მარაბდის ბრძოლა


მარაბდის ბრძოლა XVII საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება იყო, რომელიც ქართველთა მარცხით დასრულდა, თუმცა ყიზილბაშებისთვის ეს პიროსის გამარჯვება გამოდგა, რადგან სწორედ მარაბდის ველზე განცდილი დიდი ზარალის შემდეგ ჩაიშალა შაჰ-აბასის განზრახვა, საბოლოოდ დაეპყრო და ირანის ნაწილად ექცია ქართლ-კახეთი, რომლის დაკავებასაც სეფიანთა ირანი შაჰ თამაზ I-ს დროიდან აქტიურად ცდილობდა, თუმცა თბილისის აღების მიუხედავად მთელი ქვეყნის დამორჩილებას თითქმის ვერასდროს ახერხებდა. მარაბდის ბრძოლა სწორედ შაჰ აბასის აგრესიული კავკასიური პოლიტიკის ნაწილი იყო და გულისხმობდა ამიერკავკასიის დამორჩილებას და ირანისთვის დაქვემდებარებას. მარაბდის ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორივე მხრიდან დიდმა ძალებმა მიიღეს. ეს იყო იმ დროინდელი კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო მოვლენა, რამაც გავლენა მოახდინა როგორც საქართველოზე, ასევე ირანის ექსპანსიურ პოლიტიკაზე კავკასიაში. მიუხედავად მარაბდასთან გენერალურ ბრძოლაში დამარცხებისა, ქართველებმა შეძლეს ომის გაგრძელება და შემოსული ირანული საარმიო ნაწილების განადგურება. 


ირანის ჯარი
ირანის ერთ-ერთმა უდიდესმა შაჰმა, აბას I დიდმა თავის ჯარში მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმების გატარება გადაწყვიტა, რაშიც ორი ინგლისელი თავგადასავლების მაძიებელი ძმა დაიხმარა. ძმები ანტონ და რობერტ შირლები სპარსეთში 1598 წელს ჩავიდნენ, რათა ირანი წაექეზებინათ შესულიყო ანტი-ოსმალურ კავშირში. 1587 წელს, როდესაც აბასი ირანის შაჰი გახდა, სახელმწიფოს 60 000-მდე მეომრის მობილიზება შეეძლო, რომელთა დიდ ნაწილს ცხენოსანი ჯარი შეადგენდა. ამავდროულად ყიზილბაშები მის დიდ ნაწილს შეადგენდნენ და ბევრი სამხედრო თანამდებობაც ეკავათ. შაჰმა ყიზილბაშების რაოდენობა თითქმის გაანახევრა და მისი მმართველობისას ირანში სულ 30 000-მდე ყიზილბაში ჯარისკაცი შემორჩა. ძმები შირლებისა და სხვა ევროპელი სამხედრო პირების დახმარებით აბასმა ჩამოაყალიბა არმიის მთავარი ბირთვი, 40000 გაწვრთნილი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯარი, საუკეთესოდ აღჭურვილი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით. ამ 40000 მეომარში შედიოდნენ არტილერისტებიც ანუ "თოფჩები", რომელთა მეთაურს "თოფჩი-ბაში" ეწოდებოდა. ირანს ამ დროისთვის ძლიერი არტილერია გააჩნდა. თოფოსან ჯარს სპარსელები "თოფანგჩილარს" უწოდებდნენ, თოფოსნებს კი "თოფანგჩის". ამ შენაერთის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელა ვალეს(1586-1652) დოკუმენტები. ძმები შირლების რჩევით შაჰმა თოფანგჩილარის რაზმები ძირითადად ირანელი გლეხებისგან ჩამოაყალიბა. იყვნენ ცხენოსანი თოფანგჩებიც. დელა ვალეს ცნობით თოფოსანთა შენაერთი შაჰ აბასის საყვარელი საჯარისო ნაწილი იყო და მის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევდა. 
სეფიანების პერიოდის ირანელი მხედარი

ჯერ კიდევ შაჰ თამაზ I-ს დროს ირანში შეიქმნა 4500-5000 მეომრისგან შემდგარი გვარდია, რომელსაც "ყორჩილარს" უწოდებდნენ(მხოლობით ფორმაში "ყორჩი", მონღოლურად - "მშვილდოსანი"). შაჰ აბასის დროს მათი რაოდენობა გაიზარდა და 12 000 მეომრამდე ავიდა. ამ დროს მათ შეიარაღებას წარმოადგენდა მუშკეტი, ხმალი და ზოგჯერ ცულიც. ყორჩილარის მეომრები განსხვავდებოდნენ დანარჩენი ყიზილბაში ჯარისკაცებისგან, თუმცა ბრძოლის დროს მათაც ხშირად ეხურათ ტრადიციული ყიზილბაშური ქუდები. ყორჩილარის მეთაურს ეწოდებოდა "ყორჩი-ბაში" და ირანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. მარაბდის ბრძოლაში ირანელთა სარდალი ისა-ხანი (წარმოშობით ქართველი, კახეთის მეფის ალექსანდრე II-ს შვილიშვილი) სწორედ ამ ტიტულს ატარებდა. ამავდროულად აქედან ჩანს, რომ შესაძლოა საქართველოში შემოსულ ირანულ ლაშქარში ყორჩილარის ნაწილებიც ყოფილიყო. 
შაჰ თამაზ I-ს დროს დაიწყო თურქმან ღულამთა ფორმირებაც და მათი დაწინაურება სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე, რაც მისი მემკვიდრეების დროს, განსაკუთრებით შაჰ აბას I-ს მმართველობისას აქტიურად მიმდინარეობდა. ირანის ისტორიის ცნობილი მკვლევარი კავეჰ ფაროკი წერს, რომ ისევე როგორც ოსმალები, ირანელებიც იყენებდნენ ქართველ და სომეხ მონებს მეომრებად. ზრდიდნენ ღულამების მსგავსად, ასწავლიდნენ მუშკეტის, მშვილდ-ისრის, ხმლის, შუბისა და ცულის გამოყენებას.
   კავეჰ ფაროკის შესანიშნავი წიგნი ირანის სამხედრო ისტორიაზე

 XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ტავერნიე აღნიშნავდა: "ღულამები იმით გამოირჩევიან, რომ მათი ამბოხება მეტად იშვიათია, რადგან რამდენადაც ისინი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი მონები არიან, მათ არ აქვთ არც დამაკავშირებელი ძაფი და არც ნათესაური კავშირი; და როდესაც მეფეს რომელიმე მათგანის დასჯა სურს, ის იყენებს მათ მეთაურს საკუთარი ბრძანების შესასრულებლად". შაჰ-აბასის დროს ღულამთა რიცხვი არ აჭარბებდა 15 ათასს. სასახლის გვარდია (ყულის ჯარი) ეწოდებოდა კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ 3000 მეომარს, რომლებიც ყველგან დაყვებოდნენ თავიანთ მბრძანებელს. ყიზილბაშები, რომლებიც წარმოშობით მომთაბარე თურქმანები იყვნენ, ცხენოსან ჯარში კვლავ ტრადიციას მისდევდნენ და ცეცხლსასროლი იარაღი მათ შეიარაღებაში არ დომინირებდა. ისინი იყოფოდნენ 100 კაციან რაზმეულებად, რომელთაც უზ-ბაშები მეთაურობდნენ. ჯარში სასტიკი დისციპლინა სუფევდა და ყველა დამრღვევი სასტიკად ისჯებოდა. ამ რეგულარული სამხედრო ნაწილების გარდა ირანს უზარმაზარი არმიის შეკრება შეეძლო ომის დროს, თუმცა საბრძოლო თვისებებით არარეგულარული ჯარი ბევრად ჩამორჩებოდა ღულამების კორპუსს. ომის დროს გაწვეული ირანელი გლეხები შეიარაღებულები იყვნენ მსუბუქად და მეტად ცუდად იყვნენ ომისთვის მომზადებულები, ამიტომ მთავარ ძალად მაინც ღულამების რეგულარული ნაწილი ითვლებოდა. ირანის არტილერიის ნაწილი მართლაც კარგი ზარბაზნებით და გაწვრთნილი არტილერისტებით იყო შედგენილი. 
                                                            სერ რობერტ შირლი

ირანელები იყენებდნენ ზამბულაკებსაც, პატარა ქვემეხებს, რომლებიც აქლემის ზურგზე მაგრდებოდა და ამიტომ ძალიან სწრაფი და მობილური იარაღი გახლდათ. მარაბდასთან ბრძოლაში ირანელებმა 50000 მეომარი გამოიყვანეს, რომელთაგან 12000 საუკეთესოდ შეიარაღებული და გაწვრთნილი თოფოსანი ანუ "თოფანგჩი" იყო. დანარჩენი კი რჩეული მხედრობა და ქვეითი ჯარის ნაწილები. არმიის მთვარსარდალი იყო შაჰ-აბასის სიძე, ისა-ხან ყორჩი-ბაში, ხოლო თანაშემწე სარდლები იყვნენ შირვანის ბეგლარბეგი ყაზახ-ხან ჩერქეზი, ერევნის ბეგლარბეგი ამირგუნე-ხანი (`ყვითელი ჯიქი~), აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე-ხანი და ისპაჰანის ტარუღა, ქართველი ბატონიშვილი, ხოსრო-მირზა. უნდა ითქვას, რომ ამ 50000 მეომარს შორის ბრძოლის დაწყებისას შაჰბენდე-ხანი არ იდგა. ის მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა თავისი ჯარით და ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინებაში დიდი როლი შეასრულა. ირანის არმია ბრძოლაში თავდაცვითი წყობით იდგა და ქართველებს მთელ ფრონტზე ძლიერ ცეცხლს უპირისპირებდა ზარბაზნებითა და თოფებით, ხოლო შაჰბენდე-ხანის გამოჩენის შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა.

ქართლ-კახეთის ჯარი
XVII საუკუნის ქართული არმია ძალიან ჩამორჩებოდა როგორც ევროპის, ისე ირანის არმიას განვითარების დონით, შეიარაღებითა და ტაქტიკით, ამიტომ დიდად არ განსხვავდებოდა XIV-XV საუკუნის ქართული ფეოდალური ლაშქრისგან. ქართველი მეომრების დიდი ნაწილი გლეხობისგან შედგებოდა, რომლებიც ქვეითად იბრძოდნენ და აღჭურვილები იყვნენ ჯაჭვის პერანგით, მუზარადით, ფარით, ხმლით, შუბით, მშვილდ-ისრით ან უკეთეს შემთხვევაში თოფით. სულხან საბა ორბელიანის მიხედვით ჯაჭვის პერანგის ხუთი სახეობა არსებობდა - სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვანი, ქირაფქა და ჯაბალა. ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში პირველად თემურ ლენგს უნდა გამოეყენებინა XIV საუკუნეში. XV საუკუნესა და შემდეგ კი ქართულ წყაროებში უკვე ჩნდება ცნობები ზარბაზნების, თოფებისა და ზამბულაკების შესახებ. თავდაპირველად ასეთი იარაღი თურქეთიდან და რუსეთიდან შემოდიოდა, უფრო გვიან საქართველოშიც გაჩნდა თოფხანები. ცხენოსნების წვრთნებისთვის სხვადასხვა თამაშები და შეჯიბრებები, ასევე ნადირობა იყო. ამიტომ ქართველი მხედრები გამოცდილი და გაწაფული მეომრები იყვნენ. ინდივიდუალურად ისინი არ ჩამორჩებოდნენ და ხშირად აღემატებოდნენ კიდეც მოწინააღმდეგეს. 
                                                                  თეიმურაზ I

ყველაფერთან ერთად ქართლ-კახეთის არმია მტერს ძალიან ჩამორჩებოდა რიცხოვნობით და 50000 სპარსელის წინააღმდეგ სულ 20000 მეომარი გამოჰყავდა. მიუხედავად ამისა ქართველებს ჰქონდათ რამდენიმე უპირატესობა: თავიანთ მიწაზე იბრძოდნენ, შესანიშნავად იცნობდნენ ადგილმდებარეობას და რაც მთავარია იცოდნენ, რომ სამშობლოსათვის და ყველაფერი იმისთვის იბრძოდნენ, რაც მათთვის ძვირფასი იყო. ეს მათ სიმამაცეს მატებდათ და ბრძოლაში გამარჯვების იმედს აძლევდათ. კიდევ ერთი უპირატესობა ქართველებისა ის იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი რაზმები, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ჯარის ნაწილები არ იყვნენ, არარეგულარული ირანული სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებს ბევრად აღემატებოდნენ, როგორც სამხედრო ხელოვნების ფლობით ისე სიმამაცითა და ბრძოლაში გამოცდილებით, რადგან XVI-XVII საუკუნეების განმავლობაში ქართველები მუდმივ ომებში იყვნენ ჩართულები. ქართველთა კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, ეს გიორგი სააკაძე იყო, მრისხანე მებრძოლი და ჭკვიანი სარდალი, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც კავკასიაში ასევე ირანში და ავღანეთში, როგორც შესანიშნავმა მხედართუფროსმა. სააკაძე გამოცდილი იყო როგორც ირანელების წინააღმდეგ ასევე მათ მხარდამხარ ბრძოლაში, ამიტომ კარგად იცოდა შაჰ-აბასის არმიის რეალური ძალა და შესაძლებლობა. 1609 წელს მან გაიმარჯვა ტაშისკარის ბრძოლაში ყირიმელ თათართა წინააღმდეგ. საქართველოდან გაქცევის შემდეგ ირანელებთან ერთად მონაწილეობდა ყანდაჰარის, ბაღდადის აღებასა და სხვა ბრძოლებში. 
                                                          გიორგი სააკაძე

1625 წელს მარაბდის ბრძოლამდე, სააკაძე შაჰის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, თუმცა ჩუმად დაუკავშირდა ქართველებს და მტერი მარტყოფის ველზე გაანადგურა. ქართველებს ალბათ შეცდომა მოუვიდათ, როდესაც ბრძოლაში მთავარსარდლად მეფე თეიმურაზ I დაადგინეს, რომელიც ვერც დიდი გამოცდილებით დაიკვეხნიდა და ვერც სამხედრო ნიჭით, მაგრამ ის მეფე იყო, რაც უმთავრესად მის უმაღლეს მხედართმთავრობასაც გულისხმობდა. დანარჩენი სარდლები იყვნენ: ზურაბ არაგვის ერისთავი, მისი ძმა დავით ერისთავი, ქვემო ქართლის სპასპეტი ბარათა ბარათაშვილი, იასე ქსნის ერისთავი, თეიმურაზ მუხრან-ბატონი, მისი ძმა ქაიხოსრო მუხრანბატონი, აღათგან ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, დავით ჯანდიერი და მანუჩარ ათაბაგი, ასევე ოთხი ეპისკოპოსი – მროველი (რუის-ურბნისის ეპისკოპოსი), ალავერდელი, რუსთველი და ხარჭაშნელი. თათბირზე ყველა სამხედრო მეთაურმა თავისი აზრი გამოთქვა თუ როგორ ეწარმოებინათ ბრძოლა მტრის დიდ და უკეთ შეიარაღებულ ჯართან. გიორგი სააკაძის აზრით ქართველები კოჯორ-ტაბახმელას მთებში უნდა დარჩენილიყვნენ და მტრის შემოტევას იქ დალოდებოდნენ, რათა თავად აერჩიათ მომგებიანი პოზიცია და არ მიეცათ საშუალება მრავალრიცხოვანი ირანელებისთვის ალყა შემოერტყა მათთვის. მას ემხრობოდა ბაადურ ციციშვილიც. ზურაბ ერისთავი, მანუჩარ ათაბაგი, ბარათა ბარათაშვილი და ძმები მუხრანბატონები მტერზე იერიშს მოითხოვდნენ. ასეც მოხდა გადაწყდა დილით ადრე, გამთენიისას შეეტიათ მტრისთვის. ბრძოლაში მხედართმთავრად თეიმურაზ I დანიშნეს. ბრძოლის წინ ჯარი რუისის ეპისკოპოსმა, მროველმა დომენტი ავალიშვილმა აზიარა და დალოცა. საინტერესო ფაქტია მარაბდის ბატალიაში ცხრა ძმა ხერხეულიძის მონაწილეობა და მათი გმირული ბრძოლა.
ბრძოლა
ირანელები ბრძოლას მომზადებულები დახვდნენ, მითუმეტეს ცეცხლსასროლი იარაღის მაქსიმალური გამოყენებისთვის ოპტიმალურ პირობებში იმყოფებოდნენ. მათ სანგრები გათხარეს, მიწაყრილებზე ზარბაზნები დადგეს, შემდეგ კი 12000 თოფოსანი განალაგეს ოთხ რიგად. პირველ რიგში ცალ მუხლზე ჩაჩოქილი თოფოსნები იდგნენ, მეორე რიგში ფეხზე მდგომები, მესამე-მეოთხეში აქლემებზე ამხედრებული მეთოფეები და ზამბულაკის მსროლელები. მუშკეტერთა მასას ერთიანი მძლავრი ცეცხლით უნდა შეეჩერებინა მოწინააღმდეგე. ჯარის მეწინავე ნაწილს ამირგუნე-ხანი ანუ `სარუ ასლანი~ (ყვითელი ჯიქი) მეთაურობდა. ცენტრში მძლავრი კავალერიული შენაერთი იდგა ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, დანარჩენ ნაწილებს ხოსრო მირზა და ყაზახ-ხან ჩერქეზი ედგნენ სათავეში. 
მეფე თეიმურაზმაც დაალაგა ჯარი საომრად. წინ კავალერია დააყენა, უკან – ქვეითი ჯარი, თუმცა რომელ სარდალს რა ადგილი ეჭირა არაა ცნობილი. შეტევა ქართველებმა დაიწყეს. სათოფე მანძილამდე ნელი, მწყობრი ნაბიჯით იარეს, სათოფეზე კი იარაღი მოიმარჯვეს და ცხენები გააჭენეს. სპარსელთა თოფოსანმა ჯარმა ერთიანი ცეცხლი გაუხსნა ქართულ კავალერიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ მოახერხა ნიაღვარივით წამოსული მხედრობის შეჩერება და ქართველებმა მოახერხეს ირანელთა რიგების გადათელვა. ბრძოლაში დაიჭრა ამირგუნე-ხანი. 
                                                                ზამბულაკი

განსაკუთრებული სიმამაცით იბრძოდნენ გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. ყაზახ-ხან ჩერქეზი თავის ჯართან ერთად გაიქცა, უკან ავთანდილ სააკაძე და დავით ერისთავი მიყვნენ თავიანთი მხედრობით. მალე მარჯვენა ფლანგიც დამარცხდა, რომელსაც ხოსრო-მირზა სარდლობდა. ისა-ხან ყორჩიბაშმა რჩეული ნაწილებით უკან დაიხია და ქართველებმა მისი ბანაკიც კი ჩაიგდეს ხელთ. ირანულ ბანაკში უამრავი სიმდიდრე აღმოჩნდა, რასაც ქართველები სწრაფად დაესივნენ და ნადავლის აკრეფა დაიწყეს. სწორედ ამ დროს, როდესაც ავთანდილ სააკაძე და დავით ერისთავი მტერს შორს გაეკიდნენ და თვალს მიეფარნენ, ხოლო ქართველთა რიგები არეული იყო, ბრძოლის ველზე შაჰბენდე-ხანის ჯარი გამოჩნდა, რომელსაც ისა-ხან ყორჩიბაშის და ხოსრო-მირზას ნაწილებიც შეუერთდნენ და ერთობლივი იერიში მიიტანეს ქართლ-კახეთის არეულ ჯარზე. 
ბრძოლა განახლდა, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ შემცირებული და დაფანტული ქართველები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ მტრის უზარმაზარი არმიის მჭიდრო რიგებს. დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი, დავით ჯანდიერი, აღათგან ხერხეულიძე, დაიღუპნენ ეპისკოპოსები – რუსთველი და ხარჭაშნელი, დაეცა ბაადურ ციციშვილიც. დაიღუპნენ დროშის მცველი ძმები ხერხეულიძეები. გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ ბრძოლის ბედის შემოტრიალება უკვე აღარ შეეძლოთ. ქართველთა ნაწილმა თავს უშველა, ხოლო დანარჩენი მარაბდის ველზე უსულოდ ესვენა. ბრძოლის შედეგები ასეთი იყო: დაიღუპა 14000-მდე ირანელი და 10 000-მდე ქართველი. ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იყო, რომელშიც ქართული ლაშქარი დამარცხდა, მაგრამ ვერც მტერმა მოიპოვა დიდი გამარჯვება, რადგან დაეღუპა არმიის დიდი ნაწილი და უცხო ქვეყანაში ბრძოლისთვის ძალები აღარ ეყო. 
                                 მარაბდის წმ. მარინეს სახელობის ეკლესია

ბრძოლაში ქართველთა დამარცხება დიდწილად არახელსაყრელ პირობებს და სარდალთა არასწორ მოქმედებას შეიძლება მივაწეროთ. მარაბდის ბრძოლაში გამოიკვეთა ქართველ სარდალთა, განსაკუთრებით თეიმურაზ I-ს სისუსტე, ჯარის ტაქტიკური გაუმართაობა, ჭარბ ძალებთან მინდორზე შეტაკება და სხვა სამხედრო პრობლემები. მეთაურთა გასამართლებლად შეიძლება მოვიყვანოთ ის არგუმენტი, რომ ჯარის რეგულარულად შენახვა, გამოკვება და თვეების განმავლობაში ოცი ათასი კაცის იარაღქვეშ ყოფნა ფეოდალური ქვეყნისთვის, რომელიც ამ დროისთვის მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა, ძვირადღირებული იქნებოდა. სარდლობამ გადაწყვიტა, რომ სანამ ეს ოცი ათასი მეომარი მათ ხელთ იყო, დაერტყა და ერთიანად დაემარცხებინა მტერი. შემტევი მხარე კი ძირითადად იძულებულია მიიღოს მოწინააღმდეგის პირობები, რომელიც თავდაცვით პოზიციას იკავებს. ეს ყველაფერი ერთად მარცხის მიზეზი გახდა. საბოლოოდ სააკაძემ მოახერხა ირანელთა ამ შემოტევის მოგერიება პარტიზანული ტაქტიკის გამოყენებით და ამით შაჰ-აბასის კიდევ ერთი ცდა ქართლის მთლიანად დაპყრობისა, უშედეგოდ დასრულდა.

ნიკა ხოფერია
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ისტორიანის" ივნისის ნომერში