Showing posts with label საქართველოს ისტორია. Show all posts
Showing posts with label საქართველოს ისტორია. Show all posts

ჭადრაკის კუს საიდუმლო

შუა საუკუნეების ქართულ პოემაში, „ამირანდარეჯანიანში“, ჩამოთვლილია შვიდი უნარი, რომელსაც ყველა რაინდი უნდა ფლობდეს: მშვილდოსნობა, ასპარეზობა, შუბის ხმარება, ცხენოსნობა, ნადირობა, ცურვა და ჭადრაკი.[1] არჩილ მეფეც, დაახლოებით იგივე თვისებებს ჩამოთვლის XVII საუკუნეში და მისგან შექებულ უნარებს შორის, კვლავ გვხვდება ჭადრაკი. გიორგი ათონელი რელიგიურ ტექსტშიც ასახელებს, მეფე ვახტანგ VI წესებს აღწერს, სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში განმარტავს, თეიმურაზ II კი საინტერესო ლექსს უძღვნის გვიანანტიკურ ხანაში შექმნილ უკვდავ თამაშს, რომელსაც ამიერკავკასიაში სულ ცოტა, 1300 წელია, რაც თამაშობენ.

დიდგორის ბრძოლა (1121 წ.): დავით IV-ს გადამწყვეტი დაპირისპირება სელჩუკებთან

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი საგრძნობლად შეიცვალა, რაც ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, ბიზანტიელებისა და ფატიმიანების კონტრშეტევებმა და სელჩუკთა იმპერიის დაშლის პროცესმა განაპირობა. სელჩუკთა იმპერია, რომელიც XI საუკუნის 90-იანი წლებამდე დომინანტი ძალა იყო, შიდა დაპირისპირებებმა მოიცვა და იმ დროისთვის, როცა საუკუნის მიწურულს ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო, სანახევროდ დაშლილი აღმოჩნდა. სელჩუკთა დიდი სულთნები, კვლავინდებურად ითვლებოდნენ უძლიერეს მმართველებად ისლამურ სამყაროში, თუმცა, რეალურად, უკვე გაცილებით ნაკლები ძალაუფლება გააჩნდათ და სელჩუკთა სახელმწიფოში შემავალი ცალკეული საამიროები, უმეტესად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დიდგორის ბრძოლის ილუსტრაცია შუა საუკუნეებში?


დიდგორის ბრძოლა (1121 .) საქართველოს სამხედრო ისტორიის გამორჩეული ნაწილი და დავით IV აღმაშენებლის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვებაა. სამწუხაროდ, შუა საუკუნეების ქართულ მინიატურებსა თუ ფრესკებზე, ამ (ისევე როგორც არც ერთი სხვა) ბრძოლის სცენა არ გვხვდება
სამაგიეროდ, გვაქვს დასავლეთ ევროპული თუ ბიზანტიური მინიატურები, გობელენი და ა.შ. რომლებზეც შუა საუკუნეების სამხედრო კამპანიები და ბრძოლებია ასახული. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ორიგინალური ილუსტრაცია არის .. ბაიუს გობელენი. ის დამზადებულია XI საუკუნეში, ნორმანდიაში, სავარაუდოდ, ბაიუს ეპისკოპოსის ოდოს ან უილიამ დამპყრობლის მეუღლის, დედოფალ მატილდას შეკვეთით (დღეს ინახება ბაიუს გობელენის მუზეუმში, ნორმანდიაში). გობელენი, ძირითადად, გადმოსცემს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორიას. მისი თითოეული ნაწილი, ცალკეულ ისტორიას წარმოადგენს. გამოსახულებების გარდა, გობელენზე წარწერებიც არის, რომელიც მოცემულ სცენებს აღწერს. გადავწყვიტე ამავე ტექსტურებით ამეწყო დიდგორის ბრძოლის გობელენი, თან დართული ლათინური წარწერებით, რომელსაც (თარგმანით) ამ პოსტში იხილავთბაიოს გობელენზე კი დაწვრილებით იხილეთ შემდეგი პოსტიინგლისის დაპყრობა ბაიუს გობელენის მიხედვით
დაბლა მოცემული დიდგორის ბრძოლის გობელენი თანამედროვე ავტორის იმპროვიზაციაა (ამის აღნიშვნა მომიხდა იმიტომ, რომ ბევრმა მართლა XII საუკუნისად მიიჩნია)

Pax Mongolica - დაპყრობილი ქვეყნები მონღოლთა იმპერიაში



ოცდახუთ წელიწადში მონღოლთა არმიამ უფრო მეტი მიწა და ხალხი დაიპყრო, ვიდრე რომაელებმა ოთხი საუკუნის განმავლობაში.
ჯ. უეზერფორდი

ბოლო მოეღო სულთნების ხელმწიფებას, დაემხო ხალიფების ხელისუფლება, თავიანთ ტახტებზე ცახცახებდნენ კეისრები.
ედვარდ გიბონი


XIII საუკუნეში, მონღოლებმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერია შექმნეს, რომელიც ძლიერების პიკზე, თითქმის ადრიატიკის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე იყო გადაჭიმული, მოიცავდა შორეულ აღმოსავლეთს, ინდოჩინეთს, შუა აზიას, ევრაზიის ვრცელ სტეპებს, კავკასიას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპას; მთლიანად აკონტროლებდა აბრეშუმის გზის დიდ ნაწილს. იმდენად საგრძნობი იყო მონღოლთა იმპერიის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მნიშვნელობა, რომ ისტორიკოსები ამ პერიოდს რომის იმპერიის ძლიერების ხანას ადარებენ და „მონღოლურ მშვიდობას“ ანუ Pax Mongolica-ს  უწოდებენ. მართალია მონღოლთა იმპერიის ერთიანობა საკმაოდ მალე შეირყა, მაგრამ ოქროს ურდოს, იუანის დინასტიის, ჩაღატას ურდოსა თუ ილხანების სახელმწიფოები, კვლავინდებურად მართავდნენ ევრაზიის დიდ ნაწილს, დიდი ხანი კი, რომელიც ფორმალურად, ყველა ამ მიწის უზენაესი მმართველი იყო, იმპერიის ცენტრიდან, ჯერ ყარაყორუმიდან, შემდეგ კი, იუანის დინასტიის დაარსების დროიდან ხანბალიქიდან (პეკინიდან) განაგებდა სამფლობელოებს. ისევე როგორც ყველა იმპერიას, მონღოლებსაც ჰქონდათ თავიანთი მართვის სისტემა, რომელიც ყველა დაპყრობილ მხარეში სხვადასხვაგვარად იყო წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის გარკვეული მსგავსებაც არსებობდა. ამ სტატიაში განხილულია მონღოლთა ბატონობის პერიოდი და მისი დასასრული ჩინეთში, რუსულ სამთავროებსა და ირანში, ასევე შედარებულია მონღოლური საიმპერიო პოლიტიკა ამ ქვეყნებსა და საქართველოში.

გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია, წიგნი II


ლაზიკის ომი (541-562 წწ.) გვიანანტიკურ ხანაში ირან-ბიზანტიის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი იყო. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I და ირანის შაჰი ხოსრო I ანუშირვანი -  VI საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი მმართველები, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში გაბატონებისთვის იბრძოდნენ. სამხედრო დაპირისპირების არეალი თანამედროვე დასავლეთ და ისტორიულ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა. ომში აქტიურად იყო ჩართული თვითონ ლაზიკის სამეფო, რომლის მეფე გუბაზ II სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იცვლიდა პოლიტიკურ ორიენტაციას და ხან ერთ, ხანაც მეორე მებრძოლ მხარეს ემხრობოდა. ლაზიკის ომის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები მდიდარ ინფორმაციას შეიცავს ეპოქის პოლიტიკური თუ სოციალური ისტორიის შესასწავლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სამხედრო ისტორიისთვისაა. წიგნში შესწავლილია ლაზიკის ომის ლანდშაფტი, სივრცე და რესურსები; ომის მონაწილე მხარეების არმიების ორგანიზება, აღჭურვილობა, მასშტაბები, სტრატეგია და ტაქტიკა, განსაკუთრებით კი - სამხედრო ლოჯისტიკა. ასევე წარმოდგენილია პროსოპოგრაფიული კვლევა ლაზიკის ომში მონაწილე ბიზანტიელი მხედართმთავრების შესახებ და ომის ორი საკვანძო ბრძოლის – პეტრას ალყისა და ცხენისწყალთან მომხდარი საველე ბრძოლის ვრცელი განხილვა. 
II ტომთან ერთად გამოიცა გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორიის I წიგნის განახლებული ვერსიაც. 

ნიკა ხოფერია - სამხედრო მომარაგებისა და ადგილობრივი რესურსების მოპოვების პრობლემა ლაზიკის ომში




















ანტიკური ხანიდან დაწყებული, ომის დროს, მებრძოლი მხარეებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ადგილობრივ პირობებში საჭირო რესურსების მოძიება წარმოადგენს. როგორც სუნ ძის „ომის ხელოვნებაშია“ აღნიშნული: „თუ ჯარს მარაგი და აღჭურვილობა თან არა აქვს, ის უკვე განწირულია; თუ მას სურსათ-სანოვაგე არ მიაქვს, უკვე განწირულია და თუ არსენალი არ გააჩნია, ასევე განწირულია".(1) ლაზიკის ომი ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური და შუა საუკუნოვანი ისტორიული წყაროები არც ისე მდიდარია არმიათა მოქმედებების, მათი რეალური პრობლემებისა და მდგომარეობის აღწერის ცნობებით, პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის თხზულებები მაინც გვაძლევს საშუალებას ამ საკითხებზე ზოგადად ვიმსჯელოთ. სხვა ავტორთა ცნობებითა და თანამედროვე ლიტერატურის მეშვეობით კი, შევავსოთ დანაკლისი. მოცემულ სტატიაში, პირველ რიგში, ზოგადად განვიხილავ ირანული, ბიზანტიური და მათი მოკავშირე მომთაბარე ალანებისა და ჰუნების არმიების ლოგისტიკას, შემდეგ კი საკვებ რესურსებზე, სურსათის მოპოვების შესაძლებლობებს შევეხები (სტატია გამოქვეყნდა „საისტორიო კრებულის" VII ტომში - ნიკა ხოფერია, „სამხედრო მომარაგებისა და ადგილობრივი რესურსების მოპოვების პრობლემა ლაზიკის ომში", საისტორიო კრებული 7, თბ. 2019, გვ. 9-24).

ნიკა ხოფერია - „ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია: ომების ისტორია"


ანტიკური ხანიდან ისტორიის ახალ პერიოდამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, მრავალი ომი, ბრძოლა, შეტაკება, დიდი თუ მცირე სამხედრო კამპანი გაიმართა. დიაოხისა და კოლხას, იბერიის, ერთიანი საქართველოს სამეფოს თუ სხვადასხვა პერიოდში დაშლილი ქართული სამეფო-სამთავროების ცხოვრებაში, მუდმივი საჭიროების გამო, სამხედრო საქმეს - მაღალი ხარისხის აბჯარ-საჭურვლის დამზადებას, სამხედრო ვალდებულების მქონე მამაკაცთა მომზადებას საბრძოლველად, მოქირავნე მეომრების შეკრებას, სამხედრო ტაქტიკის შემუშავებას სხვადასხვა გარემოებების შესაბამისად, ციხესიმაგრეების აგებასა და დაცვას - უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. სამხედრო საქმე პერიოდულად ვითარდებოდა, იცვლებოდა და დროის სტანდარტებს ერგებოდა. ქართველი მეომრები ცდილობდნენ იმ გამოწვევებისთვის ეპასუხათ რაც მათ წინაშე დგებოდა. სხვადასხვა დიდ იმპერიასთან, მომთაბარე თუ მკვიდრ ცივილიზაციებთან ბრძოლის შედეგად, საქართველოს მრავალფეროვანი სამხედრო ისტორია აქვს. 
ამ წიგნში, ისტორიულ წყაროებზე, არქეოლოგიურ მასალებსა და სათანადო სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, განხილულია ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორია ანტიკური ხანიდან XVIII საუკუნის ბოლომდე. თითოეული ეპოქის სამხედრო საქმის, შეიარაღების, ტაქტიკის განხილვის შემდეგ, მოცემულია ამა თუ იმ პერიოდის მნიშვნელოვანი ბრძოლები, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ამ დროის სამხედრო საქმეზე და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს სამხედრო ისტორიაში.
წიგნი გამოცემულია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით, არის სქელყდიანი, დაბეჭდილია ცარცის ქაღალდზე და თან ერთვის ფერადი რუკები და ილუსტრაციები. 
„ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია" არის ორტომეულის ნაწილი. მეორე ტომია „ქართველი მეფეები" (ავტორები ნიკოლოზ შონია, ლევან ტავლალაშვილი). ჯერჯერობით ცალკე ერთი ტომის შეძენა შესაძლებელი არ არის. ორივე წიგნის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ინტერნეტ-მისამართზე: odisea.ge  სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება წიგნის მაღაზიებშიც. 

სოხოისტას ბრძოლა (1545 წ.)






XV საუკუნის შუა ხანებში, გიორგი VIII-ს (საქართველოს მეფე 1446-66 წწ. კახეთის მეფე 1466-1476 წწ.) მეფობის დროს, საქართველოს ერთიანი სამეფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. 1414 წელს საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა იმერეთის ერისთავად დიმიტრი ალექსანდრეს ძე დანიშნა, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ კი ერისთავობა მისმა ვაჟმა ბაგრატმა მიიღო. 1462 წელს, ჩიხორის ბრძოლაში, ბაგრატმა გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი (ბაგრატ II). 1465 წელს მან დროებით ქართლიც დაიკავა, თუმცა ერთ წელიწადში გიორგი VIII-მ ტახტი დაიბრუნა და ბაგრატს იმერეთში დაბრუნება მოუხდა. XV საუკუნის ბოლოდან, იმერეთის სამეფოს ახალი, ძლიერი მტერი გამოუჩნდა, ოსმალეთის იმპერია. 1453 წელს, ოსმალთა სულთანმა, მეჰმედ II-მ (1444-46; 1451-81 წწ.) კონსტანტინოპოლი აიღო, 1461 წელს კი, ოსმალებმა ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს და საქართველოს გაუმეზობლდნენ. 1475 წელს, ყირიმის სახანოც მეჰმედ II-ს დაემორჩილა და ოსმალეთი შავ ზღვაზეც გაბატონდა. პირველად საფრთხის ქვეშ სამცხე-საათაბაგო აღმოჩნდა, შემდეგ კი იმერეთის სამეფო, რომელსაც სამი მიმართულებიდან ემუქრებოდა მტრის თავდასხმა, ჩრდილო-დასავლეთიდან (ჯიქეთ-აფხაზეთის გზით), ზღვისპირეთიდან გონიოს გზით და სამცხე-საათაბაგოს მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს უკანასკნელი იყო, რადგან ოსმალებს საშუალება ეძლეოდათ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დასხმოდნენ თავს. ოსმალეთისთვის, სამხრეთ საქართველო, აღმოსავლეთში თავისი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგის, ირანის წინააღმდეგ, სტრატეგიულ პლაცდარმს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც XVI საუკუნის დასაწყისში ოსმალეთისა და ირანის ნახევარსაუკუნოვანი ომი დაიწყო, საქართველოც ამ დაპირისპირების არეალში მოექცა.  ომი განსაკუთრებით გამწვავდა ბაგრატ II-ს შვილიშვილის, ბაგრატ III-ს (1510-1565 წწ.) მეფობისას. 1510 წელს, ოსმალები იმერელთაგან მოულოდნელად შეიჭრნენ ქვეყანაში და ქუთაისი ააოხრეს.

ლაზიკის ომი – ლანდშაფტი, სივრცე, რესურსები


VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს პერიოდში მომხდარ მრავალრიცხოვან ომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთული, აღმოსავლეთ ფრონტზე, სამხრეთ კავკასიაში, ლაზიკის სამეფოს ტერიტორიაზე სპარსელებთან ომი იყო. ორივე მხარეს, ბიზანტიის იმპერიასაც და სასანურ სპარსეთსაც, განსაკუთრებული სტრატეგიული ინტერესები გააჩნდათ და შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ თმობდა პოზიციებს. ხშირად მაშინაც კი, როდესაც სხვა ფრონტებზეც იბრძოდნენ და ძალების გაგზავნა ლაზიკის მიმართულებით, უჭირდათ. (აქ მოცემული სტატია წარმოადგენს საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები", 25-27 ოქტომბერი, 2017 წელი. თბილისი, 2018. დაბეჭდილ მიმოხილვას, იგივე დასახელების ვრცელი ნაშრომის მოკლე გეგმას)

ნ. ხოფერია - ფრანკი მოქირავნეები საქართველოში (XI ს.)



XI საუკუნის დასაწყისიდან, დასავლეთ ევროპელი მოქირავნე მეომრები ბიზანტიის ჯარის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ. ისინი ემსახურებოდნენ იმპერატორებს, მონაწილეობდნენ ბიზანტიურ სამხედრო კამპანიებში. ხშირად, მათი აჯანყებები საფრთხესაც კი უქმნიდა იმპერიას (რიჩარდი 1952: 171). მოქირავნე ფრანკების გამოყენება აღმოსავლეთში სხვა ქრისტიანულმა და ისლამურმა სახელმწიფოებმაც დაიწყეს. მათ შორის, საქართველომაც. განსაკუთრებით ცნობილია 1121 წელს, დიდგორის ბრძოლაში, ფრანკების მონაწილეობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევა XI საუკუნის საქართველოს ისტორიაშიც შეიძლება მოვიძიოთ.  

პომპეუსის სამხედრო კამპანია იბერიაში (ძვ.წ. 65 წ.)


ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებში, იბერიის სამეფო, თავისი ძლიერი მეზობლების, პონტოსა და დიდი სომხეთის სამეფოების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი და დიდი სომხეთის მეფე ტიგრან II დიდი, რომლებიც ერთმანეთის მოკავშირეები და ნათესავები იყვნენ, დიდ ტერიტორიას აკონტროლებდნენ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. პონტოს ელინისტური სამეფო, რომელიც მანამდე მცირე, პერიფერიულ სამეფოს წარმოადგენდა, მითრიდატე ევპატორის მმართველობისას იმპერიად ჩამოყალიბდა. მითრიდატემ დაიპყრო ყირიმის ნახევარკუნძული, კოლხეთი, მცირე აზიის დიდი ნაწილი და ბოლოს დაპირისპირებაც მოუხდა მცირე აზიაში რომაელთა მოკავშირე სამეფოებთან. რომაელებმა, რომელთაც ყოფილი პერგამონის სამეფოს ტერიტორიაზე პირველი აზიური პროვინცია, „აზია“ დაარსეს, მალე მითრიდატესთან ომში ჩაერთვნენ. პონტოსთან ომი ხანგრძლივი და რთული გამოდგა. რომაელებს სამი ომის ჩატარება დასჭირდათ მითრიდატეს, მისი მოკავშირის ტიგრან II-სა და კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის უფრო მცირე სამეფოების დასამარცხებლად და რომის გავლენის ქვეშ მოსაქცევად.

ლაზიკის ომი (541-562 წწ.): ფაქტების მიმოხილვა და ქრონოლოგია


VI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ორი უდიდესი იმპერია – ბიზანტია და სასანური ირანი ეცილებოდა. სამხედრო დაპირისპირების არეალი მოიცავდა კავკასიას და ადგილობრივ ქართულ სახელმწიფოებსაც. აქ არსებული სამეფოები ძირითადად ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ ან ერთ, ან მეორე იმპერიასთან, იმის მიხედვით, ვინ იყო უფრო ძლიერი მოცემულ პერიოდში. ეს სიტუაცია ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში შეიქმნა და ფაქტობრივად VII საუკუნის ისლამურ ექსპანსიამდე გასტანა. III საუკუნიდან, როდესაც ირანში სასანიანთა დინასტია გამეფდა, რომთან ბრძოლამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლა. ირანელები უკვე მეტ წარმატებას აღწევდნენ, რასაც ხელს უწყობდა რომის იმპერიის დასუსტება და ორად გაყოფა, ხალხთა მიგრაციები აზიის სტეპებიდან და ჩრდილოეთ ევროპიდან. V საუკუნეში ჰუნებისა და გოთებისგან შევიწროებული აღმოსავლეთ რომის იმპერია და ჰეფთალიტებთან მუდმივ ომებში ჩართული ირანი ერთმანეთთან ფართო დაპირისპირებას თავს არიდებდნენ, თუმცა VI საუკუნის პირველ ნახევარში მათი კონფლიქტის ნიშნები გამოიკვეთა და მალე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.

ქართულენოვანი წიგნები სამხედრო ისტორიაზე (რჩევები)







































სხვადასხვა ეპოქის სამხედრო საქმე ერთ-ერთი პოპულარული საკვლევი თემაა ისტორიულ მეცნიერებაში. სამხედრო ისტორია კარგადაა შესწავლილი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. დიდი ყურადღება ექცევა რუსეთშიც, სადაც არსებობს უზარმაზარი რუსულენოვანი სამხედრო ლიტერატურა. ამ მხრივ, არც ისე კარგადაა საქმე საქართველოში, თუმცა, გამონაკლისებიც მოიძებნება. ამ პოსტში გირჩევთ ათ წიგნს, რომელიც, ჩემი აზრით, სამხედრო ისტორიის ქართველი მკვლევარის თუ მოყვარულის ბიბლიოთეკაში უნდა იყოს.

ბრძოლა ჭარმანიანის ველზე: იბერიულ-სომხური კოალიცია სასანიანთა წინააღმდეგ (483 წ.)

482 წელს, იბერიის (იბერიის) მეფემ, ვახტანგ გორგასალმა სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო მათგან სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. მეფემ სწორად შეარჩია დრო. სპარსეთს მძიმე ვითარებაში იყო ჩავარდნილი აღმოსავლეთში, აჯანყება დაწყებული იყო ალბანეთში და სომხეთშიც უკვე არსებობდა შესაძლებლობა სპარსეთის წინააღმდეგ გამოსასვლელად.

რუსეთის არმიის დეზერტირები საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში

ნაშრომის ძირითადი თემაა რუსეთის არმიის დეზერტირები საქართველოში (XVIII საუკუნის მორე ნახევარში). რუსეთის არმიის საექსპდიციო კორპუსის საქართველოში შემოსვლის შემდეგ (1770-1772 წწ.), მათ რიგებში  დეზერტირობის დაწყების მიზეზები; მისი გავლენა კავკასიის ფრონტის წარუმატებლობაზე. საევაკუაციოდ შემოსული რუსეთის არმიის ნაწილები ქართლ-კახეთში  (1796-1797 წწ.) და რუსი დეზერტირების ახალი ტალღა საქართველოში. რუსი დეზერტირების მნიშნელობა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის; მათი გადმობირების მცდელობები; რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები.

მეფე გიორგი II და საქართველოს სამეფო XI საუკუნის 70-80 იან წლებში


ნაშრომის ძირითადი თემა საქართველოში გიორგი II - ის (1072 – 1089 წწ.) მმართველობის პერიოდია. პირველ თავში საუბარია გიორგი  II - ის მეფობის დასაწყისში მის წინააღმდეგ ფეოდალთა გამოსვლის შესახებ და გაანალიზებულია მეფის მიერ გატარებული პოლიტიკა აჯანყებულთა მიმართ. მეორე თავში შევეხეთ თურქ - სელჩუკებსა და საქართველოს შორის მომხდარ ფარცხისის ბრძოლას, ხაზგასმულია ბრძოლაში გამარჯვების პოლიტიკური მნიშვნელობა; ბრძოლა განხილულია სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით, კერძოდ, დაზუსტებულია მოწინააღმდეგეთა ჯარების რიცხოვნობა. მესამე თავში საუბარია საქართველოს სამეფოს ძალაუფლების გავრცელებაზე მანამდე ბიზანტიელთა ხელში მყოფ ტერიტორიებზე : კლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთის სიმაგრეებზე, ანაკოფიის ციხესა და კარის (ვანანდის) სამეფოზე; მიმოხილულია ამ თემაზე ისტორიოგრაფიაში არსებული ლიტერატურა. უკანასკნელ, მეოთხე თავში  საუბარია საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ  XI საუკუნის 70 - იანი წლების მიწურულიდან დაწყებული თურქ - სელჩუკთა ახალი აგრესიის შესახებ (ე.წ „დიდ თურქობა“), ხაზგასმულია რეგიონში საქართველოსთვის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება; გაანალიზებულია გიორგი II – სა და სულთან მალიქ-შაჰს (1072 - 1092) შორის დადებული შეთანხმების ხასიათი და ჩვენი ქვეყნისათვის მისი მნიშვნელობა.                 

ქართველთა და მონღოლთა დაპირისპირება ხუნანის ველზე


 ნაშრომის ძირითადი თემაა საქართველოში მონღოლთა პირველი გამოჩენა და მათი შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებთან. განხილულია მონღოლთა გაერთიანებისა და სამხედრო ასპარეზზე წარმატების მიზეზები; შედარებულია მომთაბარე და ფეოდალური ტიპის არმიების სტრუქტურა და ტაქტიკა; მონღოლთა ზოგადი ტაქტიკისა და მათი გადახდილი ბრძოლების აღწერის საფუძველზე ახსნილია ხუნანის ველზე ქართველთა დამარცხების მიზეზები. 

იბერიელები, ჭანები და აბაზგები რომის არმიაში Notitia Dignitatum-ს მიხედვით (IV ს.)

































Notitia Dignitatum („თანამდებობების ნუსხა") გვიანდელი რომაული დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია იმპერიის სამხედრო და ადმინისტრაციული სტრუქტურა. „ამ ნუსხაში შეტანილია ყველა ის თანამდებობა, რომელიც კი არსებობდა, და ყველა ის სამხედრო განაყოფი, რომლებიც იდგა ამა თუ იმ ადგილას; თანაც დასახელებულია ის გეოგრაფიული პუნქტები, სადაც სამხედრო ნაწილები იდგა"(გეორგიკა I, 168). Notitia Dignitatum  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა იმ პერიოდის დიდი ბრძოლების შესასწავლადაც, მიუხედავად იმისა, რომ ის ადრიანოპოლის ბრძოლის (378 წ.) შემდგომ წლებშია დაწერილი, ისტორიკოსებს დიდი დახმარება გაუწია ამ ბატალიაში რომაელთა არმიის შემადგენლობისა და სტრუქტურის შესწავლის საქმეში(S. MacDowall, Adrianople AD 378. Oxford, 2001, 17.). ასევე ფრიგიდუსისა (394 წ.) და სხვა ბრძოლების შესწავლისას. Notitia Dignitatum-ს V საუკუნოვანი ხელნაწერი შემორჩენილი არ არის, მაგრამ ეს დოკუმენტი მრავალჯერ არის გადაწერილი შუა საუკუნეების განმავლობაში. მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო არის ე.წ. Cosmographia Scoti, XV საუკუნის დოკუმენტი (პიეტრო დონატოს მიერ), ასევე 1542 წლის ბავარიული ხელნაწერი. 
Notitia Dignitatum-ში მოცემულ სიებში, მრავალი საინტერესო სახელწოდების და სიმბოლოების სამხედრო შენაერთები გვხვდება, მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც რომაული სამყაროს გავლენის ფარგლებში მოქცეულ სამხრეთ კავკასიას უკავშირდება. ამ სტატიაში განვიხილავთ ამ შენაერთებს, მათი დისლოკაციის წერტილებს და სიმბოლოებს.

ნიკა ხოფერიას საჯარო ლექცია „ბრძოლა პეტრასათვის (535-551)"



 29 ნოემბერს, 18:00-ზე საქართველოს ეროვნულ არქივში (მის. ვაჟა-ფშაველას #1) საჯარო ლექციას თემაზე: „ბრძოლა პეტრასთვის (535-551 წწ.) და გვიანანტიკური ხანის საალყო ხელოვნება“, წაიკითხავს ნიკა ხოფერია.

ლაზიკის (ეგრისის) ომი ბიზანტიის იმპერიასა და სასანურ სპარსეთს შორის გვიანანტიკური ხანის სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ისტორიული მოვლენაა. ლაზიკის ომი 21 წელიწადი გაგრძელდა და ის ძირითადად ლაზიკის სამეფოში, თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომში მონაწილეობა მიიღო მრავალმა ბიზანტიელმა და ირანელმა მხედართმთავარმა და გაიმართა სხვადასხვა კატეგორიის ბრძოლა: საალყო თუ საველე, შესაბამისად, ლაზიკის ომი სამხედრო ისტორიკოსებისთვის საინტერესო მასალას იძლევა. ლაზიკის ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართა ციხე-ქალაქ პეტრას გარშემო. პეტრა ლაზიკაში ბიზანტიელთა სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი და ლაზიკის გასაღები იყო. ლაზიკის ომში გამართულ ბრძოლებს შორის, პეტრას გამორჩეული ადგილი უჭირავს არა მხოლოდ მისი ხანგრძლივობით, არამედ საბრძოლო მოქმედებათა სიმძაფრითა და საალყო მეთოდთა მრავალფეროვნებით. ლექციაში მიმოხილული იქნება ციხე-ქალაქ პეტრას სტრატეგიული მნიშვნელობა, ეკონომიკური ფუნქცია, დაარსების ისტორია და გვიანანტიკური სამხედრო-საალყო ხელოვნება პეტრას ალყის მიხედვით. დასწრება თავისუფალია

ლიპარიტ ბაღვაში და თურქულ-ბიზანტიური დიპლომატიური ურთიერთობის დასაწყისი


























1048 წელს, ბასიანის მხარეში, კაპუტრუს ციხესთან, გაიმართა ბრძოლა ბიზანტიელებსა და თურქ-სელჩუკებს შორის. თურქ-სელჩუკებმა მოხერხებული დრო შეარჩიეს ბიზანტიის სომხური სამფლობელოების დასალაშქრად. ამ დროს ბიზანტიის ძირითადი სამხედრო ძალები სომხეთიდან იყო გაწვეული ლეონ თორნიკიოსის აჯანყების ჩასახშობად. შესაბამისად, კაპუტრუს ციხესთან ბრძოლაში გამარჯვება სელჩუკებს დარჩათ. მათმა სარდალმა, თოღრულ-ბეგის ძმამ (დედით), იბრაჰიმ ინალმა, მრავალ ბიზანტიელ პატრიკიოსთან ერთად, ტყვედ იგდო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე სელჩუკებთან ბრძოლაში, კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. ლიპარიტი შეეცადა თავი გამოესყიდა, მაგრამ ასეთი ძლიერი ფეოდალის და ბიზანტიელთა მოკავშირის დათმობა იბრაჰიმ ინალს არ სურდა. მან ლიპარიტი სულთან თოღრულ-ბეგს წარუდგინა.