ეგვიპტის სამეფო

ეგვიპტის სამეფო - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, დიდი აღმოსავლური ცივილიზაციის კერა.  ეგვიპტური ცივილიზაციის ბუნებრივი საზღვრები იყო სამხრეთიდან ეთიოპია, დასავლეთიდან ლიბია, აღმოსავლეთიდან სინას ნახევარკუნძული,  ჩრდილოეთიდან კი ნილოსის დელტა და ხმელთაშუა ზღვა. ეგვიპტის მასაზრდოებელ ძალას უზარმაზარი მდინარე, ნილოსი წარმოადგენდა,  რომლის სანაპიროებზეც ეგვიპტელებს დიდძალი მოსავალი მოჰყავდათ.  ნილოსი იყო მათთვის სასიცოცხლო ძალა, ამიტომ ეგვიპტეს “ნილოსის საჩუქარი”ეწოდა.  

ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (ძვ.წ 3000) და მომდევნო პერიოდებად (სულ 30 დინასტია). ეს პერიოდები ძვ.წ III ათასწლეულიდან - ძვ.წ I ათასწლეულამდე გრძელდება.  
პერიოდები ასე იყოფა: ადრეული სამეფო (I და II დინასტია), ძველი სამეფო (III და VI დინასტიები), პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X დინასტიები), შუა სამეფო (XI-XII დინასტიები), მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII დინასტიები), ახალი სამეფო (XVIII-XX დინასტიები), გვიანი პერიოდი (XXI-XXVI დინასტიები), ასურელთა მმართველობა ( ძვ.წ 664-656 წ ), სპარსელთა მმართველობა (XXVII დინასტია, ძვ.წ 525-404 წ ), სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX, ძვ.წ 343-332 წ), მაკედონელთა მმართველობა (ძვ.წ 332-305 წ), პტოლემაიოსების მმართველობა (ძვ.წ 305-30). 
მენესის (ნარმერის) სტელა, ძვ.წ. XXXI ს.

ძვ.წ IV ათასწლეულის ბოლოდან ეგვიპტეში ორი სამეფო, ზემო და ქვემო ეგვიპტე წარმოიქმნა. ეგვიპტელ მეფეებს ფარაონები მაშინ ეწოდათ.  ისინი ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. დაახლოებით ძვ.წ 3100 წელს ეგვიპტე ფარაონმა მენესმა გააერთიანა და ნილოსის დელტაში ეგვიპტის ახალი დედაქალაქი, მემფისი ააგო. 
შუა სამეფოს ეპოქის ეგვიპტეს ჰიქსოსები დაესხნენ თავს და ძალაუფლება ხელთ იგდეს. მათგან განთავისუფლება ეგვიპტელებმა სისხლისმღვრელი ომების შედეგად მოახერხეს და ახალი სამეფოს პერიოდის პირველი დინასტია შექმნეს. ახალი სამეფოს პერიოდში ეგვიპტე არნახულად გაძლიერდა გაუთავებელი ომების შედეგად ხეთებთან, მითანელებთან,  ქანაანელებთან, ლიბიელებთან და ნუბიელებთან. ამ ომებიდან ეგვიპტე გამარჯვებული გამოდიოდა, რადგან ჰყავდა ნიჭიერი და ამბიციური მმართველები, რომლებმაც იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო არმია შექმნეს. ახალი სამეფოს ეგვიპტის ფარაონთაგან განსაკუთრებით გამოირჩევიან თუტმოს III, რამზეს II და რამზეს III.  თუტმოს III-მ და რამზეს II-მ დაიპყრეს დიდი ტერიტორიები ახლო აღმოსავლეთში, ამას გარდა ეგვიპტე ფლობდა სინას ნახევარკუნძულს, ნუბიასა და ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილს. 
თუტმოს III

ფარაონმა რამზეს III-მ დაამარცხა და განდევნა ზღვის ხალხები, რომლებმაც გაანადგურეს ხეთების იმპერია და შეუტიეს ეგვიპტეს.  ეგვიპტემ მრავალი ომები გადაიტანა და ძვ.წ I ათასწლეულის დასაწყისისთვის დასუსტება დაიწყო. მიუხედავად ამისა ქვეყანამ რამდენჯერმე სცადა ძველი დიდების დაბრუნება, თუმცა ყველა ეს ცდა უშედეგოდ დასრულდა და საბოლოოდ ძვ.წ 525 წელს არსებობა შეწყვიტა. ეგვიპტის დაცემა ერთი მხრივ შინა და გარე ომებმა, შინაგანმა აშლილობამ და ჯარის დასუსტებამ გამოიწვია, მეორე მხრივ კი ისეთი მძლავრი იმპერიების წარმოქმნამ, როგორებიც იყო ასურეთი, ბაბილონი და სპარსეთი. ძვ.წ IV საუკუნეში ეგვიპტე მაკედონელებმა ალექსანდრე დიდის მეთაურობით წაართვეს სპარსელებს. როდესაც მაკედონიის იმპერია დაიშალა, ეგვიპტე ალექსანდრე მაკედონელის სარდალმა, პტოლემაიოსმა იგდო ხელთ,  რომელმაც საკუთარი დინასტია დაარსა და სელევკიდების იმპერიასა და მაკედონიის სამეფოსთან ერთად პირველობა შეინარჩუნა ელინისტურ სამყაროში. საბოლოოდ ეგვიპტის სამეფო რომის იმპერიამ შეიერთა ძვ.წ 30 წელს და პტოლემაიოსების დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა,  დედოფალმა კლეოპატრა VII-მ თავი მოიკლა.  
კლეოპატრას ბიუსტი, ძვ.წ. 30-40 წწ.

ბიბლიის მიხედვით ეგვიპტეს მიცრაიმი ეწოდება. მიცრაიმი ნოეს ვაჟის,  ქამის ერთ-ერთი ვაჟი იყო. ებრაელები ეგვიპტელებს ქამიტურ ტომებად თვლიდნენ.  ბიბლია და ეგვიპტე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.  ეგვიპტეში მრავალი ბიბლიური ისტორია შეიქმნა. მათგან პირველია აბრაამის სტუმრობა ეგვიპტეში თავის ცოლთა ნ სარასთან ერთად. შემდეგ ამ ქვეყანას აბრაამის შვილიშვილის შვილის, იოსების ცხოვრება უკავშირდება,  რომელიც ძმებმა მონად გაყიდეს ეგვიპტეში. იოსებმა შეძლო მონობიდან აღზევება და ფარაონის მოხელე გახდა უფლის მიერ მინიჭებული სიზმრების ახსნის ნიჭის წყალობით. იოსებმა დიდი შიმშილობისა და გვალვის პერიოდში ქანაანიდან ჩამოიყვანა ებრაელები და ეგვიპტის ნაყოფიერ და მდიდარ მიწაზე დაასახლა. მრავალი წლის შემდეგ ბიბლია გვამცნობს, რომ ეგვიპტელებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა იმის საფუძველზე, რომ ებრაელები ძალიან გამრავლდნენ და გაძლიერდნენ,  ამიტომ ფარაონებმა მათ დევნა დაუწყეს. უდიდესმა ბიბლიურმა გმირმა, მოსემ მოახერხა და ისრაელიანები ეგვიპტელთა ხელიდან დაიხსნა. ამის შემდეგ ებრაელები “აღთქმულ მიწაზე”, ქანაანში ილაშქრეს და იქ დასახლდნენ. ბიბლიის მიხედვით სანამ ფარაონი ნებას მისცემდა ისრაელიანებს ეგვიპტიდან გასვლისა, მანამდე უფლის 10 სასჯელი ანადგურებდა ქვეყანას, ამან ფარაონი აიძულა მონად ქცეული ებრაელები გაეშვა.  
ბიბლიური ლეგენდა მოსეს („წყლიდან ამოყვანილის") შესახებ

ეგვიპტელებთან კარგი ურთიერთობის დამყარება ებრაელებმა სოლომონ ბრძენის მმართველობისას მოახერხეს,  როდესაც ისრაელის ძლიერმა მეფემ ცოლად ეგვიპტის ფარაონის ასული მოიყვანა.  ეს მეტად საინტერესო ფაქტია,  რადგან ეგვიპტელი ფარაონები უცხოელებზე თავიანთ ქალიშვილებს არ ათხოვებდნენ.  სოლომონის სიძლიერემ და ეგვიპტის იმდროინდელმა არცთუ ისე ძლიერმა პოზიციამ აიძულა ფარაონი გავლენიანი სიძე შეეძინა. ფარაონმა დაიპყრო მიწები პალესტინის სამხრეთით და სოლომონს აჩუქა.  მიუხედავად დანათესავებისა ფარაონი ცდილობდა თავისი სიძის დასუსტებას და ისრაელის სამეფოს დაშლას.  ფარაონმა შეიფარა მომავალი ისრაელის მეფე, იერობოამ I. ის მაშინ დაბრუნდა ისრაელში,  როდესაც სოლომონი გარდაიცვალა. იერობოამმა სწრაფად მიიმხრო ხალხი,  რაც გარკვეულწილად რობოამის, სოლომონის ვაჟის არასწორი პოლიტიკური სვლების გამო მოხდა და ისრაელის ათ ტომზე გაბატონდა. ეგვიპტის ფარაონიც სწორედ ამას ელოდა. 
სფინქსი ფარაონ შეშონქის სახით, დაახლ. ძვ.წ. X-VIII სს.

ფარაონმა შეშონქ I-მა (ბიბლიაში შიშაკი, სუსაკიმი) ილაშქრა რობოამის სამფლობელოებში (იუდეის სამეფო), გაძარცვა და გადაწვა მთელი იუდეა და წაიღო იერუსალიმის ტაძრის სიმდიდრე. ამის შემდეგ ბიბლიის მეფეთა წიგნებში მოიხსენიება ფარაონის მიერ მეფე იოშიას მოკვლა და დასუსტებული ეგვიპტისა და ებრაული სახელმწიფოების კავშირი (ნახსენებია ფარაონი სო),  რომელიც ბაბილონელებმა და ასურელებმა გაანადგურეს. ებრაელებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ პტოლემაიოსების დინასტიის ზოგიერთ მეფესთან.  პტოლემაიოსები მოწყალედ უყურებდნენ სამშობლოდაკარგულ ისრაელიანებს და ეხმარებოდნენ. ზოგიერთი მეფე, მაგალითად პტოლემაიოს ფილოპატორი ებრაელების დიდი მტერი იყო და მუდამ ავიწროებდა მათ.
ახალ აღთქმაში ეგვიპტე მხსნელი ქვეყანაა, სადაც თავს შეაფარებენ ღვთისმშობელი მარიამი,  იოსები და ახალდაბადებული იესო ქრისტე.  

ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია