მიურატი იოახიმ


მიურატი იოახიმ _ Murat Joachim ( 1767-1815) _ ბერგის დიდი ჰერცოგი, ნეაპოლის მეფე. ნაპოლეონის მარშლებს შორის ყველაზე ცნობილი.

იოახიმ მიურატი 1767 წელს დაიბადა სამხრეთ საფრანგეთში ტულუზას მახლობელ სოფელში, ლაბასტიდ-ფორტიუნერში. მიურატის მამა პიერ მიურატი ტალერიანების საგვარეულოს ემსახურებოდა. მიურატს ცუდი განათლება არ მიუღია.
თავიდან მიურატმა ღვთისმეტყველება ისწავლა ტულუზაში. 1787 წელს ცხენოსან-ეგერთა რაზმში მსახურობდა. ორი წლის შემდეგ სერჟანტი გახდა. შემთხვევის გამო მიურატი ჯარიდან გაანთავისუფლეს. 1791 წელს აღდგა არმიაში და შემდეგ წელს სუბ-ლეიტენანტის წოდება მიიღო ( 1792 წ 15 ოქტომბერი). 1793 წლის 14 აპრილს კაპიტანი გახდა. დიდი ფრანგული რევოლუცია დაეხმარა მას სამხედრო კარიერის მოწყობაში.
1793 წლის მაისიდან მიურატი ესკადრონის მეთაურად დანიშნეს. 1794 წელს ახალგაზრდა კაპიტანი ესკადრონის მეთაურობიდან გაანთავისუფლეს და ის პარიზში ჩავიდა, სადაც მისი კარიერა დაუკავშირდა გენერალ ბონაპარტს.
1795 წლის ოქტომბერს პარიზში როიალისტები აჯანყდნენ( 13 ვანდემიერის აჯანყება). დირექტორიამ მათგან დასაცავად ნაპოლეონს ჩააბარა რაზმი. მაგრამ კორსიკელს ზარბაზნები სჭირდებოდა. მიურატმა თავისი სამსახური შესთავაზა და საარტილერიო პარკიდან აჯანყებულების წინააღმდეგობის მიუხედავად 40 ზარბაზანი მოიტანა. ნაპოლეონი მათი საშუალებით აჯანყებულებს გაუსწორდა. 1796 წლის 10 მაისს მიურატმა ბრიგადის გენერლობა მიიღო იტალიის ლაშქრობაში გამოჩენილი სიმამაცისათვის.
1798-1799 წლების ეგვიპტის ექსპედიციის ფრანგულ კავალერიას მიურატი მეთაურობდა. 1799 წლის 25 ივლისს მიურატმა აბუკირის ბრძოლაში პირადად წაიყვანა კავალერია იერიშზე და თურქთა მეთაური მუსტაფა-ფაშა ორთაბრძოლაში დაამარცხა. წარმატებული ბრძოლის შემდეგ მიურატმა იმავე დღეს მიიღო დივიზიის გენერლის წოდება.
1800 წელს მიურატმა დიდი დახმარება გაუწია ნაპოლეონს 18 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალებაში. ის გრენადერებით შეიჭრა სენ-კლუს სასახლეში და დეპუტატები გააძევა.a
ნაპოლეონი საფრანგეთის მმართველი გახდა კონსულის წოდებით.
1800 წლის 20 იანვარს მიურატმა ცოლად მოიყვანა ნაპოლეონის 18 წლის და კაროლინა ბონაპარტი.
1804 წელს მიურატი პარიზის გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა. 1804 წლის 19 მაისს ის საფრანგეთის მარშალი გახდა. 1805 წლის აგვისტოდან მეთაურობდა დიდი არმიის კავალერიის სარეზერვო ნაწილს. 1805 წლის სექტემბერში ავსტრიამ რუსეთთან ერთად ნაპოლეონის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. მიურატმა თავი გამოიჩინა ქალაქ ვენის ხიდის დაკავებით. ფრანგები მეორე ნაპირზე გადავიდნენ. მიურატი რუსებს დაედევნა, მაგრამ აქ მოტყუებულ იქნა რუსებისაგან. მათ ის გააცურეს ვითომ სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა დაედოთ და რამდენიმე ხნით მიურატი ერთ ადგილზე დააყოვნეს. ამასობაში რუსთა არმიამ უკან დაიხია.
რუსეთის არმია მართალია განადგურდა აუსტერლიცთან ბრძოლაში, მაგრამ ზავზე მაინც უარი განაცხადა.
1806 წლის 15 მარტს ნაპოლეონმა მარშალი მიურატი ბერგისა და კლევეს დიდი ჰერცოგობით დააჯილდოვა. ეს საჰერცოგო ჰოლანდიის საზღვართან მდებარეობდა.
1806 წლის ოქტომბერში დაიწყო რუსეთ-პრუსიის ომი ნაპოლეონის წინააღმდეგ. ნაპოლეონმა პრუსიის ჯარები გაანადგურა იენასა და აუერშტადტის ბრძოლებში. მიურატის კავალერია მტერს დაედევნა და მათი გაქცეული ნაწილები ან გაანადგურა ან ტყვედ აიყვანა.
1807 წლის 8 თებერვალს რუსებმა ნაპოლეონს პრეისიშ-ეილაუსთან შეუტიეს.
მიურატმა ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ის საოცარი სიმამაცით წაუძღვა წინ ოთხმოც ესკადრონიან კავალერიას( 8000 მხედარი) და რუსთა ჯარის სამივე რიგი გაარღვია. ტილზიტის ზავის( 1807 წლის ივლისი) შემდეგ მიურატი პარიზში დაბრუნდა. რუსეთის მეფე ალექსანდრე I-მა იგი რუსეთის უმაღლესი ორდენით, წმ. ანდრია პირველწოდებულის მედლით დააჯილდოვა.
1808 წლის გაზაფულზე ნაპოლეონმა მიურატი 80000-იანი არმიით ესპანეთში გაგზავნა. 23 მარტს მან დაიკავა მადრიდი. 2 მაისს ესპანეთის დედაქალაქში აჯანყება დაიწყო, რომელიც მიურატმა სასტიკად ჩაახშო. ერთი თვის შემდეგ ნაპოლეონმა თავისი ძმა ჟოზეფი ნეაპოლის მეფობიდან გაანთავისუფლა და ესპანეთის ხელმწიფედ დანიშნა. მიურატმა კი ნეაპოლის მეფობა მიიღო.
მიურატი ნეაპოლში ჩავიდა. 1808 წლის ოქტომბერში მან ინგლისელები განდევნა კუნძული კაპრიდან. 1810 წლის სექტემბერს მიურატმა ნეაპოლის ჯარით სცადა სიცილიიდან ინგლისელთა განდევნა, მაგრამ ვერ მოახერხა.
1810 წლიდან მიურატის შეხედულება ნაპოლეონზე და საფრანგეთზე შეიცვალა.
1812 წლის რუსეთის კამპანიის დროს მიურატი დიდი არმიის კავალერიის რეზერვს სარდლობდა. მის დანაყოფში 30000-მდე ცხენოსანი შედიოდა. კამპანიის პირველ ნაწილში ის ფრანგთა ავანგარში იდგა და რუსებს მისდევდა. ის პირადად მიუძღოდა კავალერიას ვიტებსკთან, სმოლენსკთან. წარუმატებელი ცდა იყო რუსთა გამაგრებაზე შეტევა ვალუტინოში.
ბოროდინოს ბრძოლაში მიურატი საოცარი სიმამაცით იბრძოდა. ტარუტინოს ბრძოლაში ფრანგთა ავანგარდს რუსეთის დივიზია დაესხა თავს და მიურატის ენერგიული მოქმედება და სიმამაცე რომ არა, აუცილებლად განადგურდებოდა. როდესაც ნაპოლეონმა 1812 წლის 6 დეკემბერს არმია დატოვა, მან მთავარსარდლობა მიურატს ჩააბარა. როგორც მხედარმთავარი ნაპოლეონმა იცოდა რომ მიურატი ბევრს არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მის ენერგიულობას და სიმამაცეს ენდო. მიურატი უნდა გამაგრებულიყო ვილნოში, სანამ იმპერატორი ახალ არმიას მოიყვანდა.
1813 წლის 16 იანვარს მიურატმა მიატოვა არმიის სარდლობა და ევგენი ბოჰარნეს ჩააბარა, თვითონ კი თავისი სამეფოს გადასარჩენად გაეშურა, საიდანაც შემაშფოთებელი ცნობები მოდიოდა. ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მიურატმა არმიის მეთაურობა ავადმყოფობის გამო დატოვა. ნაპოლეონმა მისი წასვლა შეაფასა როგორც დეზერტირობა, მაგრამ მალე მაინც აპატია მიურატს.
მიურატი ნაპოლეონის არმიაში 1813 წლის ივნისში დაბრუნდა. მან წარმატებულად წაიყვანა კავალერია შეტევაზე დრეზდენთან ბრძოლაში, მაგრამ ლაიპციგთან დამარცხების შემდეგ ნაპოლეონი მიატოვა და თავის ქვეყანას მიაშურა. მან საიდუმლო ხელშეკრულება დასდო ავსტრიასთან. ასე რომ მიურატმა ნაპოლეონს უღალატა. თუმცა მოგვიანებით 1814 წელს მასთან საიდუმლო მოლაპარაკება დაიწყო. ნაპოლეონი მალე გადადგა. ევროპის ქვეყნები არ სცნობდნენ მიურატის მეფობას და ნეაპოლის ტახტზე ფერდინანდ IV აღდგენა უნდოდათ.
1815 წელს ნაპოლეონი ელბიდან დაბრუნდა და საფრანგეთის მმართველობა დაიბრუნა. მიურატი გამოეხმაურა მას და ავსტრიას ომი გამოუცხადა. მიურატის ჯარი წინ მიიწევდა და მდინარე პომდე მივიდა, სადაც დამარცხება განიცადა. გადამწყვეტი ბრძოლა ტოლეტინოსთან ( 2 მაისი 1815 წ) მოხდა. მიურატი რიცხვმრავალ მტერთან დამარცხდა. მიურატი გაიქცა საფრანგეთში. ნაპოლეონმა არ მიიღო გაქცეული მარშალი და მიურატი ტულონში ცხოვრობდა. მან არ მიიღო მონაწილეობა ვატერლოოს ბრძოლაში.
ვატერლოოს და ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ მიურატი ჯერ კორსიკაზე გაიქცა შემდეგ იტალიაში. მონტე-ლეონესთან ჟანდარმებმა დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს. 1815 წლის 13 ოქტომბერს მიურატი დახვრიტეს. ასე დაამთავრა კარიერა ნაპოლეონის ყველაზე ცნობილმა მარშალმა და კავალერიის ერთ-ერთმა საუკეთესო წინამძღოლმა.

გამოყენებული ლიტერატურა:

5. THE ENCYKLOPEDIA OF THE FRENCH REVOLUTIONARY AND NAPOLEONIC WARS. Gregory Fremont-Barnes edition.
6. NAPOLEON’S COMMANDERS (II) C 1792-1809 . Philip Hauthonthwaite, Patrice Courcelle. OSPREY

ნიკა ხოფერია