არმიათა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ



„სამხედრო ისტორიული კვლევა - იმ შემთხვევაში თუ წყაროები ამის საშუალებას იძლევა, აჯობებს ჯარების რიცხოვნობის კვლევით დავიწყოთ."
ჰანს დელბრუკი

„ისტორიკოსები დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდნენ მოწმის მიერ მოტანილი საარაკო მონაცემების შთაბეჭდილებების ქვეშ."
რაიმონ არონი

არმიების რიცხოვნობის დადგენა ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი პრობლემაა. არადა, რიცხვები გადამწყვეტ როლს ასრულებს ძალებს შორის ბალანსის განსაზღვრაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თითქმის ყოველთვის იმარჯვებს დიდი მასა, თუ რაოდენობრივ სხვაობას არ აბათილებს სიმამაცე და უკეთესი მეთაურობა უფრო სუსტი მებრძოლი მხარისა [Дельбрюк 1999, 36]. მიუხედავად თანამედროვეობაში არსებული უზარმაზარი ინფორმაციული სივრცისა, შედარებით დეტალური საბუთებისა და საარქივო მასალებისა, ახლაც კი ჭირს ზუსტი ცნობების მოპოვება რამდენიმე წლის წინ მომხდარ კონფლიქტებში მონაწილე სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ.
გაცილებით უფრო რთულია ასეთი რიცხვების დადგენა ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში. „ზოგადად, მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებელი ის დეტერმინანტია, რომლის არსიც ადამიანებისათვის გაუგებარია და ამ მიზეზით მას მისტიკური ხასიათი ენიჭება. ის ანონიმური და მოუხელთებელია. მის პერსონიფიცირებიას, ტრანსფორმაციას კეთილ ან ბოროტ ღვთაებაში ხმელეთის ან ზღვის ძალებით, ჰაერით ან წყლით, ნავთობით ან ქვანახშირით, სოციალიზმით ან კაპიტალიზმით, ტრესტებით ან სახალხო მასებით ახდენდნენ"[არონი 2009, 256]. თანამედროვე სამხედრო ისტორიული მეცნიერება, შეისწავლის სამხედრო ისტორიას არა მხოლოდ პოლიტიკური ისტორიის, არამედ ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული თვალსაზრისით. ამან უამრავი მანამდე არსებული მოსაზრება თავდაყირა დააყენა, ფაქტობრივად დაასამარა სამხედრო ისტორიის მხოლოდ პოლიტიკური ისტორიის კუთხით განხილვა; ის ციფრები, რომელშიც ერთფეროვანი, სწორხაზოვანი კვლევის საფუძველზე ეჭვი არ შეჰქონდათ და არც ცდილობდნენ, შეიცვალა. მეცნიერება ვითარდება და სტანდარტებიც იცვლება. ისტორია უფრო ადამიანური, ყოველდღიური და რეალისტური ხდება ვიდრე ეს ადრე იყო. ის პროცესში მონაწილეობს სხვა მეცნიერებებთან ერთად, რაც აადვილებს დასახული ამოცანის ამოხსნას და მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ახალი კვლევების დასაწყებად. „ბოლო ორ ათწლეულში, ანტიკური სამხედრო ისტორიის კვლევა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სწრაფად განვითარდა. ამას ხელი შეუწყო ელექტრონულმა რევოლუციამ, რამაც ერთმანეთს დააკავშირა მსოფლიო საბიბლიოთეკო ქსელები და ერთმანეთისაგან შორს მყოფი მკვლევარები. ამავე პროცესმა ხელი შეუწყო აკადემიური წრეების ფართო კომუნიკაციასა და კონტაქტებს. შეიქმნა კვლევების ხელშემწყობი ფინანსური პროგრამებიც: მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტმა დააფინანსა ძვ.წ. IV საუკუნის ტრირემის რეკონსტრუქცია, მისი უკეთ შესწავლის მიზნით. ახალი კვლევის შედეგებმა სამხედრო ისტორიკოსთა არსენალში გააჩინა ახალი იარაღი, რომლის გამოყენებაც მათ უკვე ტექსტებში შეუძლიათ [Gabriel 2008, 69]. 
პროფესიონალ სამხედრო ისტორიკოსს, რომელიც სამეცნიერო რესურსს ქმნის, აუარებელი სამუშაო აქვს. წყაროების წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით დამუშავება, შედარება, ისტორიოგრაფიის შესწავლა, გარემო ფაქტორების გათვალისწინება, არქეოლოგიური მასალის (არსებობის შემთხვევაში) გამოყენება და ა.შ. ისტორიის შესწავლა და კვლევა არ ნიშნავს მხოლოდ ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებს და ახალი ისტორიული წყაროების მიგნებას, არამედ არსებული ცოდნის გადაფასებასა და რეინტერპრეტაციას, რაც ჩვენთან დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ძალიან ძნელია დამკვიდრებული კლიშეების ამოშლა ისტორიიდან. ეს ნელ-ნელა და საფუძვლიანად უნდა მოხდეს და როგორც ზოგადად ისტორიაში, ისე კონკრეტულად სამხედრო ისტორიაშიც. 
1. ისტორიული წყაროების პრობლემა
არმიათა რიცხოვნობის განსაზღვრის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავისთავად არის წყაროების ნაკლებობა, მაგრამ ამას გარდა არსებული ისტორიული წყაროებისა და წარწერების არასწორი ინტერპრეტაცია/გააზრებაა. მთავარია რა დანიშნულებისაა ტექსტი და რა მიზანი გააჩნია მის ავტორს, შემკვეთს. ზოგჯერ, საჭიროებისდა მიხედვით, როდესაც რეალური ინფორმაციის ასახვა სურდათ და მის სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა გააჩნდა, მიახლოებით რეალური მონაცემებიც მოჰყავდათ (ასეთი ცნობები იშვიათია). მაგრამ ისტორიას, ფაქტობრივად XV საუკუნემდე, მის სეკულარიზებამდე, უმრავლეს შემთხვევაში, ისეთივე დანიშნულება ჰქონდა, როგორც უბრალოდ საინტერესო ამბავს და უფრო ახლოს იდგა რიტორიკასთან და პოეზიასთან, ვიდრე მეცნიერებასთან. რიჩარდ გაბრიელი აღნიშნავს: თანამედროვე მკითხველი აღმოაჩენს რომ არის რაღაც უცხო ანტიკური ავტორების დაწერილ ისტორიაში: ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები ხშირად უფრო ნაკლებად არიან დაინტერესებულები ისტორიული მოვლენების ფაქტობრივი აღწერით, ვიდრე  ამის მორალურ გაკვეთილად გადაქცევით, ძლიერი პოლიტიკური კლასების ცხოვრების ან კონკრეტული გავლენიანი პიროვნებების მოღვაწეობის გადმოცემით. დიდაქტიკური მიდგომა ისტორიისადმი ხშირად უკავშირდება დიდ ადამიანთა მოღვაწეობას [Gabriel 2008, 64]. 
ჰეროდოტე (ძვ.წ. V ს.), ფუძემდებელი ისტორიული ტრადიციისა, რომელსაც ისტორიკოსები საუკუნეების განმავლობაში მისდევდნენ
თუკიდიდე (ძვ.წ. V ს.) - ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვე, პელოპონესის ომის მემატიანე

ამას გარდა, ანტიკური ხანის ისტორიკოსები თავიანთ თხზულებებს უფრო ზეპირად გადმოსაცემად ქმნიდნენ და არა საკითხავად. განსაკუთრებული დამოკიდებულება რეტორიკისადმი, საფუძველს აძლევდა მათ შეექმნათ დიდი, ეპიკური, მაგრამ გამოგონილი ორატორული გამოსვლის სიტყვები, რომელთაც ცნობილ მხედართმთავრებსა და მეფეებს უკავშირებდნენ. თუ მშრალი, რეალური ფაქტები არასაკმარისი იქნებოდა ეფექტურობისათვის, შეიძლებოდა ისინი შეელამაზებინათ, გარდაექმნათ ამაღლებულ, ეპიკურ დრამად.  ბრძოლის ადგილმდებარეობა, რიცხვები, ზუსტი თარიღები, ქრონოლოგია და გეოგრაფიული დეტალები ხშირად არაზუსტია, გამოგონილია ან საერთოდაც გამოტოვებულია [Gabriel 2008, 64].  ისტორიებისგან განსხვავებით, ქრონიკები და ანალები მეტად ზოგადი იყო და უბრალო ქრონოლოგიური დანიშნულება უფრო გააჩნდა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას თუ ვინ იქნებოდა ისტორიის ავტორი, ესმოდა თუ არა მას სამხედრო საქმე, ტაქტიკა, ლოჯისტიკა, სტრატეგია, პირადად ჰქონდა ნანახი ეს მოვლენები თუ თანამედროვეების გადმოცემებით სარგებლობდა (ამ საკითხზე დაწვრილებით გაეცანით რიჩარდ გაბრიელის ესეს „შეგვიძლია ვენდოთ ანტიკურ ტექსტებს?"). რაიმონ არონი ეძებს შეცდომების და არასწორი ინფორმაციის გადმოცემის სხვა მიზეზებსაც, განსაკუთრებით XX საუკუნეში, როდესაც ბევრად უფრო ადვილი იყო ყველაფრის სწორად აღრიცხვა და სათანადო მონაცემები არსებობდა - „1940 წელს ფრანგებს სწამდათ რომ გერმანიაში პარაშუტისტების, ტანკების, თვითმფრინავების რიცხვი უზარმაზარია. სინამდვილეში საქმეში ჩაბმული იყო რამდენიმე ათასი პარაშუტისტი (4500 სათანადოდ მომზადებული), ტანკების რაოდენობა, რომლებმაც გაარღვიეს საფრანგეთის თავდაცვის ხაზები, არ აღემატებოდა 2580-ს, თვითმფრინავებისა, რომლებიც ბრძოლის ველის ზურგს ბომბავდნენ - 3000-ს. ასევე ნორმანების, ჰუსიტებისა და მონღოლების რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა დროს ევროპის ტერორიზებას ახდენდნენ, რამდენიმე ათასს არ აღემატებოდა. 1940 წლის ზაფხულის ბრძოლების დროს ბრიტანელები თვლიდნენ რომ 185 გერმანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს ერთ დღეში, სინამდვილეში კი 46 აღმოჩნდა. სიმრავლის ილუზია ჩნდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული მოწმე გრძნობს, რომ მის წინ მსმენელთა ბრბოა, არამედ იმიტომაც რომ თითოეული მოწმე საკუთარ წარმოსახვაში ხედავდა მტრის უფრო დიდ რაოდენობას.

 ნორმანი მხედრები (ფრაგმენტი ბაიოს გობელენიდან, XI ს.). ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა 6-7 ათასი მხედრით მთელი ინგლისის დაპყრობა შეძლო    

ამას არონი „სიმრავლის ილუზიას" უწოდებს. „ანგარებიან ფალსიფიკაციად" კი მიაჩნია ისეთი მოვლენები, როდესაც ამბის მიმომხილველი გარკვეული ინტერესებისდა მიხედვით ცვლის. ასევე შესაძლებლად მიიჩნევს სიმრავლის ილუზიისა და ანგარებიანი ფალსიფიკაციის კომბინირებას - „მართლაც, სჯეროდათ ბერძნებს იმ რაოდენობის რეალობისა, რომელსაც მიაწერდნენ ქსერქსეს ჯარს, თუ მათ საკუთარი ღირსებების გაზვიადება სურდათ? 1940 წლის ზაფხულში ცნობები გერმანული ტანკებისა და თვითმფრინავების უზარმაზარი რიცხვის შესახებ მართლაც აუცილებელი იყო უკანდახევის გასამართლებლად, თუ ფრანგები დარწმუნებულნი იყვნენ ამ ციფრების სინამდვილეში, რაც თითქოს მათ ალიბს აძლევდა და იმავდროულად შეესაბამებოდა მათ უშუალო შთაბეჭდილებებს?"[არონი 2009, 257-258]. 
იან ჟიჟკა მიუძღვის ჰუსიტებს (XV ს. მინიატურა)

ასეთი შემთხვევები მრავალია ანტიკურ და შუა საუკუნოვან ისტორიოგრაფიაში. თუნდაც ავიღოთ ზემოთ ნახსენები ქსერქსეს ლაშქარი (ძვ.წ. V ს.), გავგამელას ბრძოლა (ძვ.წ. 331 წ.), სადაც ბერძენ ისტორიკოებს ასტროონომიული ციფრებს (200-250 ათასი და მეტი) ასახელებენ სპარსელთა არმიის რიცხოვნობის განსაზღვრისას, ალეზიის ალყისას (ძვ.წ. 52 წ.), კეისარი, რომელიც ფაქტობრივად ამ მოვლენის ერთადერთი მემატიანეა, 300 ათასზე მეტ გალზე გამარჯვებას იკვეხნის, კატალაუნის ველზე ბრძოლის მემატიანეები, „ხალხთა ბრძოლას" და სხვა ამგვარ ეპითეტებს იყენებენ, რათა აჩვენონ ამ ბრძოლის განსაკუთრებულობა და ორივე მებრძოლი მხარის ასობით ათას მეომარზე საუბრობენ, აზენკურის ბრძოლისას (1415 წ.), სულ ცოტა ორ-სამჯერაა ხელოვნურად გაზრდილი ფრანგთა რიცხოვნობაც, გრანდსონის ბრძოლაში (1476 წ.) კი ბურგუნდიელებისა, ანდაც სულ ახლო მაგალითი - დიდგორის ბრძოლა, რომელიც ქრისტიანმა ავტორებმა გამოიყენეს სიმრავლის ილუზიისა და ანგარებიანი ფალსიფიკაციისათვის და მიუხედავად იმისა რომ დავითმა ისედაც დიდი გამარჯვება მოიპოვა თურქებთან ბრძოლაში, რამდენჯერმე გაზარდეს მოწინააღმდეგის რიცხოვნობა თავიან თხზულებებში, რათა ამით უფრო ეფექტიანი გაეხადათ ისლამური არმიის მარცხის მნიშვნელობა. ზოგჯერ ხდებოდა ისეც კი, რომ საკუთარი ძლიერების აღსანიშნავად და მოწინააღმდეგის დასაფრთხობად, თვითონვე ზრდიდნენ ხელოვნურად საკუთარი ძალების სიდიდეს. 


  გრანდსონის ბრძოლაში (1476 წ.) შვეიცარიელებმა სასტიკად დაამარცხეს ბურგუნდიელები 

ასე ხელოვნურად არის გაზრდილი რუსების მიერ ნაპოლეონის არმიის რიცხოვნობაც ბოროდინოს ბრძოლაში (1812 წ.), როდესაც აღმოჩნდა რომ რუსები არათუ ჩამოუვარდებოდნენ რაოდენობით ფრანგებს ამ ბრძოლაში, არამედ უფრო მეტნიც იყვნენ.
თანამედროვე, წამყვანი ისტორიოგრაფია უკვე დიდი ხანია გამოსულია ამ შთაბეჭდილებებიდან (რაშიც დიდი როლი შეასრულა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მკვლევარის ჰანს დელბრუკის ნაშრომებმა, რომელიც პირველ თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსად მიიჩნევა), თუმცა, ზოგგან, მაგალითად საქართველოში, ეს საფუძვლიანად ჯერაც არ მომხდარა, ცალკეულ, პროგრესულ და პროფესიონალ ისტორიკოსთა რამდენიმე ნაშრომს თუ არ ჩავთვლით. საზოგადოებაც, რომელსაც უკვე ნასწავლი და ჩაბეჭდილი აქვს ისტორიის ის ინტერპრეტაცია, რომელიც ადრე არსებობდა, ძირითადად, უარს ამბობს სიახლის მიღებაზე. დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვლება. 

2. დიდი არმიის აღქმა უძველესი დროიდან დღემდე
ყველა ეპოქაში, სხვადასხვა მმართველობის ფორმის მქონე სახელმწიფოში (რესპუბლიკა, მონარქია) ჯარის გამოყვანის გარკვეული წესი არსებობდა. „უკლებლივ ყველა მამაკაცი, რომელსაც იარაღის ხელში ჭერა შეუძლია" - ასეთი სამხედრო გაწვევა ისტორიაში რეალურად, არასდროს ყოფილა. სამხედრო ვალდებულებას ასრულებდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფი. 
ძველი მსოფლიოს ცივილიზაციებში, როდესაც პრივილეგირებული, არისტოკრატული ფენა ჯერაც არ იყო არმიისთვის მთავარი რესურსის წყარო, მთელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პოტენციურ სამხედრო ძალას წარმოადგენდა, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან ზღუდავდა მებრძოლი ძალის ხარისხი, მომარაგება, მართვა და ა.შ. შუა საუკუნეები პროფესიონალ მეომართა ბატონის ხანაა. ევროპულ და მეტნაკლებად აზიურ სივრცეშიც ფეოდალური წყობაა გავრცელებული - უხეშად რომ ვთქვათ, ეს იყო მცირერიცხოვანი შეიარაღებული ხალხის ბატონობა მრავალრიცხოვან უიარაღოებზე. როდესაც მრავალრიცხოვანი უიარაღოები მრავალრიცხოვანი იარაღიანები ხდებიან, ყალიბდება საშუალო ფენა, ვითარდება ვაჭრობა, ვრცელდება განათლება, იზღუდება მცირერიცხოვანი იარაღიანების მხარდამჭერი ეკლესიის უფლებები, ფეოდალიზმიც სრულდება და იწყება ახალი ისტორია.


ალექსანდრე მაკედონელის ფალანგა გავგამელასთან ბრძოლაში (ძვ.წ. 331 წ.)




  რომის იმპერიის ლეგიონების მსგავსი პროფესიონალური, რეგულარული, სახელმწიფოს ხარჯზე მყოფი არმია, რომელსაც შესანიშნავი სტრუქტურა, ორგანიზება, დისციპლინა ჰქონდა, არა მხოლოდ ანტიკურ, არამედ შუა საუკუნეებშიც არ შექმნილა და იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.  

ახალ ისტორიაში, აზიის განვითარება და წინსვლა იკლებს და შუა საუკუნეებში რჩება, მიუხედავად ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ცალკეული მცდელობებისა. ევროპაშიც ფეოდალიზმი დასრულებული ჯერაც არაა, მაგრამ ცვლილებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეკონომიკა ვითარდება, დემოგრაფიული ვითარება იცვლება, ფეოდალურ ლაშქარს ცვლის მცირერიცხოვანი რეგულარული არმიები, ჩნდება პირველი საერთო გაწვევის სისტემები (რამაც შექმნა ნაპოლეონის ომების მრავალრიცხოვანი ჯარები), უკვე არსებობს საკმარისი ინფრასტრუქტურა, ხელსაწყოები და ცოდნა, რითაც დიდი არმიის მართვა შედარებით გამარტივებულია. „დიდი არმია" სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარად აღიქმებოდა - მარათონის ბრძოლაში ალბათ მონაწილეობდა 3-5 ათასამდე ათენელი. ალექსანდრემ აზიის დაპყრობა წამოიწყო იმ დროისათვის უზარმაზარი არმიით, რომელიც შედგებოდა 40 ათასი მეომრისგან, ნაპოლეონმა ათჯერ მეტი ჯარისკაცის მობილიზაცია მოახდინა, რომ გადაელახა 1812 წელს რუსეთის საზღვრები. 1941 წელს, იმავე ღონისძიების განსახორციელებლად შეკრებილი ჰიტლერის არმია ითვლიდა მილიონობით, და არა ასი ათასობით ადამიანს. იესო ქრისტეს შობის დროს დედამიწაზე დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, XVII საუკუნეში - 600 მილიონი, დღეს 3 მილიარდი (ანუ 1960-იანი წლებისთვის) [რაიმონ არონი 2009, 259]. დრო იცვლება, მოსახლეობის რაოდენობა, მმართველობის ფორმები, იქმნება ახალი საზოგადოებები, შეიარაღება, უწყვეტია ტექნოლოგიური პროგრესი. ამ ყველაფერმა შეცვალა სამხედრო ხელოვნება, სამხედრო ხელოვნებამ კი შეცვალა ეს ყველაფერი. 

3. არმიის მართვის, კომუნიკაციის, მომარაგების პრობლემები და რიცხოვნობის საკითხი
„დიდი არმია ყოველთვის უწესრიგოა."
ევრიპიდე

გარდა ზემოთხსენებული მიზეზებისა, ჯარის ყოლა უამრავ სერიოზულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რაც აუცილებლად არის განსახილველი, თუ საკითხს დაწვრილებით და საფუძვლიანად ვიკვლევთ. როგორც ვთქვით, არმიის რიცხოვნობის მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განსაზღვრა  არასწორია და უამრავი მაგალითი გვაქვს როდესაც უფრო მრავალრიცხოვან ქვეყანას ბევრად მცირერიცხოვანი ლაშქარი ჰყოლია, ვიდრე სხვა, უფრო პატარა ქვეყანას. თუნდაც ავიღოთ მომთაბარე ხალხები, რომელთა საერთო რიცხოვნობა რეალურად ძალიან მცირე იყო, მაგრამ მომთაბარე საზოგადოებაში მამაკაცთა საკმაოდ დიდი ნაწილი პოტენციური მეომარი იყო და ხშირად 200-300 ათასიან ტომს 30 ათასზე მეტი მეომრის მობილიზება მოუხდენია ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში (IV-VI სს.), როდესაც შეიძლებოდა ამხელა არმიის გამოყვანა რომის იმპერიასაც კი  გასჭირვებოდა (იმპერატორმა ვალენსმა, 378 წელს, ადრიანოპოლთან ბრძოლაში, მთელი ძალების დაძაბვით და თავმოყრით, 25-30 ათასამდე მეომარს მოუყარა თავი). 
რამსეს II,  მეცხრამეტე დინასტიის ყველაზე ცნობილი ფარაონი, რომლის მეფობის პერიოდშიც გაიმართა ცნობილი ბრძოლა ხეთებთან, ქადეშის მახლობლად (ძვ.წ. 1274 წ.)

მონღოლების საერთო რიცხოვნობა მილიონამდე ან ცოტათი ამაზე მეტი იყო, მაგრამ სამხედრო პოტენციალი მათ გაცილებით მაღალი ჰქონდათ, ვიდრე დასავლეთის სახელმწიფოებს. ანტიკურ ხანაში, ეგვიპტის არმია, თავისი ძლიერების ზენიტში, ახალი სამეფოს პერიოდში, XIX დინასტიის ფარაონ რამსეს II-ს დროს (ძვ.წ. XIII ს.), 25 ათასი მეომრისგან შედგებოდა. ის კარგად იყო ორგანიზებული და იყოფოდა დღევანდელი სამხედრო კორპუსების ტიპის შენაერთებად. ეგვიპტეს, პოტენციურად უფრო მრავალრიცხოვანი არმიის გამოყვანის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ამ მასის ბრძოლისუნარიანობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, საბრძოლო წვრთნა და ხარისხი დაბალი იყო. შეიძლებოდა დიდი არმია თავისივე მეთაურისთვის გადაქცეულიყო დიდ პრობლემად და უფრო მეტად ეზარალებინა ის, ვიდრე სარგებელი მოეტანა. V საუკუნის ბერძენი ავტორის, ევრიპიდეს ცნობილი ფრაზაა: „დიდი არმია ყოველთვის უწესრიგოა". და ბერძნები ამ ჭეშმარიტებაში ბერძენ-სპარსელთა ომისას (ძვ.წ. 499-ძვ.წ. 449 წწ.) დარწმუნდნენ, როდესაც მათზე მრავალრიცხოვან სპარსელებთან მოუხდათ დაპირისპირება. 

    სპარსელი „უკვდავები", სამეფო გვარდია 

სპარსელთა პრობლემები უფრო მძიმეც კი იყო ვიდრე ბერძნებისა, რომლებიც თავისზე დიდი რესურსების და პოტენციალის ქვეყანას ებრძოდნენ - სპარსელებს უნდა გადაეკვეთათ საზღვაო და სახმელეთო გზებით დიდი მანძილი, შეენარჩუნებინათ კომუნიკაციები თავის ქვეყანასთან, აეგოთ გამაგრებული ბანაკები, მუდმივად მოემარაგებინათ მრავალრიცხოვანი ჯარი სურსათით, საბრძოლო მასალებით, ეკონტროლებინათ და შეენარჩუნებინათ წესრიგი, დისციპლინა, გაეკვლიათ გზა უცხო ტერიტორიაზე, რომელსაც მოწინააღმდეგე ხუთი თითივით იცნობდა. ბერძნები კი საკუთარ მიწაზე იბრძოდნენ, მომარაგებაც ჰქონდათ, შეიარაღებაც და ყოველგვარი უპირატესობა რასაც სამშობლოში ბრძოლა იძლეოდა. ამას ემატება ისიც, რომ სპარსელებს ასი ათასი კაციც რომ შეეკრიბათ და მოემარაგებინათ, რაც იმ დროისათვის უზარმაზარი რიცხვია, ბრძოლამდე მათი 50%-ც ვერ მიაღწევდა. უკვე მრავალრიცხოვანი არმიების ეპოქაში, ნაპოლეონმა 1812 წელს, 500 ათასზე მეტი მეომრით გადაკვეთა რუსეთის საზღვრები, მაგრამ ბოროდინოს ბრძოლაში ასი ათასზე ცოტა მეტი ჯარისკაცი გამოიყვანა და რუსები, რომელთაც 200-250 ათასი ჯარისკაცი ჰყავდათ ომის განმავლობაში, მასზე მრავალრიცხოვანი ჯარით, 120 ათასზე მეტი მეომრით  დაუპირისპირდნენ, თანაც თავდაცვით პოზიციებზე. 

   რუსეთიდან უკანდახევისას, ნაპოლეონის არმია მძიმედ დაზარალდა

ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს რა რთული პრობლემები დგას დიდი არმიის მართვის უკან როგორც ანტიკურ, ისე უფრო თანამედროვე ომებშიც. ასეთ შემთხვევაში მოლაშქრე არმია საბრძოლო თვისებებით, დისციპლინით, საბრძოლო სულისკვეთებით, ორგანიზებით ან რიცხოვნობით ბევრად აღმატებული უნდა იყოს და შესაბამისი მეთაურიც ჰყავდეს, რათა წარმატებას მიაღწიოს. ნაპოლეონმა გაიმარჯვა რუსებთან ბრძოლებში, მაგრამ კამპანია საბოლოოდ წარუმატებლად დასრულდა, რასაც უამრავმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. დიდ სივრცეებში მოქმედება არმიისთვის კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, მაგრამ ასევე პრობლემურია დიდი არმიისთვის პატარა, ღარიბ და მთაგორიან ქვეყანაში ბრძოლა. მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი არმიები ხანგრძლივად დგომისას დიდ ზარალს განიცდიდნენ და იძულებულები ხდებოდნენ უკან გასულიყვნენ - VI საუკუნეში, მერმეროე, სასანური ირანის ლაშქრის მეთაური, 20-30 ათასიანი არმიით იყო შესული ლაზიკაში, დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ვერ შეძლო ამ ჯარის მომარაგება, ზარალი განიცადა და უკან, პერსარმენიაში წასვლა მოუხდა. იგივე პრობლემებს XVI საუკუნეში ოსმალეთის მრავალრიცხოვანი არმია აწყდებოდა საქართველოში ლაშქრობისას. გაუვალი ტყეები და ხევები ისეთ დიდ პრობლემას უქმნიდა ჯარის დიდ მასებს, იშვიათად თუ რისკავდნენ დასავლეთ საქართველოში გადასვლას აღმოსავლეთიდან წამოსული დამპყრობლები (ამ ადგილების გაუვალობა არმიებისათვის კარგად აქვს აღწერილი VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს). 
ირანელი მხედარი (სასანური პერიოდის გამოსახულება, VI-VII სს.)

რამდენიმე ასეული კაცის დაყენება ამ ხეობაში, ფაქტობრივად უზრუნველყოფდა ლაზიკის აღმოსავლეთიდან დაცვას, თუ მტერი სამხრეთ მიმართულებიდან არ მოახერხებდა შეჭრას. განსაკუთრებულად უჭირდათ ასეთ გარემოში ბრძოლა მომთაბარეებს და ზოგადად, გაშლილ ველებზე ბრძოლას მიჩვეულ ხალხებს. როდესაც ნახეს რა სერიოზულ პრობლემად იქცა ქართველებთან ბრძოლა მთაგორიან და ტყიან რელიეფზე. „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა" - ასე მოუწოდა სელჩუკმა მმართველმა დავით IV-ს. თუმცა, დავით IV-მ არც გაშლილ ველზე ბრძოლას გაურბოდა, რადგან ჰყავდა შესაბამისი ცხენოსანი ჯარი - ყივჩაღები - რომლებიც ისევე მოქმედებდა და ისეთივე ეფექტური იყო, როგორც სელჩუკები. ამ შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი ტაქტიკური და რიცხობრივი დანამატი ჰქონდა მტერთან ბრძოლაში. 
და კიდევ, ხშირად, ანტიკურ და შუა საუკუნეების მემატიანეთა ცნობების გამართლებას ცდილობენ იმით რომ, თურმე არმიები მსახურებისა და ოჯახების თანხლებით მოძრაობდნენ და ეს ზრდიდა რაოდენობას და იმიტომ არის დასახელებული 300-400 ათასიანი ლაშქრები. ეს არგუმენტი აბსოლუტურად უადგილოა. თუ მთლიანად ხალხის გადასახლება არ მიმდინარეობს, როგორც მაგალითად ზღვის ხალხების მოძრაობის დროს იყო ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს ან IV-VI საუკუნეებში (და ეს ურდოებიც მთლიანობაში 150-200 ათასს არ აჭარბებდნენ მთელი ოჯახობის ჩათვლით) ხალხთა დიდი გადასახლების დროს, „ოჯახობით" და „ათასობით მსახურებით" არავინ მიდის ლაშქრობაში. 

   ეგვიპტელები თავს ესხმიან „ზღვის ხალხებს"(ძვ.წ. XIII-XII სს.). ანგუს მაკბრაიდის ნახატი


    მონღოლთა ლაშქრი მარში (XII ს.) 

დაპყრობილ ტერიტორიაზე შემდეგ სხვა ხალხის ჩასახლება სულ ხვაა და ამას არმიასთან ერთად მოძრაობასთან საერთო არ აქვს. მონღოლები მომთაბარეები იყვნენ, მაგრამ ისინი არასდროს ლაშქრობდნენ ოჯახებისა და მსახურების თანხლებით. ამ შემთხვევაში დაკარგავდნენ იმ საოცარ სისწრაფესა და მობილურობას, რითაც გამოირჩეოდა მონღოლური ლაშქარი და რაც მათი წარმატების მთავარი გასაღები იყო. არც ჰუნების მეფე ატილა იბრძოდა ამგვარად, არც თოღრულ-ბეგი, ალფ-არსლანი, მალიქ-შაჰი ან რომელიმე სხვა სელჩუკი სულთანი, არც ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ამირები. რასაკვირველია შუა საუკუნეებში საჭურველმტვირთველები ბრძოლის დროს დიდებულებს ხშირად თან ახლდნენ, მაგრამ ისინიც ჩვეულებრივ მებრძოლ ძალას წარმოადგენდნენ და არმიის ერთიან რიცხვში შედიოდნენ. ფეოდალურ ხანაში არამხოლოდ რაინდი იყო ცხენოსანი მეომარი. ასეთ შემთხვევაში მათი რაოდენობა ასეულებსაც ვერ მიაღწევდა. ძირითად მასას ქმნიდნენ უფრო დაბალი ფენის მეომრები, საჭურველმტვირთველები, პაჟები და საქართველოში `მსახურეული". მეფეთა და ცალკეულ დიდებულთა მხლებლების შედარებით დიდი რიცხვი, საერთო რაოდენობაზე ასეთ დიდ ზეგავლენას ნამდვილად ვერ ახდენდა. 
ამ მცირე ესეში ჩემი მიზანი არ იყო სათითაოდ განმეხილა ყველა სამხედრო კამპანია თუ ბრძოლა და მასში მოცემული არმიათა რიცხოვნობები, არამედ მეჩვენებინა ძირეული პრობლემები, რომელიც არმიის უკან დგას და უფრო ნათელი გამეხადა თუ რაზე მუშაობს სამხედრო ისტორიკოსი, როგორ უდგება ის საკითხს და რას უნდა მიექცეს ყურადღება სამხედრო ისტორიის შესწავლისას. იმედი მაქვს ეს ნაწილობრივ მაინც მოვახერხე. 


ბიბლიოგრაფია
1. არონი რაიმონ. მშვიდობა და ომი ერებს შორის. ფრანგულიდან თარგმნა გიორგი სანიკიძემ. თბილისი, 2009.
2. Davis, Paul K. 100 decisive battles: from ancient times to the present. Santa Barbara, 1999.
3. Fremont-Barnes, Gregory. The Napoleonic Wars: the rise and fall of an empire. Oxford, 2004.
4. Gabriel, Richard A. Subotai the valiant: Genghis Khan's greatest general. Westport, 2004.
5. Gabriel, Richard. „Can We Trust The Ancient Texts?". Military History;Mar/Apr2008, Vol. 25 Issue 1.
6. Keegan, John. A history of warfare. New York, 1993.
7. Keen, Maurice Hugh. Medieval warfare: a history. Oxford, 1999.
8. Procopius. History of the Wars: Persian War, I-VIII. London, 1916, 1924, 1928.
9. Sheppard, Ruth. Alexander the Great at war: his army, his battles, his enemies. Oxford, 2008.
10. Дельбрюк Ганс. История Военного Искусства в Рамках Политической Истории, т. I. Санкт-Петербург, 1999.
11. Eнглим, Саимон и Дж. Джестис Филлис. Воины и сражения древнего мира, 3000 год до н.э. - 500 год н.э. Москва, 2003.


ნიკა ხოფერია