ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII საუკუნე არის პერიოდი, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით განადგურდა ბრინჯაოს ხანის მაღალგანვითარებული ცივილიზაციები. მეორე ათასწლეულის აყვავებული კულტურულ - ეკონომიკური სივრცე, გადაჭიმული საბერძნეთიდან ეგვიპტემდე და მესოპოტამიამდე წარსულს ჩაბარდა. წარსულს ჩაბარდა მათი დამწერლობის სისტემები, ტექნოლოგიები. ნაცარტუტად იქცა მონუმენტური არქიტექტურა. ყველაზე დიდ ხანს ამ მომაკვდინებელ ტალღას მთელი თავისი ძალების მობილიზაციის და უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მხოლოდ ეგვიპტემ გაუძლო.
ვის სახელს უკავშირდება ბრინჯაოს ცივილიზაციის კოლაფსი? ამაზე ცალსახა პასუხი ისტორიოგრაფიაში ჯერ - ჯერობით არ არსებობს, თუმცა ამაში თავიანთი წვლილი ე.წ „ზღვის ხალხებს“ უეჭველად უნდა შეეტანათ. აქ ტექნიკურ ტერმინთან გვაქვს საქმე. თანადროეულ წყაროებში (რომელთაც ქვემოთ შევეხებით) მას ვერ შევხვდებით. პირველად ტერმინი ერთ - ერთმა პირველმა გამოიყენა ფრანგმა ეგვიპტოლოგმა მასპერომ 1881 წელს. მან ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრა შემდეგი ეთნონიმები: ლუკიები, შერდანები, შეკელეშები, თერეშები, ეკვეშები, სიკილები/ტჯეკერები, ვეშეშები და ფელესეტები. მასპეროს ეს შეხედულება საკმაოდ ფეხმოკიდებულია ეგვიპტოლოგიაში ამიტომ ჩვენც მას დავეყრნობით.(1)
ზუსტად გარკვეული არაა თუ რამ აიძულა „ზღვის ხალხები“ აყრილიყვნენ თავიანთი საცხოვრისიდან. მათი მიგრაციის მიზეზი შესაძლოა შიმშილი და მდიდარი ქვეყნების დაპატრონების სურვილი გამხდარიყო; ბუნდოვანია ისიც, თუ საიდან წამოვიდნენ ისინი. ორივე საკითხზე არაერთი თეორიაა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო თემაა და ჩვენ მას არ შევეხებით. ფაქტი ერთია, რომ ძვ.წ XIII და განსაკუთრებით XII საუკუნეში სწორედ ისინი გვევლინებიან მთავარ აგრესორებად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ,მეცნიერთა ნაწილის აზრით, კატასტროფის მთავარ მიზეზადაც ისინი უნდა მივიჩნიოთ.(2)
მეომრები ზღვის ხალხების რამდენიმე ტომიდან , ძვ.წ. XIII ს. (ჯუზეპე რავას ნახატი)
ვიდრე უშუალოდ ეგვიპტისა და „ზღვის ხალხების“ ურთიერთობაზე ვისაუბრებდეთ, საჭიროა მოკლედ მიმოვიხილოთ საერთაშორისო ვითარება ჩვენთვის საინტერესო პერიოდში (ძვ.წ XVI – XI სს ).
ეგვიპტის ახალი სამეფოს (1650 – 1070 წწ) ჩამოყალიბებას ეგვიპტური ტრადიცია თებეს მეფე აჰმოსეს სახელს უკვაშირებს. ამ უკანასკნელმა დაასრულა მეორე გარდამავალი პერიოდი (ძვ.წ 1700 – 1550 წ)(3), განდევნა რა დელტადან ჰიქსოსები(4) და პოლიტიკურად გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე. კვლავგაერთიანებული ეგვიპტე ახალ პოლიტიკურ გარემოში აღმოჩნდა. ეს სიახლე განაპირობა როგორც თავად ეგვიპტის განსხვავებულმა საგარეო პოლიტიკამ, ასევე რეგიონში მომხდარმა ცვლილებებმა.
ეგვიპტე თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს არ ყოფილა სრულად იზოლირებული ქვეყანა. ძველი (XXVII – XXII სს ) და შუა სამეფოს (XXI – XVII სს) პერიოდში ეგვიპტე ხშირად აწყობდა სამხედრო ექსპედიციებს სამხრეთით - ნუბიაში; ასევე აზიაში, მაგრამ იმ ტერიტორიებზე, რომელიც ძალიან არ იყო დაშორებული დელტას. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, ამ მხრივ ეგვიპტელები დასავლეთ აზიის კიდევ უფრო სიგრმეში იყვნენ შესულები (იგივეს თქმა შეიძლება სამხრეთზეც) თანამედროვე ლიბანის და სირიის ტერიტორიაზე. შუა სამეფოს პერიოდში სახელმწიფოები არსებობდა დასავლეთ ირანის, ჩრდილოეთ სირიისა და ცენტრალური ანატოლიის ტერიტორიაზე, მაგრამ ეგვიპტელები მათთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებდნენ.
ზღვის ხალხები (ჯუზეპე რავას ნახატი)
ვითარება რადიკალურად იცვლება XVI საუკუნის შუახანებში. ეგვიპტის ახალი სამეფოს წარმოშობასთან ერთად სრულიად ახალი სამყარო ჩნდება დასავლეთ აზიაში (მახლობელ აღმოსავლეთში). აქ წარმოიშვა და დიდი და ძლიერი სახელმწიფოები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო. ამ სახელმწიფოებმა შექმნეს ე.წ აღმოსავლეთ მედიტერიანული სისტემა, რომელშიც ყოველი ეს სახელმწიფო იღებდა მონაწილებას პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული თვალსაზრისით. ეს სახელმწიფოები იყო: სამხეთ მესოპოტამიური ბაბილონი, ჩრდილოეთმესოპოტამიური ასურეთი, ჩრდილოეთ სირიული მითანი და ანატოლიური ხეთების იმპერია. ამ დიდი სახელმწიფოების პერიფერიებში იყო ეგეოსურ - მიკენური სამყარო, კვიპროსი და დასავლეთ ირანული ელამი. ამ პერიოდში მხოლოდ დასავლეთ სირია და პალესტინა რჩებოდა პოლიტიკურად დანაწევრებული და სწორედ ეს იყო ის ტერიტორია, რომლისთვისაც იბრძოდნენ იმ დროის დიდი სახელმწიფოები. ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო ეგვიპტის ახალი სამეფოც. ახალი სამეფოს საგარეო კურსი რადიკალურად განსხვავებულია უფრო ადრეული პერიოდის სამეფოებისასგან. ეგვიპტელები ჰიქსოსების ბატონობისგან გათავისუფლების შემდეგ მხოლოდ დელტის მტრისგან გათავისუფლებით არ დაკმაყოფილებულან, მათ განაგრძეს სვლა აღმოსავლეთით და აღმოჩნდნენ იმ ძლიერი სახელმწიფოების პირისპირ, რომელთაც თავის მხრივ გააჩნდათ ექსპანსიონისტური მიზნები. ახალი სამეფო აქტიურად ჩაება დასავლეთ სირიისა და პალესტინისათვის ბრძოლაში.
ზღვის ხალხები არბევენ ხეთების დასახლებას (ჯუზეპე რავას ნახატი)
ბრძოლა ზღვის ხალხებსა და ეგვიპტელებს შორის, ძვ.წ. XII ს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
ეგვიპტისა და სხვა დიდი სახელმწიფოების ურთიერთობა მხოლოდ ომებით არ შემოიფარგლებოდა. მათ დიპლომატიის მნიშვნელობაც ესმოდათ. მეფეები ცვლიდნენ დიპლომატიურ ხასითის წერილებს, საჩუქრებს, ხდებოდა დინასტიური ქორწინებები. ეგვიპტე აქტიურად იყო ჩართული ამ დიპლომატიაში, თუმცა ის არ თამაშობდა დომინანტურ როლს - სისტემის ყველა სახელმწიფოს მეფე ერთმანეთის თანასწორი იყო.
სწორედ ამგვარი იყო საერთაშორისო ვითარება, როდესაც რეგიონში „ზღვის ხალხები“ გამოჩნდნენ. ერთ - ერთ პირველი წყარო, რომელშიც დღეს ზღვის ხალხებში მოაზრებული რამდენიმე ეთნონიმი სახელდება არის „ამარნას წერილები“(5). პირველი წერილი, რომელშიც მოხსენიებულნი არიან დენიენები, ეკუთვნის მაშინდელი სურუს (დღ.ტვიროსი) მმართველს აბუ - მილკუს, რომელიც ეგვიპტის გავლენის ქვეშ გახლდათ. წერილი ერთგვარ ანგარიშს წარმოადგენს ქანაანში მიმდინარე მოვლებზე და განკუთვნილია ან ფარაონ ამენჰოტეპ III (1390 - 1352) ან ამენჰოტეპ IV ისადმი (1352 - 1336). აბუ - მილკუ წერს, რომ დანუნთა მეფე გარდაიცვალა, მის მაგივრად მეფის ვაჟი გამეფდა და რომ ქვეყანაში მშვიდობაა(6).
ამარნას სამი წერილი ასახელებს შერდანებს. წერილების ავტორი არის ბიბლოსის განმგებელი რიდ-ჰადდა. წერილებიდან, რომლის ადრესატიც ეხნატონია (ამენჰოტეპ IV ) ვიგებთ, რომ რიდ ჰადდა დაპირისპირებია ამურუს მეფე აბდი - აშტირას, რომელიც ქირაობდა მებრძოლებს ჰაბირუს და შერდანთა ტომებიდან და ეგვიპტის გავლენის ქვეშ მყოფ ქალაქებს ძალიან ავიწროვებდა(7).
ეგვიპტელთაგან დატყვევებული ზღვის ხალხები (ჯუზეპე რავას ნახატი)
ამარნას წერილებში კიდევ ერთი ეთნონიმი გვხვდება, რომელიც ასევე ზღვის ხალხებში მოიაზრება. ესენი არიან ლუკიები. წერილის ავტორია ალასიის მეფე და ეს წერილიც ეხნატონისთვისაა განკუთვნილი. ალასიის სამეფო თანამედროვე კვიპროსის ტერიტორიაზე უნდა არსებულიყო მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში. ეს სახელმწიფო გახლდათ ეგვიპტისთვის თაფლისა და ვერცხლის მთავარი მიმწოდებელი. აღსანიშნავია რომ მიმოწერაში(8) ალასიის მეფე ეხნატონს თავის ძმას უწოდებს, რაც მათ თანასწორობაზე მიგვანიშნებს. ეს ალასიის სამეფოს ეკონომიკური ძლიერებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ჩვენთვის საინტერესო წერილიდან ვარკვევთ რომ ლუკიები წლიდან წლამდე იღებენ ალასიის სოფლებს.(9)
ფილისტიმელი (ზღვის ხალხები), ნუბიელები, ამორეველი, სირიელი და ხეთი. მინისა და ქაშანაურის ინკუსტრაციები მედინეთ-ჰაბუდან, (ძვ.წ. XII ს.)
რამსეს II -ს (დაახ. ძვ.წ. 1279 - 1213 წწ.) ქადეშის ბრძოლისადმი(10) მიძღვნილი წარწერები ასახელებს ლუკიებს, კარკისებსა და შერდანებს. წარწერებიდან ვიგებთ, რომ კადეშთან ეგვიპტელებს ხეთების მიერ ორგანიზებული დიდი კოალიცია დახვდა, რომელშიც კარკისები და ლუკიებიც შედიოდნენ(11). შერდანები, რომლებიც მანამდე დაუმარცხებია ფარაონს ამ დროს ეგვიპტელთა მხარეზე იბრძვიან როგორც მეეტლეები(12) - ტანისის სტელა გვამცნობს, რომ ფარაონმა მათ ჩრდილოეთში ლაშქრობის დროს საზღვაო ბრძოლაში სძლია(13). ეს რამსესის მეფობის მეორე წელს უნდა მომხდარიყო.(14)
IX დინასტიის ფარაონ მერნეპტახის დროს (დაახ. ძვ.წ. 1213 – 1203 წწ.) ეგვიპტეს უდიდესი გარეშე ინტერვენციის საფრთხე დაუმუქრა ლიბიელთა მხრიდან, რომელთაც მოკევაშირეებად ეკვეშები, ლუკიები, შეკელეშები, შერდანები და ტერეშები ჰყავდათ. კოალიციას სათავეში ლიბიელთა მეფე მერიე ედგა, რომელსაც აქტიურად დაუწყია დასავლეთ დელტის დაკავება. თავისი მეფობის მეხუთე წელს მერნეპტახს ჯარი შეუკრებია, დას. დელტაში ქ. პერირესთან დახვედრია მტერს და 6 საათიანი ბრძოლის შემდეგ დაუმარცხებია კიდეც(15). ამ მოველენების შესახენ 4 დოკუმენტი საუბრობს. ესენია : დიდი კარნაკის წარწერა, კაიროს სვეტი, ატრიბის სტელა და გამარჯვების ჰიმნი.
კარნაკის სტელის დასაწყისშივე ვკითხულობთ, რომ მისმა აღმატებულებამ (მერნეპტახმა) გამარჯვება მოიპოვა ლიბიელებზე, ეკვეშებზე, ტერეშებზე, ლუკიებზე, შერდანებსა და შეკელეშებზე.(16) ცოტა ქვემოთ, კოალიციაზე საუბრისას ნათქვამია, რომ ეს ზემოთჩამოთვლილი ხალხი, რომელთა რიგებში იყვენენ არა მხოლოდ საუკეთესო მებრძოლები არამედ ყველა, ვისაც ბრძოლა შეეძლო, თავიანდი ცოლებითა და შვილებით წამოსულიყო.(17)
საზღვაო ბრძოლა ეგვიპტელებსა და ზღვის ხალხებს შორის (ჯუზეპე რავას ნახატი)
ტყვე ზღვის ხალხები (ეგვიპტური რელიეფი მედინეთ-ჰაბუდან, ძვ.წ. XII ს.)
კაიროს სვეტის დაზიანებული წარწერა შეიცავს მოკლე ინფორმაციას ბრძოლის შესახებ, სადაც ნახსენები არიან შეკელეშები(18). ატრიბის სტელაც ასევე მოკლე ცნობებს გვაწვდის ბრძოლის და ტყვეთა რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, სტელა ბრძოლის უფრო ზუსტი დათარიღების შესაძლებლობასაც იძლევა („მეხუთე წელს, მესამე სეზონის მესამე თვეს, მესამე დღეს...“; 15 აპრილი).(19) წყაროს მიხედვით, ბრძოლაში დაიღუპა 6000 ლიბიელი, 2201 ეკვეში, 222 შეკელეში, 742 ტერეში (რამდენი ლუკიელი და შერდანი შეეწირა ბრძოლას უცნობია).(20)
ეგვიპტისა და „ზღვის ხალხების“ ურთიერთობის, ურთიერთდაპირისპირების კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითია მეოცე დინასტიის ფარაონ რამსეს III-ის (1184 – 1153წ) მეფობის მერვე წელს მომხდარი მომვლენები. რამსეს მესამე ეგვიპტის ბოლო დიდ ფარაონადაა შერაცხული, რომელმაც თავისი დაახლ. 30 წლიანი მეფობის მანძილზე 3 ბრძოლა გადაიხადა და სამივედან გამარჯვებული გამოვიდა. 1180 და 1174 წელს ჯერ ლიბიელებს სძლია, ხოლო 1177 წელს ჩვენთვის საინტერესო ზღვის ხალხებს დაუპირისპირდა.
ჩრდილოელებთან ანუ „ზღვის ხალხებთან“ ბრძოლის შესახებ მედინეთ ჰაბუს(21) ტაძრის წარწერები და გამოსახულებები გვიყვება. საინტერესო ცნობებს შეიცავს ასევე ე.წ ჰარისის პაპირუსი.(22) მედინეთ ჰაბუს პილონის წარწერიდან ვიგებთ, რომ პელესეტებს, ტშეკერებს, შეკელეშებს, დენიენებს, ვეშეშებს (ჰარისის პაპირუსი მოიხსენიებს შერდანებსაც)(23) გაუერთიანებიათ თავიანთი ძალები და ეგვიპტის წინააღმდეგ დაძრულან.(24) როგორც მერნეპტახის დროს, ამ შემთხვევაშიც მომხვდურები დედაწულიანად ყოფილან წამოსულები.(25) ჩრდილოელები ხმელეთითა და ზღვით მოდიოდნენ. რამსესს ორი ბრძოლა გაუმართავს მათთვის, ერთი სახმელეთო, ერთიც საზღვაო. ორივეში ეგვიპტელებს დარჩათ გამარჯვება. ამ გამარჯვების შემდეგ მისი მმართველობის დროს ზღვის ხალხებს ეგვიპტე აღარ შეუწუხებიათ.(26)
ფარაონი რამსეს III (რელიეფი კარნაკიდან, ძვ.წ. XII ს.)
მედინეთ ჰაბუს წარწერები არის უკანასკნელი ნარატივი, რომელშიც „ზღვის ხალხები“ მოიხსენიებიან. რამსეს მესამედან მოყოლებული 22- ე დინასტიის პერიოდის ჩათვლით კვლავ ვხვდებით სხვადასხვა ეთნონიმს, თუმცა ისინი სიების სახითაა მოცემული და ამ შემთხვევაში ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
დასაწყისში ავღნიშნეთ, რომ ბრინჯაოს ცივილიზაციის კოლაფსის ერთ - ერთ მიზეზად ისტორიოგრაფიაში „ზღვის ხალხები“ არიან მიჩნეულნი. XIII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან მოყლებული XII საუკუნის 70იანი წლების ჩათვლით აოხრდა უამრავი ქალაქი მესოპოტამიში, ანატოლიაში თუ სირიაში, რომელთა უმრავლესობაც სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს. ამ კატასტოფაზე წერილობითი ინფორმაცია, როგორც გადარჩენილებმა, მხოლოდ ეგვიპტელებმმა შემოგვინახეს. რამსეს მესამის წარწერაში, რომელიც ჩვენს მიერ უკვე ნახსნებ ჩრდილოელებთან ბრძოლას ეხება, ვკითხულობთ : „ვერავინ აღუდგა მათ წინ (ჩრდილოელებს, „ზღვის ხალხებს“), ვერც ხეთები, ვერც კოდე, კარკემში, არზავა და ალაშია... გაანადგურეს მათი ქვეყნები, ისე თითქოს არასოდეს არ არსებულიყო...“(27)
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მთელმა რიგმა ძლიერმა სახელმწიფოებმა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ეპაექრებოდნენ ერთმანეთს, ვერ მოახერხეს ახალ ძალასთან განმკლავება; ეს მხოლოდ ეგვიპტემ შეძლო. როგორ ავხსნათ ეს?
ფარაონი მერნეპტახი (ძვ.წ. XIII ს.)
ლოგიკურია, რომ ეგვიპტის წარმატების გასაღები მის სამხედრო ძლიერებაში და ტექნიკურ ინოვაციებში ვეძიოთ. რა თქმა უნდა, ახალი სამეფოსთვის, რომელიც უკვე იმპერიას წარმოადგენდა არმიას და სამხედრო საქმეს სასიცოხლო მნიშვნელობა ენიჭებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გაუწევდა კონკურენციას რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს. ამ პერიოდში იქმნება პროფესიონალური არმია სამხედრო იერარქით სათავეში. იქმნება ახალი, მანამდე არ არსებული სამხედრო კლასი, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშშობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ახალი სამეფოს შეირაღებაც ინოვაციური გახლდათ. ჰიქსოსების ბატონობის ქვეშ მყოფი ეგვიპტისთვის ცხადი შეიქმნა, რომ აუცილებელი იყო ეგვიპტის ტრადიციული შეიარაღების შეცვლა, როგორც თავისივე დამპყრობლების ისე მეზობლების შეიარაღების მაგალითზე. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო სამხედრო ეტლი.(28) აჰმოსე იბანას ძის გადმოცემით, როდესაც ფარაონმა აჰმოსემ ჰიქსოსები დაამარცხა, ეგვიპტელები უკვე იყენებდნენ სამხედრო ეტლებს.(29) სამხედრო ეტელების გამოჩენას გარდა უშუალო სამხედრო მნიშვნელობისა, სოციალური და პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. შეიქმნა ახალი სამხედრო არისტოკრატიული ელიტა. ეტლი მალევე იქცა სამეფო რეგალიად და ძლიერების სიმბოლოდ.
ახალი სამეფოს დროს დაიხვეწა ქვეითი ჯარის აღჭურვილობა. ეგვიპტელი მეომრის ჯავშანს წარმოადგენდა ტყავის ტუნიკა, რომელზეც მიმაგრებული იყო ბრინჯაოს ფირფიტები. შემცირდა ფარის ზომა. მუზარადების ხმარება კვლავ იშვიათობას წარმოადგენდა.(30)
ფარაონი რამსეს II კადეშის ბრძოლაში, ძვ.წ. 1274 წ. (ჯონი შუმატეს ნახატი)
მნიშვნელოვანი იყო შეიარაღებაში ე.წ რთული მშვილდის შემოტანა, რამაც გაზარდა მშვილდოსანთა ბრძოლისუნარიანობა. ეტლზე ამხედრებული რთული მშვილდით შეიარაღებული მეომარი ბრძოლის ველის ნამდვილი ბატონ-პატრონი გახდა.
ახალი სამეფოს პერიოდის არმიაში ფართოდ გავრცელდა მოქირავნეობა. ეგვიპტელები ქირაობდნენ ლიბიელებს, სირიელებს, შერდანებს, რომლებიც თავიანთი შეიარაღებით იღებდნენ ბრძოლებში მონაწილეობას.
ინოვაციები სამხედრო სფეროში აშკარაა, თუმცა ეს სიახლეები ცნობილი იყო ეგვიპტის მეზობლებისთვისაც. მაგალითად ხეთებიც წარმატებით იყენებენ სამხედრო ეტლებსა თუ ე.წ რთულ მშვილდებს. შეიძლება კი რომ მივიჩნიოთ ეს ზემოთჩამოთვლილი ინოვაციები ეგვიპტის წარმატების მიზეზად „ზღვის ხალხებთან“ ბრძოლაში? საინტერესოა, რომ ძვ.წ. XII საუკუნისათვის თავად მათ შემოიტანეს სიახლეები სამხედრო საქმეში. ახალი ტიპის ხმლები, ჯავშანი, ფარები, ხელშუბები თუ შუბები. შემოიტანეს ახალი, ქვეითებზე და ხელჩართულ ბრძოლაზე ორიენტირებული ტაქტიკა, ხშირად მიმართავდნენ ჩასაფრებებს და სხვ. ამის გათვალისწინებით მათ მოიპოვეს კიდეც უპირატესობა ბრძოლის ველზე და დაამარცხეს მთელი რიგი სახელმწიფოები. მაშ რასთან გვაქვს საქმე ეგვიპტის შემთხვევაში? კითხვაზე პასუხის გასაცემად მივუბრუნდეთ რამსეს მესამეს და მის ბრძოლას „ზღვის ხალხების“ წინააღმდეგ.
ნუბიელი და შერდანი მოქირავნე მეომარი ეგვიპტელთა ჯარში
ყურადღება უნდა მივაქციოთ მედინეთ ჰაბუს რამდენიმე გამოსახულებას. რამსეს მესამეს ვხედავთ სამხედრო ეტლზე როგორც მშვილდოსანს, რაც ტრადიციული სახეა, მაგრამ ასევე შევხვდებით მას როგორც ქვეითს, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაშია და აქვს წარწერა : „თავის ორ ფეხზე“.(31) მედინეთ ჰაბუს ერთ-ერთ წარწერაში ვკითხულობთ: „მისი ქვეითები, არიან როგორც ხარები, ომისთვის გამზადებულები“(32); ბრძოლის სცენაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეითებს, როგორც ეგვიპტელებს, ისე მოქირავნეებს (შერდანებს), თითქოს ავტორი ხაზს უსვამს მათ განსაკუთრებულ ვაჟკაცობას.(33) სხვაგან ისინი შედარებულნი არიან ლომებს.(34) რაზე მიგვანიშნებს ეს?
1177 წლისთვის, როდესაც ეს ბრძოლა მოხდა, განადგურებულია, ანატოლია, კვიპროსი, საბერძნეთი, სირია. ეს როგორც ვნახეთ, რამსესისთვისაც ყოფილა ცნობილი. სავარაუდოდ ფარაონისთვის ცხადი შეიქმნა, რომ ახალი მტრის წინააღმდეგ ტრადიციული ბრძოლის მეთოდები და ტაქტიკა, რომელშიც წამყვანი ადგილი სამხედრო ეტლებს ეკავა აღარ იყო უწინდებურად ეფექტური. მტრის დასამარცხებლად რამსესს იმპროვიზაცია მოუწია რაც გამოიხატა იმაში, რომ მთავარი აქცენტი ქვეითებზე და ხელჩართულ ბრძოლაზე გადაიტანა, რომელთაც ეტლზე ამხედრებული მშვილდოსნები ეხმარებოდნენ, რაც აღმოჩნდა კიდეც საკმარისი ბრძოლის მოსაგებად.(35)
მედინეთ-ჰაბუს ტაძარი, რომელიც რამსეს III-მ ააგო (ძვ.წ. XII ს.)
სახმელეთო ბრძოლის შემდეგ რამსესმა ზღვაზეც დაამარცხა მტერი. ფარაონმა სწორად გათვალა, რომ საზღვაო ბრძოლაში ის დიდ უპირატესობას მოიპოვებდა და არ აცალა მტერს ხმელეთზე გადმოსვლა. ეს უპირატესობა ეგვიპტელებს მშვილდოსნებმა მოუტანეს. როგორც ცნობილია, ზღვის ხალხებს მშვილდ-ისრები არ ჰქონდათ, ისინი ხელშუბებით იყვნენ შეიარაღებულნი, რაც მაშინაა ეფექტური, როდესაც მსროლელი მოძრაობაშია. მომხვდურები მარტივ სამიზნეებად იქცნენ ეგვიპტელი მშივლდოსნებისთვის.
როგორც ვხედავთ, ეგვიპტის წარმატების მიზეზი ნამდვილად იყო სამხედრო ინოვაცია, მაგრამ ეს იყო ტაქტიკური სიახლე, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში შემოიტანა ეგვიპტის უკანასკნელმა დიდმა ფარაონმა და მიაღწია კიდეც წარმატებას.
ეგვიპტე სამხედრო თვალსაზრისით იმ ძალასთან, რომელმაც ქარიშხალივით გადაუარა აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთს გამარჯვებული გამოვიდა. ეგვიპტის ახალმა სამეფომ ამ ბრძოლის შემდეგ კიდევ 100 წელი იარსება, მაგრამ ეს 100 წელი არ ყოფილა დიდების ხანა, პირიქით ეს იყო დეკადანსი. საბოლოოდ, 1070 წელს ახალმა სამეფომ შეწყვიტა არსებობა და ეგვიპტის ისტორიაში დაიწყო მესამე გარდამავალი პერიოდი.
სქოლიოები:
- ზოგი ეგვიპტოლოგი „ზღვის ხალხებში“ მოიზრებს მხოლოდ იმ ხალხებს, რომლებიც ფიქსირდებიან ეგვიპტის ახალი სამეფოს რამდენიმე ტექსტში და რომლებიც წარმოშობით „კუნძულებიდან“ არიან ან რომლთა სახელთანაც „ზღვა“ არის ნახსენები. მასპერომ „ზღვის ხალხებში“ ისეთი ეთნონიმებიც მოიაზრა რომელთანაც არ არის ნახსენები არც „კუნძული“ და არც „ზღვა“ მაგ. ფელესეტები. Ann E Killebrew; Gunnar Lehmann; Society of Biblical Literature, The Philistines and Other “Sea Peoples” in Text and Archaeology (Atlanta, 2013), 1.
- Eric H. Cline and David O'Connor, Ramesses Ill: the life and times of Egypt's last hero (Ann Arbor, 2012), 180
- გარდამავალი პერიოდი - ასე იწოდება პერიოდები ეგვიპტოლოგიაში, როდესაც ერთიანი სამეფო გაყოფილია. ეგვიპტის ისტორიაში სულ სამი გარადამავალი პერიოდია.
- ჰიქსოსები - აზიელი ტომები, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 1700 წელს წინა აზიიდან შეიჭრნენ ეგვიპტეში, დამკვიდრდნენ ნილოსის დელტაში.
- ამარნას წერილები - დიპლომატიური ხასიათის მიმოწერა ძვ.წ 14ე საუკუნის ფარაონებსა და მათი თანამედროვე ქანაანის, მესოპოტამიის, ანატოლიისა და ეგეიდის მმართველებს შორის.
- The Amarna letters, Translated by William L Moran (Baltimore, 1992), Letter EA 151 /49-58.
- იქვე, Letters EA 81, EA 122, EA 123
- იქვე Letters : EA 33, EA 34, EA 35, EA 36, EA 37, EA 38, EA 39, EA 40.
- იქვე Letter EA 38.
- კადეშის ბრძოლა უნდა მომხდარიყო დაახლ. ძვ.წ. 1274 წელს ფარაონ რამსეს II და ხეთების მეფე მუვათალი II შორის. ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა გამარჯვება და შესაბამისად ვერც პოლიტიკური უპირატესობა რეგიონში. ბრძოლის შედეგი იყო სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტესა და ხეთეთების იმპერიას შორის.
- James Henry Breadsted, Ancient records of Egypt: historical documents from the earliest times to the Persian conquest. Volume III, The nineteenth dynasty (Chicago, 1906), § 309
- იქვე § 306
- იქვე § 491
- Nicolas-Christophe Grimal, A History Of Ancient Egypt (Oxford, 1992), 250 - 251.
- Ancient records of Egypt, Vol III, § 570
- იქვე § 574
- იქვე § 579
- იქვე §595
- იქვე §598
- იქვე § 601
- მედინეთ-ჰაბუ - ადგილი სადაც რამსეს III-ის მემორიალური ტაძარი მდებარეობს.
- James Henry Breadsted, Ancient records of Egypt: historical documents from the earliest times to the Persian conquest. Volume IV, The twentieth to the twenty-sixth dynasties (Chicago, 1906; 1927), 35.
- იქვე, §403
- იქვე, §64
- იქვე, 34
- იქვე, 34
- იქვე, §64
- Ian Shaw, Egyptian warfare and weapons (Princes Risborough, 1991), 39.
- იქვე. 40
- იქვე, 41
- იქვე, 42
- Robert Drews, The End Of The Bronze Age: Changes In Warfare And The Catastrophe ca. 1200 B.C. (Princeton, 1993), 158.
- Ancient records of Egypt, Vol IV § 74.
- Drews, The End Of The Bronze Age, 158.
- Ancient records of Egypt, Vol IV § 65.
- Drews, The End Of The Bronze Age, 223.
ბიბლიოგრაფია
1. ხვედელიძე მანანა. ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია. თბილისი, 2013.
2. ხოფერია ნიკა. ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია. თბილისი 2011.
3. The Amarna letters. Translated by William L Moran. Baltimore, 1992.
4. Shaw, Ian. Egyptian warfare and weapons. Princes Risborough, 1991.
5. Breadsted, James Henry. Ancient records of Egypt: historical documents from the earliest times to the Persian conquest, Volume III. Chicago, 1906.
6. Breadsted, James Henry. Ancient records of Egypt: historical documents from the earliest times to the Persian conquest,Volume IV. Chicago, 1906.
7. Grimal Nicolas-Christophe. A History Of Ancient Egypt.Oxford, 1992.
8. Bunson, Margaret. Encyclopedia of ancient Egypt. New York, 2002.
9. Mieroop, Marc Van De. A History of Ancient Egypt. Malden, 2011.
10. Cline, Eric H; O'Connor, David. Ramesses Ill: the life and times of Egypt's last hero. Ann Arbor, 2012.
11. Drews, Robert. The End Of The Bronze Age: Changes In Warfare And The Catastrophe ca. 1200 B.C.Princeton, 1993.
ნიკოლოზ შონია