ძველი მესოპოტამიის ისტორიის საფუძვლები


მესოპოტამია და მისი მოსახლე ხალხები: მესოპოტამია - მიწა ორ მდინარეს შორის - წარმოადგენს კლასიკურ სახელწოდებას იმ მიწებისა, რომლებიც ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარეობენ; განსაკუთრებით კი უძველესი ასურეთისა და ბაბილონისა. მისი დიდი ნაწილი შედის დღევანდელ ერაყში, მცირე ნაწილები კი აღმოსავლეთ სირიაში, თურქეთსა და ირანში, თუმცა თანამედროვე ერაყი ზოგიერთ იმ მხარესაც მოიცავს, რომელიც მესოპოტამიის მიღმა მდებარეობს.  მესოპოტამიის დასახლება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყო და ნეოლითის პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდა. თავდაპირველად ბუნებრივი და კლიმატური პირობებით უფრო კომფორტული ჩრდილოეთ მესოპოტამია დასახლდა. ეს უძველესი არქეოლოგიური კულტურები - ხასუნის, ხალაფის და სხვ. - ჯერ კიდევ არცერთი ეთნიკური ჯგუფისთვის არ არიან მიკუთვნებულები.  უფრო მოგვიანებით ჩნდება დასახლებები სამხრეთ მესოპოტამიაშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელ-უბეიდეს არქეოლოგიური კულტურა, რომელიც V ათასწლეულის ბოლო მესამედსა და IV ათასწლეულის პირველ ნახევარს მიეკუთვნება.
ზოგიერთი მკვლევარი მათ შუმერებს მიაწერს, მაგრამ შესაძლოა ის პროტო-შუმერულ ტომებს მიეკუთვნებოდა. შუმერთა დასახლება სამხრეთ მესოპოტამიის უკიდურეს ნაწილში III-IV ათასწლეულების მიჯნაზე ფიქსირდება, მაგრამ ზუსტი დროის განსაზღვრა, თუ როდის დასახლდნენ შუმერები ტიგროსისა და ევფრატის ველზე, მეტად რთულ ამოცანას წარმოადგენს. შუმერთა წარმოშობა, ისევე როგორც მათი ენების ნათესაური კავშირების ძიება, კვლავაც სადავო საკითხად რჩება, რადგან დღეისთვის არ გაგვაჩნია საფუძვლიანი არგუმენტები რომ შუმერული ენა რომელიმე ენობრივ ჯგუფს მივაკუთვნოთ.  შუმერები შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას და აითვისეს მათგან ადგილის ტოპონიმები, სამეურნეო მიღწევები და რელიგიური წარმოდგენები.
აქადელი მეფის, სავარაუდოდ სარგონის ბრინჯაოს ქანდაკება
ძვ.წ. XXIII-XXII სს.

მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში ძვ.წ. III ათასწლეულიდან და შეიძლება უფრო ადრეც, ცხოვრობდნენ აღმოსავლეთსემიტური, ტყავის მწარმოებელი ტომები. მათ ენას აქადური ეწოდა  და რამდენიმე დიალექტი ჰქონდა - სამხრეთ მესოპოტამიაში ბაბილონური, ჩრდილოეთში, ტიგროსის ველის შუა ნაწილში - ასირიული. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სემიტები შუმერებთან ერთად თანაცხოვრებას ეწეოდნენ, ძვ.წ. III ათასწლეულის შემდეგ კი სამხრეთისკენ დაიწყეს მოძრაობა და III ათასწლეულის ბოლოსთვის თითქმის მთელი მესოპოტამია დაიკავეს. რის შედეგადაც აქადურმა ენამ შუმერული მეტად შეავიწროვა.  ძვ.წ. II ათასწლეულში შუმერული ენა უკვე მკვდარ ენას წარმოადგენდა, მხოლოდ რელიგიისა და ლიტერატურის ენად რჩებოდა და ძვ.წ. I ათასწლეულამდე ისწავლებოდა. შუმერული ენის განდევნა არ ნიშნავდა შუმერთა ფიზიკურ განადგურებას. შუმერები შეერივნენ სემიტებს, მაგრამ შეინარჩუნეს რელიგია და კულტურა, რომელიც მათგან აქადელებმაც აითვისეს მცირე განსხვავებებით. 
სომხეთის მთიანეთი

ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოს, დასავლეთიდან, სირიის სტეპებიდან, მესოპოტამიაში დასავლეთსემიტური ტომები, სუტიები  გამოჩნდნენ. აქადელებმა მათ ამორევლები უწოდეს, რადგან აქადურად `ამურუ"  წარმოადგენდა იმ ტერიტორიის (სირიის) სახელწოდებას, საიდანაც სუტიები მოვიდნენ. ამ მომთაბარეთა შორის სხვადახვა, თუმცა მონათესავე ენაზე მოლაპარაკე რამდენიმე ტომი განირჩეოდა. ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში ამორევლები დასახლდნენ მესოპოტამიაში და დაარსეს რამდენიმე სამეფო დინასტია. 
უძველესი დროიდან ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, ჩრდილოეთ სირიასა და სომხეთის მთიანეთში, სუბარიული ტომები ცხოვრობდნენ. შუმერები და აქადელები მათ ქვეყანას სუბარტუს უწოდებდნენ. შემდგომში სუბარიელები შეერივნენ ხურიტებს  - სომხეთის მთიანეთის ერთ-ერთ ხალხს, რასაც მოჰყვა ის, რომ ტერმინი `სუბარიელები" გადავიდა ხურიტებზე. 
მესოპოტამიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დიალის მაღლობებიდან ურმიის ტბის რაიონებამდე და უფრო ჩრდილოეთით, ცხოვრობდნენ გუთიები. ძვ.წ. XXIII საუკუნეში ისინი შეიჭრნენ მესოპოტამიაში და მთელი ასწლეულით დაამყარეს აქ თავიანთი ძალაუფლება. მხოლოდ ძვ.წ. XXII საუკუნის ბოლოს მოახერხეს მათი დამხობა და აიძულეს დიალის მაღლობებისკენ დაეხიათ უკან.
აქადის მეფე ნარამსუენის სტელა, რომელიც ლულუბებზე გამარჯვების აღსანიშნავად გაკეთდა. დაახლ. ძვ.წ. 2250

II ათასწლეულის ბოლოდან, ზაგროსის მთიანეთში, გუთიების მეზობლად, მესოპოტამიაში მოლაშქრე კიდევ ერთი ხალხი - ლულუბეები ცხოვრობდნენ.  მათი წარმოშობისა და ენობრივი ჯგუფის შესახებ დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით. არ არის გამორიცხული, რომ ისინი კასიტურ ტომებს ენათესავებოდნენ.  
კასიტები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ჩრდილო-დასავლეთი ირანის ტერიტორიაზე, ელამელებისგან ჩრდილოეთით. ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე მეოთხედიდან კასიტებმა შეძლეს მდინარე დიალის დაბლობის დაკავება და დაიწყეს მძარცველური ლაშქრობები მესოპოტამიის სიღრმეში. ძვ.წ. XVI საუკუნის დასაწყისში მათ დაიპყრეს მესოპოტამიის სახელმწიფოთგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი - ბაბილონი - და დაარსეს აქ თავიანთი დინასტია.  ბაბილონში დასახლებულმა კასიტები სრულად შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მიიღეს მათი ენა და კულტურა, როდესაც სამშობლოში დარჩენილმა კასიტებმა მოახერხეს შეენარჩუნებინათ თავიანთი ენა, განსხვავებული შუმერული, სემიტური, ხურიტული და ინდოევროპული ენებისგან. 
ზაგროსის მთიანეთი

ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ მესოპოტამიაში ჩრდილოეთ არაბეთიდან სირიის სტეპებში და კიდევ უფრო შორს, ჩრდილოეთ მესოპოტამიისკენ, დაიძრნენ დასავლეთსემიტური ტომები, არამელები.  ძვ.წ. XIII საუკუნის ბოლოსკენ მათ დასავლეთ სირიასა და სამხრეთ-დასავლეთ მესოპოტამიაში მრავალი მცირე სახელმწიფო შექმნეს.  ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისისთვის ისინი შეერივნენ ადგილობრივ ხურიტულ  და ამორევლურ მოსახლეობას. არამეული ენა კი ფართოდ გავრცელდა და მყარად დამკვიდრდა ამ ტერიტორიებზე. ძვ.წ. IX საუკუნიდან სამხრეთ მესოპოტამიაში შემოსვლა და დასახლება დაიწყეს არამელთა მონათესავე ქალდეველმა ტომებმაც. 
ძვ.წ. VI საუკუნეში ბაბილონის სამეფოს სპარსელების მიერ დაპყრობის შემდეგ, არამეული ენა აქემენიანთა სპარსეთის სახელმწიფო კანცელარიის ენად იქცა. აქადური ენა შენარჩუნდა მხოლოდ მსხვილ მესოპოტამიურ ქალაქებში, თუმცა აქაც მას ძალიან ავიწროებდა არამეული. ძვ.წ. I საუკუნის დასაწყისისთვის აქადური ენა საბოლოოდ მიივიწყეს. 
როგორც ვხედავთ, მესოპოტამიის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა სხვადასხვა ტომების ერთმანეთთან დაპირისპირების, ახალი ტომების გადმოსახლებისა თუ რომელიმე ხალხის განსაკუთრებული გამძლავრების დროს, როგორც მოხდა ასურული და ახალბაბილონური ქვეყნების ჩამოყალიბების, შემდეგში კი აქემენიანთა სპარსეთის შექმნის შემდეგ, რომელთა შემადგენლობაში მესოპოტამია შედიოდა. 
პერიოდიზაცია:
მესოპოტამიის ტერიტორიაზე ძვ.წ. VII-IV ათასლწულებში მიმდინარეობდა პირველყოფილი თემური წყობილების დაშლა და კლასობრივი საზოგადოების წარმოქმნა. ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისისთვის პირველი მცირე სახელმწიფოები გაჩნდა მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილში, ისტორიულ შუმერში. ძვ.წ. XXVIII-XXIV საუკუნეების პერიოდს ეწოდა ადრედინასტიური. შემდეგი პერიოდი (ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლო მესამედი) ხასიათდება დესპოტური მონარქიების შექმნით. ძვ.წ. XXIV-XXIII საუკუნეებში პოლიტიკური ცენტრი ინაცვლებს ცენტრალურ მესოპოტამიაში, სადაც იქმნება აქადის სახელმწიფო. მისი ძალაუფლების ქვეშ ექცევა შუმერი და მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილი. გუთიებისგან დასუსტებული აქადის დაცემის შემდეგ კი მესოპოტამიის ჰეგემონი ახალი შუმერო-აქადური სამეფო ხდება. 

ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში, ევფრატსა და ტიგროსს შორის რამდენიმე სახელმწიფო არსებობდა. მათ შორის იყო ბაბილონიც, რომელმაც მეზობელი ქვეყნები დაიპყრო და გაძლიერდა.  მისი ისტორია რამდენიმე პერიოდად იყოფა: ადრებაბილონური ან ამორევლური (ძვ.წ. XIX-XVI სს.), შუაბაბილონური ანუ კასიტური (ძვ.წ. XVI-XII სს.), ბაბილონის პოლიტიკური დასუსტებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ხანა (ძვ.წ. XII-VII სს.) და საბოლოოდ, ახალბაბილონური, ხანმოკლე პერიოდი აღზევებისა და დაცემისა (ძვ.წ. VII-VI სს.), რომელიც ამ სახელმწიფოს სპარსეთის მიერ დაპყრობით დასრულდა. 
ძვ.წ. XVI-დან ძვ.წ. XIII საუკუნემდე ჩრდილო-დასავლეთ მესოპოტამიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მითანის სახელმწიფო.  აღმოსავლეთ ნაწილში კი ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულიდან წარმოიქმნა ასურეთის სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო აშური.  მისი ისტორია სამ პერიოდად იყოფა: ძველასურული (ძვ.წ. XX-XVI სს.), შუაასურული (ძვ.წ. XV-XI სს.) და ახალასურული (ძვ.წ. X-VII სს.). ახალასურულ ხანაში ასურეთმა მასშტაბური სამხედრო კამპანიების შედეგად დაიპყრო უზარმაზარი ტერიტორიები, ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა სახელმწიფო და შექმნა დიდი იმპერია. ასურეთის სამეფო შემდეგში ბაბილონის სახელმწიფომ ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასურულ-ბაბილონური იმპერიების მემკვიდრედ აქემენიანთა სპარსეთი მოგვევლინა.  
წყაროები:
ძველი მესოპოტამიის ისტორიისთვის ძირითად წყაროებად ითვლება მატერიალური კულტურის ნიმუშები, წერილობითი დოკუმენტები და ლიტერატურული ძეგლები, მათ შორის ანტიკურ ავტორთა ნაშრომები. 
მნიშვნელოვანია ისეთი არქეოლოგიური გათხრების შედეგები, როგორებიც ჩატარდა ერედუს, ურის, ურუქის, ლაგაშის, ნიპურის, ლარსის, ეშნუნის, მარის, აშურის, ნინევიის, ბაბილონისა და სხვა ქალაქების ნაშთებზე. ზოგიერთი ამ ქალაქის ტერიტორიაზე დასახლებები ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულის დროიდან არსებობდა. მათ ისტორიაზე წარმოდგენას გვაძლევს აღმოჩენილი ქანდაკებები, სამუშაო იარაღები, სამკაულები, საცხოვრისები, სამარხები, მარცვლეული და შინაური ცხოველების ძვლები. მესოპოტამიური ქალაქების არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია საფეხუროვანი ზიკურატების, სამეფო სასახლეების, გრადიოზული ტაძრების, საცხოვრებლებისა და სამეურნეო ნაგებობების, სკოლების, სიმაგრეებისა თუ საირიგაციო სისტემის, ნეკროპოლების, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების, საყოფაცხოვრებო ნივთების კვალი. მსგავსი ნივთების აღმოჩენა ეგვიპტესა და სხვა მეზობელი ცივილიზაციების ტერიტორიაზე კი მიგვანიშნებს შუამდინარულ სავაჭრო კავშირებზე ამ ხალხებთან. მათი სავაჭრო დამღები აღმოჩენილია ბაჰრეინის კუნძულებზე, ინდოეთში, ეგვიპტეში. ყველა მესოპოტამიური ქალაქისათვის და მათი ისტორიის სხვადასხვა პერიოდისთვის განსხვავებული დამღები და ნაკეთობათა დამზადების სტილი არსებობდა. ასევე ერთმანეთისგან განსხვავდება მასალა, რითიც ეს ნივთები მზადდებოდა. დამღებზე ხშირად ამ ხალხების მითოლოგიური გმირები და ღმერთები იყვნენ გამოსახულები და ამ მხრივ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევენ მესოპოტამიური კულტურისა და რელიგიის შესახებ. 
„სვავების სტელა"
დაახლ. ძვ.წ 2450

წერილობითი წყაროები ჩნდება ძვ.წ. IV ათასწლეულის მიწურულს და ისინი რამდენიმე ნაწილად იყოფა: სამეურნეო, იურიდიული, დიპლომატიური, ზოგადი ხელნაწერები და ა.შ. განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს დოკუმენტები, რომლებშიც მესოპოტამიური ქვეყნების ისტორიის ეპიზოდებია აღწერილი. ასეთია ე.წ. `სვავების სტელა", სადაც ლაგაშის მეფე ეანათუმის ომებია აღწერილი მეზობელ უმასთან. ლაგაშში გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციას გვაძლევს მეფე ურუინიმგინის (ძვ.წ. XXIV ს.) დროის წერილობითი წყაროები. ამავე ქალაქის მეფის (ენსის) გუდეას (ძვ.წ. XXII ს.) მეფობის ხანიდან კი შემორჩენილია წერილობითი წყაროები მისი მშენებლობების შესახებ.  მნიშვნელოვანია აქადის მეფეთა წარწერები (ძვ.წ. XXIII ს.), განსაკუთრებით მეფე რიმუშის ისტორიის ამსახველი ფირფიტები და მანიშთუშუს ობელისკი.  
ყველაზე მეტი წარწერები მაინც ასურეთის მეფეების შესახებ არის შემორჩენილი. მათგან ყველაზე ძველები მეტად მოკლე, ნაკლებ ინფორმაციულია და ძირითადად მწირ ინფორმაციას შეიცავს სამხედრო მოქმედებებისა და მშენებლობების შესახებ. უფრო გვიანდელები კი, როგორიც სარგონიდების დინასტიის დროს იწერებოდა (ძვ.წ. VIII-VII სს.) წარმოადგენს ლიტერატურულ-ისტორიულ ნაწარმოებებს მოქმედებათა დინამიკური განვითარებით, ორიგინალური აღწერით. განსაკუთრებით გამოირჩევა `სარგონ II-ს წერილი ღმერთ აშურუსთან", რომელშიც ძვ.წ. 714 წელს ურარტუს დალაშქვრაა აღწერილი. გამორჩეულია მეფე აშურბანიფალის პერიოდის წარწერებიც. თუმცა ასურელ მეფეთა შესახებ არსებული ეს ტექსტები მეტად ტენდენციურია და მათი შესწავლისას დიდი ყურადღება და ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭEირო. ნინევიისს სამეფო `არქივებში" ხუთასზე მეტი წარწერებიანი ფირფიტა ინახება ძვირფასი ცნობებით დიპლომატიური, სამეურნეო, ადმინისტრაციული საქმეების შესახებ. ისინი ეხება როგორც მეფეებს, ისე მათ ნაცვლებს, ქურუმებს, მთავარსარდლებს და სხვა მოხელეებს.  
მანიშთუშუს ობელისკი. დაახლ. ძვ.წ. 2270

ახალბაბილონური დინასტიის მეფეების პერიოდის 140-მდე წარწერაა შემორჩენილი. მათგან უმეტესობა ეკუთვნით ნაბუქოდონოსორ II-სა  და ნაბონიდს (ძვ.წ. VI ს.). მათში აღწერილია სასახლეების, ტაძრების, სხვა ნაგებობების შენებისა და ღმერთებისთვის და მათი ტაძრებისთვის მსხვერპლის შეწირვის ამბები. ნაბონიდის დროის წარწერებში კი არამარტო მისი მმართველობის, არამედ უფრო ადრეული პერიოდის ცნობებია შემონახული. 
მესოპოტამიის სახელმწიფოებში არსებობდა სამეფო სიები. `შუმერის მეფეთა სიაში", რომელიც ძვ.წ. XXI საუკუნეში შეადგინეს, დასახელებული არიან `წარღვნამდელი" მეფეები. მათი სია ძვ.წ. XVIII საუკუნემდე მოდის. ასურელებს ჰქონდათ მეფის უმაღლესი მოხელეების სიები (ძვ.წ. 911-648 წლებში) და მეფეთა სიები, რომელიც იწყებოდა ძვ.წ. II ათასწლეულიდან და სრულდებოდა ძვ.წ. VII საუკუნით. მისი დახმარებით ასურეთის ისტორიის ქრონოლოგიური ხაზის უფრო ზუსტად ჩამოყალიბება შეგვიძლია. მსგავსი სიები არსებობდა ბაბილონშიც. მნიშვნელოვანია `სინქრონული ისტორია" (ძვ.წ. XVI - ძვ.წ. IX საუკუნეები), `ნინევიის დაცემის ქრონიკა" (ძვ.წ. VII ს.), `ბაბილონური ქრონიკა" (ძვ.წ. VI ს.). მეფეთა სიებთან ერთად ეს წარწერები მესოპოტამიის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს წარმოადგენენ.  
ძველი ნინევია, რეკონსტრუქცია

ცალკეული ისტორიული შრომები უფრო გვიან, ძვ.წ. IV-III საუკუნიდან ჩნდება. ბაბილონელმა ბეროსმა, მარდუქის ქურუმმა, მესოპოტამიური მითოლოგიის, ლეგენდებისა და ისტორიის კარგმა მცოდნემ, ბერძნული განათლების მქონე პიროვნებამ შეადგინა `ბაბილონური და ქალდეური ისტორია" სამ ნაწილად. ეს ნაშრომი იწყებოდა წარღვნამდელი ეპოქით და მოდიოდა ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის ხანამდე. ამ ტექსტის მხოლოდ ფრაგმენტები შემოგვრჩა, რომლებიც აისახა ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ავტორების - იოსებ ფლავიუსისა (I ს.) და ევსევის (IV ს.) შრომებში. 
საინტერესოა შუმერულ-აქადური პოეზიის სხვადასხვა ნიმუშები. მათ შორის ენმერკარეს (ძვ.წ. III ათასლწლული) და გილგამეშის შესახებ არსებული პოემები. `ეპოსი გილგამეშის შესახებ" ამ ეპოქის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული პოემაა. ის აღმოჩენილია ნინევიის სამეფო ბიბლიოთეკაში და თარიღდება ძვ.წ. II ათასწლეულით. მათი ტექსტებიდან შეგვიძლია გავიგოთ უძველესი მესოპოტამიის მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური თუ სამხედრო-ისტორიული პრობლემები. არსებობს შუმერული ანდაზები, შაირები და გამოცანებიც. მაგალითად: `უბედურ ადამიანს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე იცოცხლოს: თუ პური აქვს, მარილი არ ექნება, თუ მარილი აქვს, პური არ ექნება..." ან `ვისაც ბევრი ვერცხლი აქვს, შეიძლება ბედნიერი იყოს, ვისაც ბევრი შვრია, შეიძლება ისიც ბედნიერი იყოს, მაგრამ ვისაც არაფერი აქვს, მშვიდად სძინავს".  
სავარაუდოდ იოსებ ფლავიუსის ბიუსტი (თუმცა ამ საკითხის გარშემო ერთიანი აზრი არ არსებობს)

  შეგვიძლია მხედველობაში მივიღოთ სირიული, ეგვიპტური, ფინიკიური, პალესტინური, ურარტუული, სამხრეთარაბული, ირანული და ინდური ნივთები და წარწერებიც. ზოგიერთი ასეთი უცხოური ნივთის მესოპოტამიაში აღმოჩენა მეტყველებს სავაჭრო კავშირებზე, წერილობითი წყაროები კი მესოპოტამიის ტომთა ურთიერთობებზე მეზობელ მხარეებთან.
ანტიკური ავტორებიდან მესოპოტამიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძვ.წ. V საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი, `ისტორიის მამა" ჰეროდოტე. რომელმაც იმოგზაურა ამ მხარეში. მისი ცნობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც მოგზაურობის დროს იხილა და აღწერა, რადგან მისი ისტორია უამრავ ხარვეზს შეიცავს და უფრო ლეგენდარულ, მითიურ საბურველშია გახვეული  (ლეგენდარული პიროვნებები არიან ჰეროდოტეს დასახელებული დედოფალი სემირამიდა, სარდანაპალი და დედოფალი ნიტოკრიდე). საინტერესოა ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვის, კტესიას კნიდელის `სპარსეთის ისტორია" 23 წიგნად. თუმცა ისიც უამრავ შეცდომას შეიცავს და ისეთივე მითოლოგიურ საბურველშია გახვეული,  როგორც ჰეროდოტეს `ისტორია".  
ჰეროდოტეს ბიუსტი (ახ.წ. II ს.)

მისი ცნობები გამოყენებული აქვს დიოდორესაც `ისტორიულ ბიბლიოთეკაში" (ძვ.წ. I ს.) და სხვა ბერძენ ავტორებს. მნიშვნელოვანია სპარსეთის ლაშქარში მომსახურე მოქირავნე ბერძენის, ქსენოფონის ნაწარმოები `ანაბასისი" და `კიროპედია", რომელშიც გვხვდება ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე მცხოვრები ხალხის ტადიციების, კულტურისა და ისტორიის აღწერა. განსაკუთრებით მდიდარი დოკუმენტი მესოპოტამიის ისტორიის შესახებ არის სტრაბონის `გეოგრაფია" (ძვ.წ. I - ახ.წ. I). განსაკუთრებით ამ უზარმაზარი შრომის XVI ტომი.  იოსებ ფლავიუსის `იუდეის სიძველეები" (ახ.წ. I ს.) ფართო წარმოდგენას გვაძლევს ე.წ. `ასურული მემკვიდრეობის" შესახებ, რომლისთვისაც ბაბილონი და მიდია იბრძოდნენ და მათი ინტერესის შეჯახება ეგვიპტესთან. ბუნებრივია, იოსებ ფლავიუსი მსოფლიო ისტორიის ბიბლიური კონცეპციით ხელმძღვანელობდა.  
ქსენოფონტის „ანაბასისში" აღწერილი ათი ათასი მოქირავნე ბერძენი მეომრის მარშრუტი აღმოსავლეთისკენ და უკან დაბრუნება

  ბევრ საინტერესო ცნობას შეიცავს რომაელი ისტორიკოსის პომპეუს ტროგუსის თხზულებებიც (ძვ.წ. I ს.). ტროგუსი აღწერს ბაბილონის და ასურეთის ისტორიის მოვლენებს, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელის ტერიტორიულ გაფართოებას და მისი დაცემის მიზეზებს. 
არქეოლოგია
არქეოლოგიური გათხრები მესოპოტამიაში XIX საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. თავდაპირველად ამ საქმეს არა სპეციალისტი არქეოლოგები, არამედ უბრალო ენთუზიასტები და სიძველეების პოვნით დაინტერესებული პირები აკეთებდნენ. 1842 წელს ფრანგმა დიპლომატმა ე.პ. ბოტტამ ქუიუნჯიკის მთაზე გათხრები წამოიწყო, თუმცა მეტწილად უშედეგოდ. 1843 წელს კი სოფელ ხორსაბადთან ასურეთის მეფის სარგონ II-ს რეზიდენციის ნანგრევებს მიაგნო - ქალაქ დურ-შარუკინს. სწორედ აქ აღმოჩენილმა ნივთებმა შეავსო პირველად ლუვრის მუზეუმის ასურული კოლექცია. 
ხორსაბადში აღმოჩენილი ქანდაკება (ძვ.წ. 721-705)

1845-1847 წლებში ინგლისელმა დიპლომატმა გ.ა. ლეიარდმა, რომელმაც კარგად იცოდა აღმოსავლური ენები და ბევრს მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში, მონაწილეობა მიიღო ნიმრუდის მთის გათხრებში, სადაც აღმოაჩინეს ასურული ქალაქი კალხუ, მეფის სასახლეები, ადამიანი-ლომებისა და ადამიანი-ხარების გრანდიოზული ქანდაკებები. აქვე იყო ულამაზესი რელიეფებიც. 1847 წელს ლეიარდმა აღმოაჩინა ნინევიაც, სადაც მეფე სინაქერიბის (ძვ.წ. VII ს.) სასახლე და წარწერებიანი თიხის ფირფიტებით სავსე აშურბანიფალის ბიბლიოთეკა იყო. ლეიარდის აღმოჩენილი ნივთების დიდი ნაწილი ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ძველაღმოსავლურ კოლექციაში ინახება. 
XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის დასაწყისი, მესოპოტამიის არქეოლოგიური შესწავლის ახალი ეტაპი იყო. ამ პერიოდში სისტემატური გათხრები მიმდინარეობდა ტიგროსისა და ევფრატის დაბლობის უძველესი ქალაქების ნაშთების ადგილზე. 
ფრაგმენტი აშურბანიფალის რელიეფიდან (ძვ.წ. VII ს.)

მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა ლეიარდის თანამოაზრემ - ხ. რასამმა. მან აშურბანიფალის სასახლეს მიაგნო, რომელშიც დიდებული რელიეფები აღმოჩნდა. მათზე გამოსახული იყო სამხედრო და სანადირო სცენები. ნიმრუდის მთის მახლობლად, დაბა ბალავატში, რასამმა იპოვა ძვ.წ. IX საუკუნის ასურული კულტურის ნაშთები. ასევე უძველესი ქალაქის სიპარის ნანგრევები, მზის ღმერთის შამაშის ტაძარი, საქმიანი დოკუმენტების არქივი, სკოლა და ა.შ. რასამი ეძიებდა წერილობით წყაროებსაც. მანვე აღმოაჩინა აშურბანიფალის პერიოდის წარწერებიანი თიხის ცილინდრი, რომელსაც შემდეგ მის საპატივსაცემოდ `რასამის ცილინდრი" უწოდეს. 
ინგლისელთა სამეცნიერო ექსპედიციებმა მიაგნეს შუმერულ ქალაქებს - ურს, ურუქს, ლარსასა და ერედუს. ფრანგებმა კი ე. დე სარზეკის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს ქალაქი ლაგაში, სადაც აღმოჩნდა მეფეთა მრავალი ქანდაკება, მათ შორის `მშენებელი ენსის" გუდეას სკულპტურა. ასევე ალებასტრის ჭურჭელი, `სვავების სტელა", რომელიც ლაგაშის გამარჯვებას აღნიშნავდა მეზობელ ქალაქ უმაზე, ურუინიმგინის წარწერები, სადაც ამ მეფის რეფორმები იყო ასახული (ძვ.წ. XXIV) და უზარმაზარი არქივი სხვადასხვა დოკუმენტებისა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ამერიკული ექსპედიციის მიერ ქალაქ ნიპურის აღმოჩენა.  აქ იყო გრანდიოზული ნაგებობების ნაშთები - ენლილის ტაძარი, ბიბლიოთეკა 60 000-მდე თიხის ფირფიტით, სატაძრო მეურნეობის შენობები, სასახლე, სკოლა, ბაზარი, სახლები და ა.შ. ყველა ზემოთ აღნიშნული აღმოჩენა სენსაციური და ევროპული მეცნიერებისთვის სიახლის მომტანი გახდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არქეოლოგიურ გათხრებს ნახევრად დილეტანტი, არაპროფესიონალი არქეოლოგები ატარებდნენ.  მაშინ ჯერ კიდევ არ იყო არქეოლოგიის ის მკაცრად განსაზვრული  მეთოდები. შედეგად, ბევრი ფასეული რამ განადგურდა მათი გაუფრთხილებლობის და უცოდინრობის გამო. 
ლაგაშის მეფე გუდეას ქანდაკება (ძვ.წ. 2120)

XX საუკუნის დასაწყისში საქმეს უკვე პროფესიონალი არქეოლოგები შეუდგნენ და ეპოქალური აღმოჩენები გააკეთეს. გერმანელებმა 90 კილომეტრის დაშორებით ბაღდადიდან ძველ ბაბილონს მიაგნეს. 1899-1917 წლებში მიმდინარე გათხრებისას ქალაქის კედლები, კოშკები და ნაბუქოდონოსორ II-ს (ძვ.წ. VII-VI სს.) სასახლე აღმოჩნდა. ასევე რელიგიური პროცესიის გზა, მარდუქის ტაძრისა და გიგანტური ზიკურატის ნაშთები. ნაპოვნი ნივთების დიდი ნაწილი ბერლინის მუზეუმის ბრწყინვალე კოლექციას ამშვენებს. გერმანელმა არქეოლოგმა ვ. ანდრემ 1903-14 წლებში გათხარა ასურეთის ძველი დედაქალაქი - აშური, სადაც აღმოჩნდა სამეფო სასახლეები, ტაძრები, მათ შორის უმაღლესი ღვთაების აშურის ტაძარი და სხვა ნაგებობები. გერმანელებმა აღმოაჩინეს შუმერული ქალაქის შურუპაკის ნანგრევები, ბიბლიოთეკა უძველესი ტექსტებით და ბაბილონის გარეუბანი - ბორსიპე, სადაც 49 მეტრის სიმაღლის ზიკურატი იდგა. მათვე იპოვეს ქალაქი უმაც. 
I მსოფლიო ომის დროს არქეოლოგიური გათხრები დროებით შეჩერდა და მხოლოდ 20-30-იანი წლებიდან განახლდა. 
1933-39 წლებში ფრანგმა არქეოლოგებმა ა. პაროს ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს ქალაქი მარი და ძვ.წ. II ათასწლეულის სასახლე, რომელიც მარის მეფე ზიმრილიმმა ააგო. აქვე იყო 20 ათასამდე წარწერებიანი თიხის ფირფიტა. II მსოფლიო ომის დროისას შეჩერებული არქეოლოგიური სამუშაოები მალევე განახლდა და აქტიურად მიმდინარეობდა 70-იან წლებამდე. აღმოჩნდა კიდევ სამი სასახლე (ძვ.წ. IV-III ათასწლეულები) და იშთარის ტაძარი. 
ურის ზიკურატი, რეკონსტრუქცია

1922-34 წლებში ინგლისელმა არქეოლოგებმა ლ. ვულის მეთაურობით ძველი ურის  სისტემატური გათხრები წამოიწყეს. აქ აღმოჩნდა მთვარის ღმერთის ნანარასა და მისი მეუღლის ქალღმერთ ნინგალის ტაძრები, ძვ.წ. III ათასწლეულში მეფე ურნამუს აგებული ზიკურატი, ადრედინასტიურ მეფეთა სამარხები, სკოლები, სახელოსნოები, ბაზრები და არქივები. 
1930-36 წლებში ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეშნუნი - პატარა მესოპოტამიური სახელმწიფოს ცენტრი მდინარე დიალის აუზში. 
აღსანიშნავია რომ II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების გარდა, არქეოლოგიურ სამუშაოებში ერაყელი მკვლევარებიც მონაწილეობდნენ. ფაუდ საფარმა და ტაჰა ბაკირამ შადუპუმას გათხრებისას მიგნეს ერთ-ერთ უძველეს სამართლებრივ ტექსტებს. ერაყელი არქეოლოგები მუშაობდნენ ერედუს გათხრებზეც, სადაც 14 ადრეისტორიული ფენა აღმოჩნდა.  
50-60-იან წლებში ერაყელმა არქეოლოგებმა ნები-იუნუსის მთასთან, სადაც ნინევიის ნაშთები იყო, აღმოაჩინეს ასსარგადონის  სასახლე, არსენალი, სამეურნეო ნაგებობები, წერილობითი დოკუმენტები. ბაღდადის და სხვა მუზეუმებმა თავიანთი კოლექციები გაამდიდრეს აქ აღმოჩენილი უნიკალური ნივთებით. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან მანამდე ექსპონანტების დიდი ნაწილი ევროპელი არქეოლოგების ხელით ევროპა-ამერიკაში გაიგზავნა. ბაღდადის ნაციონალურ ჟურნალში "შუმერში" მუდმივად იბეჭდებოდა გათხრების შედეგები და ახალი დოკუმენტები. შეიქმნა ერაყის სიძველთა გენერალური დირექტორიატი, რომელიც აკონტროლებდა ქვეყანაში მიმდინარე არქეოლოგიურ საქმიანობას. ასევე შეიქმნა პროექტი ძველი ბაბილონის რესტავრაციისა და მის ტურისტულ ცენტრად ქცევისთვის. 
მეფე ასსარგადონისა და მისი დედის ნაქი'ა-'ზაკუტუს გამოსახულება მარდუქის ტაძრის სტელაზე (ძვ.წ. VII ს.)

50-80-იან წლებში გერმანელი არქეოლოგები ამუშავებდნენ უძველესი ქალაქების უკვე აღმოჩენილ ნაშთებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ურუქში, ე.წ. `გილგამეშის კედელზე" მიმდინარე მუშაობა. ინგლისელი არქეოლოგები მ. მელოუნის ხელმძღვანელობით ნიმრუდის მთასთან მუშაობდნენ. აღმოჩნდა `სალმანასარის ციხესიმაგრე" - მძლავრი ციტადელი, შემოსაზვრული გალავნითა და კოშკებით. ამერიკელმა მეცნიერებმა განაახლეს ნიპურის გათხრები და რიგ საინტერესო წერილობით დოკუმენტებს მიაკვლიეს. ამ პერიოდში მესოპოტამიაში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებში ლიდერობდნენ პენსილვანიისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები. 
ბოლო პერიოდის არქეოლოგიაში ყურადღება მიაქციეს მესოპოტამიის ისტორიამდელი ეპოქის ძეგლებს. არქეოლოგები ეძიებდნენ უძველეს გამოქვაბულებს, მთებს და ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლებოდა პრეისტორიული ნაშთები აღმოეჩინათ. შანიდარას მახლობლად მათ პალეოლითის ხანის გამოქვაბულებს მიაგნეს, ჯარმოსთან ნეოლითურს. ამ აღმოჩენების შედეგად მსოფლიოსთვის ნათელი გახდა მესოპოტამიის ისტორიის უძველესი პერიოდი. 
ზოგადად რომ აღვნიშნოთ, არქეოლოგიურად პალეოლითის პერიოდიდან გვიანდელ ასურულ ხანამდე შუამდინარეთი კარგად არის შესწავლილი. თავდაპირველი დილეტანტიზმი შემდეგში ღრმა პროფესიონალიზმმა შეცვალა. არქეოლოგიური სამუშაოები რომელიც სენსაციური სიახლეების აღმოჩენაზე იყვნენ ორიენტირებულები, გარდაიქმნენ მესოპოტამიის ისტორიის ძირითადი პრობლემების კვლევით საქმიანობად. 

ბიბლიოგრაფია
1. კრამერი, სემიუელ ნოა. ისტორია იწყება შუმერიდან. თბილისი, 1988.
2. ქაფიანიძე, ზურაბ. შუმერული ანბანი. თბილისი, 1990.
3. კიკნაძე, ზურაბ. შუამდინარული მითოლოგია. თბილისი, 2006.
4. შარაშენიძე, ჯემალ. შუმერები და მათი კულტურა. თბილისი, 1983.
5. შარაშენიძე, ჯემალ. მანიშთუშუს ობელისკი. თბილისი, 2010. 
6. ხოფერია, ნიკა. ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია. თბილისი, 2011.
7. Burn A.R. Persia and the Greeks. London, 1984.
8. Feldman, Louis H. Josephus's Interpretation of The Bible. California, 1998.
9. Herodotus.; Aubrey De Sélincourt; A R Burn. The histories. Baltimore, 1972.
10. Layard, Austen H. Discoveries among the Ruins of Nineveh and Babylon; with Travels in Armenia, Kurdistan, and the Desert: Being the Result of a Second Expedition Undertaken for the Trustees of the British Museum. Harper, 1856.
11. McIntosh, Jane. Ancient Mesopotamia: new perspectives. Santa Barbara, 2005.
12. Meyers Eric M; American Schools of Oriental Research. The Oxford encyclopedia of archaeology in the Near East. volume I-IV. New York, 1997.
13. Strabo.; August Meineke. Strabonis Geographica. Leipzig, 1866.
14. Sollberger, E., Mr. Taylor in Chaldaea. Anatolian Studies. vol. 22. 1972.
15. Струве В.В. История древнего Востока. Москва, 1941.
16. Кузищин В.И. (ред.). История Древнего Востока. Москва, 2003.



ნიკა ხოფერია