ბრძოლა არტაქსატასთან, 36 წ.


I საუკუნეში იბერიის (ქართლის) სამეფო კავკასიაში რომის იმპერიასა და პართიის სამეფოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. იბერიის მეფეები ხშირად იცვლიდნენ ორიენტაციას და ზოგჯერ თავის სასარგებლოდ იყენებდნენ ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირებას საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად და კავკასიასა და სომხეთში გავლენის მოსაპოვებლად. სომხეთი რომისა და პართიისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო. ის იკავებდა ფართო ტერიტორიას და ერთგვარ ბუფერს ქმნიდა ორ მძლავ ქვეყანას შორის. ორივე მხარე ცდილობდა აქ თავისი მომხრე მმართველი დაესვა, რომელიც გაატარებდა მათ ინტერესებს ამ მხარეში. რომაელებმა 18 წელს პოლემონ პონტოელის ვაჟი ზენონი (არტაქსიას III) დანიშნეს მეფედ, რომელმაც 35 წლამდე იმეფა. ამის შემდეგ სომხეთში რომის თანხმობით, პართიის მეფე არტაბან III-ს ძე არშაკ I გამეფდა, რომელიც იბერიის მეფის ფარსმანის ძმის, მითრიდატეს მოსყიდულმა მსახურებმა მოკლეს იმავე წელს და არტაბან III-მ ახლა მეორე ვაჟის, ოროდის დასმა გადაწყვიტა სომხეთის ტახტზე. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა ოროდი რომისათვის მიუღებელ პრეტენდენტად მიიჩნია და იბერიის მეფე ფარსმან I და მისი ძმა მითრიდატე წააქეზა სომხეთში შეჭრისა და ტახტზე მითრიდატეს დასმისათვის. 

იბერიელები შეიჭრნენ სომხეთში, რომელიც ამ დროისათვის დიდ ტერიტორიებს მოიცავდა და ქვემო ქართლიც ეჭირა, განდევნეს პართიელები და დაიპყრეს სომხეთის დედაქალაქი არტაქსატა. ამას არ შეეგუა პართია და მალე არტაბან III-მ ოროდის სარდლობით ლაშქარი გამოგზავნა სომხეთში, რათა ჩამოეგდოთ მითრიდატე და განედევნათ იბერიელები არტაქსატადან. ამას წინ დაერთო დიპლომატიური ბრძოლა იბერიასა და პართიას შორის ალბანეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სარმატების გადმოსაბირებლად. მომთაბარე სარმატებს, რომლებიც განთქმული მეომრები იყვნენ, დიდი დახმარების გაწევა შეეძლოთ ორივე მხარისათვის, მაგრამ კავკასიონის უღელტეხილები იბერიის ხელში იყო და ეს ფაქტორი ფარსმანმა წარმატებით გამოიყენა. მან არ გაატარა პართიის მომხრე სარმატები სამხრეთისაკენ, თავისი მომხრეები კი თავისუფლად გამოუშვა და შეუერთდა თავისი ლაშქრით. კასპიის (დარუბანდის) კარიდან გადასვლა კი დროის იმ მონაკვეთში, ზაფხულში, როდესაც სამხედრო კამპანია მიმდინარეობდა, შეუძლებელი იყო, რადგან ტაციტუსის მიხედვით, ამ სეზონზე, პასატის ქარები წყლით ფარავდნენ მეჩეჩოვან სანაპიროს. იბერიელებმა მოახერხეს ალბანელებთან შეკავშირებაც. ფარსმანი მზად დახვდა პართიულ ლაშქარს, რომელსაც უკვე აღემატებოდა რიცხოვნობითა და ბრძოლისუნარიანობით. 


მეთაურები
ზუსტად უცნობია რომელ წელს გამეფდა ფარსმან I იბერიაში, ითვლება რომ მან დაახლ. ახ.წ. 30-58 წლებში იმეფა. ამავე პერიოდში მისი ძმა მითრიდატეც გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი ფიგურაა იბერიაში, დიონ კასიუსის მიხედვით, სწორედ მას მიანდო იმპერატორმა ტიბერიუსმა სომხეთის დაკავება. რომაელი ავტორის ტაციტუსის მიხედვით ჩანს, რომ ძმებს შორის ფარსმანია დომინანტი, დიონ კასიუსის მიხედვით კი მეფე ამ დროს მითრიდატე იყო, ფარსმანი კი მის შემდეგ დაეუფლა იბერიის ტახტს. აღსანიშნავია, რომ სომხეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ფარსმანი იკვეთება როგორც მხედართმთავარი და ერთპიროვნული ლიდერი და არა მისი ძმა, ანუ ის უკვე მეფე უნდა ყოფილიყო ამ დროისათვის. ფარსმანის გამეფების შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ის იდენტიფიცირდება ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთას" მეფე ადერკთან, რომელმაც ორთაბრძოლაში მოკლა წინამორბედი არშაკი. ფარსმანის მეფობის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები გვაქვს და ძირითადად პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის გადმოცემიდან სომხეთის სამეფო ტახტისათვის ბრძოლის გარშემო მოვლენებს ვიცნობთ. ფარსმანი სომხეთისათვის ბრძოლას 35-36 წლების შემდგომაც აგრძელებდა. მისი ძმა მითრიდატე რომის იმპერატორმა კალიგულამ გამოიძახა რომში და დაატყვევა, მაგრამ შემდეგ იმპერატორმა კლავდიუსმა გაათავისუფლა და სომხეთის მეფედ დააბრუნა. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი იყო ფარსმანის დაპირება კლავდიუსისადმი, რომ პართიის წინააღმდეგ იბრძოლებდა, თუ მითრიდატე სომხეთის ტახტზე დაბრუნდებოდა - სომხეთში რომაული ორიენტაციის აღდგენა იბერიის უშიშროებასაც უზრუნველყოფდა. თუმცა, შემდგომში ფარსმანი ძმას დაუპირისპირდა და თავის ძეს რადამისტს მოაკვლევინა იგი. რადამიტი დროებით გამეფდა არტაქსატაში და საბოლოოდ ტახტი დაკარგა, ფარსმანმა რადამისტიც მოაკვლევინა რადგან სამეფო ტახტში ეცილებოდა. საბოლოოდ მას მოუხდა პართიელების გავლენის აღიარება სომხეთში.

არტაბან III-ს მონეტა 

ოროდი, პართიის მეფე არტაბან III-ს ძე, ორჯერ იყო სომხეთის მეფე. 35 წელს და 37-42 წლებში რომის პატრონაჟით. გამეფებისას მან სიკვდილით დასაჯა თავისი ძმის, არშაკ I-ს მკვლელები, შემდეგ კი, რადგან იმპერატორმა ტიბერიუსმა უარი თქვა მის ცნობაზე სომხეთის მეფედ, ბრძოლა მოუწია იბერიის მეფე ფარსმანთან. ოროდი დამარცხდა, ბრძოლაში დაიჭრა და გაიქცა. კალიგულას მმართველობისას, მან დაიბრუნა ტახტი, სანამ 42 წელს კვლავ არ გააძევებდნენ და იბერიელი მითრიდატეთი არ შეცვლიდნენ. 

ბრძოლის ველი
ისტორიული წყაროებიდან ჩვენთვის უცნობია ზუსტად რა ადგილას გაიმართა ეს ბრძოლა, ამიტომ პირობითად შეგვიძლია არტაქსატასთან ბრძოლა ვუწოდოთ. შესაძლებელია ის მის სიახლოვეში გამართულიყო. სტრაბონი და პლუტარქე აღნიშნავენ, რომ არტაქსატა დაარსა ჰანიბალმა, რომელიც სელევკიდების იმპერიის მეფის ანტიოქე III-ს კარიდან დატოვების შემდეგ, სომხეთის მეფე არტაქსის I-მა მიიღო. ჰანიბალს ერთი ადგილი მოეწონა არაქსენის დაბლობთან, სადაც მდინარე არაქსს მეწამორი ერთვის, და მეფეს ურჩია აქ აეგო ახალი ქალაქი. მეფემაც დაიწყო ქალაქის მშენებლობა და მისი სახელის მიხედვით არტაქსატა ეწოდა. ხსენებული ანტიკური ავტორები კი მას სომხეთის კართაგენსაც უწოდებდნენ. სტრაბონის მიხედვით, არტაქსატას ერტყა მდინარის პირას გაყოლებული ზღუდე, გარდა ყელისა; ყელი კი ჩაკეტილი იყო თხრილითა და მიწაყრილით. 
ჰანიბალ ბარკას ბიუსტი (აღმოჩენილი კაპუაში, იტალიაში)

ამ სიმაგრიდან შორს არ მდებარეობდა ტიგრანისა და არტავაზდის განძთსაცავები - გამაგრებული ადგილები ბაბირსა და ოლანე.  პართიელების ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე სწორედ არტაქსატა უნდა ყოფილიყო, რადგან ის ქვეყნის სამხრეთში მდებარეობდა, ახლოს პართიასთან და სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნდა როგორც დედაქალაქს და სიმაგრეს. ოროდის ლაშქარი, რომელიც პართიელებისაგან შედგებოდა და დამატებითი ძალები სარმატებისაგან არ მიუღია, აქტიურ წინსვლას ვეღარ აგრძელებდა და ალბათ დამხმარე ნაწილებს ელოდებოდა, ფარსმანმა კი გადაწყვიტა მტერი მანამდე გაენადგურებინა, სანამ ის შედარებით სუსტი იყო. იბერიელები აწყობდნენ მცირე თავდასხმებს პართიელთა საგუშაგოებზე, მტრის ბანაკისათვის სურსათის მიწოდების მოშლას ცდილობდნენ და ბოლოს, პართიელები იძულებულები გახდნენ ბრძოლა მიეღოთ. 
ხორ-ვირაპის მონასტერი, რომელიც აგებულია ძველი არტაქსატას ტერიტორიაზე 

ჯარები
იბერიის ჯარი ანტიკურ ხანაში თავისუფალი მეთემეებით, სამხედრო არისტოკრატული გვარის შვილებით, მეზობელი ქვეყნებიდან პოლიტიკური მოკავშირეებითა და დაქირავებული პროფესიონალი მეომრებისაგან შედგებოდა. ლაშქარს სარდლობდა მეფე და სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომელთაც უცხოური წყაროები პიტიახშებად და სკეპტუხებად მოიხსენიებენ.  როგორც არქეოლოგიური მასალიდან ჩანს, ანტიკური პერიოდის განმავლობაში შუბი ძირითადი საბრძოლო იარაღია. ამასვე გვიდასტურებს წერილობითი წყაროები ანტიკური ეპოქის სხვადასხვა ეტაპზე, სადაც კი ქართველური მოსახლეობის ხსენებაა, ყველგან ფიგურირებს შუბი. სტრაბონი და პლუტარქე ასახელებენ შუბოსან იბერიელებს, როგორც გამორჩეულად ძლიერ მეომრებს. იბერიელები იყენებდნენ მოკლე ორლესულ ხმლებსა და ხანჯლებს, ასევე მშვილდ-ისარს. იბერიელი მოისრეები ჩანს პომპეუსთან არტაგის ბრძოლისას ძვ.წ. 65 წელსაც. მძიმედ შეიარაღებულ იბერიელს ემოსა ფირფიტოვანი, ქერცლოვანი ჯავშანი, ეხურა მუზარადი, წვივებს წვივსაფარებით იცავდა, ჰქონდა ფარი, შუბი და მახვილი ან ცული. იბერიის ლაშქარში უნდა ყოფილიყო მძიმედ აღჭურვილი ცხენოსნების, კატაფრაქტების ნაწილები, რომლებიც შედგებოდა სამეფო ოჯახისა და არისტოკრატიის წარმომადგენელთაგან; ასევე უფრო დაბალი ფენის მოსახლეობისაგან შემდგარი მსუბუქი მხედრობაც, თუმცა ლაშქრის დიდი ნაწილი ქვეითი უნდა ყოფილიყო. 
იბერიელი შუბოსანი (კახა კოლხის ნახატი)


იბერიელი მძიმედ აღჭურვილი ცხენოსანი (კატაფრაქტი). კახა კოლხის ნახატი 
მსუბუქად აღჭურვილი იბერიელი მხედარი (კახა კოლხის ნახატი)


ამას აღნიშნავს რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსიც, რომ იბერიელებსა და ალბანელებს ძლიერი ქვეითი ჯარი ჰყავდათ, პართიელები კი, რომლებიც მხედრობით გამოდიოდნენ ბრძოლაში, მათ მდაბიოებად მიიჩნევდნენ. იბერიის ლაშქრის რიცხოვნობის განსაზღვრა მეტად რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში ანტიკური ავტორები ფანტასტიკურ რიცხვებს გვაძლევენ და ძნელია რეალობის განსაზღვრა. ამ პერიოდის იბერიის საზღვრებისა და მოსახლეობის მიახლოებითი განსაზღვრით, ასევე სპარსული თუ სომხური ლაშქრების რიცხოვნობებთან შედარებით, შეგვიძლია პირობითად 20 ათასი მეომარი ავიღოთ, რომელშიც სარმატი და ალბანელი მოკავშირეებიც იქნებოდნენ წარმოდგენილები. 
სარმატი მხედრები (გარი ემბლეტონის ნახატი)

ყოველ სარმატულ ხალხს ჰყავდა თავისი მეფე, რომელიც ჯარს ბრძოლაში მიუძღოდა. დიდებულები მიუძღოდნენ თავიანთი ნათესავებისა და მომხრეებიისაგან შემდგარ მცირე რაზმებს. თითოეული ასეთი რაზმი ტაქტიკური ერთეული იყო ბრძოლის ველზე. მეომრები თავად უზრუნველყოფდნენ თავიანთ შეიარაღებას. სარმატული მძიმე, კატაფრაქტების ტიპის კავალერია მრისხანე ძალას წარმოადგენდა. ისინი თავს იცავდნენ ქერცლოვანი აბჯრით და იყენებდნენ გრძელ შუბებს, რომლის გამოყენება ცხენიდან, უზანგების გარეშე, მეტად რთული იყო და ხანგრძლივ წვრთნას მოითხოვდა. მსუბუქად აღჭურვილი სარმატი მხედრები კი ცხენიდან ისრის სწრაფად სროლაში განსაკუთრებულად იყვნენ დახელოვნებულები. ფარსმანისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა სარმატული ცხენოსან ჯარს პართიელებთან ბრძოლაში, რომელთაც ასევე ძლიერი კავალერია ჰყავდათ, როგორც კატაფრაქტები, ასევე მსუბუქი მხედრობა. 
პართიელი კატაფრაქტი

პართიის სამეფო ანტიკური ხანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი სახელმწიფო იყო და რომის იმპერიისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების შექმნა შეეძლო აღმოსავლეთში. პართიელებს ჰყავდათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი, მობილური, მანევრული არმია, რომელიც ძირითადად ცხენოსნებისაგან შედგებოდა და სწრაფად შეეძლო დიდი მანძილის დაფარვა. ტაციტუსის მიხედვით, ოროდს ფარსმანთან ბრძოლაში მხოლოდ ცხენოსანი ჯარი ჰყავდა, რაც სავსებით რეალურად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რომაელებისათვის პართიელებთან ომები თავდაპირველად არც თუ ისე წარმატებული იყო. ძვ.წ. I საუკუნეში მათ ორი კამპანია, მარკუს კრასუსისა და მარკუს ანტონიუსის, მარცხით დასრულდა. I საუკუნეშიც პართიელებსა და რომაელებს შორის ომები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პართიელები აღმოსავლეთის ბუნებრივ პირობებთან და საჭიროებებთან შერწყმული სამხედრო სისტემით, ახერხებდნენ რომაელთა ძლიერ ლეგიონებთან გამკლავებას. რომაელებს განსაკუთრებით უჭირდათ პართიელ ცხენოსნებთან ბრძოლა, რომლებიც ისრებით ცდილობდნენ ქვეითი მეომრების მჭიდრო მწკრივების შეთხელებას, მათში პანიკის შეტანას, რის შემდეგაც იერიშზე მძიმე კატაფრაქტები გადადიოდნენ და მტრის რიგს გაარღვევდნენ.



პართიელებისა და რომაელების ბრძოლა 

პართიელებს ჰყავდათ ქვეითი ჯარიც, თუმცა მას მეორეხარისხოვანი ამოცანების გადაწყვეტა ევალებოდა და უმთავრესად საალყო მოქმედებებისას გამოიყენებოდა. პართიული არმიის რიცხოვნობის განსაზღვრა კონკრეტულ ბრძოლაში საკმაოდ ძნელია, თუმცა მათი რიცხვი 2 ათეულ ათასს იშვიათად თუ აჭარბებდა, ამ შემთხვევაში მათი ლაშქარი რიცხოვნობითაც ნაკლები უნდა ყოფილიყო მოკავშირეებით გაძლიერებულ მტრის ლაშქარზე, რომელთან ბრძოლასაც ოროდი გაურბოდა. პართიული ჯარის რიცხოვნობა პირობითად 12-15 ათასით შეიძლება განისაზღვროს. 

ბრძოლა
ფარსმანისა და ოროდის არმიები საომრად განლაგდნენ. უცნობია როგორი იყო ზუსტად საბრძოლო წყობა, სავარაუდოდ, შუბოსანი და მშვილდოსანი ქვეითი ჯარი ცენტრში იქნებოდა განლაგებული, ფლანგებზე და წინ კი ცხენოსანი ჯარი. ცხენოსანი მშვილდოსნები კი ველზე მანევრირებდნენ და მტერს ისრებს აყრიდნენ და მისი რიგების შეთხელებას ცდილობდნენ. მძიმე კავალერია უმთავრესად პირველი გადადიოდა შეტევაზე, რათა მოწინააღმდეგის რიგები გაერღვია, შემდეგ კი ბრძოლაში ქვეითები ჩაერთვებოდნენ. პართიელებს, რომელთაც მხოლოდ ცხენოსანი ჯარი ჰყავდათ, შეეძლოთ ბრძოლის ველზე მანევრირება მსუბუქი ცხენოსანი მშვილდოსნებით, რომელთაც კატაფრაქტების ძლიერი ნაწილები დაეხმარებოდნენ. 
ე.წ. „პართიული სროლა" - კარგად გაწვრთნილ მხედრებს შეეძლოთ უკან დახევის დროსაც ესროლათ მტრისათვის ისრები და არ მიეცათ მისთვის მიახლოების საშუალება

ტაციტუსის გადმოცემით, ორივე სარდალმა ბრძოლის წინ გაამხნევა თავისი მეომრები - ოროდმა აღმოსავლეთის მბრძანებლობასა და არშაკიანთა დინასტიის სიდიადეზე ილაპარაკა, რომელთა წინაშე იბერიელები და მათი დაქირავებული მეომრები უბრალო მდაბიოები იყვნენ; ფარსმანმა კი თქვა, რომ მათზე პართიელებს არასდროს უბატონიათ, მათზე ბრძოლაში გამარჯვებით სახელს მოიხვეჭდნენ, გაქცევით კი დიდ საფრთხეში ჩავარდებოდნენ. მეფემ ხელით ანიშნა მტრის მხედრობაზე და თქვა: „აქ ვაჟკაცებს ვხედავ, იქ კი საშოვარსო". რომ იბერიელთა შორის ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ, პართიელებში კი ნადავლს, საშოვარს ხედავდა. სარმატებმა კი რომელთაც იცოდნენ როგორ მოქმედებდნენ პართიელი მშვილდოსნები, გადაწყვიტეს არ გამოეყენებინათ თავიანთი მოკლე მანძილზე მოქმედი მშვილდ-ისრები, მოულოდნელად შეეტიათ მტრისათვის შუბებითა და მახვილებით, არ მიეცათ საშუალება ისრების სროლისათვის და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაეთრიათ. ტაციტუსის მიხედვით, პართიელებმა გაშალეს თავიანთი რიგები ფართოდ და მანევრირების დაწყებას ცდილობდნენ, როდესაც სარმატები მოულოდნელად ეკვეთნენ მათ და ბრძოლა გაუმართეს. ეს ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იყო, რადგან პართიელებს საშუალება არ მიეცათ თავიანთი უპირატესობის გამოყენებისა და ბრძოლის ბედი თავიდანვე ფარსმანის სასარგებლოდ გადაწყდა, რომელსაც უფრო მრავალრიცხოვანი ლაშქარიც ჰყავდა და ხელჩართული ბრძოლისათვის მის მხედრობას ქვეითი ჯარიც ზურგს უმაგრებდა. სარმატები უკან იხევდნენ, გადაჯგუფდებოდნენ და ხელახლა გადადიოდნენ იერიშზე. მათთან ერთად პართიელებს ავიწროებდნენ იბერიელი და ალბანელი ქვეითები, რომლებიც ცდილობდნენ ხელჩართულ ბრძოლაში გართული მხედრების ცხენებიდან ჩამოგდებას.

კატაფრაქტების შეტევა (მარიუშ კოზიკის ნახატი)  


                           ბრძოლა არტაქსატასთან, გასადიდებლად დააწკაპუნეთ გამოსახულებაზე (სქემა შეადგინა ნიკა ხოფერიამ)

ოროდიცა და ფარსმანიც თვითონვე მიუძღოდნენ საკუთარ მეომრებს შეტევაზე. ბოლოს ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ და ორთაბრძოლა გამართეს. ფარსმანი უფრო „ფიცხად" მიუხდა მოწინააღმდეგეს, დაასწრო იარაღის მოქნევა, ოროდს მუზარადი გაუჩეხა და დაჭრა, მაგრამ მეორედ მოქნევა და მოკვლა ვეღარ შეძლო, რადგან პართიელი ცხენმა გაიტაცა ბრძოლიდან და მცველებიც გადაეფარნენ. ოროდის დაჭრის შემდეგ, პართიელებში ხმა გავრცელდა, თითქოს ის დაიღუპა. ამ ყალბმა ცნობამ კი ჯარში პანიკა და მათი სწრაფი მარცხი გამოიწვია. ფარსმანმა სრული გამარჯვება მოიპოვა. 

















იმპერატორ ტიბერიუსის დენარიუსი 

შედეგები
ფარსმან I-ს ჩატარებული სამხედრო კამპანია სომხეთში, 35-36 წლებში წარმატებით დასრულდა. მეფემ ბრწყინვალედ გამოიყენა თავისი უპირატესობები პართიელებთან ბრძოლაში, დიპლომატიური კონტაქტები, კავკასიონის უღელტეხილების კონტროლი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ პართიელები ამ მარცხის შემდეგ არ შეჩერებულან და მეფე არტაბან III კვლავ გეგმავდა სომხეთში შეჭრას, რასაც ხელი შეუშალეს რომაელებმა. ტიბერიუსის დანიშნულმა სირიის მმართველმა, ლუციუს ვიტელიუსმა, ლეგიონები შეკრიბა და ხმები გაავრცელა, თითქოს მესოპოტამიაში აპირებდა შეჭრას. ამან პართიელები დააფრთხო და მათი ყურადღება სირიისაკენ მიმართა. საბოლოოდ ამ მოვლენებს პართიაში შიდა დაპირისპირება და არტაბან III-ს ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვა. სომხეთისათვის ბრძოლა პართიასა და რომს შორის ამის შემდგომ წლებშიც გაგრძელდა და I საუკუნის მანძილზე, იბერია მასში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. 



ბიბლიოგრაფია
  1. ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. ლათინური ტექსტი ქართული თარგმანით. შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ალექსანდრე გამყრელიძემ. თბილისი, 1973.
  2. ქავთარია, გრანი. „ვინ იყო ფარსმანის ინფორმაციის ადრესატი: კორნელიუს ტაციტუსის "ანალების" წიგნთა მიხედვით გადმოცემულია იბერიის მეფე ფარსმან პირველის რომის იმპერიასთან ურთიერთობის საკითხები". ქართული დიპლომატია N5. თბილისი, 1998.
  3. Новый солдат 61, Сарматы против Греции и Рима, 600 г. до н.э. - 450 г. н.э. Артемовск, 2002. 
  4. Wilcox, Peter. Rome's enemies: Parthians and Sassanid Persians. London, 1986.
  5. Корнелий Тацит. Анналы, Малые произведения. Издание подготовили А. С. Бобович, Я. М. Боровский, М. Е. Сергеенко. Москва, 2010.

ნიკა ხოფერია