რომის იმპერიის დამპყრობლური ომების განმავლობაში, რომაელ ლეგიონერებს ერთმანეთისგან განსხვავებულ მოწინააღმდეგეებთან მოუწიათ დაპირისპირება: კართაგენელთა და სელევკიდთა სპილოები, ბერძენი ჰოპლიტები, პართიული კატაფრაქტები, სარმატი და ალანი ცხენოსან-მოისრები. მათ რიგებში ბრიტანელი კელტების საბრძოლო ეტლებიც შეიძლება მოვიხსენიოთ. წინამდებარე სტატიაში სწორედ კუნძულელთა საბრძოლო ეტლებზე ვისაუბრებთ.
კავალერიის გამოჩენამდე, პირველი საბრძოლო ერთეული, რომელშიც ცხენი გამოიყენებოდა სწორედ ეტლი იყო. საბრძოლო ეტლები ძვ.წ. II ათასწლეულში ჩნდება ახლო აღმოსავლეთში, ხოლო მოგვიანებით დასავლეთშიც გავრცელდა, განსაკუთრებით, გალიასა და ბრიტანეთში მოსახლე კელტებს შორის.
კელტური ტომების განსახლება ბრიტანეთში კლავდიუს პტოლემეს მიხედვით (დაახლ. 150 წ.)
ეტლის სამი ძირითადი სახეობა არსებობს, რომელიც ლათინური ტერმინებით არის დამკვიდრებული: Biga - ეტლი რომელშიც ორი ცხენია შებმული; Triga - სამცხენიანი, ხოლო Quadriga - ოთხცხენიანი ეტლია. კელტები ბიგას ანიჭებდნენ უპირატესობას, როგორც საცერემონიო, ასევე სამხედრო საქმეში. ბიგას კორპუსს ოთხკუთხა ხის პლატფორმა ჰქონდა, რომელსაც გვერდებზე ორმაგი მოაჯირი ერტყა. კორპუსი ღერძზე იყო დამაგრებული, რომელსაც გვერდებზე 6-9 მანიანი ბორბლები ჰქონდა. ბორბლები რკინის ფირფიტით იყო დაჭედილი, ხოლო ბორბლის დიამეტრი 90 სანტიმეტრი იყო. პომპონიუს მელა მოიხსენიებს ბრიტანულ ბიგას, რომელსაც ბორბლებზე ცელები აქვს დამაგრებული (Pomponius Mela, De
Chorographia, III, VI, 43), თუმცა კელტების ცელიანი ეტლების შესახებ, სხვა ანტიკური ავტორები არაფერს წერენ. პომპონიუს მელას ცნობა, ჯერჯერობით არქეოლოგიურადაც არ დასტურდება. ბიგას ეკიპაჟი ორი კაცისგან - მეეტლისა და მეომრისგან შედგებოდა. მეომარი ხის გრძელი უმბონიანი ფარითა და სატყორცნი შუბებით იყო აღჭურვილი, გარდა ამისა მებრძოლს ხმალიც ჰქონდა ხელჩართული ბრძოლისათვის. იმ სამარხებში სადაც ეტლის ნარჩენებია აღმოჩენილი, ცხედართან ერთად, ვხვდებით ხმალს და სხვადასხვა რაოდენობის შუბის პირებს.
კელტური ბიგა (ჯონი შუმატეს ნახატი)
ტრიგა (აქემენიანთა პერიოდის ირანული ნაკეთობა)
კვადრიგა (რომაული მოზაიკა)
კელტური ეტლების ტაქტიკაზე ძირითად ცნობებს ბერძენი და რომაელი ავტორები გვაწვდიან: დიოდორე სიცილიელი, იულიუს კეისარი, პომპონიუს მელა, ტაციტუსი. დიოდორე სიცილიელი მოგვითხრობს, რომ „მოგზაურობისას და ბრძოლისას ისინი [კელტები] ბიგას იყენებენ, ხოლო ეტლზე მეეტლე და მეომარი დგანან. [მოწინააღმდეგის] ცხენოსნებთან მიახლოებისას, ხელშუბებს ესვრიან მტერს, შემდეგ ეტლიდან ჩამოდიან და ხმლებით აგრძელებენ ბრძოლას" (Diodorus Siculus, Bibliotheca
historica, V, 29, 1). აქედან კარგად ჩანს, რომ ეტლები ძირითადად გადაასადგილებლად გამოიყენებოდა, მოწინააღმდეგესთან საშუალო დისტანციაზე ბრძოლის შემდეგ, მეომრები გადამწყვეტ შეტევას ქვეითად ასრულებდნენ. ასევე დიოდორე წერს, რომ ეტლზე მყოფი მეომარი მაღალი ფენიდანაა, ხოლო „ომში მათ თან მიჰყავთ თავისუფალი მსახურები, რომლებსაც ღარიბთა ფენიდან ირჩევდნენ და მეეტლედ ან მესაჭურვლედ იყენებდნენ." (Dio. V, 29, 2)
ბიგას გამოყენება გალებში ძვ.წ. I საუკუნის მეორე მესამედიდან წყდება, ხოლო ბრიტანეთში ჯერ კიდევ გამოიყენებოდა ახ.წ. III საუკუნემდე. პირველი შეტაკებები ბრიტანულ საბრძოლო ეტლებთან იულიუს კეისარს მოუხდა და სწორედ იგი გვაწვდის პირველ ცნობებს მათ შესახებ. გალიის კამპანიის დროს (ძვ.წ. 58-52 წწ.), გალებსა და მათ მონათეასვე ბრიტანელებს მჭიდრო კავშირი გააჩნდათ, რაც კეისრისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო გალიის დასამორჩილებლად, ამიტომ ძვ.წ. 55 წელს კეისარმა გადაწყვიტა ბრიტანეთში ელაშქრა.
კეისარი წინ მიუძღვის ჯარს ბრიტანეთის სანაპიროზე გადასასვლელად (ედვარდ არმიტეჯის ნახატი, 1843 წ.)
ნაპირს მიუახლოვდნენ თუ არა, „მათ [ბრიტანელებმა] წინ გამოგზავნეს კავალერია და საბრძოლო ეტლები, რომლებსაც თითქმის ყველა ბრძოლაში იყენებენ." (Caesar, Commentarii de
Bello Gallico, IV, 24). კეისრის მიხედვით, ცხადად ჩანს, რომ საბრძოლო ეტლები ბრიტანული არმიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაინც ქვეით რაზმებზე მოდიოდა, რაც ეტლებით ბრძოლის ტაქტიკაშიც კარგად ჩანს. ასევე ტაციტუსი აღნიშნავს, რომ „მათი [ბრიტანელების] მთავარი ძალა ქვეითებშია, თუმცა ზოგიერთი ტომი ეტლებითაც იბრძვის." (Tacitus, Agricola, 12). რაც შეეხება უშუალოდ ბიგას ტაქტიკას, იულიუს კეისარი საკმაოდ დაწვრილებით აღწერს მას: „ეტლებით ბრძოლა შემდეგნაირად ხდება: თავიდან ისინი ყველა მიმართულებით წრეზე დაჰყავთ და [ეტლებიდან] ისვრიან. ასევე მოწინააღმდეგეს აშინებენ ცხენებითა და ბორბლების ხმაურით. როდესაც [მოწინააღმდეგის] ცხენოსანთა რიგებში შეაღწევენ, ბრიტანელები ჩამოდიან ეტლებიდან და ქვეითად იბრძვიან. მეეტლეები ნელ-ნელა ეცლებიან ბრძოლის ხაზს და ისე აჩერებენ ეტლებს, რომ მეომრებმა იმ შემთხვევაში, თუ მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგე მათ შევიწროვებას დაიწყებს, ადვილად შეძლონ თავისიანებთან დაბრუნება. ამ გზით, მსგავს ბრძოლებში ცხენოსანთა მობილურობა, ქვეითთა გამძლეობასთან შერწყმული ხდება." (Caes. B.G. IV, 33) კეისარი აღნიშნავს, რომ ბრიტანელები ამ მოქმედებებს დიდი ოსტატობით ასრულებდნენ. ასევე Aმოგვითხრობს, რომ მეეტლეები ცდილობდნენ რომაელთა კავალერია ლეგიონერებისგან გაეტყუებინათ, რის შემდეგაც ადვილად უსწორდებოდნენ ჩამოქვეითებული ბრიტანელები რომაელ მხედრებს (Caes. B.G. V, 17).
ბრიტანული ბიგების მოულოდნელი თავდასხმა რომაელებზე
კეისრის ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია შევაჯამოთ საბრძოლო ეტლების მოქმედება და მიზანი. ბრიტანელები აცნობიერებდნენ რა რომაელ ლეგიონერთა ძლიერებას რომლებიც მწყობრში იბრძოდნენ, საბრძოლო ეტლების მეშვეობით, თავბრუდამხვევი მანევრებითა და ხელშუბების სროლით, ცდილობდნენ მათი მწყობრის არევას და შემდეგ ერთვებოდნენ ხელჩართულ ბრძოლაში. უკან დახევისას კი მათზე კავალერიის დადევნება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ინდივიდუალურად კარგად მომზადებული ბრიტანელი მეომრებისათვის, რომაელი მხედრები დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და ხშირად ეს უკანასკნელი გამოდიოდა დაზარალებული. საბოლოოდ კეისარმა მაინც შეძლო ბრიტანელთა დამარცხება კავალერიისა და ლეგიონერების ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედებით. აღსანიშნავია საბრძოლო ეტლების რაოდენობაც. ბრიტანეთში კეისრის მეორე ლაშქრობისას (ძვ.წ. 54 წ.), მის წინააღმდეგ ბრიტანული ტომების ბელადი კასიველანუსი იბრძოდა, რომელმაც რომაელებთან გადამწყვეტ ბრძოლას თავი აარიდა, ძირითადი სამხედრო ძალები დაშალა და კეისრის ცნობის მიხედვით, მხოლოდ ოთხი ათასამდე ბიგა დაიტოვა თავისთან. ეს რიცხვი შეიძლება გადაჭარბებული იყოს, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბიგა მასიურად გამოიყენებოდა ბრიტანეთში.
კელტი მეომრები (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანელთა საბრძოლო ეტლები საკმაოდ ორგანიზებული და ანგარიშგასაწევი საბრძოლო შენაერთი იყო, რომლის წინააღმდეგ მოქმედებისას დიდი სიფთხილის გამოჩენა იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფატალური შედეგები გარდაუვალი იყო.
ბიბლიოგრაფია
1. Цезарь, Записки о Галльской войне (Москва, 2011)
2. Diodorus Siculus, Bibliotheca historica (www.ancientrome.ru)
3. Pomponius Mela, De Chorographia (www.ancientrome.ru)
4. Tacitus, Agricola (www.ancientrome.ru)
5. www.parabellum.vzmakh.ru
ლევან ტავლალაშვილი