ბრძოლა მდინარე ცხენისწყალთან, 550 წ.


მდინარე ჰიპისთან ანუ ცხენისწყალთან ბრძოლა ლაზიკის ომის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება იყო, რომელმაც ხელი შეუშალა სასანური სპარსეთის შაჰს ხოსრო I-ს, დახმარებოდა ალყაშემორტყმულ პეტრას გარნიზონს დამატებითი შენაერთებით და ასევე დროებით განამტკიცა ბიზანტიელთა პოზიციები ლაზიკაში. ბრძოლა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საველეა და არა საალყო. ლაზიკის ომში კი ძირითადად სწორედ საალყო მოქმედებები მიმდინარეობდა, ციხესიმაგრეებისა და გამაგრებული ქალაქების გარშემო. საველე ბრძოლას განსაკუთრებული სპეციფიკა გააჩნია და ცხენისწყალთან ბრძოლაში გვიანანტიკურ ხანაში გავრცელებული სხვადასხვა ტაქტიკური ხერხი გამოვლინდა.(სტატიის ტექსტი წარმოადგენს შემოკლებულ და სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე გადაწყობილ ვარიანტს ჩემი სამეცნიერო სტატიისა (ლაზურ-ბიზანტიური ფალანგა მდინარე ცხენისწყალთან ბრძოლაში (550 წ.), რომელიც დაიბეჭდა საისტორიო კრებულის V ტომში).

რას მოჰყვა სპარსელთა შემოჭრა და ცხენისწყალთან გადამწყვეტი ბრძოლის გამართვა ლაზ-ბიზანტიელთა ძალებთან? 549 წელს, მას შემდეგ რაც ბიზანტიელმა მხედართმთავარმა დაგისთემ ლაზებთან ერთად გაანადგურა სპარსელი ფაბრიზის 5 ათასი მეომრისაგან შემდგარი რაზმი, რომელიც ხოსრო I-ის გამოცდილმა მხედართმთავარმა მერმეროემ ლაზიკიდან პერსარმენიაში წასვლამდე დატოვა პეტრას გარნიზონის მხარდასაჭერად, სპარსელთა პოზიციები შესუსტდა და ფაქტობრივად მათ ერთადერთ დასაყრდენად ბიზანტიელთაგან ალყაში მოქცეული პეტრას ციხე დარჩა. 


ციხისძირის ციხე, რომლის იდენტიფიცირებას ახდენენ პეტრას ციხესთან (ავტორის ფოტო)

სწორედ ამიტომ, სპარსეთმა გადაწყვიტა ეიძულებინა ბიზანტიელები მოეხსნათ ალყა პეტრასთვის და დაეტოვებინათ ლაზიკა. ხორიანემ და სპარსელთა ჯარმა, მოკავშირე ალანებთან ერთად, მდინარე ცხენისწყლის მახლობლად დაიბანაკეს. როდესაც ეს გაიგეს ლაზიკის მეფემ გუბაზმა და ბიზანტიელთა მხედართმთავარმა დაგისთემ, საერთო გეგმა შეადგინეს და გადაწყვიტეს წაეყვანათ რომაელთა და ლაზთა ჯარი მტრის წინააღმდეგ. 
მეთაურები
გუბაზ II ლაზიკის მეფე VI საუკუნის შუა ხანებში იყო. თავისი მეფობის დასაწყისში, როდესაც ხოსრო I ანუშირვანის სპარსული ჯარი ლაზიკაში შეიჭრა, გუბაზმა მათ მხარი დაუჭირა, რადგან ლაზები უკმაყოფილონი იყვნენ ბიზანტიური მმართველობით. ამავე პერიოდში გუბაზი ეხმარებოდა სპარსელებს პეტრას ციხის აღებაში, რომელიც ბიზანტიელმა იოანე ციბემ აღმართა და ლაზიკისთვის დამღუპველი ბიზანტიური ეკონომიკური მონოპოლიის ცენტრად აქცია. მაგრამ შემდგომში, როდესაც გამჟღავნდა სპარსელთაგან გეგმა, რომლის მიხედვითაც გუბაზი უნდა მოეკლათ, ის კვლავ ბიზანტიელებს მიემხრო და იმპერატორ იუსტინიანეს სამხედრო დახმარება სთხოვა. იუსტინიანემ თავისი სარდალი დაგისთე გამოგზავნა ლაზიკაში, ვისთან ერთადაც გუბაზი სპარსელთა წინააღმდეგ იბრძოდა პეტრას ალყისას და მდინარე ჰიპისთან ბრძოლაში. 
ხოსრო ანუშირვანის მონეტა თოხარისტანიდან (VI ს.)

გუბაზი განაგრძობდა ბიზანტიელებთან ერთად სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლას შემდგომ წლებშიც, სანამ საბოლოოდ 554 წელს, ბიზანტიელ სარდალთა შეთქმულების მსხვერპლი არ გახდა. 
დაგისთე გერმანული, სავარაუდოდ გოთური წარმომავლობის ბიზანტიელი მხედართმთავარი იყო, რომელიც მეთაურობდა ბიზანტიის ჯარს ლაზიკის ომში 549 წლიდან. მან ალყა შემოარტყა პეტრას, თუმცა მისი აღება ვერ შეძლო და შეცდომა დაუშვა მაშინაც, როცა არ დაუჯერა გუბაზ II-ის რჩევას, დაეცვა ვიწრობები, რომლითაც სპარსელებს ლაზიკაში შემოჭრა შეეძლოთ. სპარსელთა სარდალ მერმეროესთან შეტაკება მან ვერ გაბედა, თუმცა შემდგომში გუბაზ II-თან ერთად მერმეროეს დატოვილი 5 ათასიანი სამხედრო ნაწილი გაანადგურა და მონაწილეობა მიიღო მდინარე ჰიპისთან ბრძოლაში. საბოლოოდ, დაგისთემ ვერ შეძლო პეტრას აღება და იუსტინიანემ ის ბესათი ჩაანაცვლა. როგორც პროკოპი აღნიშნავს, დაგისთე იყო ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელი სარდალი ფიცხი ხასიათით და შესაბამისად ბევრ შეცდომას უშვებდა, თუმცა შემდგომში ნარსეს სარდლობით საკმაოდ წარმატებით მოქმედებდა იტალიაში. დაგისთესა და მეფე გუბაზის მთავარი მიზანი იყო პეტრას აღება, რისთვისაც მათ ჯერ ხორიანეს შემოტევა უნდა მოეგერიებინათ. 

იმპერატორი იუსტინიანე და მისი საუკეთესო მხედართმთავრები - ბელისარიუსი (მარცხნივ) და ნარსე  (მარჯვნივ) (რავენა, სან ვიტალეს ბაზილიკის მოზაიკის ფრაგმენტი, VI ს.)

ხორიანე თავისი რაზმით, ლაზიკაში პერსარმენიიდან გამოგზავნა სპარსელთა მხედართმთავარმა მერმეროემ, რომელმაც მანამდე თავადაც ილაშქრა აქ და ბიზანტიელებსა და ლაზებს აიძულა დაეტოვებინათ პეტრას მიდამოები. ხორიანე მისი ლაშქრის ერთ-ერთი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნაწილის მეთაური იყო და ალბათ საამისოდ შესაბამისი სამხედრო გამოცდილებაც ჰქონდა. მისი მთავარი მიზანი გახლდათ პეტრას გარნიზონის მომარაგება და დაცვა ბიზანტიელებისა და ლაზების შემოტევისაგან. 
ბრძოლის ველი
ბრძოლის ზუსტი ადგილი რთული განსასაზღვრელია და წყაროებიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ბრძოლა მდინარე ცხენისწყალთან მოხდა. გუბაზი და დაგისთე მდინარის მეორე, სპარსელთა მოპირდაპირე ნაპირზე დაბანაკდნენ. მათ ითათბირეს იმის შესახებ, შეეტიათ თუ თავდაცვითი ტაქტიკა აერჩიათ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მოწინააღმდეგეზე იერიში მიეტანათ, რასაც, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ლაზები ითხოვდნენ. პროკოპი კესარიელი აღნიშნავს, თუ როგორ გადაწყვიტეს მათ სპარსელთა წინააღმდეგ მარტო წამოეწყოთ შეტევა და პირველები დასხმოდნენ მტერს თავს, შემდეგ კი ბიზანტიელებიც მიჰყვებოდნენ. ამ გადაწყვეტილებას ლაზები იმით ხსნიდნენ, რომ ბიზანტიელები თავიანთ მიწაზე არ იბრძოდნენ და ნაკლებ მონდომებას გამოიჩენდნენ, პირველი იერიში კი ძალზე მნიშვნელოვანი იყო და თუ წარმატებას მიაღწევდნენ, შემდგომი მოქმედებების განვითარებაზე ეს დიდ გავლენას მოახდენდა. ამას გარდა, მტერი ლაზიკის მიწაზე იყო დაბანაკებული, რაც დიდ ზიანს მიაყენებდა ლაზთა ქვეყანას და მათი განადგურება გუბაზ II-ს უფრო ეჩქარებოდა, ვიდრე დაგისთეს, თუმცა ამ უკანასკნელს პროკოპი კესარიელი მეტად ფიცხ და შემტევი ხასიათის მხედართმთავრად წარმოგვიდგენს, ამიტომ შესაძლოა შეტევის გეგმა მისთვის თავიდანვე მისაღები ყოფილიყო. ამ იერიშის წამოსაწყებად გუბაზი თავისი მეომრების საბრძოლო სულისკვეთებამაც წააქეზა.
ჯარები
ლაზების ჯარის ვრცლად მიმოხილვის შესაძლებლობას ისტორიული წყაროები არ გვაძლევენ, თუმცა პროკოპი კესარიელის აღწერილი ცხენისწყალთან ბრძოლის ეპიზოდები გვაძლევს საშუალებას ზოგიერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება. ჩვეულებრივ, ლაზებს ჰყავდათ როგორც ცხენოსანი, ისე ქვეითი ჯარი. ცხენოსნების შეიარაღება ჩამორჩებოდა ბიზანტიურ და სპარსული მძიმე კავალერიისას, რაც გამოჩნდა ცხენისწყალთან ბრძოლაშიც. ლაზი მხედრები კი დაქვეითებისა და თავიანთ და ბიზანტიელ ქვეითებთან შეერთების შემდეგ, ფალანგად მოწყობილ რიგებში წარმატებით იბრძვიან სპარსელთა წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ლაზი ქვეითებიცა და მხედრებიც შესაბამისად იყვნენ შეიარაღებულები და ტაქტიკურად მომზადებულები ასეთი ფორმაციის წყობაში ბრძოლისათვის. 

გვიანდელი რომაული ქვეითი ჯარის საბრძოლო წყობა (იგორ ძისის ნახატი) 


გვიანრომაული ლეგიონების დაპირისპირება მილვიუსის (Ponte Milvio) ხიდთან ბრძოლაში (შონ ო'ბროგაინის ნახატი) 

ბიზანტიელთა ლაშქარი ასევე შედგებოდა ქვეითთა ნაწილებისა და შედარებით მცირერიცხოვანი კავალერიისაგან, რომელმაც საბოლოოდ ქვეითებთან ერთად ფალანგის რიგებში ბრძოლა არჩია სპარსულ კატაფრაქტებთან შეტაკებას. VI საუკუნეში ბიზანტიური ჯარის შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მასში შედიოდნენ მცირე აზიელი ისავრიელები, ჰუნები, გოთები, ვანდალები, ჰერულები, ლანგობარდები, სლავები, ჭანები და ა.შ. არსებობდა ბუკელარიები ანუ გავლენიან მხედართმთავართა რაზმები, რომელთაც ის ინახავდა, აჯილდოებდა და ომებში თან დაჰყავდა. ისინი პროფესიონალი მეომრები იყვნენ. ასეთი ტიპის არმიებმა დიდი როლი შეასრულეს იუსტინიანეს დიდი მხედართმთავრების, ბელიზარიუსისა და ნარსეს დამპყრობლურ ომებში იტალიასა და აფრიკაში. მეომართა დიდი ნაწილი ფლობდა ცხენოსნობას, ხელჩართული ბრძოლის იარაღის ხმარებას, მშვილდოსნობას, ამიტომ მათი გამოყენება შეიძლებოდა როგორც ქვეითებად, ისე ცხენოსან ჯარში.  ცხენისწყალთან ბრძოლაში ეს თავისებურებები კარგად გამოიკვეთა. 
ფლავიუს ბელისარიუსი და მისი ბუკელარიუსები (ჯონი შუმატეს ნახატი)

სასანური კატაფრაქტების იერიში 

ბიზანტიელებისა და ლაზების გაერთიანებული ჯარი ცხენისწყალთან ბრძოლაში რიცხოვნობით 13-14 ათასს აღწევდა. 
სასანური სპარსეთის ჯარი ლაზიკის ომის ამ ეტაპზე შედგებოდა მძიმე და მსუბუქი ცხენოსანი ჯარისა და ალბათ, მეორეხარისხოვანი ქვეითი რაზმებისაგან. მხედართა შორის, სპარსელებს თან ჰყავდათ ათასამდე კატაფრაქტი, მძიმედ აღჭურვილი მხედარი - `შეჭურვილი აბჯრით და სხვა რამითაც საუკეთესოდ შეიარაღებული", რაც დიდ ძალას წარმოადგენდა და განსაკუთრებით გაშლილ ველზე მტრისათვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება შეეძლო. სპარსელები იყვნენ კარგი მშვილდოსნებიც და გვიანანტიკური ხანის ბევრი ავტორი აქებს მათ ოსტატობას მშვილდოსნობაში. ისინი განსაკუთრებით სწრაფად ისროდნენ და ამით ჯაბნიდნენ ბიზანტიელთა მშვილდოსნებს, მაგრამ ბიზანტიელები უფრო ძლიერად ტყორცნიდნენ ისრებს და მეტ ზიანს აყენებდნენ მტერს, მაშინ როდესაც სპარსული ისრების მოგერიება კარგ აბჯარს და ფარს შეეძლო, თუ ის ძალიან ახლო დისტანციიდან არ იყო ნასროლი. 
ხორიანეს მხედრობის რიცხოვნობა მდინარე ცხენისწყალთან ბრძოლაში დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც მისი მოწინააღმდეგეებისა, ანუ არ აღემატებოდა 15 ათას მეომარს.
ბრძოლა
მეფე გუბაზი სიტყვით გამოვიდა ჯარის წინაშე და გაამხნევა თავისი მეომრები, რის შემდეგაც მან და დაგისთემ ჯარი საომრად განალაგა. პროკოპი კესარიელის მიხედვით მათი წყობა შემდეგნაირი იყო: პირველი რიგი შექმნეს ლაზმა მხედრებმა, მათ შემდეგ, საკმაოდ მოშორებით, განლაგდა ბიზანტიელთა კავალერია გეპიდი ფილეგაგესა და სომეხი იოანე გუზის მეთაურობით, ბოლოს კი – გუბაზი და დაგისთე თავთავიანთი ქვეითი ჯარით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დაეცვათ თავიანთი მხედრების უკან დახევა. პროკოპი კესარიელის მიხედვით პირველები ერთმანეთს ლაზური და სპარსული ცხენოსანი ჯარები დაუპირისპირდნენ, თუმცა როდესაც ლაზებმა მძიმედ აღჭურვილ მხედართა მასა დაინახეს, გადაწყვიტეს, რომ ვერ გაუმკლავდებოდნენ და ბიზანტიელებისაკენ დაიხიეს. 



ბრძოლა ცხენისწყალთან, გასადიდებლად დააწკაპუნეთ გამოსახულებაზე (სქემა შეადგინა ნიკა ხოფერიამ)

შემდეგ ორივე მხარე ერთმანეთის პირისპირ განლაგდა, მაგრამ ბრძოლის დაწყებას აგვიანებდნენ. ამას მოჰყვა მცირე შეტაკება – ბიზანტიელთა ჯარის ერთ-ერთმა გამორჩეული მებრძოლმა, პერსარმენიელმა არტაბანმა, შუბით ცხენიდან ჩამოაგდო და მოკლა სპარსელთა ერთ-ერთი საუკეთესო მხედარი, თვითონ არტაბანი თავში მსუბუქად დაჭრეს, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე მაშინვე განგმირა ბიზანტიელთა სამსახურში მყოფმა გოთმა მხედარმა და ამით შეტაკება დასრულდა, რადგან სპარსელებმა უკან დაიხიეს ძირითადი ძალებისაკენ. ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ძირითად ძალებს შორის. ფილეგაგემ და იოანემ მიიჩნიეს, რომ სპარსელთა კატაფრაქტების შემოტევას ვერ გაუძლებდნენ და გადაწყვიტეს კავალერიის საწინააღმდეგოდ შექმნილ ქვეითებს შეერთებოდნენ, რომელსაც მეფე გუბაზი და დაგისთე მეთაურობდნენ. მათ შეუერთდნენ ლაზებიც და ერთად შექმნეს საბრძოლო მწყობრი – ფალანგა. როდესაც ქვეითები მოწესრიგებულ, მჭიდრო რიგებად მოძრაობდნენ, ცხენოსნებს არ შეეძლოთ მათი განადგურება, ხოლო თუ დაიფანტებოდნენ, მათ სუსტი კავალერიაც ამარცხებდა. ზოგადად, ამ პერიოდში, ბიზანტიაში, ქვეითი ჯარი თავდაცვითი ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი, ცხენოსანი კი შეტევისთვის. 



(ზემოთ) პართიელი მხედრები ისრებს ესვრიან რომაელ ქვეითებს (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)  
(ქვემოთ) ფულკუმი - გვიანრომაული ქვეითი ჯარის ერთ-ერთი წყობა (იგორ ძისის ნახატი)

ფალანგა 4, 8 ან 16 რიგად ეწყობოდა. 4-ზე ნაკლები რიგის შემთხვევაში ფალანგა კარგავდა სიმყარეს, 16-ზე მეტი რიგი კი ფალანგის ბრძოლისუნარიანობას არაფერს მატებდა. ფალანგა ძირითადად 8 რიგად ეწყობოდა, რაც ბალანსს ქმნიდა ფრონტის სიგრძესა და ჯარისკაცების რაოდენობას შორის. გვიანდელი იმპერიის პერიოდში 16 რიგიან ფალანგას ამჯობინებდნენ. შესაძლოა საბრძოლო სულისკვეთების დაცემის გამო ფალანგის სიღრმის გაზრდა საჭიროდ მიიჩნიეს რათა მას სიმყარე შეენარჩუნებინა. ყველა რიგს თავისი დავალება ეძლეოდა – პირველი ოთხი რიგი ხელჩართულ ბრძოლაში იყო ჩართული, ამიტომ უფრო მძიმედ იყო აღჭურვილი, შუა რიგები ინარჩუნებდნენ მწყობრს და მტერს ხელშუბებს ესროდნენ, უკან კი მშვილდოსნები იდგნენ. ამას გარდა, ხშირად მშვილდ-ისრით წინა რიგებიც იყვნენ შეიარაღებულები და როდესაც მტერი შორი დისტანციიდან ისროდა ისრებს, შუბებს მიწაზე აწყობდნენ და თავადაც საპასუხოდ ისრებს ესროდნენ. თუ მოწინააღმდეგე მოახლოვდებოდა, შუბებს აიღებდნენ და კვლავ თავდაცვით მწკრივს შექმნიდნენ. სპარსელებმა არ იცოდნენ რა ექნათ, რადგან ქვეით მოწინააღმდეგეზე არც შეტევა შეეძლოთ არც მათი რიგების გარღვევა, ვინაიდან შუბების წვერებით და ფარების ხმაურით შეწუხებული ცხენები ყალყზე დგებოდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს ბიზანტიელებისა და ლაზებისათვის ისრები დაეშინათ და ისე შეეთხელებინათ ფალანგის რიგები. ბიზანტიელებმა და ლაზებმაც იგივე მოიმოქმედეს და მტერს ისრები დააყარეს. 
ალანი და ვანდალი მეომარი, V ს. ჩრდ. აფრიკა (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

ორივე მხრიდან ხშირ-ხშირად მოდიოდა ისრები, ორივე მხრით ბევრი ეცემოდა. ბრძოლაში გადამწყვეტი გამოდგა სპარსელთა სარდლის, ხორიანეს სიკვდილი, რომელსაც ისარი მოხვდა კისერში. მისი ჯარი გაიქცა და ბანაკში დააპირა თავის შეფარება. ბიზანტიელებმა და ლაზებმა ბევრი დახოცეს და დანარჩენს დაედევნენ. ერთი ალანი, გამორჩეული მეომარი დადგა ბანაკის ვიწრო შესასვლელში და  მტერს მანამდე აკავებდა, სანამ იოანე გუზმა მოულოდნელად შუბით არ მოუღო ბოლო. გუბაზისა და დაგისთეს ჯარებმა სპარსელთა ბანაკი დაიკავეს.
შედეგები
მიუხედავად იმისა, რომ სპარსელებმა მაინც მოახერხეს და მოამარაგეს პეტრას გარნიზონი ყოველგვარი საჭირო მასალითა და სურსათით, სპარსელთა ჯარის თითქმის 15 ათასიანი ნაწილის განადგურება მაინც მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიელთა და ლაზთათვის, რადგან ასეთი რაოდენობის შენაერთის დამარცხებამ და ფაქტობრივად მთლიანად მოსპობამ, სპარსეთის ძლიერება ლაზიკაში საგრძნობლად შეარყია. ამდენი მეომრის დაღუპვა თუ დაფანტვა კი გვიანანტიკურ ხანაში სერიოზული სამხედრო ზარალი იყო. 

კავკასია VI ს. პირველ ნახევარში (ესპანურენოვანი რუკა, დამზადებული სპეციალურად საქართველოს ისტორიის ესპანური გამოცემისათვის - Giorgi Gaprindashvili, Historia de Georgia/ ნიკა ხოფერიას რუკა) 

ორივე მხარეს ამაზე მრავალრიცხოვანი ჯარი იშვიათად თუ ჰყოლია ლაზიკაში, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებდა, მათ შორის მომარაგებისა და კომუნიკაციის სირთულეები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლაზიკის ომი ერთგვარად მეორეხარისხოვან ფრონტად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ძირითადი სამხედრო მოქმედებები მესოპოტამიასა და აღმოსავლეთ სირიაში მიმდინარეობდა და ძირითადი ძალები და საუკეთესო მხედართმთავრები იქ იყო გადასროლილი. ამ დეტალების გათვალისწინებით, ცხენისწყალთან ბრძოლა ლაზიკის ომის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრძოლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 



ბიბლიოგრაფია

  • გეორგიკა, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. II (თბილისი, 1965)
  • Adrian D. H. Bivar, “Equipment and Tactics on the Euphrates Frontier,” Dumbarton Oaks Papers, 26 (1972)
  • J. B. Bury, History of the Later Roman Empire: from the death of Theodosius I to the death of Justinian, vol. II (New York, 2011)
  • Procopius, History of the Wars, volume I: books I-II (Persian War), trans. by H. B. Dewing (Cambridge, 1914)
  • Procopius, History of the Wars, vol. V (Gothic war), trans. by H. B. Dewing (Cambridge, 1962)
  • John Robert Martindale, The prosopography of the later Roman empire, vol. III, A.D. 527-641 (Cambridge, 1992)
  • Grant Harward, “A Defensive Offense: Infantry Tactics of the Early Byzantine Army,” Studia Antiqua, 7.1 (2009)
  • David Nicolle, European Medieval Tactics, 1, The Fall and Rise of Cavalry: 450 - 1260 (Oxford, 2011)
  • Anonymous, “Strategy: Anonymi Peri strategias, The Anonymous Byzantine Treatise on Strategy,” in Three Byzantine Military Treatises, ed. and trans. G. T. Dennis (Washington, 1985)
  • Владимир Дмитриев, “Аланы на Военной Службе у Сасанидского Ирана,” Вестник Северо-Осетинского ГосударственногоУниверситета, 4 (2011)
  • Владимир Дмитриев, “Состав и организация персидской армии по данным Прокопия Кесарийского,” Вестник Псковского Государственного Педагогического Университета, Серия “Социально-Гуманитарные И Психолого-Педагогические Науки,” 5 (2008)
  • Владимир Дмитриев, “Некоторые аспекты военной тактики персов сасанидской эпохи: теория и практика,” Вестник Псковского Государственного Педагогического Университета, Серия: Социально-Гуманитарные И Психолого-Педагогические Науки, 3 (2011)
  • Маврикий, Тактика и Стратегия (Санкт-Петербург, 1903)
  • Ганс Дельбрюк, История Военного Искусства в Рамках Политической Истории, т. II (Санкт-Петербург, 1999)

ნიკა ხოფერია