სიგურდის საგა: ნორვეგიელთა ჯვაროსნული ომი


„ჭაბუკი მეფე კეთილი და მოსამართლე, და ხალხი მისი ერთგული:
მამაცნი არიან თანახმა ერთხმად, გაცურონ შორეულ მიწაზე ერთად,
შორეულ წმინდა მიწაზე, მეომრები აღსავსე რწმენით, 
ბრწყინვალენი და მხიარულნი, გაცურავენ სამოცი გრძელი გემით."
---------------
სნორი სტურლუსონი, საგა სიგურდ ჯვაროსნისა და მისი ძმების ეისტეინისა და ოლაფისა (XII-XIII სს.)

ჯვაროსნული ლაშქრობების პირველ ეტაპზე, კერძოდ კი 1096-1100 წლებს შორის პერიოდში, ევროპელებმა ფეხი მოიკიდეს სირია-პალესტინაში და შექმნეს ჯვაროსნული სახელმწიფოები სელჯუკთა სასულთნოში შემავალი საამიროებისა და ფატიმიანთა სახალიფოს მეზობლად, მაგრამ მალე ისინი მნიშვნელოვან პრობლემებს გადააწყდნენ - ახალი თავდაცვითი თუ შეტევითი ომები უფრო მრავალრიცხოვან სამხედრო ძალებს მოითხოვდა. ამ პერიოდში ევროპიდან ჯვაროსნების რამდენიმე ნაკადი ჩავიდა, რამაც გარკვეული დროით გაახანგრძლივა ჯვაროსანთა ექსპანსია ახლო აღმოსავლეთში და იერუსალიმის სამეფოსა და ანტიოქიის სამთავროს საშუალება მისცა დაეკავებინათ ის ქალაქები და ციხესიმაგრეები, რომელთა საშუალებით შეიძლებოდა როგორც ძლიერი თავდაცვითი სისტემის შექმნა შემდგომში მუსლიმთა შემოტევების მოსაგერიებლად, ისე საკომუნიკაციო ქსელისა და ზღვიდან ცოცხალი ძალით მომარაგების უზრუნველყოფა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად საინტერესო მოვლენა I და II ჯვაროსნულ ომებს შორის პერიოდში არის ნორვეგიის მეფის სიგურდის ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც ერთიანობაში წარმოადგენს ეპიკურ საგას, თუ როგორ დაძლიეს სკანდინავიელებმა უზარმაზარი მანძილი ნორვეგიიდან ლევანტამდე (ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო), იბრძოლეს ჯვაროსნების მხარდამხარ და შემდგომ უკან დაბრუნდნენ საზღვაო და სახმელეთო გზებით შორეულ სამშობლოში. 

მთავარი ისტორიული წყარო ამ ლაშქრობის შესახებ, არის XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე ისლანდიელი სკალდისა და მემატიანის, სნორი სტურლუსონის Heimskringla („მსოფლიო წრე"). 1103 წელს ნორვეგიის სამეფოში მაგნუს „ფეხშიშველის" ვაჟები სიგურდი და ეისტეინი გამეფდნენ. მესამე ძმა, ოლაფი, ამ დროს 4-5 წლის იყო და სამეფოს მისი ნაწილიც ძმების მმართველობის ქვეშ მოექცა. 
სნორი სტურლუსონი (კრისტიან კროგის ილუსტრაცია 
Heimskringla-ს 1899 წლის გამოცემისათვის)

მცირეწლოვანი სიგურდი მამამისს რამდენიმე საზღვაო ლაშქრობაში ახლდა თან 1098 წელს ორკნეის, ჰებრიდის კუნძულებსა და ირლანდიის ზღვაში. მაგნუსმა ის ორკნეის ერლად და კუნძულების მეფედ (ჰებრიდის, მანისა და კლაიდის ყურის კუნძულების). უცნობია დაბრუნდა თუ არა სიგურდი უკან მამასთან ერთად, მაგრამ როდესაც 1102 წელს ის კვლავ გაეშურა დასავლეთში სალაშქროდ, სიგურდი ორკნეის კუნძულებზე იმყოფებოდა. მაგნუსს სურდა სიგურდს ირლანდიის ერთ-ერთი მეფის მუირხეტახ უა ბრიაინის ქალიშვილი მოეყვანა ცოლად, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაგნუსი დაიღუპა ირლანდიელებთან ომში, სიგურდმა დატოვა თავისი დანიშნული პრინცესა და ნორვეგიაში დაბრუნდა, სადაც თავის ძმებთან ერთად გამეფდა. შეიძლება ითქვას, რომ მაგნუსმა საკმაოდ ძლიერი და მდიდარი სამეფო დაუტოვა ვაჟებს, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, ჰებრიდისა და მანის კუნძულებმა მალევე დაიბრუნეს დამოუკიდებლობა. 



სკანდინავიური ჭადრაკის ფიგურები (აღმოჩენილია შოტლანდიაში, სავარაუდოდ დამზადებულია ნორვეგიაში XII საუკუნეში) 

სიგურდის გამეფებისას, ნორვეგიაში ჯერ არ იყო ისეთი ჩამოყალიბებული ფეოდალური წყობა, როგორიც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ჰქონდათ და უფრო მეტად ჰგავდა ადრეფეოდალურ სისტემას (დანია ამ თვალსაზრისით უფრო განვითარებული იყო). მთელი ქვეყნის მიწები ფორმალურად მეფეს ეკუთვნოდა, მაგრამ მმართველობა ნაკლებად ცენტრალიზებული იყო და ხშირად მეფის სიძლიერე თავისუფალ მიწათმოქმედთა კეთილ ნებაზეც იყო დამოკიდებული, რომელთა დახმარების გარეშე მეფის ხაზინასაც უჭირდა და ვერც ჯარის შეკრებას შეძლებდა. თავისუფალი მიწათმოქმედები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ როგორც მცირე, ისე უზარმაზარი მამულების მფლობელები. ისინი წარმოადგენდნენ სკანდინავიელთა არისტოკრატიას და ისინი და მათთან მიწის სანაცვლოდ მომსახურეები ანუ ლანდბორები შეადგენდნენ ჯარის დიდ ნაწილსაც. მეფეს შეეძლო გაეცა საკუთარი მიწები და ახალი ვასალები შეეძინა, მაგრამ ამით მისი შემოსავლის რაოდენობაც იკლებდა. ამ დროისათვის ქვეყნის ისტორიაში ეკლესიასაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მაღალ საეკლესიო თანამდებობებს უმეტესად წარჩინებულები, ცნობილი გვარების წევრები იკავებდნენ და ომიანობის დროს, ისინი აბჯარასხმულები გამოდიოდნენ ბრძოლაში, როგორც ჩვეულებრივ არისტოკრატიის წევრები. 
სკანდინავიელები XII ს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

ნორვეგიელებმა ყველაზე გვიან აითვისეს ევროპაში შემოღებული სიახლეები და სამხედრო თვალსაზრისით ადრეული უფრო შუა საუკუნეების პერიოდს შეესაბამებოდა. XI საუკუნის ბოლოსათვის სკანდინავიელი მეომრები ისევე იყვნენ შეიარაღებულები, როგორც მათი წინაპარი ვიკინგები. ძირითად შეიარაღებაში შედიოდა ფარი, შუბი და მუზარადი, ცულები უფრო მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე მახვილები. ცალკეულ მეომრებს ჰქონდათ ჯაჭვის პერანგები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ომში იყო მოპოვებული ნადავლის სახით. XI საუკუნეში ძირითადად მრგვალ ფარებს იყენებდნენ, XII საუკუნეში ცხენოსნებმა უფრო გრძელი და წაწვეტებულბოლოიანი ფარების გამოყენება დაიწყეს, ქვეითებისათვის ეს ნაკლებად იყო მოსახერხებელი. ცხენოსანი ჯარის გამოყენება დანიასა და შვედეთში უფრო მალე დაიწყეს, ნორვეგიაში შედარებით გვიან. ამავე მიზეზით, საგზაო სისტემაც დანიაში მეტად განვითარებული იყო, ვიდრე ჩრდილოეთში. ტაქტიკური თვალსაზრისით, ვიკინგთა ეპოქის შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებამდე, სკანდინავიაში ბევრი არაფერი შეცვლილა. იგივე შეიძლება ითქვას მათი ნაოსნობის მეთოდებზე. ნორვეგიელები კვლავ რჩებოდნენ დიდ ნაოსნებად და მეზღვაურებად და ეს ბევრჯერ დაამტკიცეს ვიკინგების ეპოქის დასრულების შემდეგაც, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი სწორედ სიგურდის ჯვაროსნული ომია.

დანიელი მეომრები, XII ს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი) 
 
1107 წელს, ნორვეგიის მეფეებმა გადაწყვიტეს ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიეღოთ მონაწილეობა. ისინი დავობდნენ თუ ვინ უნდა გაძღოლოდა ლაშქარს და ვინ დარჩენილიყო სამეფოში მმართველად. საბოლოოდ გადაწყდა, რომ უფრო გამოცდილი მოგზაური, სიგურდი გაუძღვებოდა ჯარს, ხოლო ეისტეინი დარჩებოდა ნორვეგიაში. სიგურდი გახდა პირველი ევროპელი მეფე, რომელმაც ჯვაროსნულ ომში მიიღო მონაწილეობა და გაეშურა იერუსალიმისაკენ (Jorsalaland). ამისათვის მას ნორვეგიელებმა Jorsalafari ანუ ჯვაროსანი უწოდეს. 
1107 წლის შემოდგომაზე სიგურდმა 60 ხომალდითა და დაახლოებით 5 ათასი მეომრით გაცურა ჩრდილოეთის ზღვაში და პირველად შეჩერდა ინგლისთან, რომელსაც ამ დროს მეფე ჰენრი I მართავდა. ნორვეგიელებმა აქ გამოიზამთრეს და 1108 წლის გაზაფხულზე გზა გააგრძელეს. შემდგომი ზამთარი მათ პირენეის ნახევარკუნძულზე, გალიციაში გაატარეს, გზად მოუხდათ ბრძოლა სურსათისათვის, ასევე თავს დაესხნენ მეკობრეებს, რომელთაც სიგურდმა რამდენიმე ხომალდიც წაართვა. ნორვეგიელებმა დალაშქრეს პორტუგალიაც, სადაც აიღეს ციხე-ქალაქი სინტრა და ყველა მოსახლე ამოხოცეს, რადგან მათ უარი განაცხადეს გაქრისტიანებაზე. სინტრას შემდეგ სიგურდმა გაიმარჯვა ლისაბონთან და ალკასესთან ბრძოლებში. საბოლოდ, ნორვეგიელებმა დიდი ნადავლი მოიპოვეს, დატოვე პირენეის ნახევარკუნძული და 1109 წელს, გიბრალტარის სრუტის გავლის შემდეგ, ბალეარის კუნძულებს მიაღწიეს, შემდეგ კი გაცურეს სიცილიისაკენ, სადაც სიგურდი მიიღო ადგილობრივმა ნორმანმა მმართველმა როჯერ II-მ (ის ამ დროისათვის 12-13 წლის იყო). 
ქრისტე გვირგვინს ადგამს როჯერ II-ს (მოზაიკა მარტორანას ეკლესიაში, პალერმო)

ხანგრძლივი მგზავრობა დასრულდა 1110 წლის ზაფხულში. ნორვეგიელები მიადგნენ პალესტინას, ქალაქ აკრას ან იაფას და გაეშურნენ იერუსალიმისაკენ. იერუსალიმის მეფე ბალდუინ I დიდი სიხარულით შეხვდა სიგურდის ჩამოსვლას და ისინი ერთად გაეშურნენ მდინარე იორდანესაკენ. იქ სიგურდი მდინარეში განიბანა და „განიშორა თავისი ცოდვები". იქიდან მეფეები კვლავ იერუსალიმში დაბრუნდნენ. 

ედესელი სომხები ვასალობის ფიცს დებენ ბალდუინ I-ს წინაშე (XIII ს. მინიატურა)

პირველი სამხედრო კამპანია, რომელშიც ნორვეგიელებმა იერუსალიმის მეფესთან ერთად მიიღეს მონაწილეობა, იყო სიდონის ალყა. ეს ქალაქი ფატიმიანთა სახალიფოს მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. მეფე ბალდუინის ჯარი ხმელეთიდან შემოერტყა ქალაქს, ზღვიდან ნორვეგიელები. მათ ხელი უნდა შეეშალათ ფატიმიანთა ქალაქ ტირიდან სიდონამდე საზღვაო გზით მომავალი დახმარებისათვის. მას შემდეგ რაც მოქმედებებში ვენეციელთა ფლოტიც ჩაერთო, ქალაქი 47 დღის შემდეგ დაეცა. 
ნორვეგიელებმა ბევრი საჩუქარი მიიღეს იერუსალიმის მეფისაგან, მათ შორის ძელიცხოვლის წმინდა ნაწილი, რომელიც წმინდა ოლაფის საფლავზე უნდა ჩაეტანათ. სიდონში კი დაარსდა სიდონის სენიორია, რომელსაც სათავეში ესტაშ გრენიე ჩაუდგა. 

ჯვაროსანთა ციხესიმაგრე სიდონში (XIII ს.) 

სიდონის აღების შემდეგ, სიგურდმა გადაწყვიტა კონსტანტინოპოლისაკენ ანუ სკანდინავიელთათვის ლეგენდარული „მიკლაგარდისაკენ"(Miklagard) აეღო გეზი. კვიპროსზე მცირე ხნით შეჩერების შემდეგ, ისინი მიუახლოვდნენ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს და დაინახეს, რომ აქ „მთელი მიწა დაფარული იყო კოშკებით, ციხესიმაგრეებით, ქალაქებით, ერთიმეორის მიყოლებით, შუალედის გარეშე". სიგურდის ხომალდთა აფრები ისე ახლო-ახლო იყო ერთიმეორესთან, შორიდან ერთ უზარმაზარ აფრად მოჩანდა. მთელი კონსტანტინოპოლის მოსახლეობა გამოვიდა იმის სანახავად, თუ როგორ უახლოვდებოდა სკანდინავიელთა ფლოტი ქალაქს. იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა მათი პორტში შეშვების ბრძანება გასცა. 

ქრისტესა და ალექსი კომნენოსის გამოსახულება (XII ს. მინიატურა)

კონსტანტინოპოლში, ალექსი კომენენოსთან სტუმრობის შემდეგ, სიგურდმა დაიწყო მზადება სამშობლოში დასაბრუნებლად. მან გადაწყვიტა ყველა ხომალდი და ძვირფასი სკულპტურული გამოსახულებები მათ ცხვირებზე, იმპერატორისათვის დაეტოვებინა. სამაგიეროდ კი მიიღო მრავალი ცხენი, რომელთა საშუალებით, ევროპის გადაკვეთით შეძლებდა შინ დაბრუნებას. სიგურდის ხალხის ნაწილი კონსტანტინოპოლში დარჩა და ალექსი კომნენოსის სამსახურში შევიდა. ისინი ვარანგთა გვარდიის წევრები გახდნენ. 
სიგურდი კი ნორვეგიისაკენ გაეშურა. ეს მგზავრობა სამი წელი გაგრძელდა. გზად მან გაიარა ბულგარეთი (Bolgaraland), უნგრეთი (Ungararík), პანონია, შვაბია (Sváva) და ბავარია (Beiaraland), სადაც ის საღვთო რომის (Rómaborg) იმპერატორ ლოთარს შეხვდა. ბოლოს მიაღწია დანიას, სადაც სლესვიკში (შლეზვიგი) მის საპატივსაცემოდ დიდი ნადიმი მოაწყო იარლმა ეილიფმა, ჰეიდაბიში კი მას მეფე ნიკოლასი შეხვა, მანაც განსაკუთრებული პატივი მიაგო ჯვაროსან ხელმწიფეს და აჩუქა ხომალდი ნორვეგიაში დასაბრუნებლად. 
მეფე ეისტეინის ბიუსტი (XII ს.)

სიგურდის არყოფნისას, მისმა ძმამ ეისტეინმა ყველაფერი გააკეთა ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად. მის დროს განსაკუთრებით გაძლიერდა ეკლესია. სიგურდმა დედაქალაქი გადაიტანა კონგჰელეში (დღევანდელი კუნგელვი, შვედეთი), სადაც ბალდუინის ნაჩუქარი წმინდა ჯვრის ნაწილიც დაასვენა. 1123 წელს სიგურდმა კიდევ ერთი მცირე ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო, ამჯერად სმალანდში, შვედეთში, სადაც მოსახლეობამ ქრისტიანობა უარყო და ისევ ძველი ღმერთების თაყვანისცემა დაიწყო. სიგურდის დროს ნორვეგიაში შემოიღეს საეკლესიო გადასახადიც (Tithe - ე.წ. მეათედი). ამან განსაკუთრებით გააძლიერა ადგილობრივი ეკლესია. ამავე პერიოდს უკავშირდება სტავანგერის დიოცეზის დაარსება. სიგურდმა ვერ მიიღო თანხმობა ცოლთან გაყრის თაობაზე ბერგენის ეპისკოპოსისაგან, ამიტომაც შექმნა მეორე საეპისკოპოსო, რომელიც ამ სურვილს შეუსრულებდა. სიგურდ ჯვაროსანი გარდაიცვალა 1130 წელს და ის დაასაფლავეს ოსლოში, ჰალვარდის ეკლესიაში (Hallvardskirken) თავის მეუღლესთან, კიევის მთავარ მსტისლავ I-ს ქალიშვილთან, მალმფრედთან ერთად, ნორვეგიაში კი დაიწყო სამოქალაქო ომი, რადგან სიგურდს კანონიერი ვაჟი არ ჰყავდა. 

მეფე სიგურდის თავის ქალა, რომელიც XVII საუკუნეში ჰალვარდის ეკლესიის ნგრევისას სტუდენტმა უვნებლად გამოიტანა. 1957 წლიდან დაკრძალულია აკერსჰუსის ციხესიმაგრის მავზოლეუმში

XII საუკუნეში ევროპელებმა კიდევ ორი ჯვაროსნული ომი (II, III) მოაწყვეს წმინდა მიწაზე, საუკუნის მიწურულს კი კიდევ ერთი (IV), რომელსაც კონსტანტინოპოლი შეეწირა. ამათგან განსაკუთრებით გამორჩეულია III ჯვაროსნული ომი, რომელსაც მეფეთა ჯვაროსნულ ომსაც უწოდებენ, რადგან მასში მონაწილეობა მიიღეს საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ ბარბაროსამ, ინგლისის მეფემ რიჩარდ ლომგულმა და საფრანგეთის მეფემ ფილიპ ავგუსტმა. თუმცა ამ ლაშქრობას განსაკუთრებული წარმატება არ მოუტანია და იერუსალიმი, რომელიც 1187 წლის შემდეგ კვლავ მუსლიმთა ხელში იყო, ვერ დაიბრუნეს. 


ბიბლიოგრაფია

  1. Heimskringla or The Chronicle of the Kings of Norway, Saga of Sigurd the Crusader and His Brothers Eystein and Olaf (omacl.org).
  2. Steven Runciman, A History of the Crusades, I-II (Cambridge, 1951-52).
  3. David Nicolle, Medieval Scandinavian armies (Oxford, 2003).
  4. Mark Harrison, Viking warrior (Oxford, 2000).
  5. Sigfús Blöndal; Benedikt S Benedikz, The Varangians of Byzantium: an aspect of Byzantine military history (Cambridge, 1978)



ნიკა ხოფერია