ლიპარიტ ბაღვაში და თურქულ-ბიზანტიური დიპლომატიური ურთიერთობის დასაწყისი


























1048 წელს, ბასიანის მხარეში, კაპუტრუს ციხესთან, გაიმართა ბრძოლა ბიზანტიელებსა და თურქ-სელჩუკებს შორის. თურქ-სელჩუკებმა მოხერხებული დრო შეარჩიეს ბიზანტიის სომხური სამფლობელოების დასალაშქრად. ამ დროს ბიზანტიის ძირითადი სამხედრო ძალები სომხეთიდან იყო გაწვეული ლეონ თორნიკიოსის აჯანყების ჩასახშობად. შესაბამისად, კაპუტრუს ციხესთან ბრძოლაში გამარჯვება სელჩუკებს დარჩათ. მათმა სარდალმა, თოღრულ-ბეგის ძმამ (დედით), იბრაჰიმ ინალმა, მრავალ ბიზანტიელ პატრიკიოსთან ერთად, ტყვედ იგდო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე სელჩუკებთან ბრძოლაში, კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. ლიპარიტი შეეცადა თავი გამოესყიდა, მაგრამ ასეთი ძლიერი ფეოდალის და ბიზანტიელთა მოკავშირის დათმობა იბრაჰიმ ინალს არ სურდა. მან ლიპარიტი სულთან თოღრულ-ბეგს წარუდგინა. 
ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IX მონომახმა ყველა ხერხს მიმართა ლიპარიტის დასახსნელად. ბიზანტიელი ისტორიკოსის იოანე სკილიცეს (XI ს.) ცნობით, „მთლად იმის ცდაში იყო, რომ გამოესყიდა ერთგული მოკავშირე". მან ძვირფასი საჩუქრები და გამოსასყიდი გაუგზავნა სულთანს ვასპურაკანის დუკას აარონის მდივნის გიორგი დროსოსის ხელით და სთხოვდა „ლიპარიტის გათავისუფლებას" და ზავის დადებას. იბნ ალ-ასირის მიხედვით, 1050 წელს, იმპერატორმა დიდძალი საჩუქრები გაუგზავნა თოღრულ-ბეგს და სთხოვა დაზავება, რაზედაც ის დასთანხმდა. ამის შემდეგ დახმარება სთხოვა დიარ-ბაქრის გამგებელს ასრ ად დავლა იბნ მარვანს. ის ფლობდა მაიაფარიკინსა და მანასკერტსაც. მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიცია, რომელიც აკონტროლებდა გზებს აღმოსავლეთიდან სირიისა და ანატოლიისაკენ, აგრეთვე, ძლიერი სახელმწიფოების მეზობლობა უბიძგებდა მას, ყოფილიყო მოხერხებული დიპლომატი, რათა შეენარჩუნებინა არსებობა. 

  
























კავკასია XI საუკუნის პირველ ნახევარში (ესპანურენოვანი რუკა, დამზადებული სპეციალურად საქართველოს ისტორიის ესპანური გამოცემისათვის - Giorgi Gaprindashvili, Historia de Georgia/ ნიკა ხოფერიას რუკა)  

ნასრ ად-დავლას მეგობრული ურთიერთობა ჰქოდა ბიზანტიასთან. 1049/50 წელს, თოღრულ-ბეგის მოთხოვნით, მან სელჩუკთა სულთნის სახელზე ხუტბა აღავლინა მთელ დიარ-ბაქრში, სადაც ასევე დიდი იყო ისმაილიტ ფატიმიანთა გავლენა. ამ გარემოებამ მარვანიანს გაუადვილა ბიზანტიის იმპერატორის თხოვნის შესრულება. მან თოღრულ-ბეგთან მაღალი რანგის სასულიერო პირიც გაგზავნა და ლიპარიტის გათავისუფლების თაობაზე იშუამდგომლა. 
ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. იბნ ალ-ასირი წერს, რომ თოღრულ-ბეგმა ლიპარიტი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლა. მაგრამ ბიზანტიის იმპერატორმა მაინც გაუგზავნა მას ძვირფასი საჩუქარი და არც ნასრ ად-დავლა დაივიწყა. იოანე სკილიცეს მიხედვით, სულთანმა „მოინდომა ეჩვენებინა, რომ უფრო დიდსულოვანი მეფეა...მეფეს (კონსტანტინე მონომახს) საჩუქრად გაუგზავნა იგი (ლიპარიტი). გამოსასყიდი აიღო და მთლიანად ლიპარიტს მისცა". ეს 151 წლის დასაწყისში მოხდა. XII საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის ზონარას ცნობით, თოღრულ-ბეგს არა მარტო მისთვის გაგზავნილი თანხა დაუბრუნებია, არამედ, თავის მხრივ, ლიპარიტის ხელით, იმპერატორს საჩუქარიც გაუგზავნა (ამის შესახებ ისლამურ წყაროებში არაფერი წერია). 

     



























XI საუკუნის ბიზანტიური გვირგვინის ფრაგმენტები, რომელზეც გამოსახულია იმპერატორი კონსტანტინე IX მონომახი, დედოფალი ზოია, მისი და თეოდორა, ორი მოცეკვავე გოგონა და თავმდაბლობისა და სამართლიანობის პერსონიფიკაციები.


  


















სულთან თოღრულ-ბეგის მონეტები (XI ს.) 

სინამდვილეში კი იმპერატორს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდა ლიპარიტ ბაღვაშის გამოსყიდვა. თოღრულ-ბეგის ელჩმა ნასირ იბნ ისმა'ილ აშ-შარიფი, მუჰამადის ბიძაშვილისა და სიძის, მეოთხე ხალიფას ალის შთამომავალი. მან იმპერატორს წარუდგინა დიდი გადასახადი, რომელსაც ითხოვდა სულთანი და უკან დაბრუნდა. იბნ ალ-ასირის მოგვითხრობს, რომ ბიზანტიელებმა განაახლეს კონსტანტინოპოლის საკრებულო მეჩეთი და მისი მინარეთი, დაკიდეს მეჩეთში კანდელები და გააკეთეს მის მიჰრაბზე მშვილდ-ისარი, რომელიც თურქ-სელჩუკთა სიმბოლოს წარმოადგენდა. ამით, ფაქტობრივად, დაიწყო პირველი დიპლომატიური კონტაქტები ბიზანტიასა და სელჩუკებს შორის. ამ კონტატებში ცენტრალური ადგილი დაიკავა ლიპარიტ ბაღვაშის გამოხსნამ. 

ბიზანტიელი ქვეითები, X-XII ს.
სელჩუკი მხედრები, XI-XII სს.

ლიპარიტის გამოხსნით იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა დაიბრუნა ერთგული მოკავშირე, რომელიც კვლავ შეეძლო დაეპირისპირებინა ბაგრატ IV-ისათვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მთლად ასეც არ მომხდარა.   
როგორც იოანე სკილიცე გადმოგვცემს, გათავისუფლებისას, სულთანმა ლიპარიტს ურჩია აღასდროს აეღო ხელში იარაღი სელჩუკთა წინააღმდეგ. შესაძლოა მას პირობა დაადებინა და დააფიცა კიდეც. ასეთი ფიცის გატეხვა კი ადვილი არ იყო („ქართლის ცხოვრება": მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულთანი). მათე ურჰაელი ერთ საინტერესო ცნობასაც გვაწვდის ლიპარიტის ტყვეობის შესახებ, თითქოს ლიპარიტმა „სხვადასხვა გმირობა ჩაიდინა, ერთხელ სულთნის წინაშე ძლიერ ეთიოპელს შეეჭიდა, სძლია და მოკლა „ურწმუნო" მეტოქე. 
სელჯუკთა სიმბოლო - მშვილდ-ისარი

 კლდეკარის ციხის ნაშთები

ლიპარიტის დაბრუნებას საქართველოში, მოჰყვა მისი ხელახალი დაპირისპირება ბაგრატ IV-თან და მეფის სამწლიანი გამგზავრება ბიზანტიაში. ლიპარიტი, ბიზანტიის მხარდაჭერით, ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი გახდა და თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია, მაგრამ აღარასდროს გამოსულა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. 


ნიკა ხოფერია
გოჩა ჯაფარიძის „ლიპარიტ IV ბაღვაში ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკთა დილომატიურ ურთიერთობებში" მიხედვით (გოჩა ჯაფარიძე, ძიებანი, ტ. I. თბილისი: მხედარი, 2012. გვ. 112-134).