მანასკერტის ბრძოლა (1071 წ.): ბიზანტიის იმპერიის კრახი

მანასკერტის ბრძოლა ბიზანტიის და ზოგადად, შუა საუკუნეების ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენაა. მისი შედეგები გამანადგურებელი აღმოჩნდა სამოქალაქო ომების ქაოსში ჩაფლული იმპერიისთვის და წარმატების მომტანი თურქ-სელჩუკებისთვის, რომელთა სასულთნომ მანასკერტის  გამარჯვების შემდეგ ძლიერების ზენიტს მიაღწია. ამავე პერიოდიდან დაიწყეს თურქებმა მცირე აზიის ათვისება და დასახლება, რაც შემდგომში ბიზანტიას საშუალებას აღარ მისცემდა აქ ფეხი მოეკიდებინა. ბიზანტიის სამხედრო ძლიერება ანატოლიის დაკარგვამ საფუძვლიანად შეარყია. იმპერიამ ამ დანაკლისის სრულად აღმოფხვრა ვეღარასდროს შეძლო.

1040-იანი წლების ბოლოდან 1060-იანი წლების ბოლოსთვის, თურქ-სელჩუკეს, სულთან ალფ-არსლანის (1063-1073 წწ.)  მეთაურობით, ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი ჰქონდათ დაპყრობილი აღმოსავლეთ ანატოლიაში. როგორც ირანის, ერაყისა და ჩრდილოეთ სირიის ნომინალურ მმართველს, ბაღდადის აბასიანი ხალიფას სახელით, ალფ-არსლანს პრობლემები შეექმნა მომთაბარე თურქმანთა ბელადებთან, რომელთაც დაპყრობითი ომების გაგრძელება და ნადავლის ხელში ჩაგდება სურდათ. ვინაიდან ამ სურვილების დაკმაყოფილება ისლამური სამყაროს ფარგლებში უკვე აღარ შეიძლებოდა, სულთანმა თავისი აგრესია ქრისტიანული ქვეყნების წინააღმდეგ მიმართა, რომლებიც მისი სამფლობელოს ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარეობდნენ. პირველ  მსხვერპლად სომხური სამეფო იქცა. 1064 წელს, ქალაქი ანისი სელჩუკებმა აიღეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. ამის შემდეგ უკვე იმპერიის მიწები იწყებოდა. გამანადგურებელი ლაშქრობები, რომლის შემდეგაც აყვავებული ქალაქებისა და ყანების ადგილზე გადამწვარი მიწა რჩებოდა, ქმნიდა გამოუვალ მდგომარეობას, რომელთან გამკლავება საიმპერიო ძალებს არ შეეძლო. 1067 წელს, გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე X დუკა. დაქვრივებულმა დედოფალმა, ევდოკია მაკრემბოლიტისამ მეუღლედ და მომავალ იმპერატორად აირჩია ენერგიული, გამოცდილი სარდალი, რომანოზ დიოგენე, რომელიც სასახლის კარზე ბევრისთვის არასასურველი კანდიდატი აღმოჩნდა და მის წინააღმდეგ მალევე დაიწყეს ინტრიგების ხლართვა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ დუკების ოჯახის წარმომადგენლები, თუმცა იმპერატორი პირველ რიგში არა მათთან, არამედ თურქ-სელჩუკებთან ომზე ფიქრობდა. 1068-1070 წლებში, იმპერატორმა რომანოზ IV დიოგენემ (1068-1071 წწ.) სამხედრო კამპანიებით სცადა ეიძულებინა მომთაბარეები გენერალური ბრძოლა გაემართათ, მაგრამ მის ნელ და ნაკლებად მოძრავ არმიას მუდმივად უხდებოდა  მოეგერიებინა ყველა მხრიდან გარშემორტყმული, მობილური, ცხენოსანი რაზმები, მაშინ, როდესაც სულთნის ძირითადი ძალები საიმპერიო სამფლობელოებში დაუსჯელად იყვნენ გაბატონებულები. იმპერატორი ბევრს ცდილობდა, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას მაინც ვერ აღწევდა.
1071 წლის ზამთრისთვის, რომანოზმა მოამზადა დიდი ექსპედიცია სელჩუკთა გარნიზონების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ბიზანტიითვის აღმოსავლეთ საზღვარზე წართმეულ ციხესიმაგრეებში, ხლათსა და მანასკერტში ჩაეყენებინათ. პირველ რიგში, ის იმედოვნებდა უწინდელი საზღვრების აღდგენას, ხოლო თუ საშუალება მიეცემოდა - ალფ-არსლანის მთავარი ძალების განადგურებას გადამწყვეტ ბრძოლაში. როდესაც 1071 წლის მარტი-აპრილში ყოველგვარი სამზადისი დაასრულა, იმპერატორმა თურქ-სელჩუკთა მბრძანებელთან მოლაპარაკებების გამართვა მოისურვა. რომანოზ IV-ს სურდა სულთნისთვის შეეთავაზებინა ქალაქი ჰიერაპოლისი, რომელიც მათ 1068 წლის კამპანიის დროს დაიკავეს, სამაგიეროდ კი მოითხოვდა ქალაქ ედესისთვის ალყის მოხსნას. ეს საშუალებას მისცემდა სულთანს, განეახლებინა ომი ფატიმიანებთან, რომელთაც ესარგებლათ შემთხვევით და სირიის რამდენიმე ქალაქი დაეკავებინათ, რომანოზ IV-ს კი ხელებს გაუხსნიდა რეგიონში მდგომარეობის დასტაბილურებისა და მომთაბარეთა თავდასხმების მოეგერიებისთვის. იმპერატორის პირველ ელჩობას მეორე მოჰყვა, რომელმაც ალეპოს მაისში მიაღწია. ელჩები მოითხოვდნენ ქალაქების გაცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ომით იმუქრებოდნენ.
ალფ-არსლანის არმიის მიერ ადიდებული მდინარის გადალახვა ალეპოდან აზერბაიჯანისკენ უკან დახევის დროს, შუა მაისი, 1071 წ. კრისტა ჰუკის ნახატი.
 ამ დროისთვის რომანოზ დიოგენეს უკვე აღარ იყო კონტანტინოპოლში და ჯარების შეკრების დროდ თებერვლის ბოლო და მარტის დასაწყისი ჰქონდა დათქმული. მეორე ელჩობის მიღებამდე, ალფ-არსლანს უკვე უნდა ჰქონოდა ინფორმაცია მიღებული ბიზანტიური არმიის სომხეთის საზღვრებისკენ მოძრაობის შესახებ. სულთანმა შეწყვიტა მოლაპარაკებები და დაუყონებლივ გაემართა აღმოსავლეთში, ევფრატს გადაღმა, რათა ჩაებარებინა სომხეთსა და მესოპოტამიაში მოქმედი ჯარების მეთაურობა და მოეგერიებინა ბიზანტიელთა შემოტევა.
ბიზანტიელთა ლაშქრობის დასაწყისს თან ახლდა რამდენიმე მოვლენა, რომელიც ექსპედიციას არ უქადდა წარმატებას. პირველ რიგში, რომანოზმა უსაქმოდ დატოვა კარგი მხედართმთავარი ნიკიფორე ბოტანაიტესი, რომლის ერთგულებაც აეჭვებდა. ასევე, თან წაიყვანა ანდრონიკე დუკა, იოანე დუკას უფროსი ვაჟი და ტახტის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი, რომელიც დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მისდამი უკვე აღარ იყო ლოიალური. ამავე დროს, რომანოზი უფრო და უფრო შორდებოდა საკუთარ ჯარისკაცებსა და მეთაურებს. მან უარი თქვა ჯართან ერთად ლაშქრობის სიძნელეების გაზიარებაზე; ბრძანა ყოველი დაბანაკებისას, თავისითვის, მცველებისა და მხლებლებისთვის ჯარისგან განცალკევებით ბანაკი მოეწყოთ; თან იახლა ცალკე აღალიც. ხალისიდან სებასტიამდე, იმპერატორის დაცვა, რომელიც გერმანელი მოქირავნეებისგან შედგებოდა, მსხვერპლი გახდა პარტიზანული თავდასხმებისა ადგილობრივი, მათგანვე გაძარცვული მოსახლეობისგან. რომანოზი იძულებული გახდა წესრიგი დაემყარებინა თავისი გვარდიის რიგებში და მათი ბანაკის გარშემო ერთგული რაზმები განალაგა. ამას მოჰყვა ჯარის ნაწილის დაშლა და საგარნიზონო სამსახურისთვის ჯარისკაცების განაწილებისთვის, საომარი მოქმედებების თეატრიდან შორს. ამავე დროს, იმპერატორმა სებასტიაში ადგილობრივ სომხურ მოსახლეობის რეპრესიები დაიწყო. მათ ბიზანტიის ტერიტორიაზე თურქ-სელჩუკებთან ერთად თავდასხმებში ედებოდათ ბრალი.
ივნისის ბოლოსთვის, საიმპერიო არმიამ თეოდოსიოპოლისს (ერზერუმს) მიაღწია, სადაც უნდა დაეზუსტებინათ კამპანიის სტრატეგიული გეგმა და მთავარი დარტყმის მიმართულება განესაზღვრათ. სამხედრო საბჭოზე მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდებოდა. ზოგიერთი სარდალი მხარს უჭერდა ლაშქრობის გაგრძელებას, ომის მოწინააღმდეგის ტერიტორიების სიღრმეში გადატანას და სულთნის მთავარი ძალების ზურგში გასვლას, რითაც მას გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართვას აიძულებდნენ. შეტევის მოსურნეები მსჯელობდნენ მსტოვართაგან მიღებული უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, თითქოს შეშინებული ალფ-არსლანი გაიქცა ალეპოდან და სავარაუდო იყო, რომ ის ჯერ ერაყში დაბრუნდებოდა ბიზანტიელთა წინააღმდეგ არმიის შესაკრებად. სხვა სარდლების, მათ შორის, იოსებ ტარხანიონტისა და ნიკიფორე ბრიენოსის აზრით, ბიზანტიელები უნდა დალოდებოდნენ მოვლენების განვითარებას, გაემაგრებინათ ადგილობრივი ქალაქები და გაეძლიერებინათ გარნიზონები, მათ წინ მდებარე მიწები კი დაეცარიელებინათ, რათა მოახლოებულ მოწინააღმდეგეს ვერ მოეხერხებინა რესურსების მიღება. ეს გეგმა არ მიიღეს იმის შიშით, რომ ხანგრძლივი ლოდინი თვითონ ბიზანტიური არმიის სურსათ-სანოვაგით მომარაგებასაც დააზარალებდა, ამიტომ გზის გაგრძელება გადაწყდა.
უკან მარცხნივ: ტრაპიზონელი მხედრები (X ს.); წინ მარცხნივ: პაჭანიკი მოქირავნე (XI ს.); წინ მარჯვნივ სელჩუკი მეომარი (XI ს.); უკან მარჯვნივ: იტალო-ნორმანი მოქირავნეები (XI ს.). ანგუს მაკბრაიდის ნახატი.

საიმპერატორო არმიის ზუსტი რიცხოვნობის დადგენა ძნელია. ნათელია, რომ სამხედრო კამპანიაში ბიზანტიის მთელი სამხედრო ძალა ვერ მიიღებდა მონაწილეობას. ვარანგთა საიმპერატორო გვარდიის ნაწილი კონსტანტინოპოლში დარჩა; ფრანკთა მძიმე კავალერია აბიდოსზე. ვინაიდან უნგრელები და ნორმანებიც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდნენ იმპერიისთვის, ბალკანეთის ციხე-ქალაქებში გარნიზონები არ შემცირებულა. შეიძლება, რომ იქ გაიგზავნა არმიის დასჯილი გერმანული კონტინგენტიც. აველე არმიები სირიაში, განსაკუთრებით ის ჯარები, რომელთაც ანტიოქიის სამხედრო მმართველი განაგებდა, ხელუხლებელი დატოვეს და მიმდინარე მოქმედებებისას, მთავარი არმიის ზოგიერთი ნაწილი მათ დასახმარებლადაც კი გაგზავნეს.
თანადროული წყაროები ადასტურებენ, რომ ბრძოლის შემდეგ, მნიშვნელოვანი ძალები ჯერაც რჩებოდა ანატოლიაში გარნიზონების სახით.
დიდი არმიის ბევრი ნაწილი და შენაერთი ჩვენთვის ცნობილია: რუსელის ფრანკთა რაზმი, რომელშიც 500 ან ცოტა მეტი მეომარი შედიოდა; ხუთ რეგულარული რაზმი იმპერიის დასავლეთ მხარეებიდან, თითოეული 1000 მეომრით; თურქი მოქირავნეების გარკვეული რაოდენობა; რაზმები ბულგარეთიდან; აღმოსავლეთის თემების რაზმები კაპადოკიიდან და სავარაუდოდ, კოლონეიიდან, ხარზიანონადან, ანატოლიკონიდან.
ხალდიისა (ტრაპიზონი) და არმენიაკონის თემებმა, სავარაუდოდ, ათას-ათასი კაცი შეკრიბეს, მაგრამ მათი საბრძოლო ღირებულება, რასაკვირველია, დაბალი იყო. ზოგიერთ წყაროში ნახსენებია რაზმები კილიკიიდან და ბითინიიდანაც. სირიიდან რამდენიმე ტერიტორიული შენაერთი მონაწილეობდა. მათ უნდა დავუმატოთ საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომხური ქვეითი ჯარიც. შესაძლოა, ისინი სებასტიისა და თეოდოსიოპოლისის მიდამოებში შეიკრიბნენ, როგორც სირიიდან გამოწვეულები. მათ გარდა, ბიზანტიურ ჯარში იყვნენ მოქირავნე პაჭანიკები და რაზმები ბალკანეთს მოკავშირე და ვასალი სახელმწიფოებიდან. სასახლის, გვარდიიდან, არმიაში იყვნენ შემდეგი რაზმები - „ჰეტაირეია“, „სხოლა“ და „სტრატილატები“, ვარანგების ნაწილთან ერთად. შუა საუკუნეების ისლამური წყაროები, უკიდეგანოდ აზვიადებენ ბიზანტიური არმიის რიცხოვნობას, 100-დან 300 ათას მეომრამდე (XII საუკუნის ავტორი იბნ ალ-კალანისი საერთოდ 600 ათას ბიზანტიელს ასახელებს), რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია იმპერიის დემოგრაფიული მდგომარეობის, იმპერიის არმიის მნიშვნელოვანი ნაწილის სხვადასხვა სამსახურისთვის ზურგში დატოვებისა და მრავალი სხვა ობიექტური მიზეზის გამო.  თუმცა, 40 ათასი, სავსებით მისაღები რიცხვია და კარგად ხსნის იმპერატორის თავდაჯერებულობასა და სულთნის შიშს. ასეთი დიდი რიცხოვნობის არმია ბიზანტიის იმპერატორებს ბასილი II ბულგართმმუსვრელის შემდეგ აღარ შეუკრიბავთ. როგორც სომეხი ავტორი, არისტაკეს ლასტივერტეცი გადმოგვცემს, როდესაც იმპერატორმა დაინახა ერთ ადგილზე შეკრებილი თავისი მრავალრიცხოვანი არმია, აღივსო უსაზღვრო სიამაყით და გაიფიქრა რომ მთელი ქვეყნიერების მეფეები მას ვერ დაამარცხებდნენ. მუსლიმი მემატიანის, ალ-ტურტუშის მიხედვით, თურქები შეაძრწუნა მტრის რიცხოვნობამ, ძლიერებამ და აღჭურვილობამ.
მანასკერტის კამპანია, 1071 წ. ნიკა ხოფერიას რუკა (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ რუკაზე).

რომანოზის გეგმა, მდგომარეობდა სამხრეთით, ვანის ტბის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე ქალაქების, მანასკერტისა და ხლათის აღებაში. მაგრამ ბიზანტიელები, რომლებიც აბსოლუტურად დეზინფორმირებულები იყვნენ ალფ-არსლანის არმიის მოძრაობის შესახებ, რომელიც სულაც არ ბრუნდებოდა ერაყში, არამედ პირდაპირ სომხეთის საზღვრისკენ გაექუსლა ამიდასა და მოსულის გავლით, ურმიის ტბის ჩრდილოეთით.
აქედან მისი ვეზირი აზერბაიჯანისკენ გაემართა, რათა შეეკრიბა ახალი ჯარები, თვითონ ალფ-არსლანს კი, რომელმაც გზად შემოიკრიბა 10 ათასამდე მხედარი თავისი მოკავშირეებისა და ვასალების მიწებზე, უკვე 30 ათასიანი არმია ჰყავდა, რომელთაგან მანასკერტის ბრძოლაში 20 ათასი მაინც მონაწილეობდა, თუმცა კი, ზოგიერთი ისლამური წყარო ალფ-არსლანის არმიის მცირერიცხოვნობას ირწმუნება, მაგალითად, ალ-ტურტუშის მიხედვით, თურქები სულ 12 ათასი იყვნენ; იბნ ალ-კალანისს კი ბიზანტიურ-თურქული არმიების საერთოდ არარეალური, ფანტასტიკური შეფარდება მოჰყავს: 400 ათასი თურქი და 600 ათასი ბიზანტიელი. უნდა აღინიშნოს რომ ალფ-არსლანის 20 ათასიანი არმია არ იყო უბრალო მომთაბარეების ურდო და არც მხოლოდ თურქებისგან შემდგარი. ეს იყო ძლიერი და ორგანიზებული არმია, რომელშიც პროფესიონალი მონა-მეომრების, „ღულამების“ გვარდიაც შედიოდა. ასე რომ, სანამ იმპერატორის შტაბში კვლავინდებურად თვლიდნენ, რომ სულთანი ჯერაც შორს იყო, სინამდვილეში მასთან მხოლოდ 100 მილი აშორებდათ და მისი მზვერავები მტრის ყველა ნაბიჯის შესახებ აგროვებდნენ ინფორმაციას. უკვე ამ დროისთვის, ბიზანტიელთა მდგომარეობა გაუარესებული იყო, მიუხედავად მათი რიცხობრივი უპირატესობისა.
თეოდოსიოპოლისიდან რომანოზი კიდევ უფრო აღმოსავლეთით წავიდა. გაიცა ბრძანება არმიის ორი თვის სამყოფი სანოვაგით მომარაგებისთვის. ამ რაოდენობის რესურსების მობილიზებამ, გამოიწვია აღალის უკიდურესად გაზრდა, რამაც მნიშვნელოვნად შეაყოვნა არმიის მოძრაობა. მოკავშირე პაჭანიკთა დიდი ძალები, რუსელის ფრანკთა რაზმებთან ერთად, ქალაქ ხლათის მიდამოებში გაიგზავნნენ, რომელიც ორი მთავარი სამიზნედან უფრო ძნელად მისაღწევად მიიჩნეოდა. მათ უნდა შეეგროვებინათ ყოველგვარი სურსათი და ფურაჟი, რათა მოწინააღმდეგისთვის აღეკვეთათ ეს შესაძლებლობა, ასევე ფლანგიდან დაეცვათ მთავარი ძალები, რომელიც შეუპოვრად მიიწევდა აღმოსავლეთისკენ, სანამ სამხრეთისკენ მობრუნდებოდა, გადალახავდა არაქსს და მურატ-სუს დაბლობზე ან უფრო სამხრეთით (რუსელის რაზმის მარშრუტით) ტარონის გავლით, პირდაპირ მანასკერტისკენ.
გზად რომანოზმა ცალკე გამოყო მნიშვნელოვანი ძალები ტარხანიოტის მეთაურობით, გაგზავნა რუსელის დასახმარებლად და უბრძანა ხლათის დაკავება და იქ ძლიერი გარნიზონის ჩაყენება. მიხაელ ატალიატეს მიხედვით, ეს იყო არმიის ელიტარული ნაწილი, ყველაზე უკეთ შეიარაღებული და ბრძოლაში გამოცდილი ნაწილები, მათ შორის ვარანგები და თეოდოსიოპოლისის სამხედრო მმართველის (კატეპანის) სომხური ქვეითი ჯარი. ატალიატე ამტკიცებს, რომ იმპერატორთან დარჩენილი ჯარი, არამხოლოდ ხარისხით, რიცხოვნობითაც კი ჩამოუვარდებოდა ხლათისკენ გაგზავნილ ჯარს. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არმიის გაყოფის შემდეგ, რომანოზთან 20 ათასამდე მეომარი დარჩა და თურქ-სელჩუკებთან მნიშვნელოვან რიცხობრივ უპირატესობაზე ლაპარაკი უკვე აღარ შეიძლებოდა.
წინ მარცხნივ: მძიმედ აღჭურვილი ღულამი; წინ მარჯვნივ: თურქ მომთაბარეთა მეთაური; უკან: არმიის მედოლე. ანგუს მაკბრაიდის ნახატი.

ჯერ რუსელის, შემდეგ კი ტარხანიოტის ძალების გამოყოფის გადაწყვეტილება, რომელიც მთავარი, ფატალური შეცდომა აღმოჩნდა, დამყარებული იყო ცრუ ცნობაზე, თითქოს მტერი ხლათის სამხრეთიდან ან აღმოსავლეთიდან მოიწევდა და ჯერაც შორს იყო. ისე, რომ ოდნავადაც არ ეჭვობდნენ სელჩუკთა არმიის სიახლოვეს, რომლებიც უკვე მიახლოვებოდნენ ხლათსა და მანასკერტს, ბიზანტიელთა ორი მხედართმთავარი მოულოდნელად მტრის მთავარი ძალების პირისპირ აღმოჩნდნენ. შემდეგ მომხდარზე, ისტორიულ წყაროებში ვერანაირ ახსნას ვერ ვპოულობთ. ისე, რომ არაფერი აცნობეს იმპერატორს, რომელიც სულ რაღაც 50 კილომეტრით ჩრდილოეთით იყო, ორივე ბიზანტიურმა კორპუსმა აჩქარებით დაიხიეს ევფრატამდე, გადავიდნენ მელიტენეს მხარეში და მთელ კამპანიაში არანაირი მონაწილეობა აღარ მიიღეს. 
მანასკერტსა და ხლათს შორის ორი გზაა და სავარაუდოდ, ტარხანიოტმა ყველაზე მოკლე, აღმოსავლეთის გზა აირჩია, რომელიც კვეთდა დაბლობს მანასკერტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და სუფან-დაგის მიმართულებით. ასე მან მიაღწია მელიტენეს, რის შემდეგაც, უნდა გადასულიყო დასავლეთის გზაზე და აქ, ხლათის ჩრდილოეთით, შეერთებოდა რუსელის რაზმს.
სწორედ ამ ადგილას უნდა შეტაკებოდნენ ისინი სულთნის მთავარ ძალებს, რომელთაგან უკან დახეულებს მოუხდათ ჩრდილოეთისკენ რამდენიმე კილომეტრით გადანაცვლება სანამ დასავლეთისკენ მოტრიალდებოდნენ, რათა ტარონისა და ხარპუტის გავლით, მალათიამდე მისულიყვნენ. სავარაუდოდ, სარდლებმა ჩათვალეს, რომ ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზა, რომლითაც იმპერატორთან შეერთება იყო შესაძლებელი, მტერმა მოუჭრათ. ყველა შემთხვევაში საჭირო იყო შიკრიკების გაგზავნა, რათა იმპერატორი გაეფრთხილებინათ. ზუსტად უცნობია, გვქონდა თუ არა ამ შემთხვევაში საქმე ღალატთან. სავარაუდოდ, ორივეს მოქმედება სტრატეგიული სიტუაციის სპეფიციკური გაგებიდან გამომდინარეობდა, ხოლო ინფორმაცია, რომლითაც ამ სტრატეგოსთა მოქმედების მოტივების შეფასებაა შესაძლებელი, არ გაგვაჩია. ასე იყო თუ ისე, გადამწყვეტი ბრძოლის წინ, რომანოზმა ორი საუკეთესო და ყველაზე საიმედო სამხედრო ნაწილი დაკარგა. ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რა ხდებოდა სამხრეთით, იმპერატორი მანასკერტს მიუახლოვდა. მიხეილ ატალიატეს მიხედვით, ბიზანტიელებს წინასწარ ჰქონდათ აგებული ყველა სახის საალყო მანქანა და მათ გადმოსაზიდად სულ ცოტა ათასი ვაგონ-ურიკა გამოეყენებინათ. ქალაქი პირველი შეტევისთანავე უბრძოლველად დანებდა. ამისთვის მისი გარნიზონი ოთხივე მხარეს თავისუფლად გაუშვეს. ბიზანტიელებმა ბანაკი ქალაქის კედლებს გარეთ დასცეს, მდინარე მურატ სუს ერთ-ერთ შენაკადთან, რომელიც სათავეს სუფან დაგის მთებში იღებდა.
ქალაქი სტეპური ზეგანიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. ეს მიდამოები კარგად იყო ნაცნობი თურქ-სელჩუკებისთვის, მაგრამ თითქმის უცნობი ბიზანტიელებისთვის, რაც ხელს აძლევდა სულთანს.
დილით, მანასკერტის დაკავების შემდეგ, 24 აგვისტოს, იმპერატორს მოახსენეს რომ სურსათ-სანოვაგის მოსაპოვებლად ხლათისკენ გაგზავნილმა რაზმებმა თურქებთან შეტაკების შემდეგ უკან დაიხიეს. მარცხენა ფლანგის მეთაურს, ნიკიფორე ბრიენოსს, დაევალა თავდამსხმელების მოგერიება; მაგრამ მას ბრძოლა თავისზე მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან მოუხდა, რომელთაც ჩასაფრებიდან ალყა შემოარტყეს. ბიზანტიელებმა გაჭირვებით მოახერხეს ბანაკისკენ უკან დახევა. იმპერატორმა, რომელიც ჯერაც ფიქრობდა, რომ სულთნის მთავარი არმია არ შეიძლებოდა სიახლოვეს ყოფილიყო, მრავალრიცხოვანი კავალერია გაგზავნა სომეხი მხედართმთავრის, თეოდოსიოპოლის კატეპანის ნიკიფორე ბასილაკეს სარდლობით, რომელმაც უგულვებელყო რა ყოველგვარი შეგონება ბიზანტიური სამხედრო ტრაქტატებისა მოჩვენებითი უკანდახევისა და მომთაბარე ხალხთა ტაქტიკის შესახებ, თავისი კავალერია პირდაპირ მიუშვა სელჩუკებზე, რომელთაც ჩასაფრებაში შეიტყუეს ისინი. გარდა იმისა, რომ ბიზანტიელები გაიფანტნენ დევნისას, თვითონ ბასილაკე ტყვედ ჩავარდა.
ალფ-არსლანის ტახტზე ასვლა. ილუსტრაცია ჰაფიზ აბრუს „მაჯმა ალ-ტავარიხ"-დან, XV ს. მინიატურა

როდესაც მიხვდა, რომ მოწინააღმდეგე გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ფიქრობდა, მაგრამ ჯერაც არ ეჭვობდა სულთნის მთავარი არმიის მოახლოებას, რომანოზმა მარცხენა ფლანგის მთელ ჯარებს უბრძანა თურქების განადგურება. მაგრამ მომთაბარეებმა მთისწინეთისკენ დაიხიეს, რომელიც დაბლობს გარს ერტყა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრიენოსმა მიაღწია იმ ადგილს, სადაც მანამდე ბასილაკს ჩაუსაფრდნენ, მან შეიტყო ბრძოლას გადარჩენილი დაჭრილი ჯარისკაცისგან თუ როგორ იყო საქმე სინამდვილეში. ამ დროისთვის, სავარაუდოდ, შუადღით, თურქები შეტევაზე გადავიდნენ და შეეცადნენ ბიზანტიელთა ალყაში მოქცევას. ბიზანტიელებმა წესრიგით უკან დახევა დაიწყეს, თანაც კონტრშეტევებით პასუხობდნენ მოწინააღმდეგეს. ერთხელ უკუაგდეს კიდეც თურქები, მაგრამ მომთაბარეებს ამ დროისთვის უკვე დაეუფლნენ ინიციატივას და ბრიენოსმა და მისმა ხალხმა ძლივს მიაღწია იმპერატორის ბანაკამდე. თვითონ ბრიენოსი სამჯერ დაიჭრა: შუბით მკერდში და ორი ისრით ზურგში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მონაწილეობა მიიღო მეორე დღის ბრძოლაშიც.
ბოლოს და ბოლოს იმპერატორი მიხვდა, რომ მას თურქ-სელჩუკთა მთავარ ძალებთან ჰქონდა საქმე და რა მდგომარეობამდე მიიყვანა ის ცუდმა დაზვერვამ. მთელი არმია სამხედრო წესით მოეწყო და მტერთან შესახვედრად დაიძრა, მაგრამ თურქები მთების უკან დაიმალნენ სამხრეთ-აღმოსავლეთით. წინ გაგზავნილმა დაზვერვამ მათი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოახერხა და იმპერატორი იძულებული გახდა ბანაკში დაბრუნებულიყო.
საღამოს, მომთაბარეებმა კვლავ შეახსენეს თავი. იმ დროს, როცა მრავალი მოქირავნე ოღუზი, ბანაკში ადგილობრივ ვაჭრებთან კომერციით იყო დაკავებული, სელჩუკებმა გამოიყენეს ღამის სიბნელე და შეეცადნენ ძირითადი ბანაკიდან მოეკვეთათ ისინი. შეშინებული კომერსანტები ბანაკის სიმაგრებს მიაწყდნენ, მაგრამ იქ ისინი მოწინააღმდეგედ მიიღეს, ვინაიდან გარეგნულად, ფაქტობრივად არ განსხვავდებოდნენ თურქებისგან.  ამან ბიზანტიელებშიც არეულობა გამოიწვია, რაც თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა.
მეორე დილით, 25  აგვისტოს, სელჩუკებმა თავხედური შეტევით სცადეს მოწინააღმდეგის  ბანაკის მოპირდაპირე სანაპიროზე სიმაგრეების დაკავება, მაგრამ მცველებისა და ბიზანტიელთა ქვეითი ნაწილების მეშვეობით ისინი მოიგერიეს. მცირე ხნის შემდეგ, ოღუზი მოქირავნე მეომრების მნიშვნელოვანი ნაწილი თურქების, თავიანთი შორეული ნათესავების მხარეს გადავიდა. გაჩნდა საშიშროება, რომ დანარჩენებიც მათ მიბაძავდნენ, მაგრამ მათ ფიცით დაარწმუნეს იმპერატორი თავიანთ ერთგულებაში. ამის შემდეგ, საიმპერატორო ბანაკს ელჩობა ეწვია თვით ბაღდადის ხალიფასგან, რათა მოლაპარაკებები გაემართათ. მაგრამ რომანოზი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო თანახმა, თუ თურქებისგან დაკავებულ ყველა ბიზანტიურ ტერიტორიას გაათავისუფლებდნენ, ამიტომ ელჩები უშედეგოდ დაბრუნდნენ უკან. სავარაუდოდ, იმპერატორმა ჩათვალა, რომ მოლაპარაკებები მტრის ხრიკი იყო, რათა ბიზანტიელები ბანაკში გაეჩერებინათ, სანამ სულთანი ახალი ძალებით გაძლიერდებოდა. ამავე დროს, რომანოზი შიკრიკს შიკრიკზე გზავნიდა ხლათის მიდამოებში გაგზავნილ თავის მხედართმთავრებთან. გართულებული მდგომარების მიუხედავად, ბიზანტიურ ჯარს ჯერაც მრისხანე რეპუტაცია ჰქონდა, განსაკუთრებით გენერალურ ბრძოლებში, სადაც დისციპლინა და სამხედრო წესრიგი მეტნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. საფიქრებელია, რომ იმპერატორის შტაბში ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ დარჩენილი ძალებითაც შეიძლებდა მტრის განადგურება, თუ მას ბრძოლაში ჩართვას აიძულებდნენ.
მუსლიმთა ელჩობა იმპერატორ რომანოზ IV-თან. კრისტა ჰუკის ნახატი.

ამიტომაც, ელჩობის წასვლის შემდეგ, 26 აგვისტოს დილით, საიმპერიო არმია ბანაკიდან გამოვიდა და წინსვლისთვის მოემზადა. მარცხენა ფლანგი, რომელიც დასავლეთ პროვინციების ჯარებისგან შედგებოდა, ნიკიფორე ბრიენოსს მიენდო. მარჯვენა - კაპადოკიელებისა და მცირე აზიის სხვა ნაწილებისგან შემდგარი - თეოდორ ალიატეს. ცენტრი, რომელსაც იმპერატორი სარდლობდა, შედგებოდა გვარდიისა და სომხური ქვეითი ჯარის დარჩენილი ნაწილებისგან. სავარაუდოდ, ბიზანტიური არმიის მძიმე კავალერიის ნაწილი (რომლებიც ტარხანიონტის რაზმს არ გაჰყოლიან), ასევე ცენტრში უნდა მდგარიყო. ამავე დროს, პაჭანიკები და ოღუზები ფლანგებზე განლაგდებოდნენ.
მიუხედავად იმ ქედმაღლობისა და დიდგულობის, რომელიც იმპერატორმა კამპანიის პერიოდში გამოავლინა, რომანოზს ფრთხილი და ჭკვიანი სარდლის რეპუტაცია ჰქონდა, თანაც, ის ითვლებოდა თურქთ-სელჩუკთა ტაქტიკის კარგ მცოდნედაც. არიერგარდი და რეზერვი იმ მანძილზე იყო დაშორებული წინა რიგებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად დახმარებოდა მთავარ ძალას, ამოევსო მწყობრში გარღვეული ადგილები და აერიდებინა ალყა. არიერგარდში დარჩა გვარდიის ჰეტაირების რაზმი და არმიის საუკეთესო ნაწილები, ასევე პაჭანიკები და ოღუზებიც.
ბრძოლის ველი წარმოადგენდა ქვიან მთისწინეთს, გადაჭიმულს მანასკერტიდან სამხრეთით, ბიზანტიელთა ბანაკამდე. ქალაქიდან მთიან ადგილებამდე მანძილი თორმეტიდან თოთხმეტ კილომეტრამდე იყო, რაც უფრო ბოლოებისკენ მიიწევდა, უფრო უხეში და გაუვალი ხდებოდა მიწა, რომელიც მაღლდებოდა კლდოვან წამონაზარდებსა და ქვაბულებამდე. ბიზანტიელთა საბრძოლო ხაზიდან გარკვეული მანძილის დაშორებით, თურქ-სელჩუკები განლაგდნენ ნახევარმთვარისებური წყობით. მათი მთავარი ძალები რიცხობრივად ჩამორჩებოდა ბიზანტიურს. ალფ-არსლანმა არჩია თვალყური ედევნებინა ბრძოლისთვის, ჯარის უკან მდებარე მთიდან, ჯარის უმეტესი ნაწილის სარდლობა კი, ნიკიფორე ბრიენოსის მიხედვით, მან საჭურის ტარანგეს, სახელდობრ სარანგ სავ-თეკინს მიანდო. სელჩუკთა არმია იყოფოდა ცენტრად და ორ ფლანგად. ისინი მომთაბარეთა ტრადიციის მიხედვით, რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა, საჭიროებისდა მიხედვით დამოუკიდებლად მოქმედებისთვის.
ბიზანტიელთა ომის წარმოების სამხედრო პრაქტიკა აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ცხენოსანი მოისრების დიდ მასებთან ბრძოლისას, მოითხოვდა მოწინააღმდეგესთან რაც შეიძლება სწრაფად მიახლოებას, რათა მათგან მოსალოდნელ მასირებულ სროლას, დიდი მსხვერპლი არ მოჰყოლოდა. ბიზანტიელები პოზიციებიდან საშუალო ტემპით დაიძრნენ, არიერგარდი განსაზღვრულ დისტანციას ინარჩუნებდა. თურქები გაუჩერებლად ესროდნენ მტერს და თან უკან იხევდნენ. იმ დროს, როდესაც ცენტრს არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, ფლანგებზე მოწინააღმდეგე მოჩვენებით იერიშებს აწყობდა, არ წყვეტდა სროლას, მიუახლოვდებოდა წინა რიგებს და ისევ უკან იხევდა. ამ გზით, მათ გამოიწვიეს ფლანგებზე მოძრაობის შეფერხება, რის გამოც ფლანგებსა და ცენტრს შორის ბზარის გაჩენა დაიწყო.
სელჩუკი და ბიზანტიელი მხედრის შერკინება.  Marek Szyszko-ს ნახატი.
შუადღისთვის, საიმპერიო არმიამ დაიკავა მტრის ბანაკი, რომლიდანაც მთელი ქონება წინასწარ გაეტანათ თურქებს, გზა გააგრძელა და კლდოვან გამონაზარდებამდე მიაღწია. დანაკარგები ამ დროისთვის მინიმალური იყო, მაგრამ ფლანგებთან კავშირი - შესუსტებული. თურქული ისრების შეუჩერებელი წვიმა მღელვარებას და შფოთს იწვევდა ბიზანტიელ ჯარისკაცებში და როგორც ტაქტიკა მოითხოვდა, იძულებულები ხდებოდნენ, პირდაპირ ჰკვეთებოდნენ მტერს. თურქები თავს აჩვენებდნენ თითქოს მზად იყვნენ ასეთი შეტაკებისთვის, მაგრამ შემდეგ, უკან იხევდნენ და მთებისკენ იტყუებდნენ მოწინააღმდეგეს, სადაც წინასწარ ჩასაფრებები იყო მოწყობილი.
დადგა საღამო. რომანოზმა ვერ შეძლო ალფ-არსლანის ბრძოლაში ჩათრევა. ცენტრის წინსვლის გამო, ფლანგებამდე კავშირი კიდევ უფრო სუსტდებოდა. ბანაკი, რომელიც დაუცველად იყო დატოვებული, მთავარი ძალებისგან და არიერგარდისგან შორს დარჩა. შეტევის გაგრძელება უცნობ და ყოველგვარი მოულოდნელობებით აღსავსე მთებისკენ, სიგიჟე იქნებოდა. ბიზანტიელი ჯარისკაცები ჯერაც მოთმინებით ისმენდნენ ბრძანებებს და ორგანიზებული უკან დახევა, რომელიც რომანოზს ანატოლიურ კამპანიაში ჯერაც არ დასჭირვებია, ერთადერთ გამოსავლად რჩებოდა.
სწორედ ამ დროს მოხდა უბედურება. საერთო ბრძანების შემდეგ, ცენტრმა უკან დახევა დაიწყო. მაგრამ მარჯვენა ფლანგზე სიგნალი არასწორად გაიგეს. როგორც მეთაურებმა, ისე უბრალო მეომრებმა იფიქრეს, რომ იმპერატორი დაიღუპა. სიტუაციიდან გამოსვლა ჯერაც შეიძლებოდა არიერგარდის სათანადო მოქმედებით. მათ უნდა გადაეკეტათ გზა უკან დახეული ნაწილებისთვის, დაეშომინებინათ ჯარისკაცები და საშუალება მიეცათ არმიისთვის რომ დაესრულებინა მანევრი აუჩქარებლად. მაგრამ არიერგარდის მეთაურმა, ანდრონიკე დუკამ, რომანოზ IV-ს დაუძინებელმა მტერმა, ეს არ გააკეთა და განზრახ ჩააგდო იმპერატორი საფრთხეში. მან არიერგარდი და მთელი რეზერვი ბანაკისკენ დაძრა და დანარჩენი ჯარი ბედის ანაბარა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამ მოვლენების თანამედროვე ერთადერთი ტრაქტატი, რომლითაც შეიძლება როგორმე აიხსნას დუკას მოქმედება, ყველა სხვა წყარო და გამოკვლევა ერთსულოვანია იმაში, რომ ეს წინასწარ მოფიქრებული ღალატი იყო, რათა იმპერატორი მტერს ეგდო ხელთ. ანდრონიკესთვის რომანოზის სიკვდილიც სასურველი იყო, რადგან ამით დუკების საგვარეულოს ტახტის დაკავება გაუადვილდებოდა.  ანდრონიკემ დაიწყო ხმების გავრცელება მთელ ჯარში, რომ იმპერატორი დაიღუპა, რათა დაერწმუნებინა თავისი ჯარი, დაეტოვებინათ ბრძოლის ველი. მათმა წასვლამ გამოიწვია სრული არეულობა მარჯვენა ფლანგზე. სელჩუკებმა მაშინვე მთელი ძალებით გააფთრებულად შეუტიეს იმპერატორის არმიას. მარჯვება ფლანგი უწესრიგოდ გაიქცა, მარცხენა ფლანგზე ბრიენოსი წესრიგით იხევდა უკან, მაშინაც კი, როდესაც თურქებმა ის ცენტრს საერთოდ მოწყვიტეს და ზურგში გავიდნენ. რომანოზის ყველა მცდელობა რომ შეეჩერებინა პანიკა და შემოებრუნებინა ჯარი ბრძოლაში, უშედეგოდ დასრულდა. თითოეული გადარჩენილი შენაერთი დამოუკიდებლად ცდილობდა თავის გადარჩენას, ისრები კი ყველა მხრიდან მოფრინავდა.
დაჭრილი იმპერატორი, გვარდიის მცირერიცხოვან რაზმთან ერთად, ალყაში მოქცეული ბოლომდე იბრძოდა. როდესაც მას ცხენი მოუკლეს, ქვეითად გააგრძელა ბრძოლა, სანამ ფეხზე დგომა კიდევ შეეძლო. როგორც მიხაელ სირიელი აღნიშნავს, დიოგენე ძლიერი და მამაცი იყო და მიუხედავად იმისა, რომ დიდებულთა უმეტესობა და ყველა სომეხი, რომელიც მას თან ახლდა გაიქცა, იმპერატორი ბრძოლას აგრძელებდა. ნიკიფორე ბრიენოსის მიხედვით, მხოლოდ მეორე დღეს, ის ამოათრიეს მაროდიორებმა დაჭრილთა და დახოცილთა ზვინიდან, იცნეს და სულთანს მიჰგვარეს. ისლამურ წყაროებში მისი დატყვევების სხვადასხვანაირ ვერსიებსაც ვხვდებით, მაგალითად, თუ როგორ დაადგა თავზე თავის ცხენთან მდგარ დაჭრილ რომანოზს, ერთ-ერთი ღულამი, რომელიც ბერძნული წარმოშობის იყო და იცნო ბიზანტიის იმპერატორი. სხვა ვერსიით, რომანოზმა თავის დამტყვევებელს უთხრა, რომ არ მოეკლა, ვინაიდან ის რუმის კეისარი იყო, მეფეთა მოკვლა კი ცუდი ნიშნად ითვლებოდა. რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს უფრო სწორი, ბიზანტიის იმპერატორი პირველად ჩავარდა თურქ-სელჩუკთა ტყვეობაში.
მანასკერტის ბრძოლა (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ სურათს).

მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ბოლოს, იმპერიის არმია დაიშალა, თანამედროვეთა ცნობები საშინელ დანაკარგებზე მეტნაკლებად უსაფუძვლოა. არიერგარდი და რეზერვი ანდრონიკე დუკას სარდლობით, კონსტანტინოპოლში უვნებლად დაბრუნდა, სადაც ანდრონიკემ მაშინვე დაიწყო მოქმედება რომანოზის ტახტიდან ჩამოგდებისთვის. ბრიენოსმა თავისი რაზმებით მოახერხა ბრძოლით გაეკაფა გზა და მისი დასავლეთის საველე არმია, უკვე მეორე წელს, საკმაო წარმატებით იბრძოდა სლავებთან და პაჭანიკებთან ბალკანეთზე. ცენტრისა და მარჯვენა ფლანგის ნაწილებიდან, კაპადოკიელებმა შეძლეს შედარებით წესრიგით უკან დახევა, ისევე, როგორც ზოგიერთმა გვარდიულმა რაზმმა, მათ შორის სტრატილატებმა. ბრძოლის შემდეგ, ამ რაზმებმა თავი მოიყარეს დუკეეში, ამასიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, კონსტანტინოპოლის გზაზე მდებარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ციხესიმაგრეში. სწორედ აქ ნახა ისინი იმპერატორმა რვა დღის შემდეგ, როდესაც სულთანმა მოლაპარაკებებისა და გამოსასყიდის დაწესების შემდეგ გაათავისუფლა. თავიანთ მეთაურ ალიატესთან ერთად, კაპადოკიელებმა და სხვა ანატოლიურმა ნაწილებმა დაიფიცეს, რომ დაიცავდნენ იმპერატორს უზურპატორისგან, რომელიც კონსტანტინოპოლში ტახტზე აიყვანეს, რომანოზის ბრძოლაში სიკვდილის შესახებ ცრუ ცნობების გავრცელების შემდეგ. ასე რომ, რეალური დანაკარგები არც ისე დიდი იყო და უმეტესად იმპერატორის ახლობლებსა და პირად გვარდიაზე მოდიოდა. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ არმიის მთელი 20% ტყვედ ჩავარდა ბრძოლის ბოლოს, დაჭრილებითა და მოკლულებით, მსხვერპლი 5-დან 10%-მდე აღწევდა. ყველაზე საგრძნობი ზიანი, იმპერატორის დატყვევების გარდა, ბიზანტიელთა ბანაკისა და უმდიდრესი აღალის ხელში ჩაგდება იყო. ყველა წყარო აღწერს იმ უზარმაზარ ნადავლს, რომელიც გამარჯვებულს დარჩა.
ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ ასეთი მცირე რიცხობრივი დანაკარგების ახსნა არც ისე ძნელია. პირველ რიგში, იმპერატორის მეთაურობის ქვეშ მყოფი ნაწილები, დაბნელებამდე არ მოქცეულან ალყაში, ხოლო დევნა, ბანაკამდე მიღწევის შემდეგ აღარ გაგრძელებულა. ამას გარდა, არმიის ნარჩენების გაქცევის შემდეგ, თურქები ალყაშემორტყმულთა დამორჩილებაზე ზრუნავდნენ. ეს აღსანიშნავია, ვინაიდან ბრძოლის წარმოების თურქ-სელჩუკურ ტაქტიკასთან ერთად, კარგად უჩვენებს, რომ სელჩუკები სულაც არ იყვნენ ისეთი მრავალრიცხოვნები, როგორც ამას შუა საუკუნეების ავტორები აღწერენ. ამას გარდა, მანასკერტში გარნიზონი იდგა და თავშესაფარს წარმოადგენდა ბრძოლის ველიდან გაქცეულთათვისაც. თურქები არ ცდილან მის დაკავებას და ციხესიმაგრე უსაფრთხო კუნძულად რჩებოდა, იმპერატორის გათავისუფლებამდე.      
მანასკერტის ბრძოლა. ანგუს მაკბრაიდის ნახატი.
ამიტომაც, განსხვავებით გავრცელებული აზრისა, მანასკერტის მარცხი არ იყო სამხედრო კატასტროფა და არ გამოუწვევია აღმოსავლეთ იმპერიის არმიის სრული განადგურება. მთავარი უბედურება, პოლიტიკური შედეგები იყო. ცნობა მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიის იმპერატორის დატყვევებაზე, მეხივით გავარდა მთელს ახლო აღმოსავლეთში და დიდი დარტყმა მიაყენა ბიზანტიის იმპერიის ძლიერებასა და პრესტიჟს. ალ-ტურტუშის მიხედვით, ალფ-არსლანმა დატყვევებული იმპერატორი იმით შეურაცხყო, რომ ყველას თვალწინ, ძაღლზე გაცვალა. ზოგიერთი წყაროების მიხედვით, სულთანმა მეფურად მიიღო რომანოზი და პატივისცემით ეპყრობოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი ტყვეობიდან გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც სულთანს შეუთანხმდა რომ 1 500 000 ნომისმატას გადაუხდიდა გამოსასყიდის სახით, შემდეგ კი, ყოველწლიურად 360 000 ნომისმატას, რომანოზს იმპერატორობა აღარ ეღირსა. ის შინაური მტრებისგან თვალებდათხრილი, მონასტერში გარდაიცვალა 1 წლის შემდეგ, ტახტზე კი მიხაელ VII დუკა ავიდა. ამ მოვლენებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი დუკების ოჯახის მოკავშირეს, ბერძენ ბერს, ფილოსოფოსსა და საიმპერატორო კარის ინტრიგებში გამობრძმედილ კაცს, მიხაელ პსელოსს ჰქონდა. მიხაელ VII-ს მმართველობის პერიოდიდან იწყება სამოქალაქო ომების ხანა, რომელმაც ორივე მხარე მოიცვა და ადამიანური და მატერიალური რესურსების განადგურება გამოიწვია. ამ დროსვე, სამოქალაქო ომში ჩართულმა ბიზანტიურმა არმიებმა ისეთი ზარალი განიცადეს, როგორიც მანასკერტთან და თურქებთან წინა ომებშიც კი არ ჰქონიათ. არეულობას და არმიის დასუსტებას მოჰყვა მცირე აზიის დაუცველად დატოვება მომთაბარეთა შემოტევების წინაშე, რომელთა აღკვეთა თვითონ ალფ-არსლანსაც კი არ შეეძლო. ამ პრობლემის წინაშე ბიზანტიის გარდა, სელჩუკთა იმპერიის სხვა მეზობელი ქვეყნებიც იყვნენ, მათ შორის, საქართველოს სამეფოც, რომელზეც სულთნისგან დამოუკიდებლად, მომთაბარე თურქები თავდასხმას თავდასხმაზე აწყობდნენ („დიდი თურქობა“). ვითარება შედარებით გამოსწორდა თურქ-სელჩუკთა იმპერიაში დიდი სამოქალაქო ომების, ასევე ევროპიდან ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების შემდეგ, თუმცა, ბიზანტიის იმპერიის უწინდელი ძლიერების აღდგენა, ამ დროისთვის უკვე შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენდა.


ბიბლიოგრაფია
1. Nicolle, David. Manzikert 1071: the breaking of byzantium. London: Osprey Pub., 2014.
2. Hillenbrand, Carole. Turkish Myth and Muslim Symbol: the Battle of Manzikert. Cambridge: Cambridge University Press, 2013.
3. Хэлдон, Джон. История византийских войн. Москва: Вече, 2007.



ნიკა ხოფერია