საბრძოლო სპილოები - ცოცხალი ტანკები ბრძოლის ველზე


  
დაანახეს სპილოებს ყურძნის და თუთის სისხლი, საბრძოლველად რომ გაეხელებინათ. ცხოველები რაზმებად გაანაწილეს და ყოველ სპილოს დაუყენეს ათასი თოროსანი და მუზარადიანი კაცი, და გაიცა განკარგულება, ყოველ ცხოველს ხუთი ათასი ცხენოსანი მისჩენოდა. ესენი წამსვე იქ უნდა გაჩენილიყვნენ, სადაც ცხოველი იყო, და საითაც წავიდოდა, იქით უნდა წაჰყოლოდნენ, არ უნდა მოსცილებოდნენ. სპილოებზე ხის მაგარი კოშკები იდგა, რომელიც ფარავდა თითოეულ ცხოველს და საგანგებო მოსართავებით იყო მათზე დამაგრებული, თითოეულ მათგანზე ოთხი ღონიერი კაცი იდგა, რომლებიც იბრძოდნენ იქიდან, და ერთიც მისი ინდოელი გამძღოლი. 
პირველი მაკაბელთა, VI, 34-37


სპილო-ერთერთი ცხოველი, რომელსაც ადამიანი სისტემატიურად იყენებდა იარაღად. ცხენები არ ყოფილან მებრძოლები, მათ მხოლოდ სწრაფი გადაადგილებისთვის იყენებდნენ ბრძოლის ველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ძაღლებიც გამოყავდათ ბრძოლაში, მაგრამ ისინი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგისთვის. სპილოები კი “ცოცხალი ტანკები” იყვნენ, რომლებიც მოწინააღმდეგის ასობით ადამიანს თელავდნენ.

არსებობს სპილოს ორი სახეობა: ინდური(Eლეპჰას მახიმუს) და აფრიკული(Lოხოდონტა აფრიცანა). აფრიკულ სპილოს დიდი ყურები, ჩაღრმავებული ზურგი და დიდი ეშვები აქვს. ინდურ სპილოს კი შედარებით პატარა ყურები, ამოზნექილი ზურგი და აფრიკულ სპილოსთან შედარებით პატარა ეშვები. დღეს ჩვენ ინდურ სპილოს ვხვდებით: ინდოეთში, ვიეტნამში, პაკისტანში, ტაილანდში და ასევე შრილანკის და სუმატრის კუნძულებზე. აფრიკული სპილოები ორ სახეობად იყოფიან: ტყის და სავანის. სავანის სპილო ყველაზე დიდია. ის 3-დან 4 მეტრამდე სიმაღლის იზრდება და 4-დან 7 ტონამდე იწონის. ხოლო ტყის აფრიკული სპილო პატარაა ინდურ სპილოზეც კი. ტყის სპილო 2-დან 2,5 მეტრამდე იზრდება და 4,5 ტონამდე იწონის, ხოლო ინდური სპილო 2-დან 3,5 მეტრამდეა, მისი მასა კი 5 ტონამდეა. სპილოს ეს ორი სახეობა ბრძოლის ველზეც შეჯახებია ერთმანეთს. განსაკუთრებით გამოსარჩევია რაპიასთან გამართული შეტაკება ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს IV ფილოპატორსა და სელევკიდების იმპერიის მბრძანებელ ანტიოქოზ III-ს შორის. ეგვიპტის მმართველს ტყის აფრიკული სპილოები ჰყავდა, ანტიოქოზს კი მასე უფრო დიდი, ინდური სპილოები, რომელსაც მაშინ Eლეპჰას მახიმუს ასურუს - ასურულ სპილოებს უწოდებდნენ. ბრძოლაში ვერცერთი მხარის სპილოებმა ვერ გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით აფრიკულებმა, რომლებიც გახელდნენ და პტოლემაიოსის მთელი ფლანგი მოშალეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ეგვიპტელებს დარჩათ.  
ინდური და აფრიკული ტყის სპილოსგან განსხვავებით, აფრიკული სავანის სპილო არ იწვრთნება და შესაბამისად არც გამოიყენება ბრძოლის ველზე. დაჭერილ სპილოს სვეტზე მიაბამენ, სხვა უკვე მოთვინიერებულ სპილოებთან ერთად და არ აჭმევენ მანამ, სანამ მორჩილი არ გახდება. 




















                              ბრძოლა რაპიასთან                                                                        
სპილო მოთვინიერებულად მაშინ ითვლება, როცა ის ადამიანს ზურგზე შეჯდომის საშუალებას მისცემს. ამის შემდეგ იწყება წვრთნა. წვრთნის დროს სპილოებს ასწავლიდნენ სხვადასხვა საბრძოლო ილეთებს და გამოუმუშავებდნენ საბრძოლო ხასიათს: გადახტომას გაჭიმულ თოკებზე და ორმოებზე, მოსახვევებში გავლას, მეომრის გათელვას და მოკვლას, სხვა სპილოებთან ბრძოლას და სიმაგრეებზე თავდასხმას. სპილოებს წვრთნიდნენ ისე, რომ აეტანათ ტკივილი და ხმამაღალი ყვირილის არ შეშინებოდათ. როცა სპილო სვეტYან მიბმული იყო, მას ხმლებით და შუბებით ჩხვლეტდნენ(ისე, რომ სერიოზული ჭრილობა არ მიეყენებინათ მისთვის) დოლების დარტყმის ხმაში. მის წინ კლავდნენ ცხოველებს, რადგან ის სისხლის სუნს შეჩვეოდა. 
საბრძოლო სპილოებს ზურგზე ჩულა - დიდი კვადრატული ხალიჩა ჰქონდათ დაფარებული, რომელიც ქამანდით იყო დამაგრებული. ჩულა თითქმის ყოველთვის წითელი ფერის იყო, ხოლო ქამანდებს სქელი ბაწრებისგან ან ჯაჭვებისგან ამზადებდნენ. ხშირად სპილოს კისერზე ჩამოკიდებული ქონდა ზარი, ასევე ჩულაზეც კიდებდნენ პატარა ზარებს. სამეფო სპილოების შუბლს მარგალიტებით და ძვირფასი ქვებით რთავდნენ. ზუსტად არავინ იცის, როდიდან დაიწყეს სპილოს ზურგზე კოშკების დადგმა. ანტიკური ისტორიკოსები: დიოდორე(ძვ.წ I ს.) და პლინიუს უფროსი(ახ.წ. 23-79), მოიხსენიებენ კოშკებს სპილოს ზურგზე. ინდოელი სწავლული ჩანაკია(დაახლ. ძვ.წ 370-283) დეტალურად აღწერს სპილოს აღჭურვილობას, მაგრამ იქ არაფერი წერია კოშკებზე. სანჩის რელიეფებზე და აჯანტის ფრესკებზეც არ არის გამოსახული კოშკებიანი სპილოები, ნახატებზე პირდაპირ სპილოს ზურგზე სხედან მეომრები. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანტიკური პერიოდის აღმოსავლეთში სპილოები კოშკებს შედარებით იშვიათად ატარებდნენ და ეს წესი იქ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. 

კართაგენელებისა და რომაელების ბრძოლა, მეორე პუნიკური ომი                                                                           
ჩანაკია ასევე მოგვითხრობს სპილოს ჯავშანზეც. ის რკინის ფირფიტებისგან შედგებოდა. პაკისტანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია 18 კვადრატული რკინის ფირფიტა, რომლის ზომებია 25,4X21,6 სმ, სისქე კი 2 მმ. ეს ფირფიტები ძალიან დიდია ადამიანისთვის, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ეს ან სპილოს ჯავშნის ფირფიტებია ან აქლემის. ინდოეთში სპილოს ჯავშანს ყოველთვის არ იყენებდნენ. დიდ მოგოლთა იმპერიის პერიოდის ზოგიერთ მინიატურაზე სპილო მთლიანად დაჯავშნულია, ხოლო ზოგიერთზე, სპილოს მხოლოდ შუბლი და ხორთუმის ნაწილი აქვს დაცული. სხვა სპილოები, იმპერატორის საკუთარი სპილოც კი მინიატურებზე საერთოდ დაუცველად არიან. სპილოს აღჭურვა ძალიან ძვირი ჯდებოდა და შეიძლება, ამიტომაც იყო ამდენი სპილო დაუცველი. ეს დამოკიდებული იყო სახელმწიფოს ბიუჯეტზეც. 

                             ინდური საბრძოლო სპილო                                                                           

სპილოებს ეშვებზე და ხორთუმზე ამაგრებდნენ მძიმე ხმლებს. ჩინელი მოგზაური სუნ იუნი მოგვითხრობს, რომ სპილოებს ხმლების გარდა, ხორთუმებზე ეკლებს ან ჯაჭვებს უმაგრებდნენ. ჯაჭვი სპილოს ხორთუმზე მოწინააღმდეგისთვის დიდი ხიფათი იყო, მისი მოქნევით კაცის მოკვლა შეიძლებოდა. ასევე ხიფათს წარმოადგენდნენ სპილოს ეშვები. ცხოველს შეეძლო ეშვით ადამიანი შუაზე გაეპო. გამძღოლი სპილოს მოკაუჭებული რკინის ჯოხით მართავდა. ის ასევე ფეხებსაც იყენებდა, სპილოს მოსაბრუნებლად ან გასაჩერებლად. ბერძენი ელჩი – მეგასთენე(დაახლ. ძვ.წ IV-III) წერდა, რომ სპილოს ეკიპაჟი ოთხი კაცისგან შედგებოდა: ერთი გამძღოლი და სამი მშვილდოსანი. ხოლო უძველეს ინდურ ეპიკურ პოემა ”მაჰაბჰარატში” წერია, რომ ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგებოდა: ორი გამძღოლი, ორი მშვილდოსანი, ორი ხმლით შეიარაღებული მებრძოლი და ერთი მეომარი შუბით. სანჩის რელიეფზე და აჯანტის ფრესკებზე გამოსახულია, სამკაციანი ეკიპაჟი: გამძღოლი და ორი მებრძოლი. თუ სპილოს ზურგზე მხოლოდ ორი ადამიანი ზის, ამ შემთხვევაში წამძღოლიც ბრძოლაში ერთვება. განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო სპილოს ზურგზე ამხედრებული მეომრებისთვის მშვილდ-ისრის გამოყენება. ნაკლებად იყენებდნენ შუბებს და სატყორცნ ხელშუბებს. ანტიკურ პერიოდში სხვა სასროლი იარაღებიც არსებობდა, მაგალითად ნავთის ქოთნები და ქვები. დელის სულთანის სპილოები, თემურ ლენგთან ბრძოლისას იყენებდნენ დენთის იარაღს, გარდა ამისა მშვილდოსნებს და არბალეტით აღჭურვილ მეომრებს. ზოგიერთ სამხედრო ტრაქტატში მოიხსენიება, ხმლით შეიარაღებული მეომრები, მაგრამ გაუგებარია, როგორ უნდა გამოიყენო ხმალი სპილოს ზურგზე ჯდომისას. ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების შემდეგ, დენთიანი იარაღი სპილოს შეიარაღების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეკიპაჟის წევრები ძირითადად მუშკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. იყო შემთხვევებიც, როდესაც სპილოს ზურგზე პატარა ქვემეხს ამაგრებდნენ. ჩანაკია წერს, რომ სპილოს, ეკიპაჟთან ერთად დაყვებოდა დაახლოებით 20 კაციანი რაზმი: თხუთმეტი ქვეითი მებრძოლი და ხუთი მხედარი.
   ეპირის მეფე პიროსის სპილო - გამოსახულება ბერძნულ ლანგარზე


საბრძოლო სპილოებს საქართველოს ისტორიაშიც დაუტოვიათ კვალი. მე-6 საუკუნეში, ეგრისის დიდი ომის დროს გამოჩნდნენ, როდესაც ერთმანეთს ირანი და ბიზანტია ებრძოდნენ დასავლეთ საქართველოში ჰეგემონიისთვის. ახ.წ. 554 წელს ირანის შაჰმა ხოსრო I-მა ბიზანტიის წინააღმდეგ ჯარს სათავეში გამოცდილი სარდალი ნახორაგანი ჩაუყენა. მას დიდძალ ჯართან ერთად საბრძოლო სპილოებიც ახლდნენ. ეგრისელებსა და მათ მოკავშირე ბიზანტიელ სარდლებს გაუჭირდათ ძლიერ მტერთან ბრძოლა. ნახორაგანმა სპილოები ფოთის ციხის ალყისას მდინარეში ჩააყენა, რათა დინება შეესუსტებინა ხალხის გადასაყვანად და ბიზანტიელებისთვის გზა გადაეკეტა. ბრძოლის დროს სპილოებმა საკმაო ზარალი მიაყენეს ეგრისელებსა და ბიზანტიელებს, მაგრამ სპარსელებს ერთი სპილო გაუგიჟდათ და ცხენების უმეტესობა დაუხოცათ. საბოლოოდ საქართველოში ირანელთა მიერ სპილოების გამოყენების მცდელობა საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. 

საბრძოლო სპილოების წინაშე იდგა 5 ძირითადი დავალება:
1. მტრის დაშინება – როგორც კი სპილო გამოჩდებოდა ბრძოლის ველზე და მოწინააღმდეგისკენ მთელი სისწრაფით გაიქცეოდა, ხშირად ყველაზე მამაცი მეომრებიც კი ვერ ბედავდნენ მასთან პირისპირ შერკინებას.
2. მტრის საბრძოლო წყობის დაშლა – თუ მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობა დარღვეულია, საგრძნობლად მცირდება ქვეითი რაზმის საბრძოლო შესაძლებლობები. მაგალითად დაშლილი ბერძნული ფალანგა, სრულიად დაუცველი რჩება.
3. მოწინააღმდეგისთვის დიდი ზარალის მიყენება – სპილოების წინა ხაზთან დაჯახება, მოწინააღმდეგე რიგებს დიდ დანაკარგს აყენებს.
4. მხედართმთავრის გადაყვანა – როცა მხედართმთავარი სპილოზე ზის და ჯარს მიუძღვება ეს ჯარის სულისკვეთებას ამაღლებს.
5. მოწინააღმდეგის სიმაგრეების დანგრევა _ სპილოს შეეძლო ციხის კარიბჭე შეენგრია. ამიტომ ხშირად სიმაგრეთა კედლებს და ალაყაფებს ეკლებით ფარავდნენ. 


                    სპილოები უტევენ სიმაგრის კედლებს                                                                     
საბრძოლო სპილოების წინააღმდეგ იყენებდნენ სხვადასხვა ხერხებს. პირველად მათი დანერგვა რომაელებმა დაიწყეს, შემდეგ კი მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთში და სამხრეთ აზიაში გავრცელდა:

1. მსუბუქი ქვეითები, მშვილდოსნები, მეშურდულეები და შუბის მტყორცნელები მოქმედებდნენ სპილოების წინააღმდეგ. ზოგჯერ, მხოლოდ ერთი შენაერთიც ყოფნიდა სპილოების შესაჩერებლად. ასე მოხდა რომის სამოქალაქო ომში, თაფსუსის ბრძოლაში, როდესაც იულიუს კეისარმა, გნეუს პომპეუსის სიმამრი მეტელუს სციპიონი და მისი მოკავშირე, ნუმიდიის მეფე იუბა I დაამარცხა. კარგად გაწვრთნილი სპილოები, ხშირ შემთხვევაში უმკლავდებოდნენ პირველ შეტევას.

2. ჯარისკაცები, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ მძიმე, საჩეხი იარაღებით, მაგალითად ცულებით. მათი დახმარებით, სპილოებს ფეხის მყესებს და ხორთუმს უზიანებდნენ.

3. გამოიყენებოდა სპეციალური წინაღობები და ხაფანგები, მაგალითად ლურსმნიანი ჯაჭვები. ამ ხერხს “ნიორს” უწოდებდნენ (ლათ. თრიბული). ასევე გრძელი შუბები, რომლებსაც მიწაში ამაგრებდნენ. სპილოებს მგრძნობიარე ფეხები აქვთ, ამიტომ ნებისმიერი ჩხვლეტა მათ ძლიერ ტკივილს აყენებს. ასეთ ხერხებს იყენებდნენ გაზას ბრძოლაში, რომელიც ძვ.წ 312 წელს მოხდა. ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს I-მა ბრძანა, ფრონტის წინ გრძელი, ლურსმნიანი ჯაჭვი დაეგოთ და შეენიღბათ. მაკედონელი დემეტრიუს I-ს სპილოებმა ჯაჭვები გადათელეს, უკან დაიხიეს და საკუთარ კავალერიას დიდი ზიანი მიაყენეს. 
კართაგენული მონეტა ჰანიბალისა და სპილოს გამოსახულებით

4. სპილოების დასაფრთხობად იყენებდნენ ცეცხლს. ჩირაღდნების, ნავთიანი ყუმბარების თუ ალმოდებული ისრების საშუალებით ცხოველი ადვილად ფრთხებოდა. 

5. სპეციალური ისრები სპილოების წინააღმდეგ. სპილოსთვის არასასიკვდილო ადგილას ისრის სროლა, ქინძისთავის ნაჩხვლეტს შეგვიძლია შევადაროთ. მაგალითად, აქბარის(დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველი 1556-1605 წ.) ერთ-ერთმა სპილომ 55 ისარს გაუძლო, ხოლო მეორემ – 82-ს. ანტიკურ პერიოდში, ინდოელები სპილოების წინააღმდეგ იყენებდნენ ისრებს, რომლებიც მთლიანად მეტალისგან მზადდებოდა და ნარაკას ეძახდნენ. სხეულში მოხვედრის შემდეგ, ნარაკას გადატეხვა შეუძლებელი იყო და სპილოს მთელი ბრძოლის მანძილზე, გაუსაძლისი ტკივილები ტანჯავდა. ხშირად ნარაკას ცეცხლს უკიდებდნენ, რაც ორმაგად მტანჯველი იყო სპილოსთვის. 

6. ყალიბდებოდა სპეციალური დანაყოფები სპილოებთან ბრძოლისთვის. მაკედონიის მეფე პერსეუსმა (ძვ.წ 179-168) დააარსა რაზმი, რომელსაც ელეფანტომახებს უწოდებდნენ. ელეფანტომახები სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ და განსაკუთრებულ საჭურველს იღებდნენ. მათი ეკიპირება ეკლებიანი მუზარადისაგან და ფარისგან შედგებოდა. ეკლიანი მუზარადი მეომარს სპილოს ხორთუმისგან იცავდა, ხოლო ფარს ხშირად ცხოველის ფეხქვეშ აგდებდნენ და ეგრეთ წოდებულ “ნივრის” ეფექტს ქმნიდნენ. ძვ.წ 168 წელს პიდნასთან ბრძოლაში, მაკედონელთა ელეფანტომახებმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს რომაელთა აფრიკულ სპილოებს. ამ ბრძოლის შემდეგ რომმა, მთლიანად დაიპყრო მაკედონია.

7. რომაული ლეგიონები მწყობრში ინტერვალებს ტოვებდნენ, რომლებსაც მსუბუქი ქვეითები იცავდნენ. სპილოს, შეტევისას დერეფნებში ატარებდნენ შემდეგ კი, შუბებით და ისრებით ადვილად უმკლავდებოდნენ. ასეთ ტაქტიკას სციპიონ აფრიკელმა მიმართა ზამას ბრძოლაში(ძვ.წ 202 წ.) ჰანიბალის სპილოების წინააღმდეგ და წარმატებასაც მიაღწია. 

8. მაღალმა ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს კარგად გაუწვრთნელი სპილოს ჭკუიდან შეშლა. ასეთ ხერხს რომაელები ხშირად მიმართავდნენ. ზამას ბრძოლაში ჰანიბალის არაერთი სპილო გაიქცა უკან და დააზარალა კართაგენელთა არმია.

9. სპილოები ვერ იტანენ ღორების ჭყვიტინს. რომაელები სპილოებს ზეთში ამოვლებულ ღორებს შეუსევდნენ ხოლმე, რომელთაც შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ, ეს ყველაფერი სპილოებზე უარყოფითად მოქმედებდა და ამ უშველებელ მხეცს ახელებდა, რაც ხშირად საკუთარი მეომრების გათელვით სრულდებოდა. 








                        ბრძოლა ზამასთან(ძვ.წ 202 წ)                                                                            

10. ცეცხლსასროლი არტილერია, სპილოების წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლეოდა. დენთის გამოგონების შემდეგ, მრავალმა სახელმწიფომ უარი თქვა სპილოების გამოყენებაზე.

 სპილო მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში შევიდა, როგორც მძლავრი საბრძოლო ერთეული, რომელსაც მტრისთვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლო. სპილოებს იყენებდნენ ისეთი დიდი მხედართმთავრები, როგორებიც იყვნენ ანტიგონე, სელევკოსი, ჰანიბალი, ანტიოქოზ III, თემურ-ლენგი და ნადირ-შაჰი. სპილო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინდოეთში, სადაც მას არამარტო სამხედრო, არამედ რელიგიური დატვირთვაც ქონდა. დღესაც ინდოეთსა და შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში ეს უზარმაზარი ცხოველები ერთგულად ემსახურებიან ადამიანს სამეურნეო და ცხოვრებისეულ საქმეში.


ლევან ტავლალაშვილი
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ისტორიანის" ივნისის ნომერში