იბერიელები, ჭანები და აბაზგები რომის არმიაში Notitia Dignitatum-ს მიხედვით (IV ს.)

































Notitia Dignitatum („თანამდებობების ნუსხა") გვიანდელი რომაული დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია იმპერიის სამხედრო და ადმინისტრაციული სტრუქტურა. „ამ ნუსხაში შეტანილია ყველა ის თანამდებობა, რომელიც კი არსებობდა, და ყველა ის სამხედრო განაყოფი, რომლებიც იდგა ამა თუ იმ ადგილას; თანაც დასახელებულია ის გეოგრაფიული პუნქტები, სადაც სამხედრო ნაწილები იდგა"(გეორგიკა I, 168). Notitia Dignitatum  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა იმ პერიოდის დიდი ბრძოლების შესასწავლადაც, მიუხედავად იმისა, რომ ის ადრიანოპოლის ბრძოლის (378 წ.) შემდგომ წლებშია დაწერილი, ისტორიკოსებს დიდი დახმარება გაუწია ამ ბატალიაში რომაელთა არმიის შემადგენლობისა და სტრუქტურის შესწავლის საქმეში(S. MacDowall, Adrianople AD 378. Oxford, 2001, 17.). ასევე ფრიგიდუსისა (394 წ.) და სხვა ბრძოლების შესწავლისას. Notitia Dignitatum-ს V საუკუნოვანი ხელნაწერი შემორჩენილი არ არის, მაგრამ ეს დოკუმენტი მრავალჯერ არის გადაწერილი შუა საუკუნეების განმავლობაში. მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო არის ე.წ. Cosmographia Scoti, XV საუკუნის დოკუმენტი (პიეტრო დონატოს მიერ), ასევე 1542 წლის ბავარიული ხელნაწერი. 
Notitia Dignitatum-ში მოცემულ სიებში, მრავალი საინტერესო სახელწოდების და სიმბოლოების სამხედრო შენაერთები გვხვდება, მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც რომაული სამყაროს გავლენის ფარგლებში მოქცეულ სამხრეთ კავკასიას უკავშირდება. ამ სტატიაში განვიხილავთ ამ შენაერთებს, მათი დისლოკაციის წერტილებს და სიმბოლოებს.

მდ. ფასისი (რიონი), აფსაროსი (გონიო) და სეპასტოპოლისი (სოხუმი)
ფრაგმენტი V საუკუნის რომაული რუკიდან Tabula Peutingeriana-დან (XIII ს. გადაწერილი)

დავიწყოთ საიმპერიო გვარდიულ შენაერთებში მყოფი იბერიელი და ლაზი მეომრებით, რომლებიც დიდგვაროვანი წარმომავლობისანი იყვნენ. პირველ რიგში, ეს ეხება სუბმარხიოსს. X საუკუნის ბიზანტიური ენციკლოპედიის, სუდას"(სვიდას) მიხედვით, ეს იყო მეშუბეთა წინამძღოლი, საჭურის ევტროპის ისეთი ერთგული, როგორც არც ერთი სხვა... იყო სამეფო გვარისა, ნამდვილი კოლხი ფაზისის და თერმოდონტის გადაღმა მცხოვრებთაგან, საუკეთესო მშვილდოსანი იყო, რომ იგი არ მოეკლა მეტის-მეტ განებივრებას".[1] დევიდ ვუდსი სუბმარხიუსის შესახებ ცნობების გაანალიზებისას აღნიშნავს ბევრ საერთოს მასსა და ბაკურს შორის. სუბმარხიუსის წარმომავლობაზე აღნიშნული დეტალი, რომ ის ფაზისის გადაღმა მიწებიდან იყო, ზრდის იმის შანსს, რომ ისიც იბერიელი ყოფილიყო. ბაკურ იბერიელი მეთაურობდა იგივე სამხედრო შენაერთს Schola Scutariorum sagittariorum)[2]  რომელსაც სუბმარხიუსი მის შემდეგ. თუმცა საერთო ნიშნები აქ არ წყდება. ბაკური და სუბმარხიუსი ორივე სამეფო გვარის წევრები არიან. სავსებით შესაძლებელია რომ ისინი ნათესავები ყოფილიყვნენ. თუ ბაკურის იდენტიფიკაციას მოვახდენთ პეტრე იბერის დიდ ბაბუასთან, შეიძლება დავუშვათ რომ საიმპერიო გვარდიაში მსახურისას ისიც ამ შენაერთში უნდა ყოფილიყო, რომელშიც სუბმარხიუსი და ბაკური. დასაშვებია იგივე რაზმის სარდლობა მივაწეროთ ფარსმანსაც, რომელმაც შემდგომში Magister Militum -ს თანამდებობას მიაღწია. ჩანს Schola Scutariorum sagittariorum ერთგვარ დიპლომატიურ დატვირთვას უფრო ატარებდა ვიდრე სამხედროს და სავარაუდოდ ის ვალენსის იმპერატორობამდე პერიოდში არც არსებობდა, რადგან ამ იმპერატორის დროს დაიწყო აქტიური აღმოსავლური პოლიტიკა - რომი გააქტიურდა იბერიაშიც. ამის შემდეგ აშკარად ჩანს რომ სულ მცირე, ორი იბერიელი მეთაური გაჩნდა Schola Scutariorum sagittariorum-ს სათავეში ხვადასხვა დროს. 
Schola Scutariorum sagittariorum-ს ფარი
(ავტორის ნახატი Cosmographia Scoti-ს ხელნაწერის მიხედვით)

იბერიისთვის ბრძოლაში ამ დროისთვის რომის პრეტენდენტი იბერიის ტახტზე იყო სავრომაკი, სპარსეთისა კი ასფაკური. რომის სამსახურში მყოფი იბერიელები სწორედ სავრომაკის (საურმაგი) დინასტიის, ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. მეორე მსგავსი ტიპის სამხედრო შენაერთი იყო Schola Scutariorum Clibanariorum. ამ ორმა აღმოსავლურმა რაზმმა, რომელიც არ წარმოადგენდა იმპერიაზე გერმანული გავლენის ნაწილს, 400 წელს გოთი გაინასაგან[3] დაიცვა კონსტანტინოპოლი.[4]  იბერიული (Hiberi), აბაზგური (Abasgi) და ჭანური (Tzaani)[5] რაზმები  გვხვდება Notitia Dignitatum-ში[6], რომაულ დოკუმენტში, რომელშიც ასახულია IV-V საუკუნის პერიოდის იმპერიის სამხედრო და ადმინისტრაციული სტრუქტურა.[7]  აქვეა მითითებული მათ ფარებზე გამოსახული სიმბოლოებიც.[8] ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ რომის იმპერიის არმიის შემადგენლობა, რადგან დასავლეთ იმპერიის არმიებში შორის არ გვხვდება კავკასიელ ხალხთა სამხედრო ნაწილები. აღმოსავლეთ რომის იმპერია მოიცავდა ეგვიპტე-კირენაიკას, მცირე აზიას, მესოპოტამიას, სამხრეთ კავკასიას, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, შავი ზღვის სანაპიროებსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულს. იმპერიის ყველა პროვინციაში იყო გარკვეული რაოდენობით სამხედრო ნაწილები, ასევე იყო ცალკეული არმიებიც, რომლებიც საჭიროების დროს გადაიგზავნებოდა ომში ჩასართავად. 
ჭანების რაზმის ფარი Notitia Dignitatum-დან 
(ავტორის ნახატი Cosmographia Scoti-ს ხელნაწერის მიხედვით)

ეგვიპტეში, თებაიდას დუკას (Dux Thebaidos)[9] შენაერთთა შორისაა: Ala prima Abasgorum - აბაზგ მხედართა I რაზმი, Cohors nona Tzanorum - ჭანების IX კოჰორტა, Ala prima Hiberorum - იბერიელ მხედართა I რაზმი. იბერების სახელით რომაელები მოიხსენიებდნენ როგორც კავკასიელ იბერიელებს, ასევე ესპანელებსაც, თუმცა გვიანდელ იმპერიის დროისათვის ესპანელებს უმეტესად პირდაპირ ესპანელებად მოიხსენიებენ (Hispania - ესპანეთი). მაგალითად, Notitia Dignitatum-ში არის Ala secunda Hispanorum- ესპანელ მხედართა II რაზმი და ესპანელები მოხსენიებულია არა იბერებად არამედ - Hispanorum - ესპანელებად, ასევე Ala sexta Hispanorum - ესპანელ მხედართა VI რაზმია, Tribunus cohortis secundae Hispanorum - II ესპანური კოჰორტის ტრიბუნი და ა.შ. იბერიელები გვხვდებიან იმპერატორის განკარგულების ქვეშ მყოფი პირველი მხედართმთავრის (Magister Militum Praesentalis I) რაზმებს შორისაც: Hiberi - ანუ იბერიელების რაზმი Auxilia Palatina-ს, ელიტური შენაერთის რიგებშია.
იბერთა რაზმის ფარი Notitia Dignitatum-დან 
(ავტორის ნახატი Cosmographia Scoti-ს ხელნაწერის მიხედვით)
Sagittarii Iuniores Orientales და Hiberi Auxilia Palatina (მარჯვნივ) ებრძვიან ჰუნს (V ს.). ჯუზეპე რავას ნახატი.

 Notitia-ში გვხვდება მათი ფარიც, რომელზეც ლომია გამოსახული. Notitia Dignitatum-ში მოხსენებულ იბერების კავკასიის იბერიასთან და არა ესპანეთთან კავშირს ვარაუდობდა სიმონ ყაუხჩიშვილიც (გეორგიკა I, გვ. 172). მსგავსი სიმბოლო აქვთ თრაკიელებსაც, რომლებიც იმპერატორის განკარგულების ქვეშ მყოფი მეორე მხედართმთავრის (Magister Militum Praesentalis II) რაზმებს შორის არიან. ორივე რაზმი უკავშირდება მთიან მხარეებს, რომლებშიც უძველესი დროში ლომებიც სახლობდნენ (მითებში მაინც): თრაკიელები ჩრდილოეთ საბერძნეთიდან/სამხრეთ ბულგარეთიდან და იბერიელები კავკასიიდან."[10] სავსებით შესაძლებელია, რომ რომის სამსახურში მყოფი იბერიული შენაერთებიდან ზოგიერთი ფრიგიდუსთან ბრძოლაშიც მონაწილეობდა. ცნობილია, რომ სამხედრო კამპანიისათვის ძალები მოიკრიბეს არა მხოლოდ ბალკანეთიდან, არამედ მცირე აზიისა და სირიის პროვინციებიდანაც.[11] 


[1] გეორგიკა IV (2), ბერძნ. ტექსტი ქართ. თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა (თბილისი, 1952), 322-323.
[2] Schola Scutariorum Sagittariorum იყო აღმოსავლეთ იმპერიის სასახლის კარისა და კანცელარიის გამგის დაქვემდებარებაში (Magister Officiorum).
[3] ეს ის გაინაა, რომელთან ერთადაც ბაკურ იბერიელი მეთაურობდა არმიის ავანგარდს ფრიგიდუსთან ბრძოლაში.
[4] David Woods, „Subarmachius, Bacurius, and the Schola Scutariorum Sagittariorum", Classical Philology, Vol. 91, No. 4 (Oct., 1996), 365-371.
[5] ჭანების რაზმი (Tzaani) გვხვდება რომის სხვა არმიაშიც - თრაკიის მხედართმთავრის (Magister Militum per Thracias) შენაერთებს შორის.
[6] Notitia Dignitatum-s ქვემოთ მოყვანილი დეტალები მოცემულია lukeuedasarson.com/NotitiaPatterns.html-ზე განთავსებული მასალებიდან, სადაც კარგადაა მიმოხილული Notitia Dignitatum- სტრუქტურა და თითოეული რაზმის სიმბოლოები. ასევე Cosmographia Scoti-ს, Notitia Dignitatum- XV საუკუნის ხელნაწერის ელექტრონული ვერსია (http://bodley30.bodley.ox.ac.uk:8180/luna/servlet/).
[7] გვიანდელი იმპერიის ჯარში შენაერთების რაოდენობა გაიზარდა და თითქმის 60 ლეგიონს მიაღწია, მაგრამ თითოეული მათგანის რიცხოვნობა მეტად შემცირდა და უწინდელი შემადგენლობის 20%- შეადგენდა ანუ 1000-მდე მეომარს. Adrian Keith Goldsworthy, Roman warfare (London, 2000), 167. თეოდოსიუსმა შექმნა მხედართმთავრის კიდევ სამი თანამდებობა, რომელიც მანამდე არ იყო - Magister Militum per Thracias, Magister Militum per Orientem, Magister Militum per Illyricum - თრაკიის, აღმოსავლეთისა და ილირიის. Paul Erdkamp, Companion to Roman Army (Malden, 2007), 255.
[8] იხ. საილუსტრაციო მასალა - Schola Scutariorum Sagittariorum (1.1), იბერიელები (1.2), ჭანები (1.3).
[9] თებაიდა იყო ძველი პროვინციის ეგვიპტის ერთ-ერთი ნაწილი. IV საუკუნისათვის ძველი პროვინციების უმეტესობა 5-6 რეგიონად დაიყო, რომელთაც შედარებით მცირე გარნიზონები იცავდა. სამოქალაქო და სამხედრო ძალაუფლება სხვადასხვა მოხელეებს შორის ნაწილდებოდა, რაც ართულებდა საველე ჯარის ორგანიზებასა და მომარაგებას. Adrian Keith Goldsworthy, In the name of Rome: the men who won the Roman Empire (London, 2003). 382.
[10] lukeuedasarson.com/NDhiberi.html
[11] მათმა გადასროლამ აღმოსავლეთიდან დასავლეთში, გზა გაუხსნა ჰუნების შემოსევას ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთისაკენ, დაუცველ პროვინციებზე. Erdkamp, Companion to Roman Army (Oxford, 2007), 256.

---------------------------------
ფრაგმენტი სტატიიდან „ბაკურ იბერიელი და ბრძოლა მდინარე ფრიგიდუსთან (394 წ.)". გამოქვეყნდება საჯარო არქივის კონფერენციის მასალების კრებულში. 
ნიკა ხოფერია