რუსეთის არმიის დეზერტირები საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში

ნაშრომის ძირითადი თემაა რუსეთის არმიის დეზერტირები საქართველოში (XVIII საუკუნის მორე ნახევარში). რუსეთის არმიის საექსპდიციო კორპუსის საქართველოში შემოსვლის შემდეგ (1770-1772 წწ.), მათ რიგებში  დეზერტირობის დაწყების მიზეზები; მისი გავლენა კავკასიის ფრონტის წარუმატებლობაზე. საევაკუაციოდ შემოსული რუსეთის არმიის ნაწილები ქართლ-კახეთში  (1796-1797 წწ.) და რუსი დეზერტირების ახალი ტალღა საქართველოში. რუსი დეზერტირების მნიშნელობა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის; მათი გადმობირების მცდელობები; რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები.

                                              შესავალი

1768-1774 წლებში იწყება ომი რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის. რუსეთის მიზანს წარმოადგენდა შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობის მოპოვება. რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის მოკავშირედ გამოდიან საქართველოს სამეფოები, იმერეთი და ქართლ-კახეთი. ამის საფუძველზე საქართველოში შემოდის რუსეთის არმიის საექსპედიციო კორპუსი (1770-1772 წწ.). საექსპედიციო კორპუსის გენერლების წარუმატებელმა მოქმედებებმა კორპუსის მდგომარეობა უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა, რასაც მოჰყვა მისი განახევრება, არა როგორც დაღუპულების სიმრავლის გამო არამედ კორპუსიდან სამხედროების გაქცევის გამო (პირველ ეტაპზე კორპუსის გენერალი იყო გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი, მისი გაწვევის შემდეგ კი ალექსი სუხოტინი). ამის შედეგად ჩნდებიან საქართველოში რუსეთის არმიის დეზერტირები, მათი მიახლოებითი რაოდენობის დასადგენად შედარებული გვაქვს კორპუსის რაოდენობა შემოსვლიდან-გასვლამდე. 
ჩვენ ყურადღებას იპყრობს ასევე რუსეთ-ირანის ომი (1796 წ.), რომელიც წარმოადგენდა ბრძოლას ამიერკავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად.   ომის ნაადრევად დასრულების შემდეგ რუსეთის არმიის ნაწილიები საევაკუაციოდ შემოდიან საქართველოში. ყოველივეს  უკავშირდება რუსი  დეზერტირების ახალი ტალღა   საქართველოში.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში მყოფი რუსი დეზერტირებისგან სარგებლობის მიღებას ცდილობდა ერეკლე მეორე, მან თავის სამხედრო სამსახურში ჩააყენა ხსენებული რუსი ჯარისკაცები და გააძლიერა არტილერიის ხვდერითი წილი.
მართალია უამრავი ნაშრომი არსებობს ერეკლე მეორესა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე XVIII საუკუნის მეორე ნახვეართან დაკავშირებთი, თუმცა ზემოთ ხსენებული თემა  ჩრდილოვან მხარეს წარმოადგენს.        
ჩვენ თემასთან  დაკავშირებით   მნიშნელოვანია   ალ. ცაგარელის გამოცემული რუსულ-ქართული სიგელები და სხვა ხასიათის წყაროები[1], რომლებშიც  თავმოყრილია ამ  პერიოდის დოკუმენტები. დეზერტირებთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას მივაკლვიეთ ასევე ბუტკოვის ნაშრომში[2]. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ქართლ-კახეთის სამეფოს ოფიციალურმა  წერილებმა რომლებიც  მოიპოვება ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით გამოცემულ წიგნში[3], მასზე მუშაობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება.
ჩვენთვის საინტერესო წყაროს მივაკლვლიეთ  ასევე ნიკო ბერძენიშვილის მიერ გამოცემულ დოკუმენტებში[4]. მნიშვნელოვან ცნობას წარმოადგენს ასველე იესე ბარათაშვილის გადმოცემა რუსი სამხედროების შესახებ[5]. ზოგადი ისტორიოგრაფიის მიმოხილვისას გამოვიყენეთ პოტტოსა[6] და პოტემკინის[7] ნაშრომები.   საქართველოს ისტორიის ნარკვევები[8], ვალერიან მაჭარაძის წიგნები[9]. ერეკლე მეორის მიერ არტილერიის დაარსებაზე საუბრისას  ვიხელმძღვანელეთ  აპოლონ თაბუაშვილის ნაშრომით[10].       
უშუალოდ საქართველოში მყოფ რუს დეზერტირების თემასთან დაკავშირებით არ არსებობს სამეცნიერო ლიტერატურა, ისტორიოგრაფიისათვის ეს ნაშრომი წარმოადგენს სიახლეს და პირველ მცდელობას გარკვეული მონახაზი შევქმნათ მათზე, ზემოთ  მოყვანილ   სხვადასხვა წყაროებზე  დაყრდნობით.        
           

                              I. რუსეთის არმიის შემოსვლა საქართველოში    

XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან იცვლება პოლიტიკური მდგომარეობა ამიერკავკასიაში.  ირან-ოსმალეთის სადავო ტერიტორიებზე[11] გავლენის მოპვებას, ახალი ძალა, რუსეთის იმპერია ცდილობს. ამ პერიოდში ირანი დეცენტრალიზებული, ანარქიაში მყოფი სახელმწიფოა[12], ამიტომაც რუსეთის იმპერია პირველად ოსმალეთს უპირისპირდება, მათ დაპირისპირებაში მთავარ ფაქტორს შავი ზღვის საკითხი წარმოადგენდა, რუსეთი აღმავალი გზით მიიწევს წინ და ცდილობს გავლენის სფეროების გაფართოვებას[13].       
რუსეთის ეკონომიკური განვითარებისთვის შავ ზღვაზე გასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ამ გზაზე კი მას ხელს უშლიდა ოსმალეთის იმპერია.  როგორც ერთი რუსი დიპლომატი იტყოდა: ოსმალეთი ისე უფრთხილდებოდა შავ ზღვას „როგორც წმინდა და შეუბღალავ ქალწულს, რომელთანაც მიკარებას ვერავინ ბედავდა. სულთანი თავის სასუფეველში უფრო შეუშვებდა ვისმე, ვიდრე დათანხმდებოდა უცხოელთა ნაოსნობას შავი ზღვის წყლებში. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ მაშინ, თუ ოსმალეთის იმპერია თავდაყირა დადგებოდა[14]“.   სწორედ შავი ზღვის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი,  რუსეთ-ოსმალეთის ომის,  1768-1774 წლებში. რადგანაც ეკატერინე II-ის (1762-1796) მთავრობას არ ჰქონდა ევროპული სახელმწიფოების დახმარების იმედი, ისინი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ იმ ქრისტიანებში, რომლებიც მრავლად იყვნენ ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში, რის შედეგადაც მაქსიმალურად გააფართოვებდნენ საბრძოლო მოქმედებების არეალს და ხელს შეუშლიდნენ ოსმალეთის ჯარებს კონცენტრაციულად მოქმედებაში. 
კავკასია XVIII ს. მეორე ნახევარში (ნიკა ხოფერიას რუკა)

ორი დიდი იმპერიის დაპირისპირებაში თავისი როლი ითამაშეს იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოებმაც, რუსეთის იმპერიისა და ქართული სამეფოების ინტერესები თანხვედრაში მოდიოდა. იმერეთის მეფე, სოლომონ პირველი (1752-1784),   რუსეთის ხელშეწყობით იმედოვნებდა თავისი ქვეყნის განთავისუფლებას ოსმალური  ბატონობისგან და შიდა პოლიტუკური საკითხების მოგვარებას, ხოლო რაც შეეხება ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეს (1762-1798), ის ცდილობდა შემოეერთებინა ახალციხის საფაშო[15] და კიდევ უფრო განემტკიცებინა თავისი გავლენა ამიერკავკასიაში.    
რუსი და ქართველი ხახლის ურთიერთობის ისტორია ახალ ფაზაში გადადის, რაც გამოიხატა რუსეთის არმიის საექსპედიციო კორპუსის საქართველოში შემოსვლით  და საერთო საბრძოლო მოქმედებების წარმართვით. თავდაპირველად ეკატერინე II-ის, 1769 წლის 27 მარტის, ბრძანებულებით საქართველოში იგზავნება მცირე რაზმი:  
                                            „ გენერალი ან  შტაბ-ოფიცერი - ერთი კაცი,        
                                              ქვეითი ასეული - 159 კაცი,
                                              დრაგუნთა - 92 კაცი,
                                              ჰუსართა - 85 კაცი,   
                                              6 ქვემეხის მომსახურე პერსონალი - 72 კაცი,     
                                              საინჟინრო ჯარის პოდპორჩუკი - 1 კაცი,
                                              მკურნალი - 1 კაცი,  
                                              სულ : 411 კაცი
[16]“.     
რუსეთის არმიის საექსპედიციო კორპუსის შემოსვლის უმთავრეს მიზანს   წარმოადგენდა: ქართული სამეფოების დარაზმვა ოსმალეთის წინააღმდეგ, ფსიქოლოგიურად და მორალურად მათი გამხნევება, მატერიალური დახმარების გაწევა. თუმცა რაზმის ეს რაოდენობა საკმარისი არ იყო ზემოხსენებულის შესასრულებლად. ერეკლე მეორეს სჭირდებოდა რეალური ძალა, რათა თამამად ემოქმედა და ომში ჩაბმულიყო.  გარემოებისა და ვითარების  გათვალისწინებით, 1769 წლის 22 ოქტომბერს, იმპერატრიცამ გასცა ბრძანებულება, რომლის მეხედვითაც საქართველოში უნდა შემოსულიყო დამატებითი რაზმი, მათი რაოდენობა კი შენდეგნაირია:    

                             „
ტომსკის პოლკიდან   -   2093 კაცი,
                              მუშკეტერთა ერთი ასეული   -   164 კაცი,   
                              კარაბინერთა ორი ესკადრონი  -    361 კაცი,           
                              ჰუსართა ორი ესკადრონი   -   369 კაცი,       
                              ორასი დონის კაზაკი ოფიცრით   -   201 კაცი,        
                              სამასი ყალმუხი[17]  ოფიცრებით    -   311 კაცი,        
                              არტილერიის მომსახურე პერსონალი   -   288 კაცი,                    
                                                                                             სულ: 3767 კაცი
[18]“.     
რუსეთ-საქარათველოს საერთო საბრძოლო მოქმედებების წარმართვა ვერ გამოდგა წარმატებული, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე გარემოებით. გენერალი ტოტლებენი რომელიც მეთაურობდა საქართველოში მყოფ რუსულ კორპუს, ვერ შეეწყო შთამომავლობით ქართველ ოფიცრებს, რომლებიც მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ და მათ ერეკლე მეორეს სასარგებლოდ მოქმედებაში ადანაშაულებდა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაც შეგვიძლია გავიხსენოთ - 1769
წლის ნოემბრიდან 1770 წლის თებერვლამდე პოდპოლკოვნიკი . ჩოლოყაშვილი, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელ ანტონ თარხან-მოურავთან ერთად თბილისში იმყოფებოდა. ერეკლეს მისთვის იარაღის საწყობები უჩვენებია და არტილერიის გამართვის საქმეში დახმარება უთხოვია. . ჩოლოყაშვილს ამ საკითხზე პატაკი გაუგზავნია ტოტლებენისთვის. ეს პატაკი საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის ტოტლებენმა . ჩოლოყაშვილი სასწრაფოდ მეჯვრისხევში დაიბარა და დააპატიმრა. 1770 წლის 6 თებერვალს გრაფ ჩერნიშოვისთვის გაგზავნილ მოხსენებაში ტოტლებენი წერდა: ჩემი ბრძანებების მიუხედავად . ჩოლოყაშვილი კვლავ ტფილისში რჩება და ერეკლეს ზარბაზნების კეთებასა და ლაფეტზე გაწყობას ასწავლისო, მე სასწრაფო ბრძანება გაუგზავნე დაბრუნებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დავაპატიმრებ და მოზდოკში გავგზავნიო[19]”. შესწავლილი მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ არტილერიის პოდპოლკოვნიკმა . ჩოლოყაშვილმა და თავადმა თარხან მოურავმა მიზანმიმართულად იკისრეს დავალების შესრულება. ისინი ერეკლე მეფეს ზარბაზნების მორტირების გაკეთებასა და გამოყენებას ასწავლიდნენ. როგორც ჩანს ამ გარემოებით ხელმძღვანელობდა ტოტლებენი ახალციხის კამპანიის დროს, როცა მან მიატოვა ერეკლე მეორე, 1770 წლის, 19 აპრილს აწყურში.

II. რუსეთის არმიის დეზერტირების პირველი ტალღა საქართველოში

რუსეთის არმიის საექსპედიციო კორპუსის საბრძოლო მოქმედებებიდან, ჩვენთვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ფოთის ციხის ალყა. ამ ციხის გარემოცვა საკვანძო ეტაპი იყო საქართველოში მყოფი რუსეთიის არმიისთვის. შეგნებულად გვერდს ავუვლით ციხის მნიშვნელობაზე საუბარს, ჩვენთვის უფრო საყურადღებოა  ის შედეგები, რაც ამ კამპანიას მოჰყვა. პირველად კორპუსის გენერალმა, გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენმა, მოინდომა ფოთის დაკავება და 1770 წლის 3 ოქტომბერს ციხეს ალყა შემოარტყა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და 1771 წლის 6 თებერვალს ალყა მოხსნა. კორპუსი მეტად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, რაც გამოწვეული იყო მომარაგების[20] პრობლემით. გენერალი ტოტლებენის გაწვევის შემდეგ, კორპუსის მეთაურად საქართველოში ჩამოვიდა გენერალი ალექსი სუხოტინი. 1771 წლის 5 ივნისს სუხოტინი ჯარის მდგომარეობის შესახებ პანინს აცნობებდა: „ჯარისკაცები უკარვოდ, უტანსაცმლოდ, არავითარი ჩინი, არც ერთი ცხენი, არც ერთი უნაგირი (გარდა იმისა, რომ ცხენები გაიტაცეს, უნგირებიც დაიწვა ხონში), არც ერთი ჩარჩიკი, ქვემეხები უთოფისწამლოდ, ჯარისკაცები უთოფისწამლოდ, არც ერთი ცალი სასანგრო იარაღი, ხაზინა მთლიანად ვალშია, არ არის არავითარი აღრიცხვა. გაუშიშვლებია რა კორპუსი, მაბარებს იქამდე უძლურს, რომ ბევრი არ მრჩება, მეც მალე მისი [ტოტლებენის] ამხანაგი გავხდე ამ მხარეში უსარგებლო ყოფნით; მაგრამ ამასაც არ სჯერდება, შეეცადა სხვადასხვა ხრიკებით, ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდების რუსეთში გაგზავნით, დაესუსტებია კორპუსი; მეც მიმზადებდა ნიადაგს მეფეებთან წასაჩხუბებლად, მარწმუნებდა _ მეფეები მოღალატეებიაო[21]“. ამასთანვე  სუხოტინი სამხედრო კოლეგიას პატაკით აცნობებდა: „ტოტლებენმა 33.704 მანეთი ვალი დატოვა, გაურკვეველია, რაზე დაიხარჯა 17.131 მანეთი, ხაზინას სახეზე ჰქონდა 11.579 მანეთი, საჭირო იყო 117.216 მანეთი. კორპუსს უნდა ჰყოლოდა 1508 ცხენი, ჰყავდა 119, სჭირდებოდა კიდევ 1389[22]“. სუხოტინის ჩამოსვლის შემდეგ ერკლემ დახმარება გაუწია რუსეთის არმიას რაც გამოიხატა მთიელთა საკითხის მოგვარებით, გადაიჭრა მომარაგების პრობლემაც და კორპუსის მდგომარეობა შედარებით  გაუმჯობესდა.  
ერეკლე II
სოლომონ I
გენერალი სუხოტინი ტოტლებენის მსგავსად აუცილებლობად მიიჩნევდა ფოთის ციხის დაკავებას. 1771 წლის შუა ზაფხულში, მან დაიწყო  ციხის გარემოცვა, ციხის აღება ვერც მეორე მცდელობისას მოხერხდა და ოქტომბერში სუხოტინმა ალყა მოხსნა. ისედაც გადაღლილ ჯარისკაცბს ახალი პრობლემა გაუჩნდათ - ციებ-ცხელება. დაავადება მასიურად გავრცელდა და თავად გენერალი სუხოტინიც კი დაავადდა. ციებ-ცხელება გამოწვეული იყო გარემოპირობებით[23]. ამ ვირუსმა „გადამწყვეტი“ როლი ითამაშა  მეორე ალყის წარუმატებლობაში. 1771 წლის 20 ოქტომბრის მოხსენებითა და უწყისით გენერალი სუხოტინი სამხედრო კოლეგიას კორპუსის მდგომარეობას აცნობდა:      
                                
                                  „მოკლულ იქნა   -   4 კაცი,  
                                  დაიჭრა   -   15,          
                                  ავადმყოფობით და ჭრილობებით მოკვდა   -   293,                   
                                  გაიქცა   -   57, 
                                  სახეზეა ჯანმრთელი - 782,
                                  ავადმყოფი   -   1934[24]“.        
სუხოტინის მოხსენება რამდენად სარწმუნოა რთულია ამაზე საუბარი, თუ უშუალოდ საალყო მოქმედებების დროს, დაიღუპა 4 კაცი და დაიჭრა 15, რამდენად მართებული უნდა იყოს რომ ავადმყოფობით და ჭრილობებით დაიღუპა 293? გენერალი შეიძლება უფრთხილდება თავის ავტორიტეტს და შეგნებულად ზრდის დაღუპულების რიცხვს, რათა გადაფაროს გაქცეული სამხედროების რაოდენობა. ჩვენი აზრით, გენერალი სუხოტინი ვერ ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას თავს და კორპუსი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა რომ ბევრი სამხედრო გაექცა, პრობლემის მოსაგვარებლად კი ერთადერთ გამოსავლად  ალყის მოხსნა რჩებოდა.               
კორპუსის მდგომარეობას უკეთესად წარმოაჩენს კაპიტანი ლვოვი, პანინის მიმართ მიწერილ მოხსენებაში. ის საუბრობს ხელფასების გადაუხდელობის პრობლემაზე, ასევე ტანსაცმლის არქონაზე, წამლების უკმარისობაზე. ყოველივე ამის გამო კი ჯარისკაცებს უწევდათ მუნდირისათვის სათაკილო საქმის კეთება, მაგალითად ისინი ჩეხდნენ შეშას და ყიდდნენ ქართველებზე, გლეხებს ეხმარებოდნენ ბალახის მოთიბვაში, რითაც თავს ირჩენდნენ[25].  ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი  მხოლოდ სუხოტინი როდია, მისი წინამორბედისგან მას რთული მემკვიდრეობა ერგო. სუხოტინის მიერ დასახელებულ „57“ გაქცეულ სამხედროს დროთა განმავლობაში სხვა ჯარისკაცებიც უნდა შემატებოდნენ, ამას მოწმობს კაპიტანი ლვოვის შემდეგი მოხსენებაც პანინისადმი, ამონარიდი წერილიდან :           
მისი აღმატებულება ბატონი სუხოტინი თავისი კორპუსით იმყოფება ანანურში, საიდანაც ხვალ აპირებს გასვლას. თქვენო ბრწყინვალებავ, რიგითების გაქცევა იმდენად გახშირდა , რომ იშვიათია დღე, როდესაც რამდენიმე დეზერტირმა არ დაგვტოვოს, ამჟამად აქაური კორპუსი იმდენად შემცირდა რომ ყველა ჩინიდან შეადგენს არაუმეტეს 2000 კაცს[26]“. კარგად გავიხსენოთ საქართველოში შემოსული კორპუსის მთლიანი რაოდნობა, დაახლოვებით 4000 კაცი, მათი საქართველოდან გაწვევის მომენტში - 2000 კაცი. იმ ფონზე, როცა მათ თითქმის არ ჰქონიათ მძიმე შეტაკება ოსმალებთან, გაკვირვებას იწვევს  ასეთი დისბალანსი. 
ეკატერინე II
წერილი დაწერილია 1772 წლის, 10 ივლის, ამიტომაც ვვარაუდობთ რომ დროთა განმავლობაში დეზერტირების რიცხვი ინტესიურად იზრდებოდა. კაპიტანი ლვოვი 1772 წლის, 29 სექტემბერშიც, უგზავნის მოხსენებას პანინს, რომელშიც ახალ დეტალებზე საუბრობს დეზერტირებთან დაკავშირებით. მოხსენების შინაარსი შემდეგნაირია:   ლვოვის  იმერეთიდან წამოსვლის შემდგომ სოლომონ მეფე მას ატყობინებს  26 გაქცეული ჯარისკაცის შესახებ, რომლებიც გაიქცნენ სუხოტინის კორპუსიდან. ასეთივე 8 ჯარისკაცი თვითნებურად გამოცხადდა სოლომონთან, რომლებიც მანამდე დატყვევებული ჰყავდა დადიანს. დადიანთან კიდევ იმყოფებოდნენ სხვა დეზერტირებიც, რომლებსაც ოსმალებზე ყიდდა. ამ 8 ჯარისკაცმა  როგორც კი დრო იხელთა გაქცევა მოახერხა. სოლომონ პირველს  არ ჰქონდა  სათანადო რესურსი დაეჭირა კორპუსიდან გაქცეული სხვა სამხედროები, ამიტომაც ერეკლე მეორეს სთხოვა მათი დაჭერა, შემდგომად კი სოლომონი იმედოვნებდა ჯარისკაცების ერთად შეკრებას და მათ რუსეთში დაბრუნებას[27].  მართალია ჩვენ არ მოგვეპოვება ის ცნობა რომელიც სოლომონმა გაუგზავნა ლვოვს, მაგრამ ამ საკითხს უნდა უკავშირდებოდეს სოლომონ პირველის წერილი - პანინის მიმართ, რომელიც დაწერილია 10 სექტემბერს, ზემოთხსენებული მოხსენებამდე 3 კვირით ადრე : „... რომ ჟამსა აქ ყოფნისა სრულიად რ~ს კორპუსის, რომელნიმე მცირენი, ვითარცა კაცი, განსაცდელი რაიმე შემთხვევიათ აფიცართ და მის გამო დაჭირულნი შეიქმნენ მაიორი ბობღარტინი, კაპიტანი ღეიკნი, პორჩუკი ალექსევ, აქიმი შმიტი და აფიცარი ოზერევიცა. და ვინადგან დანაშაულობა მათი იყო არა თუ სავნებელი რაისამე უდიდესისა საქმისა და მოთმინებითაცა აქვე საპყრობილესა შინა გარდახდათ, ვევედრები თქვენს ბრწყინვალებას, თუმცა იქმნებოდეს მათი დანაშაულობა, იგი მიეტეოსთ და ეპატიოსთ, ამისთვის, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში, არა მათ, ა~დ ყოველთა სამსახურისთვის წესისა თვისისა, მიიღეს მოუსვენებლობა[28]“. თუ ეს ოფიცრები სწორედ ის დეზერტირები არ არიან, სხვა რა მიზნით უნდა აღელვებდეს სოლომონს და რატომ უნდა ითხოვდეს მათ განთავისუფლებას? როგორც ჩანს სოლომონი გრძნობს პასუხისმგებლობას ამ სამხედროების მიმართ, იმიტომ რომ ისინი თვითნებურად გამოცხადნენ მასთან, სოლომონმა კი ისინი სუხოტინს გადასცა. ფოთის კამპანიის შედეგები უმძიმესი აღმოჩნდა საექსპედიციო კორპუსისთვის, მათ დაკარგეს ბრძოლისუნარიანობა, რომლის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა უდისციპლინობა[29]. ძნელია იმ სამხედროების გაკიცხვა რომლმებიც თავის გადარჩენას ცდილობდნენ არსებულ ვითარებაში. კავკასიის ფრონტი ზარალის მეტს არაფერს აძლევდა რუსეთის იმპერიას, ამიტომაც ლოგიკური იყო საექსპედეიციო კორპუსის უკან გაწვევა, ომის დამთავრებამდე ორი წლით ადრე, 1772 წელს, ამას ის გარემოებაც ემატებოდა რომ მთავარ ფრონტზე, ბალკანეთში და ყირიმში რუსეთის არმიამ გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია და კავკასიის ფრონტი უწინდელ მნიშვნელობას კარგავდა.

III. რუსი დეზერტირების მეორე ტალღა საქართველოში

XVIII საუკუნის ბოლო წლებში ირანის სახელმწიფომ მოახერხა კვლავ გაერთიანება, ამ ყველაფრის შემოქმედი იყო აღა მოჰამედ ხან  ყაჯარი. მან  ირანის ცენტრალური და ჩრდილოეთ ნაწილის გაერთიანების შემდეგ ილაშქრა ამიერკავკასიაში, რათა გზა გაეკაფა შაჰინ-შაჰის ტიტულისთვის, 1795 წელს კი კრაწანისის ბრძოლაში დაამარცხა ერეკლე მეორეც, გაძარცვა თბილისი და უკან ირანში გაბრუნდა. რუსეთის იმპერია ვერ შეეგუებოდა ირანის გავლენის ხელახალ დამკვიდრებას ამიერკავკასიაში, ამიტომაც 1796 წლის აპრილში დაიწყო რუსეთ-ირანის ომი, რომელიც იმავე წლის ნოემბერში შეწყდა. მიუხედავად საყოველთაო მოლოდინისა, რომ 13.000-იან რუსულ შენაერთს სათავეში გამოცდილი გენერალი გუდოვიჩი ჩაუდგებოდა, დედოფალმა მისი საყვრლის, თავადი ზუბოვის, რჩევით ექსპედიციის მეთაურად მისი უმცროსი ძმა, თავადი ვალერიან ზუბოვი დანიშნა. რუსეთის ჯარი 1796 წლის აპრილში ყიზლარისკენ გაემართა და 10 მაისს მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე, დერბენტი აიღო. შუა ივლისისთვის ზუბოვის ჯარებმა დღევანდელი აზერბაიჯანის თითქმის მთელი ტერიტორია დაუბრკოლებლად გაიარეს, მათ შორის მთავარი ქალაქები: ბაქო, შემახა და განჯა. ნოემბრისთვის ისინი მტკვრისა და არაქსის შესართავთან დაბანაკდნენ, საიდანაც ირანის ძირითად ტერიტორიაზე უნდა მიეტანათ იერიში. სწორედ ამ თვეში გარდაიცვალა რუსეთის დედოფალი, ხოლო ტახტის მემკვიდრე პავლე I-მა, რომელსაც სძულდა ზუბოვები და არმიისთვის სხვა გეგმები ჰქონდა, უბრძანა ჯარს უკან, რუსეთში დაბრუნებულიყო. უკან დახევის ბრძანებამ გავლენიანი ზუბოვებისა და კამპანიაში მონაწილე სხვა ოფიცრების უკმაყოფილება გამოიწვია[30]. რუსეთის არმიის უკან გაწვევა დროში გაიწელა, რადგან ირანს არ მისცემოდა ამიერკავკასიაში კვლავ გაბატონების შესაძლებლობა. კორპუსის ნაწილები საევაკუაციოდ საქართველოსაკენ და ბაქოსაკენ დაიძრნენ[31].   
გენერალი გოტლიბ ჰაინრიხ ტოტლებენი
სწორედ ამ  მოვლენებს უკავშირდება  რუსეთის არმიის დეზერტირების ახალი ნაკადის გამოჩენა საქართველოში. არმიის ნაწილები ქართლ-კახეთში 1797 წლის შემოდგომამდე იყვნენ, დროის ამ მონაკვეთში კი, როგორც ჩანს ადგილი აქვს კორპუსიდან სამხედროების გაქცევას. ამას ადასტურებას რამდენიმე წყარო, მაგალითად 1797 წლის, 15 სექტემბრის, გენერალ გუდოვიჩის მოხსენება: „საქართველოში მყოფი რუსეთის არმიის რაზმების მეთაურს, პოდპოლკოვნიკ სპეშნევს  გაექცნენ ჯარისკაცები, რომლებსაც მეფე ირაკლი თეიმურაზიჩი მფარველობს. უკვე 36 ჯარისკაცი უპოვნიათ მათთან. მე უკვე მივწერე თხოვნით აღარ მიეღო დეზერტირები, მაგრამ უშედეგოდ[32]“.
ეს მოხსენება ორი თვალსაზრისით არის საინტერესო, ერთი რომ დეზერტირობას ადასტურებს და მეორე, რუსეთის წარმომადგენელი დეზერტირების მფარველობას აბრალებს ერეკლე მეორეს. როგორც ჩანს ამ მოხსენების საფუძველზე გზავნის იმპერატორი, პავლე პირველი, „უკაზს“ ერეკლე მეორესთან,  მაგრამ როგორც შემდგომში დედოფალი დარეჯანის წერილიდან ირკვევა, ქართლ-კახეთში პასუხის გაცემას არ ჩქარობდნენ. დედოფალი დარეჯანი 1798 წელს, იანვრის დასაწყისში პასუხობს[33] პავლე პირველს. ვითარების კარგად  საილუსტრაციოდ გვეხმარება დარეჯან დედოფლის წერილი, მიწერილი ივან ვასილის ძე  გუდოვიჩთან: „ბრწინვალევ გრაფო, მოწყალევ ხელმწიფევ! ქ. მათის იმპერატორების დიდებულების ჩვენის ყოვლად მოწყალის ხელმწიფის უკაზი რომ გამოგეგზავნა ჩვენს მეფესთან, რადგანც სნეულების გამო ამ ჟამად დიდად შეწუხებული იყო, ვერც წაკითხვა შეიძლო და ვერც პასუხის მოხსენება. და ამას წინათ თქვენგან მოსულის წიგნების პასუხიც ამ მიზეზით დარჩა მოურთმევლად, რომ იმ დროსაც სნეული იყო და ვეღარ შეიძლო წიგნზედ ხელის მოწერა, და ამისთვის მე მოვალეობით დიდად შეწუხებულმან გავბედე და მათის იმპერატორების დიდებულებას უმდაბლესად პასუხი მოვახსენე. თქვენ შეტყობილი გექნებათ ახლანდელის ბოძებულის უკაზის ვითარება და ამას ჩვენ თვით უკანონოს მქცევს, უფალს პოდპოლკოვნიკს სპეშნევს ვაბრალებთ, რომ თავის თავის სამართლებლად ჩვენთვის დაუდვია ბრალი. თუმცა არა გვნებავდა იმის მოქმედების გამოცხადება და მოთმინება ვიხმარეთ, მაგრამ, რადგან ამისთანა მოუთმენელი მიზეზი მოგვცა, ყველა ჭეშმარიტებით დავწერეთ უფლის პოდპოლკოვნიკის სპეშნევის მოქმედება და წერილით მოგვირთმევია. თქვენ კარგად შეტყობილი გაქვთ, რომ როდესაც რუსეთის უძლეველი მხედრობა აქედამ გამომგზავრდა, მაშინ ომარხან ექვს აღაჯზე იდგა დაღისტნის ჯარით ჩვენს ქვეყანაზე. აქაური ხალხი დახიზნული იყვნენ სიმაგრეებში და რაც ვნება ამ ქვეყანას შეამთხვია, ისიც მოხსენებული გაქვთ. ამისთანას დროს მოცალება აღარავის ჰქონდა, რომ გაქცეული სალდათები დაეჭირათ და ისეც გავიგონეთ, თუ ვისმე გზაზე შეხვედრია და გაქცული სალდათები მოუყვანიათ, პოდპოლკოვნიკი სპეშნევი მიმყვანს ავად მოპყრობია და დაუშინებია და რადგან თვით ჩვენის შვილებისათვისაც გვსურს, რომ მათის იმპერატორების დიდებულების სამსახურში სცხოვრებდენ, როგორ შეიძლებოდა, რომ ყოვლად მოწყალის ხელმწიფის სალდათი მოგვებირებინა და ჩვენ შეგვენახა?  თქვენ უთუოდ გაგონილი გექნებათ, რომ გაქცეული სალდათები უფრო მრავალნი სხვას საბძანებელში წასულან, იმითაც ეცოდინებოდათ რომ ჩვენ არ შეგვეძლო იმათი შენახვა, და თუ რამდენიმე დარჩომილნი ამ სამეფოს სოფლებში (იყვნენ) დამალულნი, იმათს მოსაძებნელად და დასაჭერად კაცნი გავისტუმრეთ, ამ ჟამად მოიყვანეს,  რომ ახლა მოგებარებათ და დანარჩომთაც მოველით და, რამდენისაც პოვნას შევიძლებთ, იმითაც საჩქაროდ გამოვგზავნით. მოწყალე ხელმწიფევ, თქვენის ბრწყინვალების სამსახურის მოსურნე საქართველოს დედოფალი დარია. იანვარს, წელთა 1798, თელავით[34]“. ქართლ-კახეთის დედოფალიც აღიარებს რომ რუსეთის არმიის დეზერტირები იმყოფებიან საქარათველოში, მაგრამ არ იზიარებს იმ ფაქტს რომ სამეფო ხელისუფლება მათ მფარველობას უწევს და პატრონობს. დარეჯანის წერილის შინაარსი თავის მართლებას უფრო ჰგავს, მიუთითებს რომ გაქცეული სამხედროები სხვა ქვეყნებში აფარებდნენ თავს და ქართლ-კახეთში მათი რაოდენობა მცირე იყო. როგორც ჩანს, დარეჯანს ეს საკითხი მეტად აღელვებდა, ის დახმარბას და შეწევნას სთხოვს იმპერატორის მეუღლეს, მარია თეოდორეს ასულს მიწერილ წერილში[35], ამავეს სთხოვს ალექსანდრე ბეზბოროდკოს[36].          
რუსი კაზაკები. შვიდწლიანი ომის პერიოდი, 1756-63

1770-72 წლებში, რუსეთის რეგურალური არმიის საქართველოში ყოფნისას, შედარებით უკეთ ვიცით რა იყო ჯარისკაცების გაქცევის მიზეზები, მაგრამ რა გახდა მიზეზი 1797 წელს სამხედროების გაქცვის    ბუნდოვანია. შესაძლოა, ირან-რუსეთის ომის ნაადრევმა დასრულებამ  მისცათ მათ ამის საფუძველი. კავკასიის უღელტეხილების გადალახვა, საომარი მოქმედებების წარმატებით წარმართვა, შემდეგ გაურკვეველი არგუმენტებით ომის შეწყვეტა და არმიის უკან გაწვევა ალბათ დამთრგუნველი იქნებოდა ზოგადად სამხედროებისათვის, რამდენიმემ კი ყოველივეს არმიიდან გაქცევით დააღწია თავი და ადგილი იქ დაიმკვიდრეს სადაც დააფასებდნენ.

IV. დეზერტირების გადმობირების მცდელობა

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ თუ რა გარემოებაში, და რა პერიოდში ჩნდებიან საქართველოში რუსეთის არმიის დეზერტირები. საინტერესოა რა მნიშნელობას ანიჭებდნენ საქართველოში მათ ყოფნას ქართველი მეფეები? როგორ გამოიყენეს მათი აქ ყოფნა? ჩვენთვის ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე ეს საკითხი უმნიშვნელოვანესი უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორესათვის.  ბუტკოვი პირდაპირ მიუთითებს რომ ერეკლე მეორემ სწორედ რუსეთის არმიის დეზერტირებისგან (1770-1772 წ.) ჩამოაყალიბა საველე არტილერია:  „საქართველოში რუსეთის არმიის ყოფნისას და მათი რიგებიდან გაქცეული  დეზერტირებისგან მეფე ირაკლიმ ის სარგებლობა ნახა, რომ გამოძებნა საშუალება დაეარსებინა საველე არტილერია, რომელიც შედგებოდა 10 ზარბაზანისგან  და 60-მდე რიგითი მეზარბაზნესგან[37]“. გავიხსენოთ კაპიტანი ლვოვის მოხსენებაც, ერეკლე თავის თავზე იღებს რუსი დეზერტირების დაჭერას, მაგრამ აპირებდა თუ არა მათ გადაცემას რუსეთისათვის? მათი გადმობირება და თოფხანაში შეყვანა ერეკლესათვის რთული საქმე არ უნდა ყოფილიყო[38]. ჩვენი აზრით, მან რუს სამხედროებს ჯამაგირიც დაუნიშნა და შეუქმნა სათანადო პირობები თოფხანაში მსახურობის სანაცვლოდ. მაგალითად, თოფხანაში რუსი ხუროებიც მსახურობდნენ და მათ სახელმწიფოსაგან ჯამაგირი ეძლეოდათ, რაც დასტურდება „ახტალის დანახარჯის წიგნით“ მასში  აღნიშნულია: „ ქ. ამავ თვის ივ. თოფხანის რკინის გასაკეთებლად მჭედელს ხეჩატურას 1 ლიტრა ნახშირისათვის მიუცია ( ორი აბაზი). ქ. ამავ თვის ივ. რუსს ხუროს ტრიფილას და ვასილს თავიანთის ჯამაგირში ბოძებიათ (თუმანი)[39]“. როცა ქართლ-კახეთის სამეფო ხელისუფლება ჯამაგირს უხდის რუს ხუროებს, ამ ფონზე კვალიფიციურ რუს სამხედროებსაც  არ დატოვებდნენ ანაზღაურების გარეშე. ჩვენთვის ხელმისაწვდომია ასევე ინფორმაცია თუ ზოგადად როგორი ჯამაგირი ეძლეოდათ თოფხანაში მომსახურე სამხედროებს: „თოფხანაში განწესებულ სალდათებს ერთს სერჟანტს, ორს კაპრალს და ცხრამეტს სალდათს თავეთ განწესებული სამი თვის ჯამაგირი თერთმეტი თუმანი, ორი მინალთუნი და თოთხმეტი შაური მოეც... მოგვებარა ჩვენ, უნდერ აფიცარს პეტრესა და ჩვნს თაბუნს თოფჩებს თვრამეტს კაცს, ბატონის განწესება კვირაში კაცისთვის ხუთი ჩარექი ღვინო, რომ თვრამეტს კაცის შეიქნება ერთი თვისა ოთხმოცდა ათი თუნგი ღვინო. ერთვი თვის პურიც სამ კაცზე ერთი ლიტრა, რომ იქნება ერთი თვისა თვრამეტი კოდი[40]“.      
რუსი არტილერისტები, შვიდწლიანი ომის პერიოდი, 1756-63

ბუტკოვის ცნობა რომ რეალობასთან ახლოს უნდა იყოს, ამას გვაფიქრებინებს კიდევ ერთი საინტერესო წყარო, იესე ბარათაშვილის გადმოცემა: „შარშან რომ რუსები შემოვიპარე - ივანე პატარა დიღმიდამ, სტეფანე თიანეთიდამ, ნიკოლა ჯინჯილახანიდამ, დიდი ივანე სასტიკის საპყრობილედამ, - მშიერი, შიშველი, სასიკვდილოს მიცემული გამოვიყვანე. ჯერ ეს მიყო ოსე გამიქცია, ახლა ოთხივ ერთად გაიქცნენ და თოფხანაში შევიდნენ; მიბოძა, მარა გემო არა ჰქონდა იმათს-ღა ხლებას და არიან თოფხანაში[41]“. იესეს ზემოთქმული ისტორია დაახლოებით 1780-1781 წლებში უნდა მომხდარიყო, თუმცა აქ საყურადღებო ის არის რომ რუსი სამხედროების არტილერიაში გამოყენების პრაქტიკაზე მიგვანიშნებს. ცხადია ამის შესახებ ერეკლესაც უნდა ცოდნოდა ის ხომ დიდ ყურადღებას აქცევდა თოფხანას, მის ჩაურევლად ასეთი რამ არ მოხდებოდა. არმიის ევროპულად გარდაქმნის გზაზე, უკვე გამოცდილი კადრების გადმობირება და მათი თოფხანაში ჩარიცხვა დიდი ცდუნება იქნებოდა ერეკლე მეორესათვის, ამას ის აუცილებლად გამოიყენებდა. ძნელი წარმოსადგენი არაა რომ, უცხო ქვეყანაში მყოფ  „გაშიშვლებულ“ და „მშიერ“ დეზერტირებს თავადაც ჰქონოდათ სურვილი თოფხანაში ჩარიცხვის, აქ მათ ელოდათ ის პირობები, რომელსაც  ვერ უქმნიდნენ ტოტლებენი და შემდგომ - სუხოტინი. 
რაც შეეხება სოლომონ პირველს, იმერეთის სამეფო ბევრად ჩამორჩებოდა განვითარების ტემპებითა და სიძლიერით ქართლ-კახეთის სამეფოს. სოლომონს იმის რესურსიც კი არ ჰქონდა რომ, რუსი დეზერტირები დაეჭირა,  მათ გადმობირებაზე, შენახვაზე და გამოყენებაზე კი ალბათ ზედმეტია საუბარი. მისთვის ისიც დიდი ფუფუნება იქნებოდა რაც რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ დარჩა - „ზედმეტი საჭურველი“. როცა ეკატერინე მეორემ 1772 წლის 25 იანვარს სამხედრო კოლეგიას უბრძანა საექსპედიციო კორპუსის საქართველოდან გაწვევა[42], იმ მიზნით რომ ისინი დაუბრკოლებლად, შეყოვნების გარეშე წამოსულიყვნენ, ზედმტი საჭურველის დატოვება სოლომონისათვის გადაწყდა.  XVIII საუკუნის დამლევს, როგორც ჩანს კიდევ გრძელდება რუსეთის არმიის დეზერტირების გადაბირება ერეკლე მეორის მიერ. ამ თემაზე საუბრისას უნდა განვიხსენოთ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო წყარო. გუდოვიჩი რომელიც ეყრდნობა სპეშნევის გადმოცემას, ერეკლეს 36 ჯარისკაცის გადაბირებას აბრალებს. ხოლო    ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლები, მართალია აღიარებენ რომ დეზერტირები მცირე რაოდენობით იმალებიან მათ ქვეყანაში, მაგრამ კატეგორიულად უარყოფენ მათი გადაბირების ფაქტს. სარწმუნო წყაროს ამ შემთხვევაში გუდოვიჩის მოხსენება უფრო უნდა წარმოადგენდეს, რადგან ქართლ-კახეთში რუსი დეზრტირების გადმობირების პრაქტიკა მანამდეც არსებობდა. თან უნდა გავითვალისწინოთ ის ფორსმაჟორული სიტუაციაც, რომელიც შეიქმნა ქართლ-კახეთში. აღა მოჰამედ ხან ყაჯარის შემოსევისას განადგურდა თბილისი და 15 ათასი ტყვეც წაიყვანეს ქვეყნიდან. რუსეთ-ირანის ომის შეწყვეტის (1796 წ.) ფონზე არ არსებობდა იმის გარანტია რომ ირანი კვლავ არ  შემოუტევდა ერეკლეს.             
პავლე I
რუსეთის რეგულარული არმიის უკან გაწვევას ვერ ეგუებოდა ერეკლე მეორე, ის პავლე პირველს დამატებით 4000 სამხედროს გამოგზავნას სთხოვდა, სამი-ოთხი წლით, რადგან : „..თუ ახლა  თქვენი უმაღლესი საფარველი ჩვენზედ ახდილად ნახეს, რომელნიც აქამომდე ჩემეს მეზობლობაში მოგებული კაცნი მყვანდნენ, ისნიც მტერ მექმნებიან, და უეჭველია, რომ საქართველო წახდება[43]“. როცა ქართლ-კახეთში 80-იანი წლების დასაწყისში დაახლოებით 350 ათას სულს ითვლიდნენ საუკუნის მიწურურულს ეს რიცხვი 200 ათასამდე შემცირდა[44]. ამ ვითარებაში მყოფი ქვეყნისათვის თითოეული სამხედრო დიდ დახმარებას წარმოადგენდა.  
საინტერესოა, რა გავლენა იქონია რუსეთის პოლიტიკაზე ერეკლეს მიერ დეზერტირების გადაბირების მცდელობებმა. „ყოველნაირად ეცადეთ, რომ მან სხვისგან სესხი არ მიიღოს. დააიმედეთ, რომ  რუსეთი  ყველაფერს გააკეთებს მის სასარგებლოდ[45]“. ავალებდნენ რიმსკი-კორსაკოვს, რომელიც რუსთა ჯარებით განჯისაკენ მიემართებოდა. ხომ არ იყო ეს მითითება ერეკლეს ქმედებებიდან გამოწვეული ? გარსევან ჭავჭავაძე 1797 წლის 31 დეკემბერს პავლე პირველს სთხოვს იმ ზარბაზნების გაგზავნას საქართველოში  რომლებიც ჯერ  კიდევ ეკატერინე მეორემ 80-იან წლებში  აჩუქა ერეკლე მეორეს[46], მაგრამ უშედეგოდ. ის ასევე ითხოვს ტრაქტატით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას ან მასზე უარის თქმას[47].  
იმ შემთხვევაში თუ პავლე პირველი მართლაც გააგზავნიდა საქართველოში 4 ათას სამხედროს, რა გარანატია ექნებოდა რომ ერეკლე მათ გადაბირების მცდელობას არ გააგრძელებდა? ქართლ-კახეთისათვის სამხედრო დახმარების სურვილი აღარ არსებობდა.

დასკვნა

საბოლოოდ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, მოცემულ ნაშრომში ჩვენ ყურადგება გავამახვილეთ რამდენიმე ფაქტორზე. დავადასტურეთ რუსეთის არმიის  დეზერტირების არსებობა საქართველოში, რომლებიც პირველად ჩნდებიან 1770-იანი წლების დასაწყისში, ისინი გაურბიან იმ რთულ პირობებს რომლებიც შეუქმნეს თავიანთმა გენერლებმა გაუაზრებელი მოქმედებების შედეგად. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, 1790-იან წლებში, კვლავ იწყება რუსეთის არმიის ახალი დეზერტირების შემოდინება, ამაზეც გვაქვს უტყუარი ცნობები.   ჩვენი აზრით, რუსი დეზერტირების საქართველოში ყოფნა პირდაპირ დაუკავშირდა ერეკლე მეორის სამხედრო საქმეს -  გარდაქმნის გზაზე. ვინაიდან ქართლ-კახეთში ამ პერიოდისათვის არ არსებობდა თანამდროვე ევროპული სამხედრო საქმის მცოდნე კვალიფიციური სამხედროები, ერეკლე მეორემ რუს დეზერტირებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა თანამედროვეობასთან ახლოს მისული საველე არტილერია. რუსი დეზერტირების გადაბირება ერეკლეს მიერ, აისახა რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების პოლიტიკაზეც,   ეს იყო ერთ-ერთი მცირე  მიზეზი იმისა რომ ისინი არ უწევდნენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ერეკლე მეორეს XVIII საუკუნის ბოლო წლებში. ქართლ-კახეთის სამეფო ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად, რომ რუსი დეზერტირები შუმჩნევლად გადმოებირებინათ, ამის დამალვა მათ ვერ შეძლეს. რუსეთის იმპერიის პოლიტიკა ამიერკავკასიაში, ხელის შემშლელ ფაქტორად ისახავდა ქართლ-კახთის სამეფოს არსებობას, ყოველი საბრძოლო მოქმედების შემდეგ, არმიის დაბანაკება საფრთხეს წარმოადგენდა. ქართლ-კახეთის სამეფო იყო დაინტერესებული მხარე, რათა გაეძლიერებინა სამხედრო პოტენციალი და ამის გამო თავშესაფარს წარმოადგენდა რუსი დეზერტირებისათვის. მისი გაუქმებით კი რუსეთის იმპერია ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეძლებდა იმ პოლიტიკის გატარებას რომელიც თავად აწყობდა.


[1] ალ. ცაგარელი; Грамоты и другие  исторические документы, томъ I, (Санкт-петербургъ, 1891 ), Грамоты и другие  исторические документы, томь II, выпускь I, (cанкт-петербургъ, 1898 ), Грамоты и другие  исторические документы, томъ II, выпускъ II, (Санкт-петербургъ, 1902 ).
[2] . ბუტკოვი,  Материалы дла новой истори кавказа (Санкт-петербургъ, 1869) .
[3] ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტომი III, (თბილისი 1926).
[4] ნიკო ბერძენიშვილი, მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, ნაწილი III (თბილისი, 1955).
[5] ავთანდილ იოსელიანი, იესე ბარათაშვილის ცხოვრება, ნაკვეთი 28, (თბილისი, 1950) .
[6] В.А. Потто, Кавказской войны Россия, начиная с 16 века, Том. 1-5, (cанкт-петербургь, 1886).
[7] В. П. Потемкина, История дипломатии. Том 1 (Москва, 1941).
[8] მ. დუმბაძე, ქართული სამეფობი დაქვეითების გზაზე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, (თბილისი, 1973).
[9] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი I, (თბილისი, 1988) და ნაკვეთი II, (თბილისი, 1997).
[10] აპოლონ თაბუაშვილი, ერეკლე მეორის ეკონომიკური კონცეფციები და რეფორმები ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის, (თბილისი, 2010).
[11] ირან ოსმალეთმა ჯერ კიდევ 1555 წლის ამასიის ზავით გაფაინაწილეს ამიერკავკასია გავლენის სფეროებად.
[12] ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ ირანში დაიწყო შიდა არეულობა, რამაც ქვეყანა მიიყვანა ფაქტობრივ დაშლამდე.
[13] რუსეთის იმპერიის წარმატებებს საფუძველი პეტრე I-მა (1682-1725) ჩაუყარა, მას ირან-ოსმალეთთან  საომარი მოქმედებები XVIII საუკუნის პირველ ნახევარშიც ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ უპირატესობას ვერ მიაღწია, ხოლო მეორე ნახევრიდან არსებითად შეიცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი.
[14] В. П. Потемкина, История дипломатии. Том 1 (Москва, 1941) გვ. 266-267.
[15] ახალციხის საფაშო მოიცავდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს, ამას გარდა, გეოგრაფიულად კარგ პლაცდარმს წარმოადგენდა ოსმალეთის ჯარისათვის, საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში.
[16] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი I, (თბილისი 1997) გვ. 79.
[17] ყალმუხები საქართველოში საერთოდ არ ჩამოსულან ისინი ჩაანაცვლეს კაზაკებით.
[18] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ტომი III, ნაკვეთი I, (თბილისი 1997) გვ. 103.
[19]ალ. ცაგარელი, Грамоты и другие  исторические документы, томъ I, (Санкт-петербургъ, 1891) გვ. 205.
[20] 1770 წლის იანვარში, ტოტლებენის ქმედებებმა, ოსი მამასახლისების მიმართ, მთიელი მოსახლეობა მტრულად განაწყო რუსეთის არმიის მიმართ. მათ ჩაკეტეს გზები, არ ატარაბდნენ ბარგს და შიკრიკებსაც კი ძარცვავდნენ. იმ მოვლენებიდან გამომდინარე რაც ფოთის ციხის ალყამდე განვითარდა, მაგალითად როგორიც იყო ტოტლებენის ავანტიურა ერეკლე მეორის მიმართ,  შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ამ პრობლემის „გამომწვევი მიზეზი“ თავად ერეკლე მეორე ყოფილიყო.
[21] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II, (თბილისი, 1997) გვ. 61 .
[22] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II,  (თბილისი, 1997) გვ. 61.
[23] ფოთის მიმდებარე ტერიტორია დაჭაობებული იყო და ზაფხულში ვირუსის გავრცელების კერას წარმოადგენდა. გენერალმა სუხოტინმა კი არ გაითვალისწინა სოლომონ პირვლის რჩევევები ამ პრობლემასთან დაკავშირებით და თავიდანვე წამგებიანი მიმართულება აირჩია, სოლომონისადმი უნდობლობამ კი მას კარგი ვერაფერი მოუტანა.
[24] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II, (თბილისი, 1997) გვ. 70.
[25] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II, (თბილისი, 1997) გვ. 811-815.
[26] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II, (თბილისი, 1997) გვ. 831-833.
[27] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II, (თბილისი, 1997) გვ. 835-839.
[28] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II, (თბილისი, 1997) გვ. 834-835.
[29] აქვე უნდა გავითვალისწინოთ რომ დეზერტიორბის ცალკეული შემთხვევბი ფოთის კამპანიამდეც ფიქსირდება, თუმცა არა იმ სიხშირით და რაოდენობით როგორც ზემოხსნებული კამპანიის შემდგომ. მაგალითად დეგრალიე 1770 წლის 4 ოქტომბერს სასამართლოს აძლევს ჩვენბას: „ მე გამომიძახა გრაფმა ტოტლებენმა.. და მიბრძანა ახალციხის ფაშასთან მიმეწერა პირველი წერილი, რომლითაც ვატყობინებდით, რომრამდენიმე დღის წინათ რაზმიდან გაიქცა შვიდი ჰუსარი ქართველი ტარჯიმნითურთ. ისინი იმყოფებიან ხსენებულ ფაშასთან. ტოტლებენი სთხოვდა ფაშას, რომ გაქცეულები მისთვის გამოეგზავნა, აეღო მათი გამოსასყიდი ან თურქებში გაეცვალა (რომლებიც მას არც ჰყოლია)“. ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II, (თბილისი, 1997) გვ. 54.
[30]Потто Василий, Кавказские войны России: начиная с XVI века, Том. 1, (Санкт-петербургь, 1886)
[31] მ. დუმბაძე, ერეკლეს მეფობის უკანასკნელი წლები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, (თბილისი, 1973) გვ. 769-770.
[32] ალ. ცაგარელი, Грамоты и другие  исторические документы, томъ II, выпускъ II, (Санкт-петербургъ, 1902) გვ. 173-174.
[33] ალ. ცაგარელი, Грамоты и другие  исторические документы, томъ II, выпускъ I. (Санкт-петербургъ, 1898) გვ. 146-147.
[34] ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტომი III.  (თბილისი, 1926)  გვ. 274-275.
[35] ალ.  ცაგარელი, грамоты и другие  исторические документы, томь II, выпускь I, (cанкт-петербургь, 1898 ) გვ. 147-148.
[36] ალ.  ცაგარელი, грамоты и другие  исторические документы, томь II, выпускь I, (cанкт-петербургь, 1898 ) გვ. 148. 
[37] გ. პ.  ბუტკოვი,  Материалы дла новой истори Кавказа (Санкт-петербургь, 1869) გვ. 287.
[38] თოფხანაში სამსახური, რამდენად დაფასებული იყო ერეკლე მეორესაგან და რა შეღავათები მოქმედებდა თითოეულ მომსახურეზე, ეს აღნიშნული აქვს ა. თაბუაშვილს,  ერეკლე მეორის ეკონომიკური კონცეფციები და რეფორმები ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის, (თბილისი, 2010) გვ. 152-155.    
[39] ნ. ბერძენიშვილი,  მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, ნაწილი III (თბილისი, 1955) გვ. 98-99. 
[40] აპოლონ თაბუაშვილი, ერეკლე მეორის ეკონომიკური კონცეფციები და რეფორმები ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის, (თბილისი, 2010) გვ. 153.
[41] ავთანდილ იოსელიანი, იესე ბარათაშვილის ცხოვრება, ნაკვეთი 28, (თბილისი, 1950) გვ. 95.
[42] ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II, (თბილისი, 1997) გვ. 73.
[43] ალ. ცაგარელი, Гамоты и другие  исторические документы, томъ II, выпускъ I. (Санкт-петербургъ, 1898)
 
გვ. 132.
[44] მ. დუმბაძე, ერეკლეს მეფობის უკანასკნელი წლები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, (თბილისი, 1973) გვ. 774.   მოსახლეობის მიახლოებითი რაოდენობა საუკუნის მიწურულისათვის გამოთვლილია კომლობრივ აღწერილობათა მოშველიებით. (საქ. ცსია, ფ. 254).
[45] მ. დუმბაძე, ერეკლეს მეფობის უკანასკნელი წლები, საქართველოს ისტორიის ნარკვვები ტომი IV,  (თბილისი, 1973) გვ. 773.
[46] ალ. ცაგარელი, грамоты и другие  исторические документы, томь II, выпускь I. (cанкт-петербургь, 1898)  გვ. 143-146.
[47] გიორგიევსკის ტრაქტატი რომელიც 1783 წელს გაფორმდა რუსეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოებს შორის, ჯერ კიდევ 1787 წელს დაირღვა, როგორც ერთი მხრიდან ისე მეორედან და გარსევან ჭავჭავაძის ნოტას რამდენად ჰქონდა იურდიული საფუძველი ეს კიდევ ცალკე საკითხია.  



ბიბლიოგრაფია

1. ბერძენიშვილი ნიკო, მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, ნაწილი III (თბილისი, 1955)
2. თაბუაშვილი აპოლონ, ერეკლე მეორის ეკონომიკური კონცეფციები და რეფორმები ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის, (თბილისი, 2010)
3. თაყაიშვილი ექვთიმე, საქართველოს სიძველენი, ტომი III დამატება, (თბილისი, 1926)
4. იოსელიანი ავთანდილ, იესე ბარათაშვილის ცხოვრება, ნაკვეთი 28, (თბილისი, 1950)
5. მაჭარაძე ვალერიან, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი I, (თბილისი, 1988)
6. მაჭარაძე ვალერიან, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვეთი II, (თბილისი, 1997)
7. დუმბაძე მამუკა, ქართული სამეფოები დაქვეითების გზაზე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, (თბილისი, 1973)
8. ცაგარელი ალექსანდრე, Грамоты и другие исторические документы, томъ I, (Санкт-петербургъ, 1891)
9. ცაგარელი ალექსანდრე, Грамоты и другие  исторические документы, томъ II, выпускъ I. (Санкт-петербургъ, 1898)
10. ცაგარელი ალექსანდრე, Грамоты и другие  исторические документы, томъ II, выпускъ II, (Санкт-петербургъ, 1902)
11. Бутков, Материалы дла новой историй Кавказа (Санкт-петербургъ, 1869)
12. Потемкина, История дипломатии. Том 1 (Москва, 1941)
13. Потто Василий, Кавказские войны России: начиная с XVI века, Том. 1, (Санкт-петербургь, 1886)



თორნიკე მარუაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბაკალავრო ნაშრომი