შეიარაღების წონა ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში


ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების შესახებ უამრავი არასწორი წარმოდგენა არსებობს, რომელთაც გარკვეულ პერიოდში დაიმკვიდრეს ადგილი და მათი ამოშლა ხალხის მეხსიერებიდან რთულია. ერთ-ერთი ასეთი მითი უკავშირდება ამ პერიოდის აბჯარ-საჭურვლის ზომა-წონას. ხშირად აღნიშნავენ თითქოს აბჯარი რამდენიმე ათეულ კილოგრამს იწონიდა, ძველად ხალხი ბევრად ღონიერი იყო და შეეძლო მისი ტარება ან უძრავად იჯდა ამ აბჯარში და ბრძოლისას ფაქტობრივად ვერ მოძრაობდა, ცხენიდან ჩამოვარდნილი ვეღარ დგებოდა და ა.შ. ასევე საუბრობენ 15-20 კილოგრამიან და უფრო მეტი წონის მქონე ხელჩართული ბრძოლის იარაღზე - მოკლე თუ ორსახელურიან მახვილებზე, ჩუგლუგებზე, ცულებზე. ბევრგან შეიძლება წააწყდეთ ცნობას 40 კილოგრამზე მძიმე სპარტული ფარებისა და აღჭურვილობის სხვა დეტალების შესახებ. უმეტესობა ამ ცნობებისა რეალობასთან ახლოსაც კი არაა, ზღაპარზე უფრო არარეალურია და მათი ჩამოყალიბებისას არაა გათვალისწინებული არც სამხედრო საქმის ძველი ტრაქტატები, არქეოლოგიური ნიმუშები და მათი კვლევები,
ადამიანის ფიზიოლოგია, ფიზიკური შესაძლებლობები ანტიკურ და შუა საუკუნეების პერიოდში და ა.შ. ხშირად ასეთ ცნობებს საფუძვლად აქვს ლეგენდები და მითები, ხალხური გადმოცემები. სინამდვილეში საქმე აბსოლუტურად სხვაგვარადაა და ვეცდებით ამ სტატიაში მოკლედ განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი ამ თემასთან დაკავშირებით. 


პართიელი მოისარი მხედრები შუა აზიიდან ანტიკურ ხანაში (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

უძველესი დროიდან, ადამიანი ცდილობდა შეექმნა ისეთი საბრძოლო იარაღი, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად კომფორტული გამოსაყენებლად და საკმარისად მძლავრი მტრის გასანადგურებლად და ასევე მისგან თავის დასაცავად. ამას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის ერთ-ერთი პირველია დისტანციურობა - გარკვეულ მანძილზე მტრის გაუვნებელყოფა უმჯობესია ვიდრე მასთან პირისპირ ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვა, ამან გააჩინა ისეთი იარაღები, როგორიცაა ხელშუბი, შურდული, მშვილდი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია იარაღის სიმსუბუქე - როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მეომარი ფიზიკურად, თუ უფრო მსუბუქი იარაღით შესაძლებელია მივიღოთ ისეთივე ან უკეთესი ეფექტი, ვიდრე მძიმე იარაღით, რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს უკანასკნელი? საუკუნეების განმავლობაში ადამიანი ცდილობდა თავისი იარაღი უფრო და უფრო გამძლე, მსუბუქი და მომაკვდინებელი გაეხადა და არა მძიმე და მოუქნელი. რა მაღალი დონისაც არ უნდა იყოს ფიზიკური მომზადება, ადამიანი დიდი წონის საგნის ხანგრძლივად ბრძოლაში გამოყენებას ვერ შეძლებს და მისთვისვე არის დამღუპველი. რაც შეეხება დამცავ აღჭურვილობას, ჯაჭვის პერანგს, ბეგთარს, მუზარადს, სხვადასხვა დროს მისი წონა მცირედად იცვლებოდა და შეიძლებოდა უფრო განვითარებული აბჯარი მეტად მძიმეც ყოფილიყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ის იმდენად იყო გაუმჯობესებული, მასას უფრო ნაკლებად საგრძნობს ხდიდა, ვიდრე უფრო მსუბუქი, მაგრამ მოუქნელი აბჯრისა. 
გადავხედოთ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში, რათა უფრო გასაგები გახდეს თუ რა იყო რეალურად აღჭურვილობის წონა, რომლის გამოყენებითაც იბრძოდნენ ამ პერიოდის მეომრები.

ანტიკური ხანა


ჰოპლიტი
ბერძენი ჰოპლიტები ანტიკური ხანის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო სისტემას ქმნიდნენ, რამაც შემდგომში ძველი მსოფლიოს დამპყრობ მაკედონურ ფალანგას დაუდო საფუძველი. ბერძენი ჰოპლიტი წარმოადგენდა მძიმედ შეიარაღებულ მეომარს. ის იბრძოდა ტაქტიკურ ერთეულში - ფალანგაში. რომელთან დაპირისპირება მსუბუქად აღჭურვილ და ტაქტიკურად მოქმედებაში ნაკლებად გაწაფული სპარსელი ქვეითებისათვის განსაკუთრებულად რთული გამოდგა. 

ბერძენი ჰოპლიტი სრული აღჭურვილობით (ჯონი შუმატეს ნახატი)

ბერძენი ჰოპლიტი (სპარტელი, ათენელი და ა.შ.) არქაული ეპოქის (ძვ.წ. VIII-VI სს.) დასასრულსა და კლასიკურ ეპოქაში (ძვ.წ. V-IV სს.) აღჭურვილი იყო შუბით, ფარით, მახვილით, მუზარადით, ფარით, ტანის დამცავი აბჯრით, ზოგჯერ სამუხლეებითაც. ახლა ვნახოთ ამ აღჭურვილობის ძირითადი ნაწილების წონა:
შუბი (დორი) - აღწევდა 1-დან 3 კილოგრამამდე, მისი სიგრძე დაახლოებით 3 მეტრი იყო. 
ფარი (ასპისი ან ჰოპლონი) - იწონიდა დაახლოებით 6,5 კილოგრამს და წარმოადგენდა ჰოპლიტის აღჭურვილობის მთავარ დეტალს. ხშირ შემთხვევაში ჰოპლიტს აბჯარი არ ჰქონდა, განსაკუთრებით პელოპონესის ომის პერიოდიდან, მაგრამ ფარს ყოველთვის ატარებდა.
ჰოპლიტის ფარი

მახვილი (ქსიფოსი) - დაახლოებით 1,5-1,7 კგ. მეორეხარისხოვანი იარაღი შუბის შემდეგ.
ქსიფოსი (თანამედროვე რეკონსტრუქცია)

მუზარადი - დაახლ. 1,5-1,8 კგ. კგამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის მუზარადები (თრაკიული, კორინთული, ატიკური, ქალკიდური და ა.შ.), თუმცა საშუალოდ მათი წონა საერთო იყო.
ქალკიდური მუზარადი

აბჯარი - მთლიანი ბრინჯაოს კირასა დაახლოებით 11-13 კგ-ს იყო, გვიანდელი ლინოთორაქსი ანუ სელის ქსოვილის ფენების ჯავშანი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა მაკედონურ პერიოდში, 5-6 კგ-ს იწონიდა. 



ლინოთორაქსის ტიპის აბჯარში გამოწყობილი ალექსანდრე მაკედონელი ისოსის ბრძოლაში (რომაული მოზაიკა, დაახლ. ძვ.წ. 100 წ.)

დაახლოებით იგივე ხდებოდა ელინისტურ პერიოდშიც, გარკვეული მცირე ცვლილებებით. 

ლეგიონერი
ახლა ვნახოთ რომაელი ლეგიონერის, ანტიკური ხანის უდავოდ ყველაზე წარმატებული მეომრის აღჭურვილობა გვიანდელი რესპუბლიკისა (ძვ.წ. II-I სს.) და ადრეული იმპერიის (ახ.წ. I-II სს.) ხანაში. მისი ძირითადი იარაღი იყო მოკლე მახვილი და ხელშუბი. თავს იცავდა ფარით, აბჯრითა და მუზარადით: 
რომაელი ლეგიონერი ბრიტანეთში ლაშქრობისას 43 წელს (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

ხელშუბი (პილუმი) - მისი წონა შეიძლებოდა ყოფილიყო 2-დან 5 კგ-მდე. პილუმს მოწინააღმდეგეს სტყორცნიდნენ როდესაც ის სასროლ მანძილზე მოუახლოვდებოდა ლეგიონერთა რიგებს.


რომაელი ლეგიონერები პილუმებს სტყორცნიან პართიელებს (მარიუშ კოზიკის ნახატი) 

ფარი (სკუტუმი) - დაახლ. 8-10 კგ. სკუტუმის გარეშე ისევე წარმოუდგენელია რომაელი ლეგიონერი, როგორც ბერძენი ჰოპლიტი ასპისის გარეშე. ფარი დიდ როლს თამაშობდა რომაელთა ტაქტიკურ მოქმედებაში. 
რომაული სკუტუმი დურა ევროპოსიდან (სირია, III ს.)

მახვილი (გლადიუსი) - დაახლ. 0,7-1 კგ. რომაელი ლეგიონერის მომაკვდინებელი მახვილი, რომლის გამოყენება რომაელებმა ძვ.წ. III საუკუნეში, ესპანეთში შეჭრის შემდეგ დაიწყეს, ადგილობრივი კელტიბერებისაგან აითვისეს, ამიტომ ამ მახვილს Gladius Hispaniensis ეწოდება.
გლადიუსი (თანამედროვე რეკონსტრუქცია)

აბჯარი (ლორიკა ჰამატა, ლორიკა სქვამატა ან ლორიკა სეგმენტატა) - ლორიკა ჰამატა წარმოადგენდა ჯაჭვის პერანგს და მისი წონა 12-15 კგ-მდე აღწევდა. ლორიკა სქვამატა ანუ ქერცლოვანი აბჯარი დაახლ. 10 კგ-მდე იწონიდა, ლორიკა სეგმენტატა კი, რომელიც ლითონის მთლიანი რკალებისაგან შედგებოდა, ასევე დაახლოებით 10-11 კგ-მდე იწონიდა. 
მარსის საკურთხეველი (ბრუნო ვეფხვაძის ნახატი). ნახატზე კარგად ჩანს ლორიკა სეგმენტატა, გალეა და ლეგიონერის ქამარი გლადიუსითა და პუგიოთი (ხანჯალი)

მუზარადი (გალეა) - ლეგიონერის მუზარადის წონა, სავარაუდოდ 1-3 კგ-ს შორის მერყეობდა. ასეთი მუზარადების გამოყენება რომაელებმა კელტების მიბაძვით დაიწყეს.
ახლა კი გადავიდეთ შუა საუკუნეებზე. ამ პერიოდს არანაკლები მითები უკავშირდება, ვიდრე ანტიკურ ხანას. 

შუა საუკუნეები

შუა საუკუნეებში აღჭურვილობა შედარებით უფრო მრავალფეროვანი გახდა და სხვადასხვა სახის აბჯარ-საჭურველი, ხელჩართული ბრძოლის იარაღები გაჩნდა.
ჯაჭვის პერანგი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო V-XIII საუკუნეებში, 12 კილოგრამამდე იწონიდა. რაინდის სრული აღჭურვილობა კი 20-25 კგ-ს აღწევდა. ეს წონა მთელ სხეულზე ნაწილდებოდა. რაინდები ბავშვობიდანვე ემზადებოდნენ და ვარჯიშობდნენ საბრძოლველად და შესაბამისად, ამ წონის ტარდება მათთვის განსაკუთრებულ სირთულეს სულაც არ წარმოადგენდა. ლეგენდარული ფრანგი მეომარი ჟან ლე მენგრი, მარშალი ბუკიკო (XIV ს.) ირწმუნებოდა, რომ მთლიანად შეაბჯრულს შეეძლო ცხენზე დაუხმარებლად ამხედრება და ეს სავსებით შესაძლებელია. 
ჟან ლე მენგრი (XV ს. ხელნაწერი)

XV საუკუნეშიც კი (ამ პერიოდზე აქცენტის გაკეთების მიზეზი ისაა, რომ XV საუკუნის აბჯარ-საჭურველი ყველაზე მძიმედ და მოუქნელად მიაჩნიათ ისტორიაში), როდესაც მთელი სხეულის დამცავი პლასტიკური აბჯრები შემოვიდა, აღჭურვილობა განსაკუთრებით არ დამძიმებულა.
XV საუკუნის რაინდული მუზარადები, საშუალოდ 2,7-3,4 კგ-ს იწონიდა და ის ყველა მხრიდან საიმედოდ ფარავდა თავსა და სახეს. 
ე.წ. ბროკას მუზარადი (Brocas helm), XIV საუკუნის სატურნირე მუზარადი, რომელიც სერ ბერნარდ ბროკას ეკუთვნოდა (დაცულია ლონდონის ტაუერში)

აბჯრის ნაწილი, რომელიც კისერს იცავდა 250 გრამამდე იწონიდა.
კირასა ანუ ტანის დამცავი ჯავშანი დაახლ. 5,7 კგ-ს.
კირასის ქვემოთა ნაწილი, რომელიც საზარდულს იცავდა და ზოგჯერ მუხლებამდე წვდებოდა, 750 გრამამდე იწონიდა. 
სამკლაურები და ხელის დამცავი ნაწილები 1,2-1,3 კგ.
ფეხების დამცავი აბჯარი დაახლ. 2,74 კგ.
უმკლავებო ჯაჭვის პერანგი 7 კგ, მკლავებიანი 9 კგ-მდე.
გრძელი, რაინდული ხმლის წონა 1,13 კგ-მდე აღწევდა, თუმცა არსებობდა სხვადასხვა წონის და ტიპის ხმლებიც. ე.წ. Zweihänder-ს ანუ ორსახელურიანი მახვილის წონა 2-2,3 კგ-ს აღწევდა. უფრო მძიმე ორსახელურიანი მახვილები ძირითადად არა ბრძოლის, არამედ დეკორატიული დანიშნულებისა და აღლუმებისთვის გამოიყენებოდა. ასეთი ხმლის წონას შეიძლებოდა 6 კგ-თვისაც კი მიეღწია. 
გერმანული ორსახელურიანი მახვილები (1600-იანი წლები). მარცხენა მახვილის წონა თითქმის 6 კგ-ა. დაკბილულპირიან მახვილებს ფლამბერგს უწოდებდნენ (ცეცხლის ალივით დაკლაკნილი). ეს ხმლები ისეთ პერიოდშია (XVII ს.) დამზადებული, როდესაც ასეთი იარაღი ბრძოლის ველზე ფაქტობრივად აღარ გამოიყენებოდა და უფრო დეკორატიული და საპარადო დატვირთვა აქვს (Wallace collection).


აღვნიშნოთ საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი აბჯარ-იარაღის წონაც:
XIII საუკუნის მუზარადი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და `ჯალალ ად-დინის მუზარადს" უწოდებენ, დაახლ. 700 გრამს იწონის, თუმცა დაზიანებულია და საღ მდგომარეობაში მისი წონა 1 კილოგრამს მიაღწევდა. ესაა მთლიანჭდილი, სფეროკონუსისებური მუზარადი.
ე.წ. ჯალალ ედ-დინის მუზარადი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

XIII საუკუნის მეორე ნახევრის კიდევ ერთი მუზარადი, რომელსაც „ბაყათარის მუზარადს" უწოდებენ და ითვლება, რომ XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყიში საქართველოში მოღვაწე ოს მთავარს, ბაყათარს ეკუთვნოდა, 1 კილოგრამს იწონის.  ესაა ზუჩიანი, მოძრავ საცხვირიანი მუზარადი.
პოლონეთში, ვაველში დაცული მუზარადი, რომელიც იგივე პერიოდის ან უფრო გვიანდელი შეიძლება იყოს, ასევე 1 კილოგრამამდე აღწევს, ხოლო ერმიტაჟის მუზეუმის მსგავსი ექსპონანტი, 1,5 კგ-ს იწონის. 

ზემოთ - ე.წ. ვაველის მუზარადი, ქვემოთ -  ვაველის ტიპის მუზარადი ერმიტაჟიდან (XIV ს.). მ. წურწუმიას და პ. დემიდოვის ფოტოები.


სრული ქერცლოვანი და ლამერალური აბჯრის წონა შუა საუკუნეებში მერყეობდა 14-16 კგ-ს შორის. მხოლოდ ტანის დამცავი ლამერალური კირასის წონა კი 5 კგ-ს აღწევდა. რაც შეეხება ჯაჭვის პერანგს, ის 12-14 კგ იყო. 
ხელჩართული ბრძოლის იარაღების, ხმლებისა და ლახტების წონა, ძირითადად მერყეობს 1-დან 2 კილოგრამამდე. 
ლამერალური აბჯრებითა და სფეროკონუსისებური მუზარადებით აღჭურვილი მხედრები (შუა საუკუნეების ქართული მინიატურა, XII-XIV სს.)

 რასაკვირველია სტატია არასრულყოფილია და ამ საკითხზე ამომწურავად დაწერა ფაქტობრივად შეუძლებელია ასეთ ფორმატში, მაგრამ იმედი მაქვს ზოგადი წარმოდგენისათვის გარკვეულწილად საკმარისია და დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარებათ ანტიკური და შუა საუკუნეების სამხედრო საქმის უკეთ გააზრებაში.

ბიბლიოგრაფია
  • წურწუმია მამუკა. საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, ტ. I. თბილისი, 2013.
  • წურწუმია მამუკა. შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700): ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება. დისერტაცია, თსუ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. თბილისი, 2014.
  • Sheppard, Ruth. Alexander the Great at war: his army, his battles, his enemies. Oxford, 2008.
  • Bull, Stephen; North,Tony, An historical guide to arms & armor. New York, 1991.
  • Southern, Pat. The Roman army: a social and institutional history. Santa Barbara, 2006.



ნიკა ხოფერია