Showing posts with label ახლო აღმოსავლეთი. Show all posts
Showing posts with label ახლო აღმოსავლეთი. Show all posts

მემნონ როდოსელი: ალექსანდრე მაკედონელის უდიდესი მოწინააღმდეგე

ალექსანდრე მაკედონელი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული ფიგურაა, რომელმაც შექმნა უზარმაზარი იმპერია და საფუძველი ჩაუყარა ელინისტურ სამყაროს. ბრწყინვალე სამხედრო ნიჭით გამორჩეულმა მაკედონელმა მეფემ, გაიმარჯვა გრანიკოსის, ისოსის, გავგამელას, ჰიდასპეს ბრძოლებში, ბრწყინვალედ ორგანიზებული ალყებით აიღო  ტიროსი, ღაზა, სათავეში მოექცა ანტიკური სამყაროს უდიდესი ნაწილს ბალკანეთიდან ინდოეთამდე. აქემენიანთა იმპერია, ძველი აღმოსავლეთის უდიდესი სახელმწიფო, ძვ.წ. IV საუკუნისთვის, სამოქალაქო ომების, აჯანყებებისა და ბერძნებთან საგარეო მარცხის შემდეგ, შესუსტებული იყო, სატრაპიებს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა, თუმცა, ის კვლავინდებურად რჩებოდა დიდი სამხედრო შესაძლებლობების, უმდიდრეს ქვეყნად. მაგრამ მძლავრი და კარგად ორგანიზებული არმიის სათავეში მდგარი, ბალკანეთის ჰეგემონი მაკედონიის მეფესთან ბრძოლას შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა მასშტაბურ ომს და აირჩევდა სწორ სტრატეგიას. ვერც სპარსელმა სატრაპებმა და ვერც მეფე დარიოს III-მ ეს ვერ შეძლეს, მაგრამ, აქემენიანთა სამსახურში მყოფი გამოცდილი ბერძენი სარდალი, ალექსანდრესთვის ღირსეული და უაღრესად სახიფათო მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო მაკედონელი დამპყრობლის გეგმების ჩაშლასა და ომის ბედის შემოტრიალებასთან. ეს იყო მემნონი კუნულ როდოსიდან.

ჭადრაკის კუს საიდუმლო

შუა საუკუნეების ქართულ პოემაში, „ამირანდარეჯანიანში“, ჩამოთვლილია შვიდი უნარი, რომელსაც ყველა რაინდი უნდა ფლობდეს: მშვილდოსნობა, ასპარეზობა, შუბის ხმარება, ცხენოსნობა, ნადირობა, ცურვა და ჭადრაკი.[1] არჩილ მეფეც, დაახლოებით იგივე თვისებებს ჩამოთვლის XVII საუკუნეში და მისგან შექებულ უნარებს შორის, კვლავ გვხვდება ჭადრაკი. გიორგი ათონელი რელიგიურ ტექსტშიც ასახელებს, მეფე ვახტანგ VI წესებს აღწერს, სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში განმარტავს, თეიმურაზ II კი საინტერესო ლექსს უძღვნის გვიანანტიკურ ხანაში შექმნილ უკვდავ თამაშს, რომელსაც ამიერკავკასიაში სულ ცოტა, 1300 წელია, რაც თამაშობენ.

დიდგორის ბრძოლა (1121 წ.): დავით IV-ს გადამწყვეტი დაპირისპირება სელჩუკებთან

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი საგრძნობლად შეიცვალა, რაც ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, ბიზანტიელებისა და ფატიმიანების კონტრშეტევებმა და სელჩუკთა იმპერიის დაშლის პროცესმა განაპირობა. სელჩუკთა იმპერია, რომელიც XI საუკუნის 90-იანი წლებამდე დომინანტი ძალა იყო, შიდა დაპირისპირებებმა მოიცვა და იმ დროისთვის, როცა საუკუნის მიწურულს ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო, სანახევროდ დაშლილი აღმოჩნდა. სელჩუკთა დიდი სულთნები, კვლავინდებურად ითვლებოდნენ უძლიერეს მმართველებად ისლამურ სამყაროში, თუმცა, რეალურად, უკვე გაცილებით ნაკლები ძალაუფლება გააჩნდათ და სელჩუკთა სახელმწიფოში შემავალი ცალკეული საამიროები, უმეტესად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

Pax Mongolica - დაპყრობილი ქვეყნები მონღოლთა იმპერიაში



ოცდახუთ წელიწადში მონღოლთა არმიამ უფრო მეტი მიწა და ხალხი დაიპყრო, ვიდრე რომაელებმა ოთხი საუკუნის განმავლობაში.
ჯ. უეზერფორდი

ბოლო მოეღო სულთნების ხელმწიფებას, დაემხო ხალიფების ხელისუფლება, თავიანთ ტახტებზე ცახცახებდნენ კეისრები.
ედვარდ გიბონი


XIII საუკუნეში, მონღოლებმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერია შექმნეს, რომელიც ძლიერების პიკზე, თითქმის ადრიატიკის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე იყო გადაჭიმული, მოიცავდა შორეულ აღმოსავლეთს, ინდოჩინეთს, შუა აზიას, ევრაზიის ვრცელ სტეპებს, კავკასიას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპას; მთლიანად აკონტროლებდა აბრეშუმის გზის დიდ ნაწილს. იმდენად საგრძნობი იყო მონღოლთა იმპერიის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მნიშვნელობა, რომ ისტორიკოსები ამ პერიოდს რომის იმპერიის ძლიერების ხანას ადარებენ და „მონღოლურ მშვიდობას“ ანუ Pax Mongolica-ს  უწოდებენ. მართალია მონღოლთა იმპერიის ერთიანობა საკმაოდ მალე შეირყა, მაგრამ ოქროს ურდოს, იუანის დინასტიის, ჩაღატას ურდოსა თუ ილხანების სახელმწიფოები, კვლავინდებურად მართავდნენ ევრაზიის დიდ ნაწილს, დიდი ხანი კი, რომელიც ფორმალურად, ყველა ამ მიწის უზენაესი მმართველი იყო, იმპერიის ცენტრიდან, ჯერ ყარაყორუმიდან, შემდეგ კი, იუანის დინასტიის დაარსების დროიდან ხანბალიქიდან (პეკინიდან) განაგებდა სამფლობელოებს. ისევე როგორც ყველა იმპერიას, მონღოლებსაც ჰქონდათ თავიანთი მართვის სისტემა, რომელიც ყველა დაპყრობილ მხარეში სხვადასხვაგვარად იყო წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის გარკვეული მსგავსებაც არსებობდა. ამ სტატიაში განხილულია მონღოლთა ბატონობის პერიოდი და მისი დასასრული ჩინეთში, რუსულ სამთავროებსა და ირანში, ასევე შედარებულია მონღოლური საიმპერიო პოლიტიკა ამ ქვეყნებსა და საქართველოში.

გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია, წიგნი II


ლაზიკის ომი (541-562 წწ.) გვიანანტიკურ ხანაში ირან-ბიზანტიის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი იყო. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I და ირანის შაჰი ხოსრო I ანუშირვანი -  VI საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი მმართველები, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში გაბატონებისთვის იბრძოდნენ. სამხედრო დაპირისპირების არეალი თანამედროვე დასავლეთ და ისტორიულ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა. ომში აქტიურად იყო ჩართული თვითონ ლაზიკის სამეფო, რომლის მეფე გუბაზ II სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იცვლიდა პოლიტიკურ ორიენტაციას და ხან ერთ, ხანაც მეორე მებრძოლ მხარეს ემხრობოდა. ლაზიკის ომის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები მდიდარ ინფორმაციას შეიცავს ეპოქის პოლიტიკური თუ სოციალური ისტორიის შესასწავლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სამხედრო ისტორიისთვისაა. წიგნში შესწავლილია ლაზიკის ომის ლანდშაფტი, სივრცე და რესურსები; ომის მონაწილე მხარეების არმიების ორგანიზება, აღჭურვილობა, მასშტაბები, სტრატეგია და ტაქტიკა, განსაკუთრებით კი - სამხედრო ლოჯისტიკა. ასევე წარმოდგენილია პროსოპოგრაფიული კვლევა ლაზიკის ომში მონაწილე ბიზანტიელი მხედართმთავრების შესახებ და ომის ორი საკვანძო ბრძოლის – პეტრას ალყისა და ცხენისწყალთან მომხდარი საველე ბრძოლის ვრცელი განხილვა. 
II ტომთან ერთად გამოიცა გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორიის I წიგნის განახლებული ვერსიაც. 

ნიკა ხოფერია - სამხედრო მომარაგებისა და ადგილობრივი რესურსების მოპოვების პრობლემა ლაზიკის ომში




















ანტიკური ხანიდან დაწყებული, ომის დროს, მებრძოლი მხარეებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ადგილობრივ პირობებში საჭირო რესურსების მოძიება წარმოადგენს. როგორც სუნ ძის „ომის ხელოვნებაშია“ აღნიშნული: „თუ ჯარს მარაგი და აღჭურვილობა თან არა აქვს, ის უკვე განწირულია; თუ მას სურსათ-სანოვაგე არ მიაქვს, უკვე განწირულია და თუ არსენალი არ გააჩნია, ასევე განწირულია".(1) ლაზიკის ომი ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური და შუა საუკუნოვანი ისტორიული წყაროები არც ისე მდიდარია არმიათა მოქმედებების, მათი რეალური პრობლემებისა და მდგომარეობის აღწერის ცნობებით, პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის თხზულებები მაინც გვაძლევს საშუალებას ამ საკითხებზე ზოგადად ვიმსჯელოთ. სხვა ავტორთა ცნობებითა და თანამედროვე ლიტერატურის მეშვეობით კი, შევავსოთ დანაკლისი. მოცემულ სტატიაში, პირველ რიგში, ზოგადად განვიხილავ ირანული, ბიზანტიური და მათი მოკავშირე მომთაბარე ალანებისა და ჰუნების არმიების ლოგისტიკას, შემდეგ კი საკვებ რესურსებზე, სურსათის მოპოვების შესაძლებლობებს შევეხები (სტატია გამოქვეყნდა „საისტორიო კრებულის" VII ტომში - ნიკა ხოფერია, „სამხედრო მომარაგებისა და ადგილობრივი რესურსების მოპოვების პრობლემა ლაზიკის ომში", საისტორიო კრებული 7, თბ. 2019, გვ. 9-24).

ნ. ხოფერია - ფრანკი მოქირავნეები საქართველოში (XI ს.)



XI საუკუნის დასაწყისიდან, დასავლეთ ევროპელი მოქირავნე მეომრები ბიზანტიის ჯარის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ. ისინი ემსახურებოდნენ იმპერატორებს, მონაწილეობდნენ ბიზანტიურ სამხედრო კამპანიებში. ხშირად, მათი აჯანყებები საფრთხესაც კი უქმნიდა იმპერიას (რიჩარდი 1952: 171). მოქირავნე ფრანკების გამოყენება აღმოსავლეთში სხვა ქრისტიანულმა და ისლამურმა სახელმწიფოებმაც დაიწყეს. მათ შორის, საქართველომაც. განსაკუთრებით ცნობილია 1121 წელს, დიდგორის ბრძოლაში, ფრანკების მონაწილეობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევა XI საუკუნის საქართველოს ისტორიაშიც შეიძლება მოვიძიოთ.  

ბრძოლა ჭარმანიანის ველზე: იბერიულ-სომხური კოალიცია სასანიანთა წინააღმდეგ (483 წ.)

482 წელს, იბერიის (იბერიის) მეფემ, ვახტანგ გორგასალმა სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო მათგან სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. მეფემ სწორად შეარჩია დრო. სპარსეთს მძიმე ვითარებაში იყო ჩავარდნილი აღმოსავლეთში, აჯანყება დაწყებული იყო ალბანეთში და სომხეთშიც უკვე არსებობდა შესაძლებლობა სპარსეთის წინააღმდეგ გამოსასვლელად.

ბერძენ-სპარსელთა ომები და სამხედრო საქმე ანტიკურ სამყაროში





























ანტიკურ ხანაში, ცივილიზაციების  წარმოშობა და განვითარება, მჭიდროდ იყო დაკავშირებული გეოგრაფიულ არეალზე, კლიმატურ პირობებზე, რესურსებზე. ამაზე იყო დამოკიდებული სახელმწიფოთა წარმოშობა, მმართველობის ფორმები და საზოგადოების სოციალური ფორმაცია. ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებულ, სხვადასხვა პირობებში წარმოქმნილ ცივილიზაციებს შორისაც კი, ბევრი საერთო არსებობდა. თუმცა იყო მრავალი ნიშანიც, რითაც ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. ასევეა სამხედრო საქმის განვითარებაც. მასზე უამრავი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, ამიტომაც ევროპულ და აზიურ სივრცეში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა სამხედრო საქმის მიმართ.

თოტმეს III და მეგიდოს ბრძოლა

თოტმეს III (ძვ.წ. 1479-1425 წწ.) XVIII დინასტიის მეექვსე ფარაონი, ახალი სამეფოსა და ძველი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე იყო. იგი თოტმეს II-სა და მისი „მეორე რანგის" ცოლის ისიდას ვაჟიშვილია. რადგან თოტმეს II-ს დედოფალ ხატშეპსუტთან ვაჟი არ ჰყავდა, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მცირეწლოვანი თოტმესი ავიდა, რომლის რეგენტადაც ხატშეპსუტი დაინიშნა. თოტმეს III დედოფლის ქალიშვილზე, ნეფრურაზე დააქორწინეს, რათა განემტკიცებინა თავისი პოზიციები სამეფო ტახტზე. ფორმალურ მმართველად თოტმესი ითვლებოდა, რეალურ ძალაუფლებას კი ხატშეპსუტი ფლობდა, რომელმაც რეგენტობის მეშვიდე წელს თავი ფარაონად გამოაცხადა და თოტმეს III-თან ერთად 16 წელი მართავდა ეგვიპტეს. ხატშეპსუტის გარდაცვალების შემდეგ თოტმესი ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი ხდება და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრწყინვალე სამხედრო კარიერა. 

ეგვიპტე და ზღვის ხალხები

ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII  საუკუნე არის პერიოდი, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით განადგურდა ბრინჯაოს ხანის მაღალგანვითარებული ცივილიზაციები.  მეორე ათასწლეულის აყვავებული კულტურულ - ეკონომიკური სივრცე, გადაჭიმული საბერძნეთიდან ეგვიპტემდე და მესოპოტამიამდე წარსულს ჩაბარდა. წარსულს ჩაბარდა მათი დამწერლობის სისტემები, ტექნოლოგიები. ნაცარტუტად იქცა მონუმენტური არქიტექტურა. ყველაზე დიდ ხანს  ამ მომაკვდინებელ ტალღას მთელი თავისი ძალების მობილიზაციის და უზარმაზარი  მსხვერპლის ფასად მხოლოდ ეგვიპტემ გაუძლო.

ლიპარიტ ბაღვაში და თურქულ-ბიზანტიური დიპლომატიური ურთიერთობის დასაწყისი


























1048 წელს, ბასიანის მხარეში, კაპუტრუს ციხესთან, გაიმართა ბრძოლა ბიზანტიელებსა და თურქ-სელჩუკებს შორის. თურქ-სელჩუკებმა მოხერხებული დრო შეარჩიეს ბიზანტიის სომხური სამფლობელოების დასალაშქრად. ამ დროს ბიზანტიის ძირითადი სამხედრო ძალები სომხეთიდან იყო გაწვეული ლეონ თორნიკიოსის აჯანყების ჩასახშობად. შესაბამისად, კაპუტრუს ციხესთან ბრძოლაში გამარჯვება სელჩუკებს დარჩათ. მათმა სარდალმა, თოღრულ-ბეგის ძმამ (დედით), იბრაჰიმ ინალმა, მრავალ ბიზანტიელ პატრიკიოსთან ერთად, ტყვედ იგდო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე სელჩუკებთან ბრძოლაში, კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. ლიპარიტი შეეცადა თავი გამოესყიდა, მაგრამ ასეთი ძლიერი ფეოდალის და ბიზანტიელთა მოკავშირის დათმობა იბრაჰიმ ინალს არ სურდა. მან ლიპარიტი სულთან თოღრულ-ბეგს წარუდგინა. 

შეშონქი, ტაჰარქა და ნეხო: ეგვიპტის ბრძოლა უწინდელი ძლიერების აღსადგენად

XVIII-XIX დინასტიების მმართველობის (ძვ.წ. XVI-XII სს.) შემდეგ, მეორე ათასწლეულის დასასრულს, ეგვიპტის ძლიერი სამეფო დასუსტდა და შინაომებში გართული ქვეყანას ლიბიელები და ნუბიელები დაეუფლნენ და თავიანთი სამეფო დინასტიები შექმნეს, რომელთაგან ეგვიპტემ გათავისუფლება ასწლეულების შემდეგ შეძლო, მაგრამ ამის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ძლიერ იმპერიებთან - ასურეთთან და ბაბილონთან მოუხდა ბრძოლა. ამ პერიოდის - ძვ.წ. X-ძვ.წ. VII საუკუნეების - სამი ყველაზე გამორჩეული ფარაონი იყო შეშონქ I ლიბიური დინასტიიდან (XXII, იგივე ბუბასტისის დინასტია, ძვ.წ. X-VIII სს.), ტაჰარქა ნუბიური დინასტიიდან (XXV, იგივე ქუშის დინასტია, ძვ.წ. VIII-VII სს.) და ეგვიპტელი ნეხო II (XXVI დინასტია, ძვ.წ. VII-VI სს.).

ბრძოლა მდინარე ცხენისწყალთან, 550 წ.


მდინარე ჰიპისთან ანუ ცხენისწყალთან ბრძოლა ლაზიკის ომის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება იყო, რომელმაც ხელი შეუშალა სასანური სპარსეთის შაჰს ხოსრო I-ს, დახმარებოდა ალყაშემორტყმულ პეტრას გარნიზონს დამატებითი შენაერთებით და ასევე დროებით განამტკიცა ბიზანტიელთა პოზიციები ლაზიკაში. ბრძოლა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საველეა და არა საალყო. ლაზიკის ომში კი ძირითადად სწორედ საალყო მოქმედებები მიმდინარეობდა, ციხესიმაგრეებისა და გამაგრებული ქალაქების გარშემო. საველე ბრძოლას განსაკუთრებული სპეციფიკა გააჩნია და ცხენისწყალთან ბრძოლაში გვიანანტიკურ ხანაში გავრცელებული სხვადასხვა ტაქტიკური ხერხი გამოვლინდა.(სტატიის ტექსტი წარმოადგენს შემოკლებულ და სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე გადაწყობილ ვარიანტს ჩემი სამეცნიერო სტატიისა (ლაზურ-ბიზანტიური ფალანგა მდინარე ცხენისწყალთან ბრძოლაში (550 წ.), რომელიც დაიბეჭდა საისტორიო კრებულის V ტომში).

ნიკა ხოფერია - გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია, წიგნი I

გვიანანტიკური ეპოქა (III-VI სს.), რომელსაც ეს წიგნი ეხება, ევროპის ფორმირების, ბნელი ხანის, ხალხთა დიდი გადასახლებისა და ბარბაროსთა შემოსევების სახელითაც არის ცნობილი. დასავლეთ რომის იმპერია დაეცა და მის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ სკანდინავიელი, ბალტიელი და შორეული აღმოსავლეთის სტეპების ხალხები. აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტია კვლავ პირველობდა ევროპულ სივრცეში, აღმოსავლეთში კი მას სასანური ირანი უწევდა მეტოქეობას. მათი დაპირისპირების ერთ-ერთი საკვანძო, გარდამტეხი წერტილი კავკასია იყო. ამ ორი მძლავრი იმპერიის ინტერესებში მოექცა იბერიისა და ლაზიკის სამეფოები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. ამ პერიოდის გამორჩეული მოღვაწე იყო იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალი, რომლის ხანგრძლივი მეფობის ხანა განსაკუთრებით საინტერესოა სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით. ნაშრომში ქართული და უცხოური ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ვრცლად არის მიმოხილული გვიანანტიკური სამხედრო საქმის თავისებურებები ქართულ სამეფოებსა და მათ მეზობელ ქვეყნებში, ასევე ანტიკური ხანის კავკასიის ისტორიის ზოგიერთი დეტალი. 
იმედი მაქვს ზოგიერთ შემთხვევაში მოვლენათა განსხვავებული ინტერპრეტაცია და განსხვავებული მოსაზრებები საინტერესო დისკუსიებს წარმოშობს და გარკვეულ წვლილს შეიტანს გვიანანტიკური საქართველოს ისტორიის ახლებური გააზრებისა და ამ ეპოქის თავისებურებების მაქსიმალურად წარმოჩინებისათვის.
წიგნი გაყიდვაშია წიგნის მაღაზიებში.

რაინდული ტურნირები აღმოსავლეთში: ბიზანტია და ჯვაროსნული სამეფო-სამთავროები (XII-XV სს.)


რაინდული ტურნირები შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპული არისტოკრატიის ცხოვრების ნაწილი და ზოგადად ამ პერიოდის ერთ-ერთი სიმბოლოა. მისი ისტორია XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე იწყება (1), თუმცა მანამდეც არსებობდა მსგავსი საბრძოლო-საცხენოსნო თამაშები, რომელიც მაღალი წოდების მეომართათვის არა მხოლოდ ინდივიდუალური წვრთნისა და ბრძოლაში დახელოვნებით თავის გამოჩენის, არამედ რაზმებად ტაქტიკური მოქმედების პრაქტიკაც იყო. „ევროპელი ლორდები თავიანთი შთამომავლობისა თუ წინაპრების მსგავსად, რომლებიც ფაქტობრივად გაუნათლებლები იყვნენ, ფიზიკურ ვარჯიშსა და საბრძოლო წვრთნაში იყვნენ გამობრძმედილები, ცხენოსნობაში, ნადირობასა და ასპარეზობაში (ორთაბრძოლები, ტურნირები).(2)" ეს იყო მათთვის თავშექცევის საუკეთესო საშუალებაც. 

სიგურდის საგა: ნორვეგიელთა ჯვაროსნული ომი


„ჭაბუკი მეფე კეთილი და მოსამართლე, და ხალხი მისი ერთგული:
მამაცნი არიან თანახმა ერთხმად, გაცურონ შორეულ მიწაზე ერთად,
შორეულ წმინდა მიწაზე, მეომრები აღსავსე რწმენით, 
ბრწყინვალენი და მხიარულნი, გაცურავენ სამოცი გრძელი გემით."
---------------
სნორი სტურლუსონი, საგა სიგურდ ჯვაროსნისა და მისი ძმების ეისტეინისა და ოლაფისა (XII-XIII სს.)

ჯვაროსნული ლაშქრობების პირველ ეტაპზე, კერძოდ კი 1096-1100 წლებს შორის პერიოდში, ევროპელებმა ფეხი მოიკიდეს სირია-პალესტინაში და შექმნეს ჯვაროსნული სახელმწიფოები სელჯუკთა სასულთნოში შემავალი საამიროებისა და ფატიმიანთა სახალიფოს მეზობლად, მაგრამ მალე ისინი მნიშვნელოვან პრობლემებს გადააწყდნენ - ახალი თავდაცვითი თუ შეტევითი ომები უფრო მრავალრიცხოვან სამხედრო ძალებს მოითხოვდა. ამ პერიოდში ევროპიდან ჯვაროსნების რამდენიმე ნაკადი ჩავიდა, რამაც გარკვეული დროით გაახანგრძლივა ჯვაროსანთა ექსპანსია ახლო აღმოსავლეთში და იერუსალიმის სამეფოსა და ანტიოქიის სამთავროს საშუალება მისცა დაეკავებინათ ის ქალაქები და ციხესიმაგრეები, რომელთა საშუალებით შეიძლებოდა როგორც ძლიერი თავდაცვითი სისტემის შექმნა შემდგომში მუსლიმთა შემოტევების მოსაგერიებლად, ისე საკომუნიკაციო ქსელისა და ზღვიდან ცოცხალი ძალით მომარაგების უზრუნველყოფა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად საინტერესო მოვლენა I და II ჯვაროსნულ ომებს შორის პერიოდში არის ნორვეგიის მეფის სიგურდის ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც ერთიანობაში წარმოადგენს ეპიკურ საგას, თუ როგორ დაძლიეს სკანდინავიელებმა უზარმაზარი მანძილი ნორვეგიიდან ლევანტამდე (ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო), იბრძოლეს ჯვაროსნების მხარდამხარ და შემდგომ უკან დაბრუნდნენ საზღვაო და სახმელეთო გზებით შორეულ სამშობლოში. 

გავგამელას ბრძოლა (ძვ.წ. 331 წ.)


პიროვნულ დონეზე ალექსანდრე დიდი წარმოგვიდგება, როგორც ყოველმხრივ სრულყოფილი ადამიანის სახე, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო, მაგრამ საკუთარი თავი დაკარგა.
ერნესტ ბადიანი

დარიოსს იმ არმიასთან მოუწევს ბრძოლა, რომელსაც ალექსანდრე მეთაურობს.
ალექსანდრე მაკედონელი ისოსის ბრძოლის წინ (ფლავიუს არიანეს მიხედვით)

ძვ.წ. 331 წელს გამართულმა ბრძოლამ გავგამელასთან, საბოლოოდ გადაწყვიტა სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის ბედი და მსოფლიოს მბრძანებლის კვერთხი ალექსანდრე მაკედონელს ჩაუგდო ხელში. აქემენიანთა ირანის დიდება ახალი, ელინისტური იმპერიის ტახტზე მჯდარი გენიალური მთავარსარდლის ჩრდილმა დაფარა. გავგამელასთან ალექსანდრემ გრანიკოსის, ისოსის, ღაზისა და ტიროსის შემდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მხედართმთავრული შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველი სპარსეთის მეფემ აირჩია და თავისი ჯარისთვის მომგებიანი პოზიცია დაიკავა, გაშლილი მინდორი, სადაც თავისუფლად იმოქმედებდა სპარსეთის მძლავრი კავალერია. სპილოები და საბრძოლო ეტლები და სადაც შეძლებდა, რომ მაკედონელთათვის ალყა შემოერტყა, ალექსანდრემ გაბედა მის წინააღმდეგ ბრძოლა, განახორციელა მეტად სარისკო, თავზეხელაღებული მანევრი თავისი ცხენოსნებით და გამარჯვება მოიპოვა ძველი მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლაში. გავგამელამ საბოლოოდ გაუხსნა მას გზა დაეკავებინა ბაბილონი და მთელი სპარსეთის იმპერია ხელში ჩაეგდო. ამ ბრძოლის შედეგმა ძველი მსოფლიოს ისტორია შეცვალა და მასში ახალ, ელინისტურ ხანას დაუდო საფუძველი, რომელიც სამ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა და ევროპისა და აზიის დიდი ნაწილი ბერძნულ კულტურას აზიარა. 

ქადეშის ბრძოლა (დაახლ. ძვ.წ. 1274 წ.)

ქადეში, დასავლეთ სირიის ეს ქალაქი ორ უძველეს იმპერიას შორის ლეგენდარული ბრძოლის ადგილად იქცა. ოსირისის, ამონ-რასა და ჰორის ქვეყნის, ეგვიპტის XIX დინასტიის ფარაონის, რამზეს II „დიდის” ამბიციები იმ დროის მეორე უძლიერესი სამეფოს, ხეთების სახელმწიფოს მეფის, მუვატალის II-ს ინტერესებს შეეჯახა. ქადეში ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იყო. მის შესახებ არსებობს უმეტესწილად ეგვიპტური ტექსტები (სტელები, წარწერები), რომლებიც პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებენ; ხეთური მხრიდან სადღეისოდ აღმოჩენილია მხოლოდ მწირი მასალა, თუმცა გვაქვს ფირფიტა, რომელზეც ეგვიპტესთან დაზავების პირობებია აღწერილი. ის მსოფლიოში უძველეს შემორჩენილ საზავო ხელშეკრულებად ითვლება. არსებული წარწერები იძლევა საშუალებას აღვადგინოთ ომის მსვლელობა და ბრძოლა განვიხილოთ.

სარიყამიშის ბრძოლა (22 დეკემბერი, 1914 - 17 იანვარი, 1915)

სარიყამიშის ბრძოლა I მსოფლიო ომის პროცესში კავკასიის ფრონტზე რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის მიმდინარე ხანგრძლივი სამხედრო მოქმედებების მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამ ბრძოლამ განაპირობა რუსთა უპირატესობა ოსმალეთთან ომში 1917 წლამდე.(1)  სამხედრო თვალსაზრისით კი სარიყამიშის ბრძოლა იყო ოსმალური ჯარის კატასტროფული მარცხი, უზარმაზარი დანაკარგებით და გზის გათავისუფლება რუსეთის არმიისთვის ანატოლიის ზეგანისკენ.