ბერძენ-სპარსელთა ომები და სამხედრო საქმე ანტიკურ სამყაროში


ანტიკურ ხანაში, ცივილიზაციების  წარმოშობა და განვითარება, მჭიდროდ იყო დაკავშირებული გეოგრაფიულ არეალზე, კლიმატურ პირობებზე, რესურსებზე. ამაზე იყო დამოკიდებული სახელმწიფოთა წარმოშობა, მმართველობის ფორმები და საზოგადოების სოციალური ფორმაცია. ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებულ, სხვადასხვა პირობებში წარმოქმნილ ცივილიზაციებს შორისაც კი, ბევრი საერთო არსებობდა. თუმცა იყო მრავალი ნიშანიც, რითაც ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. ასევეა სამხედრო საქმის განვითარებაც. მასზე უამრავი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, ამიტომაც ევროპულ და აზიურ სივრცეში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა სამხედრო საქმის მიმართ.
განსხვავებული შეიარაღება, ტაქტიკა, სტრატეგია ჩამოყალიბდა, რომელსაც უნდა ეპასუხა არსებული ამოცანებისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა ორ, სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეში არსებულ ცივილიზაციათა ურთიერთობები. მათ შორის ომები დიდ ზეგავლენას ახდენდა სამხედრო საქმის განვითარებაზე, რადგან ერთმანეთს ხვდებოდა ორი განსხვავებული სამხედრო ძალა, რომელთაც ერთმანეთისაგან ბევრი რამის სწავლა, შეთვისება და შემდეგ თავის სასარგებლოდ ამის გამოყენება შეეძლოთ. ასეთი მაგალითები ისტორიაში მრავლად გვხვდება. თუნდაც ყველაზე ცნობილი ავიღოთ - დენთი შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთში გამოიგონეს. ეს გამოგონება შემდეგ ახლო აღმოსავლეში მოხვდა, სადაც ის მეტნაკლებად აითვისეს და გამოიყენეს სამხედრო მიზნებისთვის თუმცა წამყვანი როლი არ მიუნიჭებიათ, შემდეგ კი მიაღწია ევროპამდე და ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა სამხედრო საქმეში და მთლიანად შეცვალა  ომის ხელოვნების ისტორია. ესეში მიმოვიხილავ დასავლურ და აღმოსავლურ ომის მეთოდებსა და მათი შერწყმისგან მიღებულ სიმბიოზებს ანტიკური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო კონფლიქტის - ბერძნულ-სპარსული ომების (ძვ.წ. 499-ძვ.წ. 449 წწ.) ფონზე. 

ბერძენ-სპარსელთა ომის არეალი (©Nick E.V.)


ბერძნულ-სპარსული ომები ანტიკურ ისტორიაში ალბათ, პირველი სამხედრო კონფლიქტია, რომელზეც შედარებით ვრცელი და დეტალური ისტორიული წყაროები გვაქვს. პირველ რიგში ძვ.წ. V საუკუნის ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს თხზულებანი. „ბერძენ-სპარსული ომებისადმი ინტერესი, მისი მიმზიდველობა, უკავშირდება იმ ფაქტს რომ მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დასავლურ სამყაროზე. საბერძნეთის დაპყრობის მოსურნე სპარსელთა შემოტევის აღკვეთამ, ათენელებისათვის, სპარტელებისთვის და სხვა ბერძნებისთვის შესაძლებელი გახადა თავიანთი უნიკალური კულტურა, რომელსაც შემდგომში დიდი გავლენა ჰქონდა ანტიკურ სამყაროზე, სპარსელთა ბატონობისაგან თავისუფლად განევითარებინათ."(1) გარკვეულწილად, ამან მნიშვნელობა იქონია შემდგომში მაკედონიის სამეფოს აღზევებაზე და ბერძნულ-მაკედონური სამყაროს მიერ სპარსეთის იმპერიის განადგურებასა და ელინისტური სამყაროს ფორმირებაზე. 
ომი რამდენიმე ეტაპად განვითარდა. თავდაპირველად ეს იყო მცირე აზიის, იონიის ბერძნული პოლისების აჯანყება სპარსელთა მმართველობის წინააღმდეგ. ამ აჯანყებას მიემხრნენ ათენი და სხვა ბერძნული პოლისები, რაც სპარსეთის მეფე დარიოს I-თვის ბერძნებთან ომისათვის სათანადო მიზეზი აღმოჩნდა და მან ძვ.წ. 492 წლიდან დაიწყო სამხედრო მოქმედებები. მისი შემოტევა მარცხით დასრულდა ძვ.წ. 490 წელს, მარათონის ბრძოლაში, რომელშიც ათენელებმა და მათმა მოკავშირეებმა მოიგერიეს ათენის მახლობლად გადასხმული სპარსული ლაშქარი. ომი გააგრძელა ქსერქემ, დარიოსის ვაჟმა. მის სამხედრო კამპანია ძვ.წ. 480-479 წლებში მიმდინარეობდა. ბერძნებმა კვლავ მოახერხეს სპარსელთა მოგერიება - თერმოპილეს უღელტეხილთან ბრძოლის (ძვ.წ. 480 წ.) შემდეგ, როდესაც სპარსელებმა დაამარცხეს გმირულად მებრძოლი მცირერიცხოვანი ბერძული რაზმები (მათ შორის იყო 300 სპარტელი მეომარი მეფე ლეონიდასის მეთაურობით), ისინი შეიჭრნენ საბერძნეთის ცენტრში და ათენი გადაწვეს. მიუხედავად ამისა, ბერძენთა ფლოტმა (დიდწილად ათენური ხომალდებისგან შემდგარმა) იმავე წელს მოახერხა სპარსელთა მრავალრიცხოვანი ფლოტის განადგურება სალამისის ბრძოლაში.
სპარტელი ჰოპლიტი (ჯონი შუმატეს ნახატი)
ქსერქსემ უკან დაიხია, თუმცა საბერძნეთში დატოვა ლაშქრის საკმაოდ დიდი ნაწილი. ეს შენაერთები ბერძნებმა, სპარტელთა წინამძღოლობით, ძვ.წ. 479 წელს პლატეას ბრძოლაში გაანადგურეს. ამის შემდეგ ბერძნები, რომელთაც ათენის თაოსნობით დელოსის ლიგა შექმნეს, გადავიდნენ შეტევაზე (ძვ.წ. 478-ძვ.წ. 459 წწ.) და იქით შეავიწროვეს სპარსელები ეგეოსის ზღვასა და მცირე აზიის სანაპიროებზე. ძვ.წ. 459-ძვ.წ. 449 წლებში ბერძნები მონაწილეობდნენ ეგვიპტის აჯანყებაში სპარსელთა წინააღმდეგ. ამის შემდეგ, ძვ.წ. 449 წელს, ომი ფაქტობრივად დასრულდა კალიას ზავით დელოსის ლიგასა და სპარსეთს შორის.
როგორც აღმოჩნდა, ბერძნულმა პოლისებმა, რომელთაც არ ჰქონდათ პოლიტიკური ერთობა და იყვნენ სპარსელებთან შედარებით უფრო მცირერიცხოვნები, ფაქტობრივად ყველა გენერალურ ბრძოლაში დაამარცხეს სპარსელები. ამის მიზეზად ბევრი რამ შეგვიძლია დავასახელოთ. ბერძნებს უპირატესობა ჰქონდათ იმით, რომ საკუთარ ტერიტორიაზე იბრძოდნენ და კარგად იცნობდნენ საბერძნეთის გეოგრაფიულ პირობებს, იცოდნენ სად შეიძლებოდა მტერთან ებრძოლათ და სად ექნებოდათ ტაქტიკური თუ სტრატეგიული უპირატესობა. ასევე ექნებოდათ უკეთესი მომარაგება და ძალების შევსების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი გარკვეულწილად აბათილებდა სპარსელთა რიცხობრივ უპირატესობას.
ბერძნული საბრძოლო ხომალდი, ტრირემა (თანამედროვე რეკონსტრუქცია)

სპარსელებს უხდებოდათ ხანგრძლივი მგზავრობა, სჭირდებოდათ გრძელი საკომუნიკაციო გზების დაცვა, დაპყრობილი მიწების შესანარჩუნებლად უნდა დაეტოვათ გარნიზონები, მოემარაგებინათ ჯარი სურსათითა და იარაღით. სპარსელი მხედართმთავრების წინაშე იდგა რთული ამოცანები და ანტიკური ხანისთვის, რაც მათ შეძლეს, დიდი არმია, თავისი რესურსებით, გადაისროლეს მცირე აზიიდან საბერძნეთში და წარუმატებლობის შემდეგ ნაწილობრივ უკან დახევაც მოახერხეს. ახლა შევეხოთ ბერძენთა და სპარსელთა სამხედრო ხელოვნებას, თუ რა უპირატესობები ჰქონდა თითოეულ მხარეს მეორესთან შედარებით და როგორ შეძლეს ამის გამოყენება.
სპარსელთა და ბერძენთა ჯარები: რიცხოვნობა, ორგანიზება, უპირატესობები
სპარსელები
სპარსელებს ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალა ჰყავდათ. ამ მოსაზრებას ზურგს უმაგრებს ის ფაქტი, რომ მათ მცირე აზიიდან ინდოეთამდე გადაჭიმული იმპერია შექმნეს და შემდეგ წარმატებით ახერხებდნენ მის კონტროლს და აჯანყებების ჩახშობას. სპარსელთა მიერ დამარცხებულ და განადგურებულ ქვეყნებს შორის იყო ისეთი დიდი და მძლავრი სახელმწიფოები, როგორიც გახლდათ ეგვიპტის, მიდიის, ბაბილონისა და ლიდიის სამეფოები. მართალია ამ დროს ზოგიერთი ეს სახელმწიფო აღარ იყო თავისი სიძლიერის ზენიტში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამდენი ხალხის დამორჩილებასა და ორი საუკუნით მათზე ძალაუფლების შენარჩუნებას, სუსტი და ცუდად ორგანიზებული სამხედრო ძალა ნამდვილად ვერ შეძლებდა. აქემენიანთა ჯარს შეეძლო ეპასუხა იმ ამოცანებისთვის, რაც მის წინაშე იყო ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ის მზად არ აღმოჩნდა ბერძნულ არმიებთან საბრძოლველად (2).  
რელიეფი სპარსელი მეომრების გამოსახულებით სუზადან, დარიოსის რეზიდენციიდან (ძვ.წ. VI-V სს.)


სპარსული სამეფო ლაშქარი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა - სამეფო გვარდია „უკვდავები", რომელშიც მაღალი ფენის წარმომადგენლები მსახურობდნენ. მათი რიცხვი ისტორიული წყაროების მიხედვით, 10 ათასს აღწევდა; უფრო მრავალრიცხოვანი ნაწილი - სპარსული ქვეითი და ცხენოსანი ჯარი, რომელსაც სპარსელი როგორც მაღალი, ისე დაბალი ფენის წარმოამდგენლები ავსებდნენ; მოკავშირე ლაშქარი, რომელშიც სპარსელების დაპყრობილი ხალხები და მოხარკე ქვეყნებიდან გამოგზავნილი მეომრები მსახურობდნენ. ამას გარდა იყო მოქირავნე ლაშქარი. „ძველი სპარსული სიტყვა „კარა"(Kara) შეიძლება ითარგმნოს როგორც „ჯარი", ისე „ხალხი". ეს პირდაპირ მიუთითებს თუ რას წარმოადგენდა და ძირითადად რომელი სოციალური ფენა ავსებდა აქემენიანთა პერიოდში სპარსულ ლაშქარს."(3) ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას რომ აქემენიანთა იმპერიას მართლაც დიდი სამხედრო პოტენციალი გააჩნდა რათა მრავალრიცხოვანი ლაშქარი შეეკრიბა. მაგრამ სამხედრო პოტენციალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სწორედ ამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლო კონკრეტულ სამხედრო კამპანიაში. ლაშქრის შეკრება უზარმაზარ თანხებთან, რესურსებთან და დროსთან იყო დაკავშირებული.
სპარსული სამეფო გვარდიის ქვეითები 

სპარსელი მხედრები (ძვ.წ. VI-V სს.), ჯონი შუმატეს ნახატი

ჰეროდოტე ასე აღწერს სპარსელთა მზადებას საბერძნეთში გალაშქრების წინ: `ზოგმა ხომალდები მოიყვანა, ზოგმა ქვეითი ჯარი, სხვებმა ცხენოსნები, ნაწილს ცხენების გადასაყვანი ნავებით უნდა მოემარაგებინა ჯარი და, ამასთანავე, უნდა მიეღო მონაწილეობა ლაშქრობაში. ნაწილს გრძელი ხომალდები უნდა მიეყვანა ხიდებისთვის, ხოლო დანარჩენებს ლაშქრობისათვის საჭირო საზრდო და ხომალდები უნდა გაეღოთ. ქსერქსესმა ბრძანა, რომ მთელი ეს სურსათი იქ მიეზიდათ, სადაც მისი შენახვა ყველაზე უფრო მოსახერხებელი იყო და მართლაც, აზიის ყოველი კუთხიდან მოჰქონდათ საბარგო ხომალდებითა და ტიკებით. სურსათი აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან უნდა მოეზიდათ და ლაშქრობის მარშრუტის სხვადასხვა პუნქტში ისე უნდა გადაენაწილებინათ, რომ ლაშქარს გადანახული სურსათი გზაში დახვედროდა".(4) მიუხედავად იმისა, რომ ჰეროდოტე ამ ყველაფერს ერთი შეხედვით, თითქოს მარტივად აღწერს, რეალურად, ჩანს რამდენად რთული იყო მრავალრიცხოვანი არმიის დიდ დისტანციაზე გადასროლა ორგანიზებულად. თანაც კამპანიის ხანგრძლივობასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ყველაფერი გარკვეულ დროში უნდა განეხორციელებინათ. რეგულარულად მრავალრიცხოვანი ლაშქრის იარაღქვეშ ყოფნა შეუძლებელი იყო. კამპანიის ხანგრძლივობის გამო (3 თვე), სპარტის მეფე კლეომენესმა უარი თქვა თავისი ბევრად უფრო მცირერიცხოვანი, მაგრამ გაცილებით დისციპლინირებული, ბრძოლისუნარიანი ჯარით აზიაში გალაშქრებაზე, როდესაც მილეტელმა არისტაგორასმა დაარწმუნა რომ ლაშქრობა წარმატებას მოიტანდა.(5) მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შესაჭრელად სულაც არ იყო საჭირო მასზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარის ყოლა, არამედ უკეთ აღჭურვილის, ბრძოლისუნარიანის და ორგანიზებულის. ათენელებმა ჯერ კიდევ დარიოსის საბერძნეთში ლაშქრობამდე, მცირერიცხოვანი ჯარით ილაშქრეს იონიის ქალაქების მოწვევით და სპარსელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, სარდე, აიღეს.(6) ბერძენ-სპარსელთა ომების შემდეგაც, ბერძნებმა გაილაშქრეს მცირე აზიაში და სპარსელ სატრაპთა ბევრად მრავალრიცხოვანი ჯარები დაამარცხეს(7). ჯარი უნდა ყოფილიყო მოსახერხებელი სამართავად, ნაკლებად მოწყვლადი მტრისაგან მარშირებისას და მუდმივად შეენარჩუნებინა კომუნიკაცია თავის მეთაურებთან. სწორედ ამიტომ, იმ უზარმაზარ რიცხვებს, რომლითაც ბერძენი ისტორიკოსები აღნიშნავდნენ დარიოსისა და ქსერქსეს არმიებს, რეალობასთან საერთო ბევრი არაფერი აქვთ. 
ჰიბისის ტაძრის ეგვიპტური რელიეფი რომელზეც, სავარაუდოდ, დარიოს I-ია გამოსახული როგორც ფარაონი (ძვ.წ. V ს.)

ამ პრობლემის შესახებ ვრცლად საუბრობს ჰანს დელბრუკი, რომლის დასკვნით, არათუ სპარსელების, ბერძენთა რიცხოვნობაც კი, რომელიც შედარებით მოკრძალებულად აქვთ აღნიშნული ძველ ბერძენ ისტორიკოსებს, რეალობისგან ძალიან შორსაა.(8) თუნდაც დარიოსისა და ქსერქსეს არმიები რიცხოვნობით ყოფილიყო 20-დან 100 ათასამდე(9) და არა ასობით ათასი და მილიონი, მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კამპანიის ასეთი ორგანიზება, მომარაგება და ისეთი, ანტიკური ხანისთვის მრავალრიცხოვანი ჯარის ტრანსპორტირება, როგორც ეს სპარსელებმა მოახერხეს. 

ბერძნები
სამხედრო საქმეში, ბერძნები მეტად განსხვავებულები იყვნენ სპარსელებისგან. აქ მთავარ როლს ასრულებდა პოლისის მოქალაქე-მეომარი - ჰოპლიტი. ჰოპლიტთა რიგებში მხოლოდ ისინი მსახურობდნენ. დანარჩენი მოსახლეობიდან გამოდიოდნენ მსუბუქი ქვეითი მეომრები, რომლებიც მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ ბრძოლაში. საბერძნეთის ლანდშაფტმა, ჰავამ, ეკონომიკამ, საზოგადოებრივმა წყობამ, მოსახლეობის რიცხოვნობამ და სხვა მრავალმა დეტალმა, დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბა ასეთი სამხედრო სისტემა. ყველაზე ძლიერი პოლისის არმიის რიცხოვნობა 10 ათასს იშვიათად აღწევდა. ხშირად კი რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა. თუმცა, ბერძნების უპირატესობა იყო მათი სამხედრო გამოცდილება, აღჭურვილობის ხარისხი და მოტივაცია. 
ათენის აკროპოლისი. ლეო ფონ კლენცეს ნახატი, 1846 წ.
 აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სამხედრო დაპირისპირებისას, ბერძენ-სპარსელთა ომების ფონზე, იკვეთება პირველი მნიშვნელოვანი განსხვავება - სამხედრო პოტენციალი და რესურსები. ანტიკურ ხანაში, აღმოსავლეთს ამ მხრივ, თითქმის ყოველთვის ჰქონდა უპირატესობა დასავლურ სახელმწიფოებზე. აღმოსავლური სახელმწიფოები იყო უფრო მდიდარი, ჰყავდა მრავალრიცხოვანი მოსახლეობა. აქ იყო ძირითადად მონარქიული სახელმწიფოები, სადაც მეფეს შეუზღუდავი უფლებები ჰქონდა და აკონტროლებდა უზარმაზარ სივრცეს. დასავლეთს, ამ შემთხვევაში საბერძნეთს, ჰქონდა ბევრად უფრო შეზღუდული რესურსები, მცირერიცხოვანი მოსახლეობა, რთული და ნაკლებად ნაყოფიერი რელიეფი, დაყოფილი იყო მრავალ ცალკეულ ქალაქ-სახელმწიფოდ, რომელთაც ერთმანეთთან ფაქტობრივად მუდმივი ომები ჰქონდათ. „პლატონი აღნიშნავდა რომ მშვიდობა, მხოლოდ სიტყვა იყო, და ყველა სახელმწიფო, ბუნებრივად, მუდმივ, გამოუცხადებელ ომში იყო ჩართული ყველა სხვასთან."(10) თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც ერთ კოლექტივს ქმნიდნენ და ბრძოლის ველზეც გვერდიგვერდ, მჭიდრო მწყობრში იბრძოდნენ, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ბრძოლისთვის ნაკლებად მოტივირებული, უმეტესად, ომში ძალით გაგზავნილი, ნაკლები სამხედრო გამოცდილების და ერთიანობის არმქონე სპარსული არმიები. 
პერიკლეს სამგლოვიარო სიტყვა პელოპონესის ომის პირველ წელს დაღუპული ათენელების დაკრძალვისას. ფილიპ ფოლცის ნახატი, 1852.

„სამხედრო საქმე ეხებოდა ყველა სფეროს - პოლიტიკურს, კულტურულსა თუ ინტელექტუალურს. სამხედრო საქმე ასახულია თითქმის ყველა შემორჩენილ ბერძნულ კომედიასა თუ ტრაგედიაში. ომი და მეომრები უცვლელი თემა იყო ბერძულ ქანდაკებისა და ჭურჭლის მოხატულობისა. კლასიკური ბერძული ფილოსოფიაშიც კი პოპულარული იყო მსჯელობა ჰოპლიტზე, როგორც მოქალაქე-ჯარისკაცზე."(11) საკუთარ მიწაზე, ბერძნულმა ქალაქ-სახელმწიფოებმა, ამ თითქმის მთლიანად მილიტარიზებულმა საზოგადოებამ, შეძლო სპარსელებთან წარმატებით ეომათ და თავისი უპირატესობა სამხედრო ხელოვნებაში მტრისათვის არამხოლოდ საკუთარ სამშობლოში, არამედ მის ტერიტორიაზე ბრძოლისასაც ეჩვენებინა. 

შეიარაღება და ტაქტიკა

სპარსელები
მართალია ჰეროდოტეს აღწერილი სპარსული მრავალნაციონალური არმია უფრო აღლუმზე გამოსულს ჰგავს, ვიდრე სალაშქროდ, მაგრამ ის გვიჩვენებს სპარსელთა ჯარში მყოფი სხვადასხვა ხალხების შეიარაღებისა და ზოგადად კულტურულ სახესხვაობას. ეს ინტერნაციონალური ჯარი კი სპარსელ მეთაურებს ეფექტიან მებრძოლ ძალად უნდა ექციათ (12).  
უმთავრესი, დამახასიათებელი ნიშანი აღმოსავლეთის ხალხების შეიარაღებისა, იყო მშვილდ-ისარი. სპარსელები, ქვეითებიცა და ცხენოსნებიც, განთქმულები იყვნენ მშვილდ-ისრის გამოყენებით. მუდმივ ტაქტიკურ გეგმას წარმოადგენდა ფარების კედლის მიღმიდან ისრების სეტყვის დაშენა მოწინააღმდეგისათვის(13), ან მოისარი ცხენოსნების საშუალებით  მტრის შევიწროება და მისი რიგების შეთხელება(14).  ბერძენ ავტორებს საინტერესო აღნიშვნები აქვს სპარსელთა შეიარაღების თავისებურების შესახებ. ჰეროდოტე რამდენჯერმე იყენებს ამ ფაქტორს, როგორც ბერძენთა სამხედრო უპირატესობის განმსაზღვრელს. მაგალითად, მას აღწერილი აქვს, როგორ არწმუნებს მილეტელი არისტაგორასი სპარტის მეფე კლეომენესს რომ „ბარბაროსები არ არიან მამაცები, თქვენ კი საომარ საქმეში ბევრად აღემატებით ყველას. ისინი მშვილდით და მოკლე შუბით იბრძვიან, ამიტომ ადვილი დასაძლეველნი არიან"(15).  მანვე, ათენელებს განუცხადა რომ „სპარსელები არც ფარს იყენებენ და არც შუბს და ამიტომ ადვილი დასაძლეველნი არიან"(16). 
სპარსელი მშვილდოსანი (ძვ.წ. VI ს.)
ვინაიდან არისტაგორასი  ცდილობდა სპარტელები და ათენელები დაეყოლიებინა იონიაში ელაშქრათ მილეტის დასახმარებლად, ცდილობდა სპარსელთა სუსტებად წარმოჩენას. ამ ცნობათაგან სიმართლეს შეესაბამება ის, რომ სპარსელები მართლაც ძირითადად მშვილდ-ისრით იბრძოდნენ და ხელჩართულ ბრძოლაშიც უფრო მოკლე შუბებს იყენებდნენ, ვიდრე ბერძენი ჰოპლიტები. ის რომ მათ მასიურად ფარები არ ჰქონდათ, თითქოს, ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს. მაგრამ ჰეროდოტეს მონათხრობი არც მთლად უსაფუძვლოა. სპარსელ ქვეითთა მწყობრში, „წინა რიგის მეომრებს დიდი, ოთხკუთხა ფარები ეჭირათ, უკანა რიგებს კი მშვილდ-ისარი და ხელჩართული ბრძოლის იარაღი. წინა რიგები მოკლე, საბრძოლო შუბებითაც უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, რათა საჭიროებისას, უკან მდგომი მშვილდოსნები დაეცვა. ზოგჯერ ამ ფარებს უბრალოდ მიწაზე აბჯენდნენ და ისინიც ისრებს ისროდნენ უკან მდგომებივით.(17) სპარსელ ქვეითთა შეიარაღება და ტაქტიკა ბერძენ ჰოპლიტებთან შეტაკებისას, ჩანს პლატეას ბრძოლაშიც - სპარსელებმა შიშველი ხელები შეაგებეს შუბებს და მათი დიდი ნაწილი გადატეხეს. შემდეგ ქარქაშებიდან ამოაძრეს იარაღი და მახვილები და სატევრები დააბზრიალეს. სისხლისმღვრელი და სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. სპარტელებმა მალე დაამარცხეს მოწინააღმდეგე და აიძულეს იმ გალავანს მიღმა მიმალულიყო, რომელიც მტრის აღალს ერტყა(18). 
სპარაბარა (ძვ.წ. VI-V სს.). ჯუზეპე რავას ნახატი

ბერძენი ჰოპლიტები უტევენ სპარსელებს

სპარსელებს უპირატესობა ჰქონდათ კავალერიაში. ისინი აქტიურად იყენებდნენ ცხენოსან ჯარს აზიური ომებისას, მაგრამ საბერძნეთში ამან არ გაამართლა. მარათონისა და პლატეას ბრძოლებში ცხენოსან ჯარს განსაკუთრებული როლი არ ჰქონია. მარათონი დიდწილად მოულოდნელობაც იყო სპარსელთათვის, რომლებიც ახალი გადმომსხდრები იყვნენ სანაპიროზე და არ მოელოდნენ ათენელთა იერიშს(19). ასეთ მდგომარეობაში რთული იყო ცხენოსანი ჯარის ორგანიზება და მტრის ფლანგებისთვის შემოვლა. ისიც გასათვალისწინებელია რომ ანტიკურ ხანაში, ცხენოსანი ჯარი არ იყო ისეთი გამანადგურებელი და ეფექტიანი ძალა, როგორც შუა საუკუნეებში. ამას განაპირობებდა ცხენის აღკაზმულობის ნაკლებობა, განსაკუთრებით კი უზანგებისა, რომელიც მხოლოდ ახ.წ. VII-VIII საუკუნეებში გაჩნდა. შუბოსან ქვეითებს შეეძლოთ კავალერიის შეკავება, თუმცა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საბრძოლო პოზიციას. პლატეას ბრძოლამდე, სპარსელთა კავალერიას მეგარელ ქვეითებთან მოუხდა შეტაკება - „მეგარელები ისე იყვნენ დაწყობილნი, რომ ეს ადგილი ყველაზე მოსახერხებელი იყო თავდასხმისათვის და ცხენოსანი ჯარი განსაკუთრებით სწორედ ამ ადგილს უტევდა. სპარს ცხენოსანთა თავდასხმისაგან შეჭირვებულმა მეგარელებმა ელინთა მხედართმთავარს მაცნე გაუგზანეს: „მეგარელები ამბობენ, მოკავშირეებო, არ შეგვიძლია სპარსელთა ცხენოსნებს მარტოებმა გავუძლოთ. სანამ ძალა და ღონე შეგვწევს, ჩვენი გამძლეობითა და სიმამაცით ვუმკლავდებით მათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვავიწროებენ. მაგრამ, თუ ახლა არ გამოგზავნით ჩვენ შემცვლელ რაზმ, იძულებული ვიქნებით, დავტოვოთ ჩვენი რიგები"(20).  მხოლოდ ათენელების დახმარებით შეძლეს მათ ცხენოსნების მოგერიება. 

ბერძნები
ჰოპლიტების ფალანგა - ქვეითთა მჭიდრო, საშუალოდ რვა რიგის სიღრმის წყობა, რომელიც წრიული ფარებით იცავდა თავს და მოწინააღმდეგეს გრძელი შუბებით უტევდა - ბერძენთა ძირითად ტაქტიკას წარმოადგენდა. „მერვე საუკუნის შემდეგ, ისინი აღჭურვილები იყვნენ უნიფორმის სტილში, თუმცა იარაღ-საჭურველს ყველა ინდივიდუალურად იძენდა თავისთვის. ბრინაჯოს მუზარადის, ბეგთრის და კნემიდების ფასი, საკმაოდ მაღალი იყო და მათი ყიდვა, მხოლოდ შეძლებულ ადამიანს შეეძლო. ასეთი თავდაცვითი აღჭურვილობა აუცილებელი იყო კაცისთვის, რომელიც ფალანგაში თავის ადგილს იკავებდა. ფალანგაში მებრძოლი თავს იცავდა „ჰოპლონით", წრიული, ხის, ლითონით მოპირკეთებული ფარით („ჰოპლონიდან" მოდის დასახელება „ჰოპლიტიც")."(21)
 ბერძენი ჰოპლიტების ფალანგა იერიშზე (ძვ.წ. V ს.)


სპარტელი ჰოპლიტები პლატეას ბრძოლაში (ძვ.წ. 479 წ.)
ხელჩართული ბრძოლის მთავარი იარაღი იყო გრძელი შუბი „დორი" და მოკლე მახვილი - „ქსიფოსი". ფალანგას ჰქონდა თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. მარათონთან, ხელჩართულ ბრძოლაში, გრძელი შუბებით შეიარაღებულმა, აბჯრითა და ფარების კედლით დაცულმა ბერძნულმა ფალანგამ შეძლო სპარსელთა დამარცხება ორივე ფლანგზე. ცენტრში კი, საცა ფალანგა უფრო თხელი იყო, სპარსელებმა თავდაპირველად წარმატებას მიაღწიეს და უკან დაახევინეს ათენელებს. ფალანგის სიძლიერე იყო მისი სიღრმე და გაუვალობა. როდესაც ფალანგა სულ რამდენიმე რიგად იყო მოწყობილი, ის კარგავდა უპირატესობას და მტერს მისი გარღვევა შეეძლო, რის შემდეგაც ხელჩართულ, უმწყობრო ბრძოლაში, ბერძნებს სპარსელებთან შედარებით არცთუ ისე დიდი უპირატესობა ჰქონდათ. სპარსელებმა ვერც ისრები გამოიყენეს წარმატებულად ბერძნების წინააღმდეგ. ისრები ეფექტიანობის მანძილი მაქსიმუმ, 100-150 მეტრია. ეს მანძილი ბერძნებმა მარათონთან სირბილით დაფარეს. შესაბამისად, სპარსელები ვერ მოასწრებდნენ ბევრი ისრის სროლას და აბჯრებით, მუზარადებითა და ფარებით დაცულ ბერძნებს დიდ ზარალს ვერ მიაყენებდნენ. პლატეასთან ბრძოლაში, სპარსელებს ჰქონდათ საკმარისი დრო სპარტელებისთვის ისრების სასროლად(22), მაგრამ განსაკუთრებული ზიანი მაინც ვერ მიაყენეს, ვერც მათი რიგები დაშალეს და საბოლოოდ, ხელჩართულ ბრძოლაში დამარცხდნენ. ტაქტიკამ რომელმაც წარმატება მოუტანა სპარსელებს აზიის ხალხებთან ბრძოლაში, არ გაამართლა დასავლეთში, ბერძნულ ფალანგასთან შეტაკებისას.
ომის გაკვეთილები
ომის  დროს, სპარსელებმაც და ბერძნებმაც უკეთ დაინახეს საკუთარი სისუსტეები და სამხედრო საქმეში ცვლილებები შეიტანეს. განსაკუთრებით ეს სპარსელებს ეხება. 
პლატეასა და მიკალეს ბრძოლების შემდეგ, ასევე უფრო გვიან, ძვ.წ. IV საუკუნეში, აგესილაოსის სპარსული ლაშქრობისას, სპარსელებმა დაინახეს რომ მხოლოდ წინა რიგების ფარების კედელი ვერ დაიცავდა მათ მოწინააღმდეგის შეტევისგან. მათ დაიწყეს აბჯრების ტარება, რომელსაც მანამდე ფაქტობრივად არ ატარებდნენ და ასევე ინდივიდუალურად, უფრო პატარა ზომის ფარების, ე.წ. „ტაკას" გამოყენებაც (ასე შეიქმნა ქვეითი ჯარის სახეობა „ტაკაბარა"), რათა ბერძენთა შუბები აესხლიტათ(23). ეგვიპტის დაბრუნების მცდელობისას, სპარსელებმა ბერძენი მოქირავნეები გამოიყენეს. მათ შორის ათენელი სარდალი იფიკრატე. მან შექმნა ე.წ. „იფიკრატეს პელტასტები" - ბერძენი მოქირავნეები (არა ჰოპლიტები) აქცია „ტაკაბარად", მაგრამ გააუმჯობესა მათი შეიარაღება ახალი, გრძელი შუბებითა და „ტაკა" ფარებით. ეს გრძელი შუბები მაკედონური სარისას წინამორბედი იყო(24).  ასეთ მეომრებს შეეძლოთ თანაბრად ებრძოლათ ბრძოლის წინა ხაზზე ჰოპლიტებთან. 
სპარსელი ქვეითები ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლური ლაშქრობის პერიოდისთვის. მარცხნივ - მშვილდოსანი, ცენტრში - კარდაკა, მარჯვნივ - სპარსელი ქვეითი (ძვ.წ. 333 წ.), საიმონ ჩიუს ნახატი

ბერძნულ-სპარსული ომების შემდეგ, სპარსეთში გახშირდა მოქირავნეების გამოყენებაც, განსაკუთრებით ბერძნებისა. სპარსელები მეომრებს ქირაობდნენ იმპერიის საზღვრებში მცხოვრები, მაგრამ ფაქტობრივად, ნახევრად დამოუკიდებელი ხალხებისგან, რომლებიც მუდამ თავნებოდნენ და ჯანყდებოდნენ, მაგრამ სპარსელები არ ანადგურებდნენ მათ რადგან მეომრების გამოყვანის კარგ რესურსს წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ქურთები, მისიელები, პისიდიელები, ჰირკანელები და ბაქტრიელები. ასევე, საკები ჩრდილოეთიდან და ინდოელები აღმოსავლეთიდან(26).  ძვ.წ. V საუკუნის შუა ხანებიდან სპარსელები უკვე რეგულარულად იყენებდნენ ბერძენ მოქირავნეებს პირადი გვარდიებისა და დასავლეთ მცირე აზიის ქალაქების გარნიზონებად. ძვ.წ. IV საუკუნეში კი დასავლეთ სატრაპიების მმართველებმა კიდევ უფრო გაზარდეს მოქირავნე ბერძენთა რიცხვი. ყველაზე ცნობილი ისტორიული ფაქტი, ბერძენ მოქირავნეთა სპარსელთა სამსახურში ყოფნის შესახებ, არის ათი ათასი ბერძენი მოქირავნის მონაწილეობა კიროს უმცროსის აჯანყებაში დიდი მეფის არტაქსერქსეს წინააღმდეგ. მოქირავნეები იკრიბებოდნენ როგორც მცირე აზიის ბერძნული ქალაქებიდან, ასევე პელოპონესის მთიანი რეგიონებიდანაც, თუმცა მათი მეთაურები საბერძნეთის ნებისმიერი მხარიდან შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. გვაქვს საფუძველი აღვნიშნოთ რომ მოქირავნეთა ნაწილი გრანიკოსის ბრძოლაში, ათენიდან, თებედან და თესალიიდან იყო. ძვ.წ. IV საუკუნეში, საბერძნეთში, ახალი, მუდმივი არმიები გაჩნდა. რომელიმე ბერძნული სახელმწიფოს მთელი ლაშქრის დაქირავება სპარსელების მიერ, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში მშვიდობა სუფევდა, საშუალებას აძლევდათ მათ, არმია დროებით სპარსელთა ხარჯზე შეენახათ(27).  
საკი მოისარი მხედრები (ძვ.წ. V-IV სს.). ჯონი შუმატეს ნახატი
ბერძნულ სამხედრო ხელოვნებაში განსაკუთრებული ცვლილებები სპარსელებთან ბრძოლას არ შეუტანია, თუმცა ფაქტია, რომ მათ დაინახეს მსუბუქად შეიარაღებული ქვეითების, მშვილდოსნებისა და ცხენოსანი ჯარის მნიშვნელობა. პელოპონესის ომში და ასევე ძვ.წ. IV საუკუნეში მიმდინარე ომებში, ბერძნებმა გაზარდეს ცხენოსანი ჯარის რიცხოვნობა არმიებში და ყურადღება დაუთმეს მშვილდოსნებსაც. განსაკUუთრებით კარგ მშვილდოსნებად ითვლებოდნენ კუნძულ კრეტის მცხოვრებნი, რომლებიც ხშირად ექირავებოდნენ სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოებს და უფრო გვიან, ძვ.წ. III-II საუკუნეებშიც ხშირად იბრძოდნენ ხმელთაშუა ზღვაში დომინანტობისათვის მებრძოლი მხარეების - რომაელებისა და კართაგენელების ჯარებში. უფრო გვიან, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, ბერძენ-მაკედონელებმაც შეითვისეს აღმოსავლური სამხედრო საქმიდან ზოგიერთი რამ. მათ შორის ე.წ. „კარდაკას" გამოყენება.  „კარდაკა", რომელიც გვიანდელ აქემენიანთა იმპერიაში ჩნდება, არაბერძნული, არასპარსული წარმოშობის სამეფო გვარდიები ან მოქირავნეები იყვნენ. არ ვიცით არსებობდნენ თუ არა ისინი ძველად, მაგრამ ისოსის ბრძოლაში ნამდვილად იყვნენ. ეთნიკურად სპარსელებიც რომ არ ყოფილიყვნენ, ისინი სამხედრო სამსახურისთვის მაინც იღებდნენ სპარსელი ყმის სტატუსს და სარგებლობდნენ სპარსელის პრივილეგიებით. ისეთი ტიპის შენაერთები უფრო გვიან, ძვ.წ. III საუკუნეში ელინისტურ არმიებში ჩანან. ანუ მოხდა კარდაკას სისტემის შეთვისება ბერძნულ-მაკედონურთან(28).  
ალექსანდრე მაკედონელი. ფრაგმენტი ძვ.წ. II-I საუკუნის რომაული მოზაიკიდან (ფავნის სახლი, პომპეი). ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმი

მთავარი, რაც ბერძნებმა ისწავლეს, იყო ის, რომ მათ დაინახეს, სპარსეთის იმპერიასთან ბრძოლა და დიდ მეფეთა არმიების დამარცხება შესაძლებელი იყო. გამარჯვებამ მათ თავდაჯერებულობა შემატა. ომი სპარტასა და სპარსეთს შორის ძვ.წ. 396 წელს განახლდა, როდესაც სპარტის მეფე აგესილაოსმა, მცირე აზიის ბერძენთა გათავისუფლების მიზეზით, მცირე აზიაში გადასხა ლაშქარი. მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, სპარსელებმა მოახერხეს სპარტელების განდევნა, ოღონდ არა საკუთარი ძალებით, არამედ იმით, რომ ფლოტითა და ფულით დაეხმარნენ სპარტის მოწინააღმდეგეს, პელოპონესის ომში დამარცხებულ ათენს. ათენელების შემოტევის გამო, სპარტელები იძულებულები გახდნენ თავი დაენებებინათ მცირე აზიისათვის და ზავი დაედოთ სპარსელებთან(29). პელოპონესის ომშიც და შემდეგაც, სპარსელები ახერხებდნენ თავიანთი ფინანსური რესურსების გამოყენებით შუღლს აღვივებდნენ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ვერ ახერხებდნენ კონსოლიდაციას, საკუთარი სამხედრო პოტენციალის გამოყენებას და სპარსეთს საფრთხეს ვერ უქმნიდნენ. ეს ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც მაკედონიის მეფემ ფილიპე II-მ საბერძნეთზე დომინირება არ მოიპოვა და მისმა ვაჟმა, ალექსანდრემ, გაერთიანებული ბერძნულ-მაკედონური ძალებით საბოლოოდ არ დაასრულა აქემენიანთა იმპერიის არსებობა.  
აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის დაპირისპირება ხანგრძლივ ისტორიულ პროცესად იქცა - რომისა და პართიის, ბიზანტიისა და სასანური ირანის ომები ანტიკური და გვიანანტიკური ხანის ბოლომდე მუდმივი სახე ჰქონდა და ასევე გაგრძელდა შუა საუკუნეებსა და მოდერნულ ეპოქაშიც. 


სქოლიოები
1.Philip De Souza, The Greek and Persian Wars, 499-386 BC (Oxford, 2003), 1.
2. კონფლიქტი არ იყო უცხო აქემენიანთა იმპერიისათვის. მცირე აზიიდან ინდოეთამდე და ბაქტრიიდან ეგვიპტემდე გადაჭიმულ იმპერიას ძირითადი ომები დაპყრობილი ხალხების აჯანყებებთან უხდებოდა. Ruth Sheppard, Alexander the Great at War: his Army, his Battles, his Enemies (Oxford, 2008), 9.
3.Matthew W. Waters, Ancient Persia: a concise history of the Achaemenid Empire, 550-330 BCE (New York, 2014), Kindle Version. 
4. ჰეროდოტე, ისტორია (თბილისი, 2007), 138-139. 
5. იქვე, 95.
6. იქვე, 96.
7.აქ მაგალითად სპარტის მეფის ალკიბიადეს ლაშქრობა შეიძლება მოვიყვანოთ. ის მოულოდნელად თავს დაესხა ფრიგიას, დაიმორჩილა რამდენიმე ქალაქი და ხელთ მდიდარი ნადავლი ჩაიგდო. სტრატეგოსები და კეისრები, შეადგინა ნანა ტონიამ (თბილისი, 2005), 154-155. 
8. Ганс Дельбрюк, История Военного Искусства в Рамках Политической Истории, т. I. (Санкт-Петербург, 1999), 38-52.
9. ფილიპ სოუზა თვლის, რომ დარიოს I-ს სამხედრო კამპანიაში 25 ათასამდე მეომარი მონაწილეობდა, რომელთა შორის ათასამდე ცხენოსანი იქნებოდა. ქსერქსეს არმიის რიცხოვნობას კი 100-150 ათასით აფასებს. Souza, The Greek and Persian Wars, 25, 35. 
10. Sheppard, Alexander the Great at War, 9.
11. იქვე.
12. Waters, Ancient Persia [Kindle Version].
13.ასეთი ტაქტიკით მოქმედ შენაერთებს „სპარაბარას" ანუ ფაროსნებს უწოდებდნენ. 
14. Waters, Ancient Persia [Kindle Version].
15. ჰეროდოტე, ისტორია, 94. 
16. იქვე, 95. 
17. Sheppard, Alexander the Great at War, 42-44.
18. სტრატეგოსები და კეისრები, 79.
19. ათენელები, რომელთაც სუსტი ცხენოსანი ჯარი ჰყავდათ, მაგრამ ძლიერი ქვეითები, სპარსელებს ელოდნენ და შეუტიეს როგორც კი მათ დესანტის გადმოსხმა დაიწყეს. სწრაფი და გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, სპარსელები კვლავ გემებზე დაბრუნდნენ,რათა ატიკის ნახევარკუნძულის გარშემო შემოევლოთ და ქალაქისთვის დასავლეთ მხრიდან შეეტიათ. მაგრამ ათენელებმა 26 მილი დაფარეს და მოასწრეს იქაც აღეკვეთათ სპარსელებისთვის ნაპირზე ჯარის გადმოსხმის საშუალება. სპარსელთა ფლოტი გაჩერებული იყო ფალერონში, იმდროინდელი ათენის პორტში მცირე ხნით, სანამ დატოვებდა საბერძნეთს. Waters, Ancient Persia [Kindle Version]. 
20. ჰეროდოტე, ისტორია, 212-213.
21. John Keegan, a History of Warfare (New York, 1993), 248.
22. სპარსელთა ისრები უკვე ბერძენთა ლაშქარს სწვდებოდა, მაგრამ სპარტელები განაგრძობდნენ ადგილზე დგომას. ისრით განგმირული ბევრი მეომარი ძირს ეცემოდა, თუმცა ფალანგა ერთი ნაბიჯითაც არ იხევდა უკან. სტრატეგოსები და კეისრები, 79.
23. Sheppard, Alexander the Great at War, 42-44.
24. იქვე, 44.
25. იქვე, 46.
26. იქვე, 44.
27. იქვე.
28. იქვე, 46-47.
29. Souza, The Greek and Persian Wars, 80.


ბიბლიოგრაფია

1. სტრატეგოსები და კეისრები. შეადგინა ნანა ტონიამ. თბილისი, 2005.
2. ჰეროდოტე. ისტორია. თბილისი, 2007.
3. Keegan, John. a History of Warfare. New York, 1993.
4. Sheppard, Ruth (ed.). Alexander the Great at War: his Army, his Battles, his Enemies. Oxford, 2008.
5. Souza, Philip De. The Greek and Persian Wars, 499-386 BC. Oxford, 2003.
6. Waters, Matthew W. Ancient Persia: a concise history of the Achaemenid Empire, 550-330 BCE. New York, 2014. Kindle Version.
7. Дельбрюк, Ганс. История Военного Искусства в Рамках Политической Истории, т. I.. Санкт-Петербург, 1999.



ნიკა ხოფერია