია. თბილისი, 2012.
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია ეხება ახალი და უმთავრესად ძველი აღთქმის პერიოდის ისტორიას, რომელიც ასახულია ბიბლიაში. წიგნში განხილულია უძველესი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამხედრო–პოლიტიკური მდგომარეობა, სისხლისმღვრელი ომები, იმპერიათა ბრძოლა ძალაუფლებისათვის. თუმცა, გარდა ამისა, მკითხველი აღმოაჩენს უამრავ საინტერესო ცნობას ცნობილი ბიბლიური პერსონაჟების, მეფეებისა და სარდლების შესახებ. შეიტყობს როგორ იყო გამაგრებული პალესტინის ქალაქები, რომელი იარაღით იბრძოდნენ ასურელები, რა სტრატეგიით მოახერხა მოსემ ეგვიპტელებისაგან თავის დაღწევა, სად მოხდა რეფიდიმის ცნობილი ბრძოლა და ა.შ. წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისტორიკოსებისთვის, გეოგრაფებისთვის და სამხედრო პირებისთვის, ასევე ბიბლიით დაინტერესებულთათვის.
14. ანტიკური ისტორიული წყაროები: გაიუს იულიუს კეისარი - კომენტარები გალიის ომის შესახებ; გაიუს სალუსტიუს კრისპუსი - ომი იუგურთასთან; ჰეროდოტე - ისტორია; თუკიდიდე - ისტორია; აპიანე - მითრიდატული ომები და სხვ.
ანტიკურ სამხედრო ისტორიაზე, განსაკუთრებულად გირჩევთ ამ ეპოქის ისტორიული წყაროების წაკითხვას. ქართულ ენაზე არც ისე ბევრია ნათარგმნი, თუმცა, ზოგიერთი არის. კეისრის „კომენტარები გალიის ომის შესახებ" სრულად არ გამოცემულა, მაგრამ გამოქვეყნებულია პირველი 2 წიგნი (თბილისი, 2015), დანარჩენი წიგნები კი ითარგმნება ნელ-ნელა და იმედია მალე ვიხილავთ გამოცემულს. გაიუს სალუსტიუს კრისპუსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რომაელი ავტორია. იუგურთას ომი (ძვ.წ. II ს.) კი, რომელსაც ის აღწერს, მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული მოვლენაა და გვიანი რესპუბლიკის პერიოდის რომის სამხედრო ისტორიაზე მრავალ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის (გაიუს სალუსტიუს კრისპუსი. თხზულებები. თბილისი: ლოგოსი, 2008; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013). ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტეს თხზულებიდან (ჰეროდოტე. ისტორია. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1975) განსაკუთრებით საინტერესო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ომია აქემენიანთა სპარსეთთან. ეს ნაწილი ცალკეც არის გამოცემული სამხედრო ბიბლიოთეკის სერიით (ჰეროდოტე. ისტორია. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007). ადაპტირებული თარგმანი არსებობს თუკიდიდეს პელოპონესის ომის (თუკიდიდე. ისტორია. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007). აპიანეს მითრიდატული ომები რესპუბლიკური რომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ აღმოსავლურ ომებს ეხება, პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ (აპიანე. მითრიდატეს ომების ისტორია. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1959). სამწუხაროდ, ქართულ ენაზე არ გვაქვს ორი უდიდესი მნიშვნელობის ბერძნულენოვანი ისტორიული წყარო - პოლიბიოსისა და ქსენოფონტის თხზულებები, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდ ისინიც გვექნება.
I საუკუნის რომაელი ავტორის, სექსტუს იულიუს ფრონტინუსის „სტრატაგემები", პროგრამა „ლოგოსის" ფარგლებში გამოქვეყნდა. ეს ამ თხზულების პირველი ქართულენოვანი თარგმანია და ასევე, ანტიკურ სამხედრო ტრაქტატთაგან პირველია, რომელიც ქართულად გამოიცემა.
„სტრატაგემები" მნიშვნელოვანი წყაროა ანტიკური ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესასწავლად. მასში თავმოყრილია ცნობები ძველი მსოფლიოს გამოჩენილი სამხედრო მოღვაწეების, ალექსანდრე მაკედონელის, ჰანიბალის, სციპიონის, კეისრის, პომპეუსის და სხვა ცნობილი სარდლების მოღვაწეობაზე, მათ ლაშქრობებზე, ტაქტიკა-სტრატეგიაზე, საველე, საალყო, საზღვაო ბრძოლებზე და წარმოადგენს ერთგვარ ანტიკურ სამხედრო სახელმძღვანელოს, კრებულს, რომლის მიხედვითაც სარდალმა უნდა იხელმძღვანელოს. ქართულენოვან გამოცემას დართული აქვს ვრცელი სამეცნიერო შესავალი და კომენტარები.
ე.წ. Honourable mentions:
კაცა კაციტაძის „homo militaris"; ჯემალ შარაშენიძის „ომებიადა" (თუმცა ძალიან მოძველებულია თანამედროვეობისთვის); გელა გამყრელიძე, თემურ თოდუა, რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში; სამხედრო ბიბლიოთეკის სერიის დანარჩენი წიგნები (საკმაოდ ცუდი თარგმანის მიუხედავად) და სხვ.
ერთი შენიშვნაც. ანტიკური, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიული წყაროების, მემუარების, წერილებისა და სხვა დოკუმენტების კითხვისას, გაითვალისწინეთ რამდენად სანდოა ესა თუ ის ცნობა, რას ეყრდნობა, რა მოტივაცია ჰქონდა ავტორს, რისთვის წერდა და ა.შ. ამაში დაგეხმარებათ რიჩარდ გაბრიელის სტატია: „შეგვიძლია ვენდოთ ანტიკურ ტექსტებს?" და ნიკა ხოფერიას „არმიათა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ". ასევე, შეიძლება ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში რომელიმე სხვა საინტერესო წიგნიც გამომრჩა და შეიძლება შემდგომში დავუმატო სიას.
და ბოლოს: ახლო მომავალში „სამხედრო ისტორიის ბლოგზე" შეძლებისდაგვარად ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ. სამეცნიერო სტატიების, წიგნებისა და ბლოგზე განთავსებული პოსტების სახით. ასე რომ, თუ არ გყოფნით არსებული სამხედრო ლიტერატურა ქართულ ენაზე, შეგიძლიათ თქვენი ინტერესი ნაწილობრივ სამხედრო ისტორიის ბლოგზე დაიკმაყოფილოთ.
ნიკა ხოფერია