ანტიკური ან თუნდაც შუა საუკუნოვანი ან ახალი წერილობითი ისტორიული წყაროები უმნიშვნელოვანესი მასალაა ისტორიის შესასწავლად. მაგრამ ყოველ ასეთ ტექსტს, ცნობას, სჭირდება ღრმა ანალიზი, ლოგიკური გააზრება, ეპოქის მიხედვით განსაზღვრა, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალების მონიშვნა, ავთენტურობის დადგენა და ა.შ. სულ რომ ახალი ისტორიის პერიოდიდან ავიღოთ - XVIII საუკუნეშიც კი უამრავი ლეგენდაა შეთხზული რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ კრიტიკული გააზრების გარეშე, ხშირად დამკვიდრებულა ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში, თუნდაც ახლახანს გაჩენილი მითი თითქოს ერეკლე მეფეს განათლება ინგლისში, ვულვიჩის სამხედრო აკადემიაში მიეღოს ანდაც გერმანიაში, ფრიდრიხ დიდის არმიაში ემსახუროს. ხშირად ასეთი მითების ტყვეობაში თვითონ ისტორიკოსებიც ექცევიან. მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მეთოდიკას, შეგვეძლოს გამასხვავებელი ნიშნების პოვნა, დროში ორიენტირება და პრობლემის კრიტიკულად გააზრება.
ამავე პრობლემას ეხება ცნობილი სამხედრო ისტორიკოსის, მრავალი წიგნის (Philip II of Macedonia: Greater than Alexander; Scipio Africanus: Rome's Greatest General; Hannibal: The Military Biography of Rome's Greatest Enemy და სხვ.) ავტორის, რიჩარდ გაბრიელის ძალიან საინტერესო და საყურადღებო სტატია „შეგვიძლია ვენდოთ ანტიკურ ტექსტებს"? („Can We Trust The Ancient Texts?", Military History;Mar/Apr2008, Vol. 25 Issue 1) რომელიც 2008 წელს გამოქვეყნდა. სტატია ინგლისურიდან ვთარგმნე, რადგან ვთვლი, ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ისტორიოგრაფიაში და იმედი მაქვს ისტორიის მკვლევარებს ან უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება ისტორიული წყაროების დახარისხებასა და შესწავლის მეთოდების გაცნობაში, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ანტიკურ ხანას სამხედრო თვალსაზრისით შეისწავლის.
„დილით, როგორც კი ირიჟრაჟა, კართაგენელები ნადავლის ასაკრეფად ბრძოლის ველზე გავიდნენ. შესაზარი სურათი გადაეშალათ თვალწინ. საშინელი იყო ეს სანახაობა თვით გამარჯვებულებისთვისაც კი. ათასობით რომაელი - ქვეითი ჯარისკაცი თუ ცხენოსანი ერთმანეთში არეულიყო. ისინი ეყარნენ იქ, სადაც ტიალმა ბედმა უმუხთლათ. მკვდრებს შორის ხან აქ, ხან იქ, დაჭრილები წამოიმართებოდნენ, რომლებიც დილის სუსხზე გონზე მოსულიყვნენ. მტრები მათ იქვე კლავდნენ. ბოლოს უღებდნენ იმათაც, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ ფეხზე ადგომა უკვე აღარ შეეძლო. ისინი ყელგამოწვდილი იხვეწებოდნენ, მოგვკალითო. ზოგიერთები თვითონ ისპობდნენ სიცოცხლეს, ფრჩხილებით ორმოს თხრიდნენ, შიგ თავს ყოფნდნენ, ზემოდან მიწას იყრიდნენ და იხრჩობდნენ."
მეტად კოლორიტული ტექსტია - თუმცა ვერანაირად ვერ დავასაბუთებთ რომ სინამდვილეს ასახავს. ეს აღწერა ძვ.წ. 216 წელს მომხდარ კანეს ბრძოლას ეხება, თუმცა კი დაწერილია 200 წლის შემდეგ ბრძოლიდან, რომელზეც თვითმხილველთა ცნობები არაა შემონახული და დაწერილია ტიტუს ლივიუსის მიერ, ისტორიკოსისა, რომელსაც არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა.
ხშირად, ანტიკური ისტორია დრამატულ სცენად იქცევა ხოლმე, არა ისეთად როგორც ეს ნამდვილად მოხდა, არამედ როგორც ეს ავტორს წარმოუდგენია რომ მოხდებოდა. მაგრამ ამას გარდა, ჩვენ ვერ განვიხილავთ ანტიკური ხანის ომებს ამ წყაროების გარეშე. თანამედროვე ისტორიკოსი, რომელიც სწავლობს ბერძულ და რომაულ სამხედრო ისტორიას, ძველი ტექსტების ტყვეა.
სახელოვანი ჰანიბალი (ძვ.წ. III-II სს.), კართაგენელი მხედართმთავარი, რომლის შესახებ ძირითად ცნობებს ბერძენი პოლიბიოსი (ძვ.წ. II ს.) და რომაელი ტიტუს ლივიუსი (ძვ.წ. I-ახ.წ. I) გვაძლევენ
სციპიონ აფრიკელი (ძვ.წ. III-II სს.) - დიდი რომაელი მხედართმთავარი, ჰანიბალის ყველაზე ღირსეული მოწინააღმდეგე და მისი დამმარცხებელი. მასთან ნაცნობობა აკავშირებდა ბერძენ ისტორიკოს პოლიბიოსს.
მთავარი დაბრკოლება, რაც ხელს გვიშლის ანტიკური სამხედრო ისტორიის უკეთ გაცნობაში, არის სარწმუნო წყაროების ნაკლებობა. ბერძნების მიერ ისტორიის ჩამოყალიბებამ, როგორც ფაქტების, მოვლენების რაციონალური გააზრებისა და ახსნისა, გამოხატულის წერილობითი პროზით ან ზეპირი გადმოცემით, შექმნა მეთოდები, რომელთა მიხედვით ანტიკური ისტორიკოსები იწერდნენ ფაქტებს ისეთივე მანერით, როგორიც თანამედროვეობაშიც არის მიღებული.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ცნობა, რომელსაც ეს ტექსტები შეიცავს, არარეალური, ტენდენციური, არასრული ან სულაც მცდარია.
თანამედროვე მკითხველი აღმოაჩენს რომ არის რაღაც უცხო ანტიკური ავტორების დაწერილ ისტორიაში: ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები ხშირად უფრო ნაკლებად არიან დაინტერესებულები ისტორიული მოვლენების ფაქტობრივი აღწერით, ვიდრე ამის მორალურ გაკვეთილად გადაქცევით, ძლიერი პოლიტიკური კლასების ცხოვრების ან კონკრეტული გავლენიანი პიროვნებების მოღვაწეობის გადმოცემით. დიდაქტიკური მიდგომა ისტორიისადმი ხშირად უკავშირდება დიდ ადამიანთა მოღვაწეობას.
ამას გარდა, ანტიკური ხანის ისტორიკოსები თავიანთ თხზულებებს უფრო ზეპირად გადმოსაცემად ქმნიდნენ და არა საკითხავად. განსაკუთრებული დამოკიდებულება რეტორიკისადმი, საფუძველს აძლევდა მათ შეექმნათ დიდი, ეპიკური, მაგრამ გამოგონილი ორატორული გამოსვლის სიტყვები, რომელთაც ცნობილ მხედართმთავრებსა და მეფეებს უკავშირებდნენ. თუ მშრალი, რეალური ფაქტები არასაკმარისი იქნებოდა ეფექტურობისათვის, შეიძლებოდა ისინი შეელამაზებინათ, გარდაექმნათ ამაღლებულ, ეპიკურ დრამად. ბრძოლის ადგილმდებარეობა, რიცხვები, ზუსტი თარიღები, ქრონოლოგია და გეოგრაფიული დეტალები ხშირად არაზუსტია, გამოგონილია ან საერთოდაც გამოტოვებულია.
სამხედრო „ისტორიები" ხშირად აღწერილი მოვლენებიდან ხანგრძლივი დროის შემდეგაა დაწერილი, თანადროული წყაროები კი შედარებით იშვიათია. ანტიკური ხანის ავტორები, ჩვეულებისამებრ, არ ამოწმებდნენ რამდენად რეალური იყო ის წყაროები, რომლებითაც სარგებლობდნენ. ფაქტობრივად, ეს შეუძლებელიც იყო. მხოლოდ რამდენიმე გამოსადეგი არქივი არსებობდა და მოითხოვდა ხანგრძლივ და სახიფათო მოგზაურობას მათამდე მისაღწევად. ანტიკური ხანის ზოგი ისტორიკოსი უბრალოდ იმეორებდა ადრეულ წყაროებში მოცემულ ცნობებს, ცვლიდნენ სტილს, აღწერდნენ უფრო დრამატულად. მაგალითად, ლივიუსი (ძვ.წ. 58-ახ.წ. 17 წწ.) ფაქტობრივად იმეორებს პოლიბიოსის (ძვ.წ. 200-118 წწ.) ცნობებს მეორე პუნიკური ომის შესახებ; დიონ კასიუსი (150-235 წწ.) კი, რომელიც ერთ საუკუნეზე უფრო მეტი ხნის შემდეგ მოღვაწეობდა, ეყრდნობა ლივიუსის ცნობებს იმავე ომის შესახებ.
ჰეროდოტე (ძვ.წ. V ს.) - ისტორიის მამად წოდებული. ბერძენ-სპარსელთა ომების მემატიანე.
ათენელი ისტორიკოსი თუკიდიდე (ძ.ვ.წ V ს.), რომლის წყალობითაც პელოპონესის ომის (ძვ.წ. 431-404 წწ.) ვრცელი აღწერა შემორჩა
ხშირად, წყაროები რომლებიც ხელმისაწვდომი იყო ანტიკური ავტორებისათვის, დღეს დაკარგულია. მაგალითად, პოლიბიოსის დამოწმებული ორი წყარო - სოზილუსი და სილენუსი, ბერძენი „სამხედრო ჟურნალისტები", რომლებიც თან ახლდნენ ჰანიბალს, ჩვენთვის დაკარგულია. ჰეროდოტე (დაახლ. ძვ.წ. 484-425 წწ.) კი ბერძნულ-სპარსული ომების აღსაწერად, ძირითადად მონუმენტურ წარწერებსა და ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილ ამბებს იყენებდა. არის გამონაკლისებიც: „ალექსანდრეს კამპანიები", რომელიც ფლავიუს არიანეს (87-145 წწ.) კალამს ეკუთვნის, სანდო წყაროა, რადგან ის ეყრდნობა ალექსანდრეს თანამედროვე ნეარქოსის, პტოლემაიოსისა და არისტობულეს გადმოცემებს - იმ მხედართმთავრებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ მაკედონიის მეფის კამპანიებში.
დღეს, სამხედრო ისტორიკოსები, ასევე მსხვერპლნი არიან შემორჩენილი თარგმანების, რომლებიც შეიცავს ბერძნულიდან ლათინურზე (ან სხვა ენებს შორის) თარგმნის პროცესის დროს დაშვებულ შეცდომებს ან პირდაპირ გადაწერილია შუა საუკუნეების ბერების მიერ, რომელთაც ხშირად არც ენები იცოდნენ კარგად და არც სამხედრო საქმისა გაეგებოდათ რამე. ყველაზე დიდი შეცდომები დაშვებულია რიცხვებში. ბერებს მეტად შეზღუდული ცოდნა ჰქონდათ ანტიკური რიცხვითი სისტემისა და რეგულარულად უშვებდნენ შეცდომებს რიცხობრივი მონაცემების გადატანისას, ზოგჯერ საერთოდაც თვითონვე იგონებდნენ ახალ რიცხვებს. ანტიკურ ისტორიკოსებს ახასიათებდათ მოწინააღმდეგის მებრძოლთა რიცხვისა და მათი დანაკარგების განსაკუთრებულად გაზრდა. ამას კიდევ ბერების შეცდომებიც დაერთო თან, რაც კიდევ უფრო ამრუდებს ფაქტებს.
მარშის ტემპის, გავლილი მანძილის, წონის, საპალნე ცხოველების რიცხოვნობის, მდინარეთა სიგანისა და შენაკადების, სიმაღლეების, სიდიდის რაოდენობრივი მონაცემები ხშირადაა გაზრდილი და ეს კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსთათვის მნიშვნელოვან მასალაზე.
ანტიკური ხანის ავტორები, რომლებიც სამხედრო ისტორიის შესახებ წერდნენ, სამ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: (1) რომელთაც არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ და წერდნენ მოვლენაზე წლების შემდეგ; (2) რომელთაც გარკვეული სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ და წერდნენ მოვლენაზე წლების შემდეგ; და (3) სამხედრო გამოცდილების მქონენი, რომლებიც თვითონაც მონაწილეობდნენ იმ მოვლენებში, რომელსაც აღწერდნენ.
ჰეროდოტე, აპიანე (95-165 წწ.), ლივიუსი და დიონ კასიუსი ყველა პირველ კატეგორიაში თავსდება. აპიანეს „რომის ისტორია" მოიცავს რომაელთა ყველა ომს ადრეული ისტორიიდან ტრაიანეს კამპანიებამდე. პოლიბიოსისა და ლივიუსის ნაშრომები მისთვის მთავარ წყაროს წარმოადგენს პუნიკური ომების აღსაწერად. დიონ კასიუსის ნაშრომი ვრცელია, მაგრამ მასში კრიტიკული გააზრების გარეშე, პირდაპირ გამოყენებულია ადრეული ისტორიული წყაროები, განსაკუთრებით კი ლივიუსი. ჰეროდოტეს მიერ ბერძნულ-სპარსული ომების აღწერა უფრო მეტად დრამატულ ნოველას წარმოადგენს, ვიდრე სამხედრო ისტორიას. მის მიერ მოცემული ტექნიკური დეტალები უმეტეს შემთხვევაში დამაეჭვებელია. ეს წყაროები უფრო მეტად ფასობსზოგადი ისტორიული გარემოს წარმოსადგენად და მათზე მუშაობისას ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ტაციტუსის (I-II სს.) ძეგლი ავსტრიის პარლამენტის წინ. ტაციტუსის თხზულება „გერმანია" ანტიკურ წყაროთაგან ყველაზე ვრცელ და მრავალფეროვან ცნობებს შეიცავს გერმანულ ტომებზე
ტიტუს ლივიუსის (ძვ.წ. I-ახ.წ. I სს.) ძეგლი ვენაში. ლივიუსის „რომის ისტორია" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა ანტიკურ ისტორიოგრაფიაში
პოლიბიოსი, ტაციტუსი (56-117) და არიანე მეორე კატეგორიაში ხვდებიან. პოლიბიოსის „ისტორიები" მეორე პუნიკური ომის სამხედრო მოვლენების, დეტალების, ტაქტიკის საუკეთესო აღწერაა, ასევე სციპიონ აფრიკელის როლის ამ ომში. როგორც აქაიის კავშირის ცხენოსანი ჯარის მეთაური, პოლიბიოსი იბრძოდა აქაიის ომში და მეთაურობდა ბერძნულ ჯარს სანამ მძევლად წაიყვანდნენ რომში, სადაც სციპიონის ოჯახს დაუმეგობრდა. მას წვდომა ჰქონდა სციპიონის ყველა საბუთსა და ბრძანებაზე, პირადად ესაუბრებოდა მეორე პუნიკურ ომში მონაწილე სარდლებს, ნამყოფი იყო ცნობილი ბრძოლების ადგილებზეც. რომაულ სამხედრო საქმეს ის გამოცდილი სამხედროს თვალით აღწერდა და ფასებდა, ამიტომაც, პოლიბიოსის ცნობები მეტწილად ზუსტია. არიანე ასევე ცხენოსანი ჯარის მეთაურად მსახურობდა და დაკიის ომში საკუთარი თვალით ენახა თუ რას ნიშნავდა სამხედრო მოქმედებები. უფრო გვიან, კაპადოკიის მმართველობისას, ის მეთაურობდა ორ ლეგიონს და შესაძლოა ტრაიანეს პართიულ კამპანიაშიც ჰქონოდა მონაწილეობა მიღებული. მისი თხზულება ალექსანდრე მაკედონელის კამპანიების შესახებ, ეყრდნობა ამ ომის თვითმხილველების გადმოცემებს და საუკეთესო ისტორიული წყაროა მაკედონური ტაქტიკისა და სამხედრო ორგანიზების შესასწავლად. ტაციტუსი ლეგიონის მეთაური იყო, თუმცა პრაქტიკულად არ მიუღია მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში. მისი საუკეთესო ნაშრომია „ანალები", ერთადერთი წყარო, რომელიც აღწერს I საუკუნის რომაელი ლეგიონერის სამხედრო საქმესა და შეიარაღებას.
პირველხარისხოვანი სამხედრო გამოცდილება, სულაც არაა ისტორიული სიზუსტის გარანტია. თვით გამობრძმედილი ჯარისკაცი-ისტორიკოსებიც არ არიან ყოველთვის სანდონი და არც მათ შეუძლიათ გვერდზე გადადონ სუბიექტურობა და გარკვეული საკითხებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. მაგალითად სალუსტიუსი (ძვ.წ. 86-35), გამოცდილი ჯარისკაცი იყო, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული სამოქალაქო ომში ილირიაში და კამპანიაში, შემდეგ კი ჩრდილოეთ აფრიკაში. მიუხედავად ამისა, მისი თხზულება „იუგურთას ომი", აღწერა ომისა ნუმიდიის მეფის იუგურთას წინააღმდეგ, მცდარია როგორც რიცხვების, თარიღების შემთხვევაში, ისე მანძილებისა და ჯარების რაოდენობებთან მიმართებით. იოსებ ფლავიუსი (37-100 წწ.), კიდევ ერთი სამხედრო ვეტერანი, რომელიც მეთაურობდა ჯარს როგორც რომის მხარეს ისე მის წინააღმდეგ, მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა რომაული აღჭურვილობის დეტალების შესახებ, მაგრამ სხვა მხრივ, არც ისე სანდოა. მისი ძირითადი თხზულება, რომელიც ებრაელთა აჯანყებას ეხება, შესაძლოა რომაელთა დავალებით იყოს დაწერილი.
გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ. I ს.) - რომაელი მხედართმთავარი, რომელმაც თავისი ლაშქრობების ისტორია თვითონვე აღწერა
გაიუს იულიუს კეისრის „კომენტარები გალიის ომის შესახებ" რვა ნაწილისგან შედგება, მათგან ორი ნაწილი ქართულ ენაზე ნათარგმნი და გამოცემულია (ელ-ვერსიის შეძენა შესაძლებელია saba.com.ge-ზე)
ჯარისკაც-ისტორიკოსებს შორის, რომელთაც თვითონ აღწერეს ის სამხედრო მოქმედებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ, თუკიდიდე (დაახლ. ძვ.წ. 460-395 წწ.), კეისარი (ძვ.წ. 100-44 წწ.), ქსენოფონტი (დაახლ. ძვ.წ. 431-352 წწ.) და ენეას ტაქტიკოსი (ძვ.წ. IV ს.) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ავტორები არიან.
თუკიდიდემ პელოპონესის ომის დეტალური აღწერა მოგვცა. ის იბრძოდა ხმელეთსა და ზღვაზე ამ ომში და კარგად იცნობდა ძვ.წ. V საუკუნის ბერძნული ფალანგის მოქმედებას და ტრირემების საზღვაო ტაქტიკას. სავარაუდოდ, ის მონაწილეობდა ან ნანახი ჰქონდა ომის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. თუკიდიდეს ცნობები ამ ეპოქის ტაქტიკური და სტრატეგიული რეალობის შესახებ, შეუდარებელია.
თავის „კომენტარებში"(გალიის, ალექსანდრიის, სამოქალაქო ომის), კეისარი გვთავაზობს ისტორიას მრავალი ბრძოლისა და ალყისა, რომელიც თავს გადახდა, მათ შორის ალეზიის ალყას გალიაში, გერგოვიის ბრძოლას. ამის გამო, „კომენტარები" უპირობოდ საუკეთესო წყაროა ძვ.წ. I ს. რომაული სამხედრო შესაძლებლობების შესახებ.
ქსენოფონტი ათენელი მოქირავნეების მეთაური იყო და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ომებში გაატარა; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში სხვადასხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოსა და სპარსეთის სამსახურში.
ქსენოფონტი მონაწილეობდა და საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი მრავალი ბრძოლა ბერძნებსა და ბერძნებს და ბერძნებსა და სპარსელებს შორის, ამიტომაც მისი თხზულება საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ძვ.წ. IV საუკუნის ბერძნული სამხედრო საქმის შესასწავლად. მისი საუკეთესო ნაშრომი „ანაბასისი", რომელიც აღწერს ქსენოფონტის სამსახურს სპარსეთის უფლისწულ კიროსთან, კუნაქსას ბრძოლას და მისი მეთაურობით ბერძული ჯარის უკან დახევას ათასობით მილის მანძილზე, მცირე აზიის გავლით. როგორც ცხენოსანმა, მან დაწერა მცირე ნაშრომი ცხენოსანი ჯარის მეთაურობაზე, რომელიც ერთ-ერთი პირველი ნაშრომია ამ თემაზე.
ენეას ტაქტიკოსი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ბერძენი ავტორია რომელიც სამხედრო საქმეზე წერს. მას დაწერილი აქვს რამდენიმე დიდაქტიკური ნაშრომი სამხედრო საქმეზე, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთს ვიცნობთ - „როგორ გავძლოთ ალყაში მოქცეულებმა" - დეტალური ინსტრუქცია ალყაშემორტყმული ქალაქის დაცვის შესახებ. ენეასი, ბერძენ მოქირავნეთა მეთაური პელოპონესზე, მსახურობდა ეგეოსსა და მცირე აზიაში და ძვ.წ. 362 წელს მონაწილეობდა მანტინეასთან ცნობილ ბრძოლაში. მისი ნაშრომები განსაკუთრებით ფასეულია ბერძნული შეიარაღების მრავალი ისტორიული ილუსტრაციით.
პოლიბიოსის (ძვ.წ. II ს.) ძეგლი ვენაში. ცხენოსანი ჯარის ბერძენი მეთაური, რომელმაც საუკეთესოდ აღწერა II პუნიკური ომი
ქსენოფონტის (ძვ.წ. V-IV სს.) ძეგლი ვენაში. ქსენოფონტი ერთ-ერთი საუკეთესო ჯარისკაცი-ისტორიკოსი ანტიკური ხანიდან
მიუხედავად იმისა რომ ამ ძველი ტექსტების ნაკლოვანებები კარგად იყო ცნობილი, მრავალი წლის განმავლობაში ისტორიკოსებს ძალიან ცოტა შესაძლებლობები გააჩნდათ დასაწერად. ანტიკური სამხედრო ისტორიის შესწავლა დიდწილად კლასიცისტების ხელში მოექცა, რომელთაც შეეძლოთ წაეკითხათ ტექსტები ლათინურ და ბერძნულ ენებზე. მართალია კლასიცისტები ენებს ფლობენ, მაგრამ სამაგიეროდ მათ შორის ძალიან ცოტაა ისეთი, სამხედრო ისტორიაში რომ ერკვეოდეს. ისინი დიდი ხნის განმავლობაში სამხედრო ისტორიას მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.
XIX საუკუნის ევროპულ უნივერსიტეტებში განათლება ძირითადად კლასიკური იყო და ორიგინალი ტექსტები იკითხებოდა. არისტოკრატული წრის მრავალი კურსდამთავრებული მაღალი რანგის სამხედროები ხდებოდნენ, რომლებიც ცნობებს ანტიკურ სამხედრო ხელოვნებაზე თანამედროვე ომის თვალსაწიერში აქცევდნენ. ჯარისკაცი-ისტორიკოსები, ისეთები როგორებიც იყვნენ ბეზილ ლიდელ-ჰარტი, ჯონ ფულერი, ჰანს დელბრიუკი და ჯორჯ ვეითი ცნობებს ანტიკური სამხედრო ხელოვნების შესახებ თავიანთი სამხედრო გამოცდილების, წვრთნისა და ომებში მონაწილეობის მიხედვით აფასებდნენ.
ორმა სიხლემ XIX საუკუნის ბოლოს, მოგვცა ანტიკური სამხედრო ისტორიის უფრო მეტად ემპირიულად შესწავლის საშუალება. პირველ რიგში, XIX საუკუნე გამოგონებებისა და აღმოჩენების პერიოდი იყო, როდესაც სამეცნიერო მუშაობა მოითხოვდა ფრთხილი, არგუმენტირებული და საფუძვლიანი დასკვნების გაკეთებას, სანამ მას როგორც ფაქტს ისე მიიღებდნენ. პირველად, სამხედრო ისტორიკოსებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი აღმოჩენები ფსიქიატრიაში, მედიცინაში, კარტოგრაფიაში, მეტალურგიაში, ინჟინერიაში და სხვა სფეროებში, ანტიკური სამხედრო საქმის შესასწავლად.
მეორე მხრივ, XIX საუკუნეში მეტად შეიცვალა ომის სპეციფიკა და განსაკუთრებული საჭიროებები გააჩინა. მრავალრიცხოვანი რეგულარული და სარეზერვო არმიები მოითხოვდა მაღალი დონის მენეჯმენტს, ადამიანურ და მატერიალურ რესურსს. შესაბამისად, საჭირო გახდა ყველაფრის აღწერა და აღრიცხვა, რათა ზუსტად დაედგინათ მაგალითად, რა რაოდენობით საკვები და წყალი დასჭირდებოდა თითოეულ ჯარისკაცს; რა დროში მოახერხებდა ბრიგადა გადაადგილებას სხვადასხვა პირობებში; რამდენი სახედარი და ურიკა იყო საჭირო ხალხის ტრანსპორტირებისა და აღალის გადატანისათვის მოცემულ მანძილზე და ა.შ. ასევე, რა სახის ტრავმებისა და ჭრილობების გამოწვევა შეეძლო სხვადასხვა იარაღს, რამდენი დაჭრილი დაიღუპებოდა მიღებული ჭრილობით, შემთხვევით თუ ავადმყოფობით. სამხედრო მეცნიერებამ შეცვალა ის, რაც ერთ დროს იყო „ომის ხელოვნება”.
სერ ბეზილ ლიდელ ჰარტი (1895-1970) არაპირდაპირი მოქმედების სტრატეგიის ავტორი
ჯონ კიგანი (1934-2012) ბრიტანელი სამხედრო ისტორიკოსი. „სამხედრო საქმის ისტორიის", „მეთაურობის ნიღბის", „ბრძოლის სახის" ავტორი
ახალი სამხედრო მიდგომა გულისხმობდა რეზერვის მობილიზაციის სისტემას, რომელსაც ევროპული არმიები იყენებდნენ. როდესაც რეგულარული ჯარი შედარებით მცირე იყო, სარეზერვო ნაწილები უზარმაზარი გახლდათ – ფაქტობრივად ყველა ზრდასრული მამაკაცი 18-დან 45 წლამდე. ყირიმის ომიდან I მსოფლიო ომამდე, მრავალმა რეზერვისტმა მიიღო მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში ან სულ მცირე, სამხედრო წვრთნა მაინც გაიარა. რეზერვისტებს შორის იყვნენ პროფესორები და უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც შეისწავლიდნენ ომის მეცნიერებას, შემდეგ კი ბრუნდებოდნენუნივერსიტეტებში და ბიძგს აძლევდნენ სამხედრო თვალსაზრისით საინტერესო ანტიკური ტექსტების უფრო მეტად ემპირიულად შესწავლას.
XX საუკუნის დასაწყისისათვის ახალი მიდგომა უფრო სანდო და პოპულარული გახდა. პროფესორები რომლებიც არ იყვნენ კლასიცისტები, მაგრამ იყვნენ ანტიკური სამხედრო ისტორიის მკვლევარები დაიწყეს თავიანთი ადგილის დამკვიდრება ევროპულ უნივერსიტეტებში. I მსოფლიო ომმა მათი რიგები დაუნდობლად შეამცირა, მაგრამ გადარჩენილებისათვის ჯერაც იყო ლექტორის ადგილები, რომ დაეკავებინათ და კლასები, სადაც სტუდენტებს ასწავლიდნენ და ხელახლა ააღორძინებდნენ ახალ დისციპლინას. მათ შექმნეს მრავალი საფუძვლიანი, ემპირიული ნაშრომი, მაგალითად, როგორიცაა იოჰანეს კრომაიერისა და ჯორჯ ვეითის „ანტიკურ ბრძოლის ველთა ატლასი” და ჰანს დელბრუკის ოთხტომეული „სამხედრო ხელოვნების ისტორია”. ომის შემდგომმა პოლიტიკურმა არეულობამ და II მსოფლიო ომის კატასტროფებმა კვლავ შეაფერხა სამხედრო ისტორიის კვლევითი საქმიანობა. ეს საკითხი არასდროს იყო პოპულარული შეერთებულ შტატებში და დღესაც ანტიკური სამხედრო ისტორიის შესწავლა შედარებით მეორეხარისხოვან დისციპლინას წარმოადგენს.
ბოლო ორ ათწლეულში, ანტიკური სამხედრო ისტორიის კვლევა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სწრაფად განვითარდა. ამას ხელი შეუწყო ელექტრონულმა რევოლუციამ, რამაც ერთმანეთს დააკავშირა მსოფლიო საბიბლიოთეკო ქსელები და ერთმანეთისაგან შორს მყოფი მკვლევარები. ამავე პროცესმა ხელი შეუწყო აკადემიური წრეების ფართო კომუნიკაციასა და კონტაქტებს. შეიქმნა კვლევების ხელშემწყობი ფინანსური პროგრამებიც: მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტმა დააფინანსა ძვ.წ. IV საუკუნის ტრირემის რეკონსტრუქცია, მისი უკეთ შესწავლის მიზნით.
ახალი კვლევის შედეგებმა სამხედრო ისტორიკოსთა არსენალში გააჩინა ახალი იარაღი, რომლის გამოყენებაც მათ უკვე ტექსტებში შეუძლიათ. ჟ.ფ. ლაზენბის და ჯ.კ. ანდერსონის ნაშრომმა ბერძნულ სამხედრო საქმეზე, ვიქტორ დევის ჰანსონის ნარკვევმა კანეს ბრძოლაზე და ფილიპ საბინის კვლევამ პუნიკური ომის ბრძოლების შესახებ, მოგვცა ახალი ინფორმაცია ხელჩართული ბრძოლის მექანიკის, შიშის ფაქტორისა და „საბრძოლო გულისცემის” შესახებ.
იონჰან კრომაიერისა და ჯორჯ ვეითის „ანტიკურ ბრძოლის ველთა ატლასი"
მარკუს იუნკელმანის ცხოვრებისეული ექსპერიმენტების საშუალებით, ცნობილი გახდა რამდენი ტვირთის ზიდვა და რა სისწრაფით მოძრაობა შეეძლო ჯარისკაცს და ამან ახალი კითხვები გააჩინა ანტიკური სამხედრო ისტორიის მიმართ. დონალდ ენგელსის შესანიშნავი ნაშრომი მაკედონური არმიის ლოჯისტიკის შესახებ, „მოამარაგა” ჯონათან როთის ანალიზმა რომაული ჯარის ლოჯისტიკასთან დაკავშირებით ძვ.წ. 264 წლიდან ახ.წ. 235 წლამდე (ჩემი და კარენ მეცის პროექტის „ექსპერიმენტული არქეოლოგიის” ფარგლებში, შევისწავლეთ რამდენად მომაკვდინებელი ძალა გააჩნდა ანტიკური ხანის იარაღებს). მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიკური ხანის თანამედროვე მკვლევარები კარგად არიან შეიარაღებულები ანტიკური ტექსტების შესასწავლად, გასაანალიზებლად და გასააზრებლად თუ რას წარმოადგენდა ომი რეალურად ანტიკურ ხანაში.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ანტიკური სამხედრო საქმის გასააზრებლად არის ადგილები, სადაც ეს ბრძოლები გაიმართა და სამწუხაროდ, ისინი უმეტესად ჩვენს თვალსაწიერს მიღმაა. ურბანიზაციამ, ინდუსტრიალიზაციამ და ორმა მსოფლიო ომმა ძალიან შეცვალა ლანდშაფტი და ძალიან რთული გახადა ანტიკური ხანის ბრძოლის ველების ამოცნობა (ამ დროს, როდესაც ეს სტატია იწერება, ქერონეის ბრძოლის ადგილას, საბერძნეთში, სავაჭრო ცენტრი შენდება).
ეს საკითხი არ იდგა ძალაში I მსოფლიო ომამდე და მის შემდეგ. იოჰანეს კრომაიერმა, ლეიპციგის უნივერსიტეტის ანტიკური სამხედრო ისტორიის დეპარტამენტის თავჯდომარემ და ჯორჯ ვეითმა, ვენის სამხედრო არქივის დირექტორმა, განსაზღვრეს ანტიკური ხანის ბრძოლების ლოკაციები და რუკები მოამზადეს. მათ აიყვანეს სამხედრო კარტოგრაფთა ჯგუფები და თითქმის ათწლეული გაატარეს ბრძოლის ველების ძებნაში და თითოეული მათგანის ფერადი ტოპოგრაფიკული რუკის მომზადებაში. იმ დროის ყველაზე ცნობილ ევროპელ სამხედრო ისტორიკოსებთან კონსულტაციების შემდეგ, კრომაიერმა და ვეითმა თითოეულ რუკაზე დაიტანეს ჯარების განლაგებისა და მანევრების ილუსტრაციები. მათი „ანტიკურ ბრძოლის ველთა ატლასი” შედგება 168 ფერადი, კონტურული რუკისაგან და მოიცავს ბერძნულ-რომაული სამყაროს ყველა მნიშვნელოვან ბრძოლას ბერძნულ-სპარსული ომებიდან (ძვ.წ. 499-448 წწ.) ოქტავიანეს ილირიულ კამპანიამდე (ძვ.წ. 35-34 წწ.).
რიჩარდ გაბრიელი
ატლასი გამოიცა 1922-28 წლებში რამდენიმე ცალკეულ ფოლიოდ. იმ ფინანსებისა და დროის გათვალისწინებით, რაც მის გამოქვეყნებას სჭირდებოდა, მხოლოდ მცირე რაოდენობით ატლასები მოხვდა მკვლევართა და ბიბლიოთეკართა ხელში. II მსოფლიო ომის დროს ბევრი ასლი განადგურდა და 2008 წლისთვის მხოლოდ 28 სრული ასლი იყო შემორჩენილი. ეს ასლები ძირითადად იშვიათი წიგნების განყოფილებებშია დაცული და ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. ამ წელს, კინგსტონში, ონტარიოშიო, კანადის თავდაცვის აკადემიამ, ხელახლა გამოსცა ერთ-ერთი უკანასკნელი სრული ატლასი (კერძო პირის საკუთრება) და მეცნიერთათვის მასზე წვდომა შესაძლებელი გახდა კანადასა და ევროპაში. კრომაიერისა და ვეითის ნაშრომის ხელახლა გამოცემით, სამხედრო ისტორიკოსებს საშუალება მიეცემათ იმოგზაურონ უკან, დროში და შეისწავლონ ანტიკურობის სისხლით გაჟღენთილი მიწა.
რიჩარდ გაბრიელი
კანადის სამხედრო სამეფო კოლეჯის პროფესორი
(სტატია თარგმნა ნიკა ხოფერიამ)