ბრძოლა დორილეუმთან, 1 ივლისი, 1097 წ.


დორილეუმთან ჯვაროსნების ჯარი ალყაში მოაქციეს სელჩუკებმა და დანიშმენდებმა კილიჯ-არსლანის მეთაურობით, მაგრამ მათ შეძლეს შეტევის მოგერიება.
1096 წლის დასასრულისთვის ჯვაროსანთა ჯარები უკვე კონსტანტინოპოლთან იკრიბებოდნენ. მათი მეთაურები იძულებულები გახდნენ ეცნოთ იმპერატორი ალექსი I იმ მიწების სუვერენად, რომელსაც ლაშქრობისას დაიპყრობდნენ. გოდფრუა დე ბუიონმა (გოტფრიდ ბულონელი) ბიზანტიის იმპერატორს ვასალობის ფიცი მისცა. გოტფრიდის ჯარი არიეგარდში მიდიოდა, ხოლო დანარჩენი ჯვაროსნები სწრაფად შეიჭრა სელჯუკთა მიწებზე. მათი თავდაპირველი ამოცანა ქალაქ ნიკეის აღება იყო. 35 ათასიან ჯვაროსნულ არმიას ალექსი I-ს 2 ათასიანი ბიზანტიური რაზმი ეხმარებოდა. 6 მაისს ნიკეის ალყა დაიწყო.

სელჯუკებმა სწრაფად შეკრიბეს ჯარი, რათა ნეკეისთვის ალყა მოეხსნათ და 16 მაისს უკვე შეტევა წამოიწყეს ჯვაროსნების წინააღმდეგ. მუსლიმებს სურდათ შეეღწიათ ქალაქში რათა გაეძლიერებინათ იქ მყოფი გარნიზონი მაგრამ ჯვაროსნები მამაცურად იბრძოდნენ და მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. რაიმონდის დასახმარებლად მოვიდნენ გოტფრიდის და რობერტ ფლანდრიელის ჯარები, რომლებმაც მტერს ფლანგებიდან შეუტიეს. ბრძოლა მცირე ტერიტორიაზე ვითარდებოდა, რაც მუსლიმებს მანევრირების საშუალებას უსპობდა. ქალაქი ნიკეა ტბასთან იდგა, რისი წყალობითაც ალექსი I-ს ჯარები ქალაქს ნავებით მიადგა. ხოლო ჯვაროსნები ხმელეთიდან მიუახლოვდნენ ქალაქის კედლებს. მოწინააღმდეგემ კაპიტულაცია გამოაცხადა, სამაგიეროდ ბიზანტიელებისგან ხელშეუხებლობის პირობა მიიღეს. ჯვაროსანმა რაინდმა და ერთ-ერთმა მეთაურმა სტეფანე ბლუამ ბრძოლის შემდეგ ცოლს მისწერა: „მე გეუბნები საყვარელო, რომ 5 დღის შემდეგ ნიკეიდან ჩვენ მივალთ იერუსალიმამდე..... თუ ანტიოქია არ დადგება ჩვენს გზაზე”.
დორილეუმის ბრძოლა
3 დღიანი ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსნები მუსლიმთა ალყაში მოექცნენ, რომელთაც მეთაურობდა კილიჯ-არსლანი. ითვლება, რომ სელჯუკები ჯვაროსანთა დასახვედრად ქალაქ დორილეუმთან იყვნენ ჩასაფრებულები, მაგრამ ბრძოლა ქალაქიდან 56 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ჯვაროსნანთა ავანგარდს შეადგენდნენ ბიზანტიელები, ბოჰემუნდ ტარენტუმელის, სტეფანე ბლუას და რობერტ ფლანდრიელიელის ჯარები. სელჯუკების რამდენიმე რაზმი, რომელიც ცხენოსანი-მშვილდოსნებისგან შედგებოდა, განლაგდა დაბლობზე რომელიც 2 ხეობას კვეთდა, რომელთაგან ერთში ქვეითები ჩასაფრდნენ.
როდესაც ჯვაროსნები ერთი ხეობიდან მეორეში უნდა გადასულიყვნენ მათ შეამჩნიეს მუსლიმები და ბოჰემუნდმა უბრძანა თავის ქვეითებს, ბანაკის გაშლა დაეწყოთ, ხოლო ცხენოსნები მტრის მოსალოდნელი შეტევის მოსაგერიებლად გაამწესა. მუსულმანებმა დიდი ძალებით შეუტიეს ჯვაროსანთა ცხენოსნებს და აიძულეს უკან დაეხიათ.
გოტფრიდის და რაიმონდის ჯარები 5 კმ ჩამორჩენილიყვნენ ბოჰემუნდს. კილიჯ-არსლანმა გააგზავნა რაზმი რათა გაენადგურებინა ისინი, მაგრამ გოტფრიდმა მცირე რაზმით დროებით შეაჩერა მტერი და თვითონ მთავარი ძალებით ბოჰემუნდის დასახმარებლად გასწია. ჯვაროსნები და მუსლიმები ხელჩართულ ბრძოლაში ჩეხდნენ ერთმანეთს, თუმცა ჯერჯერობით ვერც ერთი მხარე ვერ იმარჯვებდა. ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც რაიმონდის ჯარიც მივიდა ბრძოლის ველზე. მისი არმია უეცრად გამოჩნდა მუსლიმების მარცხენა ფლანგზე და შეტევა წამოიწყო. რაიმონდს გოტფრიდის ჯარის მიეშველა, რომლის დახმარებითაც მტერს დიდი დანაკარგი მიაყენეს და უკან დაახევინეს.
უსასრულო ბრძოლა
ახლა ჯვაროსნებს შეეძლოთ წასულიყვნენ სამხრეთით ანატოლიის გავლით. დანიშმენდების ჯარი უკან დაბრუნდა თავიანთ მიწებზე, ხოლო კილიჯ-არსლანი ვეღარ უშლიდა ხელს ჯვაროსნებს გადაადგილებაში. პირველ სერიოზულ წინააღმდეგობას ჯვაროსნები სექტემბერში გადააწყდნენ ჰერაკლეაზე ლაშქრობის დროს. სადაც სელჩუკების ჯარი სასტიკად დაამარცხეს.
ჰერაკლეას დასავლეთით ჯვაროსნების ჯარი ორად გაიყო, მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ კაპადოკიისკენ, ბალდუინი და ბოჰემუნდი კი ნორმანდიელ რაინდებთან ერთად სამხრეთით, კილიკიისკენ გაემართნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ კილიკელები ებრძოდნენ ბიზანტიელებს და ალექსი I-ს არ უნდოდა, რომ ჯვაროსნებს მის მიწებზე გაევლოთ, თუმცა ჯვაროსნებმა მოახერხეს კილიკიელ სომხებთან მოლაპარაკება და მათ მიწაზე მშვიდობიანად გადაადგილება.
სექტემბერში მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა. სელჯუკების ჯარმა ჯვაროსანთა მთავარ ძალებს ავგუსტოპოლისთან შეუტია. ამ ბრძოლაშიც ჯვაროსნებმა იმარჯვეს და თურქები გაანადგურეს.
ბალდუინ ბულონელის ჯარმა მთები გადალახა და ქალაქ ტარსუსს მიადგა, სადაც ჯვაროსნების დამხმარე ფლოტი იყო განლაგებული. ჯარს უნდა გაეგრძელებინათ დასავლეთით მოძრაობა. კილიკიის სომეხი მთავრები მუდამ კინკლაობდნენ ერთმანეთში და ქვეყანაში არეულობა სუფევდა, რითაც ისარგებლა ბალდუინმა და 1098 წლის მარტში ედესის გრაფის წოდება მიიღო.
1097 წლის ოქტომბერში დანარჩენმა ჯვაროსნებმაც გადალახეს მთები და სირიის ქალაქ ანტიოქიას მიადგნენ, რომელიც მათ გზას იერუსალიმისკენ მიმავალ გზას უღობავდა. სამხრეთისკენ გზის გასაგრძელებლად ამ მნიშნველოვანი ქალაქის დაკავება აუცილებელი იყო და ამიტომ ჯვაროსნებიც მალევე შეუდგნენ ხანგრძლივ და მომქანცველ ალყას.

ნიკა ხოფერია და ლაშა დულარიძე