არაბი დამპყრობლები

 
ბიზანტიის იმპერიის მთავარი მოწინააღმდეგეები VII-XI საუკუნეებში, არაბული სახელმწიფოები იყვნენ, რომლებიც თავდაპირველად იმპერიის მხოლოდ აღმოსავლეთ პროვინციებს აწუხებდნენ შემოსევებით, შემდეგ კი ბიზანტიის ყველაზე საშიშ მეზობლებად იქცნენ.

არაბები განთქმულები იყვნენ თავიანთი შესანიშნავი ცხენებით, ამიტომ ბრძოლაში მათი მთავარი ძალა სწორედ ცხენოსანი ჯარი იყო, თუმცა ისინი ქვეთ ჯარსაც იყენებდნენ. არაბთა ქვეითი ჯარი ბრძოლის ველამდე აქლემებით გადაადგილდებოდა და ამიტომ ცხენოსან ჯარს არ ჩამორჩებოდა. არაბთა დამპყრობლურ ომებში მათ დიდი როლი შეასრულეს.

არაბთა ლაშქრობები ისლამის გავრცელების შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად ისინი უდაბნოების გავლით ბიზანტიას და სპარსეთს თავს ესხმოდნენ, ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ მათ პროვინციებს და შემდეგ ისევ თავისი ცხელი, ქვიშიანი სამშობლოსკენ იხევდნენ უკან. ასეთი ბრძოლის სტილს იყენებდნენ არაბები ბრძოლაშიც, ისინი სწრაფად უტევდნენ მოწინააღმდეგეს და ასევე სწრაფად იხევდნენ უკან, ამიტომ მათთან ბრძოლები შედარებით დიდხანს გრძელდებოდა. როდესაც VII საუკუნეში არაბები დამორჩილებული ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიიდან ესპანეთში შეიჭრნენ, შემდეგ კი გალიაში (საფრანგეთი), სიცილიაში და იტალიის სამხრეთ ნაწილში ისინი დაუპირისპირდნენ დასავლურ, ევროპულ არმიებს. ამ დაპირისპირების შემდეგ ორივე მხარემ ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლა.

არაბები ითვისებდნენ ევროპელთა ძლიერი ქვეითი ჯარის ტაქტიკას, ასევე მძიმე კავალერიის გამოყენებას. ევროპელებმა კი არაბებისგან მსუბუქი კავალერიის წარმატებულად გამოყენების ხერხები ისწავლეს. თუ მსუბუქი კავალერია შეატყობდა, რომ მტერი მათზე ძლიერი იყო, სწრაფად იხევდა უკან და ქვეითების ზურგს ეფარებოდა, ამიტომ ქვეითი ჯარი ისე იყო მოწყობილი, რომ მათ შორის ცხენოსნების გასასვლელი დარჩენილიყო. ქვეითი ჯარი რაზმეულებად იყო განლაგებული. თითოეული რაზმის წინა რიგებში შუბოსნები იდგნენ, რომლებიც შუბების უკანა ნაწილს მიწაში არჭობდნენ, რითაც იმყარებდნენ პოზიციას და მტრის წინააღმდეგ შუბების ხშირ ბარიერს აკეთებდნენ, რომელთან ბრძოლა განსაკუთრებით კავალერიას უჭირდა. უკანა რიგებში შუბებისა და ისრების მტყორცნელები იდგნენ, რომლებიც შუბოსნების ზურგს იცავდნენ და თან იქიდან მტერს სასიკვდილო დარტყმას აყენებდნენ სატყორცნი იარაღით. ქვეითების მიზანი იყო შეეჩერებინათ მტრის კავალერია, აერიათ მისი რიგები და დანაკლისი მიეყენებინათ, რის შემდეგაც მათი ცხენოსნები სწრაფად შეუტევდნენ მათ და დაამარცხებდნენ.
VII საუკუნის შემდეგ, რაც არაბებმა ესპანეთი დაიპყრეს, ესპანელები ევროპელ რაინდებთან ერთად რეკონკისტას, განმანთავისუფლებელ ომს აწარმოებდნენ, თუმცა არაბებიც დასახმარებლად მაღრიბიდან და ბერბერიიდან იწვევდნენ იქაურ მრავალრიცხოვან ტომებს.

ამან გამოიწვია XI საუკუნეში ანდალუზიის დაპყრობა ალმორავიდების, საჰარი უდაბნოდან მოსული დინასტიის მიერ. 1086 წელს, სალაკეს ბრძოლაში ალმორავიდებმა ბრწყინვალე მანევრებით და კავალერიისა და ქვეითი ჯარის სწორი გამოყენებით მოახერხეს ესპანელების დამარცხება, რომელთაც ლეონისა და კასტილიის მეფე, ალფონსო VI მეთაურობდა.  

ნიკა ხოფერია