ქართველები ნაპოლეონის ომებში (1803-1815)


ომებში, რომელიც საფრანგეთ-ინგლისის დაპირისპირებით დაიწყო 1803 წელს და 1815 წლამდე, იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის საბოლოო გადადგომამდე გაგრძელდა, მრავალი ეროვნების ადამიანი მონაწილეობდა. ევროპის მასშტაბებში დაწყებული ეს სამხედრო დაპირისპირება გავრცელდა ამერიკასა და აზიაშიც, მოიცვა მთელი მსოფლიო. ჯონ ჰოლანდ როუზი აღნიშნავდა, რომ „ნაპოლეონის ისტორია თორმეტი მნიშვნელოვანი წლის განმავლობაში კაცობრიობის ისტორიად იქცა".(1) რაც არ უნდა იყოს ნაპოლეონის ომების მიზეზები, მისი ჩავლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ძალიან განსხვავებული ევროპა და ძალიან განსხვავებული მსოფლიო.(2) ნაპოლეონის მხარეს და მის წინააღმდეგ არა მხოლოდ ფრანგები, ინგლისელები, ავსტრიელები, გერმანელები, შვეიცარიელები, იტალიელები, პორტუგალიელები, ესპანელები, შვედები თუ პოლონელები იყვნენ, არამედ ცალკეულ შემთხვევებში შორეული ქვეყნების, ევროპულ იმპერიათაგან დაპყრობილი თუ თავისუფალი ხალხების წარმომადგენლები. მათ შორის კი - ქართველებიც. ნაპოლეონის ომებს ქართველი მონაწილეები ორივე მხარეს ჰყავს, როგორც ფრანგების, ისე მოწინააღმდეგეების, კერძოდ კი რუსეთის იმპერიის. ჩვენ სტატიაში ცალ-ცალკე მიმოვიხილავთ ორივე მხარეს.

ნაპოლეონი და ქართველები: ურთიერთინტერესები
XVIII საუკუნის ბოლოს კავკასია წარმოადგენდა ადგილს, სადაც იკვეთებოდა რუსეთის, ოსმალეთისა და ირანის ინტერესები, ნაპოლეონის ეგვიპტური ექსპედიციის დროს კი საქართველოთი ფრანგებიც დაინტერესდნენ. ფრანგთა ეგვიპტური ლაშქრობის მიმართ ქართველებიც ამჟღავნებდნენ ინტერესს. „ქართველები იმედოვნებდნენ, რომ საფრანგეთის არმიის წარმატების შემთხვევაში, ისინი შეძლებდნენ ზოგიერთი ტერიტორიის დაბრუნებას და თურქეთისა და ირანის გავლენისაგან თავის დაღწევას".(3)  როდესაც ნაპოლეონი ეგვიპტეში შევიდა, ის უკეთ გაეცნო თუ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ მამლუქები, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მას მანამდეც უნდა ჰქონოდა. საინტერესოა, რომ ეგვიპტის კამპანიის დროს, ქართველებმაც გაიგეს ვინ იყო ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი გეგმებითაც დაინტერესდნენ. 1799 წლის 3 სექტემბერს, პეტრე ლარაძის მიერ გიორგი ბატონიშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღწერილია ნაპოლეონის გარეგნობა და  ცხოვრების წესი - „სიგრძეს მოგახსენებენ სამს ჩარექს და ოცდაოთხ საათში ორს საათს ძილს მიყუდებით, და დღე-ღამე სასმლისა და საჭმლის მიღებას ოდენ სამის სტილისას".(4) ლარაძეს აქვს ცნობები ბონაპარტის კამპანიის შედეგების შესახებ, თუმცა მეტად გაზვიადებული, ის წერს, რომ ნაპოლეონმა აიღო ალექსანდრია, ეგვიპტე, იერუსალიმი, მექა და მედინა და მალე კონსტანტინოპოლსაც აიღებდა. ლარაძე იმედოვნებდა, ნაპოლეონის მიერ ოსმალეთის დამარცხება საშუალებას მისცემდა ქართველებს, აღედგინათ ძალაუფლება სამცხე-საათაბაგოზე.(5) 

ნაპოლეონის ეგვიპტური კამპანიის პირველი ეტაპი

ეგვიპტიდან ლაშქრობის შემდეგ, პირველმა კონსულმა რუსეთის იმპერატორ პავლე I-თან ერთად დაგეგმა ავღანეთის გავლით ინდოეთზე ლაშქრობა. საგულისხმოა რომ რუსეთის ამიერკავკასიური პოლიტიკა სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდა. 1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ეს ლაშქრობა არ განხორციელდა პავლე I-ს მკვლელობის გამო. ირან-ავღანეთის ტერიტორიული სიახლოვის გათვალისწინებით, 1804 წლიდან ნაპოლეონმა ირანს მიანიჭა სამხედრო პლაცდარმის ფუნქცია. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღდადში საფრანგეთის კონსულის, ჟან ფრანსუა რუსოს მიერ მოფიქრებული ინდოეთზე ლაშქრობის გეგმა, რომელშიც საფრანგეთის, ირანისა და ავღანეთის კოალიციურ ჯარს უნდა მიეღო მონაწილეობა.(6) 
ნაპოლეონი და მისი შტაბის ოფიცრები ეგვიპტეში (ჟან-ლეონ ჟერომის ნახატი, 1863 წ.)

აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლ-კახეთის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ნაპოლეონის ურთიერთობებში ირანთან მესამე კოალიციის ომის პერიოდში. ფათჰ ალი შაჰს სურდა საქართველოსა და აზერბაიჯანზე კონტროლის აღდგენა და იქიდან რუსების განდევნა, ნაპოლეონს კი რუსეთის წინააღმდეგ ირანის ამხედრება და აღმოსავლეთში პოზიციის განმტკიცება, ასევე ინგლისელთა დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭება ირანთან. რუსეთთან ტილზიტის ზავის დადებამდე ნაპოლეონმა რამდენიმე მისია გაგზავნა ირანში. მისიებში მონაწილეობდნენ ისეთი პირები, როგორებიც იყვნენ ნაპოლეონის პირადი მდივან-თარჯიმანი, აღმოსავლური ენების მცოდნე პიერ-ამედე ემილიენ-პრობ ჟობერი, გენერალი ანტუან-ალექსანდრ რომიე და გენერალი კლოდ-მატიე გარდანი. შაჰმა ნაპოლეონთან თავისი ელჩი მირზა მოჰამედ რიზა ხანი გაგზავნა. 1807 წლის 4 მაისს, საფრანგეთსა და ირანს შორის ფინკენშტაინში დაიდო ხელშეკრულება. `კლოდ მატიე გარდანის მისია 1807 წლის 4 დეკემბერს ჩავიდა თეირანში ფინკენშტეინის ხელშეკრულების რატიფიცირებისა და სავაჭრო კავშირზე მოლაპარაკებებისათვის. ფინკენშტეინის საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული იყო სპარსეთის ძალაუფლების აღდგენა საქართველოზე".(7)
გენერალი გარდანი თავის კოლეგებთან ერთად სპარსეთის შაჰის კარზე (1808 წ.)

 ფინკენშტეინის ხელშეკრულება თავიდანვე განწირული იყო თავად ნაპოლეონის მიერ, რადგან მან ირანთან კავშირი 1807 წლის 7 ივლისს ტილზიტში რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შესწირა.(8)  „ნაპოლეონის პოლიტიკა რუსეთისა და სპარსეთის ურთიერთობასთან მიმართებით შეიცვალა და მან გარდანს დაავალა მათ შორის მეგობრობის დამყარებისათვის ეზრუნა. ნამდვილი სიძნელეები სწორედ მაშინ დაიწყო. სპარსეთი მზად იყო რუსეთთან ზავი დაედო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რუსული სამხედრო ძალები დაცლიდნენ და სპარსეთს დაუთმობდნენ. მაგრამ მარშალ გუდოვიჩს ნაბრძანები ჰქონდა მეფისაგან, არ დაეთმო არც ერთი ნაწილი დაპყრობილი ტერიტორიისა. გარდანისათვის ეს იყო დიპლომატიური თამაში, რომელშიც ყველა კოზირი მოწინააღმდეგეს ჰქონდა."(9) 1810 წელს ნაპოლეონთან ურთიერთობის დამყარება სურდა იმერეთის უკანასკნელ მეფეს სოლომონ II-ს, რომელმაც წერილიც გაუგზავნა მას. წერილში მეფე ნაპოლეონისადმი დიდ პატივისცემას გამოთქვამს, ატყობინებს, როგორ ემუქრება რუსეთისაგან საფრთხე და სთხოვს მფარველობას.(10) 1 წლით ადრე კი ნაპოლეონს წერილი მისწერეს რუსეთის მოწინააღმდეგე თეიმურაზ და ალექსანდრე ბატონიშვილებმა, რომლებიც ირანში იმყოფებოდნენ. ისინიც ითხოვდნენ იმპერატორისაგან, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიისათვის დახმარება გაეწია.(11) 
ალექსანდრე ბატონიშვილი

„წარმოიდგინეთ აღებული მოსკოვი, დამარცხებული რუსეთი, შემორიგებული ან მკვდარი მეფე და მითხარით, განა გაუჭირდება საფრანგეთის დიდ არმიას, ტიფლისის დამატებით ნაწილებთან ერთად, განგამდე მისვლა, სადაც საკმარიის იქნება ფრანგული დაშნის შეხება იმისათვის, რომ მთელ ინდოეთში დაეცეს ის სავაჭრო ნაგებობა, რომელსაც ინგლისის ძლიერება ეყრდნობა"(12)  - ასეთ სურვილს გამოთქვამდა ნაპოლეონი ნარბონის გრაფთან საუბარში. აქ ჩანს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას ინდოეთისაკენ მიმავალ გზაზე, ინდოეთისაკენ, რომელიც ბრიტანეთის ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა. აქტიური აღმოსავლური პოლიტიკა ნაპოლეონისათვის 1812 წლის კამპანიის შემდგომ დასრულდა, როდესაც მისთვის სასიცოცხლო გახდა ევროპაში დამყარებული მდგომარეობის შენარჩუნება და მის წინააღმდეგ შემდგარი კოალიციის დამარცხება, საქართველოს კი თითქმის ასეული წელი დასჭირდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. 
ქართველი მამლუქები ნაპოლეონის არმიაში
გვიანი შუა საუკუნეებიდან, ქართველი ტყვეების აღმოსავლეთში გადინების გზა, მეტად გავრცელებული პრაქტიკა - „ტყვის სყიდვა" იყო. XVII საუკუნის დასაწყისიდან ირანი და ოსმალეთი მათზე დამოკიდებულ ქართველ მეფე-მთავართაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ტყვეებით ვაჭრობა არ აეკრძალათ, რადგანაც გაყიდული ვაჟები მამლუქთა, იენიჩართა და ყულის ჯარის რიგებს ავსებდნენ, ქალები კი ჰარამხანებში ხვდებოდნენ. ტყვის სყიდვას პოლიტიკურის გარდა ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა — იგი ფეოდალთა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. მამლუქები ჯერ კიდევ XIII საუკუნიდან გამოჩნდნენ აღმოსავლეთში, აიუბიანების მმართველობის პერიოდში და ეგვიპტეში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და საკუთარი სასულთნოს შექმნა მოახერხეს. 

კაირო, კალაუნ-მეჩეთი (გეორგ მაკოს ნახატი, XIX-XX სს.) 

მამლუქები ითვლებოდნენ კარგ მეომრებად, რომლებიც ბავშვობიდანვე იწვრთნებოდნენ და მთელ აღმოსავლეთში იყვნენ განთქმულები სიმამაცითა და  საბრძოლო ხელოვნების კარგი ცოდნით. „მიუხედავად იმისა, რომ 1517 წლიდან ოსმალებმა დაიპყრეს ეგვიპტე, რეალურად ქვეყანას მამლუქები აკონტროლებდნენ. ისინი წარმომავლობით კავკასიიდან, საქართველოდან იყვნენ. მათი ბეიები (24 ბეი) ეგვიპტელთა შორის არაპოპულარულები გახდნენ მათგან დაწესებული მაღალი გადასახადისა და უცხოური წარმომავლობის გამო."(13) ისტორიოგრაფიაში მათ თავდაპირველად, ძირითადად ჩერქეზებად მიიჩნევდნენ, მაგრამ შემდგომში ტენენცია შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ მამლუქთა უდიდესი ნაწილი ქართული წარმოშობის იყო. ამას მოწმობს ჯეზარ აჰმედ ფაშას Nizamname-i Misir-ც.(14) ქართველმა მამლუქებმა განსაკუთრებით დიდი გავლენა მოიპოვეს XVIII საუკუნეში. 1798-99 წლებში, ნაპოლეონის ეგვიპტური კამპანიის დროს, ეგვიპტეს ფაქტობრივად ქართველი მამლუქები მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი განაგებდნენ. იმბაბასთან ბრძოლაში („ბრძოლა პირამიდებთან") გამარჯვების შემდეგ, ფრანგები კაიროში შევიდნენ და დაიწყეს ქართული და ჩერქეზული წარმომავლობის მამლუქების განდევნა თანამდებობებიდან. მათი მიზანი იყო ეგვიპტური ელიტის „დე-მამლუქიზაცია", მამლუქებისაგან გაწმენდა.(15) 


ბრძოლა პირამიდებთან (ლუი-ფრანსუა ბარონ ლეჟუნის ნახატი, 1808 წ.) 

ნაპოლეონი ცდილობდა გამოეყენებინა ეგვიპტელთა სიძულვილი მამლუქთა მიმართ და მამლუქების წინააღმდეგ აემხედრებინა მოსახლეობა. ნაპოლეონმა კარგად იცოდა თუ ვინ იყვნენ მამლუქები და საიდან იყვნენ ისინი წარმოშობით. მის პროკლამაციაში ვკითხულობთ: „დიდზე დიდი ხანია, რაც საქართველოში და კავკასიაში ნაყიდი მონების ჯგუფი მსოფლიოს ამ უმშვენიერეს მხარეს მტარვალურად სტანჯავს, მაგრამ ყოველივეს გამგებელმა უზენაესმა უფალმა ბრძანა, დასრულდეს მათი მეუფება".(16) რიგი წარუმატებლობების შემდეგ პალესტინა-სირიაში, 1799 წლის აგვისტოში, ნაპოლეონმა ეგვიპტე დატოვა და ძალაუფლება გენერალ ჟან ბაპტისტ კლებერს დაუტოვა. მან თან არმიის მცირერიცხოვანი, მაგრამ საუკეთესო ნაწილი წაიყვანა, რომელთა შორის მასთან დაახლოებული გენერლები იყვნენ. „ბონაპარტმა თან წაიყვანა რამდენიმე მამლუქიც, რითაც საზოგადოება გააოცა და მამლუქებზე ერთგვარ ხიბლნარევ წარმოდგენას დაუდო საფუძველი."(17) 
წარმოშობით სომეხი, თბილისში დაბადებული რუსტამ რაზა (ჟაკ-ნიკოლა პაიო დე მონტაბერის ნახატი, 1806 წ.)

მამლუქთა შორის იყო შემდგომში განსაკუთრებით ცნობილი, ნაპოლეონის პირადი მცველი, რუსტამ რაზა. მისი წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობდა, თითქოს ის ქართველი, დაღესტნელი ან თურქი იყო, მაგრამ ეს მსჯელობები მოკლებული იყო საფუძვლიან არგუმენტებს.(18) მართალია რუსტამი დაიბადა თბილისში (1782 წ.), საქართველოში, მაგრამ წარმოშობით ის სომეხი იყო, სომეხი ვაჭრის რუსტამ ჰონანის ძე. მამლუქი მონა რუსტამი ნაპოლეონს კაიროს შეიხმა ელ-ბექრიმ აჩუქა ძვირფასი აღკაზმულობით მორთულ შავ, არაბულ ბედაურთან ერთად.(19) რუსტამის სახელი ნაპოლეონის მამლუქებს შორის ყველაზე ცნობილია. მან დაწერა მემუარებიც(20), რომლითაც დამატებით ცნობებს ვიღებთ რუსტამის წარმომავლობისა და მისი ცხოვრების შესახებ ეგვიპტესა და ნაპოლეონის კარზე. მის მემუარებში კარგად ჩანს ისიც, რომ მამლუქთა შორის ქართველებს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავათ და ქართველ (ქართველ და „მეგრელ") ტყვეებს ანიჭებდნენ უპირატესობას მამლუქად აღსაზრდელად, ვიდრე თუნდაც სომხებს.(21)  
გენერალი ჟან რაპი (XIX ს. ლითოგრაფია)

1801 წლის მიწურულს, ნაპოლეონმა ეგვიპტიდან ჩამოყვანილი მამლუქებისაგან ესკადრონის ჩამოყალიბება გადაწყვიტა, რომელსაც სათავეში გენერალ ჟან რაპი ჩაუყენა. ესკადრონში 150 მხედარი შედიოდა და იყოფოდა 2 ასეულად, თითოეულში 5 ოფიცრითა და 76 მამლუქით. 1804 წელს 125 კაციანი მამლუქთა ესკადრონი საიმპერატორო გვარდიის ნაწილი გახდა და მამლუქთა ასეული ეწოდა.(22) ამ რაზმში ძირითადად კოპტები, არაბები, ბერძნები და სომხები მსახურობდნენ. მისი შემადგენლობა დროთა განმავლობაში შეიცვალა, რადგან მამლუქთა ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, ნაწილი პენსიაზე გავიდა. 1814-15 წლებისათვის ეს შენაერთი თითქმის მხოლოდ ფრანგებისაგან შედგებოდა. 
მამლუქთა ესკადრონში იყვნენ ქართველი მამლუქებიც. მათი სახელები მოხსენებულია საკონსულო და საიმპერატორო გვარდიის შემადგენლობის ამსახველ 1804 წლის სიაში. ეს სია შეისწავლა ალექსანდრე მიქაბერიძემ და იქიდან გამოყო ქართველი მამლუქების ჰასანისა და მუსაჰა-გიორგის სახელები. ამას გარდა აღმოჩნდა თბილისში დაბადებული მამლუქების სახელებიც - დაუდ გურჯი (23), გურჯი რუსტამი და გიორგი ჩერქესი, ასევე მამლუქი ანანია. არიან მამლუქები, რომელთა სახელში შედის სიტყვა „გუირგუეს" ან „გიურგუეს"(გიურგი/გურჯი?), თუმცა ეს არ განაპირობებს აუცილებლად მათ ქართველობას.(24) მათგან მამლუქმა ჰასანმა ნაპოლეონის თითქმის ყველა კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და იმპერიის დაცემის შემდეგ ჟანდარმერიაშიც მუშაობდა. 

ნაპოლეონის გვარდიის მამლუქისა და რუსი დრაგუნის ორთაბრძოლა (ჟაკ ონფრუა დე ბრევილის ნახატი, 1929 წ.)

ანანიამ (Hanna Nia) თავი გამოიჩინა ესპანეთში 1810-1811 წლებში და 1812 წლის 20 ნოემბერს დაიღუპა რუსეთში ლაშქრობისას.(25) ნაპოლეონის გვარდიის მამლუქთა შორის ყველაზე გამორჩეული სამხედრო კარიერა ჰქონდა თბილისში დაბადებულ მამლუქს შაჰინს (Chahin), რომელიც დიდი ალბათობით ქართველი იყო.(26) შაჰინი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით. მან მონაწილეობა მიიღო 1800-1815 წლების სამხედრო კამპანიებში. 1800 წელს ჰელიოპოლისთან ბრძოლაში ოცდათხუთმეტი ჭრილობა მიიღო და ლეიტენანტობა დაიმსახურა. 1805 წელს ის აუსტერლიცის ბრძოლაში მამლუქებს მიუძღოდა. მან სიკვდილისაგან იხსნა გენერალი მამლუქთა ესკადრონის მეთაური გენერალი ჟან რაპი და მტრის ზარბაზანი იგდო ხელთ. შაჰინი რამდენჯერმე დაიჭრა ეილაუსთან ბრძოლაში 1807 წელს და კაპიტნის წოდებაც მიიღო. იბრძოდა ესპანეთშიც და მონაწილეობდა დოს დე მაიოს (1808 წ. 2 მაისი) აჯანყების ჩახობაში. 
მამლუქები მაისის აჯანყების ჩახშობისას მადრიდში 1808 წელს (ჟაკ ონფრუა დე ბრევილის ნახატი, 1929 წ.)

შაჰინი მონაწილეობდა გერმანიისა და საფრანგეთის კამპანიებშიც. ბურბონების რესტავრაციის დროს შაჰინს ხელისუფლება დევნიდა, მაგრამ შემდეგ სამხედრო სამსახურში კვლავ აღადგინეს და 1830 წელს ალჟირის დაპყრობაშიც კი მიიღო მონაწილეობა, გენერალურ შტაბში მეორე რანგის თარჯიმნისა და მრჩევლის სტატუსით.(27) განთქმული მეომარი 1838 წლის 12 მაისს მელუნში გარდაიცვალა.(28) აღსანიშნავია, რომ შაჰინი დაჯილდოვებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენითაც. მისი სახელი სიაში აღნიშნულია როგორც Chaim, თუმცა ეს გასაკვირი ფაქტი არაა, რადგან მის სახელს სხვადასხვაგვარად იხსენიებდნენ, როგორც - Chaim, Chahine, Chahin.(29) 

ქართველები რუსეთის ჯარში
XVIII საუკუნის ბოლომდე, ქართული სამეფო-სამთავროები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ორი - ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, ჯერ კიდევ დამოუკიდებლები იყვნენ და კავკასიაში უცხო ძალების გაბატონებისაგან იცავდნენ თავს. 1783 წელს ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელიც გახდა რუსეთის იმპერიის ძალაუფლების დამყარების წინაპირობა ამიერკავკასიაში, რადგან გულისხმობდა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლას. რუსული გავლენა განსაკუთრებით იგრძნობდა ქართულ არისტოკრატიაზე, რომელიც რუსული არისტოკრატიის მსგავსად, თავის ძირითად მოღვაწეობის სფეროდ სამხედრო საქმეს მიიჩნევდა და კარიერის გასაკეთებლად რუსულ არმიაში შედიოდა. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიური გახდა მას შემდეგ რაც,  „ალექსანდრე I-ს 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით გამოცხადდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთთან შეერთება."(30) 
ალექსანდრე I (ფრანც კრიუგერის ნახატი, XIX ს. 30-იანი წლები)

ქართველებმა რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოაწყვეს, მაგრამ წარუმატებლად და იმპერიამ დასავლეთ საქართველოც დაიპყრო. ქართველ მოღვაწეთა, განსაკუთრებით კი არისტოკრატთა გადინება რუსეთში ამ დროს არ დაწყებულა. ეს პროცესი ჯერ კიდევ 1724 წელს, მეფე ვახტანგ VI-სა და მისი მრავალრიცხოვანი ამალის რუსეთში წასვლით დაიწყო. ნაპოლეონის ომებში მონაწილე ქართველ გენერალთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ 1724 წელს ვახტანგ VI-თან ერთად ჩასული ქართველი თავადების შთამომავლები იყვნენ. ქართველთა მეორე, მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში 1801 წლის შემდეგ ჩავიდა, როდესაც ალექსანდრე I-მა მოითხოვა საქართველოდან რუსეთში ჩასულიყვნენ სამეფო ოჯახის წევრები და მათი ნათესავები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ომში მონაწილე ქართველების უმრავლესობა რუსეთში სწორედ ამ გზით მოხვდნენ.(31)  
საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების ეპოქაში, რუსეთში ქართველ სამხედრო მოღვაწეთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო. ზოგიერთი მათგანი მაღალ სამხედრო თანამდებობებზეც მსახურობდა. მათ შორის იყვნენ სამეფო დინასტიის - ბაგრატიონთა წარმომადგენლები და ქართული თავადური გვარების წევრები. „მათი სრული სიის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია, ეს დიდწილად ეხება დაბალი რანგის სამხედროებს, რომელთა შესახებ ცნობები არ გვაქვს შემორჩენილი. გარკვეულწილად ეს მდგომარეობა გამოასწორა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ს ძემ, ბაგრატმა, რომელმაც შეადგინა 1812 წლის ომში მონაწილე ქართველთა სია."(32) 
გიორგი XII (იოსებ გოეტინგის ნახატი)

მისი სიის მიხედვით, 1812 წლის ომში 36 ქართველი მონაწილეობდა. სიაში არის ისეთი სამხედროც, რომელიც მხოლოდ 1813-1815 წლების კამპანიებში მონაწილეობდა და არ მიუღია მონაწილეობა 1812 წლის ომში. ეს იყო თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე.(33) ილია ანთელავას მიხედვით, 1812 წლის ომში მონაწილეობა 70-მა ქართველმა მიიღო, მათგან მხოლოდ ორი მონაწილეობდა რუსეთის არმიის საგარეო ლაშქრობებში. ქართველთა შორის 12 გენერალი იყო (სხვადასხვა დროს და არა კონკრეტულად 1812 წლის კამპანიისას ან უფრო კონკრეტულად ბოროდინოს ბრძოლისას), დაბალი ჩინის სამხედროთა რიცხვი კი ბევრად მეტი გახლდათ.(34)  რასაკვირველია ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარებისათვის კარგად არის ნაცნობი გენერალი პეტრე ბაგრატიონის სახელი. გენერალი პეტრე ბაგრატიონი საფრანგეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1798-1799 წლებში იბრძოდა ალექსანდრე სუვოროვთან ერთად, ჩრდილოეთ იტალიაში, შემდეგ კი 1805-1812 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ნაპოლეონთან ომებში და ისეთ გადამწყვეტ ბრძოლებში, როგორებიც იყო აუსტერლიცი, ფრიდლანდი და ბოროდინო. სწორედ ბოროდინოს ველზე დაიღუპა გენერალი ბაგრატიონი, როდესაც რუსთა არმიის ყველაზე მოწყვლად ფლანგს გმირულად იცავდა და ფრანგებს წინსვლის საშუალებას არ აძლევდა. ნაპოლეონი მას მაღალ სამხედრო შეფასებას აძლევდა და მის სიტყვებს თუ ვენდობით, რუსთა არმიაში საუკეთესო გენერლად მიაჩნდა. 
პეტრე ბაგრატიონი (ჯორჯ დოუს ნახატი, 1825 წ.)

კარგ შეფასებას აძლევდა ბაგრატიონს ალექსანდრე სუვოროვიც, რომლის ხელმძღვანელობითაც პეტრემ პირველ მნიშვნელოვან სამხედრო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.(35) გენერალი იყო პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმაც, რომან ბაგრატიონი, რომელიც 1805-1814 წლებში მონაწილეობდა ნაპოლეონის ომებში. განსაკუთრებით მან თავი გამოიჩინა ბაუცენის ბრძოლაში, თუმცა თავისი ძმის მსგავსი წარმატებისათვის არ მიუღწევია. XIX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ის მონაწილეობდა თურქებთან ომშიც.(36)   
1801 წელს, რუსეთის იმპერატორი პავლე I შეთქმულებმა მოკლეს, რომელთა შორის იყო ქართველი გენერალი ვლადიმირ იაშვილიც (1764-1815). ვლადიმირ იაშვილს 1801 წლის შემდეგ ფაქტობრივად მონაწილეობა არ მიუღია ნაპოლეონის ომებში, რადგან 1803 წლის შემდეგ გადასახლებული იყო კალუგის გუბერნიაში პავლე I-ს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, თუმცა 1812 წელს, სახალხო ლაშქრის ჩამოყალიბებისას, ის შეუერთდა მათ რიგებს და შეტაკებებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ალექსანდრე I-მა კატეგორიულად მოსთხოვა უკან დაბრუნებულიყო კალუგაში, სადაც 1815 წელს გარდაიცვალა. მისი ძმა, ლეო (1768-1836), რუსეთის არმიის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში მონაწილეობდა ნაპოლეონის ომებში. მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა საარიეგარდო მოქმედებებში 1805 წლის კამპანიის დროს და 1806-1807 წლებში, პულტუსკისა და ფრიდლანდის ბრძოლების შემდეგ, 1808 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიიღო, ასევე წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი. 
გენერალი ლეო (ლევ) იაშვილი (ჯორჯ დოუს ნახატი, 1823-25)

1812 წელს ლეოს მონაწილეობა არ მიუღია ბოროდინოს ბრძოლაში, ის პეტრე ვიტგენშტეინის კორპუსის I სარეზერვო საარტილერიო ბრიგადას მეთაურობდა და ებრძოდა საფრანგეთის არმიის იმ ნაწილს, რომელიც ნაპოლეონმა პეტერბურგის მიმართულებას მიუჩინა მარშალი ეტიენ მაკდონალდის სარდლობით, კერძოდ კი მონაწილეობდა მარშალ ნიკოლა უდინოს კორპუსთან ბრძოლაში.(37) იაშვილის არტილერისტები საგრძნობ დარტყმებს აყენებდნენ მტერს მთელი 1812 წლის ომისა და შემდგომი კამპანიების განმავლობაში. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ის საქმის კარგი მცოდნე, მამაცი და მომთხოვნი მეთაური იყო, ამავე დროს თავმდაბალი ადამიანი.(38)  1813-14 წლებში კვლავ არტილერიის მეთაური იყო და თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში მონაწილეობდა. ნაპოლეონის ომების დასასრულისათვის ლეო იაშვილი უკვე არტილერიის გენერალი იყო.(39) 
ანტონ შალიკაშვილი (ჯორჯ დოუს ნახატი, 1829 წ.)

გამორჩეული კარიერა ჰქონდა ანტონ შალიკაშვილს (ჩალიკოვი, 1854-1821). მან პრეობრაჟენსკის პოლკში დაიწყო მსახური. ნაპოლეონის ომებში პირველად 1799 წელს, შვეიცარიაში, გენერალ ალექსანდრ რიმსკი-კორსაკოვის კორპუსთან ერთად ლაშქრობისას მიიღო მონაწილეობა. 1805 წელს აუსტერლიცის ბრძოლაში მარცხენა ფეხში დაიჭრა. 1807 წელს ჰეილსბერგსა და ფრიდლანდთან იბრძოდა, მეთაურობდა სამეფო ულანთა რაზმს. იმავე წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. 1812 წლის ომში რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში მონაწილეობდა, მათ შორის ვიტებსკთან, ბოროდინოსა და ტარუტინოსთან. ანტონ შალიკაშვილი 1813-14 წლებში გერმანიასა და საფრანგეთში იბრძოდა და მონაწილეობდა ლეიპციგის ბრძოლასა და პარიზის დაკავებაში. დამსახურებებისათვის ის დააჯილდოვეს ავსტრიის, პრუსიისა და საფრანგეთის ორდენებით, მათ შორის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით.  
გენერალი სემიონ ფანჩულიძე

გენერალი ივანე ფანჩულიძე 

ნაპოლეონის ომებში იბრძოდა ორი ძმა ფანჩულიძე, ივანე და სემიონი. მათი მამა დიდგვაროვანი დავით ფანჩულიძე 1738 წელს წავიდა რუსეთში და მთელი ცხოვრება სამოქალაქო სამსახურში იმყოფებოდა.(41) ივანე (1759-1815) ნაპოლეონის ომებში 1805 წლიდან იბრძოდა, მანამდე კი თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ ომებში მონაწილეობდა. 1805 წელს მან თავი გამოიჩინა შონგრაბერნთან (ჰოლაბრუნთან)(42)  და აუსტერლიცთან ბრძოლებში და ფეხშიც დაიჭრა.(43)  1807 წელს გენერალ-მაიორი გახდა და 1812 წელს რუსეთის კავალერიის ბრიგადას სარდლობდა სმოლენსკის, ბოროდინოს, მოაისკის, ტარუტინოს, მალოიაროსლავეცის, კრასნისა და სხვა ბრძოლებში, რისთვისაც წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენიც მიიღო. 1813 წლის კამპანიაში თავი გამოიჩინა ლუცენის, ბაუცენის, რაიხენბახისა და კაცბახის ბრძოლებში, 1814 წელს კი იბრძოდა მაინცთან, რეიმსთან, ლა ფერე შამპენუაზთან და პარიზთან.(44) სემიონიც თავისი ძმის მსგავსად, ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში 1805 წლიდან მონაწილეობდა და იბრძოდა რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში, მათ შორის შონგრაბერნთან და გენერალურ ბრძოლაში აუსტერლიცთან, რისთვისაც წმინდა გიორგის IV კლასის ორდენი დაიმსახურა. 1807 წლის კამპანიისას სემიონ ფანჩულიძე მთელ რიგ მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა, მათ შორის ეილაუს, ჰეილსბერგისა და ფრიდლანდის ბრძოლებში და გენერალ-მაიორობას მიაღწია. 


ნაპოლეონი პრეისიშ-ეილაუს ბრძოლის ველზე (ანტუან-ჟან გროს ნახატი, 1808 წ.)

1812 წლის ომისას, სმოლენსკის, ბოროდინოს, მალოიაროსლავეცისა და სხვა ბრძოლებში თავის გამოჩენისათვის წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი მიიღო.(45) 1813-14 წლებში სემიონი მონაწილეობდა გერმანიისა და საფრანგეთის კამპანიებში, მათ შორის ბაუცენის, კაცბახის, დრეზდენის, ლეიპციგის, ლა როტიერის, კრაონის ბრძოლებში.(46) 
რუსეთის არმიის კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი იყო პავლე ლაშქარევი (1777-1857). მან სამხედრო სამსახური პრეობრაჟენსკის პოლკში დაიწყო 1781 წელს. მისი მამა, სერგეი ლაშქარევი ეკატერინე II-ს დროს ცნობილი დიპლომატი იყო. რევოლუციისა და ნაპოლეონის ომებში ლაშქარევი 1799 წლიდან მონაწილეობდა. ის გენერალ რიმსკი-კორსაკოვის კორპუსთან ერთად იბრძოდა ციურიხის ბრძოლისას და ჭრილობაც მიიღო. 1805 წელს თავი გამოიჩინა აუსტერლიცის ბრძოლაში. 1812 წელს ლაშქარევი ბაგრატიონის არმიასთან ერთად იხევდა სმოლენსკისაკენ. თავი გამოიჩინა კრასნისთან, სმოლენსკთან, შევარდინოსთან(47)  ბრძოლებში. ბოროდინოს ბრძოლაში თავში მძიმედ დაიჭრა და მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა. შემდეგი 2 წლის განმავლობაში მას აღარ მიუღია მონაწილობა სამხედრო კამპანიებში, თუმცა 1814 წელს მაინც მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.(48)  
გენერალი პავლე ლაშქარევი

გენერალი ივან ჟევახოვი (ჯავახიშვილი)

რუსეთის არმიაში ნაპოლეონის ომების პერიოდში ჯავახიშვილის (ჟევახოვი) დიდგვაროვანი ოჯახის სამი ოფიცერი მსახურობდა, რომელთაგან ორმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ნაპოლეონის წინააღმდეგ ევროპაში გამართულ ომებში. ივანე ჯავახიშვილი (1762-1837) იყო შთამომავალი ჯავახიშვილებისა, რომლებიც 1724 წელს, ვახტანგ VI-ს რუსეთში ემიგრაციის დროს გადასახლდნენ რუსეთში.(49) თურქების, პოლონელებისა და ჩერქეზების წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილი გახდა პოლკოვნიკი. თავი გამოიჩინა1807 წლის პოლონეთის კამპანიაში ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. 1812 წელს მსახურობდა III საობზერვაციო არმიაში. იბრძოდა რამდენიმე ნაკლებად მასშტაბურ შეტაკებაში. სიმამაცისათვის მიიღო წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი. 1812 წლის ბოლოს საკავალერიო რაზმის სათავეში იყო და მთელ რიგ შეტაკებებში მონაწილეობდა. 1813 წელს მონაწილეობა მიიღო დრეზდენის ბრძოლაში. იმავე წელს გახდა გენერალ-მაიორი. მალე ის დაეთხოვა სამხედრო სამსახურიდან და რუსეთში დაბრუნდა.(50)  


ბრძოლა დრეზდენთან, 1813 წ. (ანტუან შარლ ორას ვერნეს ნახატი, XIX ს.) 

სპირიდონ ჯავახიშვილმა (1768-1815), ისევე როგორც ივანემ, პრეობრაჟენსკის პოლკში დაიწყო მსახური და მონაწილეობა მიიღო თურქეთთან ომში და პოლონეთში ამბოხის ჩახშობაში. 1799 წელს მსახურობდა შვეიცარიასა და იტალიაში ჰუსართა რაზმში. 1805 წელს პეტრე ბაგრატიონის მეთაურობით იბრძოდა კრემსთან, ჰოლაბრუნთან, აუსტერლიცთან. შემდეგ წელს ჰეილსბერგთან და გუტშტადტთან. მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1812 წელს III საობზერვაციო სარეზერვო არმიაში იყო და მონაწილეობდა ბერეზინასთან მოქმედებებში. 1813 წელს თავი გამოიჩინა ლეიპციგის ბრძოლაში და იმავე წელსვე დაიმსახურა გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა 1814 წლის კამპანიაში. მოულოდნელად გარდაიცვალა 1815 წელს.(51)  

ნაპოლეონის არმიის ნარჩენები ბერეზინასთან (პიტერ ფონ ჰესის ნახატი, 1844 წ.) 

როგორც ჩანს, ქართველებს მონაწილეობა მიუღიათ ნაპოლეონის ყველა კამპანიაში, მის მხარეს და მის წინააღმდეგ. ნაპოლეონის მამლუქები XIX საუკუნის დასაწყისის დასავლეთ ევროპის კოლორიტულ ფიგურებად იქცნენ, რომლებიც გარდა იმისა, რომ მონაწილეობდნენ ნაპოლეონის სამხედრო კამპანიებში, თავიანთი აღმოსავლური ჩაცმულობით ახალი სტილი შეიტანეს ევროპულ მოდაში და ზოგადად გავლენა მოახდინეს ფრანგულ საზოგადოებაზე, მამლუქთა შორის კი იყვნენ ქართველებიც. რუსეთის სამხედრო ძალებში მომსახურე ქართველ ოფიცერთა დიდმა ნაწილმა თავი გამოიჩინა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში. განსაკუთრებით პეტრე ბაგრატიონმა, რომელიც ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მოღვაწეა. ქართველები იბრძოდნენ რუსეთის არმიის კავალერიაში, არტილერიასა და ქვეით ჯარში. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს ანტიფრანგული კოალიციის წარმატებაში. 


ბიბლიოგრაფია

  1. J. H. Rose, The Revolutionary and Napoleonic Era, 1789-1815 (Cambridge: University Press, 1907), 148. Charles J Esdaile, Napoleon's wars: an international history, 1803-1815 (New York: Viking, 2008, ©2007), Kindle Edition. The Napoleonic Wars in Historical Perspective.
  2. Esdaile, Napoleon's wars, The Napoleonic Wars in Historical Perspective.
  3. Alexander Mikaberidze, The Franco-Georgian Diplomatic Relationship, Part I [http://www.napoleon-series.org/research/government/diplomatic/c_georgia1.html].
  4. შ. ხანთაძე, „საინტერესო ქართული ცნობა ნაპოლეონ ბონაპარტეს შესახებ", დროშა, N9 (1958), 17. 
  5. ხანთაძე, „საინტერესო ქართული ცნობა ნაპოლეონ ბონაპარტეს შესახებ", 17.
  6. ირინე ნაჭყებია, „საქართველოს საკითხი საფრანგეთის, ინგლისისა და ირანის საგარეო პოლიტიკაში ნაპოლეონის აღმოსავლური პოლიტიკის კონტექსტში (XIX საუკუნის დასაწყისი)", ქართული დიპლომატია: წელიწდეული, 12 (2005), 64. 
  7. R. M. Savory, "British and French Diplomacy in Persia", 1800-1810. Iran, Vol. 10 (1972), 33.
  8. ირინე ნაჭყებია, „ნარკვევი საფრანგეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან: ალექსანდ რომიეს მისია ირანში (1805 წ.)", პერსპექტივა - XXI (2002), 112-113. 
  9. R. M. Savory, "British and French Diplomacy in Persia, 1800-1810", Iran, Vol. 10 (1972), 35.
  10. „სოლომონ II-ს წერილი ნაპოლეონ I-ს"[გამოაქვეყნა პროფ. ი. ტაბაღუამ], საისტორიო ვერტიკალები, N3 (2002), 136. 
  11.  ირინე ნაჭყებია, „ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილების მიერ ნაპოლეონისადმი გაგზავნილი სპარსულად დაწერილი წერილების ფრანგული თარგმანები (1809 წ.)", პერსპექტივა - XXI, N4 (2002), 116-121. 
  12. ჟან ტიულარი, ნაპოლეონი: ერთი ცხოვრების საბედისწერო მომენტები (თბილისი: აგორა, 2012), 319.
  13. Andrew Roberts, Napoleon: a life (New York: Viking, 2014), Egypt, Kindle Edition. XVIII საუკუნის ბოლოსათვის ეგვიპტეში 60-65 ათასამდე მამლუქი უნდა ყოფილიყო, რომელთაგან 15-17 ათასი შეადგენდა მამლუქთა კავალერიას. Mikaberidze, The Franco-Georgian Diplomatic Relationship, Part I: Bonaparte and Georgia Meet in Egypt.
  14. Gabriel Piterberg, "The Formation of an Ottoman Egyptian Elite in the 18th Century", International Journal of Middle East Studies,Vol. 22, No. 3 (Aug., 1990), 282-285.
  15. Juan Ricardo Cole, Napoleon's Egypt: invading the Middle East (New York: Palgrave Macmillan, 2007), 75.
  16. ბენიამინ სილაგაძე, ქართველი მამლუქები ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში (თბილისი: მეცნიერება, 1984), 12. Napoleon, Correspondance de Napoléon, publiée par ordre de l'Empereur Napoléon III (Paris: Imprimerie Impériale, 1860), IV, 269-271.
  17. ალექსანდრე მიქაბერიძე, „ამბავი ერთი მამლუქისა: ჟან შაჰინის ცხოვრება და მოღვაწეობა", საისტორიო კრებული, ტ. III (2013), 91.  
  18. ვრცლად ამ საკითხის შესახებ იხ. ნაპოლეონის მამლუქი: რუსტამ რაზას მემუარები, ფრანგულიდან თარგმნეს, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ (თბილისი: არტანუჯი, 2012); გოჩა ჯაფარიძე, „როგორ იმსხვრევა მითები, ნაპოლეონის მამლუქი: რუსტამ რაზას მემუარები", საისტორიო კრებული, ტ. III (2013). 
  19. Jill Hamilton, Marengo: the myth of Napoleon's horse (London: Fourth Estate, 2000), 31
  20. ბოლო პერიოდში გამოიცა ინგლისურ ენაზეც: Napoleon's Mameluke: The Memoirs of Roustam Raeza, edited and translated by Jonathan North (New York: Enigma Books, 2015).
  21. ნაპოლეონის მამლუქი: რუსტამ რაზას მემუარები, ფრანგულიდან თარგმნეს, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ (თბილისი: არტანუჯი, 2012), 3-24; 38. 
  22. მიქაბერიძე, „ამბავი ერთი მამლუქისა", 92-93. 
  23. მამლუქთა ნაკადი არ შეწყვეტილა 1801 წელს და შემდგომ წლებშიც შეიმჩნევა თითო-ოროლა მამლუქის ჩამოსვლა საფრანგეთში. როგორც წესი ესენი ხანდაზმული მამლუქები იყვნენ. მაგალითად 1811 წელს ეგვიპტელ ლტოლვილებზე მომზადებულ მოხსენებაში ჩამოთვლილია სხვადასხვა პიროვნებების ვინაობები, რომელთა შორის აღსანიშნავია „99 წლის" მამლუქი დაუდ კურჯი (DDaoud Kourgy - გურჯი?). Relevé nominatif des militaires compris dans les Troisiéme et Quatriéme Classes, Service Historique de la Défense, Archives du Ministère de la Guerre, Château de Vincennes, Xab 36. მიქაბერიძე, „ამბავი ერთი მამლუქისა", 93-94.
  24. მიქაბერიძე, „ამბავი ერთი მამლუქისა", 93.
  25. Garde Impériale. Chasseurs à Cheval - Mameluks. Registre de Matricule, Service Historique de la Défense, Archives du Ministère de la Guerre, Château de Vincennes, 2 Yb 79. მიქაბერიძე, „ამბავი ერთი მამლუქისა", 94. მიქაბერიძე, ხოფერია; ნაპოლეონის მამლუქი, 5-6. 
  26. უსაფუძვლოა ის ვერსია, თითქოს „შაჰინი" სომხური გვარიდან „შაჰინიანიდან"/„შაგინიანიდან" მოდის, რადგან სიტყვა `შაჰინი" არაბულია (შევარდენს ნიშნავს) და სავარაუდოდ როგორც რუსტამს უწოდეს იაჰია ეგვიპტეში, ისე მიიღო მან ეს სახელი გამამლუქების შემდეგ.
  27. Laurent-Charles Féraud, Les Interprètes de l’armée d’Afrique (Alger, 1876), 56, 184-5. მიქაბერიძე, `ამბავი ერთი მამლუქისა", 102. 
  28. მიქაბერიძე, ხოფერია; ნაპოლეონის მამლუქი, 6. მიქაბერიძე, „ამბავი ერთი მამლუქისა", 94-102. 
  29. მიქაბერიძე, `ამბავი ერთი მამლუქისა", 95. Fastes de la Légion d’Honneur. Biographie de Tous Les Décorés..., V (Paris, 1847), 65. P. Descaves, Historique du 13e régiment de chasseurs et des chasseurs à cheval de la Garde (Béziers, 1891), 288, 310, 313, 342, 344, 354, 374, 375.
  30. ვახტანგ ჯანჯღავა, ვახტანგ გურული, მერაბ ვაჩნაძე და სხვ. საქართველოს ისტორია: XIX საუკუნე (თბილისი: არტანუჯი, 2004), 9. 
  31. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 15. 
  32. И. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года (Тбилиси: Мерани, 1983), 5. ბატონიშვილ ბაგრატის შედგენილ სიას ეწოდებოდა: „ქართველთა სია, რომელთაც მონაწიელობა მიიღეს ამ ბრძოლაში და მსახურობდნენ რუსეთ-საფრანგეთის ომისა და ფრანგების მიერ დიდი ქალაქის მოსკოვის აღების დროს ორშაბათს 2 სექტემბერს 1812 წელს". Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 6. „ბაგრატ ბატონიშვილი 1812 წლის ომში ქართველების მონაწილეობის შესახებ", ისტორიული მემკვიდრეობა, N1 (თბილისი, 2012), 11.
  33. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 14.
  34. იქვე.
  35. Alexander Mikaberidze, "Peter Bagration - The Lion of the Russian Army"  [http://www.museum.ru/1812/english/Library/Mikaberidze/index.html]. Alexander Mikaberidze, The Russian officer corps in the Revolutionary and Napoleonic wars, 1792-1815 (New York: Savas Beatie, 2005), 16-17.
  36. Mikaberidze, The Russian officer corps, 18. ირაკლი ანთელავა, „გენერალი რომან ბაგრატიონი", ისტორიული მემკვიდრეობა, N1 (2011), 31-33. 
  37. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 51-52. 
  38. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 51-52. „ლევან იაშვილი - გენერალ ლეიტენანტი", ისტორიული მემკვიდრეობა, N1 (თბილისი, 2012),30,
  39. Mikaberidze, The Russian officer corps, 159-160.
  40. იქვე, 56.
  41. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 65. 
  42. შონგრაბერნის ბრძოლაში ივანე მარჯვენა ფლანგის მთელ კავალერიას სარდლობდა და წარმატებული შეტევაც მოაწყო მოწინააღმდეგეზე. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 66. 
  43. მტრის ქვეითებთან დაპირისპირებისას ტყვიით დაჭრეს მარჯვენა ფეხში. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 66. 
  44. Mikaberidze, The Russian officer corps, 293.
  45. ბოროდინოს ბრძოლაში მეთაურობდა კავალერიულ ნაწილს, რომელიც გენერალ-ლეიტენანტმა კორფმა გაგზავნა განლაგების ცენტრის დასახმარებლად. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 74. 
  46. Mikaberidze, The Russian officer corps, 294. 
  47. ივანე მეთაურობდა ჩერნიგოვის დრაგუნთა პოლკს, რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 68. 
  48. Mikaberidze, The Russian officer corps, 222. 
  49. Антелава, Грузины в Отечественной войне 1812 года, 79. 
  50. Mikaberidze, The Russian officer corps, 465.
  51. იქვე, 466. 
ნიკა ხოფერია