ნაშრომის ძირითადი თემა საქართველოში გიორგი II - ის (1072 – 1089 წწ.) მმართველობის პერიოდია. პირველ თავში საუბარია გიორგი II - ის მეფობის დასაწყისში მის წინააღმდეგ ფეოდალთა გამოსვლის შესახებ და გაანალიზებულია მეფის მიერ გატარებული პოლიტიკა აჯანყებულთა მიმართ. მეორე თავში შევეხეთ თურქ - სელჩუკებსა და საქართველოს შორის მომხდარ ფარცხისის ბრძოლას, ხაზგასმულია ბრძოლაში გამარჯვების პოლიტიკური მნიშვნელობა; ბრძოლა განხილულია სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით, კერძოდ, დაზუსტებულია მოწინააღმდეგეთა ჯარების რიცხოვნობა. მესამე თავში საუბარია საქართველოს სამეფოს ძალაუფლების გავრცელებაზე მანამდე ბიზანტიელთა ხელში მყოფ ტერიტორიებზე : კლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთის სიმაგრეებზე, ანაკოფიის ციხესა და კარის (ვანანდის) სამეფოზე; მიმოხილულია ამ თემაზე ისტორიოგრაფიაში არსებული ლიტერატურა. უკანასკნელ, მეოთხე თავში საუბარია საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ XI საუკუნის 70 - იანი წლების მიწურულიდან დაწყებული თურქ - სელჩუკთა ახალი აგრესიის შესახებ (ე.წ „დიდ თურქობა“), ხაზგასმულია რეგიონში საქართველოსთვის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება; გაანალიზებულია გიორგი II – სა და სულთან მალიქ-შაჰს (1072 - 1092) შორის დადებული შეთანხმების ხასიათი და ჩვენი ქვეყნისათვის მისი მნიშვნელობა.
შესავალი
„ღმერთმა თქვა: „მე მყავს
მებრძოლები, რომელთაც თურქები ვუწოდე და დავასახლე
ისინი აღმოსავლეთში.
როდესაც მე განრისხებული ვარ ხალხზე, მე მათ წინააღმდეგ თურქებს ვაგზავნი.“
XI საუკუნის ჰადისი (გამონათქვამი)[1]
XI საუკუნეში თითქმის მთელი
ახლო აღმოსავლეთი, მცირე აზია და კავკასია შუა აზიის სტეპებიდან წამოსულმა თურქ - სელჩუკებმა
დაიპყრეს, რამაც დიდი გავლენა მოახდინა რეგიონის კულტურასა და დემოგრაფიაზე, აქ მცხოვრები
ხალხების შემდგომ განვითარებაზე; დამპყრობლებმა შიშის ზარი დასცეს მოსახლეობას- როგორც
ქრისტიანებს, ისე მუსლიმებს. სელჩუკთა დაპყრობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლეთ ევროპის ისტორიაშიც.
მართალია, თურქ - სელჩუკებს აქ არ ულაშქრიათ, მაგრამ, მათ მიერ ბიზანტიის დასუსტება და ქრისტიანთა წმინდა
ქალაქის, იერუსალიმის აღება ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენის, ჯვაროსნული
ლაშქრობების, დაწყების ერთ - ერთი მთავარი მიზეზი იყო.
თურქ - სელჩუკები საქართველოში
პირველად XI საუკუნის 60 იან წლებში ბაგრატ IV -ის (1027 - 1072) მეფობის დროს გამოჩნდნენ.
მათ ორჯერ - 1065 და 1068 წლებში დალაშქრეს საქართველო. სელჩუკებს ორივე ლაშქრობისას
თავად სულთანი ალფ-არსლანი (1064 - 1072) ედგა სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ ლაშქრობებმა
დიდად დააზარალა საქართველოს სამეფო, მათ ქვეყნის დაპყრობა ვერ შეძლეს და ვერც ხარკის
გადახდა აკისრებინეს საქართველოს მეფეს.
საქართველოს სამეფოსა და სელჩუკებს
შორის დაპირისპირება ბაგრატ IV -ისა და ალფ-არსლანის მემკვიდრეების - გიორგი II -სა (1072 - 1089) და მალიქ - შაჰის
(1072 - 1092) დროსაც გაგრძელდა. თავდაპირველად საქართველოს მეფემ ღირსეული წინააღმდეგობა
გაუწია თურქ-სელჩუკებს, მაგრამ შემდეგ, XI საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოსთვის
საშინლად გაუარესებული საგარეო პოლიტიკური ვითარების ფონზე გიორგი II-მ ვეღარ შეძლო
წინააღმდეგობის ორგანიზება.
გიორგი II - ის მოღვაწეობის
პერიოდზე ორი ქართული ნარატიული წყარო საუბრობს : „მატიანე ქართლისაი“, რომელშიც თხრობა
მოყვანილია გამეფებიდან ვიდრე 1076 წლამდე და „ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა დავითისი“, რომელიც დავით IV -ის (1089 - 1125) გამეფებამდე პერიოდსაც
(1076 – 1089 წწ) შეეხება. სამწუხაროდ, ამ
დროის საქართველოს სამეფოს შესახებ უცხოური წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს. აქვე
უნდა ვთქვათ, რომ მალიქ-შაჰის მოღვაწეობის პერიოდის კავკასია თითქმის მთლიანადაა იგნორირებული
ისლამურ წყაროებში.[2]
ქართულ ისტორიოგრაფიაში გიორგი
II -ის მეფობის შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს. უნდა ავღნიშნოთ აკადემიკოსი ივ.
ჯავახიშვილი, რომელმაც თავის „ქართველი ერის ისტორიაში“ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა
საქართველოს მეფე, რომელიც ქარაფშუტა, უდარდელ,
გაუბედავ და უგუნურ მმართველად წარმოგვიდგინა. [3]
უნდა ითქვას, რომ ასეთი მკაცრი შეფასებები შემდგომში საფუძვლიანად გადაიხედა. გიორგი
II -ის მოღვაწეობასა და თურქ - სელჩუკებთან მის ურთიერთობას შეეხო ნ. შენგელია.[4]
ბიზანტია - საქართველოს ურთიერთობების ჭრილში
გიორგი II - ზე საუბარია ვ. კოპალიანისა და მ. ლორთქიფანიძის ნაშრომებში.[5]
გიორგი II -ის მოღვაწეობა ზოგადად მიმოიხილა რ. მეტრეველმა და ხაზი გაუსვა სამომავლოდ
ამ პერიოდის უფრო ღრმად შესწავლის აუცილებლობას.[6]
გიორგი II -ს მოღვაწეობას არაერთი გვერდი დაუთმო ზ. პაპასქირმა. ისტორიკოსმა ეჭვქვეშ
დააყენა ქართულ ისტორიოგრაფიაში საზოგადოდ აღიარებული შეხედულება დავით აღმაშენებლის
ისტორიკოსის ტენდენციურობის შესახებ.[7]
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რ.მეტრეველისა და ჯ.სამუშიას წიგნი „მეფეთ-მეფე გიორგი
II”. ის მთლიანად მოიცავს მეფის მოღვაწეობას და აღნიშნულ საკითხზე დღეისათვის ყველაზე სრულყოფილი შრომაა. [8]
გიორგი II -სთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს
შეეხნენ ი. ანთელავა და მ.გაბაშვილი.[9]
მნიშვნელოვანია დასავლურ სამეცნიერო
სივრცეში ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ბიზანტიის, ახლო აღმოსავლეთისა და ამიერკავკასიის
ისტორიაზე შექმნილი ნაშრომები. უნდა ავღნიშნოთ ვ. მინორსკის, კ.ე ბოსვორთის, დ.ა კორობეინიკოვის,
მ. ანგოლდის, დ. ნიკოლის, ჯ. ჰალდონის, კ.
კაჰენის, ა. ფიქოქისა და სხვათა ნაშრომები.[10]
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი II –ს მოღვაწეობის ესა
თუ ის ასპექტი არაერთი ქართველი ისტორიკოსის მიერ იქნა შესწავლილი, ვფიქრობთ, დარჩენილია
ისეთი საკითხები, რომელთა ახლებური ინტერპრეტაცია და მათში მეტი სიცხადის შეტანაა შესაძლებელი.
ჩვენი მოკრძალებული ნაშრომიც სწორედ ამას ისახავს მიზნად.
როდესაც მე განრისხებული ვარ ხალხზე, მე მათ წინააღმდეგ თურქებს ვაგზავნი.“
გამეფება და ფეოდალთა გამოსვლა
1072
წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა ბაგრატ IV (1027 - 1072). იმავე წლის, ნოემბერშივე
მოკლეს თურქ - სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი (1063 - 1072). როგორც მემატიანე წერს,
„ ... ვერღარა ცნეს ბაგრატ და სულტანმან ერთმანეთისა სიკვდილი”.[11] სელჩუკთა
სულთანი ალფ-არსლანის ვაჟი, მალიქ-შაჰი გახდა-
მმართველი, რომლის დროსაც სელჩუკთა სახელმწიფომ თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია;
საქართველოს სამეფო ტახტი კი ბაგრატის ძეს, გიორგის (1072 - 1089) ერგო. მას ძალიან
მძიმე საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში მოუწია ტახტის დაკავება. 1071 წლის აგვისტოში,
მანასკერტთან[12]
ბრძოლაში სელჩუკთა წინააღმდეგ ბიზანტიელთა მარცხმა საქართველოს სამეფოსთვის რეგიონში
ერთობ არასახარბიელო ვითარება შექმნა. მანასკერტთან მარცხის შემდეგ ბიზანტია სამოქალაქო
ომების ქარცეცხლში გაეხვია, რის გამოც, მთელი ანატოლია თურქმენთა შემოსევებისგან ფაქტობრივად
დაუცველი დარჩა[13].
შესაბამისად, საქართველოს თურქ - სელჩუკებთან დაპირისპირების შემთხვევაში, რომელთაც
1072 წლისთვის შარვან - დარუბანდზე კონტროლის დამყარებით აღმოსავლეთ ამიერკავკასიში
განმტკიცებული ჰქონდათ პოზიციები, ბიზანტიისგან დახმარების მიღების იმედი ნაკლებად
უნდა ჰქონოდა.
რთული
ვითარება იყო ქვეყნის შიგნითაც. ბაგრატ IV - ის მეფობის დროს საქართველომ მძიმე პოლიტიკური
კრიზისი გადაიტანა, რაც მეფისა და კლდეკარის ერისთავ, ლიპარიტ ბაღვაშს შორის რამდენიმეწლიან
დაპირისპირებაში გამოიხატა; ამას დაერთო თურქ - სელჩუკთა წინააღმდეგ XI საუკუნის
60 - იან წლებში წარმოებული ბრძოლები. „მატიანე ქართლისაის“ ანონიმი ავტორის მიერ ბაგრატ
IV - ის მოღვაწეობის ერთგვარი შეფასება ქვეყანაში
არსებულ რთულ ვითარებასა და მეფის ხელისუფლების შესუსტებაზე მიგვანიშნებს : „ხოლო ჟამსა
მისთა ქუეყანასა დაწყნარებაი არა ჰქონდა: ეკლესიანი და გლეხნი, აზნაურნი და გლახაკნი
ვერ იკითხვებოდეს.“[14]
სიკვდილის
წინ ბაგრატ IV -მ დიდებულები თავისი ვაჟის ერთგულებაზე დააფიცა.[15] დიდებულთა
ნაწილის ერთგულებამ მხოლოდ მცირე ხნით გასტანა - გამეფებიდან ერთი ზამთრისა და ზაფხულის
ნახევრის შემდეგ (გიორგი 1072 წლის ნოემბერ - დეკემბერში უნდა გამეფებულიყო, შესაბამისად
1073 წლის ზაფხულში) ნიანია ქუაბულისძემ, ვარდან სუანთა ერისთავმა და ივანე ლიპარიტის
ძე კლდეკარის ერისთავმა კახეთის მეფის, აღსართან I - ის (1058 - 1084) დახმარებით
„აუშალეს ქუეყანაი“ გიორგი მეფეს.[16]
ნიანია
ქუაბულისძემ ქუთაისი აიღო და ხაზინას დაეპატრონა, ვარდან სუანთა ერისთავმა სვანები
ააჯანყა და საეგრო დაარბია, ხოლო ივანე ლიპარიტის ძემ აღსართანის დახმარებით ქსნისპირი
დაიკავა.[17]
რ.
მეტრეველისა და ჯ. სამუშიას აზრით, ეს გამოსვლა იმდენად მასშტაბური იყო, რომ შესაძლოა
ის ჯერ კიდევ ბაგრატის მეფობის პერიოდიდან მზადდებოდა: „1073 წლის ფეოდალთა განდგომის
სირთულე საქართველოს სამეფოსთვის მისი გეოგრაფიული მასშტაბების სიფართოვეშიც იყო. ბუნებრივია,
კახელების მოშველიება და მეფის საწინააღმდეგო ბრძოლაში ჩაბმა, სვანთა აჯანყება თუ სხვა
გამდგარ ფეოდალთა მიერ საკმაოდ დიდი ხნის ჩატარებული მუშაობის შედეგი იყო, წინააღმდეგ
შემთხევაში ასე სწრაფად ეს გამოსვლა დიდი მასშტაბისა ვერ გახდებოდა. არ უნდა იყოს გამორიცხული,
რომ დიდგვარიან ფეოდალთა 1073 წლის ზაფხულის გამოსვლა წლების მანძილზე მზადდებოდა,
ჯერ კიდევ ბაგრატ IV - ის დროს და როგორც კი ხელსაყრელი მომენტი გამოჩნდა, მაშინვე
იფეთქა.”[18]
ისტორიკოსთა შეფასებით, ეს გამოსვლა წარმოადგენდა მსხვილ ფეოდალთა გამოსვლას უფლებების
გაფართოებისთვის, რომელიც მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერით სარგებლობდა.[19]
გიორგი
II - მ აჯანყებულები დააშოშმინა. მატიანეში ვკითხულობთ : „ხოლო გიორგი მეფემან სძლო
სიკეთითა, სიბრძნითა და ძვირუხსენებელ იქმნა...“[20] მეფის
ამგვარი ქმედება კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა. უნდა
აღინიშნოს, რომ მისი დამოკიდებულება მეფის მიმართ მთლიანობაში საკმაოდ ნეგატიურია.
ის გიორგის სუსტი ნებისყოფის მმართველად წარმოგვიჩენს. აჯანყების დაწყების მიზეზადაც
ის მეფის ხასიათის სისუსტეს ასახელებს : „გიორგი II - ის ხასიათის სისუსტით უპირველესად,
რასაკვირველია, საქართველოს დიდგვარიანმა აზნაურებმა ისარგებლეს... უკვე 1073 წელს,
ნიანია ქვაბულისძე, ივანე ძე ლიპარიტისა და ვარდან სვანთა ერისთავი განუდგნენ მეფეს
და ქვეყანა არიეს.“[21] აკადემიკოსი
მიიჩნევს, რომ მეფეს წესით აჯანყებულები „სამაგალითოდ უნდა დაესაჯა, მაინც მან ყველანი
წყალობით დაფარა : თითოეულს მათგანს სამფლობელო გაუდიდა.“[22] მართლაც,
მეფემ ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარიტს მისცა ლოწობანი რუსთავის
ნაცვლად, რომელიც კახელებს გადაეცა. ნიანიამ მიიღო თმოგვი, ვარდან სვანთა ერისთავმა
- „ასკალანა და უთაღებო ჯაყელთა.“[23] მეფის
ამგვარი ქმედების ახსნა მისი პიროვნული სისუსტით, ვფიქრობთ, არასწორია. ჩვენ, ერთი
მხრივ, ვიზიარებთ რ. მეტრეველისა და ჯ.სამუშიას მოსაზრებას, რომ მეფემ რთული საგარეო
მდგომარეობის გათვალისწინებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა და დიდ ფეოდალებთან
მტრულ დამოკიდებულებაში ყოფნა მიზანშეუწონლად ჩათვალა.[24] მართლაც,
თურქთა შესაძლო აგრესიის შემთხვევაში მას დასჭირდებოდა თავისი დიდი ფეოდალების ლოიალობა,
რომლებზეც იდგა საქართვეოს ლაშქარი, ასევე აღსართან კახეთის მეფის მოკავშირეობა, შესაბამისად,
ამ ლოიალობის მოსაპოვებლად განდგომილთა „წყალობით დაფარვა“ ცალსახად მეფის ხასითის
სისუსტეს მივაწეროთ, მართებულად არ მიგვაჩნია.
კლდეკარის ციხესიმაგრე |
მეორე
მხრივ, შეეძლო კი მეფეს განდგომილ დიდებულთა „სამაგალითოდ დასჯა“? მართალია, ივ. ჯავახიშვილი
სასჯელის ფორმას არ აზუსტებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე დაშვება გავაკეთოთ.
სასჯელის მსუბუქი ფორმა, რომლის გატარებაც განდგომილი დიდებულების წინააღმდეგ მეფეს შეეძლო, მათთვის ლაშქარში ყოფნის უფლების ჩამორთმევა
იქნებოდა.[25]
არსებულ ვითარებაში (ვგულისხმობთ საგარეო საფრთხეს) ამგვარი სასჯელის ალოგიკურობის
გამო მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებთ. სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმა ფეოდალისათვის
მიწის ჩამორთმევა იქნებოდა, მაგრამ მეფე აქ სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდებოდა.
ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ქვეყანაში გაბატონებულია მიწის საკუთრების სამამულო სისტემა,
რომელიც ხელშეუვალ საკუთრებად ითვლება და დანაშაულის შემთხვევაშიც კი მისი ჩამორთმევა
არ ჩანს ადვილი საქმე.[26] თვით
დავით IV აღმშენებლის დროს (1089 - 1125), სანამ უკანასკნელი ბაღვაში არ გარდაიცვალა,
მეფემ ვერ შეძლო ბაღვაშთა სახლის მამულის ხელყოფა.[27] მართალია,
პირდაპირი ცნობები არ გვაქვს, ნიანია ქუაბულისძესა და ვარდან სვანთა ერისთავს ჰყავდათ
თუ არა 1073 წლისთვის მემკვიდრეები, მაგრამ ცნობილია, რომ ივანე ლიპარიტის ძეს ჰყავდა
ვაჟი, რომელსაც მეფემ ლოწობანი უბოძა; შესაბამისად, ბაღვაშთა წინააღდეგ „მკაცრი ზომების“
მიღება ერთობ გაუჭირდებოდა ახალგაზრდა მეფეს. გიორგი II - ს შეეძლო ჩამოერთმია არა
სამემკვიდრეო, არამედ სამართავად გადაცემული მიწები, თუმცა ამ შემთხვევაში ურთიერთობა
მეფესა და დიდებულებს შორის კიდევ უფრო დაიძაბებოდა, რაც, ჩვენი აზრით, მეფის ინტერესებში
არ უნდა ყოფილიყო.
აჯანყებაში
მონაწილეობდა ასევე აღსართან კახეთის მეფე, რომელმაც ლიპარიტ ბაღვაშთან ერთად ქსნისპირი
დაიკავა, ხოლო საბოლოოდ მეფისგან რუსთავი მიიღო. კახეთი ამ დროს დამოუკიდებელი სამეფოა,
აღსართანს საქართველოს მეფის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. საინტერესოა,
სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა დაესაჯა გიორგი II - ს კახეთის მეფე? აღსართანის
დატყვევებაც კი არ იქნებოდა იმის წინაპირობა, რომ კახელი დიდებულები საქართველოს მეფის
უზენაესობას აღიარებდნენ, საჭირო იქნებოდა ამ აღიარების მახვილის ძალით მოპოვება, რაც
გაზრდილი საგარეო საფრთხის პირობებში ყოვლად გაუმართლებელ ნაბიჯად მიგვაჩნია. გიორგისთვის
უფრო ხელსაყრელი იყო აღსართანისთვის რუსთავის გადაცემით მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინა
და საჭიროების შემთხვევაში მისი მოკავშირეობის იმედი ჰქონოდა.
თმოგვის ციხე |
მემატიანე
წერს : „და ყოველივე ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა და დაიწყნარა მეფობაი თვისი
გიორგი მეფემან.“[28]
„სიკეთითა“ და „სიბრძნით“ მოპოვებულ მშვიდობას საფრთხე შეუქმნა ივანე ლიპარიტის ძემ
- „კუალად გადგა ივანე ლიპარიტის ძე, და ცნა გიორგი მეფემან.“[29] ივ. ჯავახიშვილი
ამის მიზეზად გიორგის ლმობიერებას მიიჩნევს : „ასეთ პიროებში დიდგვარიან აზნაურ მოხელეებს
ადვილად შეეძლოთ დაესკვნათ, რომ მათთვის ურჩობა უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე მორჩილება,
რადგან ასეთი ურჩობა მათ სამფლობელოს გადიდებას უქადდა. მართლაც, ივანე ლიპარიტის ძე
გიორგის ისევ აუჯანყდა.“[30] ვფიქრობთ,
კლდეკარის ერისთავის განდგომის მოტივის ასეთ მიზეზამდე დაყვანა არ უნდა იყოს სწორი.
მეფე ქუთაისიდან სამცხეში გადავიდა და მესხთა ლაშქრით სამშვილდეს მიადგა. მის დასახმარებლად
გამოვიდა სულ ცოტა ხნის წინ მეფის წინააღმდეგ მებრძოლი აღსართანი (!). ივანემ ვერ შეძლო
წინააღმდეგობის გაწევა : „ვერ დადგა ივანე ციხეშიგან, მირიდა მთათა სამხრისასა.“[31] აღსართანის
დახმარებით ლიპარიტს ლოწობანის ციხე წაართვა მეფემ. გიორგი II ჯავახეთში გადავიდა,
სადაც მეფესა და გამდგარ ფეოდალს შორის შეთანმხება მოხდა, ივანემ მეფის წინაშე ფიცი
დადო, ხოლო ამ უკანასკნელმა ის კვლავ სამშვილდისა და კლდეკარის ერისთავად დაამტკიცა.
ივანე ლიპარიტის ძის ფიცი მხოლოდ სიტყვიერი აღმოჩნდა და ის კვლავ დაუპირისპირდა მეფეს
- მან გაგის ციხე გამოსტყუა მეფის მეციხოვნეებს და განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა.[32] რ. მეტრეველისა
და ჯ. სამუშიას აზრით, ივანე ლიპარიტის ძის მოქმედება სცილდებოდა მხოლოდ საკუთარი თავისა
და საგვარეულოს განდიდებისაკენ ლტოლვას და მის ქმედებაში მოღალატური ელემენტებიც იჩენს
თავს.[33] ივანე
ლიპარიტის ძემ თავისი პოზიციების გასამყარებლად გარეშე მტერთან დაამყარა ურთიერთობა
- „და მოვიდა სულტანი მალიქშა (მალიქ - შაჰი) მტერად ყოველთა ქრისტიანეთა. მიაგება
ივანე ძე მისი ლიპარიტ წინა, შეაწყნარა სულტანსა და დაყო მისთანა მცირედი ხანი...“[34] ამით
ივანე გარკვეული ნდობის მოპოვებას შეეცადა სულთნის წინაშე. როგორც ჩანს, გიორგი II
-მ ამის საპასუხოდ არაფერი მოიმოქმედა (ყოველ შემთხვევაში „მატიანე ქართლისაი“ ამის
შესახებ არაფერს გვეუბნება), თუმცა ამას შეძლება გარკვეული ახსნა მოვუძებნოთ - სულთნის
ბანაკში დარჩენილი ლიპარიტ ლიპარიტის ძე, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, მალევე გამოიპარა,
ამით განრისხებული მალიქ - შაჰი მოადგა სამშვილდეს, აიღო ის და ქართლიც მოარბია.[35] როგორც
ჩანს, ასეთ რთულ ვითარებაში მეფემ ვეღარ შეძლო ბაღვაშთა წინააღმდეგ ზომების მიღება.
როგორც
დავინახეთ, 1073 წლის გამოსვლის მონაწილეთაგან მხოლოდ ივანე ლიპარიტის ძემ გააგრძელა
მეფესთან დაპირისპირება. ეს ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ მეფის „დათმობის“ პოლიტიკამ
შედეგი ვერ გამოიღო? ამის შემოწმების შესაძლებლობა გიორგი II - ს მალევე მიეცა.
ფარცხისის ბრძოლა
ფარცხისის[36] ბრძოლა
ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლაა საქართველოს ისტორიაში, რადგან ქართველთა გამარჯვებამაც
რამდენიმე წლით გადაწია თურქ - სელჩუკთა მიერ საქართველოს სამეფოსთვის ხარკის დადება.
გარდა ამისა, ეს ბრძოლა ნათელი იმის დადასტურებაა, რომ გიორგი II -ის მიერ აჯანყებული
დიდებულებისა და კახეთის მეფის მიმართ გატარებულმა
პოლიტიკამ გაამართლა და ქვეყანა გარეშე მტერს სრულ მზადყოფაში დახვდა.
ბრძოლა
1075 წელს უნდა მომხდარიყო.[37] ქართველთა
ლაშქარს თავად მეფე სარდლობდა, ხოლო სელჩუკებს - სულთან მალიქ-შაჰის მიერ არანის[38] გამგებლად
დანიშნული სავთეგინი (ქართულ წყაროში სარანგი), რომელიც „მატიანე ქართლისაის“ მიხედვით,
განძის, დვინისა და დმანისის ამირათა თანადგომით შემოსულა ქართლში.[39] წყაროს
მიხედვით, მალიქ-შაჰს სავთეგინისთვის მთლიანი არანის დასამორჩილებლად 48 000 მებრძოლი
დაუტოვებია. არანის დაპყრობის შემდეგ, სავთეგინი „ ყოვლითა ლაშქრითა მისითა წამოსულა
საქართველოს წინააღმდეგ.[40] გიორგი
მეფე მომზადებული დახვდა მტერს, შეკრიბა სამეფო ლაშქარი, მოიწვია კახეთის მეფე აღსართანი
და სოფ. ფარცხისთან დაამარცხა სელჩუკები.[41]
დატყვევებული რომანოზ IV ალფ-არსლანის წინაშე მანასკერტის ბრძოლის შემდეგ |
ბრძოლის
წინაპირობების, ადგილმდებარეობის, თარიღისა და მიმდინარეობის შესახებ შედარებით ვრცლად
რ. მეტრეველისა და ჯ. სამუშიას წიგნშია (მეფეთ - მეფე გიორგი II) საუბარი. მასში მოცემული
მსჯელობა მეტწილად მართებულია თუ არ ჩავთვლით ერთ ნიუანსს. აქ პირდაპირ, კრიტიკის გარეშეა
გადმოტანილი სელჩუკთა რაოდენობის შესახებ „მატიანე ქართლისაიში“ მოცემული ცნობა. შეტანილია
მხოლოდ ერთი „შესწორება“, რომ მთელ არმიას (48 000 მებრძოლს) სავთეგნი სალაშქროდ
ვერ წამოიყვანდა, ვინაიდან რაღაც ნაწილი აღებულ ციხეთა გასამაგრებლად არანში უნდა დარჩენილიყო;
მაგრამ, რადგან სავთეგინს განძის, დვინისა და დმანისის ამირებიც მოუწვევია, მათ ლაშქარში
40 – 50 000 მებრძოლი უნდა ყოფილიყო.[42] ვფიქრობთ,
მოცემული რაოდენობა გადაჭარბებულია და დაზუსტებას საჭიროებს.
ფარცხისის
ბრძოლის შესახებ სხვა ცნობა არ არსებობს (თუ არ ჩავთვლით დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს,
რომელიც უბრალოდ აღნიშნავს, რომ გიორგის „ დიდი ძლევაი მოსცა ღმერთმან“ და დაამარცხა
„სპარსნი“ ანუ სელჩუკები[43]), ამიტომ
ჯარების სავარაუდო რაოდენობის დასადგენად საჭიროა მიმოვიხილოთ თურქ-სელჩუკთა სასულთნოს
სამხედრო ორგანიზაციის თავისებურებები, დავეყრდნოთ იმ თანამედროვე კვლევებს, რომლებიც,
ასე თუ ასე, რეალურად გვიჩვენებს ამა თუ იმ ბრძოლაში მათ შესაძლო რაოდენობას.
თურქ
- სელჩუკური, ისევე როგორც შუა საუკუნეების სხვა ხალხების ჯარების რაოდენობის დადგენა
მემატიანეთა მონაცემებზე დაყრდნობით ძალიან რთულია, რადგან ხშირია გაზვიადება, განსაკუთრებით
მოწინააღმდეგის რაოდენობისა. მაგალითად, მანასკერტის ბრძოლის შესახებ XII, XIII, და
XIV საუკუნეების 15 -ზე მეტი ცნობა გვაქვს, რომლებშიც ბიზანტიელთა რაოდენობა სულ მცირე
300 000 მებრძოლია, ზოგ ცნობაში ეს რიცხვი ნახევარ მილიონსაც კი აღემატება, მაშინ,
როდესაც ალფ-არსლანი 12, 15 და ყველაზე მეტი 20 ათასი სელჩუკი ცხენოსნით ამარცხებს
ამ „უზარმაზარ“ არმიას და ამით მტკიცდება თავად სულთნის სიდიადე, როგორც მხედართმთავრისა
და წინამძღოლის, ასევე მათი რწმენის უპირატესობა მოწინააღმდეგისაზე. რა თქმა უნდა,
ეს ცნობები გადაჭარბებული, მეტად იდეოლოგიზებულია და მათთან ფრთხილი მიდგომაა საჭირო.[44]
რა
სახის იყო სულთნის არმია ჩვენთვის საინტერესო პერიოდში? 1071 წლისთვის ის აღარ უნდა
ყოფილიყო თურქმანულ ტომთა ურდო,[45] როგორც
ეს XI საუკუნის პირველ ნახევარში, მათი შუა აზიის სტეპებიდან დასავლეთის მიმართულებით
მიგრაციის საწყის ეტაპზე იყო. უნდა გატარებულიყო სამხედრო რეფორმა, რომლის სულიჩამდგმელი
სულთნის პირველი ვეზირი, ირანელი ნიზამ ამ-მულქი იყო (მას ეს თანამდებობა ეკავა როგორც,
ალფ-არსლანის, ისე მალიქ-შაჰის დროს). რეფორმის პრინციპები მისსავე თზულებაში „საიათ-ნამეშია“
მოცემული. სულთანთა მთავარი დასაყრდენი მუდმივი პროფესიონალური არმია, უნდა გამხდარიყო,
რომელიც თურქმენ ამირებსა და ბეგებს ჩაანაცვლებდა.[46] ამგვარი
არმიის ბირთვს წარმოადგენდა „ღულამები“ (მონათა ჯარი), ამას ემატებოდა სხვადასხვა წარმომავლობის
დაქირავებული მეომრები. ეს არმია, როგორც წესი, დედაქალაქში (ისპაჰანში) იყო მობილიზებული
და მისი მეთაურები პირდაპირ სულთანს ემორჩილებოდნენ.[47] სელჩუკთა
ჯარში ღულამთა რაოდენობა 10 – 15 ათასს აღწევდა.[48] როგორც
„საიათ - ნამედან“ ვიგებთ, სულთნის განკარგულებში,
სულ მცირე, 46 000 ცხენოსანი მაინც უნდა ყოფილიყო (საუბარი უნდა იყოს მთლიან არმიაზე
და არა კონკრეტულ ლაშქრობაზე). რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სელჩუკური არმია
მთლიანად პროფესიონალურ მოწყობაზე გადავიდა და გამოირიცხა სამხედრო ექსპედიციებში თურქმენი სამხედრო ლიდერების
მონაწილეობა; თუმცა, მათი როლი დაკნინებული უნდა ყოფილიყო. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც
გახლდათ - ღულამების მეთაურები სულთნის მიმართ უფრო ლოიალურები იყვნენ, ვიდრე თუქრმანულ ტომთა ბელადები.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი სელჩუკური მიგრაციისა და დაპყრობების პერიოდისაგან განსხვავებით,
როდესაც მთავარი სამხედრო ექსპედიციების დროს თურქული ურდოები შეიძლება
40 000 და 100 000 მებრძოლისგანაც კი შედგებოდა, მოგვიანებით და ჩვენთვის
საინტერესო პერიოდში სელჩუკი სულთნის განკარგულებაში ლაშქრობის დროს საშუალოდ
15 000 პროფესიონალი მებრძოლი თუ იქნებოდა[49] (ამას
დაემატებოდა სხვადასხვა ამირას მიერ გამოყვანილი რაზმები).
სელჩუკი ცხენოსანი მშვილდოსნები |
იმის
გასარკვევად, თუ რამდენი მებრძოლი შეიძლებოდა დაეტოვებინა მალიქ-შაჰს სავთეგინისთვის
არანის დასაპყობად, რომელიც შემდეგ მთელი თავისი ჯარით საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ
წამოვიდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რამდენი მეომარი ჰყავდა ალფ-არსლანს მანასკერტთან,
ფარცხისი ბრძოლამდე 4 წლით ადრე.
მანასკერტის
ბრძოლის პერიპეტიები - წინაპირობები, მოწინააღმეგე მხარეების საბრძოლო გეგმები, მიმდინარეობა,
ჯარების რიცხოვნობა და ბრძოლის შედეგების მნიშვნელობა პოლიტიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით,
ისტორიოგრაფიაში არსებულ წყაროთა შეჯერებით საუძვლიანადაა შესწავლილი და ჩვენც ამ ნაშრომებს
დავეყრდნობით.[50]
1071
წლის ზამთარში ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზ IV დიოგენემ (1068 - 1071) სელჩუკთა წინააღმდეგ
მასშტაბური სამხედრო ექსპედიცია მოამზადა. მისი მიზანი ხლათისა და მანასკერტის ციხეების
უკან დაბრუნება იყო. ეს ციხეები სირიის დასალაშქრად მიმავალმა სულთანმა ალფ-არსლანმა
1070 წელს აიღო. ექსპედიციის წარმატებით დასრულების შემდეგ იმპერატორი იმპერიის აღმოსავლეთ
საზღვრებს გაამაგრებდა, უკეთეს ვარიანტში კი ალფ-არსლანის ძირითადი ძალების გადამწყვეტ
ბრძოლაში დამარცხებას შეძლებდა.[51]
1071
წლის მაისისთვის, როდესაც ალფ-არსლანს ბიზანტიის მეორე ელჩობა ეწვია (პირველად მოლაპარაკებები
მარტში გაიმართა. ორივე შემთხვევაში ბიზანტიური მხარე ალფ-არსლანს მანასკერტისა და
ხლათის ციხეების სანაცვლოდ იეროპოლისს სთავაზობდა, რომელიც 1068 წელს წაართვეს თურქებს),
მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ბიზანტიური არმიის სვლა სომხეთისაკენ. ამ დროს სულთანს
სირიის ყველაზე უკეთ გამაგრებული ქალაქი, ალეპო ჰქონდა ალყაში მოქცეული (სულთანმა სირიაში
ლაშქრობა 1070 წელს დაიწყო, მისი მიზანი ფატიმიანთა ეგვიპტის წინააღმდეგ გალაშქრებამდე
ბიზანტიასთან სასაზღვრო რეგიონებში პოზიციის გამყარება იყო[52]). ცნობების
მიღების შემდეგ სულთანმა სასწრაფოდ მოხსნა
ალყა და თავისი არმიით აღმოსავლეთისკენ დაიძრა, რათა ბიზანტიელთა წინააღმდეგ ბრძოლას
თავად ჩასდგომოდა სათავეში.[53]
ალფ-არსლანმა
თავისი ცხენოსანი ჯარით მდინარე ევფრატი ნავების გარეშე გადალახა. წელიწადის ამ დროს
(გაზაფხულზე) ევფრატი ტაურუსის მთებში თოვლის დნობის გამო ადიდებული უნდა ყოფილიყო,
ამიტომ არაა გასაკვირი, რომ თურქებმა ცხოველებისა და ბარგის დიდი ნაწილი დაკარგეს.
ალფ - არსლანის განკარგულებაში 15 – 20 ათასი მებრძოლი უნდა ყოფილიყო (მათგან
4 000 ღულამისგან შემდგარი პირადი გვარდია).[54] მარვანიდების[55] ტერიტორიაზე
მისულმა ალფ-არსლანმა პირადი გვარდიის გარდა დაქანცული ცხენოსნები გაათავისუფლა, ქურთების
მთების გავლით ჩრდ-დასავლეთ ირანში, ქალაქ ხოისკენ დაიძრა, რომელსაც გზადაგზა ქურთი
მოხალისეებიც უნდა აეყვანა.[56] ეს ტერიტორია
სელჩუკთა ჯარების ტრადიციული შეკრების ადგილი იყო და სწორედ აქ უნდა შევსებულიყო ალფ-არსლანის
არმია ახალი ძალებით თავრიზიდან, ისპაჰანიდან და სასულთნოს სხვა ტერიტორიებიდან.[57] საბოლოოო
ჯამში, ბრძოლის წინ სულთნის განკარგულებაში სელჩუკთა 30 000 მდე მებრძოლი უნდა
ყოფილიყო, რომელთა ნახევარს ალბათ ელიტარული კავალერია შეადგენდა[58]. სელჩუკები
მანასკერტთან 40 000 - იან ბიზანტიურ არმიას დაუპირისპირდნენ და მიუხედავად ბიზანტიელთა
რიცხვობრივი უპირატესობისა მაინც მოახერხეს გამარჯვება, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანმა
ფაქტორმა განაპირობა.
ახლა
კი დავუბრუნდეთ უშუაოლოდ ფარცხისის ბრძოლას. როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, „მატიანე
ქართლისაის“ მიხედვით, მალიქ-შაჰმა სავთეგინს არანის დასაპყრობად 48 000 მებრძოლი
დაუტოვა. ლოგიკურია, სულთანი მთელ თავის ჯარს
არ დაუტოვებდა სავთეგინს, შესაბამისად, მალიქ-შაჰის არმია ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი
იქნებოდა. მეორე მხრივ, ეს 48 000 მებრძოლი ძალიან მცირე ნაწილი უნდა ყოფილიყო
იმ ძალებისა, რომლებიც პირდაპირ სულთანს ემორჩილებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მალიქ-შაჰი
ამ ნაბიჯით თავად შუქმნიდა საკუთარ მმართველობას საფრთხეს.[59] აქედან
გამომდინარე, თუ დავუშვებთ, რომ „მატიანე ქართლისაის“ ცნობა სიმართლეს შეესაბამება,
გამოდის, რომ სულთანს უხეში გამოთვლებით თავის განკარგულებაში 200 – 250 ათასი და,
შესაძლოა, უფრო მეტი მებრძოლი უნდა ჰყოლოდა, რაც, როგორც ზემოთაც ითქვა, აღნიშნულ პერიოდში
ნაკლებად სავარაუდოა.
მატიანეს
ცნობის ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ მანასკერტის ბრძოლის თანამედროვე გამოკვლევებიც აყენებს.
არარეალურად გვეჩვენება ის გარემოება, რომ ალფ-არსლანს 1070 წელს სირიაში სალაშქროდ,
ედესისა და ალეპოს დასამორჩილებლად 15 – 20 ათასი მებრძოლი ჰყოლოდა, ხოლო 5 წლის შემდეგ
მალიქ-შაჰი არანისა და განძის ასაღებად იმხელა ძალებით შემოსულიყო, რომ 48 ათასი მებრძოლი
აქ დაეტოვებინა და ჯარის დანარჩენი ნაწილით უკან გაბრუნებულიყო.
ფარცხისის ციხის ნაშთები |
ყოველივე
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვუშვებთ, რომ 1075 წელს მალიქ- შაჰს დაახლოებით იმდენივე
მებრძოლი უნდა ჰყოლოდა, რამდენიც ალფ-არსლანს ჰყავდა სირიაში ლაშქრობისას. ვფიქრობთ,
სულთანს სავთეგინისთვის თავისი ჯარის, ყველაზე მეტი, 1/3 ნაწილი უნდა დაეტოვებინა,
რაც დაახლოებით 5-6 ათასამდე მებრძოლს ნიშნავს. ამ რაოდენობას დაემატებოდა განძის,
დვინისა და დმანისის ამირათა ჯარები და საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი სავთეგინის
ლაშქარი სართო ჯამში არა 48 ათასიანი, არამედ 10 ათასზე აღმატებული არ უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება ქართველთა რაოდენობას, ვიზიარებთ რა
შეხედულებას, რომ ქართული ფოდალური ლაშქარი დიდი მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩეოდა
(ისევე, როგორც დას. ევროპის ფეოდალური სახელმწიფეობისა), ქართველთა რაოდენობა ფარცხისის
ბრძოლაში დაახლოებით ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც მოწინააღმდეგისა.[60]
დასასრულს,
გვინდა ვთქვათ, რომ ბრძოლის რაოდენობრივი მასშტაბების შემცირებით ჩვენ არ ვაკნინებთ
მის მნიშვნელობას, რადგან ბრძოლის მნიშვნელობის განსაზღვრაში მისი პოლიტიკური შედეგებით
ვხელმძღვანელობთ - ფარცხისის ბრძოლაში გამარჯვების პოლიტიკური შედეგი კი, როგორც დასაწყისშიც
ავღნიშნეთ, ძალიან დიდია.
ბიზანტიური რევერანსი: საქართველოს სამხ.დასავლეთ ტერიტორიებისა და კარის სამეფოს (ვანანდის სამეფო) გიორგი II - სათვის გადაცემა
ფარცხისთან
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საკმაოდ საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი - საქართველოს
სამეფოს ძალაუფლება მანამდე ბიზანტიელთა ხელში მყოფ ტერიტორიებზე გავრცელდა, კერძოდ
კი კლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთის და არტაანის ციხეებზე, ანაკოფიის ციხესა და კარის
სამეფოზე. ამ მოვლენების შესახებ „მატიანე ქართლისაი“ და დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი
გადმოგვცემენ, თუმცა წყაროები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ განსხვავებულობამ,
თავის მხრივ, ისტორიკოსთა შორის მთელ რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„მატიანე
ქართლისაი“ ასე გადმოგვცემს ამ ამბებს : „და შემდგომად ამისსა მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან
ბერძენთაისა წახმულნი ციხენი. წაუხუნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა,
და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტაანისაი. და შემდგომად
ამისსა ესეცა მომადლა ღმერთმან : აღიღო ქალაქი კარისაი, ციხე - ქუეყანაი და სიმაგრენი
ვანანდისა და კარნიფორნისანი, და იოტნა თურქნი მის ქუეყანისაგან.“[61] განსხვავებულია
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის გადმოცემა : „წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს
და მოვიდა ბანას; მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორავარი აღმოსავლეთისა გრიგოლ ბაკურიანის
ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი და კარნუ - ქალაქი და კარი, და დიდად იამხანაგეს და განისუენეს.
და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე - ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანაი, ხოლო მეფემან
დაუტევა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა.“[62] პირველი
განსხვავება ის არის, რომ დავითის ისტორიკოსი არაფერს ამბობს კლარჯეთის, შავშეთის,
ჯავახეთისა და არტაანის ციხეების ქართველთა ხელში გადასვლაზე. ხოლო მეორე კი კარის ციხე-ქალაქისა და მისი მიმდგომი ქვეყნის საქართველოს
სამეფოს შემადგენლობაში მოქცევის ხასიათია - „მატიანე ქართლისაის“ მიხედვით, გიორგი
მეფემ „აღიღო“ ეს ტერიტორიები, რაც ძალის გამოყენებაზე მიუთითებს (იმავეს მიუთითებს
მის მიერ გამოყენებული სიტყვა „წაუხუნა“ - წაართვა), ხოლო დავითის ისტორიკოსის მიხედვით,
ბიზანტიელებმა ნებით დათმეს ეს ტერიტორიები.
„მატიანე
ქართლისაის“ ცნობამ სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს ციხეების საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში
შესვლის შესახებ ზოგ ისტორიკოსს გაუჩინა მოსაზრება, რომ ეს ციხეები, რომლებიც ბიზანტიელებმა
XI საუკუნის დასაწყისში დაიპყრეს, გიორგი II - ს ბრძოლებით უნდა დაებრუნებინა. ვ. კოპალიანი
წერს : „ასეთ მდგომარეობაში მყოფ ბიზანტიის მთავრობას აღარ შეეძლო შეენარჩუნებინა ის
განაპირა ციხე - სიმაგრეები, რომლებიც XI საუკუნის დასაწყისში დაიპყრო... ანაკოფიის
და სხვა ციხე - სიმაგრეების გათავისუფლების დროს, როგორც ჩანს, დიდი წინააღმდეგობა
არ შეხვედრიათ ქართველებს.“[63] აღნიშნული
ციხეების ქართველთა მხრიდან ბრძოლით განთავისუფლებაში ეჭვი არ შეაქვს არც ზ.პაპასქირს.[64] ვ.კოპალიანის
შენიშვნა, რომ ქართველებს დიდი წინააღმდეგობა არ უნდა შეხვედროდათ, თოთქოს ნათელს ჰფენს
იმ ფაქტს, რომ მემატიანე ფაქტობრივად არაფერს ამბობს საბრძოლო მოქმედებების შესახებ,
რომელიც ციხეების გათავისუფლების თანამდევი უნდა ყოფილიყო. მემატიანის ეს დუმილი სულ
სხვაგვარად შეაფასეს რ. მეტრეველმა და ჯ. სამუშიამ და ეს იმის დასტურად მიიჩნიეს, რომ
აღნიშნული ციხეები საქართველოს ბრძოლით არ უნდა დაებრუნებინა. მათი აზრით, XI საუკუნის
70 -იან წლებში ბიზანტიასა და საქართველოს შორის ომი არ უნდა მომხდარიყო.[65] ისინი
ფიქრობენ, რომ ამ ციხეების დაბრუნებაში გიორგი II -ს ვიღაც დაეხმარა და ეს ვიღაც თავად
ბიზანტია უნდა ყოფილიყო. მათი აზრით, იმპერიამ თავისი ნებით დაუთმო საქართველოს აღნიშნული
სიმაგრეები.[66]
როდესაც ისტორიკოსები ბიზანტია - საქართველოს ომს გამორიცხავენ, რამდენიმე მნიშვნელოვან
მომენტზე ამახვილებენ ყურადღებას : „პირველი ისაა, რომ გიორგი II ძალით არ დაუპირისპირდებოდა
იმ ქვეყანას, რომელსაც იმ მომენტში თავისი სიძე - დის ქმარი განაგებდა... მეორე, რამდენად
ბუნებრივად ჩანს იმის დაშვება, რომ ორ ქვეყანას შორის აშკარა კონფრონტაციის ჟამს, ბიზანტიელები
საქართველოს მეფეს „წართმეული“ ციხეების გარდა, თავისი ნებით დამატებით ახალ მამულებს
უბოძებენ სამართავად ვანანდის სამეფოს სახით... მესამე, ჩვენი აზრით, შეუძლებელია გიორგი
II ყოფილიყო თავგამოდებული ანტიბიზანტიური, იმპერიასთან მებრძოლი და მისთვის კონსტანტინოპოლის
საიმპერატორო კარს ისეთი მაღალი საკარისკაცო ტიტული მიენიჭებინა, როგორიც იყო კესაროსის
პატივი...“[67]
იმპერატორი ნიკიფორე III ბოტანაიტესი (1078-1081) |
როგორც
უკვე ითქვა, სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს ციხეების გარდა საქართველოს სამეფოს გავლენა
კარის სამეფოზე გავრცელდა.[68] ისიც
ავღნიშნეთ, რომ ამ ფაქტს ქართული წყაროები სხვადასხვავარად გადმოგვცემენ - „მატიანე
ქართლისაის“ მიხედვით, გიორგი II - მ ბრძოლით შემოიერთა ეს ტერიოტორიები, ხოლო დავით
აღმაშენებლის ისტორიკოსი წინ წამოსწევს წარმოშობით ქართველი ბიზანტიის მოხელის, იბერიის
თემის[69] მმართველის,
გრიგოლ ბაკურიანის ძის როლს და აღნიშნავს, რომ სწორედ მან უბოძა გიორგი მეფეს კარის
ციხე - ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა. წყაროთა ამ განსხვავებების ურთიერთშეთანხმებას
აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე შეეცადა. ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ წყაროთა შორის
გადაულახავ წინააღმდეგობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ორივე გარკვეულწილად სწორად ასახავს
რეალობას. მისი აზრით, ამ პერიოდში მთლიანი ვანანდის სამეფო თურქთა ხელში უნდა ყოფილიყო
და ბიზანტიას მხოლოდ იურიდიული უფლებაღა უნდა ჰქონოდა ქვეყანაზე, ამიტომ გრიგოლ ბაკურიანის
ძემ, როგორც ბიზანტიელმა მოხელემ, გიორგი მეფეს მხოლოდ ამ ტერიტორიების თურქთაგან წართმევის
უფლება მიანიჭა, რაც მეფემ განახორციელა.[70] ამ შეხედულებას
იზიარებს ზ. პაპასქირი : „ერთი მხრივ, სავსებით სწორი უნდა იყოს „მატიანე ქართლისაის“
ავტორი, როდესაც ხაზს უსვამს გიორგი II -ის მიერ აღნიშნული ტერიტორიების იარაღით დაპყრობას;
მეორეს მხრივ კი არც დავითის ისტორიკოსი უნდა ტყუოდეს, როცა ლაპარაკობს იგივე მიწების
საქართველოსთვის გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ გადაცემის თაობაზე. ჩვენი აზრით, დავითის
ისტორიკოსის ეს ცნობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გიროგი II -ს უომრად ერგო ბიზანტიელთა
მიერ ნაბოძები მიწა-წყალი“.[71] ისტორიკოსი
დასაშვებად მიიჩნევს მ.ლორთქიფანიძის მოსაზრებას, რომ ამ გზით ბიზანტიის მმართველი
წრეები აღნიშნულ ტერიოტირიებზე თავიანთი უფლებების შენარჩუნებას ფიქრობდნენ, რადგან
საქართველო მათ თვალში კვლავ ვასალურ სახელმწიფოდ რჩებოდა.[72] თუმცა
არც იმას გამორიცხავს, რომ ეს საერთო საფრთხის (თურქ - სელჩუკების) წინააღმდეგ ორი
ქვეყნის პოლიტიკური დაახლოების მიზნით გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯი ყოფილიყო .[73] ისტორიკოსი
ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ეს მოვლენები ხდება მაშინ, როდესაც ბიზანტიის
იმპერატორი ქართველი მეფის სიძე, მიხეილ VII დუკაა, რომლის მეუღლე, დედოფალი მარიამი
ერთგვარი „ქართული პარტიის“ სათავეში უნდა მდგარიყო. ამ „პარტიის“ აქტიური წევრი უნდა
ყოფილიყო გრიგოლ ბაკურიანის ძეც.[74] ყოველივე
ამას, რთულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად საქართველოს სამეფოს მიმართ ბიზანტიის
დამოკიდებულების შეცვლა უნდა განეპირობებინა.
კარის
ციხე-ქალაქისა და ვანანდის სამეფოზე სამხედრო
მოქმედებებით საქართველოს მეფის ძალაუფლების გავრცელება არარეალურად მიაჩნაით რ. მეტრეველსა და ჯ. სამუშიას.
მათი ამოსავალი წერტილი კვლავ მატიანეთა დუმილია : „არც „მატიანე ქართლისაიში“ და არც
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან კარის ციხე-ქალაქისა და მასთან ერთად, შესაბამისად
ვანანდის სამეფოს საომარი მოქმედებებით აღების არავითარი კვალი არ ჩანს. მართალია,
„მატიანე ქართლისაის“ ავტორი დასძენს, რომ გიორგი II -მ „აღიღო ქალაქი კარისა“...
, მაგრამ ამ ცნობიდან არ ჩანს, რომ საქართველოს მეფეს რაიმე ძლევამოსილი ბრძოლა გადაეხადოს
ვანანდის სამეფოს დაპყრობისას.“[75] ისტორიკოსები
მიიჩნევენ, რომ კარის ციხე - ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა გრიგოლ ბაკურიანის ძის
შუამავლობით ბიზანტიას უნდა დაეთმო საქართველოსთვის და იქ მყოფი ბიზანტიური გარნიზონი
ქართველი მეციხოვნეებით უნდა ჩანაცვლებულიყო.[76]
მიხეილ VII დუკას (1071-1078 წწ.) გამოსახულება უნგრეთის წმინდა გვირგვინზე |
ამ
საკითხს ასევე შეეხო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დ. ა. კორობეინიკოვი. მისი
აზრით, ბიზანტიელებმა თავინთი ნებით დატოვეს ჩვენთვის საინტერესო ტერიტორიები და ისინი
საქართველოს მეფეს ჩააბარეს. ისტორიკოსი ამის მიზეზად იმპერიის მხრიდან რუსელის[77] ამბოხის
ჩასახშობად და პონტოში თურქთა ახალი დაწოლის შესაჩერებლად დამატებითი სამხედრო ძალების
მოძიების ცდას ასახელებს. ის ამ მოვლენას 1074 წლით ათარიღებს, რადგან რუსელის აჯანყება
1073 – 75 წლებში მიმდინარეობდა.[78] ჩვენ
ამგვარ დათარიღებას ვერ დავეთანხმებით, რადგან ვიზიარებთ შეხედულებას, რომ ფარცხისის
ბრძოლა 1075 წელს უნდა მომხდარიყო, ბიზანტიელებს სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს სიმაგრეები,
კარის ციხე - ქალაქი და „მისი მიმდგომი ქვეყანა“ სწორედ ფარცხისის ბრძოლის შემდეგ უნდა
დაეტოვებინათ, შესაბამისად, ეს ყველაფერი 1074 წელს ვერ მოხდებოდა. ვერც კონკრეტულად
რუსელის აჯანყება გამოგვადგება ბიზანტიელთა მხრიდან აღნიშნული ტერიტორიების დატოვების
ერთ - ერთ მიზეზად, თუმცა ისტორიკოსის მიერ წარმოდგენილი სურათი მთლიანობაში მაინც
რეალურად მიგვაჩნია. აი, რას ვგულისხმობთ
- შესაძლოა სწორი არიან ის ისტორიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიზანტიელებმა
თავისი ნებით დატოვეს როგორც სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს სიმაგრეები, ისე კარის
ციხე - ქალაქი და ვანანდის სამეფო და საქართველოს სამეფოს მათ „დასაუფლებლად“ ძალის
გამოყენება არ დასჭირვებია. გართულებული პოლიტიკური
მდგომარეობის გამო, რომელიც გამოწვეული უნდა ყოფილიყო თურქების ახალი დაწოლით (იხ.
მომდევნო თავში), იმპერიას ჯარების უფრო სამხრეთით
კონცენტრირება მოუხდა. სწორედ ამიტომ უნდა დაეტოვებინათ მათ ჩვენთვის საინტერესო ტერიტორიები;
ასევე ბიზანტიისთვის სასიცოხლო მნიშვნელობისა იქნებოდა, რომ მათ მიერ დატოვებულ სიმაგრეებში
ქართველი მეციხოვნეები ჩამდგარიყვენ, რათა მათ თურქები არ დაპატრონებოდნენ. ამ პროცესის
შემადგენელი ნაწილი შეიძლება ყოფილიყო გრიგოლ ბაკურიანის ძისა და გიორგი II -ს შეხვედრა
ტაოში, რომლის მიზანი, ალბათ, შეთანხმების მიღწევა და გარნიზონის ჩანაცვლების საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება იქნებოდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. თუმცა გადაჭრით ამ საკითხზე
რაიმეს თქმა, ჯერ ჯერობით, შეუძლებელია.
ასე
რომ, 1076 წლისთვის გიორგი II -ის ხელისუფლება ვრცელდება XI საუკუნის 20 - იან წლებში დაკარგულ ტერიტორიებზე
და ისტორიული საქართველოს საზღვრებსაც სცილდება. მართალია, ეს ბიზანტიელთა დასუსტებით
და გარკვეულწილად მათი ნებით მოხდა, მაგრამ მაინც შეგვიძლია გარკვეულ პოლიტიკურ წარმატებად ჩავუთვალოთ
გიორგი II -ს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს წარმატება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.
„დიდი თურქობა“ და სულთან მალიქ-შაჰთან დადებული ზავი
XI
საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს საგარეო პოლიტიკური ვითარება საქართველოსთვის საგრძნობლად
გაუარესდა. ბიზანტიამ ფაქტობრივად დათმო მთელი მცირე აზია და ჩვენი ქვეყანა მთლიანად
თურქულ გარემოცვაში აღმოჩნდა. რეგიონში ბიზანტიის ძალაუფლებას უმთავრესად სულეიმან
იბ ყუთლუმიშმა შეუქმნა საფრთხე, რომელიც 1074 – 1075 წლებში სირიიდან წამოუძღვა თავის
ძალებს. სულეიმანი და მისი ძმა მანსური დიდ სელჩუკთა მმართველ დინასტიასთან და თავად
სულთან მალიქ-შაჰთან მტრულ დამოკიდებულებაში იყვნენ; მათი მამა, ალფ-არსლანის ბიძაშვილი
იყო, რომელიც აუჯანყდა ამ უკანასკნელს და 1064 წლის იანვარში დაიღუპა კიდეც მასთან
ბრძოლაში.
სირიიდან
სულეიმანი ბიზანტიელმა გენერალმა ისააკ კომნენოსმა გამოაძევა. სულეიმანი მცირე აზიისკენ
გამოემართა, გზად ქალაქი იკონია და ქაბალას ციხე-სიმაგრე აიღო, რითაც იკონიის, იგივე
რუმის სასულთნოს ჩაეყარა საფუძველი. სულეიმანის ნიკეაში მოსვლით 1075 წლის ზაფხულში
ან შემოდგომაზე დასავლეთ მცირე აზიაში ძალთა ბალანსი თურქთა სასარგებლოდ შეიცვალა.[79] აქვე
წინა თავში დასმულ საკითხს რომ მივუბრუნდეთ, სწორედ სულეიმანის დას. მცირე აზიაში მოსვლას
შეიძლება განეპირობებინა ბიზანტიელთა მხრიდან ქართველთათვის სიმაგრეების დათმობა და
საკუთარი ძალების უფრო სამხრეთით კონცენტრირება.
ბიზანტიელი მეომრები (XI ს.) |
მცირე
აზიაში მოსული სულეიმანი აქტიურად ჩაება ბიზანტიაში ამტყდარ სამოქალაქო ომებში, რომლებიც
70 იანი წლების მიწურულამდე გრძელდებოდა და არაერთი ქალაქის ხელში ჩაგდება მოახერხა.
როგორც სამართლიანად შენიშნავს ისტორიკოსი მაიკლ ანგოლდი, რომ არა სამოქალაქო ომები,
რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი თურქები, მთელი რიგი ქალაქები ასე მარტივად არ
გადავიდოდა მათ ხელში.[80] სწორედ
ამ პერიოდიდან ბიზანტიური ტექსტები სულეიმანს სულთნის ტიტულით მოიხსენიებენ. ეს ტიტული
მას არ უნდა მიეღო არც მალიქ-შაჰისგან, რომელიც თავს ერთადერთ სულთნად თვლიდა და არც
ბაღდადის ხალიფასგან, რომელიც ამ უკანსკნელის „მფარველობის“ ქვეშ იყო. სავარაუდოდ,
სულეიმანის მებრძოლებმა დაიწყეს თავიანთი ლიდერის ამგვარად მოხსენიება - იმ თურქმანებმა,
რომლებიც მას ლოიალობას უცხადებდნენ და ემორჩილებოდნენ.[81]
ამ
მოვლენების პარალელურად გააქტიურებას იწყებს მალიქ-შაჰიც, რომლის ამირებიც სამხედრო
ოპერაციებს ამირკავკასიისკენ წარმართავენ.
რ. მეტრეველისა და ჯ. სამუშიას აზრით,
მათ თავდაპირველად საქართველოს უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიები უნდა დაეკავებინათ,
რომლებიც, თავის მხრივ, იბერიის თემის იმ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ბანას შეთანხმების
შემდეგ კვლავ ბიზანტიის ხელში იყო დარჩენილი.[82] არასწორი
იქნება ანატოლიის დაპყრობა და ამიერკავკასიის წინააღმდეგ ხელახალი ლაშქრობების დაწყება
ერთიან, ზოგადსელჩუკურ პროცესად წარმოვიდგინოთ, რადგან მას სათავეში სხვადასხვა მმართველები,
უფრო მეტიც, ერთმანეთის მოწინააღმდეგეები - სულთანი სულეიმანი და სულთანი მალიქ-შაჰი
უდგანან. თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საქართველოს სამეფო მარტოდ
- მარტო დარჩა სელჩუკური აგრესიის წინაშე, რომელსაც ბიზანტიელების დახმარების არანაირი
იმედი არ უნდა ჰქონოდა, რადგან ისინი თავის მხრივ, სულეიმანის თურქების მიერ ფაქტობრივად
განდევნილნი იყვენენ მცირე აზიიდან.
დავით
აღმაშენებლის ისტორიკოსი ამ მოვლენებს ასე გადმოგვცემს: „ხოლო განძლიერებასა თურქთასა
დაუტევნეს ბერძენთასა ქუეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს
და წარვიდეს, რომელნიცა აიხუნეს თურქთა და დაემკვიდრეს მას შინა.“[83] მემატიანე
ხაზს უსვამს, თუ რა სავალალო შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის აღნიშნულ მოვლენას :
„... და ვინაითგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩვენთა, განმრავლდა შიში და ჭირი
მათგან ჩუენ ზედა: რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად, ტყუევნად და მოოხრებად, წუად, სვრად
და ტყუეობად ქრისტიანეთა.“[84]
მემატიანე
საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ თურქთა ახალი ლაშქრობების შესახებ წერს: „რამეთუ მათ ჟამთა გიორგი მეფესა, ყუელსა გარე-მდგომსა,
დაესხნეს უგრძნულად თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმადი, ამირა ძლიერი და მაგრიად
მოისარი, რომელსა მას ოდენ ჟამსა აღეღო კარი. მოვიდეს ესენი შინა-განცემითა ქრისტიანეთაითა,
აოტეს გიორგი მეფე და სპაი მისი ურიცხვი.“[85] მემატიანის
ეს ნაამბობი ძალიან ნათლად გვიჩვენებს მოვლენების განვითარებას - ამირა აჰმადი პირველ
რიგში კარის ციხე-ქალაქს იღებს და შემდეგ ყველის ციხესთან მყოფ გიორგის ესხმის თავს.
მეფის ყველის ციხესთან დგომა სამხედრო მიზნით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, ვინაიდან მეფესთან
იმყოფებოდა „სპაი მისი ურიცხვი“, არ არის გამორიცხული, რომ მეფე აქ ლაშქრის შეკრებით
და თურქთათვის საპასუხო დარტყმის სამზადისით ყოფილიყო დაკავებული.[86] ამის
შესახებ, როგორც ჩანს, ამირა აჰმადიც ყოფილა ინფორმირებული. მან ზუსტად იცოდა მეფის
ადგილსამყოფელი, ალბათ ისიც, რომ ის ლაშქრის თავმოყრით იყო დაკავებული და გადაწყვიტა
დაესწრო საქართველოს მეფისთვის, რაც წარმატებით განახორციელა. მემატიანე ხაზს უსვამს
ღალატს („განცემითა ქრისტიანთაითა“), სწორედ გამცემლების დახმარებით მოუხერხებიათ თურქებს
ყველის ციხემდე შეუმჩნევლად მისვლა. რ.მეტრეველი და ჯ.სამუშია მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში
არა ერთ და ორ დიდებულთან, არამედ მეფის წინააღმდეგ განწყობილ ფეოდალთა დიდ დასთან
უნდა გვქონდეს საქმე, რომელთაც დიდი გავლენა უნდა ჰქონოდათ სამხრეთ საქართველოსა და
კარის სამეფოს ტერიტორიაზე, რადგან, მათი აზრით, აჰმადი მხოლოდ ძლიერი მოკავშირის დახმარებით
თუ შეძლებდა ასეთი დიდი მანძილის შეუმჩნევლად გავლას - კარის სამეფოდან, ვიდრე ყველის
ციხემდე.[87]
თურქთა თავდასხმა ისეთი მოულოდნელი ყოფილა
მეფისთვის, რომ მან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, თავისი ამალით სასწრაფოდ დატოვა
ბანაკი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მტერს დიდი სიმდიდრე ჩაუვარდა ხელში :
„ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურეულნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროისა და ვერცხლისანი,
კარასეულნი, სასუმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი - სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი,
- აიხუნეს იავარად და წარვიდეს.“[88] დავითის ისტორიკოსის მიხედვით, უკან (სავარაუდოდ
არანში[89]), გამობრუნებულ
აჰმადს გზად თურქმენი ბეგები იაყუბი და ისაბორი (ქართულ წყაროში ბუ - იაყუბი და ისაბარი)
შეხვედრიან, რომლებიც თითქოს სალაშქროდ ბიზანტიაში მიდიოდნენ, მაგრამ ამირა აჰმადს
შემდეგი სიტყვებით შეუცვლევინებია მათთვის აზრი : „ რად წახუალთ საბერძნეთს? აჰა ქუეყანაი
საქართველოი, უკაცური და სავსე ესევითარითა სიმდიდრითა...“ და მათაც „მყის მოაქცივნეს
გზანი მათნი და მოეფინეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი.“[90] მიუხედავად
თურქი სარდლების მოულოდნელი შეხვედრის შესახებ მემატიანის ცნობისა, ისტორიოგრაფიაში
გამოთქმულია მოსაზრება, რომ იაყუბისა და ისაბორის საქართველოში ლაშქრობა წინასწარ მომზადებული
სამხედრო ექსპანსიის ნაწილი იყო, რომელმაც მოიცვა კლარჯეთი, შავშეთი, აჭარა, სამცხე,
ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი, გაიძარცვა ქალაქი ქუთაისი.[91] შესაძლოა
იაყუბი და ისაბორი - თურქმენი ბეგები არანში დაბრუნებული აჰმადის ბრძანებით შემოვიდნენ
საქართველოში.[92]
მემატიანის ცნობით, ეს ყველაფერი 1080 წლის ივნისში მომხდარა, რითიც დაწყებულა „დიდი
თურქობა“. [93]
მემატიანის
ცნობას, თურქი სარდლების შეხვედრის და მათი „დიალოგის“ შესახებ ნამდვილად დაჰკრავს
ლეგენდარულობის ელფერი, თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ ის გარკვეულწილად სწორად ასახავს
ქვეყნისთვის მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას. ამ დროისთვის ბიზანტია არანიდან წამოსული
თურქმანებისთვის უკვე შორეული მხარეა, იქ გალაშქრებაზე იოლი საქართველოში შემოსვლაა. ფაქტობრივად, ამ პერიოდისთვის
საქართველო თურქებისთვის მარტივ სამიზნედაა ქცეული, რომელიც მათ წინაშე მარტოა დარჩენილი.
აქვე
უნდა შევეხოთ ერთ საკითხს - რა იყო საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის
მიზეზი? რ.მეტრეველი და ჯ.სამუშია ორ მთავარ მიზეზს გამოყოფენ: „პირველი ის, რომ გიორგი
II ბიზანტიის ერთადერთ რეალურ მოკავშირეს წარმოადგენდა და მეორეც - ამიერკავკასიაში მხოლოდ საქართველოს სამეფო კარს
თუ ძალუძდა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა თურქთა ლაშქრობებისთვის და მათი დაპყრობითი
გეგმები ჩაეშალა.“[94] მანჩესტერის
უნივერსიტეტის პროფესორ კ.ე ბოსვორთისთვის მალიქ-შაჰის უპირველეს მიზანს კარის აღება
წარმოადგენდა, რითიც რეგიონში თავის გავლენას უზრუნველყოფდა.[95] განსხვავებული
მოსაზრება აქვს პროფესორ ა. ფიქოქს, რომელიც მიიჩნევს, რომ ალფ-არსლანიდან მოყოლებული
სელჩუკთა კავკასიაში ლაშქრობების მიზეზს, მეტწილად, საზაფხულო და ზამთრის საძოვრების
ხელში ჩაგდების სურვილი წარმოადგენდა.[96] რომელიმე
მიზეზის გამოყოფა, ვფიქრობთ, რთულია, მაგრამ ორი რამ ცხადია: პირველი ის, რომ თურქთა
ახალი შემოტევის და „დიდი თურქობის“ შემდეგ საქართველომ, როგორც რეგიონში ანგარიშგასაწევმა
ძალამ, თავისი მნიშვნელობა დაკარგა და მეორე, სელჩუკებმა რეგიონში თავიანთი პოზიციები
გაიმყარეს და მდიდარი საძოვრებიც ჩაიგდეს ხელში.
1080
წლის შემდეგ თურქმანი ბეგები ყოველწლიურად შემოდიოდნენ საქართველოში. გაზაფხულობით
ჩადგებოდნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში და დაზამთრებამდე რჩებოდნენ, რაც უდიდეს
ზიანს აყენებდა ქვეყანას, ჩამკვდარი იყო მიწათმოქმედება, თურქმანთა მომთაბარეული მეურნეობა
საფუძველს აცლიდა ქართულ ფეოდალურ მეურნეობას.[97] დავით
აღმაშენებლის ისტორიკოსი მისთვის დამახასიათებელი მხატვრულობით შემზარავ სურათს გვიხატავს
: „და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვაი და მკაი; მოოხრდა ქუეყანაი და ტყედ გარდაიქცა;
ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს მას შინა; და იყო ჭირი მოუთმენელი
და ყოველთა ზედა მკვიდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდესმე ყოფილა და
სმენილთა გარდასულთა ოხრებისათა.[98]
გიორგი
II კარგად ხედავდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო ქვეყანა ჩავარდნილი და ერთადერთ
სწორ გამოსავლად მალიქ-შაჰთან ხლება და დაზავება მიიჩნია. მეფემ დიდებულთა კრება მოიწვია
და მათთან თათბირის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.[99] მემატიანის
ნაამბობში ნიშანდობლივია ორი რამ; პირველი ის, რომ ობიექტურადაა გააზრებული ძალიან
მძიმე საგარეო პოლიტიკური ვითარება, რომელშიც მაშინ საქართველო იმყოფებოდა - „ამათ
საქმეთა რაი ხედვიდა მეფე გიორგი, - და რამეთუ არასადაით იყო ღონე ხსნისა და შეწევნისა,
არცა რაი დამხსნელი ამათ ძვირთაი, რომელ მოეცვა პირი ქუეყანისაი, რამეთუ ძალი ბერძენთაიცა
შემცირებულ იყო, და რომელნი ქუეყანანი აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღუასა გარეთ, ყოველნი თურქთა
დაეპყრა...“ მემატიანე კარგად ხედავს , რომ საქართველო მოკავშირის გარეშეა დარჩენილი
თურქთა წინაშე. მეორე მომენტია მეფის გადაწყვეტილების ერთგვარი შეფასება : „და დაამტკიცეს
წარსვლაი მაღალსა სულტანსა მალიქშას წინაშე; და ესრეთ დადვა სული თვისი და სისხლი ქრისტიანთა
ხსნისათვის.“[100]
ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს მემატიანე მეფის გადაწყვეტილებას
და რაოდენ მაღალი აზრისაა თავად მეფის პიროვნებაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში, შუა საუკუნეების
ავტორი მას „ქრისტიანთა მხსნელად“ არ მოიხსენიებდა).[101]
საქართველოს
მეფესა და სულთანს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. საქართველოს ხარკის გადახდა
დაეკისრა, სანაცვლოდ კი მალიქ-შაჰმა საქართველოში თურქმანთა ლაშქრობების აღკვეთის პირობა
დადო, ასევე მეფეს კახეთ-ჰერეთის სამეფოს ასაღებად ჯარი გამოაყოლა. ეს ყველაფერი
1083 წელს უნდა მომხდარიყო.[102]
მეფის
ამ გადაწყეტილებას დადებითად აფასებენ და ერთადერთ სწორ ნაბიჯად მიიჩნევენ ჯ.სამუშია
და რ.მეტრეველი. მათი აზრით, ზავით საქართველომ რამდენადმე დაარეგულირა ურთიერთობა
თურქ-სელჩუკებთან და ქვეყანამ რაღაცა დროით მომთაბარეთა თარეშისგან ამოისუნთქა, თუმცაღა
შემდეგში, მათი აზრით, თურქებმა დაარღვიეს შეთანხმება და კვლავ განაახლეს საქართველოზე
თავდასხმები, რაც გიორგი II-ის ისპაჰანში ვიზიტის მნიშვნელობას საერთოდ არ აკნინებს.[103] ზ.პაპასქირი
მიიჩნევს, რომ გიორგი II -ის ისპაჰანში ვიზიტის შეფასებისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ
იმაზე, თუ რა შედეგი ჰქონდა ამ ფაქტს. მისი აზრით, მოვლენების განვითარებამ ვერ გაამართლა
ის იმედები, რასაც მეფე მოლაპარაკებაზე ამყარებდა. ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი
თავად გიორგი მეფის არათანმიმდევრული პოლიტიკა იყო, რომელიც კახეთ - ჰერეთის საკითხთან
დაკავშირებით გაატარა და მალიქ-შაჰის წინააღმდეგ წავიდა.[104]
ქალაქი ბაღდადი. შუა საუკუნეების მინიატურა. |
როგორც
ზემოთაც ავღნიშნეთ, მალიქ-შაჰმა საქართველოს მეფეს ჯარი გამოაყოლა კახეთ-ჰერეთის სამეფოს
დასაპყრობად. გიორგი II სელჩუკთა ჯართან ერთად პირდაპირ კახეთში მისულა და ერთ-ერთი
ყველზე მნიშვნელოვანი სიმაგრის, ვეჟინის ციხის ალყა დაუწყია. ამის შემდეგ მოხდა ძალიან
უცნაური ფაქტი, რამაც ქართველ ისტორიკოსთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მემატიანე
წერს: „და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთს და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა; ვიდრე ჰბრძოდესღა
მოვიდა თოვლი; ხოლო მეფესა გიორგისა მოეხსენა ნადირობაი აჯამეთისაი, არღარას ზრუნვიდა
სხუასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟინისა და კახეთისასა...“[105] ივ.ჯავახიშვილს
მემატიანის ნაამბობში ეჭვი არ შეაქვს და მეფეს ამ საქციელს „პოლიტიკურ ქარაფშუტობაში“
უთვლის.[106]
ნ. შენგელიამ ტენდენციურად მიიჩნია მემატიანის ცნობა აჯამეთში სანადიროდ წასვლის და
ამის გამო ალყის მოხსნის შესახებ და შეეცადა ეს ნაბიჯი პოლიტიკური მიზეზით აეხსნა
: „მას (მეფეს) ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა კახეთის
ციხე-სიმაგრეები სელჩუკთა მიერ დაკავების შემდეგ; მან ერთადერთი სწორი გამოსავალი იმაში
ჰპოვა, რომ გასცლოდა მათ და კახეთის აოხრებაში მონაწილეობა არ მიეღო“.[107] რ. მეტრეველი
და ჯ. სამუშია არ გამორიცხავენ, რომ აჯამეთში ნადირობა მეფეს მართლაც მოემიზეზებინა,
მაგრამ ალყის მოხსნის რეალური მიზეზი, მათი აზრით, ეს არ უნდა ყოფილიყო. მათი დაშვებით,
შესაძლოა დასავლეთ საქართველოში შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რომელმაც აიძულა მეფე გადაედგა ასეთი ნაბიჯი.[108] ისტორიკოსებს
საკმაოდ ლოგიკურად მიაჩნიათ შ.ბადრიძის შეხედულება,, რომ მეფის ამგვარი საქციელი თურქთა
წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ საბოტაჟს წარმოადგენდა : „ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ,
რომ თურქ-სელჩუკებს მოეხდინათ გიორგი II -სადმი მიცემული პირობის კორექტირება. აქ საკითხავია,
ვეჟინის ციხის აღების შემდეგ, ვის მფლობელობაში გადავიდოდა იგი? ბუნებრივია, ვფიქრობთ,
რომ თურქები არასგზით არ დათმობდნენ ვეჟინს და ამ ციხეში საკუთარი მეციხოვნეების ჩაყენებას
მოითხოვდნენ... მართალია, მალიქ-შაჰმა კახეთი გიორგი II -ს მიუბოძა, მაგრამ ამ რეგიონის
ციხეებში, ისევე როგორც ქართლის სიმაგრეებში, თურქული გარნიზონი უნდა მდგარიყო. ფაქტობრივად
გიორგი II სხვის ომში მონაწილეობდა და იქნებ ამას აარიდა კიდეც თავი.“[109] მ.ლორთქიფანიძის
აზრითაც, მეფემ შეგნებულად თქვა ვეჟინის აღებაზე უარი.[110] ზ. პაპასქირის
სწორი შენიშვნით, ზემოთ ჩამოთვლილი ისტორიკოსებისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი დავითის
ისტორიკოსის ტენდენციურობაა. ამ საკითხისადმი თავად ზ.პაპასქირს სხვაგვარი დამოკიდებულება
აქვს და მემატიანის ტენდენციურობა საეჭვოდ მიაჩნია. ისტორიკოსი არ გამორიცხავს, რომ
გიორგი II -ს შესაძლოა მართლაც მოემიზეზებინა სანადიროდ წასვლა და გარკვეული პოლიტიკური
გადაწყვეტილებით მოეხსნა ალყა, „ხოლო დავითის ისტორიკოსმა, რომელიც უკმაყოფილო იყო
იმ შედეგებით, რომელიც ვეჟინის ციხის ალყის მოხსნას მოჰყვა, სხვაგავრი ახსნა მოუძებნა
მეფის ამ ნაბიჯს“.[111] და რა
იყო ეს შედეგები? ალყის მოხსნის შემდეგ მეფემ სელჩუკებს „მისცა ნიჭად“ სუჯეთი და ივრის
პირი, რომელიც მათ საგულდაგულოდ მოუოხრებიათ. თურქებს ციხის აღება აღარ უცდიათ. ამ
ვითარებით ისარგებლა კახეთის მეფე აღსართანმა, ეახლა შაჰს, მორჩილების ნიშნად ქრისტიანობა
უარყო და ამით კახეთ-ჰერეთის თავის მფლობელობაში დატოვების უფლება მიიღო.[112]
მალიქ-შაჰსა
და გიორგი II -ს შორის დადებულ ზავს თურქმანი ბეგების ყოველწლიური ლაშქრობების შეწყვეტა
არ მოჰყოლია. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რ. მეტრეველი და ჯ.სამუშია თვლიან, რომ ზავმა
ქვეყანას მხოლოდ მცირე ხნით მისცა ამოსუნთქვის საშუალება, მაგრამ თურქთა მხრიდან შეთანხმება
დაირღვა და ლაშქრობები კვლავ განახლდა. ზ. პაპასქირი კი თვლის, რომ გიორგი II-ის ისპაჰანში
ვიზიტს ქვეყნისთვის არავითარი შედეგი არ მოუტანია:
„ერთი სიტყვით, გიორგი II -ის ვიზიტმა ისპაჰანში
ვერაფრით გააუმჯობესა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა. მალიქ-შაჰმა
„აფხაზთა“ და „ქართველთა“ სამეფოს „რანთა“ და „კახთა“ სამეფოც მიაყოლა და ამით მთელ
საქართველოსა და ამიერკავკასიაზე სრული პოლიტიკური დიქტატი დაამყარა. მთელი ამ რეგიონის
საერთო მმართველობა კი თავის ბიძაშვილს ყოთბ ედ-დინ ისმაილს ჩააბარა.[113] როდესაც
გიორგი II -ს და მალიქ-შაჰს შორის დადებულ ზავს ვაფასებთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ
იმაზე, თუ რა რეალური შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა მას; იყო კი ეს თურქმენი ბეგების ლაშქრობების
შეწყვეტის გარანტი? გავიხსენოთ 1069 წელს დადებული ზავი ალფ-არსლანსა და ბიზანტიის
იმპერიას შორის. შეთანმხების მიხედვით, ალფ-არსლანი ვალდებული იყო აღეკვეთა თურქთა
რეიდები ბიზანტიის ტერიტორიაზე. მიუხედავად
მისი ასეთი ტიტულისა, სულთანმა თურქმენი ბეგების
ლაშქრობანი ვერ აღკვეთა. ის მათ ვერ აკონტროლებდა,
ისინი კვლავ მომთაბარეული ტრადიციებით ცხოვრობდნენ, მხოლოდ მაშინ აღიარებდნენ სულთნის
უზენაესობასა და ავტორიტეტს, როდესაც ეს ან მათსავე ინტერესებში შედიოდა ანდა, როდესაც
სხვა გზა არ ჰქონდათ და იძულებულნი იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ. 1071 წელს, მანასკერტის
ბრძლის შემდეგ კვლავ დაიდო ზავი, რომლის მიხედვითაც უნდა აღმდგარიყო ომამდელი სტატუს-ქვო
და ალფ-არსლანი ამ შემთხვევაშიც თურქმენთა რეიდების შეწყვეტას კისრულობდა. მიუხედავად
იმისა, რომ სულთანი პატივს სცემდა შეთანხმების პირობებს და იცავდა მშვიდობას იმპერიასთან,
თურქმანი ბეგები მაინც აოხრებდნენ ბიზანტიის ტერიტორიებს და ამის შემჩერებელი არც ალფ-არსლანი
იყო და არც მისი ვაჟი.[114] მალიქ-შაჰსა
და გიორგი II -ს შორის დადებული შეთანხმებით, ხარკის სანაცვლოდ სულთანი თურქმანთა ლაშქრობების
აღკვეთას კისრულობდა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ასე არ მოხდა. ვფიქრობთ, რომ ეს
სულაც არ ნიშნავს სულთნის მიერ შეთანხმების დარღვევას. ამ შემთხვევაშიც ისეთივე ვითარება
უნდა იყოს, როგორიც ბიზანტიასთან მიმართებაში იყო - სულთანს, უბრალოდ, არ შეეძლო იმ
თურქმანი ბეგების კონტროლი, რომლებიც საქართველოში ლაშქრობდნენ, რადგან მისი ძალაუფლება
ყველაზე მეტად ცენტრალურ და დასავლეთ ირანში, ერაყსა და ხორასანში იგრძნობოდა. სასაზღვრო
არეალში კი (მაგ. კავკასიაში, ხვარაზმში, ანატოლიაში და სხვ.) მეტი გავლენით სელჩუკი
პრინცები და თურქმანი ბეგები სარგებლობდნენ. აქ მომთაბარე თურქმენებისთვის ისპაჰანში მყოფი სულთანი ძალიან შორეული ფიგურა
იყო, ამიტომ, პირველ რიგში, ისინი უშუალოდ თავიანთი ტომის, კლანის ლიდერებს - ბეგებს
ემორჩილებოდნენ. თავის მხრივ, ბეგები სულთანს ხშირ შემთხვევაში სულაც არ თვლიდნენ უმაღლეს
ავტოკრატ მმართველად.[115] ყოველივე
ამის გათვალისწინებით, თითქოს მისაღებია ზ. პაპასქირის მოსაზრება, რომ გიორგი II-ის
ვიზიტს ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია, თუმცა ჩვენ ამ აზრს ვერ დავეთანხმებით,
რადგან ვფიქრობთ, რომ ამ შეთანხმებით საქართველომ თავიდან აიცილია თავად სულთნის მიერ
ორგანიზებული მასშტაბური ლაშქრობა, რომელსაც შესაძლოა საქართველოსთვის სახელმწიფოებრივ
დონეზე შეექმნა საფრთხე.
სელჩუკთა იმპერია, 1092 წ. |
რაც
შეეხება მალიქ-შაჰის მიერ თავისი ბიძაშვილისთვის სამართავად აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოს ჩაბარებას, ეს აზრი, პირველად
ნ. შენგელიამ გამოთქვა: „სულთან მალიქ-შაჰმა აზერბაიჯანი თავის ბიძაშვილს ყოთბ
ედ-დინ ისმაილს მისცა და ამ ქვეყნების მელიქად (მმართველად) დანიშნა; მას დაუმორჩილა
ამიერკავკასიაში დაპყრობილი ტერიტორიები. მთელი საქართველოც მას ემორჩილებოდა“.[116] სამწუხაროდ,
ავტორი საქართველოზე საუბრისას წყაროს არ უთითებს. არანსა და აზერბაიჯანში მალიქ-შაჰის
მიერ 1086 წელს თავისი ბიძაშვილის მმართველად დანიშვნაზე საუბრობენ კ.ე ბოსვორთი და
ვ.მინორსკი, თუმცა ისინი საქართველოს არ ახსენებენ.[117] ვფიქრობთ,
აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო მალიქ-შაჰს ყოთბ ედ-დინისთვის არ უნდა ჩაებარებინა
სამართავად, რადგან, ჯერ ერთი, არანისა და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით ეს ტერიტორია
აღნიშნულ პერიოდში უშუალოდ სულთნის მიერ არ დალაშქრულა; არანსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი
დინასტია მოისპო და მართველობა თურქმენულ წესსზე მოეწყო.[118] საქართველოში
მსგავს მოვლენას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ვფიქრობთ, რთულია აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოში არსებული ვითარება არან-აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებთან დავაკავშიროთ
და ერთ კონტექსტში განვიხილოთ. მეორე, მალიქ-შაჰის მიერ ქართული ტერიტორიების თავისი
ბიძაშვილისთვის ჩაბარება აშკარად შეთანხმების დარღვევად ჩაითვლებოდა, რაც საქართველოს
მხრიდან ხარკის გადახდის გაგრძელებას ძალიან ალოგიკურს გახდიდა და მესამე, თუ აღნიშნული ტერიტორიები სულთნის მიერ დანიშნული
მმართველის იურისდიქციაში იქნებოდა, 1089 წლის შემდეგ დავით აღმაშენებლის მიერ მათთვის
მიყენებული პატარ-პატარა მოულოდნელი დარტყმები სულთნის წინააღმდეგ წასვლად აღიქმებოდა,
რასაც, ვფიქრობთ, მალიქ - შაჰი უპასუხოდ არ დატოვებდა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ,
რომ 1083 წელს გიორგი II -სა და მალიქ-შაჰს შორის დადებული შეთანხმება არც ერთი მხრიდან
არ დარღვეულა. ამ შეთანხმების წყალობით, მიუხედავად იმისა, რომ თურქმენთა ლაშქრობები
არ შეწყვეტილა, საქართველომ თავიდან აიცილა სულთნის მიერ ორგანიზებული ფართომასშტაბიანი
ლაშქრობა, რაც საქართველოს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა.
„დიდმა
თურქობამ“ დიდად დააზარალა ქვეყანა. ამ ყველაფერს 1088 წელს საშინელი მიწისძვრა დაემატა,
რამაც ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მრავალი ციხე თუ სოფელი განადგურდა,
მთლიანად დაინგრა თმოგვი. ამ მოვლენიდან 1 წლის შემდგე, 1089 წელს, ჩვენთვის ჯერ კიდევ
უცნობი მიზეზების გამო გიორგი II -მ მეფობა თავისი ვაჟის, 16 წლის დავითის სასარგებლოდ
დათმო. [119]
* * *
გიორგი
II -ის ცალსახად ძლიერ ან სუსტ პოლიტიკოსად,
კარგ ან ცუდ მმარველად შეფასება ძალიან რთულია. საზოგადოდ, აუცილებელია
ამა თუ იმ მმართველის მოღვაწეობა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური ვითარების
გათვალისწინებით შევაფასოთ. გამონაკლისი არც
გიორგი II–ა. მისი მეფობა ორ პერიოდად შეგვიძლია დავყოთ. პირველი - გამეფებიდან 1070- იანი წლების მიწურულამდე, როდესაც
საქართველოს მეფემ შეძლო ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება, თურქ-სელჩუკური საფრთხის
დროებით ნეიტრალიზება, რასაც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მანამდე ბიზანტიის იმპერიის
შემადგენლობაში მყოფი მთელი რიგი ტერიტორიების მოქცევა მოჰყვა. საქართველოს მეფის ამ
წარმატებული რვაწლიანი მმართველობის შემდეგ იწყება ძალიან რთული, მეორე პერიოდი. ეს სირთულე, პირველ რიგში, არნახულად გაუარესებულმა საგარეო
პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა - საქართველოს სამეფო მთლიანად თურქულ გარემოცვაში
აღმოჩნდა და რეგიონში მომთაბარეთა ერთადერთ
სამიზნედ იქცა. ასეთ პირობებში კი რაიმე წარმატების მიღწევა, ჩვენი ღრმა რწმენით, ნებისმიერ
მმართველს ძალიან გაუჭირდებოდა. საქართველოს სამეფომ თურქ - სელჩუკთა წინააღმდეგ განმათავისუფლებელი
ბრძოლის ღიად დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც 1098-99 წელს დასავლეთ ევროპელმა ჯვაროსნება მძიმე დარტყმა
მიაყენეს ისედაც დეკადანსში მყოფ თურქ - სელჩუკებს.
[1] Andrew C S
Peacock, „Nomadic Society and the Seljūq Campaigns in Caucasia", Iran and the
Caucasus, 9, no. 2 (2005). 205
[2] იქვე. 213
[3] ივანე ჯავახიშვილი.
“ქართველი ერის ისტორია“. ტ.5 (თბილისი.2012)
[4] ნოდარ შენგელია,
„სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში.“
(თბილისი.1968)
[5] ვასილ კოპალიანი,“საქართველო
- ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა (თბილისი. 1969);
М. Д. Лордкипанидзе.“ Из истории византийско-грузинских взаимоотношений (70-е
годы XI в.)“ .B изантийский временник. Том 40. (Mосква 1979)
[6] როინ. მეტრეველი.
„დავით IV აღმაშენებელი“ (თბილისი. 1990)
[7] ზურაბ პაპასქირი,
„შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე“ (თბილისი.1991)
[8] რ.მეტრეველი,
ჯ.სამუშია, „მეფეთ-მეფე გიორგი II (თბილისი.2003)
[9] ილია ანთელავა,
საქართველოს საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი (თბილისი.2002); მანანა გაბაშვილი,
„გიორგი II –ს ტიტულატურა როგორც საისტორიო წყარო.“ქართველოლოგია : სამეცნიერო ჟურნალი.
1. (თბილისი.2012)
[10] V.
Minorsky, history of Sharvan and Darband in the 10 –th an 11-th century
(Cambridge 1958); C.E. Bosworth, Political and dynastic history of the Iranian
world, The Cambridge History of Iran, Vol 5, Ed. J.A Boyle (Cambridge 1968); D.
A. Korobeinikov, Raiders and neighbours: the Turks (1040–1304), Cambridge
history of the Byzantine empire (Cambridge. 2008); Michael Angold, The Byzantine Empire, 1025 – 1204 a
political history (London and New York. 1997); David
Nicole.”Manzikert 1071 : The breaking of Byzantium” (oxford, 2013); John
Haldon, The Byzantine Wars: Battles and campaigns of The Byzantin Era (Oxford,
2002); Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and
spiritual culture and history c. 1071-1330, trans. J. Jones-Williams (New York. 1968); Andrew C S Peacock, „Nomadic Society and the
Seljūq Campaigns in Caucasia", Iran and the Caucasus, 9, no. 2 (2005).
[11] „მატიანე ქართლისაი“,
ქართლის ცხოვრება, რედ. როინ მეტრეველი (თბილისი, 2008). 295
[12] მანასკერტი
- ციხე - სიმაგრე ბიზანტიის იმპერიის არმენიაკონის
თემში, დღევანდელ მუშის პროვინციაში. თურქეთი
[13] D.
A. Korobeinikov, „Raiders and neighbours: the Turks (1040–1304)“, Cambridge
history of the Byzantine empire, Edited by Jonathan Shepard (Cambridge 2008),
609
[14] მატიანე ქართლისაი.
297
[15] იქვე. 296. გიორგი
II უკვე ნაკურთხი იყო „ქართველთა და აფხაზთა მეფედ“ და საეკლესიო კანონებით ხელახალი
მირონცხება აკრძალული იყო. როიმ მეტრეველი,
ჯაბა საუშია, „მეფეთ მეფე გიორგი II” (თბილისი, 2003), 66
[16] მატიანე ქართლისაი.
297
[17] იქვე.297
[18] რ. მტრეველი,
ჯ.სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II. 67
[19] იქვე. 68
[20] მატიანე ქართლისაი.
297
[21] ივანე ჯავახიშვილი,
„ქართველი ერის ისტორია“, წიგნი II. (თბილისი, 2012). 311
[22] იქვე. 311
[23] მატიანე ქართლისაი.
297
[24] რ. მეტრეველი,
ჯ. სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II. 68
[25] მამუკა წურწუმია.
„შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი 900 – 1700 (თბილისი, 2016). 32
[26] გივი ჯამბურია. „ქართული ფეოდალიზმის
საკითხები“. (თბილისი, 2007). 108
[27] „ცხოვრებაი მეფეთ
- მეფისა დავითისი“, ქართლის ცხოვრება, რედ. როინ მეტრეველი (თბილისი 2008). 309
[28] მატიანე ქართლისაი.
297
[29] იქვე.298
[30] ივ.ჯავახიშვილი,
ქართველი ერის ისტორია. 312
[31] მატიანე ქართლისაი.298
[32] იქვე.298
[33] რ. მეტრეველი,
ჯ. სამუშია, მეფეთ - მეფე გიორგი II. 73 ; თუმცაღა აღსანიშნავია შუა საუკუნეების გადმოსახედიდან
რამდენად შეიძლება ამ მომენტის ასე შეფასება
[34] მატიანე ქართლისაი.298
[35] იქვე.298
[36] ფარცხისი - სოფელი
დღევანდელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში
[37] ვრცლად იხილეთ რ. მეტრეველი, ჯ. სამუშია, მეფეთ-მეფე გიორგი II.
77 - 81
[38] არანი - კავკასიის
ალბანეთის ტერიტორიის აღმნიშვნელი არაბიზებული სახელწოდება. შუა საუკუნეებში ის მოიცავდა
მდ. მტკვრისა და მდ. არაქსის შუამდინარეების ველის რაიონს ქალაქებით : ბარდა, განჯა,
ბელაქანი
[39] მატანე ქართლისაი.
298
[40] იქვე.298
[41] იქვე.298
[42] რ. მეტრეველი, ჯ.სამუშია, მეფეთ-მეფე გიორგი II. 76
[43]
ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა დავითისი.
301
[44]
ვრცლად მანაკერტის ბრძოლის წყაროების შესახებ იხ. Carole Hilldenbrand, “Turkish myth and Muslim Symbol: The Battle
of Manzikert” (Edinburgh, 2007)
[45] David
Nicole. “Manzikert 1071 : The breaking of Byzantium” (Oxford, 2013).27
[46] C.E Bosworth,
“Political an dynastic history of iranian world”, The Cambridge History of
Iran, Vol.5, Ed. J.A Boyle (Cambridge, 1968).80
[47] იქვე.80
[48] D.
Nicole, Manzikrt 1071. 28
[49] იქვე.28
[50] David Nicole. “Manzikert 1071 : The breaking of
Byzantium” (London, 2014); Хэлдон Дж. История византийских войн (Москва,
2007); John Haldon, The Byzantine Wars : Battles and Campaigns of The Byzantine
Era, (Stroud, 2002); Paul Markham, „The Battle of Manzikert: Military Disaster
or Political Failure?", De Re Militari (1 August, 2005) [ელ-ვერსია
deremilitari.org] და სხვ.
[51] Хэлдон Дж. История византийских войн. 395
[52] David
Nicole. “Manzikert 1071“.32
[53] Хэлдон Дж. История византийских войн.396
[54] David Nicole. “Manzikert 1071“.48
[55] მარვანიდები - (990 – 1085) ქურთული დინასტია ზემო მესოპოტამიაში, დიარბერქარის რეგიონში, დღევანდელი ჩრდილოეთ ირანის, სამხ. აღმოსავლეთ თურქეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე
[56] David Nicole. “Manzikert 1071“.48
[57] იქვე.48
[58]
იქვე.49; ოდნავ განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს ჯონ ჰალდონი, თუმცა საბოლოო ჯამში ალფ-არსლანის არმიის რაოდენობა შევსებამდე და შევსების შემდეგ მასთანაც 20 და 30 ათასი მებრძოლია. Хэлдон Дж. История византийских войн.400
[59] სელჩუკთა სასულთნო
არ იყო მონოლითური სახელმწიფო. ის პოლიტიკური დაჯგუფებების ერთობას წარმოადგენდა, რომელთაგან
ყველაზე დიდი და ძლიერ თავად მალიქ-შაჰის დაჯგუფება იყო. ის სამხედრო თვალსაზრისით
ყველაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი სულთნად ყოფნის გარანტია სწორედ ეს იყო. C.E Bosworth, “Political
an dynastic history of iranian world“.78 - 81
[60] ვრცლად იხ. მამუკა
წურწუმია, „შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი 900 – 1700“, (თბილისი 2017)
[61]„მატიანე
ქართლისაი“. 299
[62] „ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა
დავითისი“.300
[63] ვასილ კოპალიანი,
„საქართველო - ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა (თბილისი, 1969).282-283
[64] ზურაბ პაპასქირი,
„შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე (თბილისი.1991).46
[65] რ. მეტრეველი,
ჯ. სამუშია, „მეფეთ-მეფე გიორგი II”.85
[66] იქვე.86
[67] იქვე.86
[68] კარის იგივე ვანანდის
სამეფო წარმოადგენდა სომხურ სახელმწფოს, რომელზე გავლენაც 1065 წლის შემდეგ ბიზანტიელთა
ხელში იყო. სამეფო ადმინისტრაციულად 8 ერთეულისგან შედგებოდა და დაახლოებით 10 ათას
კვ. კილომეტრს მოიცავდა. ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს რვა ერთეულიდან მხოლოდ
ორი - კარნიფორნი და ვანანდი, ასევე თვითონ კარის ციხე - ქალაქი, რადგან სხვა დანარჩენი
მხარეები უკვე თურქთა ხელში უნდა ყოფილიყო (რ. მეტრეველი, ჯ.სამუშია, „მეფეთ - მეფე
გიორგი II.91-92)
[69] იბერიის თემი
- სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქი ბიზანტიის იმპერიაში, XI საუკუნეში, ქართული და სომხული მიწებისგან შედგენილი
ერთეული.
[70] М. Д. Лордкипанидзе.“ Из
истории византийско-грузинских
взаимоотношений (70-е годы XI в.)“.B изантийский
временник. Том 40. (Mосква 1979).94
[71] ზ. პაპასქირი,„შუა
საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე“.49
[72] იქვე.49
[73] იქვე.50
[74] იქვე.50
[75] რ. მეტრეველი,
ჯ. სამუშია. „მეფეთ-მეფე გიორგი II. 91
[76] იქვე. 91
[77] რუსელი - ფრანკ
მოქირავნეთა ლიდერი იყო, რომელიც მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიის მხარეს იბრძოდა. ბრძლის
შემდეგ ბიზანტიის ზოგიერთი ტერიტორია დაიკავა მცირე აზიაში და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
[78] D. A.
Korobeinikov, “Raiders and neigbhours : The Turks (1040 - 1304), Cambridge
history of the Byzantine empire (Cambridge. 2008). 704 - 705
[79] D. A. Korobeinikov, “Raiders and neghbours…” 707
[80] Michael
Angold, “The Byzantine empire. 1025 – 1204 a political history (London and New
York. 1997). 119
[81] Claude Cahen, “Pre-Ottoman Turkey: a general survey of
the material and spiritual culture an history v. 1071-1330. Trans. J. Jones –
Williams (New York.1968). 76
[82] რ. მეტრეველი, ჯ.სამუშია. მეფეთ-მეფე გიორგი II.103
[83] „ცხოვრებაი მეფე-მეფისა დავითისი“. 301
[84] იქვე. 301
[85] იქვე.302
[86] რ.მეტრეველი,
ჯ.სამუშია. „მეფეთ-მეფე გიორგი II”. 107
[87] იქვე.107
[88] „ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა დავითისი“.
302
[89] C.E
Bosworth. “Political and dynastic history of the Iranian world”. The Cambridge
history of Iran, Vol 5, Ed. J.A Boyle (Cambridge 1968). 95
[90] „ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა დავითისი“. 302
[91] ჯ.სამუშია, რ.მეტრეველი, „მეფეთ-მეფე გიორგი II”.110
[92] C.E
Bosworth. “Political and dynastic history of the Iranian world”.95
[93]
„ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა დავითისი“.
303
[94] ჯ.სამუშია, რ.მეტრეველი, მეფეთ-მეფე გიორგი II”.107
[95] C.E Bosworth. “Political and dynastic history of the Iranian
world”.95
[96] დაწვრილებით იხ. Andrew
C.S Pecock, “Nomadic society and the Seljuq campaigns in Caucasia”. Iran and
the Caucasus,9,no2 (2005)
[97] ჯ.სამუშია, რ.მეტრეველი, მეფეთ-მეფე გიორგი II”.112
[98] „ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისი“. 303
[99] იქვე.304
[100] იქვე.304
[101] დაწვრილებით იხ.
ზ.პაპასქირი, „შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე (თბილისი.1991)
[102] რ. მეტრეველი,
ჯ.სამუშია. „მეფეთ-მეფე გიორგი II. 115
[103] იქვე.113
[104] ზ.პაპასქირი.
„შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე“.67
[105] „ცხოვრება მეფეთ-მეფისა
დავითისი“.305
[106] ივ.ჯავახიშვილი,
„ქართველი ერის ისტორია“, წიგნი II.314
[107] ნ.შენგელია,
„სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში“. (თბილისი, 1968).317
[108] რ. მეტრეველი,
ჯ.სამუშია. „მეფეთ-მეფე გიორგი II.119
[109] იქვე.120
[110] მ.ლორთქიფანიძე,
„საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80 -იანი წლებიდან XI ს.
80-იან წლებამდე“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი III, რედ. ზ.ანჩაბაზე, ვ.გუჩუა
(თბილისი. 1979).150
[111] ზ.პაპასქირი.
„შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე“.64
[112] „ცხოვრება მეფეთ-მეფისა
დავითისი“.305
[113] ზ.პაპასქირი.
„შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე“.67
[114] Paul Markham, „The Battle
of Manzikert: Military Disaster or Political Failure?", De Re Militari (1
August, 2005) [ელ-ვერსია
deremilitari.org]
[115] C.E Bosworth. “Political and dynastic history of the
Iranian world”.78
[116] ნ.შენგელია,
„სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში“.317
[117] C.E Bosworth. “Political and dynastic history of the
Iranian world”.95; V. Minorsky, “History of Sharvan and Darband in the
10-th and 11-th century (Cambridge.1958). 68, 120
[118]C .E
Bosworth. “Political and dynastic history of the Iranian world”.95
ბიბლიოგრაფია
1. ქართლის ცხოვრება, რედ. როინ მეტრეველი. თბილისი: მერიდიანი, არტანუჯი, 2008.
2. კოპალიანი ვასილ, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში. თბილისი : უნივერსიტეტი გამომცემლობა, 1969.
3. მეტრეველი როინ, სამუშია ჯაბა, მეფეთ მეფე გიორგი II. თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემდლობა, 2003.
4. პაპასქირი ზურაბ, შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე. თბილისი : მეცნიერება, 1991.
5. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი III, რედ. ზ.ანჩაბაზე, ვ.გუჩუა. თბილისი : საბჭოთა საქართველო, 1979 [ელ-ვერსია nplg.gov.ge].
6. შენგელია ნოდარ, სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში. თბილისი : მეცნიერება, 1968.
7. წურწუმია მამუკა, შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი 900 – 1700. თბილისი 2016.
8. ჯავახიშვილი ივანე, ქართველი ერის ისტორია, წიგნი II. თბილისი : პალიტრა L, 2012
9. ჯამბურია გივი, ქართული ფეოდალიზმის საკითხები. თბილისი : არტანუჯი, 2007.
10. Angold Michael, The Byzantine Empire, 1025 – 1204 a political history, London and New York: Longman, 1997.
11. Cahen Claude, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history, c. 1071–1330. Translated from the French by J. Jones-Williams. London: Sidgwick and Jackson, 1968
12. Haldon John, The Byzantine wars : battles and campaigns of the Byzantine era. Stroud, Gloucestershire : Tempus, 2002
13. Hilenbrand Carole, Turkish Myth and Muslin Symbol: The Battle of Manzikert. Edinburgh Edinburgh University Press, 2007.
14. Iran and the Caucasus,Vol. 9, no2. Ed. Garnik S. Asatrian. Leiden : Brill, 2005
15. Markham Paul, The Battle of Manzikert: Military Disaster or Political Failure?, De Re Militari (1 August, 2005) [ელ-ვერსია deremilitari.org].
16. Minorsky Vladimir, History of Sharvan and Darband in the 10-th and 11-th century. Cambridge : Heffer, 1958
17. Nicole David, Manzikert 1071 : the breaking of Byzantium. London : Osprey Publishind, 2014.
18. The Cambridge history of the Byzantine Empire, c. 500-1492, Ed. Jonathan Shepard. Cambridge : Cambridge Univesity Press, 2008.
19. The Cambridge history of Iran. Vol. 5, The Saljuq and Mongol periods, Ed. John Andrew Boyle. Cambridge : Cambridge Univesity Press, 1968.
20. Византийский временник, том 40. Москва: наука, 1979.
21. Хэлдон Дж. История византийских войн. Москва : Bече, 2007.
ნიკოლოზ შონია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბაკალავრო ნაშრომი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბაკალავრო ნაშრომი