იენა-აუერშტადტის ბრძოლა, 14 ოქტომბერი, 1806, ნაწილი I



ორი ბრძოლა, იენასა და აუერშტადტან 1806 წლის 14 ოქტომბერს მდინარე ზაალის დასავლეთით მდებარე პლატოზე, გერმანიაში მოხდა, ფრანგთა იმპერატორის, ნაპოლეონ I-სა და პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ს ძალებს შორის. მსოფლიო ისტორიაში იშვიათი იყო ისეთი ბრძოლების რიცხვი, სადაც ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ერთ(ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ერი ჩავთვალოთ, რადგან ორივე ბრძოლა ერთდროულად მოხდა სულ მახლობლად მდებარე ადგილებზე და შინაარსი ერთი გამოდგა, პრუსიელების სრული კრახი) მთლიანად კარგავდა ბრძოლისუნარიან არმიას და მთელი სახელმწიფო გამარჯვებულის ლუკმა ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა გახლავთ იენა-აუერშტადტიც, რომელშიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა სამხედრო მოღვაწემ და დამპყრობელმა, ფრანგთა იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა მთლიანად მოსპო ევროპის მძლავრი სახელმწიფოს, პრუსიის მდიდარი ტრადიციებისა და სამხედრო წარსულის მქონე არმია, რომელთაც სათავეში “პატარა ფრიცის”, პრუსიის უდიდესი მეფის და მთავარსარდლის, ფრიდრიხ II დიდის ომებში გამოწვრთნილი გენერლები ედგნენ.
საერთოდ პრუსიის დასაპყრობად გამართული მთელი ოპერაცია არის ნიმუში, თუ როგორ შეიძლება უმოკლეს დროში ესოდენ ძლიერი ქვეყნის მთელი ჯარის განადგურება და სახელმწიფოს სრული ოკუპაცია(თუმცა ამის მოსახდენად ალბათ მინიმუმ ნაპოლეონი უნდა ედგეს ჯარს სათავეში). იენა-აუერშტადტის ბრძოლებმა კიდევ ერთხელ დაანახეს ევროპას, თუ რა ძალას წარმოადგენდა საფრანგეთის არმია და მისი გენიალური მეთაური, იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი, “კორსიკელი ურჩხული”.
 1806 წლის კამპანიის პერიოდში როგორც პრუსიის, ასევე საფრანგეთის ჯარი რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ მე-3-ს განკარგულებაში სამი არმია იყო: ჰერცოგი ბრაუნშვაიგის (90 000 ჯარისკაცი), პრინცი ჰოჰენლოეს (38 000) და ერნსტ ფონ რიუხელის(15 000). ნაპოლეონმა იენასთან ოთხი კორპუსი (სულტის IV, ლანის V, ნეის VI, ოჟეროს VII) და მიურატის კავალერია გამოიყენა, ხოლო აუერშტადტთან ბერნადოტის და დავუს III (27 000).
მარშალი ლუი-ნიკოლა დავუ

ნაპოლეონი თავის სტრატეგიული შესაძლებლობების შესახებ პრუსიის ომში წერდა: “პრუსიაში ომის საწარმოებლად კომბინაციის მხოლოდ სამი შესაძლებლობა მქონდა: ჩემი მარცხენა ფლანგით მაინციდან და ვეზელიდან გამოსვლა და ვესტფალიისკენ წასვლა შემეძლო, რაც უაზრო იქნებოდა. ამის საპირისპიროდ, შემეძლო ხშირი კოლონებით ცენტრში, ეიზენახის გზიდან, კასელსა და ლაიპციგის მიმართულებით მემოქმედა. დაბოლოს, ხშირი კოლონებით მარჯვენა ფლანგიდან თავდასხმის შესაძლებლობა მქონდა, რათა მოწინააღმდეგის მარცხენა ფლანგი დამეკავებინა და, ჰოფისა და ჰერის გავლით, პრუსიელებისთვის ბერლინის გზა მომეჭრა. დონავერტის გავლით, ვენიდან მაკი და მარენგოდან მალესი სწორედ ამგვარად მოვკვეთე. ცხადი იყო, რომ ეს უკანასკნელი მანევრი არათუ საუკეთესო, არამედ ყველაზე გონივრულიც იყო”.
პირველი მნიშვნელოვანი შეტაკება პრუსიელებსა და ფრანგებს შორის 1806 წლის 10 ოქტომბერს, ზაალფელდთან მოხდა. მარშალ ლანს აქ მდგარი პრუსიული შენაერთი დაუპირისპირდა, რომელსაც პრინცი ლუი-ფერდინანდი მეთაურობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მცირე მასშტაბისა იყო და მცირე ხანს გასტანა, მასში კარგად გამოჩნდა ფრანგთა უპირატესობა ყველა სამხედრო ასპექტში, მათ შორის ტაქტიკაში. მამაცმა და ნიჭიერმა მარშალმა საკმაოდ ადვილად მოახერხა პრინცის განადგურება. ლუი-ფერდინანდი ფრანგ ცხენოსნებთან ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა, რამაც იმსხვერპლა კიდეც მისი სიცოცხლე. ლანმა ხელში მტრის 4 დროშა და 34 ზარბაზანი ჩაიგდო და მცირეოდენი დანაკარგის ფასად (დაახლ. 200 ჯარისკაცი) მოწინააღმდეგის თითქმის ორი ათასეული გაანადგურა. თავად ნაპოლეონი ზაალფელდის ბრძოლის შესახებ წერდა: “10 ოქტომბერს ლანმა ზაალფელდთან შეუტია ჰოენლოეს არმიის ავანგარდს, რომელსაც პრუსიელი პრინცი ლუი მეთაურობდა. მოწინააღმდეგე განადგურდა და ათასი ადამიანი და ოცდაათი ზარბაზანი დაკარგა. ახალგაზრდა პრინც ლუის, რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა, არ უნდოდა თავის შერცხვენა და შეგნებულად სიკვდილზე წავიდა. ის ცხოვრობდა როგორც მამაცი რაინდი და დაიღუპა როგორც გმირი. თავიდან იგი ჩემი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ შემდეგ ჩემი დაუძინებელი მტერი გახდა, რადგან პრუსიისთვის საშიშად მივაჩნდი. ის თავისმა პატრიოტიზმმა შეიყვანა შეცდომაში და, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მან ჩემ წინააღმდეგ გააკეთა, მე ჯეროვნად ვაფასებ მას”, ხოლო კარლ ფონ კლაუზევიცი ასე აღწერს პრინცის შეცდომებს ზაალფელდთან: “მას (პრინც ლუის) იმედი ჰქონდა, რომ ბრწყინვალე წარმატებას მოიპოვებდა; ფიქრობდა, საქმე მოწინააღმდეგის მხოლოდ ერთ კორპუსთან ექნებოდა და ამიტომაც მარშალ ლანთა ბრძოლაში ჩაება. პრინცს 12 ბატალიონი და 18 ესკადრონი ანუ 10 000 კაცამდე ჰყავდა, მას შეეძლო ევარაუდა, რომ საქმე ფრანგულ კორპუსთან ანუ 15 000-20 000 ან, შესაძლოა 25 000 კაცთან ექნებოდა. ადგილმდებარეობა განსაკუთრებით მოუხერხებელი იყო. ეს გახლდათ ზაალის ველის მცირე გაფართოებული ადგილი, ქალაქის გადაღმა, ტიურინგიის ტყის ამაღლებული ფერდობებით გარშემორტყმული, რომლის სიმაღლეები მოწინააღმდეგეს უკვე ხელთ ეგდო”.

           ნაპოლეონ ბონაპარტი

ამ გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონის არმიამ მიაღწია ზაალის მარჯვენა სანაპიროებს და დაიკავა ქალაქები: იენა და გერა, ხოლო მარშალი ლუი დავუ და მისი მესამე კორპუსი ნაუმბურგში შევიდა, სადაც რამდენიმე პონტონის ხიდი ჩაიგდო ხელთ, რითაც მდინარე ზაალის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა იყო შესაძლებელი. იენას ბრძოლა 14 ოქტომბერს მოხდა, როდესაც პრუსიელებმა ქალაქ იენას მახლობლად ნაპოლეონის ძალებს შეუტიეს. ცნობილი ისტორიკოსი ევგენი ტარლე საკუთარ წიგნში “ნაპოლეონი”, აღნიშნავდა: “თავადმა ჰოჰენლოემ იცოდა, რომ ფრანგები იენაში შევიდნენ, ამგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ თვით ნაპოლეონიც იქ იმყოფებოდა რამდენიმე კორპუსით. 13-14 ოქტომბერს ღამით ჰოჰენლოე გზაზე შეჩერდა და ნაპოლეონისათვის მოულოდნელად გადაწყვიტა შებრძოლებოდა. პრუსიელებმა გადაწყვიტეს დაცვითი ბრძოლის ტაქტიკით ეომათ, თუმცა უნდა ითქვას რომ ცუდად მოემზადნენ შეტაკებისთვის. ჰოჰენლოემ ბრძოლის წინა ღამეს დისპოზიციაც კი არ შეადგინა და მეორე დღეს არმიის განლაგებისას ბევრი შეცდომა დაუშვა. პრუსიის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო თეორეტიკოსის, კარლ ფონ კლაუზევიცის აზრით ბრაუნშვაიგის ჰერცოგს და ჰოჰენლოეს შეეძლოთ გაერთიანებულიყვნენ. თუ ჰერცოგი 12 ოქტომბერს გამოემართებოდა, ის 14 აუცილებლად ჩამოაღწევდა, რადგან ვაიმარში იდგა, საიდანაც იენამდე 2 დღის სავალი იყო. ასეთ შემთხვევაში პრუსიელები 80 000 კაცამდე ჯარს მოუყრიდნენ თავს და ფრანგებზე რიცხობრივი უპირატესობა ექნებოდათ, ბონაპარტს იენასთან მხოლოდ 60 ათასი კაცი ჰყავდა, დანარჩენი ნაწილები კი მარშლების სარდლობით სხვადასხვა ადგილზე იდგნენ. თუმცა ეს შემდეგდროინდელი მოსაზრებაა. არც ჰოჰენლოეს და არც ჰერცოგ კარლ ბრაუნშვაიგს არ გაუვლიათ თავში მსგავსი აზრი. ლოგიკურად პრუსიელები გაერთიანების შემთხვევაშიც დამარცხდებოდნენ, მაგრამ რათქმაუნდა არა ისე სასტიკად და ისეთი დანაკარგებით, როგორც ეს იენასა და აუერშტადტთან მოუვიდათ ძალების გაყოფის და ნაპოლეონთან და მარშალ დავუსთან ცალ-ცალკედ ბრძოლის დროს.
ბრძოლა იენასთან
ბონაპარტი კარგად მოემზადა ბრძოლისთვის. მან იცოდა, რომ პრუსიელთა არმიის დიდი ნაწილი მის წინ იდგა, მოამზადა დისპოზიცია და დაიკავა ლანდგრაფენბერგის მაღლობი, ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო პოზიცია ამ ადგილზე. სიმაღლის დაკავების ოპერაცია 30 ათასიანმა ფრანგულმა შენაერთმა ითავა, რომელთაც შეძლეს სწრაფად გაეკეთებინათ თავიანთი საქმე და ლანდგრაფენბერგზე მძლავრი საარტილერიო ბატარეა მოეწყოთ ჰოჰენლოეს არმიის წინააღმდეგ. ფრანგთა ჯარის მარცხენა ფლანგზე მარშალი ოჟერო იდგა მე-7 კორპუსით, ცენტრში მარშალი ლანი მე-5 კორპუსით, მათ შორის საიმპერატორო გვარდია ჩამდგარიყო, ხოლო მარჯვენა ფლანგზე მარშალ ნიკოლა სულტის მე-4 კორპუსი განლაგებულიყო. ნაპოლეონის არმია დავუს კორპუსის გარეშე (დავუ აუერშტადტთან იდგა) 90 ათასს შეადგენდა, მაგრამ ზოგიერთ სამხედრო ნაწილს სხვა დავალება ჰქონდა ან ვერ მოასწრეს ბრძოლაში მოსვლა, ამიტომ ჰოჰენლოეს წინააღმდეგ ნაპოლეონის დაახლოებით 40 ათასი ქვეითი, 8500 ცხენოსანი და 110 ზარბაზანი იდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგთა იმპერატორს შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი ჯარი განელაგებინა პრუსიელთა წინააღმდეგ, თუ მარშალი ბერნადოტი თავისი პირველი კორპუსით შეუერთდებოდა (I კორპუსში 18 500 ქვეითი, 1500 ცხენოსანი და 34 ზარბაზანი შედიოდა) ძირითად ძალებს. ეს უკანასკნელი არც იენასთან მივიდა და არც დავუს დაეხმარა აუერშტადტთან, როდესაც ეს მარშალი პრუსიის არმიის ძირითად ძალებს ებრძოდა.
გენერალი მშარლ-ანტუან მორანი, დავუს კორპუსის ერთ-ერთი დივიზიის მეთაური

ჰოჰენლოემ როგორც ზემოთ ვთქვით მეტად ცუდად განალაგა ჯარი და დისპოზიციაც თითქმის არ გააჩნდა, ამიტომ იენასთან ნაპოლეონის არმიის პირისპირ სულ 33 400 ქვეითი, 11 800 ცხენოსანი და 15 საარტილერიო ბატარეა აღმოჩნდა (დაახლოებით 2000 არტილერისტი), ხოლო გენერალ რიუხელის კორპუსი ბრძოლის დასასრულს ჩაერთო მოქმედებებში და ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა.
გამთენიისას ნაპოლეონმა თავის არმიას ჩამოუარა. ის ეუბნებოდა მეომრებს, რომ ამ ბრძოლით ისინი მთელ პრუსიას დაეუფლებოდნენ. აქეზებდა და სიმამაცეს უქებდა აუსტერლიცისა და ულმის გმირებს და მომავალი ბატალიის გეგმას უსახავდა. როგორც კი სქელი ბურუსი გაიფანტა და მზის პირველი სხივები დაეცნენ დედამიწას, მარშალმა ლანმა დაზვერა ჰოჰენლოეს არმიის მის წინ განლაგებული ნაწილები და უბრძანა მე-5 კორპუსს შეტევაზე გადასულიყო. დილის 9 საათისთვის რამდენიმე მძაფრი შეტევის შემდეგ ფრანგებმა აიძულეს გენერალი ტაუენცინი უკან დაეხია თავისი რვაათასიანი ავანგარდით. ამ ლოკალური გამარჯვების შემდეგ ლანის ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიცია დაიკავეს და გამაგრდნენ კოსპედის, ლიუტცეროდის და კლოზვიცეს მახლობლად. ჰოჰენლოემ მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ მარშალი ლანი მის ავანგარდს უტევდა, როდესაც ტაუენცინის უკუგდებული, დემორალიზებული შენაერთები პირდაპირ მის სადგომთან მოვიდნენ. ეს მეტყველებს იმაზეც, რომ პრუსიის არმიაში ცუდად იყო განვითარებული დაზვერვა და კურიერული სამსახური. ჰოჰენლოემ გამოიყვანა თავისი ბატალიონები და ერთ ადგილზე შეკრიბა. ამით აპირებდა შეეჩერებინა ფრანგთა შეტევა გენერალ ერნსტ რიუხელის კორპუსის მოსვლამდე, რომელთანაც უკვე გაგზავნილი ჰქონდა დეპეშა ბრძანებით საჩქაროდ გამოსულიყო ვაიმარიდან თავის თხუთმეტათასიანი კორპუსით და იენასთან გამოცხადებულიყო.

         ნაპოლეონის გრენადერები   

ჯარის შეკრების შემდეგ ჰოჰენლოემ არმიის ეს მასა სოფელ ფირცენგეილინგენთან გადაიყვანა და ფრანგთა დასახვედრად მოამზადა. ამ დროს მარშალ ლანის დასახმარებლად მარშალი სულტის კორპუსი დაიძრა კლოზვიცისკენ მდინარე ზაალის სანაპიროს მხრიდან, შემდეგ კი შეეტაკა ტყეში გამაგრებულ გენერალ გოლცენდორფის შენაერთს, რომელიც ჰოჰენლოეს მარცხენა ფლანგს იკავებდა. ორსაათიანი შეტევების შემდეგ გოლცენდორფი იძულებული გახდა უკან დაეხია დიდი დანაკარებით, მან 5000 კაცზე მეტი დაკარგა. მარშალ ოჟეროს მე-7 კორპუსი კოსპედასკენ დაიძრა, ხოლო მარშალმა ნეიმ შეამჩნია ჰოჰენლოეს მოძრაობა ფირცენგეილინგენისკენ და ყოყმანის გარეშე დაიძრა 3000 ჯარისკაცით თავისი კორპუსიდან პირდაპირ აღნიშნული ადგილისკენ. მან მოახერხა სოფელში გამაგრება და პრუსიელებს დაუხვდა. ნაპოლეონისაგან “მამაცთა შორის უმამაცესმა” გაამართლა თავისი სახელი. ის ამ მცირეოდენი ძალებით ერთი საათის განმავლობაში იგერიებდა ჰოჰენლოეს ძირითად ძალებს, რომელიც გააფთრებით ცდილობდა ნეის განდევნას ფირცენგეილინგენიდან.

    პრუსიელი ქვეითები  

როგორც კლაუზევიცი აღნიშნავს პრუსიელთა სასტიკი დამარცხებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოძველებული ხაზოვანი ტაქტიკა იყო. ჰოჰენლოეს შენაერთები გრძელ ხაზებად გაჭიმულები მიიწევდნენ, გარკვეულ დისტანციაზე ჩერდებოდნენ და მასირებულ ცეცხლს ხსნიდნენ ყველანაირი დამიზნების გარეშე. გამოცდილი ფრანგი ჯარისკაცები კი ტაქტიკურად ბევრად მაღლა იდგნენ პრუსიელებზე და კარგადაც უმიზნებდნენ მოწინააღმდეგეს, ამიტომ ასეთი უშედეგო, თვითმკვლელობის მაგვარი შეტევებით მეექვსე კორპუსის ამ მცირე ნაწილზე შეტევისას საქსონიელებმა და პრუსიელებმა საშინელი ზარალი ნახეს. ნაპოლეონმა უბრძანა მარშალ ლანს, რომ დახმარება აღმოეჩინა ნეისთვის, რაც მან შეასრულა კიდეც, შემდეგ კი იმპერატორმა საბრძოლო მწყობრში ჩააყენა მეექვსე კორპუსის ორი დივიზია, მიურატის სარეზერვო კავალერია და დაელოდა როდის დაასრულებდნენ მანევრებს მე-4 და მე-7 კორპუსი. როდესაც მთელი არმია ბრძოლის ველზე აღმოჩნდა, ბონაპარტმა მოწინააღმდეგეს დაუპირისპირა გაერთიანებული ფრანგული ჯარი რეზერვების ჩათვლით. ოჟეროს, სულტისა და ლანის ფლანგური შეტევების შედეგად პრუსიული არმია მოიშალა და ბრძოლის ველიდან პანიკური გაქცევა დაიწყო. მწყობრი უკანდახევა მხოლოდ საქსონელ გრენადერთა ბატალიონმა მოახდინა, რომელიც თავად ჰოჰენლოეს იცავდნენ. 14:00 საათისთვის ბრძოლაში რიუხელის 15 ათასიანი კორპუსი ჩაერთო, რომელიც ჰოჰენლოეს დასახმარებლად მოიწევდა. რიუხელი ვერ გაერკვა სიტუაციაში და იმის მაგივრად რომ ჰოჰენლოეს უკუგდებული ნაწილების უკანდახევა დაეფარა, ფრანგებს შეუტია. იგი ფიქრობდა, რომ ბრძოლა ჯერ არ იყო დასრულებული, ამაში კი მწარედ შეცდა. მარშლებმა მძაფრი იერიშებით გაანადგურეს რიუხელის კორპუსი საათზე ნაკლებ დროში. რიუხელის შეცდომა ძვირად დაუჯდათ პრუსიელებს, რადგან ამით კიდევ უფრო გაიზარდა ისედაც საშინელი დანაკარგები. გაქცეული ჰოჰენლოესა და რიუხელის ჯარისკაცების დევნა მიურატმა ითავა თავისი კავალერიით. პრუსიელების ნაწილმა ვაიმარში სცადა გამაგრება, მაგრამ ფრანგთა კავალერია წამოეწია და დაუნდობლად ამოწყვიტა გაქცეულთა უდიდესი ნაწილი. პრუსიელთა მეორე ნაწილი ჰოჰენლოეს მეთაურობით ნაუმბურგისკენ გაეშურა, რათა შეერთებოდნენ ჰერცოგ ბრაუნშვაიგის მთავარ არმიას, მაგრამ იქ გაქცეულთა კიდევ ერთი ჯგუფი დახვდათ. ეს ჰერცოგი ბრაუნშვაიგის არმიის ნარჩენები გამოდგა, რომლებიც აუერშტადტთან მარშალ დავუსთან სასტიკი დამარცხების შემდეგ გარბოდნენ.
კარლ ფონ კლაუზევიცი

კლაუზევიცის თხზულებაში კარგადაა აღწერილი, თუ როგორი დეორგანიზებული იყო პრუსიული არმია იენასთან ბრძოლაში: “ღამით 13-დან 14-მდე ტაუენცინმა ვაკეზე დაიხია, რათა დილით სქელ ნისლში მოწინააღმდეგისთვის შეეტია. ის, რათქმაუნდა დამარცხდა და მისი ჯარი ნახევრად გაიფანტა. შემდეგ გენერალი გრავერტიც მოვიდა, მაგრამ მანაც მარცხი იწვნია. ამის შემდეგ გენერალი რიუხელი გამოჩნდა, შეტევაზე გადავიდა და ისიც დამარცხდა. ამასობაში საქსონელები თავიანთი ფლანგის პოზიციაზე, ფლობერგის მთაზე უმოქმედოდ იყვნენ, თითქოს არაფერი ხდებოდა. მათ მოწინააღმდეგემ ალყა შემოარტყა და დაატყვევა. ამგვარად, თითოეული ეს დანაყოფი 6000, 10 000 და 15 000 კაცის შემადგენლობით, ყოველგვარი ერთიანობისა და შეთანხმების გარეშე ცდილობდა საკუთარი ბრძოლა 60 ათასიანი ჯარის წინააღმდეგ ეწარმოებინა.”
1806 წლის 14 ოქტომბერი პრუსიის ისტორიაში შავი დღე გახდა. ფრიდრიხ დიდის მემკვიდრე არმია სასტიკად განადგურდა ერთი დღის განმავლობაში და შეწყვიტა არსებობა, როგორც ორგანიზებულმა სამხედრო ძალამ.
ნაწილი II


ნიკა ხოფერია