ადამიანის მსხვერპლად შეწირვის წესი ანტიკურ და შუა საუკუნეების ევროპულ წარმართულ კულტებში


უძველესი დროიდან მსხვერპლშეწირვის რიტუალი მიღებული იყო თითქმის ყველა წარმართულ კულტში როგორც ევროპის, ისე აზიის, ავსტრალიის, ამერიკისა თუ აფრიკის ხალხთა შორის. მსხვერპლშეწირვა გარკვეულწილად შემორჩენილია ისეთ მსოფლიო რელიგიებში, როგორიცაა იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, თუმცა ადამიანის მსხვერპლშეწირვა ეს თანამედროვეობისათვის უკვე მიუღებელი და დავიწყებული ტრადიციაა, სისხლის სამართლის დანაშაულია და მხოლოდ განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ და ცივილიზებული, კანონმოქმედი ტერიტორიის მიღმა მცხოვრებ ტომებს შორის გვხვდება, ისიც ცალკეულ შემთხვევებში, მაგრამ იმის თქმა მაინც შეიძლება რომ ეს ტრადიცია ბოლომდე გამქრალი ჯერაც არ არის. ადამიანის მსხვერპლშეწირვა რიტუალურად ხდებოდა, ისე რომ ღმერთებისათვის ეს მისაღები ყოფილიყო. ამ ტრადიციასთან ახლოს დგას გარდაცვლილ ბელადთან ან მეფესთან ერთად მისი მსახურების დახოცვა და ერთად დაკრძალვა, რათა საიქიო ცხოვრებაშიც მას მომსახურებოდნენ, ასევე კანიბალიზმი და ადამიანის თავებზე ნადირობა. 

ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ტრადიციის გაჩენას უკავშირებენ სისხლის როგორც ადამიანის მაცოცხლებელი ძალის სიწმინდედ მიღებას. როგორც შემდგომში გამოჩნდა, ადამიანის მოკვლის უსისხლო მეთოდები, მაგალითად დახრჩობა ან გაგუდვა, ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა რელიგიურ-საკულტო კონტექსტში. ადამიანის მსხვერპლშეწირვა დაკავშირებულია მიწის ნაყოფიერების კულტთან და შესაბამისად, მიწათმოქმედ ხალხთან უფრო ასოცირდებოდა ვიდრე მონადირეებთან და მომთაბარეებთან. პრიმიტიულ მიწათმოქმედ საზოგადოებებში მსხვერპლი ხდებოდა მეფე-ქურუმი, რომელიც გამოხატავდა ნაყოფიერების ღმერთს. ხშირად მის ადგილზე სვამდნენ უბრალო ადამიანს, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მსხვერპლად შეწირავდნენ, თითქოს ის იყო ჭეშმარიტი მეფე.  მეფე-ქურუმის მსხვერპლად შეწირვა აფრიკის ტომებისათვის იყო დამახასიათებელი. მის ბედს ხშირად ასობით მისივე მონა იზიარებდა. ძველეგვიპტელთა წარმოდგენებით, საიქიო ცხოვრებაში მონები აუცილებლად უნდა ხლებოდნენ თავიანთ ბატონს. სემიტური მოდგმის ხალხები (მაგ. ამონიტელები, ფინიკიელები) მეფის ნაცვლად ღმერთის მოსამადლიერებლად ბავშვებს წირავდნენ (მოლოხის კულტი). 
ქურუმი ბავშვს სწირავს მოლოხის კერპს (XIX ს. ილუსტრაცია)

ადამიანის მსხვერპლშეწირვის კულტი განსაკუთრებით განვითარებული იყო მეზოამერიკულ კულტურებში (მაია, აცტეკები). ათასობით ადამიანს წირავდნენ მსხვერპლად ყოველწლიურ დღესასწაულებზე ამისათვის მოწყობილ სამსხვერპლოებზე, პირამიდულ ტაძრებზე. ინკები მსხვერპლშეწირვას მართავდნენ ახალი მმართველის ტახტზე ასვლის დროს. ინდიელთა წარმოდგენით, ადამიანის სისხლით იკვებებოდა მზე. ადამიანის მსხვერპლად შეწირვის რიტუალი ძველი ინდოეთისთვისაც იყო სახასიათო. უკვე ისტორიულ პერიოდში, მას აგრძელებდნენ ქალღმერთ კალის მიმდევრები. ჩინეთში XVII საუკუნემდე, ზოგჯერ იმპერატორთან ერთად ასაფლავებდნენ მასთან დაახლოებულ პირებსაც, რომელთაც არ სურდათ ცხოვრება მისი სიკვდილის შემდეგ. ამის ყველაზე სანდო არგუმენტი არის შანის დინასტიის პერიოდის სამარხები. იაპონელებმა შეწყვიტეს ადამიანების მსხვერპლად შეწირვა ადრეულ შუა საუკუნეებში. ადამიანის მსხვერპლშეწირვის ნიშნები გვხვდება ბიბლიაშიც. ბიბლიის მიხედვით, იეფთაემ ამონიტელებთან ბრძოლაში გამარჯვებისათვის აღთქმა დადო ღმერთისათვის შეეწირა პირველი ცოცხალი არსება, რომელიც სახლში მისვლისას შემოხვდებოდა (მსაჯულთა 11:30-31). ასევე აქ დაზუსტებით არ ჩანს ეს მსხვერპლად შეწირვას ნიშნავს თუ უბრალოდ იაჰვესათვის მის მიძღვნას. ამ თემაზე დისკუსიისას ხშირად ავლებენ პარალელს აბრამიისა და ისააკის ამბავთან, როდესაც აბრაამს ისააკი მსხვერპლად უნდა შეეწირა იაჰვესათვის.(1)  
იეფთაეს ასული (ალექსანდრე კაბანელის ნახატი, 1879 წ.)

ჩვენ სტატიაში მიმოვიხილავთ ანტიკურ და შუა საუკუნეების ევროპაში არსებულ მსხვერპლშეწირვის კულტებს. 

ძველი საბერძნეთი და რომი
ევროპაში ადამიანის მსხვერპლშეწირვის რიტუალს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის, როგორც სხვა ადგილებში, ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს რიტუალები არ იყო ისეთი რთული და დახვეწილი, როგორც უკვე ისტორიულ ხანაში. მსხვერპლშეწირვის რიტუალი არსებობდა ძველ საბერძნეთშიც ჯერ კიდევ ბნელ ხანამდე, მიკენური კულტურის ხანაში. ჰომეროსის მიხედვით, იფიგენია მამამისს მიკენის მეფე აგამემნონს აღთქმულ ჰყავდა ღმერთებისათვის შესაწირად ტროს ომში წარმატებისათვის. მის მაგივრად ღმერთებს არტემისის ირემი შესწირეს.(2)  ეს შეიძლება იმის მანიშნებელიც იყოს, რომ ბერძნებმა, ზოგადად,  ჩაანაცვლეს ადამიანის მსხვერპლშეწირვის ხერხი ცხოველის მსხვერპლშეწირვით. ზოგიერთი გადმოცემით ბერძნებმა აქილევსის საფლავზე მსხვერპლად შესწირეს პოლიქსენა, ტროას მეფის პრიამოსის ასული.(3) 

    იფიგენია (ანსელმ ფოიერბახი, 1862 წ.)         პოლიქსენას მსხვერპლად შეწირვა (ჯამბატისტა პიტონი, XIX ს.)

ადამიანის მსხვერპლშეწირვა მიღებული იყო ძველ რომშიც. მაგალითად, კანესთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ერთი გალი და ერთი ბერძენი ცოლ-ქმარი ცოცხლად დამარხეს ფორუმ ბოარიუმის ქვეშ ქვის დარბაზში(4), რომელიც ამ რიტუალისათვის მანამდე სულ ცოტა ერთხელ მაინც იყო გამოყენებული. იგივე გაიმეორეს ძვ.წ. 113 წელსაც გალიაში ლაშქრობის მომზადების წინ.(5) 


ფორტუნუსის ტაძარი ფორუმ ბოარიუმზე  (ძვ.წ. II-I სს.)

პლინიუს უფროსის ცნობით, ადამიანის მსხვერპლშეწირვა გაუქმდა 97 წელს, პუბლიუს ლიცინიუს კრასუსისა და გნეუს კორნელიუს ლენტულუსის კონსულობისას.(6) 
კელტები 
რომაელი მხედართმთავარი გაიუს იულიუს კეისარი თავის თხზულებაში „კომენტარებში გალიის ომის შესახებ"(Comentarii de Bello Gallico) წერდა: „გალები ძალიან ცრუმორწმუნე ხალხია. ადამიანები რომლებიც მძიმედ არიან დაავადმყოფებულები და ასევე მუდმივად ომსა და საშიშროებაში მყოფი მეომრები ხშირად დებენ ფიცს რომ შეასრულებენ ადამიანის მსხვერპლშეწირვას, რისკენაც მათ დრუიდები აქეზებენ. ასევე გალები თვლიან, რომ უკვდავი ღმერთების მომადლიერება სხვა არაფრით შეიძლება თუ არა ადამიანის მსხვერპლად შეწირვით. მათ მსხვერპლშეწირვის საყოველთაო რიტუალიც კი აქვთ. ზოგიერთი ტომი ამისათვის იყენებს უზარმაზარ საფრთხობელებს, როლის დაწნულ კიდურებში ცოცხალ ადამიანებს სვამდნენ, ქვემოდან ცეცხლს უკიდებდნენ და ხალხი ასე იწვებოდა ცეცხლში. ასევე მათივე აზრით უფრო უკეთესი იყო უკვდავი ღმერთებისათვის მსხვერპლად ძარცვაში, დარბევასა თუ სხვა მძიმე დანაშაულში მხილებული ადამიანი შეეწირათ, თუ ასეთები საკმარისები არ იყვნენ, მაშინ უდანაშაულოებით ავსებდნენ მათ რიგებს."(7)  
„დაწნული კაცი" (XVIII ს. გრავიურა)

კეისარი, სტრაბონი და დიოდორე სიცილიელი სამივენი ერთსა და იმავე ამბავს იმეორებენ დაწნული ფიგურების შესახებ, რომლებშიც ადამიანებს წვავდნენ. სტრაბონი და დიოდორე ამას ამატებენ რომ ადამიანებს ცოცხლად ჩეხდნენ და მათი სხეულის ნაწილებზე დრუიდები წინასწარმეტყველებდნენ. დიოდორეს მიხედვით ისინი იყვნენ დამნაშავეები ან ტყვეები, სტრაბონის მიხედვით მსხვერპლს ისრებით ცხრილავდნენ გალურ ტაძრებში. დიონ კასიუსი აღწერს რა სასტიკად დასაჯეს რომაელი დიდებული ქალი ბუდიკას იცენებმა ანდრასტეს(8)  სალოცავში.

ყველა ეს ტექსტი შეიძლება კელტების წინააღმდეგ შავი პროპაგანდის ნაწილია. პომპონიუს მელა I საუკუნეში წერდა, რომ კელტები აღარ მისდევენ ადამიანის მსხვერპლშეწირვას, მაგრამ უცნობია ეს რომაული ბატონობის მიზეზით იყო თუ თავად კელტებმა შეცვალეს ეს წესი.(9) ედვარდ ჯეიმსის აზრით ასეთი ბარბაროსობა უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ის წარმოადგენს გამართლებას რომაელთა მიერ გალიის დაპყრობისა, ისევე როგორც ბრიტანეთისა, სადაც სვეტონიუსის გადმოცემით კლავდიუსმა დრუიდთა სასტიკი და საშინელი კულტი გაანადგურა. პლინიუსი კანიბალიზმსა და ადამიანის მსხვერპლად შეწირვაზე წერს. ბრიტანელ ისტორიკოსებში მიღებული პრაქტიკაა ამ ცნობების უარყოფა, როგორც რომაული პროპაგანდის ნაწილისა, მაგრამ საქმე ასეც არ არის. მართალია ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ არქეოლოგიური გათხრებისას გაკეთებული აღმოჩენები საფუძველს გვაძლევს ვიმსჯელოთ სულ მცირე თავებზე ნადირობის ან სიკვდილით დასჯის წესის შესახებ.(10)

ლინდოუ მოსში (ჩეშირი, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისი) აღმოჩენილი ე.წ. „ჭაობის ცხედარი" (ჭაობის ცხედარი ანუ Bog body ეწოდება ტორფიან ჭაობებში აღმოჩენილ ცხედრებს, რომლებიც ამის წყალობით მთლიანად ან ნახევრად ნატურალურად მუმიფიცირებულია), რომელიც სავარაუდოდ რიტუალური მსხვერპლშეწირვის მსხვერპლი გახდა

ადრეულ ირლანდიურ თქმულებებში გვხვდება ადამიანის მსხვერპლად შეწირვის კულტის აღწერა. მაგალითად, ნიალი ქორწინდება ვიღაც უცნაურ ქალზე, დრუიდები კი ამას ცოდვად უთვლიან და გამოსასყიდად მათი შვილის სიცოცხლეს ითხოვენ. დესიებმა ოსორის ხალხი დაამარცხეს იმიტომ, რომ დრუიდი შესწირეს მსხვერპლად. გადმოცემის მიხედვით, მსხვერპლშეწირვამდე დრუიდი ძროხად გადაიქცა. არქეოლოგია ადასტურებს, რომ ზოგჯერ რკინის ხანის ციხესიმაგრეთა მიწაყრილებსა და კედლის საძირკველში მარხავდნენ მსხვერპლად შეწირულ ადამიანებს, რათა ამით განემტკიცებინათ კედლები. სავარაუდოდ მათ სასტიკი მეთოდებით კლავდნენ. ჩეშირში, ლინდოუ მოსში ნაპოვნი ჩონჩხი ადასტურებს ამ ფაქტს. ის ჯერ ნაჯახით არის დაჩეხილი, შემდეგ ყელი აქვს გამოჭრილი და თხრილშია ჩაგდებული. ჩვენთვის უცნობია დამნაშავეები ან ტყვეები იყვნენ ეს ადამიანები ვისაც მსხვერპლად სწირავდნენ თუ ხალხისგან ამორჩეული ადამიანები, რომელთაც მსხვერპლშეწირვამდე, ჩვეულებრივ დიდ პატივს მიაგებდნენ.(11)  

ინგლისში, ნორფოლკში მდებარე რკინის ხანის სიმაგრის რეკონსტრუქცია  (სუსან ვაითი)

გლოკესტერშირში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ჩონჩხი აჩეხილია და ძვლებიც დალეწილი, ძვლის ტვინის ამოსაღებად. ის სხვა ადამიანებმა შეჭამეს. იყო ეს შიმშილობის გამო ან დაკრძალვის უცნაური რიტუალია თუ მსხვერპლშეწირვის რიტუალის კულმინაცია, ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია. სიმაგრეების თხრილებში ცალკეული ადამიანების თავის ქალებიც მრავლადაა. თუმცა უცნობია უკავშირდება ის რელიგიურ რიტუალს თუ არა. ირლანდიური და ბერძნულ-რომაული წყაროებით ვიცით, რომ კელტებს თავიანთი მტრების თავების შეგროვების (Headhunting) წესი ჰქონდათ.(12) 
კარლა ნაილანდი თვლის, რომ ადრეული ბრიტანეთისათვის ადამიანის მსხვერპლშეწირვა უცხო არ იყო, რადგან მეზობელი და მონათესავე კულტურებში კონტინენტურ ევროპასა და სკანდინავიაში ეს წესი არსებობდა. საკითხი, მისდევდნენ თუ არა თავად ამ წესს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხალხი, რომელიც უკვე რომაელების შემდგომ დასახლდა ბრიტანეთში, IV-V საუკუნეებში, შეიძლება ისეთი ტომებიდან იყვნენ, რომელთაც ასეთი ჩვეულება არ გააჩნდათ ან ახალ გარემოში დაივიწყეს და მიატოვეს, ან აქ არ იყო ისეთი დიდი და ხანგრძლივად არსებული სარიტუალო ცენტრები, როგორიც ძველი უპსალა იყო ანდაც რომაულ-ბრიტანული კულტურული გავლენის გამო.

სატონ ჰუში აღმოჩენილი VI-VII საუკუნეების ანგლოსაქსური მუზარადი (დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში)

მართალია არის კონკრეტული მაგალითები ადრეული ანგლოსაქსური ინგლისიდან ადამიანის მსხვერპლშეწირვის შესახებ, მაგალითად სევერბი და სატონ ჰუ, თუმცა ასეთი სამარხების ნაკლებობა საერთო ჯამში უფრო მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი წესი აღარ არსებობდა. 1990-იან წლებში სატონ ჰუს გათხრებამდე, ადამიანის მსხვერპლშეწირვის დამადასტურებელი ნიმუში ანგლოსაქსურ სამარხში არ არსებობდა. ცნობილია, რომ ბრიტანეთში თითქმის 5 ათასამდე ანგლოსაქსური სამარხია გათხრილი და ადამიანის მსხვერპლშეწირვა რომ გავრცელებული პრაქტიკა ყოფილიყო, სხვაგანაც გამოვლინდებოდა.(13)  
გერმანია და სკანდინავია
ძველ გერმანელებსა და განსაკუთრებით სკანდინავიელებს შორის ადამიანის მსხვერპლშეწირვის რიტუალმა საკმაოდ დიდხანს გაძლო და მათ გაქრისტიანებამდე, X-XI საუკუნეებამდე გაგრძელდა. გერმანელთა შესახებ ცნობებს ძირითადად რომაელი ისტორიკოსი კორნელიუს ტაციტუსი გვაწვდის, რომელმაც რომაელებს შორის ყველაზე დაწვრილებით აღწერა ამ ხალხის წეს-ჩვეულებები თავის თხზულებაში „Germania". მისი გადმოცემით, მერკური არის ღვთაება, რომელსაც ისინი (გერმანელები) განსაკუთრებულად სცემენ თაყვანს და განსაკუთრებულ დღეებში მიიჩნევენ, რომ მისთვის ადამიანთა შეწირვაც მართებულია.(14) ტაციტუსისვე მიხედვით, ჰერმუნდურებისა და ხატების ტომებს შორის ბრძოლამდე, მათ შეჰფიცეს მარსსა და მერკურს, რომ თუ გაიმარჯვებდნენ, მოწინააღმდეგის ცხენებს, ტყვეებსა და ყოველგვარ ცოცხალს მათ შესწირავდნენ მსხვერპლად.(15) გერმანელების ღმერთი „მერკური" იგივე ვოდენია (ოდინი), რომელიც როგორც მათი ისე სკანდინავიელების უმთავრესი ღვთაება იყო.

ოდინი მიმირის ჭასთან (კარლ ემილ დოპლერ უმცროსის ნახატი, 1905 წ.) 

სკანდინავიაში ადამიანის მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესახებ, განსაკუთრებით ვიკინგების ხანაში ანუ ადრეულ შუა საუკუნეებში საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს, როგორც წერილობითი ისე არქეოლოგიური.  ეს ცნობები ეხება არა მხოლოდ კონკრეტულად სკანდინავიას, არამედ სკანდინავიელებს, რომლებიც მოგზაურობდნენ შორეულ ქვეყნებში, იპყრობდნენ მიწებს, აარსებდნენ ახალ სამეფოებს. აღმოსავლეთში, შავი ზღვისპირეთში და დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მათ თავიანთი სამთავროები შექმნეს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო კიევის სამთავრო. ვიკინგებმა საფუძველი ჩაუყარეს რუსული სახელმწიფოების დაარსებას, რომელშიც სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას თვითონ შეადგენდნენ, ხალხის დიდი ნაწილი კი სლავები იყვნენ. ვიკინგები თავდაპირველად თვითონ იწოდებოდნენ რუსებად და მალე ეს სახელი განზოგადდა, ისევე როგორც ბერძნული სახელწოდება ვარანგები, რომელსაც რუსებს ბიზანტიელები ეძახდნენ. X საუკუნეში შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე რამდენიმე არაბმა დიპლომატმა და მოგზაურმა იმოგზაურა და ზოგიერთი ცნობაც დაგვიტოვა მათი საინტერესო რელიგიური რიტუალების შესახებ. 
სლავური მითოლოგიის ღმერთები ველესი, პერუნი და მათი სიმბოლოები

ერთ ერთი იყო აჰმად იბნ ფადლანი, რომელიც აღწერს რუსი მეთაურის დაკრძალვას: „როდესაც კაცი, რომელსაც მე ვესაუბრე, გარდაიცვალა, მის მონა გოგონებს ჰკითხეს: რომელი მოკვდებით მასთან ერთად? ერთმა უპასუხა: მე. შემდეგ ის დააწვინეს თავისი ბატონის გვერდით, მოხუცი ქალი, რომელიც სიკვდილის ანგელოზად იყო ცნობილი შემოვიდა, გოგონას ყელზე თოკის მარყუჟი ჩამოაცვა და მისი ორი ბოლო ორ კაცს მისცა, რათა მოეზიდათ ორივე მხრიდან. შემდეგ მიუახლოვდა ფართოპირიანი დანით, რომელიც რამდენჯერმე გაუყარა ნეკნებს შორის, კაცები კი მთელი ძალით ქაჩავდნენ თოკებს სანამ ის არ მოკვდა."(16) აჰმად იბნ რუსტა, X საუკუნის სპარსელი მოგზაური და გეოგრაფი წერდა: „როდესაც ერთ-ერთი დიდებული გარდაიცვალა, მათ გააკეთეს სამარხი დიდი სახლის მსგავსად და იქ დაასვენეს. ასევე იქ ჩასვეს მისი საყვარელი ცოლი, რომელიც ჯერაც ცოცხალი იყო. შემდეგ სამარხის კარი დალუქეს და ის იქ მოკვდა."(17) XII საუკუნის რუსული ქრონიკის მიხედვით, ტყვეებს მსხვერპლად სწირავდნენ სლავთა უმაღლეს ღვთაებას პერუნს. ადამიანის მსხვერპლშეწირვა, როგორც თავად წარმართობა, აიკრძალა კიევის რუსეთის მთავრის ვლადიმირ დიდის დროს რუსთა მონათვლის შემდგომ 980-იან წლებში.(18) 

თიტმარ მერსებურგელის ძეგლი (შადრევანი) მერსებურგის მონასტერში (მერსებურგი, საქსონია-ანჰალტი, გერმანია)

ბირკაში, აღმოსავლეთ შვედეთში გათხრილი სამარხი მოწმობს არაბი და სპარსელი მოგზაურების გადმოცემებს. სამარხში ორი ქალი იყო დაკრძალული, ერთი მდიდრულად მორთულ-მოკაზმული, მეორე უბრალოდ და უცნაურ პოზაში დასაფლავებული. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ აქ არის დამარხული დიდებული ქალბატონი და მისი მონა, რომელიც ცოცხლად ჩააყოლეს სამარხში და იქ გაიგუდა. 1072 წელს, ადამ ბრემენელი აღწერს შვედეთში, ძველ უპსალას ტაძარში მოწყობილი მსხვერპლშეწირვას, რომელშიც ყოველგვარ მამრობითი სქესის 9 ცოცხალ არსებას სწირავდნენ - ძაღლებს, ცხენებსა და ადამიანებსაც.(19) გერმანელი ეპისკოპოსი, თიტმარ მერსებურგელი აღწერს როგორ იკრიბებოდნენ ვიკინგები 9 წელიწადში ერთხელ ლეირეში, ზელანდში, იანვარში და ღმერთებს სწირავდნენ 99 ადამიანს, ამდენივე ცხენს, ძაღლს, ქათამს, შევარდენს. ეს ყველაფერი მათ სამსახურში იქნებოდა მკვდართა სამეფოში და გამოისყიდდა მათგან ჩადენილ ცოდვებს. რიცხვი 9 როგორც ჩანს ვიკინგებისათვის ჯადოსნური იყო და ხშირად სახელდება მათ რიტუალებში.(20) 

ლეირეში, დანიაში აღმოჩენილი ღმერთ ოდინის (ან ვიოლვას) მინიატურული ქანდაკება (IX-XI სს.)

დანიაში, ტრელებორგში, შუა საუკუნეების პერიოდის, ხუთ, სამი მეტრის სიღრმის ჭაში ნაპოვნია ადამიანებისა და ცხოველების ძვლები, სამკაულებსა და იარაღებთან ერთად. ამათგან სულ 5 ადამიანია, 4 ბავშვი 4-დან 7 წლამდე ასაკის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩონჩხები ჭებში აღმოჩნდა. ვიკინგებისათვის ჭებს დიდი სიმბოლურ დატვირთვა ჰქონდა. ოდინმა სიბრძნე მიმირის ჭიდან დალევის შემდეგ მიიღო, რისთვისაც ცალი თვალის მიმირისათვის შეწირვა მოუხდა, მაგრამ რა ჯილდოს მიღება შეიძლებოდა მთლიანად ადამიანის შეწირვით? სამი ჭის გარშემო იდენტიფიცირდება მცირე შემოზღუდული ადგილები. შესაძლოა აქ ტარდებოდა რიტუალი, რის შემდეგაც მსხვერპლად შეწირულებს ჭებში ყრიდნენ. მსხვერპლშესაწირი ადგილი სიმაგრიდან 300 მეტრში მდებარეობდა. როდესაც სიმაგრე ააგეს, ეს ადგილიც მიატოვეს და მსხვერპლშეწირვები შეწყდა. ახალ, ქრისტიანულ რელიგიაში, რომლის ძლიერებაც სწრაფად იზრდებოდა, ადამიანთა მსხვერპლშეწირვა მიღებული არ იყო.(21)

 ადამიანის მსხვერპლშეწირვის სცენა, გამოსახულება სტორა-ჰამარის ქვაზე (X-XI სს.)

ამ თემაზე იყო დებატები არის თუ არა ეს რეალობა თუ ქრისტიანული პროპაგანდის ნაწილი. არც თიტმარი და არც ადამი არ შესწრებიან პირადად ამ რიტუალებს. ისინი წერდნენ ამ ქრონიკებს გვიან ვიკინგურ პერიოდში, როდესაც ქრისტიანობა იყო გაბატონებული და ადამიანის მსხვერპლშეწირვა უკვე აღარ იყო მიღებული. დიდი ხნის განმავლობაში თიტმარისა და ადამის ტექსტები მიიჩნეოდა ფაბრიკაციად. ბოლო წლების არქეოლოგიური აღმოჩენები კი ადასტურებენ, რომ ვიკინგური პერიოდის დანიაში ადამიანის მსხვერპლშეწირვის რიტუალი ნამდვილად არსებობდა. ვიკინგური ხანის ციხესიმაგრის ტრელებორგის ჭასა და ტისოში, დიდებულის რეზიდენციაში აღმოჩენილი ჩონჩხები (ორივე დასავლეთ ზელანდში) არქეოლოგებს უკვე სხვაგვარად ფიქრის საფუძველს აძლევს.(22)  


ტრელებორგში აღდგენილი ვიკინგური სახლი-დარბაზი 

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსხვერპლშეწირვის რიტუალის გაქრობა ევროპაში უკავშირდება ისეთი ძლიერი, მონოთეისტური რელიგიის გაჩენას, როგორიც იყო ქრისტიანობა. მან მთლიანად აღმოფხვრა ეს ჩვეულება ჯერ რომის იმპერიის მომიჯნავე გერმანელ და კელტ ხალხებში, შემდეგ კი ჩრდილოეთსაც მიაღწია და თავის წიაღში მოაქცია ევროპის „უკანასკნელი ბარბაროსები". რელიგიის შეცვლასთან ერთად, მათი კულტურაც მნიშვნელოვნად შეიცვალა, შეიქმნა ცენტრალიზებული სახელმწიფოები, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიასთან ერთად ქმნიდა შუა საუკუნეების სოციუმის იმ სახეს, რომელმაც შემდგომში მრავალი საუკუნე იარსება.

სქოლიოები

1. David Noel Freedman; Allen C Myers; Astrid B Beck, Eerdmans dictionary of the Bible (Grand Rapids, 2000), 685.
2. Mike Dixon-Kennedy, Encyclopedia of Greco-Roman mythology (Santa Barbara, 1998), 18.
3. იქვე, 217.
4. Titus Livius, Ab Urbe Condita Libri, XXII, 55-57. 
5. Titus Livius, Ab Urbe Condita Libri, XXII, 57, 4. Plutarch, Roman Questions, 83. 
6. Plinius, Naturalis Historia, XXX, 3-12.
7. Caesar, Comentarii de Bello Gallico, VI, 16. 
8. ანდრასტე - იცენების ტომის ომის ქალღმერთი.
9.  Ronald Hutton, The Pagan Religions Of The Ancient British Isles: Their Nature And Legacy (Oxford, 1991), 193.
10. Edward James, Britain in the First Millenium (London, 2001), 67.
11. Hutton, The Pagan Religions Of The Ancient British Isles, 194.
12. იქვე, 194-195.
13. http://www.carlanayland.org/essays/human_sacrifice.htm
14. Tacitus, Germania, 9. 
15. Tacitus, Annales, XIII, 57.
16. http://www.carlanayland.org/essays/human_sacrifice.htm
17. იქვე.
18. Повесть временных лет, http://old-russian.chat.ru/01povest.htm
19. http://www.carlanayland.org/essays/human_sacrifice.htm
20. http://en.natmus.dk/historical-knowledge/denmark/prehistoric-period-until-1050-ad/the-viking-age/religion-magic-death-and-rituals/human-sacrifices/
21.http://en.natmus.dk/historical-knowledge/denmark/prehistoric-period-until-1050-ad/the-viking-age/religion-magic-death-and-rituals/human-sacrifices/
22. იქვე.

ბიბლიოგრაფია

1. Caesar. The Gallic War. Cambridge, 1917, 1958.
2. Dixon-Kennedy, Mike. Encyclopedia of Greco-Roman mythology. Santa Barbara, 1998.
3. Freedman, David N; Myers, Allen C; Beck, Astrid B. Eerdmans dictionary of the Bible. Grand Rapids, 2000.
4. Hutton, Ronald. The Pagan Religions Of The Ancient British Isles: Their Nature And Legacy. Oxford, 1991.
5. James, Edward. Britain in the First Millenium. London, 2001.
6. Plinius, Naturalis Historia [www.perseus.tufts.edu].
7. Plutarch, Roman Questions [penelope.uchicago.edu].
8. Ливий Тит. История от основания города [ancientrome.ru].
9. Тацит Публий Корнелий. Анналы. Малые произведения. Москва, 2010.
10. en.natmus.dk
11. carlanayland.org
12. Повесть временных лет [old-russian.chat.ru].

ნიკა ხოფერია