ავგუსტუსი იანუსს წარმოადგენს რომის რესპუბლიკასა და იმპერიას შორის. ის არის ორივე - კულიმნაცია ძველი წყობისა, უკანასკნელი ყოვლისშემძლე მხედართმთავრების რიგიდან და ამავე დროს, ახალი წყობის დამამკვიდრებელი. მან წარმატებით ჩამოაყალიბა მმართველობის ახალი ტიპი, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაც იყო, რომ ძალაუფლებას ნახევარი საუკუნე ინარჩუნებდა და სიცოცხლე საკუთარ საწოლში დაასრულა. ის ასევე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსიც იყო, რომელიც აცნობიერებდა საჭიროებას თავისი ძალის ტრადიციული, რესპუბლიკური წესწყობილების საფარველქვეშ დატოვებისა. ავგუსტუსს არ გადაურჩენია რომის რესპუბლიკური წყობილება და არც მის ერთპიროვნულ მმართველობას შეიძლებოდა მისალმებოდა სენატი, მაგრამ ავგუსტუსმა აღადგინა წესრიგი სამოქალაქო ომების მთელი კასკადის შემდეგ და ჩვეულებრივი რომაელებისათვის კეთილდღეობის მომტანად ითვლებოდა. გმირი იყო ის თუ ანტიგმირი, მეტად რთული შეკითხვაა საპასუხოდ.
გზა ძალაუფლებისკენ
მომავალი იმპერატორი ავგუსტუსი დაიბადა ძვ.წ. 63 წლის 23 სექტემბერს როგორც გაიუს ოქტავიუსი (ოქტავიანე). მისი მამა, გაიუს ოქტავიუსი, პირველი იყო ოჯახში, რომელიც სენატორი გახდა, მაგრამ ოქტავიანე ფაქტობრივად მის გარეშე გაიზარდა, რადგან 4 წლის იყო, როდესაც მამა გარდაიცვალა. დედას უფრო გამოჩენილი სანათესაო ჰყავდა. ის იყო იულიუს კეისრის დის, იულიას ქალიშვილი და სწორედ ამის საშუალებით გადადგა ოქტავიანემ პირველი ნაბიჯი მაღალი საზოგადოებისაკენ.
ოქტავიანე მონაწილეობდა ძვ.წ. 46 წელს იულიუს კეისრის ესპანურ კამპანიაში და მონაწილეობა უნდა მიეღო ძვ.წ. 44 წელს დაგეგმილ პართიულ კამპანიაში, თუმცა კი ამ დროს სულ 18 წლის იყო. კეისარმა, რომელსაც საკუთარი ვაჟი არ ჰყავდა, ოქტავიანე იშვილა და ფაქტობრივად თავის მემკვიდრედ აქცია. კეისრის მკვლელობის შესახებ ილირიაში შეიტყო, სადაც პართიული ლაშქრობისათვის ემზადებოდა. ოქტავიანე მაშინვე დაბრუნდა რომში და ნახა, რომ კეისრის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი მას ეკუთვნოდა. ამ ცნობამ გაუმძაფრა სურვილი, შური ეძია კეისრის მკვლელებზე. რომში მისი დაბრუნებისას, ძალაუფლება მარკუს ანტონიუსისა და ემილიუს ლეპიდუსის ხელში იყო, რომლებიც კომპრომისზე წასვლასა და ამინისტიის გამოცხადებაზე ფიქრობდნენ. ოქტავიანემ გადაჭრით იუარა ამის გაკეთება და შეასუსტა ანტონიუსის პოზიციები იმით, რომ კეისრის მომხრეთა მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიბირა, მათ შორის ზოგიერთი ლეგიონიც.
იულიუს კეისრის ბიუსტი, რომელიც არლში აღმოაჩინეს და კეისრის ბიუსტებიდან ყველაზე ადრინდელად, მის სიცოცხლეშივე დამზადებულად მიიჩნევა (ძვ.წ. I ს.)
მარკუს ანტონიუსი (ვატიკანის მუზეუმი)
სენატორთა ნაწილიც ანტონიუსს ეწინააღმდეგებოდა. განსაკუთრებით ციცერონი, რომელმაც ძვ.წ. 44 წლის ზაფხულის პერიოდში, რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა ანტონიუსი წინააღმდეგ (ცნობილი ფილიპიკების სახელით). ციცერონი ოქტავიანეში გამოსადეგ მოკავშირეს ხედავდა და როდესაც ძვ.წ. 44 წლის ნოემბერში ანტონიუსმა დატოვა რომი რათა მიეღო მეთაურობა ჩრდილოეთ იტალიაში, ციცერონმა მხარი დაუჭირა ოქტავიანეს მასთან ომის გაჩაღებაში. ანტონიუსი იძულებული გახდა გალიისაკენ დაეხია, მაგრამ თუ ციცერონი ფიქრობდა რომ ოქტავიანეს გააკონტროლებდა, ის მწარედ ცდებოდა. ძვ.წ. 43 წლის აგვისტოში, ოქტავიანე თავისი ჯარით რომისაკენ დაიძრა და აიძულა სენატი ეცნოთ მისი კონსულობა. სამი თვის შემდეგ, ის შეხვდა ანტონიუსსა და ლეპიდუსს ბოლონიაში და მათ ახალი ტრიუმვირატი შეადგინეს, რომელიც სენატორთა წრეს ფაქტობრივად ძალაუფლების გარეშე ტოვებდა. ამას მოჰყვა პროსკრიპციები, რომელსაც ციცერონიც შეეწირა, მომდევნო წელს კი ტრიუმვირებმა ფილიპისთან ბრძოლაში კეისრის წინააღმდეგ შეთქმულების მეთაურები - ბრუტუსი და კასიუსი გაანადგურეს.
ფილიპისთან გამარჯვებულებმა ძვ.წ. 40 წელს ახალი შეთანხმება დადეს, რომლის მიხედვითაც რომის იმპერიაში ძალაუფლება გაინაწილეს - ანტონიუსს აღმოსავლეთი ერგო, ოქტავიანეს დასავლეთი, ლეპიდუსს კი, რომელსაც უკვე აღარ აღიქვამდნენ თანასწორად - აფრიკა. შეთანხმების გასამტკიცებლად, ანტონიუსმა ოქტავიანეს და მოიყვანა ცოლად. ოქტავიანემ კი თავისი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიმტკიცა, როდესაც მიიღო სახელი „კეისარი" და ასევე იწოდა როგორც Divi Filius ანუ „ღმერთის შვილი".
მარკუს ტულიუს ციცერონი (კოპენჰაგენის მუზეუმი)
მარკუს ვიპსანიუს აგრიპა (ლუვრი)
მომდევნო წლები ოქტავიანემ დასავლეთ პროვინციებზე ძალაუფლების გასამტკიცებლად გამოიყენა. მან თავისი მეგობრის, ნიჭიერი ფლოტმძღოლის, მარკუს აგრიპას დახმარებით, ძვ.წ. 36 წელს, მილეს კონცხთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში დაამარცხა გნეუს პომპეუსის ვაჟი სექსტუსი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეობდა და სიცილიაზე ჰქონდა ნავსაყუდელი. ლეპიდუსმა გადმოკვეთა აფრიკა, რათა მონაწილეობა მიეღო ამ კამპანიაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც წარუამტებლად სცადა გამარჯვებულ ლეგიონებზე ძალაუფლების ჩამორთმევა ოქტავიანესათვის, ამით თავის თავს გამოუტანა განაჩენი. ის აღარ წარმოადგენდა პოლიტიკურ ძალას, თუმცა ინარჩუნებდა უმაღლესი ქურუმის - Pontifex Maximus-ს წოდებას სიკვდილამდე, ძვ.წ. 13 წლამდე.
ბრძოლა მარკუს ანტონიუსთან
მას შემდეგ, რაც ლეპიდუსმა ძალაუფლება დაკარგა, რომაული სამყაროს სათავეში ანტონიუსი და ოქტავიანე დარჩნენ. როდესაც ოქტავიანე დასავლეთში იმყარებდა რეპუტაციას, ანტონიუსი ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრასთან ერთად ღიად ცხოვრობდა უფრო ელინისტური სამეფოს მონარქივით ვიდრე რომაელი მხედართმთავარივით. აღმოსავლეთის მონარქები არაპოპულარულები იყვნენ რომში და ოქტავიანემ თავის სასარგებლოდ გამოიყენა ეს ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ანტონიუსმა აღმოსავლეთის პროვინციებში მეტად სასარგებლო რეორგანიზაცია ჩაატარა, მის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა პართიის წარუმატებელმა ლაშქრობამ. ძვ.წ. 32 წლის ივლისში, ოქტავიანემ უკანონოდ იგდო ხელთ ანტონიუსის ანდერძი და საჯაროდ წაიკითხა; ანდერძის მიხედვით, კლეოპატრას შვილებს დიდი მემკვიდრეობა უნდა დარჩენოდათ, თანაც რომის იმპერიის ხარჯზე, ანტონიუსის სხეული კი, თუ ის იტალიაში მოკვდებოდა, კლეოპატრასთვის უნდა გადაეცათ დასაკრძალად. ეს ნამდვილი რომაელის სურვილი არ იყო და სენატმა ომი გამოუხადა ანტონიუსს.
კლეოპატრა და კეისარი (ჟან-ლეონ ჟერომის ნახატი, 1866 წ.)
გადამწყვეტი ბრძოლა შედგა აქციუმთან, საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე ძვ.წ. 31 წლის 2 სექტემბერს. ანტონიუსის ფლოტი ცდილობდა ოქტავიანეს ალყა გაერღვია, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე ხომალდმა მოახერხა, დანარჩენი ფლოტი და ჯარი კი ოქტავიანეს დანებდა. კლეოპატრა და ანტონიუსი ეგვიპტეში გაიქცნენ. ოქტავიანემ მომდევნო წელს განაახლა შეტევა.
ალექსანდრიის დაცემის შემდეგ, ანტონიუსმა, შემდეგ კი კლეოპატრამაც თავი მოიკლეს. ეგვიპტის მეფეთა, პტოლემაიოსთა, სიმდიდრე ოქტავიანეს ჩაუვარდა ხელში, ეგვიპტე კი რომის ახალ პროვინციად იქცა.
ახალი წესრიგი რომში
აქციუმთან გამარჯვებამ ოქტავიანე რომაული სამყაროს ერთპიროვნულ მმართველად აქცია, მაგრამ ვერ გადაჭრა კონსტიტუციურად მისი პოზიციის, თანამდებობის მნიშვნელობა. ოქტავიანე არ აპირებდა ძალაუფლებაზე უარის თქმას, მაგრამ ამავე დროს, ითვალისწინებდა იმას, როგორ მოკლეს კეისარი და უფრო ფრთხილად მოქმედებდა - მეტ დათმობაზე მიდიოდა სენატთან. მას ისედაც არ შეეძლო ყველა საქმე მარტოს გადაეწყვიტა. ამისათვის სჭირდებოდა გამოცდილი ხალხი ადმინისტრაციულ და საზოგადო საქმეებში.
ალექსანდრია (რეკონსტრუქცია)
ძვ.წ. 27 წლის იანვარში ოქტავიანემ გაითამაშა პანტომიმა - სენატს გადასცა ძალაუფლება, რომლის დიდი ნაწილი უკანვე მიიღო. მთელი პროცესის განმავლობაში ფრთხილად მოქმედებდნენ მისი აგენტები და მოკავშირეები. ოქტავიანემ შეინარჩუნა ეგვიპტე, კვიპროსი და სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროვინციები - ესპანეთი, გალია და სირია თავდაპირველად 10 წლის ვადით. ძვ.წ. 31-დან ძვ.წ. 23 წლამდე მას ყოველწლიურად ირჩევდნენ კონსულად. ასევე მიიღო სახელი „ავგუსტუსი", ცოტა არქაული სიტყვა, რომელიც ღვთაებრივს, პატივდებულს ნიშნავს. იმპერიის ბერძნულენოვან ნაწილში ის ითარგმნებოდა როგორც „სებასტოსი" და იქცა ტიტულად ყოველი მომდევნო იმპერატორისა. თვითონ ავგუსტუსი ამჯობინებდა ტერმინ „პრინცეპსს" ან „პირველ მოქალაქეს", თუმცა კვლავ ატარებდა „იმპერატორის" ტიტულს, როგორც უმაღლესი სამხედრო მეთაურისა.
ავგუსტუსი ირწმუნებოდა, რომ ძვ.წ. 27 წელს გატარებული „პირველი დადგენილებით", მან რესპუბლიკა აღადგინა. ძალაუფლებას, რომელსაც ის ფლობდა, არც ერთი ისეთი თანამდებობა არ განსაზღვრავდა რაც რესპუბლიკის დროს არ არსებობდა. მისი უდიდესი მიღწევა ალბათ უფრო ის იყო, რომ მოახერხა სენატორთა დარწმუნება, რათა ეცნოთ ის ქვეყნის მეთაურად და მოენახათ თავიანთი ამბიციების დაკმაყოფილების ისეთი გზები, რომლებიც ავგუსტუსის პოლიტიკური მიზნებს არ გადაეღობებოდა.
რომის იმპერია ავგუსტუსის ეპოქაში (ვარდისფრად აღნიშნულია ვასალი სახელმწიფოები)
ძვ.წ. 27 წლის ზაფხულში ავგუსტუსმა დატოვა რომი და გაემგზავრა გალიასა და ესპანეთში, ძვ.წ. 24 წლამდე დაჰყო. მომდევნო წელს, ის სერიოზულად დაავადმყოფდა და უკვე სიკვდილზე ფიქრობდა, მაგრამ გადარჩა და გადაწყვიტა გადაეხედა თავისი კონსტიტუციური პოზიციისათვის. მან დატოვა კონსულობა, რომელიც მხოლოდ ორჯერ ეკავა ბოლო წლებში, სანაცვლოდ კი სენატისაგან მიიღო ტრიბუნის ძალაუფლება უვადოდ. ამით უფლება მიეცა მოეწვია სენატი, წამოეყენებინა კანონპროექტები და ვეტო დაედო ნებისმიერი არასასურველი კანონის გატარებისათვის.
ამავე დროს, მისი უფლებები პროვინციებში კიდევ უფრო გაიზარდა და გადააჭარბა ყველა ადგილობრივი პროვინციული მმართველის უფლებებს. ე.წ. „მეორე დადგენილება" მოჰყვა ჭირის გავრცელებასა და შიმშილობას რომში, რა დროსაც ხალხმა ავგუსტუსს ჯერ დიქტატორობა, შემდეგ კი ყოველწლიური და მუდმივი კონსულობა შესთავაზა. ბოლოს, ძვ.წ. 19 წელს, ის დათანხმდა კონსულის ძალაუფლების მიღებაზე, მაგრამ არა კონსულის წოდებაზე. ამით, ავგუსტუსს იგივე უფლებები მიენიჭა იტალიაში, როგორიც კონსულებს ჰქონდათ, პროვინციებში კი მათზე აღმატებული. დამატებით, ის აკონტროლებდა არმიასაც. ფაქტობრივად, უმაღლესი ძალაუფლება მის ხელში აღმოჩნდა, რასაც ზურგს უმაგრებდა მორალური ავტორიტეტიც. ავგუსტუსის პოლიტიკის წარმატება ჩანს იმაშიც რომ ამ წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი შეთქმულება მოეწყო. ის განაგებდა სენატს მტკიცე ხელით, მაგრამ პატივისცემით, რითაც მაგალითის მიმცემი იყო მომდევნო იმპერატორებისათვის. ძვ.წ. 2 წელს, ავგუსტუსს მიანიჭეს „სამშობლოს მამის" (Pater Patriae) წოდება როგორც ერთპიროვნულ, მაგრამ გონიერ და მოწყალე მმართველს.
ავგუსტუსის ეპოქა
ავგუსტუსი ცდილობდა აქციუმთან გამარჯვება სამოქალაქო ომების დასასრულად და ახალი ეპოქის დასაწყისად წარმოეჩინა. გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო რომში აღმშენებლობის დაწყება. ამაში შედიოდა სამოქალაქო ომის დროს მიტოვებული და მოუვლელი ნაგებობების აღდგენა-დასრულება. ავგუსტუსი აცხადებდა რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში 82 ტაძარი აღადგინა. აშენდა გრანდიოზული ნაგებობები: მარცელუსის თეატრი, აპოლონის ტაძარი პალატინზე, მზის საათი, რომელსაც მაჩვენებლად ეგვიპტური ობელისკი ჰქონდა, დიდი, წრიული მავზოლეუმი და ავგუსტუსის ფორუმი „შურისმაძიებელი" (Ultor) მარსის ტაძრით. ავგუსტუსის მეგობარმა და თანამებრძოლმა აგრიპამ აღადგინა ქალაქის წყლით მომარაგების სისტემა და ორი ახალი აკვედუკი ააგო, ასევე რამდენიმე ახალი ნაგებობა კამპუს მარციუსზე, მათ შორის პანთეონი, რომელიც შემდგომში იმპერატორმა ადრიანემ აღადგინა. ავგუსტუსმა რომი 14 ადმინისტრაციულ რეგიონად დაყო და პასუხისმგებლობა აიღო ქალაქის პურით მომარაგებაზე.
ზემოთ - „შურისმაძიებელი" მარსის ტაძრის ნაშთები ავგუსტუსის ფორუმზე, თანამედროვე რომში, ქვემოთ - რეკონსტრუქცია
ერთი შენობა რაც ავგუსტუსის დროინდელ ნაგებობებს აკლია, არის საიმპერატორო სასახლე. ავგუსტუსი ცხოვრობდა მოკრძალებულ მაგრამ საკმაოდ დიდ სახლში პალატინზე და ერიდებოდა ზედმეტ ფუფუნებას, რაც მონარქებისათვის იყო დამახასიათებელი. ის განსაკუთრებულად ფრთხილი იყო იმპერატორის კულტთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ პროვინციებში უკვე დიდი ხნით ადრე იყო დამკვიდრებული მმართველის სიცოცხლეშივე ღმერთივით თაყვანისცემა. რომის ფარგლებს გარეთ, ავგუსტუსი ხელს უწყობდა რომისა და ავგუსტუსის კულტს, რომელშიც მისი სახელი ქვეყნის იღბალსა და კეთილდღეობას უკავშირდებოდა. კულტი მალე გავრცელდა დასავლეთ პროვინციებში და თავად იტალიაშიც. ოფიციალურად, ავგუსტუსმა მტკიცედ უარყო მისი, როგორც ღმერთის თაყვანისცემა, თუმცა კი კვლავ აღნიშნავდა თავის თავს, როგორც „Divi filius"(ღმერთის შვილი), როგორც ღვთაებრივი იულიუსის ვაჟი.
ავგუსტუსის პიროვნება
სვეტონიუსის მიხედვით, ავგუსტუსი შესახადავად ლამაზი და სანდომიანი იყო, თუმცა ნაკლებად ზრუნავდა თავის გარეგნობაზე. მაღალი არ იყო, მაგრამ თანაზომიერი და მწყობრი აღნაგობა შეუმჩნეველს ხდიდა მის ტანდაბლობას. სხეული მკერდსა და მუცელზე ხალებით ჰქონდა დაფარული. შარდის ბუშტის ტკივილი აწუხებდა, ცალი ფეხი სუსტი ჰქონდა და ზოგჯერ კოჭლობდა, მარჯვენა ხელის მტევნის კრუნჩხვის გამო, ზოგჯერ წერას ვერ ახერხებდა. საკმაოდ ჯანმრთელი იყო და თავისი სიცოცხლის მანძილზე სულ რამდენჯერმე იყო ავად. ავგუსტუსი ტოლერანტული იყო კრიტიკის მიმართ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ისტორიკოს ტიტუს ლაბიენუს „რაბიენუსის" ამბავი, რომლის კრიტიკული წერის სტილი ავგუსტუსს არ მოსწონდა და ცდილობდა როგორც მისი, ისე სხვა ავტორებისათვის შეეზღუდა მკაცრი კრიტიკის საშუალება თავად იმპერატორისა და მისი ნათესაობის მიმართ.
რაბიენუსს დაუწვეს მთელი მისი ნაშრომები, რის შემდეგაც ავტორმა თავი მოიკლა და სიკვდილის წინ შეტყობინებები დაუტოვა ავგუსტუსს და რომაელ ხალხს. თამაშების გამართვითა და ახალი შენობების აგებით, ავგუსტუსმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში. ის მიხვდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებით, პირად უსაფრთხოებასა და ძალაუფლებაში დარჩენასაც უზრუნველყოფდა, და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალაუფლება გააჩნდა, ის მაინც კონსტიტუციურ მონარქს უფრო წარმოადგენდა.
რომაული კამათლები
ავგუსტუსი გატაცებული იყო კამათლის თამაშით და ხშირად თავის სტუმრებს ფულსაც აძლევდა, რათა ფსონებს ჩამოსულიყვნენ. რომაელ ავტორთა გადმოცემით, კარგი იუმორის გრძნობაც ჰქონდა. მწერლობაში ავგუსტუსის მიღწევები არც ისე მაღალი დონისაა. ჩვენ ვიცით რომ ის ავტორია 13 ტომისგან შემდგარი ავტობიოგრაფიისა, რომელიც ჩვენ დრომდე აღარ შემორჩა. წერდა ეპიგრამებსაც და დაიწყო ტრაგედიის - `აიაქსის" - წერა, რომელიც არ დაუსრულებია და როდესაც ჰკითხეს როგორაა შენი აიაქსიო, გაიხუმრა: „აიაქსი საკუთარ ღრუბელს (საშლელს) დაეძგერაო", როგორც მითიური აიაქსმა მოიკლა თავი საკუთარი მახვილით. ცნობილია, რომ ავგუსტუსმა არც ისე კარგად იცოდა ბერძნული ენა. საერთო ჯამში ის განათლებული კაცი იყო, მაგრამ არა სწავლული-იმპერატორი.
ავგუსტუსის ცოლი ლივია დრუზილა (ლუვრი)
ავგუსტუსის უფროსი და ოქტავია (ნეაპოლი)
იმპერატორის პირადი ცხოვრების მთავარი ფიგურა მისი მესამე ცოლი - ლივია დრუზილა იყო. ძვ.წ. 43-41 წლებში ოქტავიანე დაქორწინებული იყო მარკუს ანტონიუსის გერზე კლავდიაზე, შემდეგ სკრიბონიაზე, სექსტუს პომპეუსის ნათესავზე (ძვ.წ. 40-39 წწ.). ლივია უკვე დაქორწინებული იყო როცა ოქტავიანეს შეხვდა, მაგრამ რომის პრინცეპსის მოთხოვნით, ქმარი გასცილდა მის რჩეულს. სვეტონიუსის გადმოცემით, ავგუსტუსს ცოლი უყვარდა და პატივს სცემდა, მაგრამ ლივიასთან ქორწინების შემდეგაც ისეთივე მექალთანედ დარჩა, როგორიც მანამდე იყო. ლივია თვალს ხუჭავდა ქმრის საყვარლებზე, მაგრამ ეს ყოველთვის არ იყო ადვილი. ამბობდნენ, რომ ავგუსტუსმა ძვ.წ. 16 წელს, როდესაც გალიისკენ გაემართა, მისი გამგზავრების მთავარი მიზეზი იყო ახალ საყვარელთან, ტერენციასთან სიყვარულით თავისუფლად დამტკბარიყო. ბედის ირონია იყო ის, რომ ამას აკეთებდა კაცი, რომელიც საზოგადოებრივი მორალური ნორმების დადგენას ცდილობდა და შემდგომში საკუთარი ქალიშვილი და შვილიშვილი გადაასახლა რომიდან მრუშობის ბრალდებით.
იმპერატორ ადრიანეს პანთეონი, რომელიც მარკუს აგრიპას აგებული პანთეონის რეკონსტრუირებულ ვერსიას წარმოადგენს. ადრიანემ პანთეონზე წარწერა უცვლელად დატოვა: „მარკუს აგრიპა, ლუციუსი ვაჟი, სამგზის კონსულმა, ააშენა ეს"
ავგუსტუსი არ იყო დიდი მხედართმთავარი და ამ ფაქტს თავად ყველაზე უკეთ აცნობიერებდა. ახალგაზრდობის წლებში, ის ძირითადად თავის ერთგულ მეგობარს, მარკუს აგრიპას ეყრდნობოდა, რომელმაც ჯერ სექსტუს პომპეუსი დაამარცხა, შემდეგ კი აქციუმის ბრძოლაში სარდლობდა ავგუსტუსის ფლოტს მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ. აქციუმის შემდეგ, ავგუსტუსმა მხოლოდ ერთ კამპანიას უსარდლა პირადად, კანტაბრის ომს ძვ.წ. 26-25 წლებში, ესპანეთში, მაგრამ იქაც მისმა სარდლებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი.
ახალი დაპყრობები და საზღვრები
ავგუსტუსის მმართველობისას რომაელებმა რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს - პირველი და უმნიშვნელოვანესი იყო ეგვიპტის დაპყრობა ძვ.წ. 30 წელს. ამ პროვინციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რომის პურით მომარაგების თვალსაზრისით. ავგუსტუსმა მიაღწია დიპლომატიურ წარმატებას ძვ.წ. 20 წელს, როდესაც პართიელებისაგან დაიბრუნა ძვ.წ. 53 წელს, პართიელების მიერ კარესთან ბრძოლაში განადგურებული რომაული ლეგიონების შტანდარტები. იმპერატორი ზრუნავდა საზღვრების გამაგრებაზე. აღმოსავლეთით ბუნებრივ სასაზღვრო ზონას ქმნიდა სირიის უდაბნო და მდინარე ევფრატი; ჩრდილოეთით, ჯერ კიდევ კეისრის მიერ დაპყრობილი გალია და მის მიერ მდინარე რაინამდე გადაწეული საზღვარი იყო.
ავგუსტუსმა მდინარე დუნაი ბალკანეთის სასაზღვრო ზოლად აქცია რამდენიმე რთული სამხედრო კამპანიის შემდეგ, რომელთა შედეგად დაიპყრო ალპებში მცხოვრები ტომები და დააშოშმინა ჩრდილოეთ ბალკანეთი. ამი შემდეგ, მას უნდა გადაეწყვიტა, როგორ გადაეტანა სასაზღვრო ზოლი ჩრდილოეთის ზღვამდე. თუ რომაელები დაეუფლებოდნენ მდინარე ელბას გადაღმა მიწებს, სასაზღვრო ხაზი, რომელიც დუნაიდან იწყებოდა და ალპებითა და რაინით გრძელდებოდა, ბევრად დამოკლდებოდა.
რომაელები იბრუნებენ ლეგიონების დაკარგულ ოქროს არწივებს პართიელებისაგან (გამოსახულება ავგუსტუსის ქანდაკებაზე, აბჯრის დეტალზე)
ავგუსტუსმა მდინარე დუნაი ბალკანეთის სასაზღვრო ზოლად აქცია რამდენიმე რთული სამხედრო კამპანიის შემდეგ, რომელთა შედეგად დაიპყრო ალპებში მცხოვრები ტომები და დააშოშმინა ჩრდილოეთ ბალკანეთი. ამი შემდეგ, მას უნდა გადაეწყვიტა, როგორ გადაეტანა სასაზღვრო ზოლი ჩრდილოეთის ზღვამდე. თუ რომაელები დაეუფლებოდნენ მდინარე ელბას გადაღმა მიწებს, სასაზღვრო ხაზი, რომელიც დუნაიდან იწყებოდა და ალპებითა და რაინით გრძელდებოდა, ბევრად დამოკლდებოდა.
იმპერატორმა მიიჩნია რომ ამის მიღწევა შესაძლებელი იყო და ძვ.წ. 12 წელს, თავისი გერი, დრუზუსი უსარდლა რაინის ლეგიონებს ელბას მიღმა ლაშქრობაში. როდესაც ძვ.წ. 9 წელს დრუზუსი გარდაიცვალა, მისი საქმე გააგრძელა ავგუსტუსის მეორე გერმა, ტიბერიუსმა. ის მალე თავისი გადაწყვეტილებით წავიდა გადასახლებაში როდოსზე და თანამდებობაზე სხვებმა შეცვალეს, თუმცა ახ.წ. 4 წელს კვლავ დაბრუნდა. ის გეგმავდა უფრო აღმოსავლეთით, დღევანდელი ბოჰემია-მორავიისაკენ გალაშქრებას, როდესაც 6 წელს, ბალკანეთზე აჯანყების ჩასახშობად გამოიწვიეს. 9 წელს კი მოხდა კატასტროფა ტევტობურგის ტყეში. კვინქტილიუს ვარუსმა, რაინის ლეგიონების სარდალმა, 9 წლის ზაფხული მდინარე ვეზერის სანაპიროზე გაატარა.
ვარუსი გერმანიას უკვე დაშოშმინებულად მიიჩნევდა და არ მოელოდა საფრთხეს, როდესაც რაინზე, ზამთრის სადგომებისაკენ დაიძრა. ამავე წლის სექტემბერში, ტევტობურგის ტყეში, მას მოულოდნელად თავს დაესხნენ გერმანული ტომები. სამი რომაული ლეგიონი, მთავარსარდალთან ერთად, განადგურდა. ტიბერიუსმა სწრაფად დაძრა არი რაინის საზღვრისაკენ რათა აღეკვეთა გერმანელთა მოსალოდნელი შემოჭრა გალიაში. ავგუსტუსი შეაძრწუნა მომხდარმა. აღნიშნავენ რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში გლოვობდა, არ იჭრიდა თმას და წვერს, ზოგჯერ კარს თავს ახლიდა და ყვიროდა: „კვინქტილიუს ვარუს, დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!" რადგან რეზერვი ფაქტობრივად არ არსებობდა და ჯარები სასაზღვრო ხაზებზე იყვნენ განაწილებულები, ავგუსტუსი იძულებული ხდებოდა სხვა პროვინციიდან გამოეხმო ლეგიონები. აქციუმის ბრძოლის შემდეგ, მან ლეგიონების რიცხვი შეზღუდა 28-მდე და მათი უმრავლესობა იმპერიის საზღვრებზე განალაგა. ტევტობურგის ტყეში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, დარჩენილი 25 ლეგიონიდან, რვა რაინის ხაზზე განლაგდა, შვიდი დუნაიზე, ოთხი კი სირიაში.
ტევტობურგის ტყე
გერმანელები ანადგურებენ ტევტობურგის ტყეში მიმავალ რომაულ კოლონას
ვარუსი გერმანიას უკვე დაშოშმინებულად მიიჩნევდა და არ მოელოდა საფრთხეს, როდესაც რაინზე, ზამთრის სადგომებისაკენ დაიძრა. ამავე წლის სექტემბერში, ტევტობურგის ტყეში, მას მოულოდნელად თავს დაესხნენ გერმანული ტომები. სამი რომაული ლეგიონი, მთავარსარდალთან ერთად, განადგურდა. ტიბერიუსმა სწრაფად დაძრა არი რაინის საზღვრისაკენ რათა აღეკვეთა გერმანელთა მოსალოდნელი შემოჭრა გალიაში. ავგუსტუსი შეაძრწუნა მომხდარმა. აღნიშნავენ რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში გლოვობდა, არ იჭრიდა თმას და წვერს, ზოგჯერ კარს თავს ახლიდა და ყვიროდა: „კვინქტილიუს ვარუს, დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!" რადგან რეზერვი ფაქტობრივად არ არსებობდა და ჯარები სასაზღვრო ხაზებზე იყვნენ განაწილებულები, ავგუსტუსი იძულებული ხდებოდა სხვა პროვინციიდან გამოეხმო ლეგიონები. აქციუმის ბრძოლის შემდეგ, მან ლეგიონების რიცხვი შეზღუდა 28-მდე და მათი უმრავლესობა იმპერიის საზღვრებზე განალაგა. ტევტობურგის ტყეში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, დარჩენილი 25 ლეგიონიდან, რვა რაინის ხაზზე განლაგდა, შვიდი დუნაიზე, ოთხი კი სირიაში.
ცვლილებები სამხედრო სისტემაში
ავგუსტუსმა მიატოვა გეგმა ელბის სასაზღვრო ხაზის შექმნასთან დაკავშირებით და ისეთი ფრთხილი გახდა, რომ გარდაცვალებამდე ტიბერიუსს წერილი დაუტოვა, რომელშიც ურჩევდა რომ იმპერია არსებულ საზღვრებში შეენარჩუნებინა. არმიის კონტროლი ავგუსტუსის ძალაუფლებისათვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ჯარისკაცებმა მას, როგორც იმპერატორს, შეჰფიცეს ერთგულება და არა სენატსა და რესპუბლიკას.
ავგუსტუსი პირველი იყო, ვინც ლეგიონერებს დაუწესა სამსახურის განსაზღვრული პირობები და ხელფასი. თავისი პოზიციის კიდევ უფრო გასამტკიცებლად, მან შექმნა პრეტორიული გვარდია, რომელიც ცხრა ელიტური კოჰორტისაგან - თითოეულში 500 (შეიძლება 1000) ჯარისკაცით - შედგებოდა. გვარდია რომში და ქალაქის შემოგარენში იყო დაბანაკებული და ევალებოდა იმპერატორის დაცვა.
მცირე რომაული სიმაგრე იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარზე, გერმანიაში (ბრაიან დელფის ნახატი)
მემკვიდრეობა
ავგუსტუსის მმართველობა იმაზე უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ის წარმოიდგენდა, თანაც საკმაოდ დიდი ხანი იცოცხლა საიმისოდ, რომ მის ოჯახს რომაელი ხალხის თვალში ბუნებრივი, მმართველი დინასტიის სახე მისცემოდა. პრობლემად კი იქცა ის, ვის უნდა გადასცემოდა საიმპერიო ძალაუფლება ავგუსტუსის შემდეგ. გეგმები საამისოდ გეგმები მრავლად ჰქონდა იმპერატორს, მაგრამ ამას ხელს უშლიდა მოულოდნელი გარდაცვალებების მთელი სერია, რასაც მემკვიდრეები ეწირებოდნენ. თავდაპირველად, ავგუსტუსს სურდა იულიუსის გვარს გაეგრძელებინა დინასტია და არ ცნობდა ლივიას შვილებს, ტიბერიუსსა და დრუზუსს, მისი წინა ქორწინებიდან - ისინი კლავდიუსების გვარს ეკუთვნოდნენ. მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა, რადგან ავგუსტუსს არც ერთი ქორწინებიდან ვაჟი არ ჰყავდა. ლივიას შვილი საერთოდ არ ეყოლა, წინა ცოლისაგან, სკრიბონიასგან კი მხოლოდ ქალიშვილი - იულია. სწორედ თავისი ქალიშვილის მეუღლისა და შვილებისათვის გადაწყვიტა ავგუსტუსმა მემკვიდრეობის დატოვება.
იულია, ავგუსტუსის ერთადერთი ქალიშვილი (ბერლინის მუზეუმი)
ტიბერიუსი (კიოლნის მუზეუმი)
ძვ.წ. 25 წელს, ავგუსტუსმა იულია მარცელუსზე, თავისი დის, ოქტავიას ვაჟზე დააქორწინა. მარცელუსი ამ დროისათვის ჯერაც არ იყო ზრდასრული და ძალიან ახალგაზრდა იყო იმისათვის რომ გაენაწილებინა რეალური ძალაუფლება. როდესაც ავგუსტუსი ძვ.წ. 23 წელს ავად გახდა და ფიქრობდა რომ მოკვდებოდა, მან თავისი ბეჭედი მარა მარცელუსს, არამედ თავის ერთგულ მეგობარს, მხედართმთავარ მარკუს აგრიპას გაუგზავნა. ამ ორს შორის უკვე მწიფდებოდა დაპირისპირება ძალაუფლებისათვის, მაგრამ იმავე წლის ბოლოს, მარცელუსი ავად გახდა და გარდაიცვალა. ამით აგრიპა მთავარი მემკვიდრე გახდა და ძვ.წ. 21 წელს ავგუსტუსმა ის განაქორწინა წინა მეუღლესთან და დაქვრივებული იულია შერთო ცოლად. აგრიპა მასზე 25 წლით უფროსი და უკვე რამდენჯერმე დაქორწინებული იყო, მაგრამ მისი და იულიას ქორწინება შედგა და მათ სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი ეყოლათ. უფროსი იყო გაიუსი, რომელიც ძვ.წ. 20 წელს დაიბადა. როდესაც სამი წლის შემდეგ, მეორე ვაჟი - ლუციუსი გაჩნდა, ავგუსტუსმა ორივე იშვილა, თუმცა სანამ ისინი ზრდასრულები გახდებოდნენ, აგრიპა კვლავ მთავარ მემკვიდრედ რჩებოდა.
აგრიპა ძვ.წ. 12 წელს გარდაიცვალა და იულია კვლავ დაქვრივდა. ავგუსტუსის სიკვდილის შემთხვევაში, იულიას ახალგაზრდა ვაჟები მფარველის გარეშე დარჩებოდნენ. ახლა პირველ რიგში, მან ყურადღება გადაიტანა ლივიას უფროს ვაჟებზე ტიბერიუსსა და დრუზუსზე. მან აიძულა ტიბერიუსი, გაცილებულიყო ცოლს ვიპსანიას, დაქორწინებულიყო იულიაზე და გამხდარიყო მისი ვაჟების მფარველი. ტიბერიუსს არ სურდა საყვარელ ცოლთან დაშორება, მაგრამ საბოლოოდ ეს ქორწინება მაინც შედგა ძვ.წ. 11 წლის 12 თებერვალს.
ლივია დრუზილა და მისი ვაჟი ტიბერიუსი (მადრიდის არქეოლოგიური მუზეუმი)
აგრიპა ძვ.წ. 12 წელს გარდაიცვალა და იულია კვლავ დაქვრივდა. ავგუსტუსის სიკვდილის შემთხვევაში, იულიას ახალგაზრდა ვაჟები მფარველის გარეშე დარჩებოდნენ. ახლა პირველ რიგში, მან ყურადღება გადაიტანა ლივიას უფროს ვაჟებზე ტიბერიუსსა და დრუზუსზე. მან აიძულა ტიბერიუსი, გაცილებულიყო ცოლს ვიპსანიას, დაქორწინებულიყო იულიაზე და გამხდარიყო მისი ვაჟების მფარველი. ტიბერიუსს არ სურდა საყვარელ ცოლთან დაშორება, მაგრამ საბოლოოდ ეს ქორწინება მაინც შედგა ძვ.წ. 11 წლის 12 თებერვალს.
იულიას ვაჟები, გაიუსი და ლუციუსი პოპულარულები იყვნენ. ძვ.წ. 6 წელს, ავგუსტუსს, რომელსაც სურდა გამოეცადა ტიბერიუსის ამბიციები, ხუთი წლით ტრიბუნის ძალაუფლება მიანიჭა მას მაგრამ ტიბერიუსმა არ ისურვა თავის გერებთან დაპირისპირება და თავისივე ახირებით, დატოვა საზოგადოებრივი ცხოვრება და როდოსზე წავიდა გადასახლებაში.
ვიპსანია აგრიპინა, ტიბერიუსის პირველი ცოლი (ბიუსტი აღმოჩენილია ლეპტის მაგნაში, ლიბიაში მდებარე ძველ რომაულ ქალაქში)
გაიუსი 1 წელს კონსული გახდა და სპეციალური ძალაუფლებით გაიგზავნა სირიაში, რათა გაემტკიცებინა რომის პოზიციები სომხეთში. 3 წელს, ის დაიჭრა ერთ-ერთი ალყის დროს, ავად გახდა და იტალიაში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა 4 წელს, ის გარდაიცვალა მცირე აზიის ქალაქ ლიმირაში. მისი ძმა ლუციუსი კი ორი წლით ადრე, მასილიაში ყოფნისას, ავადმყოფობამ შეიწირა. ავგუსტუსის გეგმები მემკვიდრეებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაიმსხვრა.
საბოლოო არჩევანი
გაიუსისა და ლუციუსის სიკვდილის შემდეგ, ავგუსტუსს ერთადერთი მისაღები მემკვიდრე დარჩა - ტიბერიუსი. საბოლოოდ, 4 წლის 26 ივნის, მან იშვილა 44 წლის ტიბერიუსი თავის მესამე დისშვილთან, გაიუსისა და ლუციუსის უმცროს ძმასთან, აგრიპა პოსტუმუსთან ერთად. ამავე დროს, ტიბერიუსმა იშვილა ავგუსტუსის დის-შვილიშვილი გერმანიკუსი. აგრიპა პოსტუმუსი მეტად არაპოპულარული იყო და ყველგან ავლენდა თავის უსიამოვნო ხასიათსა და სისასტიკეს, რის გამოც სამი წლის შემდეგ კუნძულ პლანაზიაზე გაგზავნეს გადასახლებაში. ამით, გერმანიკუსი იულიუსის საგვარეულო ხაზის ერთადერთ გამგრძელებლად იქცა, მაგრამ მეტად ახალგაზრდა იყო რომ ავგუსტუსისგან პირდაპირ მიეღო მემკვიდრეობა.
აგრიპა პოსტუმუსი (ლუვრი)
ტიბერიუსმა თავი წარმოაჩინა როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა, მაგრამ ავგუსტუსს ის პიროვნულად არასდროს მოსწონდა. მხოლოდ მარცელუსის, გაიუსის, ლუციუსის სიკვდილისა და აგრიპა პოსტუმუსის გადასახლების შემდეგ მიეცა შანსი ტიბერიუსს. ამ მოვლენების აქტიური თანამონაწილე იყო ტიბერიუსის დედა ლივია. გავრცელებული ჭორების მიხედვით, მან ერთიმეორის მიყოლებით დახოცა ყველა მემკვიდრე, რათა მის ვაჟს კონკურენტი აღარ ჰყოლოდა. თუმცა ეს მსჯელობა ნაკლებად დამაჯერებელია.
მშვიდობიანი დასასრული
თავისი მმართველობის ბოლო წლებში, ავგუსტუსი ცდილობდა ნაკლებად ჩარეულიყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ერიდებოდა დიდ ნადიმებს და აღარ ესწრებოდა სენატის რეგულარულ სხდომებს, ასაკის მომიზეზებით. 14 წლის ზაფხულში მან დატოვა რომი და ტიბერიუსთან ერთად ჯერ კაპრიზე, შემდეგ კი ბენევენტუმისკენ გამგზავრება გადაწყვიტა, საიდანაც ტიბერიუსი მარტო განაგრძობდა გზას პანონიისაკენ. როდესაც ისინი კაპრისაკენ მიცურავდნენ, ავგუსტუსს დიარეა დაემართა. მან ოთხი დღე გაატარა კაპრიზე და უკან დაბრუნებისას, ქალაქ ნოლაში გარდაიცვალა 14 წლის 19 აგვისტოს, თავისი 76 წლის იუბილემდე ერთი თვით ადრე.
კაპრი - რომის იმპერატორთა სამოთხე
რომაული თეატრის ნაშთები ბენევენტოში (ბენევენტუმში)
ავგუსტუსის საპატივსაცემოდ, კამპუს მარციუსზე დაკრძალვის დიდებული ცერემონია ჩაატარეს, გვამი დაწვეს და ფერფლი დიდ მავზოლეუმში მოათავსეს. Res Gestae - ავგუსტუსის მიღწევათა ჩამონათვალი, მავზოლეუმის შესასვლელთან მდგარ ბრინჯაოს სვეტებზე წააწერეს. მთავარი, რაც მან შექმნა, ეს რომში იმპერატორის ძალაუფლების დამკვიდრება იყო. მან მოხერხებული მოქმედებით, თანმიმდევრული ქცევითა და კეთილგონიერებით საიმპერიო ხელისუფლება უფრო ძლიერი და მტკიცე გახადა, ვიდრე უბრალოდ შიშველი ძალით შეიძლებოდა მიეღწია. ბოლოს, სასიკვდილო სარეცელზე, ავგუსტუსი ხუმრობდა თავის მსახიობობაზე ცხოვრებაში. მან მოატანინა სარკე, თმა შეისწორა, შესაბამისი გამომეტყველება მიიღო და მეგობრებს ჰკითხა, თუ შეასრულა კარგად თავისი როლი ამ ცხოვრების კომედიაში, შემდეგ კი სთხოვა, ტაშით გაეცილებინათ სიკვდილის გზაზე.
ნიკა ხოფერია
ქრისტოფერ სქარის „რომის იმპერატორთა ქრონიკის" მიხედვით (Christopher Scarre. Chronicle of the Roman emperors: the
reign-by-reign record of the rulers of Imperial Rome. London; New York:
Thames and Hudson, 1995).