ლეგენდარული ხმლები შუა საუკუნეებიდან

შუა საუკუნეების ეპოქაში, რომელსაც „მახვილისა და ჯვრის ქორწინებასაც" უწოდებენ, ხმალს განსაკუთრებული რელიგიურ-კულტურული დატვირთვაც გააჩნდა, გარდა იმისა რომ რაინდის ერთ-ერთი ძირითადი იარაღი იყო. ამ პერიოდის ბევრ ლეგენდარული თუ რეალური პიროვნების ხმლის სახელწოდებაც შემორჩენილია, მათ შორისაა გრამი - სიგურდის, სკანდინავიური მითოლოგიის გმირის ხმალი („ნიბელუნგების სიმღერაში" გრამს ბალმუნგი ეწოდება და ზიგფრიდის ხმალია); მეფე ართურის ხმალი - ექსკალიბური; დანიელთა ლეგენდარული მეფის ჰროლფრ კრაკის - სკოფნუნგი; როლანდის - დურენდალი („სიმღერა როლანდზე"); კარლოს დიდის ხმალი - ჟუაიეზი; როდრიგო დიასის (ელ სიდის) ხმლები - ტისონა და კოლადა; ფერდინანდ III კასტილიელის - ლობერა და ა.შ. ხმლის კულტი არსებობდა ისლამურ სამყაროშიც. ყველაზე ცნობილი აღმოსავლური ხმლებიდან არის ხალიფა ალი იბნ აბუ ტალიბის - ზულფიკარი. ამ პოპულარულენოვან სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ დასახელებულ, ლეგენდარულ იარაღებს. 



1. გრამი
გრამი ანუ ნიბელუნგების „ბალმუნგი", მრავალ შუა საუკუნოვან ჩრდილოევროპულ ეპოსში გვხვდება - ვოლსუნგების საგაში, უფროს ედასთან, უმცროს ედასთან და სხვ. გადმოცემით, გრამი ოდინის ხმალი იყო. ოდინმა ადამიანის სახე მიიღო, ეწვია კონუნგ ვოლსუნგის სასახლეს ნადიმისას და ხმალი ვოლსუნგების საგვარეულო ხეში, დარბაზში ამოზრდილ, უზარმაზარ ვაშლში ჩაასო. ოდინმა თქვა, რომ ვინც ხმალს ხიდან ამოაძრობდა, მისი მფლობელი გახდებოდა. ხმლის ამოძრობა მხოლოდ სიგმუნდმა მოახერხა. სიგმუნდს ხმალი კონუნგ ლიუნგვისთან ბრძოლაში გადაუტყდა. შემდგომში მისი ნამსხვრევები სიგურდმა დედას გამოართვა, გადააჭედინა და ამ მახვილით დრაკონი ფაფნირი განგმირა. ეს ისტორია გარკვეულწილად, ასახულია ჯ.რ.რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის" სიუჟეტშიც, სადაც ადამიანთა ხელმწიფის ელენდილის დამსხვრეულ მახვილს, ნარსილს, ხელახლა გადაჭედენ ელფები და არაგორნი, ელენდილის მემკვიდრე მას ბოროტი ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. (ზემოთ ილუსტრაცია: ოდინი ვაშლის ხეში არჭობს გრამს. იოჰანეს გეჰრტსის ნახატი, 1889 წ.).

2. ექსკალიბური
მეფე ართურის ლეგენდარული მახვილი, რომელიც მრავალი სახელითაა ცნობილი - კალედვულხი (უელსურად და ბრეტონულად), კალესვოლ (კორნუოლურად) და კალიბურნუსი (ლათინურად). ხშირად მას ქვაში ჩარჭობილ ხმალთან აიგივებენ, რომლის ამოღებითაც ართურმა დაადასტურა რომ ის სამეფოს მემკვიდრე იყო, თუმცა ვერსიათა უმრავლესობა მათ ცალ-ცალკე განიხილავს. პირველად ხმლის გალათინურებული სახელი „ექსკალიბური" ჯეფრი მონმუთელის „ბრიტანეთის მეფეთა ისტორიაში" გვხვდება, მანამდე კი ის კელტურ გადმოცემებში კალედვულხის სახელით იყო ცნობილი.  გადმოცემით, ექსკალიბური ტბაში იყო ჩაგდებული და ის ართურმა ტბის ქალბატონის ხელიდან მიიღო. ექსკალიბური განსაკუთრებით ბასრი და მტკიცე იყო და „ისე შეეძლო რკინის გაჭრა, როგორც ხისა". ამ მახვილით ართურმა მრავალი გმირობა ჩაიდინა. უკანასკნელ ბრძოლაში კი, მან სთხოვა რაინდს, სერ ბედივერს, მეფის სიკვდილის შემთხვევაში, ხმალი უკან, ტბაში ჩაეგდო და დაებრუნებინა ტბის ქალბატონისთვის. იარაღის ტბაში ჩაყრის, შეწირვის ტრადიცია, ძველ კელტურ ხალხებს ახასიათებდათ და სავარაუდოდ, ეს ფაქტიც ამას უნდა უკავშირდებოდეს.(ზემოთ ილუსტრაცია: ტბის ქალბატონი აწვდის ხმალს მეფე ართურს.ალფრედ კაპესის ნახატი, 1880 წ.).

3. სკოფნუნგი
ჰროლფ კრაკი ლეგენდარული დანიელი მეფეა, რომელიც ანგლო-საქსურ და სკანდინავიურ ფოლკლორში გვხვდება. მისი მახვილი, „საუკეთესო ყველა ხმალს შორის ჩრდილოეთის მიწებზე". გადმოცემით, ამ მახვილს აძლიერებდა ჰროლფის თორმეტი ბერსერკი მცველის სული. თუ სკოფნუნგით ადამიანს ჭრილობას მიაყენებდნენ, ჭრილობა ფართოვდებოდა, სანამ მას შუაზე არ გაკვეთდა. მისი შეჩერება მხოლოდ სკოფნუნგის ქვის შეხებით შეიძლებოდა. ერთ-ერთი საგის მიხედვით, სკოფნუნგის ქარქაშიდან ამოღება არ შეიძლებოდა ქალების თანდასწრებით, ასევე მის ტარს მზის სხივი არ უნდა შეხებოდა. (ზემოთ ილუსტრაცია: ჰროლფ კრაკი და ჰეოროვერდი. ჯენი ნისტრიომის ნახატი, 1895 წ.)

4. დურენდალი
დურენდალი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ეპიკური პოემის, „სიმღერა როლანდზეს" მთავარი პერსონაჟის, კარლოს დიდის (VIII-IX სს.) პალადინის, როლანდის მახვილი იყო. ზოგიერთი გადმოცემით, ის ვილანდ მჭედელმა გამოჭედა. „სიმღერა როლანდზეს" მიხედვით ხმალი ანგელოზმა მიუტანა კარლოს დიდს, რომელმაც ის როლანდს გადასცა. ლუდოვიკო არიოსტოს (XV-XVI ს.) მიხედვით კი, ეს ხმალი ტროას გმირს, ჰექტორს ეკუთვნოდა და როლანდმა ის მოგრისისგან მიიღო, რომელიც ასევე ლეგენდარული რაინდი და შუა საუკუნეების ეპიკური პოემების გმირი იყო. „სიმღერა როლანდზეში", დურენდალის ვადაში მოთავსებულია წმინდა პეტრეს კბილი, წმინდა ბასილი კესარიელის სისხლი, წმინდა დენისის (სენ-დენი) თმა და ღვთისმშობელი მარიამის ტანსაცმლის ნაგლეჯი. პოემაში, როლანდი, რონსევალის უღელტეხილზე, ათობით ათასი სარკინოზისგან იცავს კარლოს დიდის არმიის უკანდახევას საფრანგეთში. როლანდს არ სურდა მახვილი სარკინოზებს ჩავარდნოდა ხელში, მისი განადგურება კი შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ ის თავის სხეულში ჩამალა, თავის ბუკთან, ოლიფანტთან ერთად, რომელსაც კარლოს დიდის გასაფრთხილებლად იყენებდა ხოლმე. ეს სიუჟეტი თავისებურად აისახა ჯ.რ.რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელში", გონდორის მოურავის, დენეთორის ვაჟის, ბორომირის უკანასკნელი ბრძოლის სცენაში. (ილუსტრაცია ზემოთ: რონსევალის ველზე დაცემული როლანდი თავისი ბუკით ოლიფანტით ნიშანს აძლევს კარლოს დიდის ლაშქარს).

5. ჟუაიეზი
ჟუაიეზი ანუ „მხიარული" შუა საუკუნეების ყველაზე სახელგანთქმული ევროპელი მონარქის, კარლოს დიდის მახვილს ეწოდებოდა. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ჟუაიეზის ვადაში მოთავსებული იყო ლონგინოსის ლახვარი; ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული რელიკვია; სხვა გადმოცემით, ჟუაიეზი, დურენდალი და ოჟე არდენელის მახვილი კურტანა, ერთი მასალით იყო დამზადებული. ჟუაიეზი აღწერილია „სიმღერა რონალდზეში" როგორც უბადლო, შეუდარებელი იარაღი, რომელიც „დღეში ოცდაათჯერ იცვლიდა ფერს". შემდგომ საუკუნეებში, ხმალი, რომელსაც კარლოს დიდის ჟუაიეზთან აიგივებდნენ, საფრანგეთის მეფეების კორონაციის ცერემონიალის ნაწილი გახდა. ის პირველად 1270 წელს ფილიპ III, ბოლოს კი - 1824 წელს, შარლ X-ს კორონაციისას გამოიყენეს. თუმცა ეს მახვილი უფრო გვიანდელია და მისი ნაწილები X-XIII საუკუნეებშია დამზადებული.(ზემოთ ილუსტრაცია: კარლოს დიდის კორონაცია რომის პაპის ლეო III-ს ხელით. ფრიდრიხ კაულბახის ნახატი, 1861 წ.).

6. ტისონა და კოლადა
ტისონა და კოლადა, ცნობილ ესპანურ ეპოსში „სიმღერა ჩემს სიდზეში" მოხსენებული ორი მახვილია, რომლებიც ლეგენდარულ ესპანელ რაინდს, როდრიგო დიასს, „ელ სიდ" კამპეადორს ეკუთვნოდა. ელ სიდმა ტისონა ვალენსიასთან გამართულ ბრძოლაში ჩაიგდო ხელში. მისი უწინდელი მფლობელი კი მუსლიმი სარდალი იუსუფ იბნ ტაშფინი იყო. კოლადა კი მანამდე, სანამ ის ელ სიდის ხელში მოხვდებოდა ბარსელონას გრაფის საკუთრება გახლდათ. ამ დასახელების ხმალი ესპანეთის სამეფო სასახლის მუზეუმშია დაცული. მისი პირი, სავარაუდოდ, ძველია, მაგრამ ვადა XVI საუკუნეშია დამზადებული. ტისონას რამდენიმე ესპანურ მახვილთან აიგივებენ. ერთი მათგანი ბურგოსის მუზეუმშია დაცული.(ზემოთ ილუსტრაცია: ახალგაზრდა როდრიგო დიასი მამამისს უჩვენებს მოკვეთილ თავს თავისი მომავალი მეუღლის დონა ხიმენას მამის ლოზანოს გრაფისა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა როდრიგო დიასის მამას დიეგო ლაინესს. ხუან ვისენს კოტსის ნახატი, 1864 წ.).

7. ლობერა
ლობერა ანუ „მგლების მმუსვრელი", ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა წმინდა ფერდინანდ III კასტილიელის მეფობისას, სამეფო კვერთხის ნაცვლად. მეფე ფერდინანდ III (XIII ს.) რეკონკისტის პერიოდის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონარქი და მებრძოლი იყო. პაპი ინოკენტი IV მას „იესო ქრისტეს უძლეველ ფალავანს" უწოდებდა. ხმალი, რომელიც ლობერასთანაა ასოცირებული, ინახება სევილიის კათედრალში.(ილუსტრაცია ზემოთ: ფერდინანდ III, რომელსაც მარჯვენა ხელში უპყრია ლობერა. XVII ს. ნახატი).

8. ზულფიკარი
ზულფიკარი ალი იბნ აბუ ტალიბის (VII ს.), მეოთხე „მართლმორწმუნე ხალიფის" მახვილი იყო, რომელიც გადმოცემით მას წინასწარმეტყველმა მუჰამედმა მისცა. მუჰამედმა კი ის მთავარანგელოზ ჯიბრაილისგან მიიღო. სხვა ვერსიით, ის მუჰამედს ხელში ჩაუვარდა ბადრის ბრძოლის (624 წ.) შემდეგ. ზულფიკარს განსაკუთრებული ფორმა ჰქონდა - მისი პირი ორად იყო გაყოფილი. ხმალს მრავალი ლეგენდა უკავშირდება. ერთი გადმოცემით, როდესაც ალი არ იბრძოდა, ხმალს უბრალოდ ხელს უშვებდა და ის ჰაერში იყო გამოკიდული; როცა დასჭირდებოდა კი - ის წამსვე მის ხელში ჩნდებოდა. ითვლებოდა რომ ჯადოსნური ზულფიკარი, ისლამური სამყაროს საზღვრებს იცავდა მტრებისაგან. (ალი იბნ აბუ ტალიბი ერთგულების ფიცს, ბაიას დებს, ხალიფა-იმამობაზე თავისი მოთხოვნის დასამტკიცებლად.  XVI-XVII ს. ოსმალური მინიატურა). 


გამოყენებული ლიტერატურა:
ინტერნეტ-მასალები
Жак Ле Гофф, Герои и Чудеса Средних Веков (2012). ელ-ვერსია.


ნიკა ხოფერია