Showing posts with label საფრანგეთის სამხედრო ისტორია. Show all posts
Showing posts with label საფრანგეთის სამხედრო ისტორია. Show all posts

ვატერლოოს ბრძოლა, 18 ივნისი, 1815 წ.


18 ივნისი, 1815 წელი, ბელ-ალიანსეს მიმდებარე ატალახებული, ოფლითა და სისხლით გაჯერებული მიწა, გვარდიის უკანასკნელი კარე არმიის უკანდახევას საკუთარი მკერდით ფარავს, განწირული, მაგრამ სიმამაცითა და სიმტკიცით აღსავსე სახეები, ტყვიებით დაცხრილული მუნდირები. გამარჯვებული ბრძოლების სახელწოდებებით შემკული ოქროსირმული საიმპერიო დროშები, ახლა დასვრილი, გაქელილი, გაშავებული ოქროს არწივები. . .ბრიტანელი მხედარი დანებების ბრძანებით მიმართავს გვარდიელთა მეთაურს, გენერალ კამბრონს, დაგვნებდით და გადარჩებით. . . მეომრებმა ერთმანეთს გადახედეს, თვალებში ნაპერწკალი გაუკრთათ. კამბრონი კი წამოიმართა და მცირე ხნით ჩამოვარდნილ სიჩუმეში გაისმა მისი ფოლადისებური სიტყვები: “მერდე! შეტევაზე!”. . . ვატერლოოს ბრძოლა ნაპოლეონის, ამ დიადი სამხედრო და პოლიტიკური გენიის უკანასკნელი, ღრმა ამოსუნთქვა და საფრანგეთის იმპერიის დასასრული იყო. ამავე დროს დასრულდა ნაპოლეონის ომების ეპოქა. იმპერატორი დამარცხდა, დამარცხდა მისი იდეები, დაეცა დიდების არწივი, მაგრამ სამუდამოდ დარჩება დიდი იმპერატორის სახელი. მიუხედავად იმისა, რომ “ასი დღე” ნაპოლეონისთვის წარუმატებლად წარიმართა, მის საოცარ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ამ ბრძოლაში მოიპოვა დიდება ინგლისელთა იმ დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სამხედრო მოღვაწემ, სერ არტურ უელსლიმ, ჰერცოგმა ველინგტონმა. იგი პირველად დაუპირისპირდა ნაპოლეონს და გაამართლა ის იმედები რასაც მასზე ამყარებდნენ. გამოსარჩევია ნაპოლეონის ომების კოლორიტული ფიგურის, პრუსიელი ფელდმარშლის, გებჰარდ ლიბერეხტ ფონ ბლიუხერის სიმამაცე და გამარჯვების წყურვილი. სწორედ მისი დახმარებით შესძლო ველინგტონმა იმპერიის უძლეველი არწივის დამარცხება და დიდების მოპოვება. ვატერლოოს ბრძოლა თავდაცვითი ბრძოლის მშვენიერი ნიმუშია, ასევე კარგად ჩანს რამხელა მნიშვნელობა ენიჭება სისწრაფესა და დროულ ინფორმირებას, ინიციატივის უნარს სამხედრო მეთაურებში, ბრძოლის ველს, ამინდსა და საბრძოლო პოზიციებს.

ტურის (პუატიეს) ბრძოლა, 732 წ.


ბრძოლა ტურთან შუა საუკუნეების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. ეს შეტაკება საინტერესოა როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს იყო ორი განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების, რელიგიის,  მრწამსის, კანონებისა და სამხედრო სისტემის შეჯახება. ევროპაში დომინირებას იწყებდნენ ფრანკები, ხოლო აზიასა და აფრიკაში ფეხს იკიდებდა ახალი, უზარმაზარი ისლამური იმპერია - ომაიანთა სახალიფო, რომელიც ევროპასაც მისწვდა, დალაშქრა ბიზანტია მცირე აზიაში, დაიპყრო პირენეის ნახევარკუნძული (შემდგომში კუნძული სიცილია და იტალიის სამხრეთ ნაწილი) და ამზადებდა მომავალ ლაშქრობებს უფრო ჩრდილოეთით. ორ ქალაქს ტურსა და პუტიეს მახლობლად მომხდარი ბრძოლა აბდ ალ რაჰმანისა და კარლოს მარტელის არმიებს შორის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდა იმისა, რომ არაბული ლაშქრობები ისლამის გავრცელებისთვის თითქმის შეწყდა საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე. ჰიუ კენედი აღნიშნავს: "ბრძოლა პუატიესთან 732 წელს, ისევე როგორც ტალასთან (ტალასის ბრძოლა - აბასიდების სახალიფოსა და ტანგის (ჩინეთის) იმპერიის ჯარებს შორის მომხდარი ბრძოლა 751 წელს, რომელიც არაბთა გამარჯვებით დასრულდა), მკრთალადაა ასახული იმ დროის არაბულ წყაროებში. პუატიეს არაბთა მარცხით დასრულდა, ტალასი კი გამარჯვებით, მაგრამ ორივე ბრძოლამ საზღვარი დაუდო არაბთა ექსპანსიას ამ მიმართულებებით".(Кеннеди, Хью. Великие арабские завоевания. Mосква: АСТ, 2009. 363) კარლოს მარტელის გამარჯვებამ პუატიესთან 732 წელს, არაბები აიძულა პირენეებამდე დაეხიათ.(Keegan, John, A history of warfare. New York: Alfred A. Knopf: Distributed by Random House, Inc., 1993. 284)  გამარჯვება ტურთან ასევე მნიშვნელოვანი გახდა ფრანკთა იმპერიის აღზევებისთვის. "ფრანკთა ძალაუფლების დამყარებამ დასავლეთ ევროპაში, შეცვალა კონტინენტის ბედი, გამარჯვებამ ტურთან კი განამტკიცა ფრანკების, როგორც დომინანტი ხალხის მდგომარეობა ევროპაში, მათ დაარსეს დინასტია, რომელმაც შვა შარლემანი".(Davis, Paul K, 100 decisive battles : from ancient times to the present. New York: Oxford University Press, 2001. 103).

„კავშირი შროშანსა და ნახევარმთვარეს შორის" - ფრანკო-ოსმალური ალიანსი (XVI-XVIII სს.)


ფრანკო-ოსმალური ალიანსი 1528 წლიდან შეკრეს ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I ბრწყინვალემ  და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა და მან XIX საუკუნემდე იარსება. ალიანსის მთავარ მიზანს კი წარმოადგენდა საერთო მოწინააღმდეგის, კარლოს V ჰაბსბურგის სახელმწიფოს დასუსტება და შევიწროება. იმ კარლ V-სა, რომელსაც თავი ერთიანი კათოლიკური იმპერიის მონარქად, საყოველთაო მბრძანებლად და ჭეშმარიტ კათოლიკეთა მამად წარმოედგინა.  ეს ორივე მხარის საერთო ინტერესი იყო და სწორედ ამიტომაც გამოდგა ეს კავშირი ასეთი მყარი.

ქვეითი ჯარი საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომებში


 ქვეითი ჯარისკაცები ნაპოლეონის იმპერიის არმიის უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ, ისევე როგორც ავსტრიის, პრუსიის და რუსეთის არმიებში.
 ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამ XV-XVI საუკუნეში, სრულიად შეცვალა ბრძოლის სახე. ახლა უპირატესობა ქვეითებს მიენიჭა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ამან ბრძოლის ველიდან ნელ-ნელა გააძევა მძიმე აბჯრით შემოსილი ცხენოსანი რაინდები, რადგან თოფის ტყვია თავისუფლად ატანდა აბჯარში.
თავდაპირველად თოფები ძალიან მოუხერხებელი და არასაიმედო იყო. ამის გამო ევროპულ არმიებში გამოიყენებოდა შუბოსანთა დანაყოფები და საშუალოდ აღჭურვილი ცხენოსნები. თოფოსნების მნიშვნელობა გაიზარდა რაც მას შემდეგ, რაც ცეცხლასაროლმა იარაღმა პროგრესი განიცადა. ამან თან მოიტანა ბრძოლის ახალი ტაქტიკა რომლის შესახებაც შემდეგში ამბობდნენ რომ ომი რაღაც საშუალო იყო დუელსა და ჭადრაკის თამაშს შორის.

საფრანგეთის უცხოური ლეგიონი


ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც სმენია საფრანგეთის უცხოური ლეგიონის შესახებ, ზოგიერთ ალბათ უნახავს ფილმები, წაუკითხავს წიგნები ამ ცნობილი სამხედრო რაზმის ისტორიასა და მის თანამედროვე მდგომარეობაზე. ვფიქრობ საინტერესო თემაა და მინდა სწორედ საფრანგეთის არმიის ამ განსაკუთრებულ შენაერთზე გესაუბროთ.

თბილისიდან ნაპოლეონის სასახლემდე


მამლუქ რუსტამის მემუარები მოგვითხრობენ

"ეს ლაჩრის წერილია, დაუყოვნებლივ დაწვით და არასოდეს ახსენოთ მისი სახელი ჩემთან"; "არ მსურს არცერთი ისეთი კარისკაცის ყოლა, რომელიც მეფეს ემსახურებოდა. ამიტომ ჩემი განზრახ­ვაა, ნებისმიერი პირი, რომელიც მე მემსახურებოდა და შემდეგ მეფეს შეეკედლა, გაძევდეს აქე­დან"; "მსურს გავაუქმო მესაჭურვლის თანამდებობა. ამიტომ მასთან დაკავშირებული ყველა ნივ­თი დაუყოვნებლივ გადაყარეთ," - ეს ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძანებებია, რითაც იგი თავისი ყო­ფილი მამლუქის, ლეგენდარული რუსტამის მიმართ გულისტკივილს გამოხატავდა.

ამ ცოტა ხნის წინ გამომცემლობა “არტანუჯმა” ამ ცნობილი მამლუქის მემუარები გამოსცა, რომე­ლიც ქართულად თარგმნეს და კომენტარები დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერი­ამ.

ნაპოლეონის მამლუქი - რუსტამ რაზას მემუარები


მეგობრებო, წარმოგიდგენთ ჩემი და პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძის წიგნს ნაპოლეონის მამლუქ რუსტამზე. 

რუსტამ რაზა 1782 წელს თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. აღა-მაჰმად ხანის საქართველოში შემოსევის დროს მისი ოჯახი სომხეთში გაიქცა და მშობლიურ ქალაქ აპერკანს შეაფარა თავი. იქ ყოფნისას რუსტამი მონებით მოვაჭრეებმა მოიტაცეს და ჯერ დაღესტანში, შემდეგ კი სტამბოლში გაყიდეს. ბოლოს ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც წარმოშობით ქართველმა მამლუქმა – სალა ბეიმ იყიდა.

ორლეანელი ქალწული - საბედისწერო წუთები


მეომრები გაშმაგებით მიიწევენ წინ. აი კიბეები მიადგეს კედლებს, სწრაფად არბიან გალავანზე და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთვებიან. ქვის ყუმბარები გრუხუნით ეჯახებიან ორლეანის დიდებულ კოშკებს, მაგრამ ამაოა ყველა მცდელობა. ინგლისელ მშვილდოსანთა ისრები მიზანს სულ უფრო და უფრო ხშირად აღწევს. ფრანგები ტრებუშეტებს მოაგორებენ, ორლეანი ცეცხლის ალშია გახვეული.

შარლ VIII ვალუა


შარლ VIII(ფრ. Charles VIII, 30 ივნისი, 1470 – 7 აპრილი, 1498) – საფრანგეთის მეფე 1483 წლიდან, ვალუების დინასტიიდან. ტახტზე 13 წლის ასაკში ავიდა მამამისის, ლუდოვიკო XI-ს გარდაცვალების შემდეგ.

წმინდა ბართლომეს ღამე

   1572 წელი იდგა. საფრანგეთი რელიგიურ ომებში იყო ჩართული ჰუგენოტ პროტესტანტებთან. ჟან კალვინის მიერ დამოძღვრილი "ფრანგი პროტესტანტები" შეჩვენებულნი იყვნენ რომის პაპის მიერ და კათოლიკე მეფე, შარლ IX ყველანაირად ცდილობდა გაენადგურებინა ისინი (შარლ IX, იგივე შარლ-მაქსიმილიან დე ვალუა ყოვლად უუნარო ადამიანი იყო, ამიტომ დედამისი, მარია მედიჩი განაგებდა ქვეყანას). პროტესტანტ ლიდერებში კი სამი პიროვნება გამოირჩეოდა: ადმირალი გასპარ დე კოლინი, ანრი ნავარელი და პრინცი კონდე.

იენა-აუერშტადტის ბრძოლა, 14 ოქტომბერი, 1806, ნაწილი II



ბრძოლა აუერშტადტთან
იმ დროისთვის, როდესაც ნაპოლეონმა იენადან გამოიყვანა სულტის, ლანის, ოჟეროს, ნეის, მიურატის და საიმპერატორო გვარდიის შენაერთები, პრუსიის მეფის ძირითადი არმია, რომელსაც ჰერცოგი კარლ ბრაუნშვაიგი მეთაურობდა, ვაიმარიდან ნაუმბურგისკენ დაიძრა. პრუსიელებმა ღამე აუერშტადტთან გაათიეს, ფრანგებისაგან(მარშალ დავუს და მარშალ ბერნადოტის კორპუსები) საკმაოდ მცირე მანძილით დაშორებულებმა. ნაპოლეონმა დავუს და ბერნადოტს უბრძანა გადაელახათ ზაალი და მთავარ ძალებს შეერთებოდნენ.

იენა-აუერშტადტის ბრძოლა, 14 ოქტომბერი, 1806, ნაწილი I



ორი ბრძოლა, იენასა და აუერშტადტან 1806 წლის 14 ოქტომბერს მდინარე ზაალის დასავლეთით მდებარე პლატოზე, გერმანიაში მოხდა, ფრანგთა იმპერატორის, ნაპოლეონ I-სა და პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ს ძალებს შორის. მსოფლიო ისტორიაში იშვიათი იყო ისეთი ბრძოლების რიცხვი, სადაც ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ერთ(ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ერი ჩავთვალოთ, რადგან ორივე ბრძოლა ერთდროულად მოხდა სულ მახლობლად მდებარე ადგილებზე და შინაარსი ერთი გამოდგა, პრუსიელების სრული კრახი) მთლიანად კარგავდა ბრძოლისუნარიან არმიას და მთელი სახელმწიფო გამარჯვებულის ლუკმა ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა გახლავთ იენა-აუერშტადტიც, რომელშიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა სამხედრო მოღვაწემ და დამპყრობელმა, ფრანგთა იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა მთლიანად მოსპო ევროპის მძლავრი სახელმწიფოს, პრუსიის მდიდარი ტრადიციებისა და სამხედრო წარსულის მქონე არმია, რომელთაც სათავეში “პატარა ფრიცის”, პრუსიის უდიდესი მეფის და მთავარსარდლის, ფრიდრიხ II დიდის ომებში გამოწვრთნილი გენერლები ედგნენ.

მიურატი იოახიმ


მიურატი იოახიმ _ Murat Joachim ( 1767-1815) _ ბერგის დიდი ჰერცოგი, ნეაპოლის მეფე. ნაპოლეონის მარშლებს შორის ყველაზე ცნობილი.

იოახიმ მიურატი 1767 წელს დაიბადა სამხრეთ საფრანგეთში ტულუზას მახლობელ სოფელში, ლაბასტიდ-ფორტიუნერში. მიურატის მამა პიერ მიურატი ტალერიანების საგვარეულოს ემსახურებოდა. მიურატს ცუდი განათლება არ მიუღია.

ბრძოლა აბუკირთან


ბრძოლა აბუკირთან(Aboukir)1798 წლის 1-2 აგვისტოს_გადამწყვეტი საზღვაო ბრძოლა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ფლოტებს შორის ნილოსის დელტის სათავეში, ხმელთაშუა ზღვის ეგვიპტის სანაპიროსთან.ფრანგთა ფლოტს მეთაურობდა ადმირალი ფრანსუა დე ბრიუე.ინგლისის ფლოტს სარდლობდა ცნობილი ზღვაოსანი და ადმირალი ჰორაციო ნელსონი.

აუსტერლიცი, 1805

აუსტერლიცი/ბრძოლა(1805 წ)მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება/გენერალური ბრძოლა საფრანგეთის იმპერიისა და მესამე კოალიციის მთავარი წევრების(რუსეთი და ავსტრია) ჯარებს შორის დაბა აუსტერლიცთან. ეს ბრძოლა ისტორიაში შევიდა “სამი იმპერატორის ბრძოლის” სახელით(ნაპოლეონი_საფრანგეთის იმპერატორი, ფრანც II - ავსტრიის იმპერატორი, ალექსანდრე I - რუსეთის იმპერატორი). ეს ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ნაპოლეონის მიერ ჩატარებულ ბრძოლებს შორის.

ფრანსუა ჟოზეფ ლეფევრი

                    
              “საფრანგეთის არმიის ბებერი ლომი”


ფრანსუა ჟოზეფ ლეფევრი

ლეფევრი ერთ-ერთი იყო იმათ შორის, ვინც თავისი პრინციპები და ჩვევები ბოლომდე შეინახა. ეს იყო უაღრესად პატიოსანი. არასოდეს აძლევდა ჯარს უფლებას ქალაქები გაეძარცვათ და უღირსი საქციელი ჩაედინათ. ლეფევრის მოსყიდვა მაქსიმილიან რობესპიერის მოსყიდვაზე ძნელი იყო. იგი დიდსულოვანი და კეთილი ადამიანი გახლდათ. ლეფევრმა ხიფათით აღსავსე გზა გაიარა და საფრანგეთის ისტორიაში თავი დაიმკვიდრა. მასზე არ მოქმედებდა და არ ცვლიდა ის დიდი თანამდებობები და სიმდიდრე, რასაც იმპერიის დროს მარშლები იხვეჭდნენ. ლეფევრმა ბოლომდე შეინარჩუნა რესპუბლიკელი გენერლის უბრალო ქცევა და სერიოზულობა. ნაპოლეონი მას პატივს სცემდა და ენდობოდა. ლეფევრი არ იყო მხედართმთავრული ნიჭით დიდად დაჯილდოებული, მაგრამ ეს თავისი სიმამაცითა და შეუდრეკელობით გამოისყიდა. მარშალი ლეფევრი ერთადერთI იყო იმპერიის საპატიო მარშლებს შორის, ვინც ნაპოლეონის ომებშიც კამპანიებში მოქმედ არმიაში იბრძოლა.

ანდრე მასენა




ანდრე მასენა(ფრ. ანდრე მასსენა: რივოლის ჰერცოგი, ესლინგის თავადი; 6 მაისი 1758- 4 აპრილი 1817)_საფრანგეთის მხედართმთავარი საფრანგეთის რესპუბლიკის პერიოდში, ნაპოლეონ I-ის დროს იმპერიის მარშალი(1804-დან).